განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.05.2019
საქმის ნომერი
330210018002415601
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
31.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210018002415601

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

31 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

საქმე №2ბ/851-19

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ვანო წიკლაური

 

სხდომის მდივანი - ელენე ომანიძე

 

აპელანტი - ი----- ფ-----------

წარმომადგენელი – ნ---- ბ-----

 

მოწინააღმდეგე მხარე – შ-- ,,ჩ---------- 1--’’

წარმომადგენლები – გ------- ქ--------, ქ------- გ------------

 

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება

 

სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი----- ფ----------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. ი----- ფ----------- პ/ნომერი 6---------- შ-- ''ჩ---------- 1--''-ის კუთვნილ ვებ გვერდზე w---------------- რეგისტრირებულია 2011 წლის 27 სექტემბრიდან მომხმარებლის სახელით ''i------''.

 

2.2 2017 წლის 20 სექტემბერს ი----- ფ-----------მ w---------------- ვებ -გვერდზე არსებულ თამაშობა ტოტალიზატორში განათავსა ბილეთი და დადო ფსონი 300 ლარის ოდენობით. ბილეთი დადებული იყო 5 სხვადასხვა თამაშზე, მათ შორის რეალ მადრიდი - ბ----ს სევილია, მის მიერ მითითებული პოზიცია იყო კარში დარტყმების რაოდენობა 12.5 ან მეტი.

 

2.3. დადგენილია და მხარეები არ დავობენ, რომ თამაშობა ტოტალიზატორის მოწყობის ორგანიზატორია შ-- ''ჩ---------- 1--''.

 

2.4. შ-- ''ჩ---------- 1--''-ის ტოტალიზატორის ''ე-------------'', მოწყობის პირობებით (რეგლამენტი) დადგენილია, რომ ფსონის დადება ნიშნავს ორგანიზაციასა და მოთამაშეს შორის ერთჯერადი ხელშეკრულების გაფორმებას, რომლის თანახმად მოთამაშეს ორგანიზაციის ბიუროში შეაქვს თანხა (რომელიც მხოლოდ მითითებულ ვარიანტში შეტანილი პროგნოზის ან პროგნოზების ვერ გამოცნობის შემთხვევაში გადადის ორგანიზაციის საკუთრებაში) და მიუთითებს ერთი ან რამდენიმე პროგნოზს მოქმედი წესების შესაბამისად.

 

ერთჯერადი ხელშეკრულების დამადასტურებელი საბუთია ბილეთი, რომელიც მოთამაშეს ეძლევა ბიუროს მიერ მიღებული ფსონის თანხის სანაცვლოდ.

 

ინტერნეტ-ტოტალიზატორის გათამაშების წესების თანახმად, დადგენილია, რომ მოთამაშისათვის რეგისტრაციის გავლა და ფსონის დადება ნიშნავს თანხმობას კომპანიის დადგენილი გათამაშების წესების მიმართ.

 

რეგლამენტის 2.3.3. პუნქტის თანახმად, კარში დარტყმად ითვლება - კარში დარტყმების რაოდენობა (მატჩში/პირველ ტაიმში/მეორე ტაიმში): აღნიშნული პოზიცია მოიცავს მატჩის მითითებულ მონაკვეთში დაფიქსირებულ კარში დარტყმების რაოდენობას.

 

რეგლამენტში ასევე მითითებულია ოფიციალური საიტების ჩამონათვალი, რომლითაც სარგებლობს ტოტალიზატორი: მათ შორის არის ესპანეთი ლა ლიგა, ესპანეთის სამეფო თასი, ესპანეთის სუპერთასი - http://w-------------.

 

დადგენილია და არც მხარეები ხდიან სადავოდ იმ გარემოებას, რომ ზემოაღნიშნულ ვებ

გვერდზე განთავსებული ინფორმაციით კარებში დარტყმის რაოდენობა შეადგენს 11 დარტყმას.

 

2.5. მოსარჩელე მხარემ დაადასტურა, რომ ჰქონდა ინფორმაცია თამაშის წესების შესახებ ვებ-გვერდის მეშვეობით.

 

2.6. ''ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ'' კანონის შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ დადასტურებულია შ-- ''ჩ---------- 1--''-ის მიერ მოწყობილი თამაშობა ტოტალიზატორის შესაბამისობა როგორც საკანონმდებლო მოთხოვნებთან ასევე დადასტურებულია, რომ ტოტალიზატორის მოწყობის პირობები (რეგლამენტი) მოქმედებდა 2017 წლის 20 სექტემბრის მდგომარეობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ბილეთი, თამაშის ჩანაწერები, წერილი - იხ.ს.ფ. 16-19; 64-66;

- ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაფიქსირებული შედეგის ამსახველი ფოტო - იხ.ს.ფ. 60-63;

- შემოსავლების სამსახურის ცნობა- იხ.ს.ფ. 73;

- ტოტალიზატორის მოწყობის პირობები (რეგლამენტი) - 74-209;

მხარეთა ახსნა-განმარტებები, იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.7. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლის და შეფასების, მხარეთა ასხნა-განმარტებების გაანალიზების და მათზე დაყრდნობით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ ვებ-გვერდზე განთავსებული ბილეთი არ უნდა იქნეს მიჩნეული მოგებულად.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლითაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დადაგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ 2017 წლის 20 სექტემბერს რეალი-მადრიდი ბეტისის შეხვედრაზე განთავსებულ ბილეთში მომხმარებელს დაფიქსირებული ჰქონდა ზემოაღნიშნული შეხვედრის (თამაშის) განმავლობაში ჯამში 13 დარტყმა კარში (12.5-ზე მეტი).

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2017 წლის 21 სექტემბერს გამართული რეალი- მადრიდი ბეტისის შეხვედრაზე დაფიქსირდა საერთო ჯამში 11 დარტყმა კარში. მომხმარებლის მიერ განთავსებულ იქნა ფსონი 300 ლარის ოდენობით სხვა პოზიციებთან ერთად კარში ბურთის დარტყმის რაოდენობაზე და ის უნდა ყოფილიყო 13 ან მეტი (ბილეთში წაგებულია სწორედ ეს პოზიცია) იმისათვის, რომ მომხმარებლის მიერ განთავსებულ ბილეთს მოეგო. აღნიშნულ თამაშში დაფიქსირდა ჯამში 11 დარტყმა ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით, რომლის შესახებ ინფორმაციას ფლობდა მოსარჩელე.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებულია ტოტალიზატორის მოწყობის პირობების ოფიციალური საიტების ჩამონათვალი, რომლითაც სარგებლობს ტოტალიზატორი და სადაც განთავსებულია თამაშების მიმოხილვა და შედეგები. ერთ-ერთ ასეთ საიტს წარმოადგენს http://w--------------ი, სადაც განთავსებულია ზემოაღნიშნული თამაში საბოლოო მონაცემები, მათ შორის კარებში დარტყმის რაოდენობა და იგი შეადგენს 11 დარტყმას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ბილეთი, თამაშის ჩანაწერები, წერილი - იხ.ს.ფ. 16-19; 64-66;

- ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაფიქსირებული შედეგის ამსახველი ფოტო - იხ.ს.ფ. 60-63;

- შემოსავლების სამსახურის ცნობა- იხ.ს.ფ. 73;

- ტოტალიზატორის მოწყობის პირობები (რეგლამენტი) - , 198, 74-209;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები, იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი.

