განაჩენი

სისხლის სამართლის 04.07.2019
საქმის ნომერი
050100118002276212
ინსტანცია
თარიღი
04.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 050100118002276212

საქმე №1/ბ -102-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

04 ივლისი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მარინა სირაძე

 

სხდომის მდივანი - თეონა ქიმერიძე

 

პროკურორების - შ----- ჩ----ის, მ------ ნ--------ის

ადვოკატის - მ-------- გ---------ის

მსჯავრდებულის - ლ---- ჟ-------ს მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ლ---- გ---ს ძე ჟ-------ს მიმართ, დაბადებული: 2--------- წელი, პირადი N4----------- საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, საშუალო-სპეციალური განათლებით, დაოჯახებული, მცხოვრები მისამართზე: ჩოხატაური, სოფელი გ----------–-----–ი;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. ბრალდების არსი:

 

პირის ბრალდების დადგენილების მიხედვით ლ---- ჟ-------ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა:

 

1.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ლ---- ჟ------- ხშირ შემთხვევაში სრულიად უმიზეზოდ, ხოლო ზოგჯერ საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკების საფუძველზე, თავისი არასრულწლოვანი შვილების, 2002 წელს დაბადებულ მ------ ჟ-------სა და 2007 წელს დაბადებულ გ------- ჟ-------ს თანდასწრებით, სისტემატურად შეურაცხყოფდა და ამცირებდა თავის მეუღლეს ნ---- გ--------ეს, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ თანაცხოვრების პერიოდში სისტემატურად მიმართავდა შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი სიტყვებით, აგინებდა და აფურთხებდა, რაც დაზარალებულის მორალურ ტანჯვას იწვევდა.

 

1.2. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ’’ ქვეპუნქტით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ლ---- ჟ------- ხშირ შემთხვევაში სრულიად უმიზეზოდ, ხოლო ზოგჯერ საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკების საფუძველზე, თავისი არასრულწლოვანი შვილების, 2002 წელს დაბადებულ მ------ ჟ-------სა და 2007 წელს დაბადებულ გ------- ჟ-------ს თანდასწრებით სისტემატურად ფიზიკურად ძალადობდა თავის მეუღლეზე ნ---- გ--------ეზე, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ თანაცხოვრების პერიოდში, სცემდა ხელებისა და ფეხების, სხეულის სხვადასხვა ადგილებში დარტყმით, რაც ამ უკანასკნელის ფიზიკურ ტკივილს იწვევდა. მათ შორის 2017 წლის 7 და 8 დეკემბერს საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკების საფუძველზე სცემა ნ---- გ--------ე, რამაც ფიზიკური ტკივილი მიაყენა დაზარალებულს, ხოლო 14 დეკემბერს ეჭვიანობის ნიადაგზე ფეხი ჩაარტყა გულმკერდის არეში, რამაც ასევე ძლიერი ფიზიკური ტკივილი მიაყენა ნ---- გ--------ეს.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ლ---- ჟ-------მ ჩაიდინა:

 

2.1 ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ,2.2. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 დეკემბრის განაჩენით ლ---- ჟ-------ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126–ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ’’ ქვეპუნქტით გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126–ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

ლ----ი ჟ------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126–ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახით განესაზღვრა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126–ე მუხლის პირველი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ასოთხმოცი) საათის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, მსჯავრდებულ ლ---- ჟ-------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.

 

მსჯავრდებულ ლ---- ჟ-------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 18 დეკემბრიდან 2017 წლის 25 დეკემბრამდე.

 

3. სააპელაციო საჩივრის მოტივები:

 

აპელანტი - ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი შ----- ჩ----ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება შევიდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 დეკემბრის განაჩენში, ლ---- ჟ------- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, სსკ-ის 111126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ’’ ქვეპუნქტით და განესაზღვროს კანონით გათვალისწინებული სასჯელი, შემდეგ მოტივებზე მითითებით:

