განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 11.07.2019
საქმის ნომერი
330310018002740665
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე, დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
11.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3ბ/1253-19

N330310018002740665

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

11 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი) ხატია არდაზიშვილი

მოსამართლეები - მანანა ჩოხელი

მირანდა ერემაძე

 

აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შ--–---------–---–ი

 

მესამე პირი - თ---–---------------------–-----------------ი „ა-----“

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ დაკმაყოფილდეს

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით შ--–---------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 12 ნოემბრის №M---------------- გადაწყვეტილება შ--–---------–---–ის სახელზე გაცემული ბაკალავრის T---------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ; დაევალა მოპასუხეს - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შ--–---------–---–ის სახელზე გაცემული ბაკალავრის T---------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე.

 

1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

1.2.1. თ---–---------------------–-----------------ის „ა-----ს“ 2004 წლის 31 აგვისტოს N- ბრძანებით 2004-2005 სასწავლო წელს პირველ კურსზე ჩაირიცხა შ--–---------–---–ი.

 

თ---–---------------------–-----------------ის „ა-----ს“ 2005-2007 წლის ბრძანებებით შ--–---------–---–ი გადაყვანილ იქნა კურსიდან კურსზე.

 

თ---–---------------------–-----------------ის „ა-----ს“ 2008 წლის 3 ივნისის N- ბრძანებით შ--–---------–---–ი დაშვებულ იქნა 2007-2008 წლის საკვალიფიკაციო გამოცდებზე.

 

თ---–---------------------–-----------------ის „ა-----ს“ იურიდიული ფაკულტეტის 2008 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით შ--–---------–---–ს მიენიჭა იურისტის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და გაიცა T---------- დიპლომი (ს.ფ. 20-23; 31).

 

1.2.2. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 4 თებერვლის N2------- გადაწყვეტილებით შპს თ---–---------------------–---------------- „ა-----ს“ მიენიჭა აკრედიტაცია. აკრედიტაციის ვადად განისაზღვრა უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მომდევნო აკრედიტაციის დასრულებამდე (ს.ფ. 102).

 

1.2.3. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 11 დეკემბრის №M---------------- გადაწყვეტილებით შ--–---------–---–ს უარი ეთვა კუთვნილი დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე.

 

აღნიშნული გადაწყვეტილებით ცენტრმა მიიჩნია, რომ შპს თ---–---------------------–-----------------ი „ა-----ს“ მიერ 1992 წლის 15 სექტემბრიდან 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე განხორციელებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები აღიარებულია სახელმწიფოს მიერ, ხოლო 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებიდან 2014 წლის ჩათვლით მის მიერ განხორციელებული უმაღელსი საგანმანათლებლო პროგრამები არ იყო აღიარებული სახელმწიფოს მიერ (ს.ფ. 106-110).

 

1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

1.3.1. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ ფარგლებში. საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას ან კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტის მიმართ.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით თუ შეთანხმებებით გარანტირებული ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ ზემოთ აღნიშნული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის შესაბამისად, არავის არ შეიძლება ეთქვას უარი განათლების მიღებაზე სახელმწიფოს ნებისმიერი ფუნქციების შესრულების დროს, რომელსაც იგი თავის თავზე იღებს განათლებისა და სწავლების დარგში, პატივს სცემს მშობელთა უფლებას უზრუნველყონ თავისი ბავშვებისათვის ისეთი განათლება და სწავლა, რომელიც შესაბამისობაში იქნება მათ რელიგიურ და ფილოსოფიურ რწმენასთან.

 

ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-13 მუხლის მიხედვით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის განათლების უფლებას. ისინი თანახმა არიან, რომ განათლება მიზნად უნდა ისახავდეს ადამიანის პიროვნებისა და მისი ღირსების შეგნების სრულ განვითარებას და უნდა განამტკიცებდეს ადამიანის უფლებისა და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემას. შემდეგ ისინი თანახმა არიან, რომ განათლებამ ყველას უნდა მისცეს შესაძლებლობა იყოს თავისუფალი საზოგადოების მონაწილე, ხელს უნდა უწყობდეს ყველა ერისა და ყველა რასობრივი, ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების ურთიერთგაგებას, შემწყნარებლობასა და მეგობრობას და ეხმარებოდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მუშაობას მშვიდობის შენარჩუნებისათვის. იმავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება განმარტებული იყოს ისე, რომ დაკნინდეს ცალკეულ პირთა და დაწესებულებათა თავისუფლება შექმნან სასწავლებლები და უხელმძღვანელონ მათ იმ უცვლელი პირობით, რომ დაიცავენ ამ მუხლის 1 პუნქტში ჩამოყალიბებულ პრინციპებს და მოთხოვნას, რომ ასეთ სასწავლებლებში მიღებული განათლება შეესაბამებოდეს მოთხოვნების იმ მინიმუმს, რომელიც შეიძლება დააწესოს სახელმწიფომ.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული განათლების მიღების უფლება, მიუხედავად იმისა, რომ იგი არ მოიცავს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას დააფინანსოს უმაღლესი განათლება, გულისხმობს ყოველი პირისათვის მათ შორის (ზოგად განათლებასთან ერთად), სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი განათლების შეძენის, მისი ფორმის და პროფესიული მიმართულების არჩევის, შეძენილი უმაღლესი განათლების აღიარებისა და მისი თავისუფალი რეალიზაციის დაუბრკოლებლად, შეუზღუდავად განხორციელების შესაძლებლობის შექმნას, აგრეთვე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შექმნის და ფუნქციონირების თავისუფლებას, რაც მიესადაგება თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს.

 

1.3.2. სასამართლომ მიუთითა, რომ „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი), ხოლო მე-5 მუხლის მიხედვით, ცენტრი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელს უწყობს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, რისთვისაც შეიმუშავებს რეკომენდაციებს; ბ) ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – ტექნოლოგიური ინსტიტუტისა (შემდგომ – ტექნოლოგიური ინსტიტუტი)) ავტორიზაციას და მათი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას; ბ1) ახორციელებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას; გ) უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას; დ) ახორციელებს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას; ვ) ამოწმებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის − განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ენობრივ სისწორეს; ზ) ახორციელებს ცენტრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას.

 

„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ცენტრი ამტკიცებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესსა და საფასურებს; უფლებამოსილია საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებასა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოებისათვის დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ვადები;

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და ლტოლვილებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების (შემდგომში – განათლების აღიარება) პირობებსა და პროცედურას.

 

საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი). აღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ ცენტრი: ა) ადასტურებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობას; ბ) უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე.

 

ამდენად, მითითებული ნორმატიული აქტი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას საკითხის გადაწყვეტას ავალდებულებს საქმის გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად, რაც წარმოადგენს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას. მითითებული ნორმატიული აქტით გათვალისწინებული უმნიშვნელოვანესი ამოცანების შესასრულებლად ცენტრს მართებს კონკრეტული საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობის სიღრმისეული, კვალიფიციური, სისტემური და სამართლიანი გამოყენების შედეგად გადაწყვიტოს იგი.

 

1.3.3. სასამართლომ აღნიშნა, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, აგრეთვე საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ერთობლივად მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ---–---------------------–-----------------ის „ა-----ს“ 2004 წლის 31 აგვისტოს N- ბრძანებით 2004-2005 სასწავლო წელს პირველ კურსზე ჩაირიცხა შალვა სეხნიაშვილი. თ---–---------------------–-----------------ის „ა-----ს“ 2005-2007 წლის ბრძანებებით შ--–---------–---–ი გადაყვანილ იქნა კურსიდან კურსზე. თ---–---------------------–-----------------ის „ა-----ს“ 2008 წლის 3 ივნისის N- ბრძანებით შ--–---------–---–ი დაშვებულ იქნა 2007-2008 წლის საკვალიფიკაციო გამოცდებზე. თ---–---------------------–-----------------ის „ა-----ს“ იურიდიული ფაკულტეტის 2008 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით შ--–---------–---–ს მიენიჭა იურისტის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და გაიცა T---------- დიპლომი.

 

სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 11 დეკემბრის №M---------------- გადაწყვეტილებით შ--–---------–---–ს უარი ეთვა კუთვნილი დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილებით ცენტრმა მიიჩნია, რომ შპს თ---–---------------------–-----------------ი „ა-----ს“ მიერ 1992 წლის 15 სექტემბრიდან 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე განხორციელებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები აღიარებულია სახელმწიფოს მიერ, ხოლო 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებიდან 2014 წლის ჩათვლით მის მიერ განხორციელებული უმაღელსი საგანმანათლებლო პროგრამები არ იყო აღიარებული სახელმწიფოს მიერ.

 

სასამართლომ მიაჩნია, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უნდა განხორციელდეს შპს თ---–---------------------–-----------------ი „ა-----ს“ მიერ შ--–---------–---–ის სახელზე გაცემული T---------- დიპლომის, სარეგ. N------, ნამდვილობის დადასტურება, ვინაიდან მოსარჩელემ სრულად გაიარა სასწავლო დისციპლინით განსაზღვრული საგნების კურსი, მიღებული დიპლომის საფუძველზე, მოსარჩელე ახორციელებს პროფესიულ საქმიანობას, იგი არის საქართველოს შსს გ----------------–-------–----------------------ის თანამშრომელი.

 

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ სრულად გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია კანონიერი ნდობის პრინციპზე მითითების თვალსაზრისით და განმარტა, რომ არ შეიძლება მოქალაქეს მოეთხოვოს იმაზე მეტი პასუხისმგებლობა, ვიდრე ასეთი არ არის გათვალისწინებული კანონით. არ შეიძლება პირის ისეთი სახის საკანონმდებლო რეგულაციის ქვეშ მოქცევა, რომელიც ქმედების განხორციელების დროს არ იყო კანონით გათვალისწინებული და გონივრული განსჯის შედეგად განჭვრეტადი.

 

კანონიერი ნდობის პრინციპის ინსტიტუტი სახელმწიფოსა და მისი სახით უფლებამოსილების განმახორციელებილი ადმინისტრაციული ორგანოების მთავარი სახელმძღვანელო პრინციპია და იგი წამოადგენს, სახელმწიფოს მხრიდან დადგენილ, ურთიერთობის განმსაზღვრელ ფუნდამენტური ღირებულებების წესებს. ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ კანონიერი ნდობის არსებობა სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი ძირითადი ღერძია, რომელზედაც დგას სამართლებრივი და სამართლიანი სახელმწიფოს ავტორიტეტი და რომელიც განსაზღვრავს მოქალაქესა და სახელმწიფოს შორის ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობას. კანონიერი ნდობის პრინციპი მოქმედებას იწყებს მაშინ, როდესაც სახელმწიფოს მხრიდან პირის მიმართ განხორციელებული ქმედება იწვევს იურიდიულ შედეგს, ანუ ამ პირის გარშემო წარმოშობს გარკვეულ სამართლებრივ განსაზღვრულობას, რომლის სფეროშიც მოქცეული ადამიანი იწყებს მთელი რიგი ქმედებების განხორციელებას, რომლის უფლებამოსილებითაც იგი სახელმწიფომ აღჭურვა. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიმართ გაცემული სასწავლო-საგანმანათლებო დაწესებულების დიპლომი წარმოადგენს იმ სახის იურიდიულ შედეგს, რომლის მოქმედებაც განვრცობილია დროში და რომლის საფუძველზე მოსარჩელე ახორციელებდა საჯარო-სამართლებრივი წესრიგის დაცვას. შესაბამისად, სასამართლოს დაუშვებლად მიაჩნია, სახელმწიფოს კონტროლის მექანიზმის გაუმართაობის გამო, მოსარჩელის იმ მდგომარეობაში ჩაყენება, რომლის მიზეზსაც თავად მოსარჩელე არ წარმოადგენს. ასეთი სახის შედეგის დადგომა სავალალო მდგომარეობაში ჩააყენებდა არა მხოლოდ სუბიექტს, არამედ სახელმწიფოს სახელს მიაყენებდა ჩრდილს და ასევე, ეჭვქვეშ დააყენებდა თავად მოსარჩელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების დროს განხორციელებულ მთელ რიგ ქმედებებს. ვინაიდან კანონიერი ნდობა ნიშნავს - პირს რწმენას, რომ ასეთ შემთხვევაში იგი არ დარჩება დაუცველი სახელმწიფოს მხრიდან და მის მიმართ განხორციელებული ღონისძიება არ დაკარგავს თავის სამართლებრივ ქმედით ძალას. მოცემულ შემთხვევაში, საგანმანათლებლო დიპლომის მიღებით მოსარჩელე აღჭურვილი იყო გარკვეული უფლებებით, რომლის განხორციელების ლეგიტიმურობა ინსტიტუტის დიპლომმა მიანიჭა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა ამ უფლების დაცვის განსაკუთრებული გარანტიების შექმნა, რაც კანონიერი ნდობის პრინციპის დოქტრინითაა გათვალისწინებული. ამასთან, პირის მიერ იურიდიული მნიშვნელობის ქმედების შედეგის მიმართ კანონიერი ნდობის პრინციპის დაცვის გარდა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის ინტერესების დაცვის განხორციელების შემთხვევაში სამართლებრივი დავის მიღმა არ უნდა დარჩეს თავად სახელმწიფო ან ადგილი არ უნდა ჰქონდეს სხვა, მესამე პირთა კანონიერი უფლებების ან ინტერესების დარღვევას. კანონიერი ნდობის უფლებით დაცვით სარგებლობის შემთხვევაში, მოსარჩელის ნდობის უფლება კონფლიქტში არ უნდა მოვიდეს არა მხოლოდ კანონიერების პრინციპთან, არამედ ამავდროულად სახელმწიფოსა და მესამე პირების ინტერესებთან, რაც ნიშნავს, რომ სასამართლოს მხრიდან არ უნდა მოხდეს სახელმწიფოსა და მესამე პირთა კანონიერი ნდობის უფლების იგნორირება. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალიწინებით, მოსარჩელისათვის დიპლომის დადასტურების შემთხვევაში არ იკვეთება და არ დასტურდება სახელმწიფოსა თუ მესამე პირების კანონიერი უფლებების ან ინტერესების დარღვევა და მათი კანონიერი ინტერესებისათვის არსებითი ზიანს მიყენების ფაქტი.

 

1.3.4. სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია დამატებით განემარტა, რომ განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარებისა და შეუფერხებელი განხორციელების თვალსაზრისით უპირობოა სპეციალური რეგულაციების, შესაბამისი აკრძალვებისა და კონტროლის მექანიზმების დაწესება. განათლების ხელმისაწვდომობის საყოველთაო უფლების აღიარებისა და პროფესიის თავისუფალი არჩევის კონსტიტუციური გარანტიების შექმნის პარალელურად, სახელმწიფოს ლეგიტიმური ვალდებულებაა დაამკვიდროს და აღიაროს განათლების ის ხარისხი, რომელიც უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების მიზნების მიღწევადობას, კვალიფიკაციის მაღალი სტანდარტების დანერგვას. თუმცა, სასამართლომ მიიჩნია, რომ კანონით გაცხადებული სტანდარტების დამკვიდრება უზრუნველყოფილი უნდა იყოს პროფესიის არჩევისა და განათლების მიღების ეტაპზე, ხელი უნდა შეეშალოს არაპროფესიული კადრების მომზადების და ინტელექტუალურ ბაზარზე მათ შემოღწევის პროცესს, რათა თავიდან იქნას აცილებული ის გართულებები, რაც თან ახლავს ერთის მხრივ სახელმწიფოს მხრიდან უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემას და მეორეს მხრივ, იმავე სახელმწიფოს მიერ დოკუმენტისათვის იურიდიული მნიშვნელობის გამოცლას, ვინაიდან, დიპლომის აღიარებაზე უარის თქმა გამორიცხავს მისი პროფესიული მიზნებისათვის გამოყენების შესაძლებლობას და დღის წესრიგში აყენებს იმ პირთა უფლებების დაცვის საჭიროებას, რომელთაც სახელმწიფოს მიერ გაცემული დიპლომის საფუძველზე განახორციელეს იურიდიული შედეგის მქონე მოქმედებები.

 

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ო” ქვეპუნქტის თანახმად, დიპლომი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, აგრეთვე საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ერთობლივად მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ რამდენადაც კანონმდებლის მიერ დიპლომი მიჩნეულია კვალიფიკაციის განმსაზღვრელ დოკუმენტად, ყოველი კონკრეტული დავის გადაწყვეტის პროცესში ჩნდება სასამართლოს ვალდებულება ადმინისტრაციული ორგანოს უარი დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე შეაფასოს რაციონალურად, თანაზომიერებისა და კანონიერი ნდობის პრინციპების გათვალისწინებით.

 

1.3.5. სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ შ--–---------–---–ის სარჩელი საფუძვლიანია, განსახილველ შემთხვევაში ადგილი აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბათილად უნდა იქნას ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 11 დეკემბრის №M---------------- გადაწყვეტილება დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ და მოპასუხეს უნდა დაევალოს, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, შპს თ---–---------------------–-----------------ი „ა-----ს“ მიერ შ--–---------–---–ის სახელზე გაცემული T---------- დიპლომის, სარეგ. N------, ნამდვილობის დადასტურების შესახებ.

 

2. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

აპელანტის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების 4.1 პუნქტით დადგენილად მიიჩნია, რომ თ---–---------------------–-----------------ის ,,ა-----ს'' იურიდიული ფაკულტეტის 2008 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით შ--–---------–---–ს მიენიჭა იურისტის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და გაიცა T---------- დიპლომი. აპელანტი მიუთითებს, რომ კვალიფიკაციის მინიჭება, როგორც სამართლებრივი შედგების გამომწვევი ქმედება, გულისხმობს არამხოლოდ უშუალოდ ფაქტის განხორციელებას, არამედ, ამ მოვლენის კანონმდებლობის დაცვის პირობებში დადგომას. კერძოდ, კონკრეტული პირისათვის კვალიფიკაცია, სამართლებრივი გაგებით მინიჭებულად ჩაითვლება, როცა პირისა თუ დაწესებულების მხრიდან დაცული იყო აღნიშნული სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნები. იმ პირობებში, როდესაც სახეზე არ იყო აღიარებულ რეჟიმში მიღებული განათლება (სრულად), არ არის მართებული კვალიფიკაციის მინიჭების ფაქტის უდავო გარემოებად დადგენა, რადგან ამ მოვლენას გააჩნია სამართლებრივი მხარეც, რომელიც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს შეფასებული. ყოველივე ზემოაღნიშნულის დამადასტურებელია შემდგომი ფაქტობრივ-სამართლებრივი მოცემულობა: "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 881 მუხლის შესაბამისად, ლიცენზირებული ან კანონით ლიცენზირებულად ჩათვლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ. ამ პერიოდის შემდგომ ყველა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ევალებოდა მიემართა უფლებამოსილი ორგანოსათვის ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭების მოთხოვნით რათა ეფუნქციონირა სახელმწიფოს მიერ აღიარებულ, ე.ი. აკრედიტებულ რეჟიმში. აღნიშნული ქმედების განხორციელების სავალდებულოობას ადგენდა შემდეგი ნორმატიული დანაწესი: „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (განსახილველ პერიოდში მოქმედი რედაქცია) 63-ე მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, სახელმწიფო ცნობდა მხოლოდ აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების და ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომს.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 04 თებერვლის №2------- გადაწყვეტილებით, შპს თ---–---------------------–---------------- „ა-----ს" მიენიჭა ინსტიტუციური აკრედიტაცია 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე. შესაბამისად, აღნიშნულ დაწესებულებას მხოლოდ ამ პერიოდამდე ჰქონდა უფლება განეხორციელებინა საგანმანათლებლო საქმიანობა. ამ პერიოდის შემდგომ, მის მიერ განხორციელებული საქმიანობის შედეგად კვალიფიკაციის მინიჭება და დიპლომის გაცემა არ არის კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით განხორციელებული ქმედება, რომელსაც შესაბამისი იურიდიული ქმედებები შესაძლოა მოყვეს. მითითებული დაწესებულების სამართლებრივი სტატუსიდან გამომდინარე, შ--–---------–---–ის შპს თ---–---------------------–---------------- „ა-----ში“ 2007-2008 სასწავლო წელს სწავლის პერიოდი (მათ შორის, 2008 წელს მისთვის მინიჭებული კვალიფიკაცია) და აღნიშნულის საფუძველზე, მის სახელზე გაცემული T---------- ბაკალავრის დიპლომი, არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებისათვის, აუცილებელია, განათლება სრულად იყოს აღიარებულ რეჟიმში მიღებული. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობა ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც გამორიცხავს მოსარჩელის კუთვნილი დიპლომის ნამდვილობის დადასტურების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, რადგან სახეზე არ არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შინაარსი.

 

აპელანტი მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი. სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას დაარღვია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლი, რომელიც აქტის ბათილად ცნობის პირობებს განსაზღვრავს. აღნიშნული ნორმის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ცენტრმა დაიცვა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალური და მატერიალური კანონიერება, შესაბამისად, გადაწყვეტილებები მიიღო კანონმდებლობის, მათ შორის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა სრული დაცვით.

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლო თავად უთითებს, რომ დავის განხიილვისას უნდა შემოწმდეს აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სადავო სფეროში მოქმედ სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. ამავდროულად, იმ მოცემულობით, როცა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ყველა საკანონმდებლო დანაწესი სრულყოფილად არის შესრულებული და დაცული, აქტი მაინც იქნა ბათილად ცნობილი, რაც ნიშნავს იმას, რომ სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით ეწინააღმდეგება მის მიერვე ხსენებულ ზოგად, მაგრამ ძირეულ დანაწესს.

 

აპელანტის განმარტებით, საქალაქო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. აღნიშნული საერთაშორისო აქტებით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე, როგორც საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვის უფლების განხორციელება უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არამხოლოდ ყველას შესაძლებლობას, მიმართოს სასამართლოს, არამედ, სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. იგივე უფლებები გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით, რომელიც თავისი შინაარსით გულისხმობს არამხოლოდ უფლების დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვის გარანტიას, არამედ სამართლიანი, გამჭვირვალე სასამართლოს უფლებას, სადაც სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა ეყრდნობოდეს მხარეთა მიერ წარმოდგენილი არგუმენტებისა და მტკიცებულებების ამომწურავად შეფასებას.

 

აპელანტის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლი. სასამართლო უსაფუძვლოდ აპელირებს ცენტრის მიერ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლების დარღვევაზე. სასამართლო ვერ ასაბუთებს, თუ რაში გამოიხატა ცენტრის მხრიდან კონსტიტუციის დებულებების დარღვევა. სასამართლო შემოიფარგლა მხოლოდ ნორმათა ციტირებითა და მათი ფორმალური მითითებით, რაც დაცლილია ნორმის მითითების სამართლებრივი ლოგიკისაგან. აღსანიშნავია, რომ სწორედ აღნიშნული კონსტიტუციური დანაწესის პრაქტიკულ რეალიზებას ემსახურება ცენტრის თითოეული ქმედება, კერძოდ, ცენტრის მიზანია, ყველას ჰქონდეს თანაბარ პირობებში განათლების მიღების უფლება, საბოლოოდ კი, ხარისხიანი განათლებით უზრუნველყოფილი იქნეს ქართული საგანმანათლებლო სისტემის ჰარმონიზაცია საერთაშრისო საგანმანათლებლო სივრცეში. ცენტრის მხრიდან არათუ დარღვეულია კონსტიტუციური დებულება, არამედ პირიქით, სრულად არის იგი დაცული. მხოლოდ ხარისხიანი, შესაბამისად კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მიღებული განათლება წარმოედგენს სამართლით დაცულ სიკეთეს. ცენტრი, სწორედ ის ადმინისტრაციული ორგანოა, რომელსაც საკანონმდებლო დონეზე ევალება განათლების ხარისხის გაუმჯობესება, რაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმობს სფეროს მომწესრიგებელი კანონმდებლობის სრულყოფილ და ჯეროვან დაცვას. ზოგადად, ცენტრს არავისთვის აუკრძალავს (და ვერც აუკრძალავს) განათლების სასურველი ფორმით, სასურველ დაწესებულებაში მიღება, ეს ცხადია, კონკრეტული პირის არჩევანია, თუმცა, ის თუ რამდენად მოხდება ამ განათლების სახელმწიფო დონეზე აღიარება, როგორც საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის წინაპირობის, ეს უკვე დამოკიდებულია კონკრეტულ საკანონმდებლო დანაწესებზე, რისი დაცვის უპირველესი ვალდებულბაც სწორედ სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს აკისრია. შეუძლებელია ცენტრის აქტი არღვევდეს საქართველოს კონსტიტუციას და ზღუდავდეს კონკრეტული პირის, მოცემულ შემთხვევაში მოწინააღმდეგე მხარის უფლებას მიიღოს განათლება. ამასთან, ცენტრს არ გაუბათილებია მის მიერ უკვე მიღებული სწავლის შედეგები, მან თავის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მოახდინა იმ ფაქტების კონსტატაცია, რომლებიც დასტურდებოდა სხვადასხვა სახის მტკიცებულებებით და ამ ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად, მივიდა კონკრეტულ სამართლებრივ შედეგამდე. აქვე საგულისხმოა, რომ ეს სამართლებრივი შედეგი გამომდინარეობს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობიდან.

 

აპელანტის განმარტებით, საქალაქო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესებამებოდეს კონსტიტუციას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ. აღნიშნული მუხლიც მხოლოდ ფორმალურადაა სასამართლოს მხრიდან მოხმობილი, რადგან მას არ მიესადაგება კონკრეტული ფაქტობრივ-სამართლებრივი მოცემულობა. განათლების სფეროში არსებული ყველა საერთაშორისო სამართლებრივი ნორმა განამტკიცებს განათლებას, როგორც ადამიანის ძირითად უფლებას, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან უნდა იყოს დაცული, განხორცილებული და პატივცემული. ამავდროულად, სახელმწიფო შიდა ნორმატიული აქტებით უზრუნველყოფს დაკისრებული ვალდებულების შესრულებას. განათლების კანონმდებლობაში არსებული როგორც აღმჭურველი, ასევე, მავალდებულებელი ხასიათის დანაწესები ემსახურება ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფას, რომლის გარეშეც განათლების, როგორც ადამიანის ძირითადი უფლების განმტკიცება მხოლოდ ფორმალური ჩანაწერია, განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გარეშე აღნიშნული უფლება არა ყველასი, არამედ არავისი გამოდის. არც ერთი საერთაშორისო სამართლებრივი აქტი არ უთითებს, რომ სახელმწიფომ ნორმატიულ დონეზე არ გაწეროს განათლების ხარისხის უზრუნველმყოფი მექანიზმები. ქართული კანონმდებლობა არ მოდის წინააღმდეგობაში საერთაშორისო აქტებთან, შესაბამისად, სასამართლოს მიერ მათზე აპელირება არ არის მართებული. აპელანტის მოსაზრებით, ცენტრმა გადაწყვეტილება მიიღო ეროვნული და საერთაშორისო აქტების გათვალისწინებით, მათი მოთხოვნების დაცვით და შეჯერებით.

 

სასამართლო ასევე აპელირებს საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 პუქნტზე, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს, ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. აღნიშნული დანაწესიც მოკლებულია ნორმის გამოყენების ლოგიკას, რადგან არაა საკმარისი მსჯელობა განვითარებული თუ რა კუთხით მიესადაგება იგი მოსარჩელის სახელზე გამოცემული აქტის კანონიერება-უკანონობას. რაც შეეხება სასამართლოს მითითებას, რომ საჯარო დაწესებულებამ მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა, ცენტრი, ცალსახად და აბსოლუტურად ეთანხმება ამ მსჯელობას და აღნიშნავს, რომ იგი მოქმედებდა სწორედ ხსენებული დანაწესის ფარგლებში. ცენტრის ყოველი გადაწყვეტილება განმსჭვალულია განათლების უფლების ნამდვილი შინაარის გაზიარებისა და პრაქტიკული რეალიზების მოტივით, შესაბამისად, სახეზე არ არის უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.

 

აპელანტის განმარტებით, ზოგადად, ზემოხსენებულ ჩარჩო ნორმებზე აპელირებით, სასამართლო განათლების უფლების ხელშეშლასა და დაბრკოლებაში საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის" არსებობას და მის პრაქტიკაში რეალიზებას მოიაზრებს, ამგვარი განმარტება ზიანს მიაყენებს ქვეყანაში არსებულ განათლების სისტემას, მეტიც არღვევს სახელისუფლებო შტოთა გაწონასწორების პრინციპს. ამასთან, ნორმათა არაკონსტიტუციურად მიჩნევის შემთხვევაში, სასამართლოს აქვს რეაგირების კანონთან შესაბამისი ბერკეტი, რაც არ გულისხმობს, მოქმედი საკანონმდებლო აქტის იგნორირებასა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონიერების პრინციპის დარღვევისაკენ მითითებას. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო პრაქტიკულად უგულებელყოფს მოქმედ სამართლებრივ რეალობას და ეჭვქეშ აყენებს საგანმანათლებლო ინსტიტუციების ლეგიტიმაციას. ცენტრი სხვა სახის გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა. სასამართლო მიუთითებს ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ'' საქართველოს კანონის რეგულაციებზე, მის მიზნებსა და ზოგადად, ცენტრის ფუნქციებზე. ამ ნაწილზე მსჯელობისას, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტსა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას. სასამართლო სწორად უთითებს ზემოხსენებულ ნორმებზე, თუმცა არ ახდენს მათთან განსახილველ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების მისადაგებას. ამავდროულად, სასამართლო მოიხმობს, თუმცა ფაქტობრივ გარემოებებს არ უსადაგებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის'' რიგ დებულებებს. ამასთან, უსაფუძვლოა სასამართლოს მსჯელობა ცენტრის მიერ მათ დარღვევასთან დაკავშირებითაც.

 

აპელანტის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ უგულებელყო მოქმედი საკანონმდებლო რეგულაცია და განხორციელდა საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამვილობის დადასტურების სპეციალური მარეგულირებელი აქტის - წესის არსისა და მიზნის საწინააღმდეგო განმარტება. აღნიშნული ,,წესი'' განმარტავს, თუ რას ნიშნავს საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურება, კერძოდ, „წესის“ 3.1 მუხლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი - დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი). ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძველი არ შეიძლება გახდეს გარემოება, რომლის დროსაც ცენტრი მოკლებულია შესაძლებლობას, დაადგინოს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული უმაღლესი განათლების დიპლომის უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დიპლომთან გათანაბრების საკითხი. ამავე „წესის“ მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ ცენტრი: ა) ადასტურებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობას; ბ) უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე. აღნიშნული წარმოადგენს ნორმატიულ სინამდვილეს, რის საფუძველზეც სასამართლო ასკვნის, რომ ხსენებული ,,წესი'' ცენტრს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების საკითხის გადაწყვეტას ავალდებულებს საქმის გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად, რაც წარმოადგენს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას. სწორედ აღნიშნული ვალდებულებაა შესრულებული ცენტრის მიერ, როცა გამოიცა 2018 წლის 12 ნოემბრის N-453823 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო თავადვე უთითებს იმ გარემოებაზე, რაც ცენტრის მხრიდან მიჩნეულია მოსარჩელის სახელზე გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურების დამაბრკოლებელ გარემოებად, თუმცა არ მიიჩნევს მას საკმარის ფაქტობრივ სამართლებრივ საფუძვლად და აკმაყოფილებს სასარჩელო მოთხოვნას. ზემოხსენებული საკანონმდებლო მოცემულობისა და იმ ფატობრივი გარემოების ფონზე, რომ მოსარჩელის მიერ განათლება ნაწილობირვ მიღებულია არააკრედიტებულ, არაღიარებულ რეჟიმში, სასამართლო, მაინც, სრულიად უსაფუძვლოდ არ იზიარებს ცენტრის არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ გასაჩივრებული აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. ხსენებული წესის მოქმედების პირობებში, ადმინისტრაციული ორგანო მოკლებულია საქმეზე სხვაგვარი რეაგირების შესაძლებლობას, ისევე, როგორც სასამართლოა ვალდებული, მიიღოს კანონშესაბამისი გადაწყვეტილება და დაასაბუთოს იგი მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციების გათვალისწინებით.

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლო უგულებელყოფს შემდეგ ფაქტობრივ-სამართლებრივ მოცემულობას: მართებულია, დეტალურად აღინიშნოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი მოცემულობა, რომელთა შეჯერებამაც განაპირობა ნამდვილობის დადასტურებაზე უარი თქმის შესახებ აქტის გამოცემა. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტიდან და „ნამდვილობის დადასტურების წესის“ მე-3 მუხლის მესამე პუნქტიდან გამომდინარე, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული შესაბამისი საგანმანათლებლო დოკუმენტი. საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს. როგორც ნამდვილობის დადასტურების პროცედურა მოითხოვდა, გამოკვლეულ იქნა ორი ძირეული გარემოება: 1) მოიპოვა თუ არა სტუდენტის სტატუსი მოსარჩელემ შესაბამისი წესით; 2) საგანმანათლებლო დოკუმენტის გამცემი დაწესებულების საგანმანათლებლო სტატუსი-ლიცენზირება/ინსტიტუციური აკრედიტაცია. აღნიშნულის გამოკვლევის ვალდებულება გამომდინარეობს უპირველეს ყოვლისა, ,,უმაღლესი განათლების შესახებ'' საქართველოს კანონის დანაწესებიდან და ასევე, საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბერს N98/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესიდან. მოსარჩელის ჩარიცხვის კანონიერებას ცენტრი ეჭვქვეშ არ აქვეყნებს. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, სახეზე იყო ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმისათვის მეორე საკანანონმდებლო საფუძველი: დაწესებულებას, რომელიც მოსარჩელემ დაასრულა, არ ჰქონდა ინსტიტუციური აკრედიტაცია. 2005 წელს ,,უმაღლესი განათლების შესახებ'' საქართველოს კანონის შემოღებამ ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ასევე შემოიღო ინსტიტუციური აკრედიტაციის ცნება. 2005 წლამდე დაწესებულებები ფუნქციონირებდნენ მხოლოდ უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე, აღნიშნული წარმოადგენდა საკმარის ფაქტობრივ-სამართლებრივ მოცემულობას სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული საქმიანობის განხორციელებისათვის, ხოლო 2005 წლის შემდგომ, მხოლოდ ლიცენზიის საფუძველზე საქმიანობა არ წარმოშობდა შესაბამის სამართლებრივ შედეგებს. "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 881 მუხლის შესაბამისად, ლიცენზირებული ან კანონით ლიცენზირებულად ჩათვლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ, 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ. ამ პერიოდის შემდგომ კი, დაწესებულებას უნდა მინიჭებოდა ინსტიტუციური აკრედიტაცია. 2005 წლის 1 იანვარს ამოქმედდა ,,უმაღლესი განათლების შესახებ'' საქართველოს კანონი, ამ პერიოდიდან ამავე წლის სექტემბრამდე (ანუ 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე) პერიოდში უნდა მოესწროთ და ყველა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას მოეპოვებინა ინსტიტუციური აკრედიტაცია. 2005 წლის სექტემბრამდე პერიოდი კი თავად ზემოხსენებულმა ნორმამ ჩათვალა სახელმწიფოს მხრიდან აღიარებულად, თუნდაც კვლავ მხოლოდ ლიცენზიის საფუძველზე უფუნქციონირა ამა თუ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას. ზემოხსენებულ 9 თვიან პერიოდში, თუნდაც მხოლოდ მიემართათ დაწესებულებებს ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭების მოთხოვნით უფლებამოსილი ორგანოსთვის, შედგად კი მხოლოდ ინსტიტუციური აკრედიტაციის მაძიებლად დაერეგისტრირებინათ ისინი და არ მინიჭებოდათ აკრედიტაცია, აღნიშნულიც კი დადებითი სამართლებრივი შედეგების მომტანი იყო დაწესებულებისა და მასში, კანონმდებლობით დადგენილი წესით უკვე ჩარიცხული სტუდენტებისათვის. ,,უმაღლესი განათლების შესახებ'' საქართველოს კანონის 67-ე მუხლის მე-7 პუნქტიდან გამომდინარე, თუ დაწესებულებას უარი ეთქმებოდა აკრედიტაციის მინიჭებაზე, აკრედიტაციის მინიჭებაზე უარის თქმისას მიმდინარე და მომდევნო სასწავლო წელი ჩაითვლებოდა სახელმწიფოს მხრიდან აღიარებულად. როგორც უკვე აღინიშნა, მოცემული წესი ეხებოდა აღნიშნულ დაწესებულებაში კანონმდებლობით ჩარიცხულ სტუდენტებს, რათა მათ უფლებებზე უარყოფითი გავლენა არ მოეხდინა დაწესებულების საგანმანათლებლო სტატუსს, (აკრედიტაციის არქონას) და მისცემოდათ გონივრული ვადა, რათა სახელმწიფოს მხრიდან აღიარებულ, სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში გაეგრძელებინათ სწავლა. აკრედიტაციის მინიჭებაზე უარის თქმის შემდგომ, მის ხელახლა მოპოვებამდე, დაწესებულებას არ ჰქონდა უფლება მიეღო ახალი სტუდენტები. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (განსახილველ პერიოდში მოქმედი რედაქცია) 63-ე მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, სახელმწიფო ცნობდა მხოლოდ აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების და ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომს. შესაბამისად, 2005 წლიდან, აკრედიტაციის საფუძველზე საქმიანობა, მინიმუმ აკრედიტებულად მიჩნევა ზემოხსენებულ საგამონაკლისო შემთხვევაში წარმოადგენდა ერთადერთ ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველს, რათა დაწესებულებას ეფუნქციონია სახემწიფოს მხრიდან აღიარებულ რეჟმში. მოცემულ რეგულაციასთან მიმართებით, აღსანიშნავია ცენტრში დაცულ უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ასახული ,,ა-----ს'' სამართლებრივი სტატუსი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს განათლების სამინისტრომ 1992 წლის 15 სექტემბრის №0------------ ლიცენზიით (უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში რეგისტრაციის №---) ნება დართო საინიციატივო ჯგუფის თავმჯდომარეს ო. შ------ს რეგისტრაციაში გაეტარებინა თ---–---------------------–-----------------ი „ა-----“, როგორც ფასიანი უმაღლესი სასწავლებელი. ქ. თბილისის გლდანის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 10 სექტემბრის დადგენილებით რეგისტრაციაში გატარდა შპს დ--------------–-----------------ი „ა-----“ (რეგისტრაციის N--------). ქ. თბილისის გლდანის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 29 სექტემბრის დადგენილებით (რეგისტრაციის N--------) შპს დ--------------–---------------- "ა-----ს" შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა შპს თ---–---------------------–-----------------ი "ა-----". საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 04 თებერვლის №2------- გადაწყვეტილებით, შპს თ---–---------------------–---------------- „ა-----ს" მიენიჭა ინსტიტუციური აკრედიტაცია 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 89-ე მუხლის 23-ე და 231 პუნქტების შესაბამისად, შპს თ---–---------------------–------------------მა "ა-----მ“ ცენტრში წარადგინა ჩარიცხულ პირთა სია და საგანმანათლებლო საქმიანობას ახორციელებდა ლიცენზირებულ რეჟიმში. ამასთან, აღნიშნული იურიდიული პირის 2016 წლის 27 ივნისის N-- (ცენტრში რეგისტრაციის N------) კორესპონდენციით ცენტრს ეცნობა, რომ შპს თ---–---------------------–------------------მა „ა-----მ“ 2014 წელს დაასრულა საქმიანობა ლიცენზირებულ რეჟიმში. შესაბამისად, დგინდება რომ აღნიშნული დაწესებულება სახელმწიფოს მხრიდან აღიარებულ საგანმანათლებლო საქმიანობას ახორციელებდა მხოლოდ 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე, ანუ 2007 წლის სექტემბრამდე. ის ფაქტი, რომ მოცემულმა დაწესებულებამ აკრედიტაციაზე უარის თქმის შემდგომ მხოლოდ ლიცენზირებულ რეჟიმში კიდევ რამდენიმე წელი განახორციელა საქმიანობა (რომელიც არ არის აღიარებული სახელმწიფოს მხრიდან), ვერ იქნება რელევანტური გარემოება ხსენებული დავის გადაწყვეტისათვის.

 

აპელანტის განმარტებით, „ცენტრმა“ იმსჯელა ბაკალავრის T---------- დიპლომის მიმართ შ--–---------–---–ის კანონიერი ნდობის არსებობის საკითხის თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმები ვრცელდება სწორედ იმ შემთხვევაზე, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო (ცენტრი) ბათილად ცნობს თავის მიერ გამოცემულ აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამიტომ, იმისათვის, რომ აღნიშნული ნორმა ცენტრმა გამოიყენოს გადაწყვეტილების მიღებისას, ცენტრის მიერ უნდა იყოს განხორციელებული ისეთი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, რომლითაც შ--–---------–---–მა მიიღო რაიმე უფლება ან სარგებელი. საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ აქტი არ წარმოადგენს აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას. აღნიშნული ნორმის გამოყენების საფუძველი იარსებებდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება ბათილად ცნობდა შ--–---------–---–ის მიმართ ადრე გამოცემულ აქტს, რომლითაც იგი აღიჭურვა გარკვეული უფლებით ან რომლითაც მან მიიღო სარგებელი. ამდენად, მოცემულ შემთხვევაზე ვერ გავრცელდება კანონიერი ნდობის დაცვითი ფუნქცია.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ ვერ იარსებებს, იმ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. კანონიერი ნდობის მარეგულირებელი ნორმის გამოყენების საფუძვლის არსებობის შემთხვევაშიც კი, სახელმწიფოსა და საზოგადოების უფლებებისა და ინტერესების დარღვევაზე მეტყველებს აკრედიტაციის გარეშე საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების ფაქტები, როდესაც საქმიანობის აღნიშნული რეგულირებიდან გამომდინარე, ინსტიტუციური აკრედიტაციისადმი სახელმწიფოსა და საზოგადოებას გააჩნდა მომეტებული ინტერესი, ვინაიდან არააკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის გავლის შედეგად გაცემულ უმაღლესი განათლების დიპლომს არ ცნობდა სახელმწიფო და მსგავს დიპლომს სახელმწიფო არ უკავშირებდა იმ სამართლებრივ შედეგებს, რომლებიც გამომდინარეობდა სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტებიდან - დიპლომებიდან. ამდენად, თუნდაც დავუშვებთ, რომ დიპლომთან მიმართებითაც ტექნიკურად, ნორმის გრამატიკული წაკითხვის უგულებელყოფის ფონზე, შესაძლებელია არსებობდეს კანონიერი ნდობა, მოცემულ შემთხვევაში კანონიერების პრინციპს, ზემოხსენებული მსჯელობიდან გამომდინარე, უნდა მინიჭებოდა უპირატესი მნიშვნელობა კანონიერი ნდობის პრინციპთან მიმართებით. საქართველოს უზენაესი სასამართლო ვრცლად მსჯელობს კანონიერი ნდობისა და კანონიერების პრინციპის შეპირისპირებაზე. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ "აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (მიუხედავად მისი უკანონობისა) განსაზღვრული სამართლებრივი შედეგების შენარჩუნება ემსახურება ადმინისტრაციული სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპის - კანონიერი ნდობის უზრუნველყოფას, რაც თავის მხრივ, განაპირობებს მმართველობის ავტორიტეტს და სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცებას. ამ პირობებში უნდა შეფასდეს ადმინისტრაციული სამართლის ასევე უმნიშვნელოვანესი კანონიერებისა და კანონიერი ნდობის პრინციპებს შორის კონფლიქტი და თანაზომიერების პრინციპის მეშვეობით დადგინდეს, თუ რომელი პრინციპის დაცვა არის კონკრეტულ შემთხვევაში პრიორიტეტული, რომელი პრინციპია აღმატებული ხარისხის და რომლის უზრუნველყოფა არის დაცვის ღირსი. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების საფუძველია მმართველობის ,,კანონიერების პრინციპი", რომელიც მოითხოვს კანონიერების აღდგენის მიზნით უკანონო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებას. ამ მნიშვნელოვან პრინციპს უპირისპირდება კანონმდებლის მიერ აღიარებული ,,ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის პრინციპი". ორივე პრინციპი კონსტიტუციური რანგისაა და გამომდინარეობს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან. ამდენად, შეუძლებელია ცალსახად პრობლემის გადაწყვეტა. ადმინისტრაციული წარმოებისა და ადმინისტრაციული სასამართალწარმოების ამოცანაა კონკრეტული პრობლემის გადაწყვეტისას მოახდინონ ამ ორი პრინციპის შეპირისპირება და თანაზომიერი გადაწყვეტილების მიღება (Nბს-143-137(კ-10), 6 ივლისი, 2010 წელი). შესაბამისად, იმ პირობებში, თუ სასამართლო ჩათვლიდა, რომ დიპლომთან (რომელიც არ არის ინდივიდიულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) მიმართებითაც შესაძლებელია კანონიერი ნდობის პრინციპზე მსჯელობა, მას მყარად უნდა დაესაბუთებინა, რა გარემოებებზე დაყრდნობით ჩათვალა, რომ კანონიერების პრინციპი მოცემულ შემთხვევაში არ იყო უპირატესი მნიშვნელობის მქონე. სასამართლო გადაწყვეტილებით გაბათილებული უნდა ყოფილიყო ცენტრის აქტში ასახული დასაბუთებული მსჯელობა, საიდან გამომდინარეც, მოსარჩელეს არ გააჩნდა კანონიერი ნდობა. აღნიშნულის გარეშე, მხოლოდ კანონიერი ნდობის პრიმატზე მითითება და მასზე გადაწყვეტილების დაყრდნობა, კანონსაწინააღმდეგო შედეგის არსებობის წინაპირობაა. კანონიერი ნდობის დამცველობითი ფუნქციის გამოყენება არ უნდა უქმნიდეს საფრთხეს განათლების სისტემის სამართლებრივად გამართულ ფუნქციობირებას. შესაბამისად, გაუგებარია, თუ რაზე დაყრდნობით დაადგინა სასამართლომ კანონიერი ნდობის პრიმატი კანონიერების პრინციპთან მიმართებით. ასეთი პრაქტიკის დამკვიდრება აზრს უკარგავს ადმინისტრაციულ წარმოებას და ადმინისტრაციულ ორგანოს აიძულებს მიიღოს აშკარად კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება, რითიც უგულებელყოფს კანონიერების პრიცნიპს. მოცემულ შემთხვევაში, ცენტრმა გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების წესისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად. ცენტრის მიერ გადაწყვეტილების მიღების საფუძველს წარმოადგენდა „წესის" ნორმები, რომლებიც საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების პროცედურასა და წესს არეგულირებენ. გადაწყვეტილების მიღებისას ცენტრმა შეამოწმა სახეზე იყო თუ არა შესაბამისი ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები შ--–---------–---–ის კუთვნილი დიპლომის ნამდვილობის დადასტურებისათვის. მოცემულ შემთხვევაში ცენტრმა იმოქმედა მმართველობის კანონიერების პრინციპის შესაბამისად. საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ასეთი ფართო განმარტება საფრთხეს უქმნის თავად სასამართლო წარმოების მიზანს, მიღებულ იქნას კანონთან შესაბამისი, სწორი და ობიექტური გადაწყვეტილება. საკანონმდებლო რეგულაციებისაგან ამდენად განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, რაც შესაძლოა გამომდინარეობდეს სასამართლოს შინაგანი რწმენიდან (თუმცა კი, შინაგანი რწმენის ამოსავალსაც კანონი წარმოადგენს), უდავოა, რომ გადაწყვეტილება მოითხოვს მეტ დასაბუთებასა და არგუმენტაციას.

