განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119002968061
საქმე #1ბ/1013-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ
მსჯავრდებულ გ------------------ს და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა-----------------–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), გ------------------ს, დაბადებულის 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №0----------), ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლებით, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–---------–---–-----------–------------–---------------------–--–------ში, მიმართ, დანაშაულებისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით.
აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ------------------მ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
გ------------------ ხშირ შემთხვევაში ყოველგვარი მიზეზის გარეშე სისტემატურად სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს - ლ-----------------ს, კერძოდ, სისტემატურად აგინებდა, ლანძღავდა და ამცირებდა მას, უკრძალავდა მეგობრებთან ურთიერთობას, რა დროსაც ლ----------------- განიცდიდა სულიერ ტანჯვას.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ------------------მ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის იანვრის დასაწყისში, ქ-------–--–---------–---–-----------–------------–---------------------–--–------–------ში, გ------------------მ თავის საცხოვრებელ სახლში, ფიზიკური ძალადობა განახორციელა 9 თვის ორსული მეუღლის - ლ-----------------ს მიმართ, კერძოდ, მუშტებს ურტყამდა თავის არეში, რა დროსაც ლ-----------------მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ------------------მ ჩაიდინა ძალადობა, ესე იგი, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 7 თებერვალს, დილის დაახლოებით 12:00 საათზე, ქ-------–--–---------–---–-----------–------------–---------------------–--–-------–------ში, გ------------------მ თავის საცხოვრებელ სახლში, ფიზიკური ძალადობა განახორციელა მეუღლის - ლ-----------------ს მიმართ, კერძოდ, გ------------------ მუშტებს ურტყამდა თავისა და ტანის არეში, ასევე ხელებშიც, შემდეგ სახე გაუკავა და სიგარეტის ნამწვი დაადო მარჯვენა ლოყაზე და დაუწვა სახე.
2019 წლის 7 მარტს, დაახლოებით 12:00 საათზე, ქ-------–--–---------–---–-----------–------------–---------------------–--–-------–------ში, გ------------------მ თავის საცხოვრებელ სახლში, ფიზიკური ძალადობა განახორციელა მეუღლის - ლ-----------------ს მიმართ, კერძოდ, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა გ------------------მ შეკამათების დროს ლ-----------------ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდეგ კი მუშტებს გამეტებით ურტყამდა სხეულის სხვადასხვა ადგილზე. აღნიშნული შემდეგ სიგარეტის ნამწვავი დაადო სახეზე და დაუწვა სახე, თან აგრძელებდა ლ-----------------ს ცემას, დარტყმების შედეგად ლ----------------- ჩაიკეცა და დაეცა იატაკზე.
2019 წლის 7 მარტს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქ-------–--–---------–---–-----------–------------–---------------------–--–-------–------ში, გ------------------მ კვლავ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა მეუღლეს, კერძოდ, სახეში ხელი ძლიერად გაარტყა, შემდეგ კი ფეხსაცმელებს ურტყამდა თავში. გ------------------ს ქმედებების შედეგად ლ-----------------მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 მაისის განაჩენით:
გ------------------ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
გ------------------ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის იანვრის დასაწყისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
გ------------------ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (სისტემატური ცემის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ------------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ გ------------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 10 მარტიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა გ------------------მ და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა-----------------–მა.
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით დაცვის მხარე ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანას გ------------------სთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თვალსაზრისით, კერძოდ, მსჯავრდებულისთვის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ზომის სანქციით გათვალისწინებულ მინიმუმამდე შემცირებას.
საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე“.
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა რა მსჯავრდებულ გ------------------ს და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა-----------------–ის სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ გ------------------ს მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ გ------------------ს დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
საქმეზე შეკრებილი, მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ პუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებების, კერძოდ, დაზარალებულის და მოწმეების - ლ-----------------ს, თ--------–---------ის, ქ------------------ის, ე-------–--–---–ის, მ---------–--ის გამოკითხვის ოქმების, სასამართლოში გ------------------ს მიერ დანაშაულის აღიარების, პაციენტის სამედიცინო ბარათის, შემაკავებელი ორდერის, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების და გაანალიზების შემდეგ სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ გ------------------მ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მანვე ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, მანვე ჩაიდინა ძალადობა, ესე იგი, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ გ------------------ს მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ზომის სანქციით გათვალისწინებულ მინიმუმამდე შემცირების თაობაზე. პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, ცალსახად წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას. საქართველოს სსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა დანაშაულის ჩადენის დროს. სააპელაციო პალატა ასევე აცხადებს, რომ 2018 წლის 30 ნოემბრის საკანონმდებლო ცვლილებებით, რომელიც ამოქმედდა 2018 წლის 28 დეკემბრიდან, საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლს დაემატა მე-3 და მე-4 ნაწილები. საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „ამ მუხლის (მხედველობაშია საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლი) პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას“. მოცემულ შემთხვევაში გ------------------მ საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებები ჩაიდინა 2019 წლის 7 თებერვალს და 7 მარტს (ორი ეპიზოდი). აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით (ძალადობა, ესე იგი, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის გ------------------ს სასჯელის სახედ და ზომად სწორად და კანონიერად აქვს განსაზღვრული სანქციით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის მინიმუმზე ერთი წლით მეტი - 2 (ორი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“), რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 35-ე მუხლით ასევე დადგენილია ფიზიკური ძალადობისგან დაცვის ვალდებულება.
ევროპის საბჭოს კონვენციით „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ“ (CETS No. 210, „სტამბულის კონვენცია“) აღიარებულია, რომ ქალთა მიმართ ძალადობა, მათ შორის ოჯახში ძალადობა, ევროპაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთერთ ყველაზე უფრო სერიოზულ ფორმას წარმოადგენს. კონვენცია ვრცელდება ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმაზე, მათ შორის ოჯახურ ძალადობაზე. ევროპის საბჭოს კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ არის ყველაზე მრავლისმომცველი საერთაშორისო კონვენცია, რომელიც ებრძვის ადამიანის უფლებების ამ სერიოზულ დარღვევას. ეს კონვენცია მიზნად ისახავს ნულოვანი ტოლერანტობის მიღწევას ამგვარი ძალადობის მიმართ და მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ევროპისა და მის ფარგლებს მიღმა მდებარე ქვეყნებს უფრო უსაფრთხო ადგილად ქცევისათვის. კონვენციის ქვაკუთხედია ისეთი საკითხები, როგორიცაა ძალადობის პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა და მოძალადეებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. კონვენცია მოუწოდებს საზოგადოების ყველა წევრს, განსაკუთრებით მამაკაცებსა და ბიჭებს, შეცვალონ მათი დამოკიდებულება ძალადობის მიმართ და ამგვარად, სათანადო ცვლილებები გამოიწვიონ თითოეული ადამიანის გულსა და გონებაში. არსებითად, ეს არის ხელახალი მოწოდება ქალებსა და მამაკაცებს შორის მეტი თანასწორობისაკენ, რამეთუ ქალთა მიმართ ძალადობას ღრმად აქვს გადგმული ფესვები საზოგადოებაში არსებულ ქალთა და მამაკაცთა უთანასწორობაში და საზრდოობს შეუწყნარებლობით, ან კიდევ პრობლემის არსებობის უარყოფის ჩვეულებით.
კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობას აღიარებს ადამიანის უფლებების დარღვევად და დისკრიმინაციის ფორმად. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოებს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, თუ ისინი ამგვარ ძალადობაზე ადეკვატურ რეაგირებას არ მოახდენენ.
კონვენცია მკაფიოდ აცხადებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა არ არის პირადი საქმე. პირიქით, იგი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ოჯახის შიგნით მომხდარ დანაშაულს ბევრად უფრო ძლიერი ტრავმის გამოწვევა შეუძლია, ამიტომ ამგვარი დანაშაულის ჩამდენს უფრო მკაცრი სასჯელი უნდა მიესაჯოს, როდესაც მსხვერპლი მისი ოჯახის წევრია.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს აღნიშნული კვალიფიკაციით ჩადენილი დანაშაულის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებაზე, კერძოდ, იმ გარემოებაზე, რომ ოჯახში ძალადობა საფრთხეს უქმნის და მავნე გავლენას ახდენს არა მხოლოდ იმ ოჯახის წევრებზე (განსაკუთრებით მცირეწლოვან პირებზე), სადაც ძალადობა ხორციელდება, არამედ ზოგადად საზოგადოებაზე. ზოგადად ქალთა მიმართ ძალადობა (რასაც კონკრეტულ შემთხევაში ჰქონდა ადგილი) კი გლობალური პრობლემაა, რაც ეწინააღმდეგება კანონის მიერ ადამიანისთვის მინიჭებულ უფლებებს, ზღუდავს ქალთა ჩართულობას სოციალურ ცხოვრებაში და წარმოქმნის გენდერზე დაფუძნებულ შეზღუდვებს. მართალია, გ------------------ს მიერ კონკრეტულ შემთხვევაში ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებებს, მტკიცებულებები არ გახადა სადავოდ და დაზარალებულს მის მიმართ არ გააჩნია პრეტენზია, მაგრამ სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სასჯელი (სახე და ზომა) დაკავშირებული უნდა იყოს არა მხოლოდ დანაშაულთან, არამედ დამნაშავესთანაც. დანიშნულ სასჯელსა და ჩადენილ დანაშაულს შორის ყოველთვის უნდა არსებობდეს პროპორციულობა, რაც დამოკიდებულია არა მხოლოდ დანაშაულის სიმძიმეზე, არამედ დანაშაულის ხასიათზე, დამნაშავის წარსულ ცხოვრებასა და მის დამოკიდებულებაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ღირებულებების მიმართ.
აღსანიშნავია, რომ კანონმდებელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევს წინასწარი განზრახვით ორსული ქალის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლი კი სასამართლოს ასევე ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღოს სხვადასხვა გარემოებები, მათ შორის დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს გ------------------ს მიერ ჩადენილი ქმედებების განხორციელების სახესა და ხერხზე, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებაზე, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომაზე, კერძოდ, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ გ------------------ დაზარალებულს სისტემატურად აყენებდა როგორც სიტყვიერ, ისე ფიზიკურ შეურაცხყოფას, უმიზეზოდ ლანძღავდა მეუღლეს და მის ახლო ნათესავებს, დედას აგინებდა მეუღლეს, უკრძალავდა ახლო ნათესავებთან და მეგობრებთან ურთიერთობას, ამასთან, მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობა იყო მასშტაბური, მსჯავრდებული მეუღლეს უსწორდებოდა დაუნდობლად, სხეულის სხვადასხვა ადგილებში ურტყამდა მუშტებს, ფეხსაცმელებს ურტყამდა თავში, სიგარეტით დაუწვა სახე. ამონაწერი ლ-----------------ს მოწმის სახით გამოკითხვის ოქმიდან: „ ... მე თავს ვიკავებდი ოჯახის დანგრევისაგან, თან მყავს ორი მცირეწლოვანი შვილი. ამ ყველაფრის გამო მიწევდა გ-------ს მხრიდან ყველანაირი დამცირებისა და შერურაცხყოფის ატანა, რაც ბოლოს გაუსაძლისი და აუტანელი გახდა, უკვე მემუქრებოდა კიდეც სიცოცხლის მოსპობით და მისი ყველა გაბრაზება და ჩემს მიმართ განხორციელებული ცემა უფრო და უფრო სასტიკი ხდებოდა. ბოლოს სიგარეტიც კი დამაწვა სახეზე ...“. მეუღლის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შემდეგ დაზარალებული იძულებული ხდებოდა ბავშვებთან ერთად წამოსულიყო სახლიდან და თავი შეეფარებინა ნათესავებთან და ახლობლებთან. ამონაწერი ლ-----------------ს მოწმის სახით გამოკითხვის ოქმიდან: „ ... უკვე გაუსაძლისია მასთან (გ------------------სთან) თანაცხოვრება, მისი ასეთი სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფებით მე განვიცდი ძლიერ ფსიქოლოგიურ და მორალურ ტანჯვას. დამცირებულად ვგრძნობ თავს ჩემი მეუღლის შეურაცხყოფების შედეგად ...“.
დაცვის მხარის განმარტება, რომ დაზარალებულს არანაირი პრეტენზია არ გააჩნია მეუღლის მიმართ, ვერ გახდება პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება. პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში მსხვერპლის პოზიციას ვერ ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალების მიხედვით, შეურაცხყოფის მიყენებას არ ჰქონია ერთჯერადი ხასიათი. ამასთან, საქმის მასალების მიხედვით, დაზარალებულმა, არაერთხელ მიყენებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების მიუხედავად, მხოლოდ ბოლო ფაქტის დროს გადაწყვიტა სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიმართვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისი პოზიცია ვერ იქნება მიღებული სასჯელის განსაზღვრის დროს.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტს წარმოადგენს ქალის და მოცემულ შემთხვევაში ორსული ქალის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება, მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე, რაც ვერ იქნება გადაწონილი საჩივარში მითითებული არგუმენტებით. ნიშანდობლივია, რომ ფიზიკურ ძალადობას ოჯახში, ორსული ქალის მიმართ, გააჩნია განსაკუთრებულად მძიმე ხასიათი, აქვს დამანგრეველი გავლენა მსხვერპლზე და საფრთხეს უქმნის ასევე ნაყოფს. შესაბამისად, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია და ვერ გახდება სასჯელის შემსუბუქების საფუძველი სააპელაციო საჩივარში მითითებული არგუმენტი, რომ დაზარალებულს აქვს შემრიგებლური პოზიცია, მსჯავრდებული არის ოჯახის მარჩენალი, მის შვილებს სჭირდებათ მამა გვერდით და ა.შ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება, შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე არ იძლევა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ გ------------------სთვის დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით რაიმე სახის შეღავათების გამოყენების საფუძველს. გ------------------სთვის დანაშაულთა ერთობლიობით 2 (ორი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა არ წარმოადგენს მკაცრ სასჯელს, სასჯელის შემსუბუქება (დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა) იქნება არასამართლიანი და პალატის მოსაზრებით, თავიდან ვერ იქნება აცილებული ახალი ძალადობრივი დანაშაული. პალატას მიაჩნია, რომ გ------------------ს მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი ხელს შეუწყობს სასჯელის მიზნების განხორციელებას, ამასთან, გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, უკეთ გააცნობიეროს მეუღლის მიმართ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გასაკიცხაობის ხარისხი და გამოწვეული შედეგის სიმძიმე.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 მაისის განაჩენი გ------------------ს მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი, რის გამოც პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი გ------------------ს მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ------------------ს და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა-----------------–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 მაისის განაჩენი მსჯავრდებულ გ------------------ს მიმართ, დარჩეს უცვლელი;
გ------------------ ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
გ------------------ ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის იანვრის დასაწყისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;
გ------------------ ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (სისტემატიური ცემის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ------------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;
გ------------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2019 წლის 10 მარტიდან;
ცნობად იქნას მიღებული, რომ გ------------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გ. კახეთელიძე