განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.05.2019
საქმის ნომერი
330210018002659823
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
20.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210018002659823

საქმე №2ბ/2313-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

20 მაისი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მაია სულხანიშვილი

 

განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტი - გ------ი ჩ--–---–---–ი

წარმომადგენელი - ლ---------------------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე - თ-------- ჩ----ა

წარმომადგენელი - ლ--–--–---–------

 

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2019 წლის 29 იანვრის განჩინება

 

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

 

1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის დაბრუნება პირველი ინსტანციის სასამართლოში არსებითად განსახილველად

 

2. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა დასკვნებზე მითითება: თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო თ-------- ჩ----ას სარჩელი დაკმაყოფილდა. გ------ი ჩ--–---–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი თბილისი, რ----------–---–-------------, დაზუსტებული ფართობი 336.00 კვ.მ., შენობა-ნაგებობა №1 ფართით 58,73 კვ.მ. და მშენებარე ნაგებობა №2 (ს/კ 0---------------) და აღნიშნული უძრავი ნივთი თ-------- ჩ----ას გადაეცა გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2018 წლის 4 ოქტომბერს სარჩელით მიმართა თ-------- ჩ----ამ მოპასუხე გ------ი ჩ--–---–---–ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა - გ------ი ჩ--–---–---–ის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქი თბილისი, რ----------–---–--------------ში, დაზუსტებული ფართობი 336.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობა №1 ფართით 58,73 კვ.მ. და მშენებარე ნაგებობა №2 (ს/კ 0---------------) გამოთხოვა და მოსარჩელისთვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა.

 

2.2. სარჩელი განსახილველად იქნა მიღებული და გ------ი ჩ--–---–---–ს სარჩელი თანდართული მასალებით გაეგზავნა სარჩელში მითითებულ მისამართზე, თუმცა ჩაბარება ვერ მოხერხდა. სასამართლოს 2018 წლის 8 ნოემბრის განჩინებით მოპასუხისათვის სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარება დაევალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სამმართველოს. 2018 წლის 30 ნოემბრის მომართვიდან და მასზედ თანდართული ხელწერილით ირკვევა, რომ გ------ი ჩ--–---–---–ს გზავნილი ჩაბარდა პირადად 2018 წლის 29 ნოემბერს. შესაგებლის წარმოსადგენად მოპასუხეს განსაზღვრული ჰქონდა 10 დღის ვადა. ამასთან, მოპასუხე გ------ი ჩ--–---–---–ს განემარტა შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარმოუდგენლობის სამოქალაქო საპროცესო კანონით გათვალისწინებული შედეგები. ვინაიდან შესაგებლის წარმოდგენისთვის განსაზღვრული ბოლო ვადა - 2018 წლის 9 დეკემბერი, იყო დასვენების დღე (კვირა), მოპასუხე უფლებამოსილი იყო შესაგებელი წარმოედგინა 2018 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით. გ------ი ჩ--–---–---–ის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოში პასუხი (შესაგებელი) არ იქნა წარდგენილი 10 (ათი) დღის ვადაში და არც შესაგებლის წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებია მას სასამართლოსთვის.

 

2.3. შესაგებლის დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობის საფუძვლით, სასამართლომ 2018 წლის 13 დეკემბერს მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც თ-------- ჩ----ას სარჩელი უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების (მდებარე ქალაქი თბილისი, რ----------–---–-------------, დაზუსტებული ფართობი 336.00 კვ.მ., შენობა-ნაგებობა №1 ფართით 58,73 კვ.მ. და მშენებარე ნაგებობა №2 (ს/კ 0---------------) გ------ი ჩ--–---–---–ისაგან გამოთხოვის თაობაზე დაკმაყოფილდა, ხოლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გ------ი ჩ--–---–---–ს ასევე დაეკისრა თ-------- ჩ----ას სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 60 (სამოცი) ლარის ოდენობით.

 

2.4. 2018 წლის 13 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე გ------ი ჩ--–---–---–მა საჩივარი წარადგინა სასამართლოში 2018 წლის 24 დეკემბერს. გ------ი ჩ--–---–---–ის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე საჩივარს მხარი დაუჭირა და მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება. თ-------- ჩ----ას წარმომადგენელმა საჩივარს მხარი არ დაუჭირა და მოითხოვა უარი ეთქვას საჩივრის ავტორს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. სასამართლომ განიხილა საჩივარი და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიიჩნია, რომ საჩივარი უსაფუძვლო იყო და არ დააკმაყოფილა იგი.

 

დასკვნები გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.5. გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 232I-ე მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. იმის გამო, რომ მოპასუხემ დადგენილ ვადაში შესაგებელი არ წარმოადგინა, სასამართლომ საქართველოს სსკ-ის 232I-ე მუხლით სარჩელში მითითებული გარემოებები დამტკიცებულად მიიჩნია და იმსჯელა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძვლებზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-172-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებდნენ სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან, არ არსებობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რის გამოც მიღებული უნდა იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

საქმის მასალებით დგინდება, რომ მოპასუხეს სარჩელი და თანდართული მასალები ჩაბარდა პირადად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, ასევე ეცნობა შესაგებლის წარმოდგენის ვადა და მისი წარმოუდგენლობის შედეგები, თუმცა მოპასუხეს შესაგებელი მითითებულ ვადაში არ წარმოუდგენია და არც საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის, შესაბამისად 2018 წლის 13 დეკემბერს მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ხოლო 2018 წლის 24 დეკემბრის საჩივრით ავტორმა მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება, თუმცა საჩივრის განსახილველ სასამართლო სხდომაზე საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა, რომ შესაგებლის წარმოუდგენლობა განპირობებული იყო საპატიო მიზეზით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის 11 ნაწილის შესაბამისად თუ საჩივრის განხილვის შედეგად აღმოჩნდება, რომ ამ კოდექსის 2321 მუხლის შესაბამისად გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს იმ საფუძვლით, რომ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, სასამართლო განჩინებით აუქმებს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას და მოპასუხეს აღუდგენს პასუხის (შესაგებლის) წარდგენისათვის ამ კოდექსის 201-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ ვადას. ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