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენს საფუძვლად დაუდო ის გარემოებები, რომ განსახილველ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ლ---- ჟ-------ს მხრიდან არასრულწლოვნების თანდასწრებით მეუღლის სისტემატური ცემისა და სხვაგვარი ძალადობის განხორცილების ფაქტები, რომ აღნიშნული ეფუძნება მხოლოდ ვარაუდს და ეჭვს, შესაბამისად, სასამართლომ ლ---- ჟ-------ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 111126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ’’ ქვეპუნქტიდან გადააკვალიფიცირა ამავე მუხლის პირველ ნაწილზე. ბრალდების მხარეს განაჩენი კვალიფიკაციის შეცვლის ნაწილში მიაჩნია უკანონოდ და დაუსაბუთებლად, ვინაიდან ლ---- ჟ-------ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 111126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ’’ ქვეპუნქტით, უტყუარად არის დადასტურებული საქმეში წარმოდგენილ და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულ ნ---- გ--------ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების: მ------ ჟ-------ს, გ------- ჟ-------ს, გ--- ჟ-------ს გამოკითხვის ოქმებით, შესაბამისად, სასამართლომ სწორად არ შეაფასა საქმეში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.

 

პროკურორის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

 

აპელანტს - ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორს შ----- ჩ----ეს, რომელმაც დაუჭირა მხარი წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;

 

მსჯავრდებულ ლ---- ჟ-------ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს მ-------- გ---------ეს, რომლემაც არ მხარი დაუჭირეს პროკურორის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოსაზრებებიმ შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებულ განაჩენი ლ---- ჟ-------ს მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაცვის მხარეს საქმეში წარმოდგენილი ბრალდების მხარის არცერთი მტკიცებულება სადაოდ არ გაუხდია და ორივე მხარე სრულად დაეთანხმა წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეულ მტკიცებულებებს, კერძოდ:

 

დაზარალებულ ნ---- გ--------ის დაკითხვის ოქმით ირკვევა, რომ ცხოვრობდა მეუღლესთან ლ---- ჟ-------სთან, შვილებთან - 15 წლის მ------ ჟ-------სთან და 10 წლის გ------- ჟ-------სთან, ასევე მამამთილ გ--- ჟ-------სთან ერთად. ლ---- ჟ-------სთნ რეგისტრირებულ ქორწინებაშია 2001 წლიდან, დაახლოებით 10 წელია მეუღლეებს აქვთ დაძაბული ურთიერთობა, ლ---- ჟ------- მას სრულიად უმიზეზოდ სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამცირებდა და აფურთხებდა კიდეც, ასევე ძალადობდა მასზე ფიზიკურად, კერძოდ, ცემდა ხელებითა და ფეხებით, ხშირ შემთხვევაში აღნიშნულს ესწრებოდნენ მათი არასრუწლოვანი შვილებიც, მის მიმართ განხორციელებულ ძალადობას ასევე ხედავდა მისი მამამთილი, გ--- ჟ-------ც. აღნიშნული ძალადობით იგი იღებდა დაზიანებებს, განიცდიდა ტანჯვას, თუმცა ამ 10 წლის განმავლობაში რამე მძიმე დაზიანება არ მიუღია და არც სამართალდამცველებისთვის მიუმართავს.

 

დაზარალებულის განმარტებით, 2017 წლის 07 დეკემბერს, დაახლოებით 21:30 საათზე, ყველანი სახლში იმყოფებოდნენ, მამამთილი გ--- ჟ------- უკვე დაწოლილი იყო. საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის გამო, ლ---- ჟ-------მ მას მარჯვენა გაშლილი ხელი დაარტყა სახის არეში, რის გამოც განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულს ესწრებოდა მათი ვაჟიშვილი გ------- ჟ-------, შემდეგ ტელევიზორის გამორთვასთან დაკავშირებით მომხდარი შელაპარაკების გამო, ლ---- ჟ-------მ სამჯერ ძლიერად ჩაარტყა მუშტი თავის არეში, ასევე აგინებდა დედის მისამართით, ეძახდა უნამუსოს და უზრდელს. მუშტის თავის არეში ჩარტყმით მან განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, დაიწყო ყვირილი და ითხოვდა შველას, ხმაურზე გამოვიდა მამამთილი გ--- ჟ------- და მან გააშველა ისინი, ამ ფაქტს შეესწრო შვილი, გ------- ჟ-------, ხოლო ქალიშვილი მ------ ჟ------- ამ ფაქტს არ შესწრებია, რადგან იგი იწვა.

