განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 27.05.2019
საქმის ნომერი
080310018002676874
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა დავები
თარიღი
27.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080310018002676874

საქმე N3/ბ-142-19წ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

27 მაისი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი

 

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე გოჩა აბუსერიძე

სხდომის მდივანი ონისე გურეშიძე

 

აპელანტი – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი

 

წარმომადგენელი – ნ----------------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე – მ-------–-------

 

წარმომადგენელი – ა---------–------------ე

 

დავის საგანი – ქმედების განხორციელების დავალდებულება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 07 მარტის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა – ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 07 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და მ-------–-------ს სარჩელის უარყოფა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

2018 წლის 16 ოქტომბერს მ-------–-------ს წარმომადგენელმა ა---------–------------ემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიმართ და მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 04 ივლისის №---------- და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 11 სექტემბრის №-------- გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ასევე მოითხოვა კომპენსაციის გაცემის აღდგენა შეჩერების დღიდან - 2018 წლის 01 ივლისიდან;

 

მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2004 წლის 04 მარტს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაიცვალა მოსარჩელე მ-------–-------ს მეუღლე გ--------------–---–-. მ-------–-------ს მარჩენალის გარდაცვალების გამო, როგორც არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს, დაენიშნა კომპენსაცია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 18 მაისის გადაწყვეტილების შესაბამისად და კომპენსაციას იღებდა 2018 წლის 04 ივლისამდე. 2018 წლის 04 ივლისს მ-------–-------ს №---------- წერილით ეცნობა, რომ კანონში განხორციელებული ცვლილებების გამო შეუჩერდა კომპენსაციის გაცემა - წარსადგენი იყო ქორწინების მოწმობა. აღნიშნული შეტყობინება გასაჩივრდა კანონით დადგენილი წესით ზემდგომ ორგანოში ერთჯერადად, რომელმაც 2018 წლის 11 სექტემბრის №-------- გადაწყევეტილებით არ დააკმაყოფილა მ-------–-------ს საჩივარი.

 

მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მისი უარყოფა მოითხოვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 07 მარტის გადაწყვეტილებით მ-------–-------ს სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 04 ივლისის №---------- გადაწყვეტილება მ-------–-------ს მიმართ კომპენსაციის გაცემის შეჩერების შესახებ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 11 სექტემბრის №-------- გადაწყვეტილება. ამავე გადაწყვეტილებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს დაევალა, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მ--------–-------- მიმართ შეჩერებული კომპენსაციის აღდგენის შესახებ 2018 წლის 01 ივლისიდან.

 

ამ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლოს დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

სასამართლოს მიერ უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1.1. გ--------------–---–-- და მ-------–-------მ ჯვარი დაიწერეს 2000 წლის 11 ნოემბერს;

 

2.1.2. მოსარჩელე მ-------–-------ს მეუღლე გარდაიცვალა 2004 წლის 04 მარტს, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას;

 

2.1.3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით დადგენილი იქნა იურდიული მნიშვნელობის ფაქტი მასზედ, რომ გ--------------–---–- გარდაცვალებამდე ცხოვრობდა და არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მ-------–-------სთან. ასევე, მ-------–------- და მისი მცირეწლოვანი შვილი, ქ--------------–---–ი, იმყოფებოდნენ გ--------------–---–-ს კმაყოფაზე;

 

2.1.4. მ-------–------- არის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი, ამასთან ,,მარჩენალდაკარგულის“ სტატუსის მქონე პირი და სარგებლობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებითა და შეღავათებით;

 

2.1.5. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილის თ---------–-----ის 2018 წლის 04 ივლისის №---------- წერილით მ-------–-------ს ეცნობა 2018 წლის 01 ივლისიდან მის მიმართ დანიშნული სახელმწიფო კომპენსაციის შეჩერების შესახებ;

 

2.1.6. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილის თ--------–------- 2018 წლის 04 ივლისის №---------- წერილი მ-------–-------მ გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მომსახურების სააგენტოში, რომლის 2018 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილებით, მ-------–-------ს ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის მოტივით.

 

სასამართლოს მიერ სადავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:

 

სადავო ფაქტობრივი გარემოებები სასამართლოს მიერ დადგენილი არ ყოფილა.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

სასამართლოს განმარტებით, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ეს კანონი არეგულირებს სახელმწიფო პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძვლებს, განსაზღვრავს პენსიის ოდენობას, მისი ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, მისი შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, არეგულირებს პენსიის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულია, რომ ეს კანონი ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებზე, აგრეთვე, პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადების შეტანის მომენტისათვის ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერ საფუძველზე მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებზე.

 

,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, კანონის ძირითადი პრინციპებია: ა) სამართლიანობა; ბ) კანონის წინაშე თანასწორობა; გ) მუდმივობა; დ) კომპენსაციის/ სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების სახელმწიფო გარანტია.

 

განსახილველ შემთხვევაში მ-------–-------, როგორც ,,მარჩენალდაკარგულის“ სტატუსის მქონე პირი იღებდა სახელმწიფო კომპენსაციას მარჩენალის გარდაცვალების სტატუსით. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება ასევე დადასტურებულია სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს’’ 2018 წლის 11 სექტემბრის №-------- გასაჩივრებული გადაწყვეტილებით.

 

საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია იმის შესახებ, რომ მ-------–-------მ დაკარგა მარჩენალის გარდაცვალების გამო სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები პირის სტატუსი შვილის სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ, რადგან თვითონ ,,მარჩენალდაკარგულის“ სტატუსი მ-------–-------ს მიმართ არ გაუქმებულა, ხოლო ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად კანონის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია -სამართლიანობა და მუდმივობა.

 

,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით, ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებია: დ) მარჩენალის გარდაცვალება, ე) ოჯახის წევრის გარდაცვალება.

 

განსახილველ შემთხვევაში მ-------–-------ს მიმართ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საფუძველი გახდა სწორედ ოჯახის მარჩენალი წევრის გარდაცვალება, შესაბამისად სასამართლომ არ გაიზიარა სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლზე მოპასუხის მითითება და აღნიშნა, რომ მოცემული მუხლის დანაწესი წინამდებარე შემთხვევაში იყო არარელევანტური. სასამართლომ მიუთითა, რომ ყოველი სამართალურთიერთობის საფუძველს წარმოადგენდა ფაქტი. წინამდებარე შემთხვევაში ფაქტი იყო ის, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა მოსარჩელის მეუღლე; ის, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული იყო მეუღლეთა ერთად ცხოვრება, თანაცხოვრებისას შეეძინათ შვილი და ცხოვრობდნენ ერთ ოჯახად.

 

სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოპასუხის განმარტება სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტის გამო კომპენსაცის მიღების შეუძლებლობის შესახებ და მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლზე, რომლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს, და აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ ჰქონდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების რაიმე ფორმით რევიზიის უფლება. ეს გამოიწვევდა არა მარტო სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპის დარღვევას, არამედ მოქალაქის კონსტიტუციური უფლების ხელყოფას.

 

მოცემულ შემთხვევაში ფაქტი დაადგინა სასამართლომ, ხოლო კანონმა მკაფიოდ განსაზღვრა მარჩენალის გარდაცვალების გამო კომპენსაციის მიმღები პირები და მათი უფლება. კერძოდ ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის თანახმად, ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ – „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირთა სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში გარდაცვალების შემთხვევაში კომპენსაცია ენიშნებათ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს. აღნიშნული კომპენსაცია ინიშნება ამ თავით დადგენილი წესითა და მისი ოდენობაა გარდაცვლილის კომპენსაციის 75%. ამასთანავე, გარდაცვლილის მუშაობის მინიმალური სტაჟი უთანაბრდება კანონით განსაზღვრულ ნამსახურობის სრულ ვადას. ამ კანონით გათვალისწინებული მარჩენალის გარდაცვალების გამო კომპენსაცია არის ოჯახისათვის განკუთვნილი სარგებელი, რომელიც გულისხმობს კომპენსაციის პროპორციულ განაწილებას ოჯახის მარჩენალდაკარგულ წევრებს შორის. ოჯახს უფლება აქვს, აირჩიოს ამ კანონით ან საქართველოს კანონმდებლობით მარჩენალის გარდაცვალების გამო ოჯახისთვის განსაზღვრული სხვა სარგებლის მიღების უფლება.

 

,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით განსაზღვრულია ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო კომპენსაციის უფლება; კერძოდ პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“–„პ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს კომპენსაცია დაენიშნებათ ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში. მე-2 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კომპენსაციის მიმღებ პირებზე გასაცემი კომპენსაციის ოდენობა 2014 წელს შეადგენს 500 ლარს, ხოლო 2015 წლიდან − 1000 ლარს. მე-3 პუნქტით, ამ კანონით გათვალისწინებული ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო კომპენსაცია არის ოჯახისათვის განკუთვნილი სარგებელი, რომელიც გულისხმობს კომპენსაციის პროპორციულ განაწილებას გარდაცვლილის ოჯახის წევრებს (მშობლები, მეუღლე, შვილები 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო შვილები (ასაკის მიუხედავად) შორის.

 

სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული ნორმა პირდაპირ განსაზღვრავს თუ ვის და რა შემთხვევაში დაენიშნება სახელმწიფო კომპენსაცია. კანონის მიზნებიდან გამომდინარე მ-------–------- უფლებამოსილი იყო სახელმწიფოსგან მიეღო მეუღლის გარდაცვალების გამო დანიშნული კომპენსაცია და მოცემულ შემთხვევაში იმაზე მითითება, რომ მ-------–------- არარეგისტრირებული ქორწინების გამო არ წარმოადგენდა კომპენსაციის მიღებაზე უფლებამოსილ პირს, სასამართლოს მოსაზრებით, პირდაპირ არღვევდა მოქალაქის კონსტიტუციურ უფლებას. შესაბამისად სასამართლომ დაასკვნა, რომ მ-------–-------ს უსაფუძვლოდ შეუჩერდა კანონის საფუძველზე დანიშნული კომპენსაცია და იგი უნდა განახლებულიყო შეჩერების დღიდან.

 

სასამართლომ მოიხმო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა; კერძოდ ერთ-ერთ საქმეზე ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ ,,მართალია, პენსია არ ექცევა ევროპული კონვენციის დაცვის ფარგლებში, მაგრამ პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი მოიცავს პენსიის მოთხოვნას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Saladyuk v. Russia, Application no. 67099/01, 12 July 2005, §26). ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით პენსიის მიღების უფლების დაცვა სასამართლომ ასევე აღიარა საქმეებში Stec and Others v. the UK და Moskal v. Poland (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Stec and Others v. the UK, Applications nos. 65731/01 and 65900/0, 12 April 2006, §54; Moskal v. Poland, Application no. 10373/05 15 September 2009, § 38).

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმატებით, ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კანონის მიზანია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაციის უზრუნველყოფა. სახელმწიფო პენსიის დაწესებით ადგენს ასაკის, შესაძლებლობის შეზღუდვის და მარჩენალის დაკარგვის გამო პირის მინიმალური საარსებო საშუალებით უზრუნველყოფის საყოველთაო უფლებას და ამ უფლების რეალიზებას ახდენს ეტაპობრივად, არსებული რესურსების ფარგლებში. ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მიზნებისთვის მინიმალური საარსებო საშუალებებით უზრუნველყოფის ვალდებულება წარმოიშობა ასაკის, შესაძლებლობის შეზღუდვის ან/და მარჩენალის დაკარგვის გამო.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331 მუხლით განსაზღვრულია, რომ თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1 მუხლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ანალოგიური შინაარსის დებულებებს შეიცავს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, რომლის 17.1 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები; მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი შესაგებელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 და მე-7 მუხლების თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში; ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება; დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა; დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 04 ივლისის №---------- გადაწყვეტილება მ-------–-------ს მიმართ კომპენსაციის გაცემის შეჩერების შესახებ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 11 სექტემბრის №-------- გადაწყვეტილება ეწინააღმდეგებოდა კანონს და არღვევდა მოსარჩელის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს, შესაბამისად საქალაქო სასამართლომ მ--------–-------- სარჩელი დასაბუთებულად მიიჩნია და დააკმაყოფილა.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 07 მარტის გადაწყვეტილებაზე კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო საჩივარი წარადგინა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრმა, რომლითაც გადაწყვეტილების გაუქმება და მ-------–-------ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა, შემდეგი საფუძვლით:

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1.1. აპელანტის განმარტებით, მ-------–-------მ სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს განცხადებით მიმართა 2016 წლის 15 აპრილს და მოითხოვა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 221 მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა ოჯახის წევრის გარდაცვალების საფუძვლით. განცხადებასთან ერთად, მ-------–-------მ შინაგან საქმეთა სამინისტროდან წარმოადგინა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N---- ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-15 მუხლით გათვალისწინებული ცნობა (N-----------------6), სადაც მითითებულია, რომ მისი მეუღლე გარდაიცვალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას. მ-------–-------მ ასევე წარმოადგინა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გაცემული „მარჩენალდაკარგულის“ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, საიდენტიფიკაციო კოდით - 2----------8 და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც დადგენილ იქნა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი მასზედ, რომ გ--------------–---–- გარდაცვალებამდე ცხოვრობდა და არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მ-------–-------სთან. ასევე, მ-------–------- და მისი მცირეწლოვანი შვილი ქ--------------–---–ი, იმყოფებოდნენ გ--------------–---–-ს კმაყოფაზე;

 

3.1.2. აპელანტის განმარტებით, საქმეში არსებული დოკუმენტებიდან ასევე ირკვევა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, მ-------–-------ს და მის მცირეწლოვან შვილს 2004 წლის 02 აგვისტოდან დანიშნული ჰქონდათ სახელმწიფო კომპენსაცია მარჩენალის გარდაცვალების საფუძვლით „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“. აღნიშნული გასაცემელი დანიშნული იყო მცირეწლოვან შვილზე - ქ--------------–---–ზე და მ-------–-------ზე, არასრულწლოვანი შვილის 14 წლის ასაკის შესრულებამდე მისი მოვლისათვის. მ-------–-------ს ძველ საქმეში (იგულისხმება მარჩენალდაკარგულის საფუძვლით დანიშნული გასაცემელი) ასევე განთავსებულია სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გაცემული „მარჩენალდაკარგულის“ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, საიდენტიფიკაციო კოდით - 2----------8.

 

სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 4 ივლისის N---------- წერილით, მ-------–-------ს განემარტა, რომ მოქმედი კანონმდებლობა გარდაცვლილი პირის მეუღლისათვის, ოჯახის წევრის გადაცვალების საფუძვლით სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად მოითხოვდა ქორწინების მოწმობის წარმოდგენას, რაც სახელმწიფო გასაცემლის საქმეში არ იყო განთავსებული, შესაბამისად, 2018 წლის 01 ივლისიდან ბენეფიციარს შეუჩერდა კომპენსაციის დარიცხვა, თანახმად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N---- ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ა3“ ქვეპუნქტისა;

 

3.1.3. აპელანტის მითითებით, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 221 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების თანახმად, ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“-„პ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, ამ კანონით გათვალისწინებული ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო კომპენსაცია ენიშნებათ გარდაცვლილის ოჯახის შემდეგ წევრებს: მშობლებს, მეუღლეს, შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე და შრომისუუნარო შვილებს (ასაკის მიუხედავად). აღნიშნული კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარედგინება კომპეტენტურ ორგანოს, ხოლო ამავე კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე განცხადებას კომპეტენტური ორგანო განიხილავს განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.

 

მითითებული კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კომპენსაციის დანიშვნისათვის საჭირო დოკუმენტების ნუსხა, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოების, აგრეთვე კომპენსაციის დანიშვნის წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით, ხოლო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N---- ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ა3“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღის (1991 წლის 9 აპრილი) შემდეგ, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის მეუღლისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად აუცილებელია ქორწინების მოწმობის წარმოდგენა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება და არა სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი მასზედ, რომ გ--------------–---–- გარდაცვალებამდე ცხოვრობდა მ-------–-------სთან და იგი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მასთან და რომ მ-------–------- და მისი მცირეწლოვანი შვილი იმყოფებოდნენ გარდაცვლილის კმაყოფაზე;

