განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 020210019002018408
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე№2/ბ-228-19 24 ივნისი, 2019 წელი
ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თამარ სვანიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი - ფ-------- ქ--------
მოწინააღმდეგე მხარე - სს ს----------–--------ი
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 25 დეკემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
1. აპელანტის მოთხოვნა:დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების თაობაზე გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის დაბრუნება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 დეკემბრის განჩინებით ფ-------- ქ--------ს საჩივარი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სს ს----------–--------ის სარჩელი დაკმაყოფილდა - დადგინდა მოპასუხე ფ-------- ქ--------ს უკანონო მფლობელობიდან სს ს----------–--------ის საკუთრებაში არსებული, ზ----------------------------–---------ში მდებარე №------------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების გამოთხოვა და მოსარჩელისათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცემა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 2----–-–------------------- №----------------- განკარგულების საფუძველზე, მოსარჩელემ აუქციონზე შეიძინა უძრავი ქონება მდებარე ზ----------------------------–---------ში მდებარე საკადასტრო კოდით №------------ , ეს ქონება აღირიცხა ბანკის საკუთრებად. ქონების მის საკუთრებად აღრიცხვის შემდეგ ბანკმა მიმართა მოპასუხეს, მაგრამ იგი არ ათავისუფლებს ბინას და უკანონო მფლობელობაში აქვს. მოსარჩელე ბანკი ვერ სარგებლობს მისი საკუთრებით და ამით ფინანსურად მას ზარალი ადგება. შესაბამისად მიმართა სასამართლოს უფლების დასაცავად.
მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე მხარეს წარმოდგენილ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლოში შესაგებელი არ შემოუტანია.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა სს ,,ს----------–--------მა“ მოპასუხე ფ-------- ქ--------ს მიმართ და მოითხოვა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნას მისი კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ზ----------------------------–---------ში მდებარე საკადასტრო კოდით №------------
2.2. მოპასუხე ფ-------- ქ--------ს გაეგზავნა სარჩელი და თანდართული მასალები, რაც ჩაბარდა ფ-------- ქ--------ს პირადად 2017 წლის 17 აგვისტოს.(ს.ფ. 24)
2.3. წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად მოპასუხეს დანიშნული ჰქონდა 10 დღის ვადა (2017 წლის 27 აგვისტოს ჩათვლით), მაგრამ მან შესაგებელი არ წარმოადგინა და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის. ამიტომ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ჩაითვალა.
2.4. სასამართლომ მიუთითა, რომ სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170- ე 172-ე, მუხლის თანახმად იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას.
2.5. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ 12.10.17წ. შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა სს ,,ს----------–--------ის“ სარჩელი და ფ-------- ქ--------ს უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა უძრავი ნივთი, მდებარე ზ----------------------------–---------ში მდებარე საკადასტრო კოდით №------------.
2.6. 2018 წლის 7 მაისს მოპასუხის წარმომადგენელმა საჩივრით მიმართა სასამართლოს, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით.
2.7. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 დეკემბრის განჩინებით განჩინებით: უარი ეთქვა მოპასუხე ფ-------- ქ--------ს 2017 წლის 12 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების შესახებ საჩივრის დაკმაყოფილებაზე, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩეს ძალაში.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლებზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე, 201-ე, 233-ე, 240-ე, მუხლებზე და განმარტა:
2.8. დაუსწრებელი გადაწყვეტილება არის საქმის განხილვაში ერთ-ერთი მხარის მონაწილეობის გარეშე მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიზანია სასამართლო დავების სწრაფად და ეფექტურად, გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტა. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე ან არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს თანახმად 2321 მუხლისა, რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მას არა აქვს ინტერესი შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს.
2.9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’, „ბ“, „გ“ და ,,დ’’ ქვეპუნქტებში მითითებული ერთ-ერთი გარემოების არსებობისას, ხოლო აღნიშნული ქვეპუნქტების თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.
2.10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
2.11. საჩივრის ავტორი არ უთითებს 233-ე და 241-ე მუხლებში აღნიშნულ პირობათაგან რომელი შემთხვევა წარმოადგენს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს, მხოლოდ მხარის მითითებას მასზედ, რომ არ ეთანხმება დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, კანონმდებელი არ მიიჩნევს მისი გაუქმების საფუძვლად, ამისათვის აუცილებელია სათანადო გარემოებებითა და მტკიცებულებებით დასაბუთდეს საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე.
2.12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ ვერ უზრუნველყო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ პოზიციის დასაბუთება, რის გამოც სასამართლოს 2017 წლის 12 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული.
2.13. სასამართლოს განჩინება და დაუსწრებელი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით იქნა გასაჩივრებული.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის განმარტებით, 2017 წლის 12 ოქტომბრის გადაწყბეტილება არის დაუსაბუთებელი, ვინაიდან სასამართლოს არ გაურკვევია თუ რატომ ვერ წარმადგინა შესაგებელი. ფაქტიურად შესაგებელი ვერ წარმადგინა მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც გამოწვეული იყო იმ უმძიმესი სტრესით, რაც მან გადაიტანა ბანკის მხრიდან გაუთავებელი ზეწოლის შედეგად. აპელანტი იყო მძიმე დეპრესიაში და მოვლენების ადეკვატური აღქმის უნარი არ გააჩნდა. სესხის სახით 2008 წელს აღებული 100000 ლარის ნაცვლად გადახდილი აქვს თითქმის 200 000 ლარი და მაინც ყველაფერი წაართვეს. სესხზე დარიცხული პროცენტების გადახდაში ხელი შეუშალა ქვეყანაში იმ პერიოდისათვის არსებულმა საომარმა მდგომარეობამ და სხვა ობიექტურმა ვითარებამ. აღნიშნულმა მძიმედ იმოქმედა მის ჯანმრთელობაზე და განსაკუთრებით ფსიქიკაზე, რის გამოც სასამართლოში ვერ წარადგინა შესაგებელი, მაგრამ ეს არ ნიშნავდა იმას, რომ აპელანტმა ინტერესი დაკარგე დავის მიმართ, როგორც ამას მოსამართლე წერს. აქედან გამომდინარე, სასამართლოს შეეძლო გაეთვალისწინებინა ეს გარემოება და მიეცა მისთვის კიდევ ერთი შანსი, რაც არ გააკეთა.
მომჩივანი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება არის დაუსაბუთებელი და უსამართლო, ვინაიდან სასამართლო უფლებამოსილი იყო პროცესი გადაედო და მიეცა მისთვის საშუალება პროცესზე მონაწილეობის მიღებისა. მითუმეტეს წარმომადგენლის- რ---- ქ--------ს მიერ სასამართლოში, პროცესამდე, შეტანილი იყო განცხადება პროცესის გადადებასთან დაკავშირებით, სადაც აღნიშნული იყო, რომ აპელანტს აყვანილი ყავდა ადვოკატი, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ ცხადდებოდა პროცესზე, ხოლო პირადად აპელანტი, იქედან გამომდინარე, რომ არ არის იურისტი, სათანადოდ ვერ დაიცავდა მის უფლებებს, მითუმეტეს ისეთი ორგანიზაციის წინააღმდეგ, როგორიცაა ბანკი. ამ განცხადებიდან სასამართლოსთვის ცნობილი იყო ის გარემოება, რომ რომც გამოცხადებულიყო ადვოკატის გარეშე, საკუთარ ინტერესებს მაინც ვერ დაიცავდა და პროცესი მაინც უნდა გადადებულიყო, თუმცა მიუხედავად ამისა, პროცესი არ გადაიდო და დაუსწრებელი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. აპელანტს აღნიშნული მიაჩნია უკანონოდ და თვლის, რომ უნდა მიეცეს შანსი ბანკის წინააღმდეგ გააგრძელოს დავა. ითხოვს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებას.
4. გასაჩივრებული დ/გადაწყვეტილების და განჩინების დ/გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ უცვლელად დატოვების დასაბუთება 4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს სს ,,ს----------–--------ის“ სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამავე სასამართლოს 2018 წლის 25 დეკემბრის განჩინების (დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ) გაუქმებისა და სს ,,ს----------–--------ის“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივი დასაბუთება 4.3. პალატა იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.1.-2.7.- პუნქტებში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დამატებით ადგენს: 4.4. 2017 წლის 20 ივლისს სს ,,ს----------–--------მა“ სარჩელით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა: ფ-------- ქ--------ს უკანონო მფლობელობიდან სს „ს----------–--------ი“-ს საკუთრებაში არსებული, ზუგდიდის რაიონის სოფელ ჩხიორიაში მდებარე №------------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების - გამოთხოვა და ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის გადაცემა. 4.5. სარჩელი და თანდართული საბუთები 2017 წლის 17 აგვისტოს მოპასუხეს ფ-------- ქ--------ს პირადად ჩაბარდა. წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად მოპასუხეს დანიშნული ჰქონდა 10 (ათი) დღის ვადა. დასახელებული ვადა გავიდა 2017 წლის 27 აგვისტოს, მაგრამ მოპასუხემ შესაგებელი არ წარმოადგინა და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის. არც შესაგებლის წარმოდგენის ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის. 4.6. იმის გამო, რომ მოპასუხემ დადგენილ ვადაში შესაგებელი არ წარმოადგინა, სასამართლომ საქართველოს სსკ-ის 232I-ე მუხლით სარჩელში მითითებული გარემოებები დამტკიცებულად მიიჩნია. სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებდნენ სასარჩელო მოთხოვნას. 4.7. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ 12.10.17წ. შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა სს ,,ს----------–--------ის“ სარჩელი და ფ-------- ქ--------ს უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა უძრავი ნივთი, მდებარე ზ----------------------------–---------ში მდებარე საკადასტრო კოდით №------------. 4.8. 2018 წლის 7 მაისს სასამართლოს საჩივრით მიმართა მოპასუხემ და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება ითხოვა. 4.9. საჩივრის ავტორი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების არანაირ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს არ მიუთითებს საჩივარში, მხოლოდ მოითხოვს გაუქმდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. 4.10. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 დეკემბრის განჩინებით განჩინებით: უარი ეთქვა მოპასუხე ფ-------- ქ--------ს 2017 წლის 12 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების შესახებ საჩივრის დაკმაყოფილებაზე და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში. 4.11. დ/გადაწყვეტილება და განჩინება დ/გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ სააპელაციო წესით იქნა გასაჩივრებული ფ-------- ქ--------ს მიერ. აპელანტმა მათი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. აპელანტი უთითებს,რომ მას მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე რაც ბანკმა დამართა არ შეეძლო აღექვა სწორად გარემოებები და სწორედ ამის გამო დაბრკოლდა მისი მხრიდან შესაგებლის წარდგენა სასამართლოში. სამართლებრივი დასაბუთება პალატა იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.8.-2.12. პუნქტებში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ მსჯელობებს და დამატებით განმარტავს: 4.12. უდავოა რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება სასამართლოს მიერ მიღებული იქნა მოპასუხის მიერ შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის გამო. 4.13. სსკ-ის კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი. სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გაგრძელება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საპატიო მიზეზი. პასუხი (შესაგებელი) უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით. 4.14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის თანახმად მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. 