 

აღნიშნულის შემდეგ, მეორე დღეს, 08 დეკემბერს გადაწყვიტა პოლიციაში განეცხადებია მომხდარის შესახებ, ამ მიზნით იგი წავიდა სახლიდან, თუმცა გზაში შეხვდა სკოლიდან მომავალი მისი ქალიშვილი მ------ი და გადაიფიქრა პოლიციაში მისვლა, ვინაიდან შეეცოდა მისი შვილები და მობრუნდა სახლში. 08 დეკემბერს, სახლში მისულს, მეუღლემ, ლ---- ჟ-------მ ისევ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ,,რატომ წადი პოლიციაშიო’’, ეძახდა დამამცირებელ სიტყვებს და ერთხელ ჩაარტყა მარჯვენა ფეხი მუცლის არეში, რა დროსაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, აღნიშნულს შეესწრო გ--- ჟ-------, რომელიც მიეხმარა მას და გაიყვანა გარეთ, ხოლო შვილები ამ ფაქტს არ შესწრებიან, თუმცა ლანძღვა-გინების ხმა ესმოდათ, ვინაიდან სახლში იმყოფებოდნენ.

 

დაზარალებულის განმარტებით ასევე ირკვევა, რომ 2017 წლის 14 დეკემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, იგი გადასული იყო მეზობელთან, მისი კუთვნილი ტელეფონი კი სახლში ჰქონდა დატოვებული, დაახლოებით 14:00 საათზე, იგი დაბრუნდა სახლში, როგორც გაიგო, მისმა მეუღლემ ტელეფონში ნახა მისი სასიყვარულო მიმოწერა მამაკაცთან, რომელიც გაიცნო სოციალურ ქსელში, აღნიშნულის გამო ლ---- ჟ-------მ იეჭვიანა, გაბრაზდა, გაიქცა მისი ბიძაშვილის ნ---- ჟ-------ს სახლში, რათა ყველასთვის ეჩვენებინა ნანახი მიმოწერა, სადაც სამზარეულოში ნ---- გ--------ეს ჩაარტყა ფეხი გულმკერდის არეში, რის შედეგადაც მან განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და დაკარგა გონება. ამ ფაქტთან დაკავშირებით ნ---- გ--------ეს არ მიუმართავს სამედიცინო დაწესებულებისათვის, იგი წამოვიდა სახლიდან, მივიდა მეუღლის დეიდასთან ლ------ კ----------ესთან, მას მოუყვა მომხდარის შესახებ და მასთან დარჩა ღამე, ხოლო მეორე დილით, 15 დეკემბერს კი წავიდა თბილისში ნათესავთან ი--- მ-------ესთან. 17 დეკემბერს იგი მოთავსებულ იქნა კლინიკაში, ვინაიდან ხშირად კარგავდა გონებას.

 

არასრულწლოვანი მოწმის, მ------ ჟ-------ს დაკითხვის ოქმით ირკვევა, რომ მისი მშობლები ლ---- ჟ------- და ნ---- გ--------ე 16 წელია შეუღლებულები არიან, დაახლოებით 6 წელია მათ შორის არსებობს დაძაბულობა, რაც გამოიხატება სიტყვიერ შელაპარაკებაში, ბოლო 3 წელია კი ისინი სისტემატურად ჩხუბობენ, კონფლიქტის მიზეზია საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წამოჭრილი პრობლემები, ყოველი კონფლიქტის დროს მამა უწმაწური სიტყვებით აგინებდა დედას და ეძახდა დამამცირებელ სიტყვებს, მშობლებს შორის კონფლიქტს ხშირად მათი ბაბუაც ესწრებოდა, რომელიც მათ აშველებდა და აწყნარებდა. 2017 წლის 07 დეკემბერს, დაახლოებით 21:30 საათზე იწვა თავის საძინებელ ოთახში, მაგრამ არ ეძინა, დედა, მამა და ძმა იყვნენ საერთო ოთახში და უყურებდნენ ტელევიზორს, ხოლო ბაბუას ეძინა. აღნიშნულ პერიოდში შემოესმა მისი ძმის ტირილი და მშობლების ყვირილის ხმა, გავიდა მათ სამყოფ ოთახში და ნახა, რომ დედა სამზარეულო ოთახში უგონოდ იწვა იატაკზე, მივარდა მას, დედა მალევე მოვიდა გონს, მოწმის განმარტებით, იგი აპირებდა 112-ში დარეკვას, თუმცა დედამ არ დართო ნება, რაც შეეხება ბაბუას, იგი ოთახში როდის შემოვიდა, მას არ დაუნახავს. ამ დღეს მშობლებმა რის გამო იჩხუბეს, იგი არ შესწრებია, აღნიშნულს შეესწრო მისი ძმა გ------- და სწორედ ძმისგან და დედისგან გაიგო, რომ მამას დედისთვის ერთხელ დაურტყამს ხელი სახის არეში და რამდენჯერმე ჩაურტყამს თავში მუშტი. მეორე დღეს დედა და მამას ერთმანეთში არ უსაუბრიათ.