 

საბოლოოდ, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო მისი მტკიცების სფეროში შემავალი სადავო ფაქტობრივი გარემოების დადასტურება შესაბამისი მტკიცებულებებით, კერძოდ, მან ვერ დაადასტურა, რომ მის მიერ განთავსებულმა ბილეთმა მოიგო.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.8. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 952-ე მუხლის თანახმად, ლატარიის ხელშეკრულება ან მსგავსი თამაშობანი წარმოშობენ ვალდებულებას, თუ ისინი (გათამაშება, წილისყრა, კენჭისყრა) სახელმწიფოს მიერ არის ნებადართული.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ თამაშობების სახელმწიფო რეგულირება ხორციელდება

''ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ'' საქართველოს კანონის საფუძველზე. მითითებული კანონის მიზანს წარმოადგენს საქართველოში ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების სფეროს სახელმწიფო რეგულირება, მოქალაქეთა კანონიერი ინტერესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა. აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის ო.გ პუნქტის თანახმად, ტოტალიზატორი არის თამაშობა, რომელიც იმართება მოთამაშეების მიერ შეჯიბრის მიმდინარეობის, თამაშობის, რაიმე მოვლენის (მოვლენების) შედეგის პროგნოზზე ფსონის დადებით, ხოლო მოგება დამოკიდებულია ფსონის მოცულობაზე და შედეგზე.

 

მოცემულ შემთხვევაში, ფსონი იქნა განთავსებული კონკრეტულ შედეგის პროგნოზზე, კერძოდ რეალი-ბეტისის თამაშზე ორივე გუნდს ჯამში უნდა განეხორციელებინათ 12.5-ზე მეტი კარში დარტყმა, იმისთვის რომ დამდგარიყო ის შედეგი, რაზეც მოსარჩელეს ფსონი ჰქონდა განთავსებული, თუმცა აღნიშნულ თამაშში კარში დარტყმის რაოდენობად დაფიქსირდა 11 დარტყმა. შესაბამისად, მოსარჩელის პროგნოზი არ გამართლდა, რის გამოც ბილეთი ვერ იქნება მიჩნეული მოგებულად.

 

სასამართლო ყურადღება გაამახვილა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. წინამდებარე შემთხვევაში კი სწორედ ბილეთში მითითებული პირობები განიხილება არსებით პირობებად, მხარეებმა ვებ-გვერდზე და შესაბამის ბილეთზე განთავსებულ წესებზე გამოხატეს ერთობლივი ნება, ეს კი ადასტურებს ხელშეკრულების დადებას და მის ძალაში შესვლას, ასევე შეთანხმებას ხელშეკრულების არსებულ პირობებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად,კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მხარეები იცნობენ თამაშის წესებს, მოსარჩელე დაახლოებით 10 წელზე მეტია გახლავთ ''ე-------------ს'' მომხმარებელი (იხ. სარჩელი, მხარის განმარტება), კერძოდ, მხარეები იცნობენ ტოტალიზატორი ''ე-------------ს'' მიერ ორგანიზებული თამაშების მოწყობის პირობებს, რომელშიც მითითებულია ოფიციალური საიტების ჩამონათვალი, რომლითაც სარგებლობს ტოტალიზატორი: მათ შორის არის ესპანეთი ლა ლიგა, ესპანეთის სამეფო თასი, ესპანეთის სუპერთასი - http://w-------------. (იხ.ს.ფ.198).

 

დადგენილია და არც მხარეები ხდიან სადავოდ იმ გარემოებას, რომ ზემოაღნიშნულ ვებ

გვერდზე განთავსებული ინფორმაციით კარებში დარტყმის რაოდენობა შეადგენს 11 დარტყმას, მითითებული ინფორმაციიაზე დაყრდნობით მოქმედებს მოპასუხე მხარე და ეს ფაქტი მოსარჩელე მხარისათვის ცნობილი იყო.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ''ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ'' საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის ''გ'' ქვეპუნქტის თანახმად, ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორი ვალდებულია ჩაატაროს თამაშობა და გასცეს მოგებები წარმოდგენილი მოწყობის პირობების (რეგლამენტის) შესაბამისად. ამდენად, მითითებული კანონი მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორისათვის ადგენს მოგებების გაცემის ვალდებულებას რეგლამენტის შესაბამისად.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან რეგლამენტის წესების შესაბამისად მოგება ბილეთზე ვერ დაფიქსირდა, მოპასუხეს ვერ დაეკისრება თანხის ანაზღაურება. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ი----- ფ----------ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1.1. აპელანტის განმარტებით საზოგადოების რეგლამენტის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა სასამართლო სხდომაზე. შესაბამისად, მას არც ის გარემოება დაუდასტურებია, რომ მისთვის ცნობილი იყო რომელი გვერდის მიხედვით ხდებოდა შედეგების დაჯამება. აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლოს სადავო მატჩზე კარში დარტყმების რაოდენობის დასადგენად მის მიერ წარდგენილი მონაცემებით უნდა ეხელმძღვანელა და არა სადავო ვებ-გვერდზე მითითებული შედეგით.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

4.1 ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1.1 სააპელაციო პალატა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ამოწმებს რა გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, დადგენილად მიიჩნევს სააპელაციო საჩივრით სადავოდ გამხდარ და საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ ი----- ფ----------ის მიერ 20.09.2017 წელს ვებ-გვერდეზე - w---------------- განთავსებული ბილეთით მოგებისთვის გათვალისწინებული წინაპირობის დადგომას ადგილი არ ჰქონია და შესაბამისად, ი----- ფ----------ის მიერ დადებულ ბილეთს არ მოუგია.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია და სადავოდ არ ხდება რომ:

 

- მოსარჩელე შ-- ''ჩ---------- 1--''-ის ვებ-გვერდზე: w---------------- რეგისტრირებულია 27.09.2011 წლიდან.

 

- 20.09.2017 წელს ი----- ფ-----------მ მონაწილეობა მიიღო მოპასუხე შ-- ,,ჩ---------- 1---ის’’ მიერ მოწყობილ თამაშობაში. კერძოდ, ი----- ფ-----------მ ვებ-გვერდის - w---------------- საშუალებით განათავსა ბილეთი და დადო ფსონი 300 ლარს ოდენობით. ბილეთი დადებული იყო 5 სხვადასხვა თამაშზე, მათ შორის რეალ მადრიდი - ბეტის სევილია, ი----- ფ----------ის მიერ მითითებული პოზიცია იყო კარში დარტყმების რაოდენობა 12.5 ან მეტი.

 

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორი ვალდებულია ჩაატაროს თამაშობა და გასცეს მოგებები წარმოდგენილი მოწყობის პირობების (რეგლამენტის) შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის 17.10.2018 წლის წერილით დადასტურებულია, რომ შ-- ,,ჩ---------- 1---ის’’ ტოტალიზატორის მოწყობის პირობები (რეგლამენტი) ძალაში იყო 2017 წლის 20 სექტემბრიდან.

 

შ-- ,,ჩ---------- 1---ის’’ ტოტალიზატორი ,,ე------- - ბ----ს’’ მოწყობის პირობების (რეგლამენტი) თანახმად ფსონის დადება ნიშნავს ორგანიზაციას და მოთამაშეს შორის ერთჯერადი ხელშეკრულების გაფორმებას, რომლის თანახმად მოთამაშეს ორგანიზაციის ბიუროში შეაქვს თანხა (რომელიც მხოლოდ მითითებულ ვარიანტში შეტანილი პროგნოზის ან პროგნოზების ვერ გამოცნობის შემთხვევაში გადადის ორგანიზაციის საკუთრებაში) და მიუთითებს ერთ ან რამდენიმე პროგნოზს მოქმედი წესების შესაბამისად.

 

ერთჯერადი ხელშეკრულების დამადასტურებელი საბუთია ბილეთი, რომელიც მოთამაშეს ეძლევა ბიუროს მიერ მიღებული თანხის სანაცვლოდ. მოთამაშის მიერ ორგანიზაციის ბიუროში თანხის შეტანა და შესაბამისი ბილეთის მიღება არის ფსონის ხელშეკრულების გაფორმების დამადასტურებელი ფაქტი.

 

ინტერნეტ ტოტალიზატორის გათამაშების წესებით გათვალისწინებულია მოთამაშის ვალდებულება რეგისტრაციის გავლამდე და ფსონის დადებამდე ინტერნეტ ტოტალიზატორის გათამაშების წესების გაცნობის შესახებ. აღნიშნული წესების მიხედვით მოთამაშის მიერ რეგისტრაციის გავლა და ფსონის დადება კომპანიის მიერ დადგენილი გათამაშების წესების მიმართ თანხმობას ნიშნავს .

 

რეგლამენტით გათვალისწინებულია ასევე იმ გვერდების ჩამონათვალი, რომლითაც ტოტალიზატორი სარგებლობს, აღსანიშნავია, რომ ესპანეთი ლა ლიგა, ესპანეთის სამეფო თასის და ესპანეთის სუპერთასის შემთხვევაში ასეთად გათვალისწინებულია .

განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ ი----- ფ----------ის მიერ სადავო ბილეთში მითითებული 5 სხვადასხვა თამაშიდან ერთ-ერთს, რომელშიც განხორციელებული კარში დარტყმების რაოდენობა სადავოდაა გამხდარი წინამდებარე დავის ფარგლებში ესპანურ გუნდებს შორის რეალ მადრიდი - ბეტის სევილიას წინააღმდეგ თამაშს წარმოადგენდა. ამდენად, ტოტალიზატორს რეგლამენტით გათვალისწინებული წესების საფუძველზე მითითებული გუნდებს შორის თამაშის შედეგებთან მიმართებით ვებ-გვერდზე: გამოქვეყნებული მონაცემებით უნდა ეხელმძღვანელა/ესარგებლა. უდავოა, რომ დასახელებულ ვებ-გვერდზე: გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით ბილეთში მითითებულ ერთ-ერთ თამაშში, რომელიც რეალ მადრიდს და ბეთის სევილიას შორის გაიმართა კარში დარტყების რაოდენობამ 11 შეადგინა. ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ მოსარჩელე/აპელანტი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად იმ გარემოებაზე უთითებდა, რომ რეალ მადრიდი - ბეთის სევილიას წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში კარში დარტყმა 16 ჯერ მოხდა, ამასთან, მისთვის სასამართლოში საქმის განხილვამდე ცნობილი არ ყოფილა რეგლამენტის შესახებ, კერძოდ კი, მასზედ, რომ თამაშების მომწყობი თამაშის შედეგების განსაზღვრას რეგლამენტში მითითებული წესების მიხედვით მოახდენდა. აპელანტის აღნიშნულ მსჯელობასთან მიმართებით სააპელაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს სსკ-ის 327-ე მუხლის შინაარსზე, რომლის მიხედვითაც კანონმდბელი ხელშეკრულებას დადებულად მიიჩნევს, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. პალატა შენიშნავს, რომ როგორც წესი, ხელშეკრულება მინიმუმ ორი მხარის ნებათა თანხვედრის ლოგიკურ შედეგს წარმოადგენს. შესაბამისად, ხელშეკრულება დადებულად მიიჩნევა, თუ ხელშეკრულების მონაწილე მხარეები ურთიერთმბოჭავ პირობებს ეთანხმებიან და ერთმანეთის წინაშე კისრულობენ გარკვეულ ვალდებულებებს და იძენენ უფლებებს. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ორმხრივი გარიგება, რომელიც ი----- ფ-----------ს და შ-- ,,ჩ---------- 1---ს’’ შორის ი----- ფ----------ის მიერ ვებ-გვერდზე რეგისტრაციით, 20.09.2017 წელს ფსონის დადებით და გათამაშებაში მონაწილებიის მიღებით დაიდო. ამ მოქმედებით კი ი----- ფ----------- მასსა და შ-- ,,ჩ---------- 1---ს’’ შორის დასადები გარიგების პირობებს დაეთანხმა, რომელიც თავის მხრივ რეგლამენტის სახით განთავსებული იყო ინტერნეტ ტოტალიზატორის ვებ-გვერდზე და მოთამაშეს მასში მითითებული წესების შესაბამისად თამაშის შესახებ აფრთხილებდა.

 

ამდენად, ინტერნეტ ტოტალიზატორის ვებ-გვერდზე ი----- ფ----------ის რეგისტრაციის, ამ უკანასკნელის მიერ 20.09.2017 წელს ფსონის დადების, ასევე იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ ფსონის დადების დროს მოქმედი რეგლამეტის მიხედვით გათამაშების მომწყობის უფლებას მასში მითითებულ ვებ-გვერდებზე გამოქვეყნებული ინფორმაციით სარგებლობა წარმოადგენდა, სააპელაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს ფაქტს მასზედ, რომ მოპასუხე საზოგადოების უფლებას წარმოადგენდა ბილეთში მითითებული თამაშის - რეალ მადრიდი - ბეთის სევილიას წინააღმდეგ თამაშის შედეგების დადგენისას რეგლამენტში მითითებულ ვებ-გვედზე: გამოქვეყნებული მონაცემებით ეხელმძღვანელა.

 

გარდა აღნიშნულისა სააპელაციო პალატა აქვე ხაზგასმით შენიშნავს, რომ მითითებული ვებ-გვედის http://w-------------- ის მიერ (დასახელებულ თამაშის მონაცემებთან დაკავშირებით) კარში დარტყმებთან მიმართებაში გამოქვეყნებული ინფორმაციის საწინააღმდეგოდ (რომელზე მითითებითაც იხელმძღვანელა მოპასუხე მხარემ და უარი უთხრა მოსარჩელეს მოგების გაცემაზე) მოსარჩელეს სხვა რომელიმე ვებ გვერდის საწინააღმდეგო მოანაცემებიც არ აქვს წარმოდგენილი იმის საილუსტრაციოდ, რომ ამ ვებ გვერდის (http://w-------------) მონაცემები არ იყო სწორი და რომ კარში დარტყმა განხორციელდა არა 11-ჯერ არამედ 16-ჯერ (ან 13-ჯერ.), რაც უკვე მოპასუხე მხარეს წარმოუშობდა მოსარჩელის სასარგებლოდ მოგების გაცემის ვალდებულებას. მოსარჩელის ის პოზიცია, რომ თავად ამ თამაშის ვიდეოჩანაწერიდან ირკვევა, რომ კარში დარტყმა განხორციელდა არა 11-ჯერ არამედ 13-ჯერ და მეტჯერ, არ არის საკმარისი, მისი პოზიციის გასაზიარებლად, ვინაიდან იმის სწორად განსაზღვრა, თუ რამდენჯერ განხორციელდა მოცემულ თამაშში კარში დარტყმა საჭიროებდა შესაბამისი სპეციალისტის შეფასებას მაინც, რომლის გარეშეც სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას ზუსტად განსაზღვროს თუ რამდენჯერ განხორციელდა ამ თამაშში კარში დარტყმა.

 

საბოლოოდ, იმ პირობებში, როდესაც უდავოა, რომ მითითებულ ვებ-გვერდზე ბილეთში მითითებულ თმაშში რეალ მადრიდი - ბეთის სევილიას წინააღმდეგ 11 კარში დარტყმა გამოქვეყნდა, უდავოა, რომ მოსარჩელის მოგების წინაპირობას სხვა თამაშების შედეგებთან ერთად რეალ მადრიდი - ბეთის სევილიას წინააღმდეგ თამაშში 12.5 კარში დარტყმა წარმოადგენდა სააპელაციო სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ ი----- ფ----------ის მიერ ინტერნეტ ტოტალიზატორის ვებ-გვერდზე 20.09.2017 წელს დადებულ ბილეთს არ მოუგია.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფლდა სსსკ-ის 53-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახ. ბაჟი უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება. შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ი----- ფ----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქაალქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე /ვანო წიკლაური /