 

3.1.4. აპელანტის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, სააგენტო ვერ გასცდება მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებს და ოჯახის წევრის გარდაცვალების საფუძვლით სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნას ვერ მოახდენს კანონმდებლობით მოთხოვნილი დოკუმენტის წარმოდგენის გარეშე, ვინაიდან სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით დადგენილია იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი ერთად ცხოვრებისა და გარდაცვლილის კმაყოფაზე ყოფნის შესახებ. შესაბამისად, აღნიშნული საკითხის დადებითად გადაწყვეტის სამართლებრივი საფუძველი კომპეტენტურ ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნია.

 

რაც შეეხება მ-------–-------სათვის და მისი არასრულწლოვანი შვილისათვის 2004 წლის 02 აგვისტოდან მარჩენალის გარდაცვალების გამო სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მართლზომიერების საკითხს, „სამხედრო, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლითაც მ-------–-------ს დანიშნული ჰქონდა კომპენსაცია, გარდაცვლილის შრომისუნარიანი და კანონით განსაზღვრული საპენსიო ასაკის არმქონე მეუღლისათვის, გასაცემლის დანიშვნას ითვალისწინებდა მხოლოდ არასრულწლოვანი შვილის 14 წლის ასაკის შესრულებამდე, მისი მოვლისათვის, ხოლო ამ ასაკის შესრულების შემდეგ, ბავშვის დედას უწყდებოდა კომპენსაცია და მისი გაცემა გრძელდებოდა მხოლოდ არასრულწლოვან პირზე (მუხ. 26 ,27). ასეთ შემთხვევაში, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა გარდაცვლილის კმაყოფაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობას და არა ქორწინების მოწმობას. ქორწინების მოწმობის წარმოდგენის აუცილებლობა დგებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა ხდებოდა მარტო გარდაცვლილის მეუღლეზე, რა თქმა უნდა თუ იგი დააკმაყოფილებდა კანონით გათვალისწინებულ სხვა პირობებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2010 წლის 01 დეკემბრიდან მ-------–-------ს შეუწყდა მარჩენალის გარდაცვალების გამო 2004 წლის 02 აგვისტოდან დანიშნული თავისი წილი კომპენსაციის დარიცხვა, მისი შვილის - ქ--------------–---–ის (დაბ. 11.11.1996წ.) 14 წლის ასაკის შესრულების მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და სახელმწიფო კომპენსაციის გაცემა გაგრძელდა გარდაცვლილის არასრულწლოვან შვილზე და დედაზე. ამ შემთხვევაში, მ-------–------- დარჩა მხოლოდ შვილის კომპენსაციის მიმღებად და მას ბენეფიციარის სტატუსი მოეხსნა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მ-------–-------ს მარჩენალის გარდაცვალების გამო სახელმწიფო კომპენსაცია დანიშნული ჰქონდა მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით, შესაბამისად, ოჯახის წევრის გარდაცვალების საფუძვლით სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნის მიზნებისათვის, სააგენტო ვერ დაეყრდნობა და ვერ გამოიყენებს სხვა სახის სახელმწიფო გასაცემლის უფლებაზე, სხვა საკანონმდებლო აქტით განსაზღვრულ დოკუმენტებს და მ-------–-------ს ვერ განუახლებს უსაფუძვლოდ დანიშნული სახელმწიფო გასაცემელის დარიცხვას. მ-------–-------ს კომპენსაციის შეჩერებაზე სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 11 ივნისის N---------- წერილის გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები სააგენტოს არ გააჩნია. შესაბამისად, არ არსებობს სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 11 სექტემბრის N-------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა სააპელაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, გააანალიზა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა კანონიერება - დასაბუთებულობა და ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელი უნდა დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 07 მარტის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

4.1.1. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, ამავდროულად, სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32; ჯ--------- საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81) გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.

 

აქვე სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ; ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (N.3) §§ 38-42).

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებას და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:

 

მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილის თ---------–-----ის 2018 წლის 04 ივლისის №---------- წერილი, რომლითაც მ-------–-------ს ეცნობა 2018 წლის 01 ივლისიდან მის მიმართ დანიშნული სახელმწიფო კომპენსაციის შეჩერების შესახებ. აღნიშნული წერილის, როგორც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას ადმინისტრაციულმა ორგანომ საფუძვლად დაუდო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N---- ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ა3“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნა - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღის (1991 წლის 9 აპრილი) შემდეგ, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევეში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის მეუღლისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად აუცილებელი იყო ქორწინების მოწმობის წარმოდგენა, რაც მხარეს არ გააჩნდა.

 

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის N---- ბრძანება მიღებული იქნა მას შემდეგ, რაც მოსარჩელეს უკვე დანიშნული ჰქონდა კომპენსაცია, შესაბამისად გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების შესაფასებლად მნიშვნელოვანია კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლიანობის შეფასება სწორედ მისი დანიშვნის დროს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, რადგანაც ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ნორმატიულ აქტს, რომელიც ადგენს ან ამძიმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს, შესაბამისად ცალსახაა, რომ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის შემდგომ მოსარჩელის მიმართ რაიმე დამატებითი საკანონმდებლო მოთხოვნის დაწესება და ამ სახით უკვე მოპოვებული კანონიერი უფლების გაუქმება, დაუშვებელია.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2000 წლის 11 ნოემბერს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაიცვალა გ--------------–---–-, რომელთანაც მ-------–------- იმყოფებოდა რელიგიურ ქორწინებაში. ამასთან ისინი ცხოვრობდნენ ერთ ოჯახად და თანაცხოვრების პერიოდში, 1996 წლის 11 ნოემბერს შეეძინათ შვილი, ქ--------------–---–ი. ისიც დადგენილია, რომ მოსარჩელე და მათი შვილი იმყოფებოდნენ გ--------------–---–-ს კმაყოფაზე.

 

პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩლისა და მისი არასრულწლოვანი შვილის მიმართ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშნვა განხორციელდა 2004 წლის 02 აგვისტოდან მარჩენალის გარდაცვალების საფუძვლით „სამხედრო, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.

 

კომპენსაციის დანიშვნის დროს მოქმედი რედაქციით, დასახელებული კანონის 26-ე მუხლში ჩამოთვლილი იყო მარჩენალის დაკარგვის გამო პენსიის მიღების უფლების მქონე ოჯახის წევრები; კერძოდ ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მარჩენალის დაკარგვის შემთხვევაში პენსიის მიღების უფლება აქვთ ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილი დაღუპული (გარდაცვლილი) მარჩენალის ოჯახის წევრებს, რომლებიც მის კმაყოფაზე იმყოფებოდნენ.

 

ამ კანონის პირველი მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტი საპენსიო უზრუნველყოფას დაქვემდებარებულ პირებში მოიაზრებდა რიგით და უფროსი შემადგენლობის პირებს, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში, რა კატეგორიასაც აწ.გარდაცვლილი გ--------------–---–- აკმაყოფილებდა.

 

„სამხედრო, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კმაყოფაზე ყოფნის მიუხედავად პენსია ენიშნებათ შრომისუუნარო შვილებს, მშობლებსა და მეუღლეს, თუ მათ მარჩენალის დაკარგვის შემდეგ არ გააჩნიათ საარსებო წყარო, ამ კანონის მე-19 მუხლის "ა" პუნქტში აღნიშნული მიზეზებით გარდაცვლილ პირთა შრომისუუნარო მშობლებსა და მეუღლეს, ამ მუხლის "ბ" პუნქტში აღნიშნულ ერთ-ერთ მშობელს ან ოჯახის სხვა წევრს.