 

რაც შეეხება 2017 წლის 14 დეკემბრის ეპიზოდს, მოწმის განმარტებით, ის და მისი ძმა იმყოფებოდნენ სკოლაში, როგორც მოგვიანებით გაიგო მამისგან, მან დედის ტელეფონში ნახა უცხო მამაკაცისადმი მიწერილი სასიყვარულო შეტყობინებები, რის გამოც მოსვლიათ კონფლიქტი, რა დროსაც დედა წავიდა სახლიდან.

 

არასრულწლოვანი მოწმის, გ------- ჟ-------ს დაკითხვის ოქმით ირკვევა, რომ მშობლები: ლ---- ჟ------- და ნ---- გ--------ე 16 წელია შეუღლებულები არიან, მათ ოჯახში ხშირად არის კონფლიქტი, მამა ხშირად საყვედურობს დედას საოჯახო საქმეებთან დაკავშირებით, აგინებს მას უწმაწური სიტყვებით, ის და მისი და, მ------ი, ასევე ბაბუა ხშირად შესწრებიან მშობლების ჩხუბს, ცდილობდნენ მამის დაწყნარებას. 2017 წლის 7 დეკემბერს, 21:30 საათზე, მშობლებთან ერთად იმყოფებოდა მისაღებ ოთახში და უყურებდა ტელევიზორს, რა დროსაც საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის გამო, მამამ დედას ერთხელ გაარტყა სახის არეში გაშლილი ხელი და დაუწყო გინება, შემდეგ ერთმანეთში დაიწყეს ხმამაღალი საუბარი, რა დროსაც მამამ დედას კვლავ ჩაარტყა მუშტი თავის არეში, აღნიშნულის გამო მან დაიწყო ტირილი და თხოვდა მამას შეეწყვიტა ჩხუბი, რის შემდეგაც მამა გავიდა სახლიდან, ხოლო დედა კი გავიდა სამზარეულოში. მომხდარის გამო თავისი საძინებელი ოთახიდან გამოვიდა მისი და, მ------ი, რომელიც გავიდა სამზარეულოში ამბის გასაგებად, რა დროსაც შემოესმა მისი ყვირილი, დედა გონწასული იწვა იატაკზე, მაგრამ მალე მოვიდა გონს. მ------ს სურდა 112-ში დარეკვა, თუმცა დედამ ამის ნება არ დართო. თუ როდის გაიღვიძა ბაბუამ და როდის შემოვიდა ოთახში, მოწმეს არ ახსოვს. ამის შემდეგ დედამ დაიძინა მათთან ერთად. მეორე დილას დედ-მამას ერთმანეთში არ უსაუბრიათ და შესაბამისად, მათ შორის კონფლიქტიც არ მომხდარა.

 

მოწმის განმარტებით, 2017 წლის 14 დეკემბერს, ის და მისი და, მ------ი იმყოფებოდნენ სკოლაში, რა დროსაც მამას დედის ტელეფონში წაუკითხავს უცხო მამაკაცისადმი მიწერილი სასიყვარულო შეტყობინებები, რის გამოც მოსვლიათ კონფლიქტი, რის შემდეგაც დედა სახლიდან წავიდა.

 

მოწმე გ--- ჟ-------ს დაკითხვის ოქმით ირკვევა, რომ არის ლ---- ჟ-------ს მამა, მისი შვილი და ნ---- გ--------ე დაქორწინდნენ 16 წლის წინ, ქორწინებიდან რამდენიმე წლის შემდეგ მათ შორის დაიძაბა ურთიერთობა, ისინი ხშირად კამათობდნენ. 2017 წლის 07 დეკემბერს, საღამოს საათებში ჩვეულებრივ დაწვა დასაძინებლად, მალევე გააღვიძა შვილიშვილების მ------ის და გ-------ს ტირილის ხმამ, მაშინვე გავიდა სამზარეულოში, სადაც ნ---- გ--------ე იმყოფებოდა შვილებთან ერთად, მათგან გაიგო, რომ ნ----სა და ლ----ს შორის მომხდარა კონფლიქტი, ნ---- ცუდად გამხდარა, წაქცეულა სამზარეულოში და გონება დაუკარგავს. როცა იგი წამოდგა საწოლიდან, ნ---- უკვე გონზე მოსული იყო, ხოლო ლ----ი სახლიდან იყო წასული და როდის დაბრუნდა არ იცის. მოწმის განმარტებით, იგი ვერ იხსენებს 2017 წლის 08 დეკემბერს ლ----სა და ნ----ს შორის მომხდარ კონფლიქტს. რაც შეეხება 2017 წლის 14 დეკემბრის შემთხვევას, იგი იმყოფებოდა დაკრძალვაზე, სახლში დაბრუნდა შუადღის საათებში, რა დროსაც ლ----ისგან გაიგო, რომ ნ----ს ტელეფონში უნახავს მის მიერ უცხო მამაკაცისადმის მიწერილი სასიყვარულო წერილები, რაც გახდა საბოლოოდ მათი დაშორების და ნ---- გ--------ის სახლიდან წასვლის მიზეზი, თუმცა ამ დღეს მათ შორის მომხდარ კონფლიქტს იგი არ შესწრებია.

 

საქმეში წარმოდგენილი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის მიხედვით, ჩატარებული გამოკვლევების მონაცემებით ნ---- გ--------ეს 2-ჯერ აქვს მიღებული თავის მიდამოს ტრავმა, კლინიკაში შესვლამდე 10 დღით ადრე და კლინიკაში შესვლის დღეს. 10 დღის განმავლობაში რაიმე სამედიცინო ჩანაწერები წარმოდგენილი არ არის და არც სათანადო კვლევებია ჩატარებული, აღნიშნულია, რომ ჰქონდა გონების დაკარგვის ეპიზოდები, რომლებიც კლინიკაში არანაირად ინტერპრეტირებული არ არის. ექსპერტის განმარტებით, სარწმუნოდ კლინიკაში დასმულ დიაგნოზს ვერ დაადასტურებს, შესაბამისად, დაავადების ხანდაზმულობაზე და საჭირო მკურნალობის ხანგრძლივობაზე მსჯელობა წარმოდგენილი მონაცემებით შეუძლებელია.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მოტივაციას ლ---- ჟ-------ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 111126-ე მუხლის პირველი ნაწილიდან ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ’’ ქვეპუნქტზე გადმოკვალიფიცირების თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (ძალადობა) სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. მართალია ცემა არ იწვევს ჯანმრთელობის დაზიანებას, მაგრამ იგი მაინც შეიძლება ჩაითვალოს ჯანმრთელობის საწინააღმდეგო დანაშაულად. ობიექტურ მხრივ ცემა გამოიხატება ძალადობით მოქმედებაში, შედეგში (ფიზიკურ ტკივილი) და მიზეზობრივ კავშირში მოქმედებასა და შედეგს შორის. ცემა ძალადობის ერთ-ერთ სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს.

 

სხვაგვარი ძალადობა იმით განსხვავდება ცემისაგან, რომ იგი შეიძლება გამოიხატოს ერთჯერადად ძალმომრეობით აქტში (ხელის გარტყმა სახეში) ან საერთოდ არ იყოს გარტყმასთან დაკავშირებული (მაგალითად, თმებით თრევა, ხელების გადაგრეხვა და ა.შ.) ამ შემთხვევაშიც აუცილებელია მსხვერპლმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი.

