განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 17.05.2019
საქმის ნომერი
330310019002854817
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
17.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310019002854817

საქმე №3ბ/975-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

I შ ე ს ა ვ ა ლ ი

 

17 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე- მანანა ჩოხელი

 

აპელანტი - სსიპ სოციალურის მომსახურების სააგენტო

 

მოწინააღმდეგე მხარე - თ---------- ქ-----ე

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელების დვალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება

 

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

 

II ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელეს, საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით, უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

2. მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია:

 

თ---------- ქ-----ეს სააპელაციო შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თ---------- ქ-----ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის 2019 წლის 4----------–------------- გადაწყვეტილება; დაევალა მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალი ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოსარჩელე - თ---------- ქ-----ეს 2019 წლის 1----------–-დან დაენიშნა სახელმწიფო გასაცემელი (სოციალური პაკეტი) და ამავე პერიოდიდან აუნაზღაურდეს მიუღებელი სახელმწიფო გასაცემლის (სოციალური პაკეტი) თანხა. მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა წარმომადგენლის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯი 100 (ასი) ლარის ოდენობით;

 

3.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

თ---------- ქ-----ე დაიბადა 1----–-–-----------ს.

 

თ---------- ქ-----ე იღებდა პენსიას 14 ლარის ოდენობით, 1----–-–-------------დან, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსით. მან რეგისტრაცია გაიარა 2----–-–----------------ს.

 

თ---------- ქ-----ეს 2013 წლის 1-------------ან შეუწყდა სახელმწიფო გასაცემლის მიღება.

 

თ---------- ქ-----ემ 2019 წლის 3---------------- განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ტერიტორიულ ერთეულს და მიოითხოვა სოციალური პაკეტის დანიშვნა.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ტერიტორიული ერთეულის მიერ 2019 წლის 4-----------–ს გამოიცა N9-------- გადაწყვეტილება სოციალური პაკეტის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილების თანახმად, თ---------- ქ-----ეს ვერ დაენიშნებოდა სოციალური პაკეტი, ვინაიდან იგი ეწეოდა საჯარო საქმიანობას (დასაქმებული იყო სახელწმიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ ,,დ--–---ში“).

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის უფლებამოსილი პირის მიერ 2019 წლის 1-----------–ს №0----------- წერილის თანახმად, მოქალაქე თ---------- ქ-----ეს მისი 2019 წლის 3--------ის №9--- განცხადების პასუხად ეცნობა, რომ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის N279 დადგენილებით დამტკიცებული ,,სოციალური პაკეტის გაცემის წესის და პირობების’’ შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, გასაცემლის მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. კერძოდ, სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრი „დ--–---“ არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მიეკუთვნება საბიუჯეტო ორგანიზაციას. აქედან გამომდინარე სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნის უფლებას თ---------- ქ-----ე ვერ მოიპოვებდა.

 

სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დ--–---ს“ მიერ 2019 წლის 3---------ს გაცემული N--- ცნობის თანახმად, თ---------- ქ-----ე მუშაობს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დ--–---ში“, I----–------–----------–---------–-----.

 

3.3 დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

 

სასამართლომ განმარტა, რომ კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა, როგორიცაა სახელმწიფო გასაცემლის (სოციალური პაკეტის) დანიშვნა კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობისას. ამასთან, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, თუ შეთანხმებებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ კონსტიტუციით აღიარებული და გარანტირებული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.

 

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და

უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.

 

სასამართლომ მიუთითა ევროპის სოციალური ქარტიის მე-12 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა. შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ევროპის სოციალური უზრუნველყოფის კოდექსის რატიფიკაციისათვის აუცილებელ დონეს. მიიღონ ზომები სოციალური უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესების მიზნით.

 

„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტის მე-9 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე, სოციალური დაზღვევის ჩათვლით.

 

,,სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისი №279 დადგენილების თანახმად, სოციალური პაკეტის გაცემის წესი და პირობები განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური პაკეტის მხოლოდ ფულადი გასაცემლის (შემდგომში – სოციალური პაკეტი) მოცულობას, მიმღებ პირთა წრეს, დანიშვნისა და გაცემის წესსა და პირობებს, რაც გულისხმობს სოციალური პაკეტის დანიშვნა-გაცემისათვის საჭირო მთელი ორგანიზაციული ციკლის რეგულირებას, ადგენს ადმინისტრირების ორგანოს, არეგულირებს სოციალური პაკეტის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. ეს წესი ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებზე, აგრეთვე სოციალური პაკეტის დანიშვნის თაობაზე განცხადების შეტანის მომენტისათვის ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერ საფუძველზე მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე.

 

აღნიშნული დადგენილების მე-3 მუხლით განმარტებულია კომპეტენტური ორგანოს ცნება. კერძოდ, სოციალური პაკეტის ადმინისტრირების ორგანოა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომლის უფლება-მოვალეობებია: სოციალური პაკეტის დანიშვნა, მისი გაცემის ორგანიზება, შეჩერება, განახლება, შეწყვეტა და გადაანგარიშება; სოციალური პაკეტის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირება.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კანონისმიერ ვალდებულებას წარმოადგენს სოციალური პაკეტის დანიშვნა, მისი გაცემა, ორგანიზება, შეჩერება, განახლება, შეწყვეტასთან დაკავშირებული და სხვა ურთიერთობების რეგულირება.

 

,,სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისი №279 დადგენილების მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრულია იმ პირთა წრე, რომელთაც სოციალური პაკეტი ენიშნებათ (მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, კატეგორიების მიხედვით).

 

საქმის მასალების თანახმად, თ---------- ქ-----ე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსით (წარმოდგენილი საპენსიო მოწმობის მიხედვით, ინვალიდობის მეორე ჯგუფის საფუძვლით) 1----–-–-------------დან იღებდა პენსიას, 14 ლარის ოდენობით. მან რეგისტრაცია გაიარა 2----–-–----------------ს. სარჩელში მითითებული გარემოების შესაბამისად, თ---------- ქ-----ეს 2013 წლის 1-------------ან შეუწყდა სახელმწიფო გასაცემლის მიღება.

 

,,სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის N279 დადგენილების მე-7 მუხლის თანახმად, სოციალური პაკეტის დანიშვნის თაობაზე განცხადება, ყველა საჭირო დოკუმენტთან (ყველა კატეგორიის სოციალური პაკეტის დანიშვნისათვის – მაძიებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო სოციალური პაკეტის დანიშვნის შემთხვევაში – შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი) ერთად წარედგინება სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს, მიუხედავად მაძიებლის რეგისტრაციის ადგილისა. ამავე დადგენილების მე-8 მუხლის თანახმად, სოციალური პაკეტის დანიშვნის თაობაზე განცხადებას სააგენტო იხილავს და გადაწყვეტილებას სოციალური პაკეტის დანიშვნის/არდანიშვნის თაობაზე იღებს განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადაში. განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება წარდგენილია სოციალურ პაკეტზე უფლების წარმოშობის თვეს ან ამ საფუძვლის წარმოშობიდან ნებისმიერ დროს.

 

საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ თ---------- ქ-----ემ 2019 წლის 3---------------- განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი- სამგორის ტერიტორიულ ერთეულს და მოითხოვა სოციალური პაკეტის დანიშვნა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ტერიტორიული ერთეულის მიერ 2019 წლის 4-----------–ს გამოიცა N9-------- გადაწყვეტილება სოციალური პაკეტის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილების თანახმად, თ---------- ქ-----ეს ვერ დაენიშნებოდა სოციალური პაკეტი, ვინაიდან იგი ეწეოდა საჯარო საქმიანობას (დასაქმებული იყო სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ ,,დ--–---ში“).

 

,,სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის N279 დადგენილების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, სოციალური პაკეტის მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, გარდა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა.

 

მითითებული დადგენილების მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო საქმიანობა – სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა აგრეთვე სამხედრო სარეზერვო სამსახურში განხორციელებული საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, ადმინისტრირების ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

 

საქმის მასალების თანახმად, თ---------- ქ-----ე მუშაობს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დ--–---ში“, II საწარმოში, ზეინკალის პოზიციაზე.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებაზე (საქმის ნომერი: ბს-77-75 (კ-15)), სადაც საკასაციო სასამართლომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დ--–---“ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებად მიიჩნია, კერძოდ, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დ--–---“-ს საქმიანობის მიმართულებით, მისი მიზნებით, ამოცანებით, ფუნქციებითა და თავად ცენტრის შექმნის საფუძვლებით უდავოდ დგინდება ცენტრის საქმიანობის სამეცნიერო-კვლევითი ხასიათი, ხოლო დაწესებულების სახელწოდება - სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დ--–---“ კიდევ ერთხელ ადასტურებს მისი საქმიანობის მთავარ მიმართულებას.

 

ამდენად, საკასაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დ--–---“, სადაც მოსარჩელე თ---------- ქ-----ე მუშაობს სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას წარმოადგენს.

 

,,სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის N279 დადგენილების მე-2 მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონმდებელმა საჯარო საქმიანობად არ მიიჩნია სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში საქმიანობა განურჩევლად საქმიანობის შინაარსისა, რათა სტიმული მიეცა და წაეხალისებინა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, რომლის ორგანიზებასაც შესაბამისი დაწესებულება უზრუნველყოფს და რომელიც მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და საზოგადოებისათვის. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში დასაქმებულთათვის შესაბამისი საკანონმდებლო გამონაკლისების გათვალისწინება იმისათვის, რომ ისინი არ დაბრკოლდნენ და მოტივირებულნი იყვნენ სამეცნიერო- კვლევით დაწესებულებაში საქმიანობასთან დაკავშირებით და ამ გზით ხელი შეუწყონ სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების ჯეროვნად განხორციელებას. შესაბამისად, სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში, დასაქმებულთათვის სოციალური პაკეტის მიღების უფლებასთან დაკავშირებული საკანომდებლო გამონაკლისის დადგენა ემსახურება სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ინტერესებსა და მიზნების ხელშეწყობას.

 

ამრიგად, გამომდინარე იქედან, რომ მოსარჩელე თ---------- ქ-----ე საქმიანობს სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში - სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დ--–---ში“, მისი საქმიანობა არ ჩაითვლება საჯარო საქმიანობად, მას კანონის შესაბამისად არ შეუწყდება უფლება, მიიღოს სოციალური პაკეტი კანონით დადგენილი წესით და ოდენობით. შესაბამისად, მისთვის სოციალური პაკეტის მიღებაზე უარი ეწინააღმდეგება კანონს.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვით კონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებსა და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს თუ რატომ, რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება. გარდა ამისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით და მან შეძლოს, იცოდეს რა არგუმენტებით დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობებში მოქალაქის მიმართ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით უნდა პასუხობდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტისათვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით, კერძოდ, 51-ე და 52-ე მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ხოლო მისი გამოცემა უნდა მოხდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე. აღსანიშნავია, რომ სწორედ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი.

 

ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის 2019 წლის4----------–------------- გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც თ---------- ქ-----ეს 2019 წლის 1----------–-დან დაენიშნება სახელმწიფო გასაცემელი (სოციალური პაკეტი) კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს უნდა დაევალოს თ---------- ქ-----ის სასარგებლოდ 2019 წლის 1----------–-დან მიუღებელი სახელმწიფო გასაცემლის (სოციალური პაკეტი) თანხის ანაზღაურება.

 

4. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტი მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 12 სექტემბრის №2/3/540 გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, ზოგადად ამოწურვადი რესურსები, მათ შორის სახელმწიფო სახსრების დაზოგვა წარმოადგენს მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზანს, სადაც სახელმწიფო სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით, საკუთარი შეხედულებით მოახდინოს ამ სახსრების განკარგვა. ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებითაც, ამოწურვადი სახელმწიფო რესურსები, როგორიცაა სახელმწიფო ბიუჯეტი, უნდა მოხმარდეს სახელმწიფოს დისკრეციული უფლებამოსილებით ადამიანის უფლებათა გარკვეულ დაკმაყოფილებას. ასევე არსებული კონსტიტუციონალისტების შეხედულებით, არ ითვლება დისკრიმინაციად ის განსხვავებული მოპყრობა, რომელიც ეფუძნება, არსებითად განსხვავებული ფაქტობრივი გარემოებების ობიექტურ შეფასებას, ითვალისწინებს საჯარო ინტერესს და ამყარებს სამართლიან ბალანსს საზოგადოების საერთო ინტერესსა და ინდივიდის უფლებებს შორის. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მკვეთრი ხაზი გაავლო ნებადართულ განსხვავებულ მოპყრობასა და უკანონო დისკრიმინაციას შორის. ევროპული სასამართლოს განმარტებით, განსხვავებული მოპყრობა უნდა ემსახურებოდიეს კანონიერ მიზანს და უნდა არსებობდეს გონივრული პროპორციული ურთიერთმიმართება განსხვავებულ მოპყრობასა და დასახულ კანონიერ მიზნებს შორის.

 

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას და საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.

 

საქალაქო სასამართლოს მითითება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილებაზე (საქმის ნომერი ბს-77-75 (კ-15) სადაც უზენაესმა სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე "სსიპ - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი დ--–---, საქმიანობის მიმართულებით, მისი მიზნებით... დაადგინა, რომ "ცენტრის საქმიანობის სამეცნიერო-კვლევითი ხასიათი" და აღნიშნულის შესაბამისად სამოქალაქო საპროცესოს 266-ე მუხლის მიხედვით დ--–---ს საქმიანობის პროფილი, დაუსაბუთებელია, რადგან სასამართლოს აღნიშნული განმარტება წარმოადგენს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ამ გადაწყვეტილების პრეიდიციული ძალის, არასწორი შეფასებას, რადგან პეიუდიცია იგივე მხარეებზე ვრცელდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106 მუხლის "ბ" ქვეპუნქტის და 266-ე მუხლის შესაბამისად.

 

საქართველოს ორგანული კანონის "საერთო სასამართლოების შესახებ" მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად მხოლოდ "უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის სამართლებრივი შეფასება (ნორმის განმარტება) სავალდებულოა ყველა ინსტანციის საერთო სასამართლოებისათვის. საქმის საკასაციო წესით განმხილველი სასამართლო მოტივირებული განჩინებით საქმეს განსახილველად გადასცემს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას, თუ საკასაციო პალატა არ იზიარებს დიდი პალატის მიერ ადრე ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებას (ნორმის განმარტებას)."

 

შესაბამისად თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, არც ჰქონდა სამართლებრივი ვალდებულება, უპირობოდ გაეზიარებინათ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილება №ბს-77-75(კ-15) მიმდინარე ადმინისტრაციულ დავასთან დაკავშირებით.

 

საქართველოს კანონის "მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ" მოთხოვნათა შესაბამისად სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას ახორციელებს მეცნიერი, რომელიც უფლებამოსილია: განახორციელოს სამეცნიერო კვლევა, დამოუკიდებლად განსაზღვროს სამეცნიერო კვლევის შინაარსი, კვლევის მეთოდები და საშუალებები; ასევე საქართველოს კანონი "უმაღლესი განათლების შესახებ" განსაზღვრავს მეცნიერის ცნებას, კერძოდ - მეცნიერი არის – დამოუკიდებელი სამეცნიერო - კვლევითი ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის მქონე პირი, რომელიც ახორციელებს სამეცნიერო - კვლევით საქმიანობას და რომელსაც უფლება აქვს , მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში და უხელმძღვანელოს სტუდენტების სამეცნიერო - კვლევით მუშაობას, აღნიშნულის შესაბამისად "მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ" კანონის მიხედვით სსიპ - სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება არის ის ერთეული, რომელიც იქმნება, გარდაიქმნება და საქმიანობას წყვეტს საქართველოს მთავრობის დადგენილებით, დაწესებულების საქმიანობის წესი განისაზღვრება დაწესებულების წესდებით, რომელსაც ამტკიცებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო და დაწესებულება. ასევე მისი სამართლებრივი ფორმის მიუხედავად, დაწესებულება ვალდებულია საქმიანობის წლიური სამეცნიერო ანგარიში განსახილველად წარუდგინოს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას, ასევე გასათვალისწინებელია რომ სამეცნიერო კვლევა შემოქმედებითი საქმიანობის ფორმაა, რასაც აუცილებლად უნდა ახორციელებდეს დაწესებულებაში მყოფი თანამშრომელი, რომ იგი ჩაითვალოს სამეცნიერო-კვლევის განმახორციელებლად და ასევე დაწესებულების საქმიანობის პროფილსაც უნდა წარმოადგენდეს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, რაც კანონის შესაბამისად აუცილებლად უნდა იყოს გაწერილი მის საქმიანობის წესში - წესდებაში.

 

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 მაისის №394 ბრძანებულების მიხედვით: საქართველოს პრეზიდენტის გამგებლობაში მყოფ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დ--–---ს“ და მის შემადგენლობაში მყოფ ავტომატური სისტემების სამეცნიერო-კველვით ინსტიტუტ „სხივის“ ბაზაზე, პროფილის შენარჩუნებით, შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი ,,დ--–---“. თუმცა არც აღნიშნულ ბრძანებულებაშია ჩანაწერი უშუალოდ დ--–---ს, როგორც მაკოორდინირებელი ცენტრის სამეცნიერო–კვლევითი დაწესებულების ბუნების შესახებ.

 

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 08 აპრილის №264 დადგენილების მიხედვით: საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დ--–---ს“ (შემდგომში ცენტრი) უფლებამოსილება განისაზღვრება ცენტრის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი და საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იღებს ვალდებულებას უზრუნველეყო ცენტრის შექმნასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

 

ამავე დადგენილების მიხედვით: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ამ დადგენილების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოფდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დ--–---ს“ დებულების დამტკიცებას, რომლის სახელმწიფო კონტროლსაც დაექვემდებარებიან შემდეგი საჯარო სამართლის იურიდიული პირები: ა) ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტი; ბ) რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტი; გ) მიკრო და ნანო ელექტრონიკის ინსტიტუტი; დ) გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი; ე) სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი; ვ) ინსტიტუტი „ოპტიკა“.

 

შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 25 აგვისტოს №25 ბრძანებით, დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დ--–---ს“ დებულება.

 

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრი „დ--–---“ (შემდგომში – ცენტრი) წარმოადგენს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომლის სრული სახელწოდებაა: საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დ--–---“. ცენტრი წარმოადგენს სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებულ ორგანიზაციას. ცენტრის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, საქართველოს კანონები, კანონქვემდებარე აქტები და წინამდებარე დებულება.

 

ამავე წესდების მიხედვით: ცენტრთან შექმნილია შემდეგი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები – საჯარო სამართლის იურიდიული პირები (შემდგომ – სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება): ა) ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტი; ბ) რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტი; გ) მიკრო და ნანო ელექტრონიკის ინსტიტუტი; დ) გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი; ე) სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი; ვ) ინსტიტუტი „ოპტიკა‘‘.

 

შესაბამისად არც აღნიშნულ მინისტრის ბრძანებაში, ასევე საქართველოს არც ერთ საკანონმდებლო აქტში, არ არსებობს მითითება ან სამართლებრივი განმარტება, რომ სსიპ- სსსტც დ--–--- - უშუალოდ წარმოადგენს სამეცნიერო- კვლევით, დაწესებულებას, სამეცნიერო-კვლევით ადმინისტრაციულ ორგანოს.

 

საჯარო სამართალში მოქმედებს პრინციპი, ყველაფერი აკრძალულია რაც კანონით ნებადართული არ არის, შესაბამისად თუ ადმინისტრაციულ ორგანოს არ აქვს მინიჭებული გარკვეული უფლებამოსილება, მისი მხრიდან საქმიანობის განხორციელება ჩაითვლება, როგორც უფლებამოსილების გადამეტება.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორის აღნიშვნით დაუსაბუთებელია და უსაფუძვლო სსიპ -სსსტ ცენტრ "დ--–---ს" სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათ მიჩნევა, რადგან ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება როგორც აღვნიშნე არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება და მას აღნიშნული უფლებამოსილება მინიჭებული უნდა ჰქონდეს საქართველოს საკანონმდებლო ან სამართლებრივი აქტით, ვინაიდან საჯარო სამართალში არ მოქმედებს პრინციპი, კერძო სამართლისგან განსხვავებით, რომ "ყველაფერი ნებადართულია, რაც კანონით არ არის აკრძალული" და შესაბამისად საჯარო სამართლის პრინციპებიდან გამომდინარე, უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს და უშუალოდ ცენტრ "დ--–---ს" , როგორც აღვნიშნე მოქმედი კანონმდებლობა უნდა ანიჭებდეს შესაბამისი უფლებამოსილებას.

 

საქართველოს კანონის სახელმწიფო პენსიის შესახებ მოთხოვნათა მიხედვით დარეგულირებულია პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველი, პენსიის ადმინისტრირების ორგანო, დადგენილია პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტის და პენსიის მიღების ზოგადი პრინციპები.

 

ასევე ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა - საჯარო საქმიანობა ანუ საჯარო სამსახურში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში გარდა ... სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა.... განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა.

 

ამავე კანონის მიხედვით: პენსია (მხოლოდ ფულადი სარგებელი) შეწყდება საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ ამ პუნქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული: - საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში.

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) შრომით საქმიანობას ეწევა უშუალოდ სსიპ- სსსტ ცენტრ დ--–----ში, რაც წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში განხორციელებულ საქმიანობას.

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საჯარო სამართლის იურიდიულ პირს აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია განახორციელოს შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან/და თავისი წესდებით (დებულებით) გათვალისწინებული საქმიანობა, თუ შესაბამისი კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

 

თუ საჯარო სამართლის იურიდიული პირი დაფუძნებულია სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით, მისი წესდება (დებულება) უნდა შეესაბამებოდეს იმ კანონის მოთხოვნებს, რომლის საფუძველზედაც ადმინისტრაციული აქტი იქნა მიღებული და საჯარო სამართლის იურიდიული პირი, როგორც ამ კანონით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობათა სუბიექტი, წარმოიშობა და იურიდიული პირის სტატუსს იძენს წესდების (დებულების) დამტკიცებისა და იურიდიული პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნიდან (არჩევიდან).

 

აპელანტი არ ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას ბაჟის ნაწილში, ვინაიდან წარმოადგენს სასამართლოსგარეშე ხარჯებს.

 

III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

5.1. ფაქტობრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც და უთითებს მათზე.

 

5.2. სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, სააპელაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს: პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში.

 

რამდენადაც მოსარჩელე წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დ--–---“-ში მომუშავე პირს, წინამდებარე დავის არსებითად სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია განისაზღვროს, წარმოადგენს თუ არა სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დ--–---ში“ საქმიანობა - საჯარო უფლებამოსილების განხორციელებას, რაც, კანონის ზემოაღნიშნული მუხლის საფუძველზე, გამორიცხავს სახელმწიფო პენსიის გაცემის შესაძლებლობას.

 

„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის რა ჩაითვლება საჯარო საქმიანობის განხორციელებად, განსაზღვრავს ამავე კანონის მე-4 მუხლი. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 4.1 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო საქმიანობა – სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა), განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;

 

საყურადღებოა, რომ ზემოაღნიშნული მუხლის საფუძველზე, საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა სამეცნიერო - კვლევით დაწესებულებაში საქმიანობა. სააპელაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი სასამართლოს მოსაზრებას და თვლის, რომ სამეცნიერო - კვლევით დაწესებულებაში დასაქმებულთათვის შესაბამისი საკანონმდებლო გამონაკლისების გათვალისწინება მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მოხდეს მათი მოტივირება და საპენსიო უზრუნველყოფის შენარჩუნების გზით, აღნიშნული კატეგორიის პირთა შესაძლებლობებისა და რესურსების გამოყენება. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში დასაქმებულთათვის, განურჩევლად მათი საქმიანობის შინაარსისა, სახელმწიფო პენსიის მიღების უფლებასთან დაკავშირებული საკანომდებლო გამონაკლისის დადგენა ემსახურება სამეცნიერო - კვლევითი დაწესებულების ინტერესებს.

 

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რამდენადაც ნებისმიერი სახელმწიფო გასაცემელი უკავშირდება საბიუჯეტო სახსრების განკარგვის საკითხს, ბუნებრივია კანონმდებლის მიზანი, საბიუჯეტო თანხების ხარჯვასთან დაკავშირებით დაწესდეს სპეციალური შეზღუდვები. თუმცა, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საკითხის შეფასების პროცესში არანაკლებ პრინციპულია დადგინდეს, რას წარმოადგენს სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დ--–---ს“ შემოსავლის წყარო და არის თუ არა „დ--–---“ ბიუჯეტზე დამოკიდებული დაწესებულება. „დ--–---ს“ დებულების შესაბამისად, მისი შემოსავლის წყაროა: სახელმწიფო შეკვეთის შესრულების შედეგად მიღებული შემოსავლები; გრანტების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავლები; ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული შემოსულობები; საქველმოქმედო შემოწირულობები და კანონით ნებადართული სხვა შემოსავლები. რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ თანხებს, აღნიშნული, „დ--–---ს“ დებულების 24-ე მუხლის შესაბამისად, შემოიფარგლება მხოლოდ მიზნობრივი სახსრებით.

 

სააპელაციო სასამართლო არ უარყოფს იმ მოსაზრების მართებულობას რაც უკავშირდება გადაწყვეტილებისათვის პრეუდიციული მნიშვნელობის მინიჭების შეზღუდვას, თუმცა, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებაზე (საქმის ნომერი: ბს-77-75 (კ-15)) მითითების მიზანს წარმოადგენს არა ამ გადაწყვეტილების პრეუდიციაზე ხაზგასმა, არამედ ანალოგიურ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის წარმოჩენა. სააპელაციო სასამართლო, თავის მხრივ, კვლავაც მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე, რომელშიც საკასაციო სასამართლომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დ--–---“ მიიჩნია სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებად და განმარტა, რომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დ--–---“-ს საქმიანობის მიმართულებით, მისი მიზნებით, ამოცანებით, ფუნქციებითა და თავად ცენტრის შექმნის საფუძვლებით უდავოდ დგინდება ცენტრის საქმიანობის სამეცნიერო-კვლევითი ხასიათი, ხოლო დაწესებულების სახელწოდება - სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დ--–---“ კიდევ ერთხელ ადასტურებს მისი საქმიანობის მთავარ მიმართულებას.

 

რაც შეეხება განჩინების დასაბუთებას დანარჩენ ნაწილში, სააპელაციო სასამართლო იყენებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლით მისთვის მინიჭებულ შესაძლებლობას და, რამდენადაც სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს, დასაბუთების თვალსაზრისით შემოიფარგლება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილზე მითითებით.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზი და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შეფასება, სააპელაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ მოსარჩელის საქმიანობა არ ჩაითვლება საჯარო საქმიანობად და მას აქვს უფლება მიიღოს სახელმწიფო პენსია კანონით დადგენილი წესით და ოდენობით, რაც ქმნის გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველს.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას იმ ნაწილშიც, რომლითაც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა წარმომადგენლის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯი 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.

 

პალატა ზემოაღნიშნულთან დაკავშირებთ აპელანტს მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით

 

მოსარჩელე - თ---------- ქ-----ის წარმომადგენლის მიერ სარჩელთან ერთად წარმოდგენილია 2019 წლის 3--------ის სალაროს შემოსავლის ორდერი N4/21089, რომლის თანახმად, იურიდიული მომსახურებისათვის მოსარჩელეს გადახდილი აქვს 200 (ორასი) ლარი(იხ.ს.ფ.19).

 

პალატა მიუთითებს, რომ ხარჯების ანაზღაურება უნდა დაეკისროს მეორე მხარეს მხოლოდ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული იმ მიზნით, რომ აღკვეთილიყო უფლების დარღვევა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“).

 

ამდენად, სასამართლომ ხარჯების განსაზღვრისას უნდა მოახდინოს მხარის სამართლიანი დაკმაყოფილება. სასამართლომ ადვოკატის მომსახურების ღირებულების განსაზღვრისას მხედველობაში უნდა მიიღოს იძულებითი განაცდურის ოდენობა, საქმის სირთულე, უფლების დარღვევის აღსაკვეთად წარმომადგენლობითი ფუნქციის განხორციელების ინტენსივობა, ხანგრძლივობა, ინსტანციურობა და სხვ.. შესაბამისად, დავის საგნის ღირებულებისა და კანონით განსაზღვრული ზღვრული პროცენტული ნიხრის გათვალისწინებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დააკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ წარმომადგენლის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯი 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.

 

6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

პალატა მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.

 

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლების შესაბამისად, მხარეები განთავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამდენად, არ არსებობს წანამძღვრები მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.

 

IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 386-ე, 390-391-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა);

 

მოსამართლე: მანანა ჩოხელი