განაჩენი

სისხლის სამართლის 16.07.2019
საქმის ნომერი
010100119002915686
ინსტანცია
თარიღი
16.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 010100119002915686

საქმე №1/ბ-420-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

12 ივლისი, 2019 წ. ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - მარინა სირაძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ი----- ი-----ს ძე ბ-----ის მიმართ, დაბადებული: 2---------წ. საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, მცხოვრები: დაბა ჩ----, წ-------–-ს ქ. N5, ბინა N38;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ი----- ბ-----ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 15 თებერვალს, დღის ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩ---ში, წ-------–-ს ქ. N5 მდებარე საცხოვრებელ სახლში ი----- ბ-----ემ თავისი ოჯახის წევრის მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ, ხელის არეში დარტყმებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის მეუღლეს, თ----- კ----–---–ს, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 03 მაისის განაჩენით ი----- ბ-----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ -ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვრა: თავისუფლების აღკვეთა 06 თვის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის შესაბამისად, 03 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 03 თვე, 63-ე, 64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 01 წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან 2019 წლის 16 თებერვლიდან.

 

2. სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი პ----- ც-–--–--ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება იქნეს შეტანილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 03 მაისის განაჩენში და მსჯავრდებულ ი----- ბ-----ეს დაენიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი

 

პროკურორის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარუდგენია.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

3. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ი----- ბ-----ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ი----- ბ-----ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ თ----- კ----–---–ის დაკითხვის ოქმით, მოწმეების: ნ-----–- კ----–---–ის, მ------ ნ-------ას, ხ---- ხ------ის, ჯ------- ფ----ის დაკითხვის ოქმებით, ი----- ბ-----ის დაკავების ოქმით და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ ი----- ბ-----ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადაოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.

 

ი----- ბ-----ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

სასჯელის პროპორციულობის ანუ თანაზომიერების პრინციპი სამართლებრივი სახელმწიფოს იდეიდან მომდინარეობს. დანიშნულმა სასჯელმა საზოგადოებას სამართლიანობის განცდა უნდა გაუჩინოს. ამასთანავე სასჯელი უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობის არა აბსტრაქტულ იდეას, არამედ დამნაშავის რაციონალურ, მიზანშეწონილ დასჯას, მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების გამო, რაც ხელს უწყობს დანაშაულთან ეფექტიან ბრძოლას.

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ ი----- ბ-----ის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნება; პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ მსჯავრდებულმა აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ გაუხდია სადაოდ, წარსულში არ არის ნასამართლევი, ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული და სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის განსახორციელებლად პალატას მიაჩნია, რომ ი----- ბ-----ის მიმართ დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ სასჯელის მიზნებს, რის გამოც გასაჩივრებულ განაჩენში მსჯავრდებულის მიმართ საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი არ არსებობს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პ----- ც-–--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 03 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

ი----- ბ-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის შესაბამისად, 03 (სამი) თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 03 (სამი) თვე საქართველოს სსკ-ის 63-ე,64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით, 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

ი----- ბ-----ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 16 თებერვლიდან.

 

პირობით მსჯავრდებულ ი----- ბ-----ის მიმართ ზედამხედველობა და კონტროლი განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით; მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე