განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310017001978468 (N3ბ/1138-18)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
31 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
I შ ე ს ა ვ ა ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - გიორგი გოგიაშვილი
აპელანტი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
მოწინააღმდეგე მხარე - შ--–-- ბ-–-–-–---–ი
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 05 დეკემბრის გადაწყვეტილება
სააპელაციო საჩივრის განხილვის ფორმა- ზეპირი მოსმენის გარეშე
I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. აპელანტის მოთხოვნა
1.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 05 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 05 დეკემბრის გადაწყვეტილებით შ--–-- ბ-–-–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2.1. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2017 წლის პირველ თებერვალს თბილისში, გ-–-------–ის დასახლებაში მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. კერძოდ, „ჰიუნდაის“ მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალება სახელმწიფო ნომრით M--------, რომელსაც მართავდა რ----- ბ------ა, შეეჯახა „მერსედესის“ მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებას სახელმწიფო ნომრით A--------, რომელსაც მართავდა შ--–-- ბ-–-–-–---–ი.
ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ 2017 წლის პირველ თებერვალს შ--–-- ბ-–-–-–---–ის მიმართ შედგენილია ელექტრონული საჯარიმო ქვითარი ei8-----, რომლითაც შ--–-- ბ-–-–-–---–ი დაჯარიმდა 250 ლარით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის საფუძველზე, მანევრირების წესების დარღვევისათვის, რასაც მოჰყვა შეჯახება. საჯარიმო ქვითარში მითითებულია ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი - A--------.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 26 აპრილის დადგენილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ (ს.ფ. 13-15)
- ელექტრონული საჯარიმო ქვითარი ei8----- (ს.ფ. 25)
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2017 წლის 29 მარტის №4---- დასკვნით, 2017 წლის პირველ თებერვალს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით განმარტებულია, რომ მძღოლის რ----- ბ------ას მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაშიც მას მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება შეეძლო.
დასკვნაში მითითებულია, რომ შ--–-- ბ-–-–-–---–ს შეჯახების თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის უგულებელყოფა არ აღინიშნება.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2017 წლის 29 მარტის №4---- დასკვნა (ს.ფ. 18-20)
2017 წლის პირველ თებერვალს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა საგამოძიებო სამსახურში დაიწყო გამოიძება სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად შ--–-- ბ-–-–-–---–ის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ზემოაღნიშნულ საქმეზე 2017 წლის 26 აპრილის დადგენილებით სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო. ამასთან, განსაზღვრულ იქნა დადგენილების ასლის საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის განყოფილებაში გადაგზავნა.
დადგენილებაში განმარტებულია, რომ საგზაო-შემთხვევა გამოწვეულია რ----- ბ------ას მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფით. ამასთან, ვინაიდან შ--–-- ბ-–-–-–---–ს მიღებული აქვს ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რ----- ბ------ას ქმედება არ წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს, მაგრამ მის ქმედებაში შეინიშნება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნები, რის გამოც დადგენილების ასლი სათანადო რეაგირებისათვის უნდა გადაეგზავნოს სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის განყოფილებას.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 26 აპრილის დადგენილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ (ს.ფ. 13-15)
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 6 აპრილის №0-------- დასკვნის შესაბამისად, სს „კ. ერისთავის სახ. ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ქსეროასლების ჩანაწერების მიხედვით, შ--–-- ბ-–-–-–---–ი მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით სტაციონარულ მკურნალობას იტარებდა 02.02.2017 წ. – 03.02.2017 წ. დიაგნოზით: ქალა ტვინის ტრავმა, თავის ტვინის შერყევა. სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების მიხედვით, აღენიშნებოდა ექსორიაცია და მცირე ზომის კანქვეშა ჰემატომა შუბლის არეში მარცხნივ. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 6 აპრილის №0-------- დასკვნა (ს.ფ. 21-24)
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის 2017 წლის პირველი ნოემბრის №0------------- წერილის შესაბამისად, „ჰიუნდაის“ მარკის ავტომობილი სახელმწიფო ნომრით M-------- ირიცხება თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე და ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დროს სატრანსპორტო საშუალების გამოყენება ხდებოდა სამსახურეობრივი დანიშნულებით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის 2017 წლის პირველი ნოემბრის №0------------- წერილი (ს.ფ. 59)
2017 წლის 6 თებერვალს შ--–-- ბ-–-–-–---–სა და ლ--–- ჩ----ეს შორის დადებულია საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენს სისხლისა და ადმინისტრაციულ საქმეებზე საადვოკატო მომსახურების გაწევა.
