განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 01.05.2019
საქმის ნომერი
211310018002544877
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
საპენსიო
თარიღი
01.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №211310018002544877 (3/ბ-82-2019წ.)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

01 მაისი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე ხათუნა ხომერიკი

 

სხდომის მდივანი ეკატერინე სილაგაძე

 

აპელანტები (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხულოს რაიონული განყოფილება

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ზ------ ბ-------ე

 

მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ხულოს მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა: ხულოს მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ზ------ ბ-------ის სარჩელის უარყოფა.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

2018 წლის 25 ივნისს ზ------ ბ-------ემ სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხულოს რაიონული განყოფილების მიმართ და მოითხოვა საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ხულოს რაიონული განყოფილების 2017 წლის 0-----–--ის N 0----------- გადაწყვეტილების, ,,საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ადმინისტრირების სფეროს მიკუთვნებული ფუნქციების უკეთ განხორციელებისა და გაწეული საქმიანობის კონტროლის გაუმჯობესების ღონისძიების შესახებ“ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 11 მაისის N04-303ო ბრძანებით შექმნილი კომისიის 2017 წლის 0------ის სხდომის ოქმის (ზ------ ბ-------ის ნაწილში) და საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ ხულოს სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 2------ის N0------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

 

სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ მოსარჩელე ბავშვობიდან არის მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მხედველობის გამო, რაზეც 2000 წლიდან მინიჭებული აქვს შესაბამისი სტატუსი და იღებს პენსიას. 2017 წლის 0-----–--ის ხულოს რაიონული განყოფილების N0----------- გადაწყვეტილებით ეცნობა, რომ 2016 წლის 01 დეკემბრის შემდეგ მის მიერ მიღებული სოციალური პაკეტის თანხა, 700 ლარის ოდენობით და მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის დანამატის თანხა 140 ლარი აღსადგენი აქვს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სოციალური მომსახურების სააგენტოს ხულოს ტერიტორიული სამსახურის 2017 წლის 3-------------ის N2----- გადაწყვეტილებით მოსარჩელე ზ------ ბ-------ეს დაენიშნა სოციალური პაკეტი შშმ პირის მნიშვნელოვნად გამოხატული სტატუსის გამო - 100 ლარის ოდენობით. 2017 წლის 27 თებერვლის სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების N7-- აქტის საფუძველზე შეზღუდვის სტატუსის დადგომის დროდ მიეთითა 2000 წელი, ხოლო სტატუსი დადგინდა უვადოდ.

 

2017 წლის 0------------ს ზ------ ბ-------ემ განცხადებით მიმართა ხულოს რაიონულ განყოფილებას 2017 წლის 0-----–--ის N0----------- გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობის მოთხოვნით, თუმცა ადმინისტრაციამ აღნიშნული განცხადება არც კი ჩაიბარა, იმ განმარტებით, რომ მოცემული შინაარსის განცხადების ჩაბარება არ წარმოადგენდა მათ კომპეტენციას.

 

1-----2018წ. N0------ გადაწყვეტილებით ზ------ ბ-------ეს პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით განცხადების დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი. მას (ზ.ბ-------ეს) განემარტა, რომ ხულოს რაიონული განყოფილების 2017 წლის 0-----–--ის N0----------- წერილი მას არ ჰქონდა გასაჩივრებული. მოგვიანებით მას გაეგზავნა ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს ადმინისტრირების სფეროს მიკუთვნებული ფუნქციების უკეთ განხორციელებისა და გაწეული საქმიანობის კონტროლის გაუმჯობესების ღონისძიების შესახებ“ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 11 მაისის N04-303/ო ბრძანებით შექმნილი კომისიის სხდომის ოქმი (ინფორმაცია ზ------ ბ-------ის ნაწილში) სადაც მითითებულია, რომ უფლებამოსილმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მისთვის სახელმწიფო გასაცემლის ჩარიცხვის შეწყვეტა.

 

2017 წლის 31 ოქტომბერს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხულოს რაიონული განყოფილების მიერ მიღებულ იქნა N2----- გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეს დაენიშნა სოციალური პაკეტი შშმ პირის მნიშვნელოვნად გამოხატული სტატუსის გამო - 100 ლარის ოდენობით.

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის განჩინებით ზ------ ბ-------ის სარჩელი განსახილველად გადაეცა ხულოს მაგისტრატ სასამართლოს.

 

მოპასუხეების სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხულოს რაიონული განყოფილების წარმომადგენელმა პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები იყო კანონიერი და არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

ხულოს მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით ზ------ ბ-------ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი:

- საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ხულოს რაიონული განყოფილების 2017 წლის 0-----–--ის 0------------ გადაწყვეტილება.

- ,,საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ადმინისტრირების სფეროს მიკუთვნებული ფუნქციების უკეთ განხორციელებისა და გაწეული საქმიანობის კონტროლის გაუმჯობესების ღონისძიების შესახებ“ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 11 მაისის N04-303ო ბრძანებით შექმნილი კომისიის 2017 წლის 0------ის სხდომის ოქმი ზ------ ბ-------ის ნაწილში.

- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხულოს რაიონული განყოფილების 2018 წლის 2------ის N0------- გადაწყვეტილება.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

სასამართლომ დაადგინა, რომ ზ------ ბ-------ეს მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტატუსის პენსია სოცფონდის ხულოს რაიონული განყოფილების მიერ დაენიშნა 2002 წლის 13 მარტიდან. მორიგი გადამოწმება გაიარა 2003 წლის 03 ოქტომბერს და სტატუსი მიენიჭა უვადოდ.

 

ზ------ ბ-------ეს 2016 წლის 10 მარტის აქტის საფუძველზე, 2012 წლის 11 მაისის N04-303ო ბრძანებით შექმნილი კომისიის სხდომის 2017 წლის 0----------- საოქმო გადაწყვეტილებით, 2017 წლის 01 ივლისიდან შეუწყდა სოციალური პაკეტის დარიცხვა.

 

სოციალური მომსახურების სააგენტოს ხულოს რაიონული განყოფილების 2017 წლის 0-----–--ის N 0----------- წერილით ზ------ ბ-------ეს ეცნობა, რომ 2016 წელს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის სახელმწიფო გასაცემლების დანიშვნა ცვლილების მართლზომიერებისა და ფინანსური კონტროლის სამმართველოს მიერ ხულოს რაიონულ განყოფილებაში სახელმწიფო გასაცემლების დანიშვნა-ცვლილებების კანონიერების შესწავლისას საპენსიო საქმეში არსებული აქტის ამონაწერი არ შეესაბამებოდა სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის დავთარ რეესტრის მონაცემებს, რის გამოც 2017 წლის 01 ივლისისდან შეუწყდა სოციალური პაკეტის დარიცხვა. ასევე ეცნობა, რომ 2016 წლის 01 დეკემბრის შემდეგ მის მიერ მიღებული სოციალური პაკეტის თანხა 700 ლარის ოდენობით და მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის დანამატის თანხა 140 ლარი აღსადგენი აქვს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

ბათუმის სსე ბიუროს N7-- შემოწმების აქტის თანახმად, ზ------ ბ-------ეს 2017 წლის 2------------–ს ჩაუტარდა საექსპერტო გამოკვლევები და დაუდგინდა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი უვადოდ. შეზღუდვის სტატუსის დადგომის დროდ დადგინდა 2000 წელი. 2017 წლის 3-------------ის ხულოს ტერიტორიული ერთეულის სახელით N2----- გადაწყვეტილებით მოსარჩელე ზ------ ბ-------ეს დაენიშნა სოციალური პაკეტი შშმ პირის მნიშვნელოვნად გამახვილებული სტატუსის გამო - 100 ლარის ოდენობით.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას მაგისტრატმა სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საკუთრების ძირითადი უფლებით დაცული სფეროს განუყოფელი ნაწილია ასევე პირის მოთხოვნის უფლება საკუთრებაზე, რომელიც კანონმდებლობით წარმოეშობა მას და იგი ისეთივე დაცვის ღირსი ობიექტია, როგორც მთლიანად საკუთრების უფლება.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლითაც კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლება სწორედ ასეა განმარტებული (იხ. თუნდაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება №1/14/184, 228 საქმეზე სააქციო საზოგადოებები - „საქგაზი“ და „ანაჯგუფი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, გვ.5) კერძოდ, აღნიშნულ გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებული საკუთრების უფლება პირველ რიგში გულისხმობს საკუთრების უფლების ყველასათვის თანაბრად აღიარების უზრუნველყოფას, იმისაგან დამოუკიდებლად, თუ რა სახით ვლინდება საკუთრების უფლება - ფიზიკურ ნივთებზე უშუალო საკუთრების უფლებით, თუ მოთხოვნის უფლებაზე საკუთრებით. იქვე, საკონსტიტუციო სასამართლო უთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტულ სამართალზე, რომლის მიხედვითაც მოთხოვნის უფლება, ასევე შეიძლება განხილულ იქნეს როგორც საკუთრების უფლება.

 

ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტული სამართლის მიხედვით, საკუთრების ცნება, ასევე მოიცავს მოთხოვნის უფლებას და იგი კონვენციის პირველი დამატებითი ოქმით გარანტირებული საკუთრების უფლებით დაცული სფეროს განუყოფელი ნაწილია (იხ. თუნდაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 02 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე კლაუს და იური კილაძეები საქართველოს წინააღმდეგ საჩივრის №7975/06 გვ.16). აღნიშნულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ამ მხრივ საჭიროა იმის შეხსენება, რომ მოცემულ სფეროში ჩამოყალიბებული პრეცედენტული სამართლის მიხედვით, „ქონების“ ცნება შეიძლება მოიცავდეს, როგორც „ამჟამინდელ ქონებას“, ისე ქონებრივ ღირებულებებს, მათ შორის, ვალებს, რომლებზე დაყრდნობითაც მომჩივანს შეუძლია პრეტენზია ჰქონდეს სულ ცოტა „ლეგიტიმური მოლოდინის“ ქონაზე, მიიღოს სარგებელი საკუთრების უფლებიდან.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო მფარველობს თავის მოქალაქეს განურჩევლად მისი ადგილსამყოფელისა.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი ადმინისტრაციულ ორგანოებს პოზიტიური თვალსაზრისით ავალდებულებს უზრუნველყონ საქართველოს მოქალაქეთა კანონიერი ინტერესების დაცვა და ნეგატიური თვალსაზრისით არ დაუშვან მოქალაქეთა ასეთი უფლებების არამართლზომიერი შელახვა.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის, პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.

 

ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას ავალდებულებს საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებას. საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

 

სასამართლომ განმარტა, რომ კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა, როგორიცაა სახელმწიფო პენსიის დანიშვნა კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობისას. ამასთან, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, თუ შეთანხმებებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ კონსტიტუციით აღიარებული და გარანტირებული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.

 

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.

 

სასამართლომ მიუთითა ევროპის სოციალური ქარტიის მე-12 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა. შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ევროპის სოციალური უზრუნველყოფის კოდექსის რატიფიკაციისათვის აუცილებელ დონეს. მიიღონ ზომები სოციალური უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესების მიზნით.

 

„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტის მე-9 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე, სოციალური დაზღვევის ჩათვლით.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-121 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სოციალური პაკეტი არის ყოველთვიური ფულადი სარგებელი ან/და სარგებლების (ფულადი და არაფულადი სარგებლები) ერთობლიობა, რომლის მოცულობა, მიმღებ პირთა წრე, გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ამ კანონის შესაბამისად სოციალური პაკეტის დანიშვნის საფუძველია შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ მოსარჩელე ზ------ ბ-------ე მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსით 2000 წლიდან აღრიცხვაზე იმყოფებოდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხულოს რაიონულ განყოფილებაში და იღებდა შესაბამის სახელმწიფო გასაცემელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით. ასევე დადგენილია, რომ 2017 წლის 27 თებერვლის სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების N7-- აქტის საფუძველზე ზ------ ბ-------ეს მხედველობის დაქვეითების გამო დადგენილი აქვს მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობა. შეზღუდვის სტატუსის დადგომის დროდ მითითებულია 2000 წელი, ხოლო სტატუსი დადგინდა უვადოდ.

 

„სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს სოციალური პაკეტის შეწყვეტის საფუძვლებს, რომლის თანახმად, სოციალური პაკეტი შეწყდება ქვემოთ ჩამოთვლილი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ ამ პუნქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული: ა) პირადი განცხადებით; ბ) საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, გარდა მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა; გ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთის აღსრულება: გ.ა) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან; გ.ბ) ამ წესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით სოციალური პაკეტის შეჩერების შემთხვევაში – სოციალური პაკეტის შეჩერების დღიდან; დ) უცხო ქვეყნის მოქალაქისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოდან გაძევებისას; ე) საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლისას ან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისას; ვ) ბენეფიციარის გარდაცვალებისას; ზ) სოციალური პაკეტის შეჩერებიდან 03 (სამი) წლის გასვლის შემდგომ; თ) მარჩენალდაკარგული პირ(ებ)ის 18 წლის ასაკის მიღწევისას; ი) სოციალური პაკეტის დანიშვნისათვის საჭირო შეზღუდული შესაძლებლობის შესაბამისი სტატუსის დაკარგვისას; კ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გადამოწმებაზე გამოუცხადებლობისას, თუ არ არსებობს ამ წესით გათვალისწინებული საპატიო მიზეზი; ლ) ვეტერანების საქმეთა სამსახურის მიერ მინიჭებული ვეტერანის სტატუსის დაკარგვისას; მ) სახელმწიფო პენსიის დანიშვნისას; ნ) სხვა საფუძვლით, თუ ის გამომდინარეობს ამ წესიდან.

 

სასამართლოს მსჯელობით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ზ------ ბ-------ეს 2000 წლიდან აქვს მინიჭებული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი. 2003 წლიდან სტატუსი მიენიჭა უვადოდ. აღრიცხვაზე იმყოფებოდა სსიპ სოციალური მომსახურების ხულოს რაიონულ განყოფილებაში და იღებდა შესაბამის სახელმწიფო გასაცემელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით. ის გარემოება, რომ არქივში არ აღმოჩნდა ყველა საჭირო დოკუმენტი, არ შეიძლება გახდეს ზ------ ბ-------ეზე სოციალური გასაცემლის შეწყვეტის საფუძველი, რამდენადაც კომისიის ამჟამინდელი დასკვნითაც სტატუსი მინიჭებული აქვს 2000 წლიდან. ამ პერიოდში მისთვის არ მოუთხოვიათ ხელახლა კომისიაზე გავლა და არ შეუტანიათ ეჭვი არსებული დოკუმენტების სინამდვილეში, ის გარემოება რომ ზ------ ბ-------ეს 2000 წლიდან აქვს მნიშვნელოვანი მხედველობითი დაავადება, უდავოდ არის დადგენილი. შესაბამისად არ არსებობდა სოციალური გასაცემლის შეწყვეტის საფუძველი და არც კომისიის გადაწყვეტილებაშია მითითებული კონკრეტული ნორმა, რომლის საფუძველზეც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ იქნა მიღებული მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები.

 

ამრიგად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელე ზ------ ბ-------ეს უსაფუძვლოდ შეუწყდა სოციალური პაკეტი და სოციალური მომსახურების სააგენტოს ხულოს რაიონული განყოფილების 2017 წლის 0-----–--ის N0----------- წერილით უსაფუძვლოდ მოეთხოვა 840 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება. შესაბამისად, სარჩელი ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

ხულოს მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხულოს რაიონული განყოფილებამ, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ზ------ ბ-------ის სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

 

აპელანტის განმარტებით, ხულოს მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ზ------ ბ-------ის სასარჩელო მოთხოვნა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ხულოს რაიონული განყოფილების 2017 წლის 0-----–--ის გადაწყვეტილება N0-----------, „საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ადმინისტრირების სფეროს მიკუთნებული ფუნქციების უკეთ განხორციელებისა და გაწეული საქმიანობის კონტროლის გაუმჯობესების ღონისძიების შესახებ’’ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 11 მაისის N04-303ო ბრძანებით შექმნილი კომისიის 2017 წლის 0------ის სხდომის ოქმი ზ------ ბ-------ის ნაწილში და საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხულოს რაიონული განყოფილების 2018 წლის გადაწყვეტილება N 0-------.

 

აპელანტის აღნიშვნით, გადაწყვეტილება არის უკანონო, დაუსაბუთებელი და უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო: 2018 წლის 2--------ის N0------- წერილი, რომელიც სასამართლომ ბათილად ცნო არის საინფორმაციო ხასიათის დოკუმენტი და არა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ასევე საინფორმაციო ხასიათის წერილია და არა გადაწყვეტილება ხულოს სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 0-----–--ის N0----------- წერილი. აღნიშნული ფაქტი მითითებულია შესაგებელში, რაზეც სასამართლოს ყურადღება არ გაუმახვილებია. ზ------ ბ-------ეს სოციალური გასაცემლის შეწყვეტის საფუძველია 2017 წლის 0------ის კომისიის სხდომის ოქმი. კომისიამ ზ------ ბ-------ის საპენსიო საქმის შემოწმების შედეგად აღმოაჩინა, რომ 2003 წლის 03 ოქტომბრიდან (სსე შემოწმების აქტის ამონაწერი, სერია N0-----, სსბ შემოწმების აქტი N--) შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსი პირს დადგენილი ჰქონდა უვადოდ, მაგრამ საპენსიო საქმეში არ აღმოჩნდა სამედიცინო საქმე. საპენსიო საქმის მასალები შედარდა ხულოს რაიონის არქივში დაცულ სსებ შემოწმების (დავთარი) მონაცემებს. აქედან გამომდინარე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ზ------ ბ-------ეს სახელმწიფო გასაცემელი ერიცხებოდა უსაფუძვლოდ და 2016 წლის 16 მარტს შედგა აქტი.

 

აპელანტის განმარტებით, მაგისტრატი სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებულია, რომ თითქოს კონტროლის დეპარტამენტმა ადმინისტრაციული აქტი გამოსცა უფლებამოსილების გადამეტებით, რასაც არ ეთანხმება სოციალური მომსახურების სააგენტოს ხულოს რაიონული განყოფილება და განმარტავს, რომ სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შესახებ საქართველოს კანონის 27-ე და 28-ე მუხლის შესაბამისად სააგენტოს ბრძანების საფუძველზე უფლება აქვს შეამოწმოს სამედიცინო დაწესებულების საქმიანობა. როდესაც პირი კომისიაზე გადის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დასადგენად, ჯერ ივსება სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის (სსე) შემოწმების აქტი და მიღებული აქტის საფუძველზე ივსება სსე ბიუროს აქტის ამონაწერი. ცხადია, თუ აქტი არ არსებობს, მაშინ აქტის ამონაწერიც ვერ იარსებებს და ბათილია მისი გაცემის დღიდან. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების და გამოცემის კანონით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

აპელანტის განმარტებით, „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის N279 დადგენილების მე-12 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სოციალური პაკეტის გაცემა შეწყდება, შშმ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენამდე. ზ------ ბ-------ემ 2017 წლის 30 ოქტომბერს დაიდგინა სტატუსი, რის საფუძველზეც დაენიშნა სოციალური გასაცემელი განცხადების დაწერის მომდევნო თვიდან.

 

„სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის N279 დადგენილების 151 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, 2016 წლის 01 დეკემბრამდე ზედმეტად გაცემული სოციალური პაკეტი ლეგალიზებულად ითვლება და დაბრუნებას არ ექვემდებარება, ხოლო შემდგომ პერიოდში მიღებული გასაცემელი, რომელმაც შედგინა 840 (რვაას ორმოცი) ლარი ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენას, რაზეც სასამართლოს არ უმსჯელია.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონით დაკისრებული ვალდებულება გამოსცეს ინდივიდულაური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის. ადმინისტრაციულ ორგანოს უპირობოდ წარმოეშვა ვალდებულება შეეწყვიტა ზ------ ბ-------ისათვის პენსია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის ბრძანებით შექმნილი კომისიის 2017 წლის 0----------- საოქმო გადაწყვეტილებისა და სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ბათილობის საფუძველი არ არსებობს.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

სააპელაციო სასამართლო, გამოცხადებულ მხარეთა მოსაზრებების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ხულოს მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფზე, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, ამავდროულად, სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32; ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81) გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (N.3) §§ 38-42).

 

სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად და ყოველმხრივ გამოიკვლია დავასთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება და სამართლებრივი თვალსაზრისით სწორი შეფასება მისცა მათ.

 

„სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილების მე-12 მუხლის თანახმად, სოციალური პაკეტი შეწყდება ქვემოთ ჩამოთვლილი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ ამ პუნქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული: ა) პირადი განცხადებით; ბ) საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, გარდა მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა; გ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთის აღსრულება: გ.ა) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან; გ.ბ) ამ წესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით სოციალური პაკეტის შეჩერების შემთხვევაში – სოციალური პაკეტის შეჩერების დღიდან; დ) უცხო ქვეყნის მოქალაქისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოდან გაძევებისას; ე) საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლისას ან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისას; ვ) ბენეფიციარის გარდაცვალებისას; ზ) სოციალური პაკეტის შეჩერებიდან 3 წლის გასვლის შემდგომ; თ) მარჩენალდაკარგული პირ(ებ)ის 18 წლის ასაკის მიღწევისას; ი) სოციალური პაკეტის დანიშვნისათვის საჭირო შეზღუდული შესაძლებლობის შესაბამისი სტატუსის დაკარგვისას; კ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გადამოწმებაზე გამოუცხადებლობისას, თუ არ არსებობს ამ წესით გათვალისწინებული საპატიო მიზეზი; ლ) ვეტერანების საქმეთა სამსახურის მიერ მინიჭებული ვეტერანის სტატუსის დაკარგვისას; მ) სახელმწიფო პენსიის დანიშვნისას; ნ) სხვა საფუძვლით, თუ ის გამომდინარეობს ამ წესიდან. 121 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სოციალური პაკეტი არის ყოველთვიური ფულადი სარგებელი ან/და სარგებლობის (ფულადი და არაფულადი სარგებლები) ერთობლიობა, რომლის მოცულობა, მიმღებ პირთა წრე, გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ამ კანონის შესაბამისად სოციალური პაკეტის დანიშვნის საფუძველია შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ ზ------ ბ-------ეს 2000 წლიდან აქვს მინიჭებული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი. ზ------ ბ-------ეს მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსით 2002 წლის 13 მარტიდან აღრიცხვაზე იმყოფებოდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხულოს რაიონულ განყოფილებაში და იღებდა შესაბამის სახელმწიფო გასაცემელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით. ზ------ ბ-------ეს 2003 წლის 03 ოქტომბრიდან ხულოს სსე ბიუროს N0----- აქტის საფუძველზე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი მინიჭებული აქვს უვადოდ.

 

სოციალური მომსახურების სააგენტოს ხულოს რაიონული განყოფილების 2017 წლის 0-----–--ის N 0----------- წერილით ზ------ ბ-------ეს ეცნობა, რომ 2016 წელს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის სახელმწიფო გასაცემლების დანიშვნა-ცვლილების მართლზომიერებისა და ფინანსური კონტროლის სამმართველოს მიერ მოხდა სააგენტოს ხულოს რაიონულ განყოფილებაში სახელმწიფო გასაცემლების დანიშვნა-ცვლილებების კანონიერების შესწავლა. საპენსიო და სამედიცინო საქმეების მონაცემების შედარებისას აღმოჩნდა, რომ ზ------ ბერაძის საპენსიო საქმეში არსებული სსე N0----- აქტის ამონაწერისა და სამედიცინო საქმეში არსებული მონაცემები არ შეესაბამებოდა სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის დავთარ-რეესტრის მონაცემებს. აღნიშნული საკითხი განიხილა სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 11 მაისის N04-303/ო ბრძანებით შექმნილმა კომისიამ 2017 წლის 0------ს და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სოციალური პაკეტის შეწყვეტის შესახებ, რის საფუძველზეც 2017 წლის 01 ივლისიდან ზ------ ბ-------ეს შეუწყდა სოციალური პაკეტის დარიცხვა. ამასთან ზ------ ბ-------ეს ეცნობა, რომ 2016 წლის 01 დეკემბრამდე ზედმეტად მიღებული საპენსიო თანხები ექვემდებარებოდა ლეგალიზაციას, ხოლო 2016 წლის 01 დეკემბრის შემდეგ მის (ზ------ ბ-------ის) მიერ მიღებული სოციალური პაკეტის თანხა 700 ლარის ოდენობით და მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის დანამატის თანხა 140 ლარი აღსადგენი ექნებოდა სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 11 მაისის N04-303/ო ბრძანებით შექმნილი კომისიის 2017 წლის 0------ს მიღებული გადაწყვეტილებით ბათილად გამოცხადდა აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზეც ზ------ ბ-------ე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის გამო იღებდა სოციალურ პაკეტს. პალატა მიუთითებს, რომ აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების საფუძველი შეიძლება იყოს „კანონიერების პრინციპი“, რომელიც მოითხოვს კანონიერების აღდგენის მიზნით უკანონო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებას, თუმცა ამ პრინცპის უპირისპირდება კანონმდებლის მიერ აღიარებული „ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ დაინტერესებული მხარის კანონიერ ნდობის პრინციპი“. კერძოდ, (სზაკ-ის 601 მუხლი) დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.

 

მმართველოს კანონიერების პრინციპსა და ინდიციდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის პრინციპს შორის შეპირისპირების დროს თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა მოხდეს აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადებით ადრესატისადმი მიყენებული ზიანის და ამ აქტის ბათილად გამოუცხადებლობით მესამე პირების და საზოგადოებისათვის მიყენებული ზიანის შეპირისპირება, ასევე გათვალისწინებულ უნდა იქნეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლევრიცი აქტის ფორმა და წარმოების სახე, მისი უკანონობის სიმძიმე, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ გასული დრო. ყოველივე ამის გათვალისწინებით, შესაძლებელია, შეიზღუდოს აქტის ბათილად გამოცხადების შესაძლებლობა.

 

საქმის მასალებით დგინდება, რომ სადავო სამართლებრივი აქტების გამოცემის შემდეგ, ბათუმის სსე ბიუროს N7-- შემოწმების აქტის თანახმად, ზ------ ბ-------ეს 2017 წლის 2------------–ს ჩაუტარდა საექსპერტო გამოკვლევები და დაუდგინდა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი უვადოდ. შეზღუდვის სტატუსის დადგომის დროდ დადგინდა 2000 წელი. 2017 წლის 3-------------ის ხულოს ტერიტორიული ერთეულის N2----- გადაწყვეტილებით მოსარჩელე ზ------ ბ-------ეს დაენიშნა სოციალური პაკეტი შშმ პირის მნიშვნელოვნად გამახვილებული სტატუსის გამო - 100 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. კანონმდებელი იმდენად არსებით და განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები).

 

შესაბამისად, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის არგუმენტაციას ზ------ ბ-------ისათვის სოციალური პაკეტის შეწყვეტის მართლზომიერებასთან დაკავშირებით და მთლიანად ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებას, რომ ზ------ ბ-------ეს უსაფუძვლოდ შეუწყდა სოციალური პაკეტი და სოციალური მომსახურების სააგენტოს ხულოს რაიონული განყოფილების 2017 წლის 0-----–--ის N0----------- წერილით უსაფუძვლოდ მოეთხოვა 840 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება. ის გარემოება, რომ არქივში არ აღმოჩნდა ყველა საჭირო დოკუმენტი, არ შეიძლება გამხდარიყო ზ------ აბაშიძეზე სოციალური გასაცემლის შეწყვეტის საფუძველი, რამდენადაც კომისიის ამჟამინდელი დასკვნითაც შშმ სტატუსი მას მინიჭებული აქვს 2000 წლიდან. ამ პერიოდში მისთვის არ მოუთხოვიათ ხელახლა კომისიაზე გავლა და ეჭვქვეშ არ დამდგარა რომელიმე დოკუმენტის ავთენტურობა. ის გარემოება რომ ზ------ ბ-------ეს 2000 წლიდან აქვს მნიშვნელოვანი მხედველობითი პრობლემები რასაც მისი შესაძლებლობების შეზღუდვა უკავშირდება _ უდავოდ არის დადგენილი, შესაბამისად არ არსებობდა სოციალური გასაცემლის შეწყვეტის საფუძველი.