4.15. კანონის დასახელებული დანაწესის შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ სასამართლომ მოპასუხესათვის სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნისას თავისი განჩინებით უნდა განუსაზღვროს მას ვადა შესაგებლის წარსადგენად; მითითებული განჩინება და სარჩელის ასლი მოპასუხეს უნდა ჩაბარდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების დაცვით, თუმცა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მხარემ შესაგებელი ობიექტურად არასაპატიო მიზეზით არ უნდა წარადგინოს. ამავდროულად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებამდე სასამართლო გამოარკვევს, ამართლებს თუ არა სარჩელში მითითებული გარემოებანი სასარჩელო მოთხოვნას. უფრო ზუსტად თუ განვმარტავთ, მოპასუხის მიერ სარჩელზე შესაგებლის წარუდგენლობა (როგორც სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ისე ამ ვადის გასვლის შემდეგაც) სასამართლოს მხრიდან აღიქმება, როგორც მხარის მიერ დავისადმი იურიდიული ინტერესის დაკარგვად და სარჩელში მითითებული გარემოებანი დადგენილად მიიჩნევა ისე, რომ მოსარჩელე საკუთარი მოთხოვნის დასასაბუთებლად დასახელებული გარემოებების კანონით დადგენილი წესით მტკიცების ტვირთისაგან თავისუფლდება. სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა დაადგინოს, კანონის ძალით დადგენილი ფაქტების სამართლებრივი შეფასების შედეგად დასტურდება თუ არა კონკრეტული სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი მატერიალური ნორმის შემადგენლობის არსებობა. 4.16. დადგენილია, რომ მოპასუხემ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ წარმოადგინა პასუხი (შესაგებელი) სარჩელსა და მასში დასმულ საკითხებზე, სასამართლოს არ აცნობა ასევე პასუხის (შესაგებელის) წარუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ, არც ვადის გაგრძელების შესახებ შესაგებლის წარმოსადგენად არ უთხოვია დრო. ამასთან სარჩელში მითითებული გარემოებები სამოქალაქო კოდექსის 170-172-ე მუხლების თანახმად იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, რის გამოც სასამართლოს მიერ სავსებით კანონშესაბამისად იქნა მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა. 4.17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსთვის. 4.18. სასამართლომ სწორად განმარტა, რომ შესაგებლის წარმოუდგენლობისას დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ მაშინ, თუ შესაგებელი არაა წარმოდგენილი არა საპატიო მიზეზით. საპატიო მიზეზით შესაგებლის წარმოუდგენლობა წარმოადგენს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების დამაბრკოლებელი გარემოებას, ანუ სასამართლო დაუსწრებელ გადაწყვეტილებას არ მიიღებს თუ არსებობს შესაგებლის წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზი. 4.19. შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზი მხარეს საჩივარში არ მიუთითებია. იგი თავის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე მხოლოდ სააპელაციო საჩივარში მიუთითებს, თუმცა ვერც ეს იქნება გათვალისწინებული შემდეგი გარემოების გამო: ის, თუ რა არის საპატიო მიზეზი განმარტებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლში, რომლის მე-3 ნაწილით საპატიო მიზეზად ჩაითვლება შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. 4.20. იმისათვის, რომ აპელანტის პოზიცია ჩაითვალოს დასაბუთებულად და საფუძვლიანად, აუცილებელია მომჩივანმა მიუთითოს შესაგებლის წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზზე და დაადასტუროს იგი სათანადო მტკიცებულებით. დადგენილია, რომ საჩივრის ავტორი ასეთ მიზეზად უთითებს მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, რასაც პალატა ვერ მიიჩნევს, დადასტურებულად, ე.ი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ საპატიო მიზეზად, შესაბამისი მტკიცებულებების არ არსებობის გამო. ამასთან აღნიშნული გარემოება არ გამორიცხავდა სარჩელში მოპასუხედ მითითებული პირის შესაძლებლობას, სასამართლოსათვის ეცნობებინა შესაგებლის წარმოუდგენლობის მიზეზებზე და სათანადო შუამდგომლობის დაყენებას შესაგებლის წარდგენის ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით. შესაბამისად სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ საჩივარში არ იყო აღნიშნული შესაგებლის წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზის შესახებ. 4.21. პალატა განმარტავს, რომ მოპასუხეს სარჩელის ჩაბარების შემდეგ გააჩნია საპროცესო მოვალეობა, რაც გულისხმობს შესაგებლის შემოტანას. მოპასუხემ თავისი ვალდებულება უნდა შეასრულოს და სასამართლოს წარმოუდგინოს შესაგებელი. ამისათვის მას დანიშნული ჰქონდა 10 დღის ვადა. მოპასუხემ შესაგებლის წარმოდგენის მიმართ გამოიჩინა გულგრილობა და დანიშნულ ვადაში შესაგებელი არ წარმოადგინა. რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა. 4.22. უდავოა, რომ კანონით დადგენილი საპროცესო მოქმედება უნდა შესრულდეს მხოლოდ კანონით დადგენილ ვადაში. 4.23. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ სწორად ჩათვალა, რომ არ არსებობდა სასამართლოს მიერ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. 4.24. სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას. სარჩელში მითითებული იყო, რომ მოსარჩელის საკუთრებას წარმოადგენს უძრავი ქონება, მდებარე: ზ----------------------------–---------ში მდებარე საკადასტრო კოდით №------------ -რომელიც მოსარჩელემ შეიძინა აუქციონზე. ქონება უკვე რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში მოსარჩელის სახელზე. სარჩელში აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმ გარემოებისა რომ უძრავი ქონება საკუთრების უფლებით ირიცხება მოსარჩელის საკუთრებაში, აღნიშნული უძრავი ქონება უკანონო მფლობელობაში აქვს მოპასუხე ფ-------- ქ--------ს, რომელიც ნებაყოფლობით არ ათავისუფლებს მოსარჩელის ფართს, რითაც ხელს უშლის მესაკუთრეს საკუთრებით სარგებლობაში. სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. მითითებული ნორმის დანაწესით, ნივთის სამართლებრივი ბედი მთლიანად დამოკიდებულია მესაკუთრის ნებაზე. მას სურვილისამებრ შეუძლია გამოიყენოს იგი და ასევე შეუძლია მოითხოვოს ნივთის დაბრუნება. ვინდიკაციური სარჩელი საფუძვლიანია მაშინ, როცა მოსარჩელე არის ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე - ნივთის მფლობელი, რომელსაც არ აქვს ამ ნივთის ფლობის უფლება, სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლით შეზღუდულია მფლობელისაგან ნივთის გამოთხოვის უფლება თუ ნივთის გამოთხოვის დროისათვის არამესაკუთრის მიერ ნივთის ფლობა მართლზომიერია. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ უძრავი ნივთი, მდებარე: ზ----------------------------–---------ში მდებარე საკადასტრო კოდით №------------, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია სს ,,ს----------–--------ის“ სახელზე (ს/ფ. 15-16). ამდენად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას, მოთხოვნა იურიდიულად გამართლებულად სწორად მიიჩნია სასამართლომ. 4.25. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ. 4.26. ზემოაღნიშნული მსჯელობების გაზიარებით პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტმა მხარემ ვერ დაასაბუთა რატომ ვერ წარადგინა შესაგებელი კანონით დადგენილ ვადაში, მან ასევე საჩივარში ვერ დაასაბუთა კანონიერი მიზეზი შესაგებლის წარუდგენლობის რის საფუძველზეც სასამართლოს მიერ სწორდა მოხდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება. აქედან გამომდინარე ასევე კანონიერია ზუგდიდი რაიონული სასამართლოს განჩინებაც დ/გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ. 4.27. პალატა თვლის, რომ ფ-------- ქ--------ს სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, აპელანტი ვერ მიუთითებს სამართლებრივ საფუძველს თუ რატომ უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული დ/გადაწყვეტილება და განჩინება დ/გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, ის მიზეზი, რის გამოც აპელანტი თვლის, რომ შესაგებლის წარუდგენლობა საპატიო იყო, პალატა არ იზიარებს (მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა) და თუ რატომ ამაზე უკვე იმსჯელა ზემოთ, შესაბამისად სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული დ/გადაწყვეტილება და განჩინება დ/გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ. პალატა ასევე ვერ გაიზიარებს მხარის პოზიციას მასზედ,რომ სასამართლომ არ გადადო სხდომა და არ მისცა საშუალება მას ადვოკატის მეშვეობით დაეცვა თავისი უფლებები, რადგან საქმის გადადება ხდება მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში რასაც ითვალისწინებს სსკ 216-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, ანუ შესაბამისი წინაპირობების არსებობისას, რასაც მოცემულ საქმეზე ადგილი არ ქონია. ამასთან, მხარემ სხდომის გადადებაზე განაცხადა საჩივრის(დ/გადაწყვეტილებაზე საჩივრის) განხილვის ეტაპზე, მაშინ როცა კანონმდებლი უშვებს რომ სსკ 240-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ,,მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საჩივრის განხილვას“. ამდენად მხარის შუამდგომლობა სწორად არ დააკმაყოფილა სასამართლომ, რადგან ამის საჭიროება არ იკვეთებოდა. განსახილველი დავა თავისი სამართლებრივი ბუნებითაც რთული კატეგორიის დავად ვერ განიხილება, ხოლო მტკიცებულებები და არგუმენტები მომჩივნისა რასაკვირველია გახდა სასამართლოს შეფასების საგანი. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ სხდომის არ გადადება გავლენას ვერ მოახდენდა სასამართლოს მიერ შემაჯამებელი აქტის მიღებაზე. 4.28. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სს ,,ს----------–--------ის“ სარჩელის დაკმაყოფილებით არსებითად სწორი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, ფ-------- ქ--------ს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული დ/გადაწყვეტილების და განჩინების (დ/გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ) უცვლელად დატოვების საფუძველია.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა 5.1. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ფ-------- ქ--------ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული დ/გადაწყვეტილება და განჩინება (დ/გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ) უცვლელად უნდა დარჩეს. 6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს (აპელანტს) გადახდება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რა ნაწილშიც არ დაკმაყოფილდა სარჩელი, ხოლო მოპასუხეს (მოწინააღმდეგე მხარეს), სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული; თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, არ არსებობს სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო წარმოებისათვის ფ-------- ქ--------ს მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 160 ლარის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ფ-------- ქ--------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელად ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 25 დეკემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე: თამარ სვანიძე