 

აღნიშნული დანაშაულის შემადგენლობაში მოცემულია ძალადობის ორი ხერხი: სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა. სისტემატურია ცემა მაშინ, როდესაც იგი ჩადენილია სამჯერ მაინც, თანაც დროის ხანმოკლე ინტერვალის დაშორებით, ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი ცემით მიყენებული ფიზიკური და ფსიქიკური ტკივილი ჯერაც არაა გამქრალი და მსხვერპლის ცემა ხდება მეორედ, შემდეგ მესამედ და ა.შ. თანაც არ აქვს მნიშვნელობა ეს ქმედებები ერთიანი განზრახვით ხდება თუ ახლადაღმოცენებული განზრახვით. სხვაგვარ ძალადობაში იგულისხმება თმებით თრევა, ჩქმეტა, ერთხელ დარტყმა სხეულის სხვადასხვა ადგილას. მართალია, სხვაგვარი ძალადობის შემადგენლობას წინ არ უძღვის მითითება სისტემატურობაზე, მაგრამ სხვაგვარი ძალადობაც უმეტესად სისტემატური უნდა იყოს.

 

პალატა ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის დებულებას იმის თაობაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ლ---- ჟ-------ს მხრიდან ნ. გ--------ეზე სისტემატური ცემის ფაქტი. აქვე პალატა ყურდღებას მიაპყრობს თვით მსჯავრდებულ ლ. ჟ-------ს განმარტებას, რომ ცოლ-ქმარი ერთმანეთში კამათობდნენ, თუმცა მისი მხრიდან სისტემატურ ცემას ადგილი არ ჰქონია და სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ უდაოდ ცნობილი მტკიცებულებებითაც აღნიშნული დადასტურებას ვერ პოულობს.

 

სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს ასევე საქმეში წარმოდგენილ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომლითაც ექსპერტმა სარწმუნოდ არ მიიჩნია ნ---- გ--------ის მიმართ კლინიკაში დასმული დიაგნოზი და მიუთითა დასკვნაში, რომ დაავადების ხანდაზმულობაზე და საჭირო მკურნალობის ხანგრძლივობაზე მსჯელობა წარმოდგენილი მონაცემებით შეუძლებელი იყო. სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერებში ნ---- გ--------ის სხეულზე მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტურტი ნიშნების არსებობს შესახებ მითითებული არ იყო. პალატა ასევე ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის არგუმენტაციას იმის თაობაზე, რომ მოწმეთა ჩვენებებში, წლების განმავლობაში ძალადობის ფაქტზე მითითება არის ზოგადი და დეტალურად არ არის აღწერილი არ ვითარებაში ჰქონდა ქმედებების ჩადენას ადგილი, რაც აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ქმედების სისტემატური ცემის ან სხვაგვარი ძალადობით კვალიფიკაცისათვის.

 

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ ლ---- ჟ-------ს ქმედება არ შეიცავს საქართველოს სსკ-ის 111126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ნიშნებს, რის გამოც ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენს მსჯავრდებულის ქმედების საქართველოს სსკ-ის 111126-ე პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირების თაობაზე.

 

რაც შეეხება, ლ---- ჟ-------ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ) წარდგენილ ბრალდებას, აღნიშნული გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით და ამ ნაწილში განაჩენი არც ბრალდების მხარის მიერაა სადაოდ გამხდარი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ლ---- ჟ-------ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ შ----- ჩ----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 დეკემბრის განაჩენი ლ---- ჟ-------ს მიმართ დარჩეს უცვლელი:

 

ლ---- ჟ-------ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11,1126–ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ’’ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126–ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

ლ---- ჟ------- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126–ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126–ე მუხლის პირველი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ასოთხმოცი) საათის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 (ორი) წელი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, მსჯავრდებულ ლ----ი ჟ-------ს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 (ორი) წელი.

 

მსჯავრდებულ ლ---- ჟ-------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2017 წლის 18 დეკემბრიდან 2017 წლის 25 დეკემბრამდე.

 

ლ---- ჟ-------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია. ლ---- ჟ-------ს (პ/ნ 4----------) მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ფარგლებში, ყადაღადადებული გ---- მ-------–---–ის (პ/ნ 4----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, კერძოდ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა დაზუსტებული ფართობით 4-----------. მდებარე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გ----------–-----–ში საკადასტრო კოდი 2----------- გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში.

 

პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების გაწევა დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე