განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 29.03.2019
საქმის ნომერი
330310018002292706
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
29.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310018002292706

საქმე №3ბ/2917-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

I შ ე ს ა ვ ა ლ ი

 

29 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე- მანანა ჩოხელი

 

აპელანტი - სსიპ სოციალურის მომსახურების სააგენტო

 

მოწინააღმდეგე მხარე - ნ--- მ---–---–ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება

 

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

 

II ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელესათვის, საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

2. მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია:

 

მოწინააღმდეგე მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

ნ--- მ---–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2017 წლის 1-------------ის №0------------ აქტი; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 1--------ის №0------ გადაწყვეტილება; დაევალა მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მოსარჩელე - ნ--- მ---–---–ის სასარგებლოდ ახალი აქტის გამოცემა, 2016 წლის პ------–--------------დან 2017 წლის პ------–-------------მდე პერიოდში, მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურების შესახებ.

 

3.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

დადგენილია, რომ ნ--- მ---–---–ს ასაკის საფუძვლით დანიშნული პენსიის გაცემა შეუჩერდა 2015 წლის 0-------------იდან, სააგენტოს 2015 წლის 30 ს---------ის №0------- წერილის შესაბამისად, 2015 წლის ს---------ის თვეში სს „ლიბერთი ბანკიდან“ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე (6 თვის განმავლობაში ზედიზედ ანგარიშზე აქტიური ოპერაციის განუხორციებლობა).

 

ასევე დადგენილია, რომ შეჩერებული პენსიის განახლების მოთხოვნით, ნ--- მ---–---–მა სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს (ვაკე- საბურთალო) მიმართა 2017 წლის 0-------------რს (განცხადება №7----), რის საფუძველზეც, ბენეფიციარისათვის შეჩერებული პენსიის აღდგენა განხორციელდა 2017 წლის 0-----------დან და აუნაზღაურდა 2015 წლის 0-------------იდან 2016 წლის 0-------------ამდე პერიოდში მიუღებელი პენსია.

 

2017 წლის 06 ოქტომბერს, ნ--- მ---–---–მა განმეორებით მიმართა (განცხადება №8----) სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს (ვაკე- საბურთალო), რომლითაც მოითხოვა მისი პენსიის შეჩერების მიზეზების გარკვევა, შესაბამისად მიუღებელი პენსიის ანაზღაურება.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2017 წლის 1-------------ის №0------------ წერილით ნ--- მ---–---–ს ეცნობა, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის მე-8 მუხლის 1 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პენსიის გაცემა შეჩერდება ქვემოთ ჩამოთვლილი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან: ა) „პენსიონერის მიერ ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობა, ანუ როდესაც არ ხდება მისი კუთვნილი ანგარიშიდან თანხის გატანა ზედიზედ 6 თვის განმავლობაში. ასევე, იმ გარემოებების არსებობა, როდესაც საპენსიო ანგარიშებიდან თანხები გაიცემა მინდობილობით და მინდობილობის გაცემიდან 1 წლის გასვლის შემდეგ არ მომხდარა მინდობილობის განახლება. აგრეთვე, ისეთი გარემოებების არსებობა, როდესაც პირი ახორციელებს პენსიის დეპოზიტზე გადატანას და 1 წლის გასვლის შემდეგ პირადად არ მიუმართავს პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულებისათვის შესაბამისი განცხადებით“. ამავე წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შეჩერებული პენსია განახლდება განახლების თაობაზე განცხადების წარდგენის მომდევნო თვის 1 რიცხვიდან და ანაზღაურდება მიუღებელი თანხა წარსული დროისთვის, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა პენსიის შეჩერების დღიდან.

 

„ლიბერთი ბანკის“ 2015 წლის ს---------ის თვეში მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე იმ მოტივით, რომ ზედიზედ 6 თვის განმავლობაში ნ--- მ---–---–ის მიერ არ განხორციელდა აქტიური საბანკო ოპერაცია, შეუჩერდა პენსიის დარიცხვა 2015 წლის 0-------------იდან. ასევე ეცნობა, რომ შეჩერებული პენსიის განახლების თაობაზე სერვის ცენტრს მიმართა 2017 წლის 0------------რს №7---- განცხადებით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სახელმწიფო გასაცემლის აღდგენა განხორციელდა 2017 წლის ნოემბრიდან და აუნაზღაურდა მიუღებელი პენსია 2015 წლის 0--------------იდან 2016 წლის 0-------------ამდე.