ადვოკატის ჰონორარი განისაზღვრა 500 ლარით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 6 თებერვლის ხელშეკრულება (ს.ფ.32)
2.2. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე რომლის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებაზე, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით „გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის
№2/3/423 გადაწყვეტილება).
კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის უპირველეს მიზანს წარმოადგენს დაზარალებული პირის ინტერესების დაცვა მიყენებული ზარალის ანაზღაურების გზით. სახელმწიფო რესურსის მასშტაბის, მოცულობის და ბუნების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან არამართლზომიერ ქმედებათა განხორციელება ხშირ შემთხვევებში გაცილებით მეტი საფრთხის შემცველია კერძო სუბიექტების მხრიდან განხორციელებულ ანალოგიური სახის ქმედებასთან შედარებით. ამიტომ მიყენებული ზარალის ანაზღაურების ვალდებულების დაწესება ხელს უწყობს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა თვითნებობის და ძალაუფლების უკანონოდ გამოყენების პრევენციას.
მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის განსაკუთრებულ წესს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-209-ე მუხლები. კერძოდ, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.
ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამავე კოდექსის 999-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ პირი სატრანსპორტო საშუალებას იყენებს მფლობელის ნებართვის გარეშე, იგი ვალდებულია მფლობელის ნაცვლად აანაზღაუროს ზიანი. ამასთან, მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო. ამ ნაწილის პირველი წინადადება არ გამოიყენება, თუ მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად, ან თუ ეს სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან.
აღნიშნული ნორმების ანალიზის საფუძველზე სასამართლომ განმარტა, რომ პირს ზიანის ანაზღაურება ეკისრება, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობების ერთობლიობა, კერძოდ, თუ არსებობს ზიანი და იგი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი. ამასთან, აღნიშნა, რომ სატრანსპორტო საშუალება პოტენციური საფრთხის წყაროა და მისი მოხმარება განაპირობებს შედარებით მაღალი ხარისხით საზიანო შედეგების დადგომის შესაძლებლობას, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი საქმიანობისას. ავტოსატრანსპორტო საშუალების ამგვარი თვისების გამო, იგი მიჩნეულია მომეტებული საფრთხის წყაროდ და, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოხმარება სამართლებრივად ნებადართულია, პასუხისმგებლობა მომეტებული საფრთხის წყაროდან გამომდინარე ზიანისას შედარებით უფრო მკაცრია – მითითებული მუხლი ქმნის არაბრალეული მესაკუთრის პასუხისმგებლობის ზოგად საფუძველს, თუკი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი მოძრაობდა ავტომანქანით მფლობელის ნებართვით, არის სატრანსპორტო საშუალების სამართავად დანიშნული პირი ან გადაცემული აქვს იგი მფლობელისგან. შესაბამისად, სატრანსპორტო საშუალების მართვის შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების ვალდებულების სუბიექტური შემადგენლობის თავისებურებას ის შეადგენს, რომ პასუხისმგებლობა ზიანისათვის ეკისრება სატრანსპორტო საშუალების მფლობელს, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იყო ზიანის უშალო მიმყენებელი.
სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება, სახელმწიფო ნომრით M--------, რომლის გამოყენების შედეგადაც მოხდა საგზაო შემთხვევა, ეკუთვნის თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მას სწორედ ადმინისტრაციული ორგანოს ნებართვის ფარგლებში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში მართავდა რ----- ბ------ა. აღნიშნული დადასტურებულია თავად თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის 2017 წლის პირველი ნოემბრის №0------------- წერილით.
ასევე დადასტურებულად იქნა მიჩნეული, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეული იქნა რ----- ბ------ას მოქმედებით, ხოლო შ--–-- ბ-–-–-–---–ის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის უგულებელყოფა არ აღინიშნებოდა. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული მოსარჩელის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება შეკეთებულია სადაზღვევო კომპანიის მიერ.