 

ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ოჯახის შრომისუუნარო წევრებად ითვლებიან: ა) შვილები, დები და ძმები, რომლებსაც არ მიუღწევიათ 18 წლის ასაკისათვის, ან ამ ასაკს ზევით, თუ ისინი დაინვალიდნენ 18 წლის მიღწევამდე, ამასთან დები, ძმები და შვილიშვილები - იმ პირობით,თუ მათ არ ჰყავთ შრომიუნარიანი მშობლები. ბ) დედა, მამა, ცოლი, ქმარი, თუ მათ შეუსრულდათ საპენსიო ასაკი: ქალებს 60 წელი, მამაკაცებს - 65 წელი ან არიან ინვალიდები. გ) ერთ-ერთი მშობელი ან მეუღლე, ან ბებია, პაპა, ძმა, და ან მეურვე, ასაკისა და შრომისუუნარობის მიუხედავად, თუ იგი უვლის გარდაცვლილი მარჩენალის შვილებს, დებს, ძმებს, რომლებსაც არ შეუსრულდათ 14 წელი და არ მუშაობენ. დ) ბებია და პაპა - თუ არა ჰყავთ კანონიერი მარჩენალი. საშუალო სპეციალური, უმაღლესი და სხვა სასწავლებლების მოსწავლეებს, სწავლის ფორმის მიუხედავად.

 

მითითებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე პალატა განმარტავს შემდეგს: იმისათვის რომ, დასახელებული კანონით პირს მარჩენალის დაკარგვის საფუძვლით დანიშნოდა პენსია, იგი უნდა ყოფილიყო ამ კანონის პირველი მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპენსიო უზრუნველყოფას დაქვემდებარებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილი პირის ოჯახის წევრი, რომელიც მის კმაყოფაზე იმყოფებოდა. რაც შეეხება ოჯახის წევრის ცნებას, დასახელებული კანონი მოიაზრებდა როგორც მშობელს, შვილს, ბებიას, პაპას, ასევე ცოლს (მეუღლეს) და ,,ოჯახის სხვა წევრებს’’.

 

პალატა აღნიშნავს, რომ მართალია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება, თუმცა პალატის მოსაზრებით „სამხედრო, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის, მოსარჩელისათვის კომპენსაციის დანიშვნის დროისთვის, აღნიშნულ დათქმას კანონმდებლობა სავალდებულო პირობად არ ითვალისწინებდა - ამ კანონის მიხედვით მოსარჩელე ითვლებოდა 2000 წლის 11 ნოემბერს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაცვლილი გ--------------–---–- ოჯახის წევრად, შესაბამისად პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩლეს კანონის დადგენილი წესით ჰქონდა კომპენსაციის მიღების უფლება მოპოვებული, რომლის ახალი საკანონმდებლო რეგულაციის პირობებში გაუქმება უკუქცევითი ძალის მინიჭებით დაუშვებელია, რა გარემოებაც მართებულად შეაფასა პირველი ინსტანციის სასამართლომ.

 

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას გასაცემლის მცირეწლოვანი შვილის მოვლის საფუძვლით 14 წლის ასაკის შესრულებამდე დანიშვნის შესახებ, რადგანაც სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი საპენსიო განყოფილების უფროსის 2004 წლის 02 აგვისტოს დასკვნით დადგენილია, რომ ... ლეიტენანტ გ---------------------------–---–ის გარდაცვალების შემდეგ, პენსია დანიშნულია ოჯახის 2 წევრზე - მეუღლეზე და შვილზე. ამასთან აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ქ--------------–---–ი 14 წლის გახდა 2010 წელს, შესაბამისად აპელანტის ლოგიკით მოსარჩელეს ამ პერიოდში უნდა შეწყვეტოდა კომნპენსაციის გაცემა, რაც არ განხორციელებულა და იგი შეუჩერდა მხოლოდ 2018 წელს (მოსარჩელის შვილი ამ დროს იყო 21 წლის).

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

5.1. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი შეფასება მისცა წარმოდგენილ მტკიცებულებებს, სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სადავო სამართალურთიერთობას. გადაწყვეტილება ფაქტობრივად და სამართლებრივად დასაბუთებულია სრულად, გაუქმებისათვის დასაბუთებულ პრეტენზიას წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს; შესაბამისად, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. ამდენად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

სასამართლო ხარჯები:

 

პალატა აღნიშნავს, რომ სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურეობის სამხარეო ცენტრი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილისა და ”სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ”უ” ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 377-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 07 მარტის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

4. განჩინება შეიძლება საკასაციო წესით გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან ოცდაერთი დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32).

 

მოსამართლე გოჩა აბუსერიძე