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლი. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით განმტკიცებული ყველა ადამიანის კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, აკრედიტაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობის მოთხოვნების შეუსრულებლობის პირობებში განხორციელებული საქმიანობის შედეგად პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭება და დიპლომის გაცემა არღვევს სხვა პირთა (ანალოგიური სპეციალობის საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებული ის პირები, რომლებმაც სწავლა დაასრულეს იმავე ან ანალოგიურ საგანმანათლებლო დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროგრამის აღიარების რეჟიმში და მოიპოვეს სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული უმაღლესი განათლების დიპლომის მიღების უფლება ან ანალოგიური სპეციალობის საგანმანათლებლო პროგრამის ამავე ან სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების ის სტუდენტები, რომელთაც არ მიეცათ სახელმწიფოს მხრიდან აღიარებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა ან რომლებმაც ვერ მოიპოვეს სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული უმაღლესი განათლების დიპლომის მიღების უფლება) უფლებებს, რა დროსაც ვერ ხორციელდება ყველასათვის თანაბარი უფლების რეალიზაცია. არათანასწორი მოპყრობის პირობებში ადგილი აქვს მნიშვნელოვნად თანასწორისადმი თვითნებურად უთანასწოროდ ან მნიშვნელოვნად უთანასწოროსადმი თვითნებურად თანასწორად მოპყრობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, თანასწორობის პრინციპის დარღვევად ჩაითვლება სახელმწიფოს მხრიდან კანონის ნორმის ადრესატთა ერთი ჯგუფისადმი ადრესატთა მეორე ჯგუფთან შედარებით განსხვავებულად მოპყრობა იმის მიუხედავად, რომ ჯგუფებს შორის არ არსებობს ისეთი მასშტაბის განსხვავება, რომლითაც შეიძლება გამართლებული იქნეს უთანასწორო მოპყრობა. ზემოხსენებული სამართლებრივი აქტების საფუძველზე, არ დგინდება კანონის ნორმის ადრესატთა დიფერენცირების (არათანასწორი მოპყრობის) ლეგიტიმური საჯარო მიზანი, დიფერენცირების გამოსადეგი კრიტერიუმის, დიფერენცირების ინტენსივობისა და სიძლიერის აუცილებლობის და თავად დიფერენცირების შესაბამისობის (ზომიერების) არსებობა. სასამართლო ასევე მიუთითებს ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა ევროპულ კონვენციაზე და ეკონომიკური, სოციალური და კულტუტრული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-13 მუხლზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, ცენტრი განმარტავს, რომ განხორციელებული მმართველობითი ღონისძიების შინაარსით არ ირღვევა არც ერთი ზემოხსენებული საერთაშორისოსამართლებრივი დანაწესი, ცენტრი მოქმედებდა მათთან შესაბამისობაში მყოფ შიდა ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით. ამდენად, მაშინ, როცა არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების კონკრეტული, მატერიალური უფლების დამდგენი ნორმა, ცენტრი მიიჩნევს, რომ მხოლოდ ფუნდამენტური სახის დანაწესები არ უნდა გამხდარიყო სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აპელანტის მოსაზრებით, არსებობს მყარი საფუძველი დასკვნისათვის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, ცენტრმა გადაწყვეტილება მიიღო საქმის გარემოებათა ყოველმხრივი გამოკვლევის საფუძველზე, მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. ამდენად, სახეზე არ არის აქტის ბათილად ცნობის წინაპირობები, ვინაიდან იგი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, მატერიალური და ფორმალური კანონიერების წინაპირობების დაცვით, შესაბამისად, არც ახალი აქტის გამოცემის დავალდებულების წინაპირობა არსებობდა.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

3.1. ფაქტობრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

3.2. სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

3.2.1. სააპელაციო პალატა მიუთითებს ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. კანონის 3.1 მუხლის შესაბამისად, განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, იქმნება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, რომელიც 5.1 მუხლის შესაბამისად, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელს უწყობს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, რისთვისაც შეიმუშავებს რეკომენდაციებს; ბ) ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – ტექნოლოგიური ინსტიტუტისა ავტორიზაციას და მათი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას; ბ1) ახორციელებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას; გ) უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას; დ) ახორციელებს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას; ვ) ამოწმებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის − განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ენობრივ სისწორეს; ზ) ახორციელებს ცენტრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. ამავე კანონის 25-ე მუხლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას.

 

პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესზე“. აღნიშნული „წესის“ 3.1 მუხლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი - დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი). ამავე მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძველი არ შეიძლება გახდეს გარემოება, რომლის დროსაც ცენტრი მოკლებულია შესაძლებლობას, დაადგინოს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული უმაღლესი განათლების დიპლომის უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დიპლომთან გათანაბრების საკითხი.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2018 წლის 11 ოქტომბერს შ--–---------–---–მა განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა შპს თ---–---------------------–----------------- „ა-----ს“ მიერ 2008 წელს, მის სახელზე გაცემული T---------- ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობის დადასტურება. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 12 ნოემბრის №M---------------- გადაწყვეტილებით შ--–---------–---–ს უარი ეთქვა დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილებით ცენტრმა მიიჩნია, რომ შპს თ---–---------------------–-----------------ის „ა-----ს“ მიერ 1992 წლის 15 სექტემბრიდან 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე განხორციელებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები აღიარებულია სახელმწიფოს მიერ, ხოლო 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებიდან 2014 წლის ჩათვლით, უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ.

 

3.2.2. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მეორე მუხლის ,,ო” ქვეპუნქტის თანახმად, დიპლომი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო ამავე მუხლის ,,ღ2” ქვეპუნქტის თანახმად, კვალიფიკაცია არის სწავლის შედეგი, რომელიც მიიღწევა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევით და დასტურდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დიპლომით ან სერტიფიკატით.

 

დადგენილია, რომ თ---–---------------------–----------------- „ა-----ს“ 2004 წლის 31 აგვისტოს N- ბრძანებით, 2004-2005 სასწავლო წელს, შ--–---------–---–ი ჩაირიცხა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პირველ კურსზე. ამავე უნივერსიტეტის 2005-2007 წლის ბრძანებებით შ--–---------–---–ი გადაყვანილ იქნა კურსიდან კურსზე, ხოლო 2008 წლის 03 ივნისის N- ბრძანებით შ--–---------–---–ი დაშვებულ იქნა 2007-2008 წლის საკვალიფიკაციო გამოცდებზე. ამავე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის 2008 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით შ--–---------–---–ს მიენიჭა იურისტის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და მასზე გაიცა T---------- დიპლომი.

 

განსახილველ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მართებულად მიიჩნევს საქალაქო სასამართლოს დასკვნას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა განახორციელოს შპს თ---–---------------------–-----------------ის „ა-----ს“ მიერ შ--–---------–---–ის სახელზე გაცემული T---------- დიპლომის (სარეგ. N------), ნამდვილობის დადასტურება, ვინაიდან მოსარჩელემ სრულად გაიარა სასწავლო დისციპლინით განსაზღვრული საგნების კურსი, მიღებული დიპლომის საფუძველზე, მოსარჩელე ახორციელებს პროფესიულ საქმიანობას, იგი არის საქართველოს შსს გ----------------–-------–----------------------ის თანამშრომელი, დიპლომის აღიარებაზე უარის თქმა გამორიცხავს მისი პროფესიული მიზნებისათვის გამოყენების შესაძლებლობას და დღის წესრიგში აყენებს მოსარჩელის უფლებების დაცვის საჭიროებას, ვინაიდან პირმა სახელმწიფოს მიერ გაცემული დიპლომის საფუძველზე განახორციელა იურიდიული შედეგის მქონე მოქმედებები.

 

პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ, მოცემულ შემთხვევასთან მიმართებაში, სწორად მიუთითა კანონიერი ნდობის პრინციპზე და აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ კანონიერი ნდობის არსებობა სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი ძირითადი ღერძია, რომელზედაც დგას სამართლებრივი და სამართლიანი სახელმწიფოს ავტორიტეტი და რომელიც განსაზღვრავს მოქალაქესა და სახელმწიფოს შორის ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობას. კანონიერი ნდობის პრინციპი მოქმედებას იწყებს მაშინ, როდესაც სახელმწიფოს მხრიდან პირის მიმართ განხორციელებული ქმედება იწვევს იურიდიულ შედეგს, ანუ ამ პირის გარშემო წარმოშობს გარკვეულ სამართლებრივ განსაზღვრულობას, რომლის სფეროშიც მოქცეული ადამიანი იწყებს მთელი რიგი ქმედებების განხორციელებას, რომლის უფლებამოსილებითაც იგი სახელმწიფომ აღჭურვა. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიმართ გაცემული სასწავლო-საგანმანათლებო დაწესებულების დიპლომი წარმოადგენს იმ სახის იურიდიულ შედეგს, რომლის მოქმედებაც განვრცობილია დროში და რომლის საფუძველზე მოსარჩელე ახორციელებდა საჯარო-სამართლებრივი წესრიგის დაცვას. შესაბამისად, დაუშვებელია, სახელმწიფოს კონტროლის მექანიზმის გაუმართაობის გამო, მოსარჩელის იმ მდგომარეობაში ჩაყენება, რომლის მიზეზსაც თავად მოსარჩელე არ წარმოადგენს. ასეთი სახის შედეგის დადგომა სავალალო მდგომარეობაში ჩააყენებდა არამხოლოდ სუბიექტს, არამედ სახელმწიფოს სახელს მიაყენებდა ჩრდილს და ასევე, ეჭვქვეშ დააყენებდა თავად მოსარჩელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების დროს განხორციელებულ მთელ რიგ ქმედებებს. კანონიერი ნდობა ნიშნავს პირის რწმენას, რომ ასეთ შემთხვევაში იგი არ დარჩება დაუცველი სახელმწიფოს მხრიდან და მის მიმართ განხორციელებული ღონისძიება არ დაკარგავს თავის სამართლებრივ ქმედით ძალას. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საგანმანათლებლო დიპლომის მიღებით მოსარჩელე აღჭურვილი იყო გარკვეული უფლებებით, რომლის განხორციელების ლეგიტიმურობა ინსტიტუტის დიპლომმა მიანიჭა, საჭიროა ამ უფლების დაცვის განსაკუთრებული გარანტიების შექმნა, რაც კანონიერი ნდობის პრინციპის დოქტრინით არის გათვალისწინებული.

 

მართებულია საქალაქო სასამართლოს მოსაზრება, რომ კანონიერი ნდობის უფლებით დაცვით სარგებლობის პირობებში, მოსარჩელის ნდობის უფლება კონფლიქტში არ უნდა მოვიდეს არამხოლოდ კანონიერების პრინციპთან, არამედ სახელმწიფოსა და მესამე პირების ინტერესებთან, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოს მხრიდან არ უნდა მოხდეს სახელმწიფოსა და მესამე პირთა კანონიერი ნდობის უფლების იგნორირება. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის კუთვნილი დიპლომის ნამდვილობის დადასტურებასთან მიმართებაში, არ იკვეთება სახელმწიფოს თუ მესამე პირების კანონიერი უფლებების ან ინტერესების დარღვევა, მათი კანონიერი ინტერესებისათვის არსებითი ზიანს მიყენების საშიშროება.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა, რომ შ--–---------–---–ის სარჩელი საფუძვლიანია, განსახილველ შემთხვევაში ადგილი აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. ამდენად, ბათილად უნდა იქნას ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 12 ნოემბრის №M---------------- გადაწყვეტილება დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ და მოპასუხეს უნდა დაევალოს, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, შპს თ---–---------------------–-----------------ის „ა-----ს“ მიერ შ--–---------–---–ის სახელზე გაცემული T---------- დიპლომის (სარეგ. N------), ნამდვილობის დადასტურების თაობაზე.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე, აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ასორმოცდაათი) ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლეები:

 

ხატია არდაზიშვილი

 

მირანდა ერემაძე

 

მანანა ჩოხელი