მოსარჩელის განმარტებით, ავტოსატრანსპორტო საშუალების შეკეთებამდე ვერ ახერხებდა მუშაობას, რადგან იგი ტაქსის მძღოლია. შესაბამისად, მიუღებელი შემოსავლის სახით ითხოვს ზიანის ანაზღაურებას 3 300 ლარის ოდენობით (მოსარჩელის მითითებით, დღეში, დაახლოებით, 30 ლარს გამოიმუშავებდა). შ--–-- ბ-–-–-–---–ი აღნიშნავს, რომ დაუზიანდა ჯანმრთელობა და საჭიროებს მკურნალობას, რომლის ხარჯის სახით ითხოვს ზიანის ანაზღაურებას 500 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ვინაიდან თავდაპირველად მის მიმართ დაიწყო ადმინისტრაციული საქმის წარმოება, იგი იძულებული გახდა საკუთარი უფლებების დასაცავად მიემართა ადვოკატისათვის და გაეწია საადვოკატო ხარჯი 500 ლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
სასამართლომ განმარტა, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება არა მხოლოდ დამდგარი ზიანი, არამედ მიუღებელი შემოსავალიც. მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მაგრამ მისი დადგენისათვის გათვალისწინებულ უნდა იქნას, თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. ზიანის ანაზღაურების ერთ-ერთი აუცილებელი ნიშანი კი ისაა, რომ ზიანი უნდა იყოს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგი. სასამართლომ განმარტა, რომ მართალია, მიუღებელი შემოსავლის არსი მდგომარეობს მის მიუღებლობაში, მაგრამ სასამართლომ უნდა შეაფასოს, რომ არა ზიანის მიმყენებლის ქმედება, რამდენად მიიღებდა მხარე ამ სარგებელს და რამდენად რეალური იქნებოდა აღნიშნული. ამრიგად, მიუღებელი შემოსავლის მტკიცება არ უნდა ეფუძნებოდეს აბსტრაქტულ, მხოლოდ მოსაზრებაზე დამყარებულ გარემოებებს, არამედ უნდა დასტურდებოდეს კონკრეტული ფაქტებითა და მტკიცებულებებით.
სასამართლომ განმარტა, რომ მხარისთვის მიყენებული მატერიალური ზიანი ექვემდებარება სრულად ანაზღაურებას, თუკი ზიანის არსებობა და მიზეზშედეგობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და ზიანის წარმოქმნას შორის დასტურდება სათანადო მტკიცებულებებით.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. ამავე კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ამრიგად, სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლომ განმარტა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით, მართალია, დასტურდება, რომ მოსარჩელემ მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, თუმცაღა არ დასტურდება, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, შ--–-- ბ-–-–-–---–ი ნამდვილად საჭიროებს შემდგომ მკურნალობას, მით უფრო, რომ წარმოდგენილ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 6 აპრილის №0-------- დასკვნაში განმარტებულია, რომ შ--–-- ბ-–-–-–---–ის დაზიანებები მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. გარდა ამისა, არ დასტურდება, რომ მოსარჩელემ ვერ მიიღო შემოსავალი, რომელსაც მიიღებდა მართლსაწინააღმდეგო ქმედების არარსებობის პირობებში. ამდენად, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებასა და შემდგომი მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებაზე შ--–-- ბ-–-–-–---–ს უნდა ეთქვას უარი.
რაც შეეხება საადვოკატო მომსახურების ხარჯს, სასამართლომ განმარტა, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება ის ხარჯი, რომლის გაწევაც და რომლის გაწევის აუცილებლობაც დასტურდება. კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შემდგომ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო შ--–-- ბ-–-–-–---–ის მიმართ. ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა 2017 წლის 1 თებერვალს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დასკვნა, რომლითაც გამოირიცხა მოსარჩელის ქმედებათა უკანონობა, მომზადებულია 2017 წლის 29 მარტს, ხოლო სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდა 2017 წლის 26 აპრილს. შესაბამისად, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მით უფრო, შ--–-- ბ-–-–-–---–ის მიმართ სამართალდარღვევის ოქმის შედგენიდან გამომდინარე, მოსარჩელისათვის წინასწარ ცნობილი ვერ იქნებოდა საქმის განხილვის შედეგი და შესაბამისად, იგი იძულებული იყო, რომ საკუთარი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ჯეროვანი გამოყენებისა და დაცვისათვის მიემართა ადვოკატისათვის, რომელიც უზრუნველყოფა მოსარჩელის ინტერესების დაცვას. ამასთან, ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის მოთხოვნა დაკავშირებულია სწორედ ავტოსაგზაო შემთხვევასთან, რადგან ავტოსაგზაო შემთხვევის შემდგომ მიმდინარე მოკვლევის ფარგლებში გახდა მოსარჩელე იძულებული, მიემართა ადვოკატისათვის. ამდენად, აღნიშნული არ წარმოადგენს საპროცესო ხარჯს, რომელიც მიმდინარე დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შედეგის პროპორციულად შეიძლება აუნაზღაურდეს პირს. ამრიგად, სასამართლომ მოპასუხეს დააკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ საადვოკატო მომსახურების გაწევისათვის გადახდილი 500 ლარის ანაზღაურება.
3.სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
აპელანტს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში უკანონო, დაუსაბუთებელია და უნდა გაუქმდეს, რადგან სასამართლოს მიერ აპელანტისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ საადვოკატო მომსახურების გაწევისათვის გადახდილი 500 ლარის ანაზღაურების დაკისრების დროს არ ყოფილა სათანადო მტკიცებულებებით გამყარებული. საქმეში წარმოდგენილი არ არის გადახდის ქვითარი, რომელიც უდავოდ დაადასტურებდა მოსარჩელესა და მის ადვოკატს შორის გაწეული მომსახურების სანაცვლოდ განხორციელებული ანგარიშსწორების ფაქტს. საქმეში წარმოდგენილი საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულება ადასტურებს მხოლოდ მხარეთა შორის ვალდებულებების წარმოშობას. შესაბამისად გასაჩივრებული გადაწყვეტილებით აპელანტს დაეკისრა იმ ზიანის ანაზღაურება, რომლის მოსარჩელისათვის რეალურად მიყენების ფაქტი დადასტურებული არ არის.
III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 18.4 მუხლის საფუძველზე ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან, ხოლო სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის ან სხვა პირის სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის განსაკუთრებულ წესს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე-209-ე მუხლები.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დაეკისრება, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.
სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე რომლის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, იმისთვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების მოვალეობა, სახეზე უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, წარმოშობილი ზიანი, ამასთან, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომის სავალდებულო პირობას და გამოიხატება იმაში, რომ პირველი წარმოშობს მეორეს. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი. დელიქტის შედეგად დამდგარი ზიანი შესაძლოა იყოს ქონებრივი (მატერიალური) და არაქონებრივი (მორალური). სამართალდარღვევის მატერიალური შედეგი, რომელსაც აქვს ღირებულებითი ფორმა მიიჩნევა მატერიალურ ზიანად, ხოლო პირის სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისა და თავისუფლებისთვის მიყენებული ზიანი, რომელიც დაკავშირებულია პირის სულიერ ტანჯვასთან არამატერიალური ზიანია.
პალატას თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის 2017 წლის პირველი ნოემბრის №0------------- წერილით დადასტურებულად მიაჩნია, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება, სახელმწიფო ნომრით M--------, რომლის გამოყენების შედეგადაც მოხდა საგზაო შემთხვევა, ეკუთვნის თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მას სწორედ ადმინისტრაციული ორგანოს ნებართვის ფარგლებში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში მართავდა რ----- ბ------ა.
საქმის მასალებით ასევე დადასტურებულია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეული იქნა რ----- ბ------ას მოქმედებით, ხოლო შ--–-- ბ-–-–-–---–ის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის უგულებელყოფა არ აღინიშნებოდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შემდგომ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო შ--–-- ბ-–-–-–---–ის მიმართ. ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა 2017 წლის 1 თებერვალს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დასკვნა, რომლითაც გამოირიცხა მოსარჩელის ქმედებათა უკანონობა, მომზადებულია 2017 წლის 29 მარტს, ხოლო სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდა 2017 წლის 26 აპრილს.
პალატა მიუთითებს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ 2012 წლის 9 თებერვალს მიღებულ გადაწყვეტილებაზე (საქმე Nბს-1330-1315(კ-11), სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოს გარეშე ხარჯებთან. ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მესამე ნაწილი). ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამგვარი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს მხარის მიერ გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია.“
სააპელაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ სტანდარტზე, რომლის შესაბამისადაც ევროპული სასამართლო მაშინაც აკისრებს ხელმყოფ პირს ადვოკატის მიერ გაწეული შრომის ანაზღაურებას, როდესაც სამართალწარმოებაში მონაწილე პირს არ გადაუხდია ადვოკატის მომსახურებისათვის გათვალისწინებული თანხა ან თუნდაც წარმომადგენლობა განხორციელდა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ქველმოქმედების სახით. საქმეში „ფადეევა, რუსეთის წინააღმდეგ“ (Fadeyeva v. Russia) სასამართლომ ადვოკატის მომსახურებისათვის ხარჯის დაკისრებასთან დაკავშირებით განმარტა, „სასამართლო აღნიშნავს, რომ განმცხადებელს არ წარმოუდგენია მასსა და მის ადვოკატებს შორის დადებული რაიმე წერილობითი ხელშეკრულება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ასეთი ხელშეკრულება არ არსებობს. ხელშეკრულება იურიდიული, საკონსულტაციო-საადვოკატო მომსახურების გაწევის შესახებ შეიძლება დაიდოს ზეპირი ფორმითაც და არაფერი აჩვენებს, რომ ეს ასე არ იყო განმცხადებელსა და წარმომადგენლების შემთხვევაში. მაშასადამე, ადვოკატების ჰონორარები ანაზღაურებადია შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით და რეალურია. ამ დასკვნაზე გავლენას არ ახდენს ის ფაქტი, რომ განმცხადებელს არ ეკისრებოდა ამ თანხების წინასწარ გადახდის მოვალეობა“
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მესამე სექციის მიერ განხილულ საქმეზე - „გივი ჯანიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ 2012 წლის 27 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, „მოპასუხე სახელმწიფომ თავად აღიარა, რომ მომჩივანი გასწევდა გარკვეულ იურიდიულ ხარჯებს და სთავაზობს სასამართლოს, მომჩვანს მიაკუთვნოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად დადგენილი გონივრული თანხა.“ გარდა ამისა, სასამართლო შენიშნავს, რომ „მომჩივანმა არ წარმოადგინა ქვითარი, რომელიც დაადასტურებდა დანახარჯებისა და ადვოკატის გასამრჯელოს გადახდას მისი მხრიდან. თუმცა როგორც მთავრობამ აღიარა, მომჩივნისთვის გაწეული იურიდიული დახმარება არ იქნებოდა უფასო. სასამართლო კვლავ აცხადებს, რომ ამ თვალსაზრისით ის არ შემოიფარგლება შიდა ანაზღაურების მასშტაბითა და პრაქტიკით (იხ. Assanidze v. Georgia [GC], no. 71503/01, §206, ECHR 2004 II, and Patsuria, ხსენებული ზემოთ, §103). საქმის სირთულიდან გამომდინარე, სასამართლოს გონივრულად მიაჩნია მომჩივნისთვის 1.000 ევროს მიკუთვნება მის წინაშე წარმომადგენლობის ხარჯების ანაზღაურების სახით.“
განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგენილ გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ 2017 წლის 6 თებერვალს შ--–-- ბ-–-–-–---–სა და ლ--–- ჩ----ეს შორის დადებულია საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენს სისხლისა და ადმინისტრაციულ საქმეებზე საადვოკატო მომსახურების გაწევა. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად ადვოკატის ჰონორარი განისაზღვრა 500 ლარით.
ამდენად იმის მიუხედავად, რომ საადვოკატო მომსახურეობისათვის გაწეული ხარჯის დადასტურება აპელანტმა ვერ უზრუნველყო შესაბამისი გადახდის დამადასტურებელი ქვითრებით, სააპელაციო პალატა საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში დასტურდება შ--–-- ბ-–-–-–---–ის მიერ სისხლის სამართლის საქმეზე და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე საადვოკატო მომსახურების ხარჯის გაწევის ფაქტი. შესაბამისად, იგი წარმოადგენს ავტო საგზაო შემთხვევის შედეგად მოსარჩელისათვის გამოწვეულ ზიანს.
სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
აღნიშნულ ნორმაზე დაყრდნობით სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შ--–-- ბ-–-–-–---–ის მოთხოვნა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის ადვოკატისთვის გადახდილი ჰონორარის 500 ლარის დაკისრების ნაწილში დასაბუთებულია, შესაბამისად სააპელაციო საჩივარში წარმოდგენილი მოსაზრებები ვერ ასაბუთებენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობას, რის გამოც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 05 დეკემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
5. საპროცესო ხარჯები:
5.1. ,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ” ქვეპუნქტის თანახმად აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე მუხლებით
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 05 დეკემბრის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21(ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე: გიორგი გოგიაშვილი