 

2017 წლის 14 ნოემბერს ნ--- მ---–---–მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის (ვაკე-საბურთალო) 2017 წლის 1-------------ის №0------------ გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა იმ ნაწილში, სადაც წერია, რომ მას აუნაზღაურდება მხოლოდ 2015 წლის 0-------------იდან 2016 წლის 0-------------ამდე მიუღებელი პენსია, ხოლო არ აუნაზღაურდება 2016 წლის 0--------------იდან 2017 წლის 0--------------ამდე თანხა. ნ--- მ---–---–მა ასევე მოითხოვა 2016 წლის 0-------------იდან 2017 წლის 0-------------ამდე პერიოდში მიუღებელი პენსიის ანაზღაურება, ჯამში 4 320 ლარის ოდენობით.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 1--------ის №0------ გადაწყვეტილებით ნ--- მ---–---–ს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

 

3.3 დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის

„დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

ამრიგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2017 წლის 1-------------ის №0------------ წერილი და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 1---------ის №0------ გადაწყვეტილება შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მათი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. ამრიგად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან მოსარჩელის მოთხოვნა - მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მოსარჩელე ნ--- მ---–---–ის სასარგებლოდ დაევალოს ახალი აქტის გამოცემა, 2016 წლის პირველი ოქტომბრიდან 2017 წლის პირველ ო----------მდე პერიოდში მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურების შესახებ.

 

სასამართლომ მიუთითა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონზე (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს კანონი არეგულირებს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტის და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს.

 

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ეს კანონი ვრცელდება: ა) საქართველოს მოქალაქეებზე; ბ) საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებზე; გ) პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადების შეტანის მომენტისათვის ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერ საფუძველზე მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე.

 

აღნიშნული კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის - 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან.

 

სასამართლომ მიუთითა ასევე „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესი (დანართი №1).

 

მითითებული წესის მე-2 მუხლის თანახმად, პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ახდენს პენსიის დანიშვნას, მისი გაცემის ორგანიზებას, შეჩერებას, განახლებას, შეწყვეტას და გადაანგარიშებას, აგრეთვე პენსიის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირებას და კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად.

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო პენსიის/ საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის მე-8 მუხლით განსაზღვრულია პენსიის შეჩერებისა და განახლების საფუძვლები. კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პენსია შეჩერდება მითითებული საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან: პენსიონერის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობის, ანუ როდესაც არ ხდება მისი კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან თანხის გატანა ზედიზედ 6 თვის განმავლობაში.

 

ანალოგიურ დათქმას ითვალისწინებს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი: პენსია (მხოლოდ ფულადი სარგებელი) შეჩერდება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან პირის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობისას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პენსია (მხოლოდ ფულადი სარგებელი) განახლდება მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და ანაზღაურდება მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა პენსიის შეჩერების დღიდან ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − პენსიონერის მიერ კომპეტენტური ორგანოსთვის პენსიის განახლების თაობაზე განცხადების წარდგენის შემდეგ.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნ--- მ---–---–ს ასაკის საფუძვლით დანიშნული პენსიის გაცემა შეუჩერდა 2015 წლის 1--------------დან, სააგენტოს 2015 წლის 30 ს---------ის №0------- წერილის შესაბამისად, 2015 წლის ს---------ის თვეში სს „ლიბერთი ბანკიდან“ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე (6 თვის განმავლობაში ზედიზედ ანგარიშზე აქტიური ოპერაციის განუხორციებლობა).

 

ასევე დადგენილია, რომ შეჩერებული პენსიის განახლების მოთხოვნით, ნ--- მ---–---–მა სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს (ვაკე- საბურთალო) მიმართა 2017 წლის 0-------------რს (განცხადება №7----), რის საფუძველზეც, ბენეფიციარისათვის შეჩერებული პენსიის აღდგენა განხორციელდა 2017 წლის 0-----------დან და აუნაზღაურდა 2015 წლის 0-------------იდან 2016 წლის 0-------------ამდე პერიოდში მიუღებელი პენსია.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ შეფასდა არსებობს თუ არა მოსარჩელისათვის შეჩერების პერიოდში მიუღებელი პენსიის 2016 წლის 0-------------იდან 2017 წლის 0-------------ამდე ანაზღაურების საფუძვლები.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ კანონით განსაზღვრული სახელმწიფო პენსიის გაცემის შეჩერება-შეწყვეტის საფუძვლები წარმოადგენენ კონკრეტული პირის მიმართ სახელმწიფო გასაცემლის შეჩერება-შეწყვეტის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის პირობას და არა თავად ინდივიდუალურ აქტებს. ის გარემოება, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის დანაწესის თანახმად, პენსია შეჩერდება კანონით გათვალისწინებული შეჩერების ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, არ ნიშნავს იმას, რომ კანონით გათვალისწინებული შეჩერების საფუძვლის წარმოშობის შემთხვევაში არ არსებობს სახელმწიფო პენსიის შეჩერების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საჭიროება. ამდენად, სახელმწიფო გასაცემელთან დაკავშირებით ურთიერთობის შინაარსის კონკრეტულად განსაზღვრა ხდება ინდივიდუალური აქტის გამოცემით.

 

სასამართლომ განმარტა, რომ პირის უფლებებისა და მოვალეობების დაწესების, შეცვლის, შეწყვეტის ან დადასტურებისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის მომზადება, გამოცემა და აღსრულება, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტა უკავშირდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული პროცედურის ჩატარებას, თუ სპეციალური კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აქტის გამოცემის პროცესში დაიცვას ამ კოდექსით დადგენილი, მოცემულ შემთხვევაში მარტივი ადმინისტრაციული წარმოების მოთხოვნები, როგორიცაა წარმოებაში დაინტერესებული მხარის მონაწილეობის უზრუნველყოფა, საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა და სხვ. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ნოემბრის №ბს-575-572(კ-17) გადაწყვეტილება).

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არ არის წარმოდგენილი სახელმწიფო პენსიის გაცემის შეჩერებისა შესახებ მიღებული აქტი და მისი მოსარჩელისათვის გადაცემის ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნის დამადასტურებელი მტკიცებულება. სახელმწიფო პენსიის გაცემის შეჩერების თაობაზე მხოლოდ 2017 წლის 1------------რს გაეგზავნა ინფორმაცია მოსარჩელე მხარეს.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნი, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს თავის დროზე რომ ჩაეტარებინა ადმინისტრაციული წარმოება და მოეწვია ნ--- მ---–---–ი, ცნობილი გახდებოდა, რომ ეს უკანასკნელი არ იღებდა პენსიას სს „ლიბერთი ბანკიდან“ და არ ხდებოდა თანხის გადარიცხვა ავტომატურად მოსარჩელის მიერ სს „ლიბერთი ბანკისთვის“ მიწოდებული ანაბრების ანგარიშებზე.

 

ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, პენსიის შეჩერების პერიოდში რომ მომხდარიყო მოსარჩელის ინფორმირება პენსიის გაცემის შეჩერებასთან და შეჩერების მიზეზთან დაკავშირებით, დროულად მოხდებოდა აღნიშნული შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრა და შესაბამისად მოსარჩელეს დაერიცხებოდა პენსია.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე მხარისათვის არ იყო ცნობილი სახელმწიფო პენსიის შეჩერების თაობაზე, კანონსაწინააღმდეგოა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2017 წლის 1-------------ის №0------------ წერილი, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და განსახილველ შემთხვევაში ადგილი აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევას, რის გამოც არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 1--------ის №0------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც ნ--- მ---–---–ს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

 

ამდენად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს

2018 წლის 1--------ის №0------ გადაწყვეტილება.

 

რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხისათვის 2016 წლის პ------–--------------დან 2017 წლის პ------–-------------მდე პერიოდში მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურების შესახებ, სასამართლომ განმარტა, რომ იმ პირობებში, როდესაც მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუცია ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი მოსარჩელის მიმართ სახელმწიფო პენსიის შეჩერებასთან დაკავშირებით, ასევე, არ ჩატარებულა ადმინისტრაციული წარმოება და მხარისათვის არ იყო ცნობილი აღნიშნული გარემოების შესახებ, სასამართლოს მიაჩნია, რომ უკანონოა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ქმედება სადაო პერიოდში პენსიის დარიცხვის შეჩერებასთან დაკავშირებით.

 

შესაბამისად იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე - ნ--- მ---–---–ს, 2015 წლის 0-------------იდან შეუჩერდა სახელმწიფო პენსიის ჩარიცხვა, ხოლო დარიცხვა განუახლდა 2017 წლის 0-----------დან. ამასთან, მოსარჩელეს აუნაზღაურდა შეჩერების პერიოდში 2015 წლის 0-------------იდან 2016 წლის 0-------------ამდე მიუღებელი პენსია, ხოლო უარი ეთქვა შეჩერების პერიოდში 2016 წლის 0-------------იდან 2017 წლის 0-------------ამდე მიუღებელი სახელმწიფო პენსიის გაცემაზე, რაც ექვემდებარება ანაზღაურებას მოპასუხე მხარის მხრიდან.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურების თაობაზე 2016 წლის 0-------------იდან 2017 წლის 0-------------ამდე.

 

4. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლებრივად დაუსაბუთებელია და ეწინააღმდეგება კანონს, კერძოდ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი რომელიც უნდა გამოეყენებინა, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 6.3 მიუთითა, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ არ განხორციელადა ნ--- მ---–---–ის საქმის, გარემოებათა შასაბამისი შესწაავლა-შეფასება, რაც მიაჩნია უსაფუძვლოდ რაზედაც განმარტავს შემდეგს:

 

„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლი და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-6 მუხლი კონკრეტულად ადგენს გასაცემლის დანიშვნაზე გადაწყვეტილების მიღების პირობებსა და ვადებს: პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადებას სააგენტო იხილავს და გადაწყვეტილებას პენსიის დანიშვნის/არდანიშვნის თაობაზე იღებს განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადაში. თუ განცხადებას თან ახლავს ყველა საჭირო დოკუმენტი და პირი აკმაყოფილებს პენსიის დანიშვნის პირობებს სააგენტოს მიერ მიიღება გადაწყვეტილება პენსიის დანიშვნაზე, სხვა შემთხვევაში მიიღება გადაწყვეტილება პენსიის არდანიშვნის თაობაზე.

 

განსხვავებით ამ ნორმებისაგან, მითითებული კანონის მე-16-17 მუხლები და „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-8-9 მუხლები იმპერატიულად მიუთითებენ პენსიის შეჩერება-შეწყვეტის საფუძვლებზე, პენსიის შეჩერება-შეწყვეტის წყაროსა და ვადებზე. შესაბამისად, ნორმების ანალიზი ცხადჰყოფს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საჯარო ინტერესების გათვალისწინებით, პენსიის შეჩერება-შეწყვეტის გადაწყვეტილების მიღებამდე, ვერ განხორციელდება ადმინისტრაციული წარმოების ისეთი პირობების დაცვა, როგორიცაა დაინტერესებული პირის ჩართვა ასეთ წარმოებაში და ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი ვადების დაცვა.

 

აპელანტი განმარტავს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი არ საუბრობს პენსიის შეჩერება-შეწყვეტის გადაწყვეტილებების გამოცემაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა წერილობით ან ზეპირად. ზეპირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებიდან 3 დღის ვადაში წერილობით გამოიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს დაინტერესებული მხარის მოთხოვნა, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ზღუდავს პირის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს, ასევე, კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

 

აპელანტი განმარტავს, რომ ნ--- მ---–---–ის მოთხოვნა მისი პენსიის შეჩერების გადაწყვეტილების წერილობითი სახით გამოცემის თაობაზე სააგენტოში არ ფიქსირდება. ნ--- მ---–---–ისათვის პენსიის შეჩერება კანონისმიერი საფუძვლებით არ წარმოადგენს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების შეზღუდვას „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 და მე 17 მუხლებით განსაზღვრულ პირობებში, როდესაც საპენსიო კანონმდებლობა პენსიის შეჩერების გადაწყვეტილების წერილობითი ფორმით მიღებას ცალსახად არ ითვალისწინებს. აღნიშნულის საფუძველზე, სააგენტო პენსიის შეჩერების გადაწყვეტილების ასახვას, თვალსაჩინოებისათვის, ახორციელებდა ე.წ. „სამმართველო ინფორმაციაში“ ინდივიდუალურად, თითოეული პენსიონერის მიმართ.

 

„სამმართველო ინფორმაცია“ შიდა გამოყენების დოკუმენტია, სადაც ხდებოდა თითოეული პირის მიმართ მიღებული, როგორც წერილობითი, ასევე, ზეპირი გადაწყვეტილებების მოკლე შინაარსის ასახვა, თუმცა ბენეფიციარის დაინტერესების შემთხვევაში (წერილობითი მომართვა), სააგენტო უზრუნველყოფდა მისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილებების გაცემას „სამმართველო ინფორმაციის“ შესაბამისად.

 

აპელანტი აღნიშნავს, რომ პენსიის დანიშვნის თაობაზე სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილება გულისხმობს ყოველთვიური ფულადი სარგებლის მიღებას, ხოლო შეჩერება/შეწყვეტის გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ბუნებრივია წყდება ყოველთვიური სარგებლის გაცემის დარიცხვა, რის თაობაზეც მხარისათვის ცნობილი ხდება პირადი საპენსიო ანგარიშიდან. შესაბამისად, ნ--- მ---–---–ს ან მის კანონიერ წარმომადგენელს ნებისმიერ დროს შეეძლო გადაემოწმებინა პირადი საპენსიო ანგარიში და საჭიროების შემთხვევაში მიემართა ადმინისტრაციული ორგანოსათვის შეჩერებული პენსიის აღდგენაზე, რაც 2017 წლის 3 ო----------მდე არ განხორციელებულა. მითუმეტეს, რომ ნ--- მ---–---–ი, როგორც საჩივარში აცხადებს, სისტემატიურად მიდიოდა მომსახურე ბანკში სხვადასხვა ოპერაციების განსახორციელებლად, შესაბამისად, მას ნებისმიერ დროს შეეძლო მიეღო ინფორმაცია მისი პენსიის შესახებ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზეპირად გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ არ ვრცელდება ამ კოდექსის 52-ე–58-ე მუხლების მოთხოვნები, მათ შორის, ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობის პირობა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონით დაკისრებული ვალდებულება გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამ შემთხვევაში, ვინაიდან ადგილი ჰქონდა პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობის ფაქტს, ადმინისტრაციულ ორგანოს უპირობოდ წარმოეშვა ვალდებულება შეეჩერებინა ნ--- მ---–---–ისათვის პენსიის დარიცხვა.

 

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის ავტორი ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით, მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

 

III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

5.1. ფაქტობრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

5.2. სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, სააპელაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი თანახმად, ზედიზედ ექვსი თვის განმავლობაში პენსიის მიუღებლობის ფაქტი წარმოშობს პენსიის გაცემის შეჩერების ვალდებულებას, ხოლო „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, შეჩერებული პენსიის განახლების თაობაზე განცხადების წარდგენის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან პენსია განახლდება და ანაზღაურდება მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა პენსიის შეჩერების დღიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში სადავოს წარმოადგენს ნ--- მ---–---–ისათვის შეჩერების პერიოდში მიუღებელი პენსიის - 2016 წლის 0-------------იდან 2017 წლის 0-------------ამდე ანაზღაურების კანონიერება.

 

საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელე არის „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის სუბიექტი - პენსიონერი, რომელსაც კანონით დადგენილი წესით დაენიშნა სახელმწიფო პენსია ასაკის გამო. ნ--- მ---–---–ისათვის 2017 წლის სექტემბერში გახდა ცნობილი სახელმწიფო პენსიის შეჩერების შესახებ, რის გამოც, პენსიის ხელახალი დანიშვნის მიზნით, 2017 წლის 0------------რს ნ--- მ---–---–მა განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის მომსახურების ცენტრს. ნ--- მ---–---–მა 2017 წლის 0-----------რის განცხადებით ასევე მოითხოვა განმარტება გასული წლების პენსიის მიუღებლობის მიზეზის შესახებ. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის მომსახურების ცენტრის 2017 წლის 1-------------ის N0------------ გადაწყვეტილებით, ნ--- მ---–---–ს დაენიშნა სახელმწიფო გასაცემელი და აუნაზღაურდა მიუღებელი პენსია მხოლოდ 2015 წლის ოქტომბრიდან 2016 წლის ო----------მდე. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 1--------ის N0------ გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ნ--- მ---–---–ის ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც მოთხოვნილი იყო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის 2017 წლის 1-------------ის გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილებით საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ ნ--- მ---–---–ის პენსიის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება არ იძებნება. პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ შეჩერების გადაწყვეტილების საფუძვლად დადებული ფაქტობრივი გარემოება ზედიზედ 6 თვის განმავლობაში პენსიის მიუღებლობა თავისთავად გამოიწვევდა დამდგარ შედეგს, კერძოდ, სახელმწიფო პენსიის გაცემის შეჩერებას, არ ადასტურებს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონი განსაზღვრავს პენსიის მიღების უფლების მქონე პირთა წრეს, მისი შეჩერების საფუძვლებს. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონით განსაზღვრული სახელმწიფო პენსიის გაცემის შეჩერების საფუძვლები თავისთავად არ წარმოადგენენ დამოუკიდებელ ინდივიდუალურ რეგულაციას, ისინი წარმოადგენენ კონკრეტული პირის მიმართ სახელმწიფო გასაცემლის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის პირობას და არა თავად ინდივიდუალურ აქტს. ის გარემოება, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის დანაწესის თანახმად პენსია შეჩერდება კანონით გათვალისწინებული შეჩერების ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, არ ნიშნავს იმას, რომ კანონით გათვალისწინებული შეჩერების საფუძვლის წარმოშობის შემთხვევაში არ არსებობს სახელმწიფო პენსიის შეჩერების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საჭიროება.

 

სახელმწიფო პენსიასთან დაკავშირებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობების წარმოშობისათვის მხოლოდ კანონით გათვალისწინებული პირობის არსებობა არ არის საკმარისი. მაგალითად, პირის მიერ საპენსიო ასაკის მიღწევა თავისთავად არ იწვევს მისთვის პენსიის დანიშვნას, ასეთ შემთხვევაში მოქალაქის განცხადების საფუძველზე იწყება ადმინისტრაციული წარმოება, რომლის შედეგადაც თუ მოქალაქის ფაქტობრივი მდგომარეობა შეესაბამება კანონით გათვალისწინებულ სამართლებრივ მოთხოვნებს და განცხადებას ახლავს ყველა საჭირო დოკუმენტი, საჯარო დაწესებულება ახდენს პენსიის დანიშვნის შესახებ მოქალაქის მოთხოვნის დაკმაყოფილებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით, ე.ი. ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველი არის პირის მიერ საპენსიო ასაკის მიღწევა, პენსიის დანიშვნის შესახებ განცხადებით სოციალური უზრუნველყოფის ორგანოსათვის მიმართვა, აქტის გამოცემა.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სახელმწიფო გასაცემელთან დაკავშირებით ურთიერთობის შინაარსის კონკრეტულად განსაზღვრა ხდება ინდივიდუალური აქტის გამოცემით. კანონი განსაზღვრავს წინაპირობებს, რომელთა არსებობისას ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ჩაებას კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობებში, კანონით განსაზღვრული აბსტრაქტულ-გენერალური მოწესრიგება საჭიროებს მისი კონკრეტულ-ინდივიდუალური შემთხვევისადმი მისადაგებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მეშვეობით.

 

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობა ვლინდება იმაში, რომ ის არის კანონის მოთხოვნების ცალკეულ შემთხვევებსა და კონკრეტულ პირებზე გავრცელების საშუალება. სახელმწიფო ხელისუფლება კანონის მოთხოვნათა შესასრულებლად თავისი საქმიანობით უშუალოდ კი არ უპირისპირდება მოქალაქეს, არამედ გამოსცემს სამართლებრივ აქტს, რომლის საფუძველზეც მიიღება კონკრეტული ზომა, როგორც სამართლიანი, განსაზღვრული და სავალდებულო ძალის მქონე ქმედება. სწორედ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ქმნის აქტის ამოქმედების შემდგომ მისი თვითაღსრულების პირობას. აღნიშნულში ვლინდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულებითსამართლებრივი მნიშვნელობა, რომელიც მოიცავს შესაძლებლობას პირის ნების საწინააღმდეგოდ, მის ხელთ არსებული კანონით დადგენილი აღსრულების საშუალებების გამოყენებით აღასრულოს აქტი. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულების სამართლებრივი ფუნქცია იმაში ვლინდება, რომ ის არის აღსრულების დაწყების აუცილებელი წინაპირობა.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ვინაიდან „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონი პენსიის ადმინისტრირებაზე უფლებამოსილ ორგანოს ავალდებულებს პენსიის დანიშვნა-არდანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით, დანიშნული პენსიის შეჩერება-შეწყვეტის საკითხებიც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის გზით უნდა წყდებოდეს აღნიშნულზე „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონში და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N46/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესში“ პირდაპირი მითითების არ არსებობის მიუხედავად.

 

ამავე ბრძანების მე-2 მუხლით განსაზღვრულია პენსიის ადმინისტრირების ორგანო, რომლის კომპეტენციაში შედის პენსიის დანიშვნა-გაცემის ორგანიზება, შეჩერება, განახლება, გადაანგარიშება და შეწყვეტა. აღნიშნულ ფუნქციების შესრულებას „სოციალური დახმარების შესახებ“ კანონის მე-17 მუხლია „ა“ ქვეპუნქტის, აგრეთვე ხსენებული „წესის“ მე-2 მუხლის შესაბამისად სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ახდენს, რომელიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „ა„ ქვეპუნქტის თანახმად ადმინისტრაციული ორგანოა.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2009 წლის 31 დეკემბრის N01/474-ო ბრძანებით დამტკიცებული „სოციალური მომსახურების ცენტრის და რაიონული (საქალაქო) განყოფილების ტიპიური დებულების“ მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, განყოფილება არის სააგენტოს ტერიტორიული ერთეული, რომელიც კონკრეტულ სამოქმედო ტერიტორიაზე ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით სააგენტოზე დაკისრებულ უფლებამოსილებებს. ამავე დებულების მე-3 მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტისა და მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა'' ქვეპუნქტის თანახმად, სამოქმედო ტერიტორიაზე განყოფილების საქმიანობის ერთ-ერთ მიზანს და ამოცანას შეადგენს სახელმწიფო გასაცემლების დანიშვნა-ცვლილება და შესაბამისი საქმეების წარმოება, საამისოდ განყოფილება შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში კანონმდებლობითა და ამ დებულებით გათვალისწინებული კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს გადაწყვეტილებებს სოციალური დახმარების, სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციის, სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის, საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დანიშვნის, შეჩერების, შეწყვეტის, აღდგენის, განახლების ან დანიშვნაზე უარის თქმის თაობაზე. ამავე დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, ამ უფლებამოსილებების ფარგლებში განყოფილება კანონმდებლობის შესაბამისად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომლებიც პასუხობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ნიშნებს. მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ ამ ფორმის სახელმწიფო გასაცემლის შეჩერების გადაწყვეტილების ჩაბარებისა და გასაჩივრების შესაძლებლობა ნ--- მ---–---–ს არ მისცემია.

 

6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.

 

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლების შესაბამისად, მხარეები განთავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამდენად, არ არსებობს წანამძღვრები მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.

 

IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 386-ე, 390-391-ე, 397-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა);

 

მოსამართლე: მანანა ჩოხელი