 

ამასთან, დავის სპეციფიკიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, განმარტოს სოციალური დახმარების სფეროში მმართველობის განხორციელების კანონიერების უზრუნველყოფის მიზანი, ამ სფეროში დასაქმებულ მოხელეთა როლი და სოციალური ფუნქცია, რათა მომავალში თავიდან იქნეს აცილებული სოციალური დახმარების მიმღებთა კონფლიქტი შესაბამის საჯარო დაწესებულებებთან.

 

სოციალური უფლებები ადამიანის სასიცოცხლო ინტერესებს უკავშირდება. სახელმწიფოს ფუნქციაა უზრუნველყოს საკუთარი მოქალაქეების საჯარო ამოცანების (მათ შორის სოციალური პრობლემების) გადაწყვეტა და ამ ფუნქციის შესასრულებლად სახელმწიფო აფინანსებს გარკვეული კატეგორიის პირებს. სოციალურ სფეროში მმართველობითი საქმიანობის ერთ-ერთ საჯარო ფუნქციას წარმოადგენს ქვეყანაში სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა.

 

ადმინისტრაციული სამართლის პრონციპები – კანონიერების, კანონისა და ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე თანასწორობის, მიუკერძოებლობის და ა.შ. - სრულად ვრცელდება სსიპ სოციალური დახმარების სააგენტოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის თანახმად, საქართველო არის სოციალური სახელმწიფო. სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე. სახელმწიფო ზრუნავს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თანაბარ სოციალურ-ეკონომიკურ და დემოგრაფიულ განვითარებაზე. მაღალმთიანი რეგიონების განვითარებისათვის კანონი ქმნის განსაკუთრებულ პირობებს. სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე. სახელმწიფო ხელს უწყობს მოქალაქეს დასაქმებაში. საარსებო მინიმუმის უზრუნველყოფის პირობები განისაზღვრება კანონით.

 

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.

 

„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტის მე-9 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე, სოციალური დაზღვევის ჩათვლით.

 

ევროპის სოციალური ქარტიის მე-12 მუხლის შესაბამისად, სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა. შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ევროპის სოციალური უზრუნველყოფის კოდექსის რატიფიკაციისათვის აუცილებელ დონეს. მიიღონ ზომები სოციალური უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესების მიზნით. მე-14 მუხლი – სოციალური უზრუნველყოფის სამსახურებით სარგებლობის უფლება (რომელსაც მიერთებულია საქართველოს სახელმწიფო), ადგენს: სოციალური უზრუნველყოფის სამსახურებით სარგებლობის უფლების ეფექტური განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ, უზრუნველყონ ისეთი სამსახურები, რომლებიც სოციალური საქმიანობის მეთოდიკის გამოყენებით ხელს შეუწყობენ როგორც ცალკეულ პირებს, ისე საზოგადოებრივი ჯგუფების კეთილდღეობას და განვითარებას, ასევე, მათ შეგუებას სოციალურ გარემოსთან.

 

5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო. სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე, რის გამოც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ხულოს მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება.

 

6. სასამართლო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხულოს რაიონული განყოფილების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს ხულოს მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება;

 

3. მხარეების გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე;

 

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №32), მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის კანონით დადგენილი წესით გადაცემიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32).

 

ხათუნა ხომერიკი

მოსამართლე