 

დასახელებული საკანონმდებლო ნორმის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ ავადმყოფობის გამო შესაგებლის წარმოუდგენლობა წარმოადგენს საპატიო მიზეზს, თუმცა აღნიშნულის დადასტურება უნდა მოხდეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით. საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ შესაგებლის წარმოუდგენლობა მოხდა მისი ავადმყოფობის გამო, თუმცა საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რაც აღნიშნულ გარემოებას დაადსტურებდა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა გარემოებანი, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო.

 

2.6. 2019 წლის 27 თებერვალს გ------ი ჩ--–---–---–მა დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების მოთხოვნით წარმოადგინა სააპელაციო საჩივარი.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა მისი ახსნა-განმარტება მასზედ, რომ სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარების მომენტისათვის იგი იმყოფებოდა შეუძლოდ, ვინაიდან სწორედ ამის გამო ვერ წარმოადგინა შესაგებელი დადგენილ ვადაში და განმარტა, რომ იმყოფებოდა ავად, მწოლიარე მდგომარეობაში, თუმცა ექიმისთვის არ მიუმართავს.

 

4. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სარჩელის განსახილველად მიღების შემდგომ გ------ი ჩ--–---–---–ს სარჩელი თანდართული მასალებით გაეგზავნა სარჩელში მითითებულ მისამართზე, თუმცა ჩაბარება ვერ მოხერხდა. სასამართლოს 2018 წლის 8 ნოემბრის განჩინებით მოპასუხისათვის სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარება დაევალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სამმართველოს. 2018 წლის 30 ნოემბრის მომართვიდან და მასზედ თანდართული ხელწერილით ირკვევა, რომ გ------ი ჩ--–---–---–ს გზავნილი ჩაბარდა პირადად 2018 წლის 29 ნოემბერს. შესაგებლის წარმოსადგენად მოპასუხეს განსაზღვრული ჰქონდა 10 დღის ვადა. დადგენილია ასევე, რომ მოპასუხე გ------ი ჩ--–---–---–ს განემარტა შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარმოუდგენლობის სამოქალაქო საპროცესო კანონით გათვალისწინებული შედეგები. ვინაიდან შესაგებლის წარმოდგენისთვის განსაზღვრული ბოლო ვადა - 2018 წლის 9 დეკემბერი, იყო დასვენების დღე (კვირა), მოპასუხე უფლებამოსილი იყო შესაგებელი წარმოედგინა 2018 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით. გ------ი ჩ--–---–---–ის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოში პასუხი (შესაგებელი) არ იქნა წარდგენილი 10 (ათი) დღის ვადაში და არც შესაგებლის წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებია მას სასამართლოსთვის.

 

4.2. პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო 70.1 მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. იმავე კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. 74-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

 

დადგენილია, რომ მოპასუხეს სასამართლოს მიერ შესაგებლის წარმოსადგენად განესაზღვრათ 10 (ათი) დღის ვადა, თუმცა მან საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა გაუშვა და არ წარმოუდგენია შესაგებელი, რის გამოც პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულად. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით კი, პალატა თვლის, რომ მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო პირველი ინსტანციის რაიონულმა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება სწორად და სამართლიანად გამოიტანა.

 

4.2. პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ აპელანტთა მიერ შესაგებლის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა საპატიო მიზეზით არ ყოფილა გამოწვეული.

 

პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება ეფუძნება შეჯიბრებითობის პრინციპს, რაც იმას გულისხმობს, რომ მხარეები თავადვე განსაზღვრავენ, თუ როგორ უნდა დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, რა მტკიცებულებებით უნდა დაადასტურონ მტკიცების საგანში შემავალი მათთვის სასურველი ფაქტები. განსახილველ შემთხვევაში აპელანტმა განმარტა, რომ მის მიერ შესაგებლის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით - სასამართლოში დავის მიმდინარეობის არცოდნით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ფაქტობრივ გარემოებათა მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას, თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.

 

საქმის მასალებით დგინდება, რომ სარჩელი თანდართული მასალებით კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა მხარეს და განესაზღვრათ ვადა შესაგებლის წარმოსადგენად, თუმცა მის მიერ შესაგებელი არ ყოფილა წარმოდგენილი, გ------ი ჩ--–---–---–ის მიერ შესაგებლის ვადაში წარუდგენლობის საპატიოობის მადასტურებლად მითითებული გარემოება - ავადმყოფობა კი არ დგინდება, გარდა მისი ზეპირსიტყვიერი განმარტებისა. სათანადო და შესაბამისი მტკიცებულების წარმოდგენა კი საჩივრის ავტორს ევალდებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების ტვირთის ფარგლებში. ამდენად, საჩივრის ავტორის მხოლოდ ზეპირი მითითება, რომ იმყოფებოდა შეუძლოდ, მწოლიარე მდგომარეობაში, ვერ გახდება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, ვინაიდან საქმის მასალებით არ დგინდება მოპასუხე მხარის მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზის არსებობის ფაქტი.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის გამო არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ------ი ჩ--–---–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2019 წლის 29 იანვრის განჩინება.

 

3. სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს 21 დღის ვადაში განჩინების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების 32), თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრიგოლ რობაქიძის 7ა) საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

მოსამართლე მაია სულხანიშვილი