განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210117001952562
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
06 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
საქმე №2ბ/5268-18
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ვანო წიკლაური
სხდომის მდივანი - ელენე ომანიძე
აპელანტი - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
წარმომადგენლები - თამარ გორდელაძე, გიორგი მეშვილდიშვილი
მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,ჯეო სერვისი’’
წარმომადგენლები - ნათია გოგაძე, თამაზ კვინიკაძე
დავის საგანი - სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის თანხის შემცირება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 18 ივნისის განჩინება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების გაუქმება, საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნება
2. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების დასკვნებზე მითითება
შპს ,,ჯეო სერვისის’’ სასარჩელო მოთხოვნა - სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის თანხის შემცირება 129 340 ლარიდან 500 ლარამდე.
სარჩელის საფუძვლად მითითებული გარემოებები:
- 2016 წლის 04 ნოემბერს შპს ,,ჯეო სერვისს’’ სურდა მონაწილეობის მიღება ტენდერში NAT160002715, რომელიც გულისხმობდა ,,№4 ზონაში’’ გზების მოვლა-შენახვის სამუშაოებს 3 წლის განმავლობაში, თანხით 12 933 968 ლარი. შპს ,,ჯეო სერვისმა’’ გადაიხადა 50 ლარი, ხელი მოაწერა ,,აფიდავიტის’’ პირობებს და წარადგინა სს ,,პროკრედიტ ბანკის’’ მიერ გაცემული, ელექტრონული სატენდერო წინადადების გარანტიის შესაბამისი კოდები. 2016 წლის 04 ნოემბერს 11:35 საათიდან, 11:47 საათამდე მოსარჩელე ტვირთავდა სატენდერო დოკუმენტაციას, ხოლო 11:51 საათზე მიღების დამთავრებამდე 9 წუთით ადრე, ტექნიკური ხასიათის შეცდომის აღმოჩენის გამო (ატვირთული იყო პარტნიორი ორგანიზაციის რამდენიმე დოკუმენტი, რომელიც იმავე კომპიუტერში ინახებოდა) წაშალა სატენდერო წინადადება, სათანადო დოკუმენტაციის თავიდან ატვირთვის მიზნით. თუმცა სისტემამ უარი თქვა დოკუმენტების (საბანკო გარანტიის) ხელახლა მიღებაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ მოითხოვა სს ,,პროკრედიტ ბანკს’’ სატენდერო წინადადებების უზრუნველყოფის გარანტიის 129 340 ლარის გადახდა მის სასარგებლოდ.
მოპასუხე ტენდერში მონაწილე პრედენდენტის მიერ არაარსებითი, ანუ უმნიშვნელო დარღვევის გამო, რომელიც გამოწვეულია ტექნიკური შეცდომით და არ მიუყენებია ზიანი არც სახელმწიფოსთვის და არც სხვა მესამე პირებისთვის, ახდენს გარანტიის ამოქმედებას 129 340 ლარის ოდენობით, რაც შეუსაბამოდ მაღალი თანხაა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს ,,ჯეო სერვისის’’ სარჩელი დაკმაყოფილდა. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებული ტენდერის (NAT160002715) საფუძველზე სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის თანხა შემცირდა 129 340 ლარიდან - 500 ლარამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 ივნისის განჩინებით სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საჩივარი არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობისა და უსაფუძვლობის გამო. ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. საქმის მომზადების მიზნით, მოსარჩელის წარმომადგენელს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლის თანახმად, გადაეცა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები მოპასუხისათვის ჩასაბარებლად.
2017 წლის 28 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მიმართა მოსარჩელის წარმომადგენელმა, რა დროსაც წარადგინა მოპასუხისათვის სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლითაც დგინდება, რომ მოპასუხე სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სარჩელი და თანდართული დოკუმენტები ჩაბარდა - 2017 წლის 28 სექტემბერს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. მოპასუხეს განემარტა შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარმოუდგენლობის სამოქალაქო საპროცესო კანონით გათვალისწინებული შედეგები.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.4. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე, თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი. პასუხი (შესაგებელი) უნდა პასუხობდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს.
სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში, მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით. 177-ე მუხლის მე- 2 ნაწილის შესაბამისად, შესაგებელი შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით, როგორც წესი, ნაბეჭდი სახით და უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარმოუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩეს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
სასამართლომ დამტკიცებულად ჩათვალა მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- 2016 წლის 04 ნოემბერს შპს ,,ჯეო სერვისს’’ სურდა მონაწილეობის მიღება ტენდერში NAT160002715, რომელიც გულისხმობდა ,,№4 ზონაში’’ გზების მოვლა-შენახვის სამუშაოებს 3 წლის განმავლობაში, თანხით 12 933 968 ლარი. შპს ,,ჯეო სერვისმა’’ გადაიხადა 50 ლარი, ხელი მოაწერა ,,აფიდავიტის’’ პირობებს და წარადგინა სს ,,პროკრედიტ ბანკის’’ მიერ გაცემული, ელექტრონული სატენდერო წინადადების გარანტიის შესაბამისი კოდები. 2016 წლის 04 ნოემბერს 11:35 საათიდან, 11:47 საათამდე მოსარჩელე ტვირთავდა სატენდერო დოკუმენტაციას, ხოლო 11:51 საათზე მიღების დამთავრებამდე 9 წუთით ადრე, ტექნიკური ხასიათის შეცდომის აღმოჩენის გამო (ატვირთული იყო პარტნიორი ორგანიზაციის რამდენიმე დოკუმენტი, რომელიც იმავე კომპიუტერში ინახებოდა) წაშალა სატენდერო წინადადება, სათანადო დოკუმეტაციის თავიდან ატვირთვის მიზნით. თუმცა სისტემამ უარი თქვა დოკუმენტების (საბანკო გარანტიის) ხელახალ მიღებაზე.
- სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ მოთხოვა სს ,,პროკრედიტ ბანკს’’ სატენდერო წინადადებების უზრუნველყოფის გარანტიის 129 340 ლარის გადახდა მის სასარგებლოდ.
- მოპასუხე ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის მიერ არა არსებითი, ანუ უმნიშვნელო დარღვევის გამო, რომელიც გამოწვეულია ტექნიკური შეცდომით და არ მიუყენებია ზიანი არც სახელმწიფოსთვის და არც სხვა მესამე პირებისთვის, ახდენს გარანტიის ამოქმედებას 129 340 ლარის ოდენობით, რაც შეუსაბამოდ მაღალი თანხაა.
- მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხის მიერ გამოცხადებული ტენდერის (NAT160002715) საფუძველზე სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის თანხის შემცირებას 129 340 ლარიდან 500 ლარამდე.
სასამართლომ მიიჩნია, რომ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სამოქალაქო კოდექსის მე-8, 115-ე, 879-ე და 976-ე მუხლების საფუძველზე ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, კერძოდ:
განსახილველი დავის ფარგლებში მოსარჩელემ აღიარა მისი მხრიდან ტექნიკური შეცდომის დაშვების ფაქტი, თუმცა შეედავა სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის ოდენობას და შეცდომის სიმძიმის გათვალისწინებით მოითხოვა მისი ოდენობის შემცირება 500 ლარამდე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ უნდა მოხდეს გარანტიის თანხის ოდენობის შემცირება.
სასამართლომ მიიჩნია, რომ საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოებები ვერ ასაბუთებდა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ 10 დღიან ვადაში შესაგებლის წარდგენის შეუძლებლობის საპატიოობას, გარდა ამისა, სასამართლომ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის მსჯელობა მასზედ, რომ შპს ,,ჯეო სერვისის’’ მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა მოსარჩელის მოთხოვნას, ამ მიმართებით სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლომ ჯერ კიდევ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ეტაპზე მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8, 115-ე, 879-ე, 976-ე მუხლებიდან.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. აპელანტის განმარტებით NAT160002715 ელექტრონულ ტენდერში პრეტენდენტმა - შპს „ჯეო სერვისმა“ ელექტრონული ვაჭრობის ძირითად დროში უარი განაცხადა თავის სატენდერო წინადადებაზე, მისი აღნიშნული ქმედების და შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის 1 პროცენტიანი თანხა არ ექვემდებარება პრეტენდენტისთვის დაბრუნებას. აპელანტი არ იზიარებს გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულ იმ გარემოებას, რომ გარკვეული გაუგებრობის გამო, მოხდა ტექნიკური ხასიათის შეცდომა და ატვირთული იქნა პრეტენდენტის პარტნიორი ორგანიზაციის რამდენიმე დოკუმენტი. აპელანტის აზრით ზემოაღნიშნული გარემოება ადასტურებს იმ ფაქტს, რომ პრეტენდენტის მხრიდან ადგილი ჰქონდა აფიდავიტის წესების დარღვევას, რაც დარღვევის სიმძიმის ხარისხის გათვალისწინებით წარმოადგენს მნიშვნელოვან გადაცდომას, ვინაიდან აფიდავიტის ფორმის თანახმად, დაუშვებელია პრეტენდენტის მიერ სატენდერო/საკონკურსო წინადადებაში მოცემული ინფორმაცია იყოს ყალბი ან/და არასწორი.
აპელანტის განმარტებით ტენდერის 1% გარანტია - 129 340 ლარის ოდენობით 2016 წლის 05 ნოემბერს 11:27 საათზე შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით ჩამოჭრილი იქნა სისტემური შეტყობინების საშუალებით, ვინაიდან სისტემა ასეთი ქმედების შემთხვევაში ავტომატურად აგზავნის შეტყობინებას. აპელანტის მითითებით შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობა არ იცნობს წინადადებაზე უარის თქმის შემთხვევაში პრეტენდენტის მიერ განხორციელებულ ქმედებაში მიზანმიმართულ თუ გაუფრთხილებელ ქცევას, ვინაიდან წინადადებაზე უარის შემთხვევაში ხდება გარანტიის დაკარგვა (129 340 ლარი ჩამოჭრა). აპელანტი ხაზს უსვას იმ გარემოებას, რომ პრეტენდენტმა წინადადებაზე უარი განაცხადა არა საწყის ეტაპზე, არამედ იმ დროს როდესაც მან მონაწილოება მიიღო ვაჭრობაში და წარადგინა მისი ფასი.
3.2. აპელანტის აზრით გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლოს არ უმსჯელია იმ ფაქტთან დაკავშირებით, რამდენად იყო სახეზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისთვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ორივე წინაპირობა, კერძოდ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობა და სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული მართებულობა.
აპელანტის განმარტებით გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებიდან არ იკვეთება რის საფუძველზე ჩათვალა სასამართლომ, რომ თანხის ოდენობა უნდა შეემცირებინა. აპელანტის მითითებით, იმ შემთხვევაში თუ სასამართლო აღნიშნულ 1%-იანი გარანტიას პირგასამტეხლოსთან გააიგივებდა, მას მხედველობაში უნდა მიეღო და შეეფასებინა საკითხი მასზედ რამდენად შესაძლებელი იყო კანონისმიერი პირგასამტეხლოს შემცირება. აღნიშნულთან დაკავშირებით აპელანტი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 1%-იანი გარანტია წარმოადგენდა ტენდერში შესვლის და მონაწილეობის გარანტიას, გათვალისწინებით იმისა, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობა და პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა არ არის დამოკიდებული მხარეთა ნებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს არ ჰქონდა უფლება შეემცირებინა ზემოხსენებული თანხა და მით უფრო მსჯელობა განევითარებინა ისე თითქოს სახეზეა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი.
აპელანტის აზრით, არასწორად არის გამოყენებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 876-ე და 879-ე მუხლები, რადგან მათზე მითითებისას სასამართლო არ მსჯელობს იმაზე, რამდენად არის შესაძლებელი ,,სახელმწიფო შესყიდვის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე დადგენილი 1% გარანტიის ოდენობის შემცირება, მაშინ როდესაც აღნიშნული კანონი უთითებს, რომ არ აქვს არსებითი მნიშვნელობა რამ გამოიწვია სატენდერო წინადადებაზე უარის თქმა ეს იყო მიზანმიმართული თუ შეცდომით განხორციელებული ქმედება ასეთ შემთხვევაში 1% გარანტია ექვემდებარება ჩამოჭრას.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
4.1. ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება
4.1.1. სააპელაციო პალატა საქმეში წარმოდგენილი მასალების ანალიზის, ასევე მხარეთა პოზიციების შესწავლის შედეგად ასკვნის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად გამოიკვლია დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის აუცილებელი წინაპირობების არსებობა და გააკეთა სწორი სამართლებრივი შეფასებები დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების და მისი ძალაში დატოვების თაობაზე.
პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების საწინააღმდეგოდ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს საკმარის ფაქტობრივ და სამართლებრივ არგუმენტაციას სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნების გასაბათილებლად.
აპელანტი სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ 28.09.2017 წელს შპს ,,ჯეო სერვისის’’ სარჩელი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად ჩაბარდა, ამასთან, მისთვის ცნობილი იყო სასამართლო გზავნილის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შესაგებლის წარდგენის ვალდებულებისა და მისი წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. აპელანტი გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების გაუქმებას იმ გარემოებაზე მითითებით მოითხოვს, რომ მიუხედავად შესაგებლის წარუდგენლობისა არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი, რადგან სახეზე არ იყო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისთვის კანონით გათვალისწინებული მეორე წინაპირობა, კერძოდ, სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა შპს ,,ჯეო სერვისის’’ სასარჩელო მოთხოვნას.
4.1.2 აპელანტის განმარტებას მასზედ, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა იყო დაუშვებელი, რადგან სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს, ხოლო რთული კატეგორიის საქმეებზე – 21 დღეს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საპატიო მიზეზი. პასუხი (შესაგებელი) უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
როგორც მითითებული ნორმიდან, ისე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავის ზოგადი ანალიზიდან ირკვევა, რომ ზემოაღნიშნულ პირობებთან ერთად, იმისათვის რომ მოსარჩელის მოთხოვნა დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდეს, საჭიროა, არსებობდეს ასევე უმთავრესი პირობა – სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებდეს სასარჩელო მოთხოვნას (შედარებისთვის იხილეთ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი), ხოლო მითითებული გარემოებები კი სასამართლოს მიერ ყოველგვარი გამოკვლევისა და შეფასების გარეშე მიიჩნევა დამტკიცებულად (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესი).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ 2016 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებაში საქმეზე №ას-121-117-2016 განმარტა, რომ შესაგებელი, როგორც სარჩელისაგან მოპასუხის თავდაცვის საშუალება, შეიძლება დავყოთ შემდეგ სახეებად: სარჩელის უარყოფა (არცნობა), საპროცესო შესაგებელი და მატერიალურ-სამართლებრივი შესაგებელი.
შესაგებლის წარუდგენლობის წინაპირობების ანალიზისათვის, საყურადღებოა სარჩელის უარყოფის (არცნობის), როგორც შესაგებლის სრუქტურული კომპონენტის დახასიათება. უნდა აღინიშნოს, რომ არც პროცესუალურ-სამართლებრივი და არც მატერიალურ-სამართლებრივი შესაგებელი არ არსებობს შესაგებლის ისეთი აუცილებელი კომპონენტის გარეშე, როგორიცაა სარჩელის უარყოფა (არცნობა), მაგრამ ამ უკანასკნელი კომპონენტის თავისებურება გამოიხატება იმაში, რომ ასეთი უარყოფითი შესაგებლით ავტორი გამოხატავს თავის პროცესუალურ დამოკიდებულებას, რომელიც საკმარისია გარკვეული იურიდიული შედეგის დადგომისათვის, კერძოდ, ამ უარყოფის შედეგად სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იძენენ სადავო ხასიათს. ზუსტად ეს გარემოება (სარჩელის უარყოფა (არცნობა) განაპირობებს იმას, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები შედის მტკიცების საგანში. სარჩელის უარყოფის (არცნობის) არარსებობის შემთხვევაში, მოქმედებს პრეზუმფცია, რომლის თანახმად, ამ პროცესუალური მოქმედების განუხორციელებლობა უტოლდება სარჩელში მითითებული ფაქტების აღიარებას (ივარაუდება ისეთი გარემოებები, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მოთხოვნას), ამით მოსარჩელე თავისუფლდება ამ ფაქტების დამტკიცების ტვირთისაგან. ამ პროცესუალურ მოქმედებას დიდი მნიშვნელობა გააჩნია მტკიცების საგნის განსაზღვრისათვის, რაც, შესაბამისად, განაპირობებს მტკიცებულებითი საქმიანობის სწორად განხორციელებას.
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს შპს ,,ჯეო სერვისის’’ მიერ სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, სადაც მოსარჩელე მხარე დავის ფაქტობრივი გარემოებების გრაფაში უთითებს შემდეგს:
- 2016 წლის 04 ნოემბერს სურდა მონაწილეობის მიღება ტენდერში NAT160002715, რომელიც გულისხმობდა #4 ზონაში გზების მოვლა-შენახვის სამუშაოებს 3 წლის განმავლობაში, თანხით 12 933 968.00 ლარი.
- შპს ,,ჯეო სერვისმა’’ გადაიხადა განაცხადის 50 ლარი, ხელი მოაწერა აფიდავიტის პირობებს და წარადგინა სს ,,პროკრედიტ ბანკის’’ მიერ გაცემული ელექტრონული სატენდერო წინადადების გარანტიის შესაბამისი კოდები. 2016 წლის 04 ნოემბერს 11:51 საათზე წინადადების მიღების დამთავრებამდე 9 წუთით ადრე, ტექნიკური ხასიათის შეცდომის აღიარების გამო (ატვირთული იყო პარტნიორი ორგანიზაციის შპს ,,RSP -40-ის’’ დოკუმეტები, რომელიც იმავე კომპიუტერში ინახებოდა) წაშალა სატენდერო წინადადება სათანადო დოკუმენტაციის თავიდან ატვირთვის მიზნით, სისტემამ უარი თქვა დოკუმენტების ხელახალ მიღებაზე.
- სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ სს ,,პროკრედიტ ბანკს’’ მოსთხოვა სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის 129 340 ლარის გადახდა.
ნიშანდობლივია აღინიშნოს ის უდავო გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული გარემოებები, რომელზე მითითებითაც ეს უკანასკნელი სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის თანხის 129 340 ლარის, როგორც დაშვებულ ტექნიკურ შეცდომასთან მიმართებით შეუსაბამოდ მაღალი თანხის 500 ლარამდე შემცირებას მოითხოვდა, მოპასუხე მხარის მხრიდან შესაგებლის წარდგენის გზით უარყოფილი არ ყოფილა. ამდენად, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მხრიდან შესაგებლის წარუდგენლობის და აღნიშნულის გათვალისწინებით სარჩელის უარყოფის (არცნობის) არარსებობის პირობებში, ამოქმედდა მოპასუხის მხრიდან სარჩელში მითითებული ფაქტების აღიარების პრეზუმფცია.
სააპელაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს დავის ფაქტობრივ გარემოებებში მოსარჩელის მიერ მითითებულ სარჩელის მესამე ფაქტობრივ გარემოებაზე, სადაც ეს უკანასკნელი სააგენტოს მიერ ბანკისგან (გარანტისგან) სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის სახით 129 340 ლარის მოთხოვნაზე უთითებს. მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული ზემოაღნიშნული გარემოების, (რომლის მიხედვითაც როგორც აღინიშნა ეს უკანასკნელი მოპასუხის მიერ გარანტისგან სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის სახით 129 340 ლარის გადახდის მოთხოვნაზე უთითებს) და ამ გარემოებების უარყოფის (არცნობის) არარსებობის პირობებში, სააპელაციო სასამართლო როგორც შეუდავებელ - უდავო გარემოებას, რომელიც თავის მხრივ იურიდიულად ამართლებს მოსარჩელის მოთხოვნას გარანტიის თანხის შემცირების შესახებ, დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხე საზოგადოების მხრიდან სს ,,პროკრედიტ ბანკისგან’’ მიღებული 129 340 ლარი საბანკო გარანტიას წარმოადგენდა.
აპელანტის იმ პრეტენზიებთან დაკავშირებით, რომ სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდნენ სასარჩელო მოთხოვნას, სააპელაციო სასამართლო, დიდი პალატის ზემოხსენებული გადაწყვეტილების მოხმობით კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე, ან არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (შესაგებლის წარდგენა), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს. აღსანიშნავია ასევე, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის რეჟიმში სასამართლო არ შედის მტკიცებულებებისა და საქმის არსებითი კვლევის სტადიაში, იგი მხოლოდ იკვლევს სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და აძლევს მათ სამართლებრივ შეფასებას.
განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ სარჩელში მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები მოპასუხის მხრიდან შედავებული არ ყოფილა, აღნიშნულის გათვალისწინებით დადგენილად იქნა მიჩნეული სარჩელში მითითებული შემდეგი გარემოებები:
- 2016 წლის 04 ნოემბერს სურდა მონაწილეობის მიღება ტენდერში NAT160002715, რომელიც გულისხმობდა #4 ზონაში გზების მოვლა-შენახვის სამუშაოებს 3 წლის განმავლობაში, თანხით 12 933 968.00 ლარი.
- შპს ,,ჯეო სერვისმა’’ გადაიხადა განაცხადი 50 ლარი, ხელი მოაწერა ,,აფიდავიტის’’ პირობებს და წარადგინა სს ,,პროკრედიტ ბანკის’’ მიერ გაცემული ელექტრონული სატენდერო წინადადების გარანტიის შესაბამისი კოდები.
- 2016 წლის 04 ნოემბერს 11:51 საათზე სატენდერო წინადადების მიღების დამთავრებამდე 9 წუთით ადრე, ტექნიკური ხასიათის შეცდომის გამო, რა დროსაც ატვირთული იქნა პარტნიორი ორგანიზაციის შპს ,,RSP -40-ის’’ დოკუმეტები, რომელიც იმავე კომპიუტერში ინახებოდა წაშალა სატენდერო წინადადება სათანადო დოკუმენტაციის თავიდან ატვირთვის მიზნით, თუმცა სისტემამ უარი თქვა ახალი სატენდერო წინადადების (დოკუმენტების ხელახალ) მიღებაზე.
- სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ სს ,,პროკრედიტ ბანკს’’ მოსთხოვა სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის 129 340 ლარის გადახდა.
მოცემულ შემთხვევაში სარჩელში მითითებული და მისი არცნობის არარსებობის საფუძველზე დადასტურებულად მიჩნეულ ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა, იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სარჩელში მითითებული და მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის საფუძველზე დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები მასზედ, რომ მოპასუხე მხარემ მოსარჩელის მიერ სატენდერო წინადადების შევსებისას დაშვებული ტექნიკური შეცდომის საფუძველზე, (რაც სატენდერო წინადადების შევსებისას მოსარჩელე საზოგადოების მხრიდან არასწორი დოკუმენტების ატვირთვაში გამოიხატა), ამ უკანასკნელის მიერ წარდგენილი საბანკო გარანტიის განაღდება სრულად მოითხოვა, იურიდიულად ამართლებდა შპს ,,ჯეო სერვისის’’ სასარჩელო მოთხოვნას მის მიერ ჩადენილი უმნიშვნელო დარღვევის გამო, რომლითაც თავის მხრივ ზიანი არ მისდგომია არც სახელმწიფოს და არც სხვა მესამე პირს გარანტიის სახით გადახდილი თანხის - 129 340 ლარის 500 ლარამდე შემცირების თაობაზე. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8, 115-ე, 879-ე, და 976-ე მუხლებით და მართებულად დააკმაყოფილა შპს ,,ჯეო სერვისის’’ სარჩელი. სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტის მსჯელობას რომ არ არსებობდა სააგენტოს მიერ უკვე მიღებული/ჩამოჭრილი თანხის შემცირების საფუძველი, რადგან არაკეთილსინდისიერად მოქმედი პირის მიმართ თანხის ჩამოჭრის უფლება სააგენტოს ,,სახელმწიფო შესყიდვის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად გააჩნდა. ამ მიმართებით სააპელაციო სასამართლო კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სასამართლომ სააგენტოს მიერ ჩამოჭრილი თანხის შემცირების მართლზომიერებაზე საქმის დაუსწრებელი წარმოების ფარგლებში იმსჯელა, რა დროსაც სასამართლომ როგორც შეუდავებელი ფაქტი დადგენილად მიიჩნია სარჩელში მითითებული გარემოება, რომ სააგენტოს მიერ სს ,,პროკრედიტ ბანკისთვის’’ წარდგენილი მოთხოვნის ფარგლებში მიღებული თანხა - 129 340 ლარის ოდენობით სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ გარანტიას (საბანკო გარანტიას) წარმოადგენდა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით განსაზღვრული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შემაკავებელი წინაპირობა. ამდენად, პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ასევე მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინება დატოვებული უნდა იქნეს უცვლელად.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. აპელანტი სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ძ’’ პუნქტის შესაბამისად გათავისუფლებულია საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. აღნიშნულის გათვალისწინებით, აპელანტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს 23.07.2018 წელს გადახდილი ბაჟი 150 ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 18 ივნისის განჩინება.
3. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 23.07.2018 წელს გადახდილი ბაჟი 150 ლარის ოდენობით;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე /ვანო წიკლაური /