განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 190210015781795
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/5328-17 15 მაისი, 2019 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ქეთევან მესხიშვილი
სხდომის მდივანი – ნანა ველიჯანაშვილი
აპელანტი - ბ---–---– მ--------ი
წარმომადგენელი - მ----- ლ---------–---ი
მოწინააღმდეგე მხარე - ს----ა მ--------ა
წარმომადგენელი - ბ--–- ბ-----ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 08 თებერვლის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – საზიარო უფლების გაუქმება, თანასაკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის გზით რეალიზება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ს----ა მ--------ამ რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიმართა და უძრავი ნივთის მდებარე ქ. გ---------------–-----–------------, იძულებით აუქციონზე რეალიზაციისა და ამონაგები თანხის თანამესაკუთრეების წილების შესაბამისად განაწილების გზით, საზიარო უფლების გაუქმება მოითხოვა.
2. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო. მან მოსარჩელისთვის კუთვნილი საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლა არ დაადასტურა და განმარტა, რომ მოსარჩელესთან კონფლიქტური ურთიერთობა არ აქვს, მას ნებისმიერ დროს შეუძლია მივიდეს და მის კუთვნილ ფართში იცხოვროს. მოსარჩელეს ამ ქონების სარგებლობის განზრახვა და სურვილი არასდროს ჰქონია, რადგან იგი გათხოვილია და ქმრის ოჯახში ცხოვრობს.
3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 08 თებერვლის გადაწყვეტილებით ს----ა მ--------ას სარჩელი უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაციის გზით საზიარო უფლების გაუქმების შესახებ დაკმაყოფილდა.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება ბ---–---– მ--------მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
5. უძრავი ქონება მდებარე: ქ. გ-----------------–-----–--------------- მოდავე მხარეთა თანასაკუთრებაშია. წილები საზიარო ქონებაში შემდეგნაირად არის გადანაწილებული: ს----ა მ--------ას 15/24, ხოლო ბ---–---– მ--------ს 9/24 ნაწილი ეკუთვნით (ტომი I, ს.ფ. 11-12).
6. სადავო ქონებას მთლიანად მოპასუხე (აპელანტი) ბ---–---– მ--------ი ფლობს (ტომი I, ს.ფ. 1-10, 32-42, მხარეთა ახსნა-განმარტება).
7. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საექსპერტო დასკვნის მიხედვით ქ. გ---------–--------–-----–--------------- მდებარე შენობა-ნაგებობა #1-ის გაყოფა ორ იზოლირებულ ნაწილად, საჯარო რეესტრში დაფიქსირებული წილების შესაბამისად ტექნიკურ მოთხოვნათა დაცვით შესაძლებელია ისე, როგორც ეს საექსპერტო დასკვნის დანართ #2-ში არის აღნიშნული.
ქ. გ---------–--------–-----–--------------- მდებარე ს/კ 8-----------., რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გამიჯვნა იმ ფართის გამოკლებით რაზედაც გამიჯნული შენობა-ნაგებობა #1-ია განთავსებული, ორ იზოლირებულ ნაწილად, საჯარო რეესტრში დაფიქსირებული წილების შესაბამისად, ტექნიკურ მოთხოვნათა დაცვით, ასევე 2014 წლის 15 იანვრის #59 დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად, შესაძლებელია, ისე, როგორც ეს დანართ #3-შია აღნიშნული.
საექსპერტო დასკვნის კვლევით ნაწილში აღნიშნულია, რომ გამიჯვნისთვის ფანჯრების, კარებებისა და ღიობების ამოშენება და დამოუკიდებელი შესავლელების მოწყობაა აუცილებელი.
გამოსაკვლევ მიწის ნაკვეთზე სამი შენობა-ნაგებობა არის განთავსებული, ასევე, მასზე კიდევ ერთი შენობა-ნაგებობაა აღმართული, რომელიც საკადასტრო გეგმაზე დატანილი არ არის, შესაბამისად, მისი ფართი მიწის ნაკვეთის გამიჯვნისას მხედველობაში მიღებული არ ყოფილა. აგრეთვე, მიწის გაყოფისას მიწის ის ნაწილი არ გათვალისწინებულა, რომელზედაც გამიჯნული #1 შენობა-ნაგებობა მდებარეობს, აქედან გამომდინარე, მიწის ნაკვეთის ეს ნაწილი გაყოფის შემდეგ საერთო სარგებლობაში დარჩება (ტომი I, ს.ფ. 13-22).
8. სასამართლოს მიერ ჩატარებულ იქნა ადგილზე დათვალიერება, რა დროსაც დადგინდა, რომ სადავო ქონება ორსართულიან საცხოვრებელ სახლს წარმოადგენს, პირველი სართული მიწის პირზე განთავსებული და ფაქტობრივად ნახევარსარდაფის ტიპის ფართს განეკუთვნება, მოუწესრიგებელია და დათვალიერების დროისთვის საცხოვრებლად გამოუსადეგარია, იზოლირებულად სველი წერტილები და სამზარეულო არ გააჩნია, ეზოში შესასვლელი მხოლოდ ერთი კარით არის მოწყობილი (ტომი I, ს.ფ. 70-80).
9. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. გ---------–--------–-----–---------------, ს/კ 8-----------., საზიარო უფლება აუქციონზე იძულებით რეალიზაციისა და ამონაგები თანხის მოდავე მხარეთა შორის არსებული წილების შესაბამისად განაწილების გზით, მართებულად გაუქმდა.
საზიარო უფლება, სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, კანონისმიერ ვალდებულებათა ურთიერთობების კატეგორიას განეკუთვნება. სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. ამდენად, საზიარო უფლების მოწილეებს უფლებები და ვალდებულებები კანონიდან წარმოეშობათ და მათ შორის ურთიერთობები კანონით წესრიგდება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 953-ე მუხლის თანახმად, თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება საზიარო უფლებების თავის წესები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.
10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 961-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულ მოწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება. კანონმდებლის ნება ნათელი და ცალსახაა, საზიარო უფლების მქონე პირს ნებისმიერ დროს შეუძლია, მოითხოვოს თავისი იდეალური წილის რეალურად გამოყოფა. ერთადერთი შეზღუდვა, რასაც კანონმდებელი აღნიშნული უფლების რეალიზაციის მიზნებისათვის აწესებს არის ის, რომ საზიარო უფლების მქონე პირის უფლებით, გააუქმოს საზიარო საკუთრება, სხვა თანაზიარი მესაკუთრის საკუთრების უფლების ხელშეუვალობა არ უნდა შეელახოს. სწორედ ამიტომ, სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლი ნატურით გაყოფის გზით საზიარო უფლების გაუქმებას დასაშვებად მიიჩნევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საზიარო საგანი შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლის თანახმად, საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი შეიძლება ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე დაიყოს. სასამართლო განმარტავს, რომ დასახელებული ნორმა მიუთითებს ორ აუცილებელ პირობაზე, კერძოდ, საზიარო უფლება უქმდება საზიარო საგნის (საგნების) ნატურით გაყოფისას მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ: 1. საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად; 2. ამგვარი დაყოფის შედეგად არ მცირდება ნივთის ღირებულება. როგორც პირველი, ასევე მეორე ელემენტი უნდა არსებობდეს ერთდროულად/კუმულატიურად იმისათვის, რათა დადგეს ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი, ამასთან, ორივე შემთხვევაში ნატურით გამოყოფილმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ასრულებდა გაყოფამდე. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლი მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს საგნის ნატურით გაყოფის შესაძლებლობას, თუ იგი თავის ფუნქციონალურ დანიშნულებას არ დაკარგავს. ღირებულებაში ნივთის საბაზრო ღირებულება (ფასი) კი არ იგულისხმება, არამედ მოიაზრება მისი საგნობრივი (ფუნქციონალური) დანიშნულება, რომლის შემცირება ნივთის გაყოფამ არ უნდა გამოიწვიოს. ნატურით გასაყოფმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ის ასრულებს გაყოფამდე, ე.ი. არ უნდა წაერთვას ის ფუნქცია და მნიშვნელობა. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ ქონების ნატურით გაყოფა შეუძლებელია, კანონმდებელი საზიარო უფლების გაუქმების შესაძლებლობას ქონების რეალიზაციის გზით იძლევა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 964-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია, მაშინ საზიარო უფლება გაუქმდება საზიარო საგნის, დაგირავებული ნივთის ან მიწის ნაკვეთის გაყიდვითა და ამონაგების განაწილებით. მიწის ნაკვეთის შემთხვევაში გამოიყენება აუქციონზე უძრავი ქონების იძულებით გაყიდვის წესები.
11. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ საქმის მასალებში არსებული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, ჰიპოთეტურად სადავო ქონების ორ ნაწილად გაყოფა შესაძლებელია. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, რომლითაც საზიარო უფლების გაუქმებისთვის ქონების არა მხოლოდ ჰიპოთეტური გაყოფის შესაძლებლობის დადგენაა საკმარისი, არამედ ქონების ერთგვაროვან ნაწილებად, ღირებულების შემცირების გარეშე, დაყოფაა სავალდებულო. ხსენებულ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ ქონების გაყოფის შემთხვევაში მხარეებმა დანართი N2-ის შესაბამისად კარის/ფანჯრის ღიობები უნდა ამოაშენონ და მოაწყონ. გამიჯვნის შემდეგ თითოეულმა მხარემ საკუთარ ნაწილში დამოუკიდებლად უნდა მოაწყოს შესასვლელები, სამზარეულო და სველი წერტილები. გარდა ამისა, საკადასტრო გეგმაზე, რომლის მიხედვითაც ექსპერტიზის დასკვნის თანმხლები დანართები შეიქმნა და ქონების გაყოფის გეგმა დადგინდა, მიწის ნაკვეთზე მდებარე დამოუკიდებელი შენობა ნაგებობა დატანილი არ არის (ტომი I, ს.ფ. 18). ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებების გასარკვევად რუსთავის საქალაქო სასამართლომ ადგილზე დათვალიერება ჩაატარა, რომელსაც ექსპერტი ლაზარე კირიაკიდისი ესწრებოდა. ადგილზე დათვალიერებისას დადგინდა, რომ სადავო ქონება ორსართულიან საცხოვრებელ სახლს წარმოადგენს, პირველი სართული მიწის პირზე განთავსებული და ფაქტობრივად ნახევარ სარდაფის ტიპის ფართს განეკუთვნება, მოუწესრიგებელია და დათვალიერების დროისთვის საცხოვრებლად გამოუსადეგარია, იზოლირებულად სველი წერტილები და სამზარეულო არ გააჩნია, ეზოში შესასვლელი მხოლოდ ერთი კარით არის მოწყობილი, სახლის მეორე სართულზე უნდა გაკეთდეს კიბე, ვინაიდან არსებული კიბით თუ ს----ა მ--------ა ისარგებლებს ეს აივნის საერთო სარგებლობაში დარჩენას გამოიწვევს. მეორე სართულზეც, მსგავსად პირველი სართულისა, ცალკე შესასვლელი კარი უნდა გაკეთდეს. ასევე, ვინაიდან მიწის ზოლთან ფანჯრის გაკეთება არ შეიძლება, როცა სამი მეტრის საფარზე სამეზობლო საზღვარია, გამიჯვნის შემთხვევაში, სახლს ღირებულება დაეკარგება, თუმცა ცალ-ცალკე მათი გაყიდვა შესაძლებელი იქნება. სასამართლოს მიერ ჩატარებული ადგილზე დათვალიერების ოქმის შესწავლისა და ექსპერტიზის დასკვნის შინაარსობრივი გამოკვლევის შედეგად, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საზიარო უფლების ნატურით გაყოფის გზით გაუქმებისათვის საკმარისი არ არის საზიარო საგნის ტექნიკურად გაყოფის შესაძლებლობა. სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, საზიარო საგნის ერთგვაროვან ნაწილებად დაყოფა არ უნდა იწვევდეს დაყოფილი ნაწილების ფუნქციური (სამეურნეო) დანიშნულებისა და ღირებულების შემცირებას რაც განსახილველ შემთხვევაში არ დგინდება. კერძოდ, საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება, რომ სადავო ქონების ორ ნაწილად გაყოფის შემდეგ სახლის იზოლირებული ნაწილები ერთგვაროვნად არ იყოფა, პირველ სართულზე აუცილებელია წყლის შეყვანა, სამზარეულოს მოწყობა, ფანჯრების/კარებების ამოშენება. ასევე, მეორე სართულზე უნდა დამონტაჟდეს ახალი კიბე და ამოიჭრას ფანჯრის ღიობები, ცალსახაა, რომ მნიშვნელოვანი სარემონტო სამუშაოების ჩატარების გარეშე გამიჯნული შენობა-ნაგებობა მის ფუნქციონალურ დანიშნულებას და შესაბამისად, ღირებულებას დაკარგავს.
გარდა ზემოაღნიშნულისა, უმნიშვნელოვანესია ყურადღება მიექცეს იმ გარემოებას, რომ კანონი საზიარო საგნის ერთ ნაწილზე საზიარო უფლების გაუქმებას და სხვა ნაწილზე ამ უფლების დატოვებას არ ითვალისწინებს რაც იმას ნიშნავს, რომ არ შეიძლება საზიარო საგანი იმდაგვარად გაიყოს, რომ ქონების გარკვეული ნაწილი საერთო სარგებლობაში დარჩეს. საქმის მასალებში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ საკადასტრო გეგმაზე, რომლის მიხედვითაც ექსპერტიზის დასკვნის თანმხლები დანართები შეიქმნა და ქონების გაყოფის გეგმა დადგინდა, დატანილი არ არის მიწის ნაკვეთზე მდებარე დამოუკიდებელი შენობა ნაგებობა, რაც იმას ნიშნავს, რომ სადავო ქონების ნატურით გაყოფის შემთხვევაში აღნიშნული ქონება მოდავე მხარეთა საერთო საკუთრებაში დარჩება (ტომი I, ს.ფ. 18). ასევე, ამავე ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მიწის გაყოფისას არ გათვალისწინებულა მიწის ნაკვეთის ის ნაწილი, რომელზეც გამიჯნული შენობა-ნაგებობა N1 მდებარეობს, აქედან გამომდინარე, მიწის ნაკვეთის ეს ნაწილი მხარეთა საერთო სარგებლობაში დარჩება. ცალსახაა, რომ მოცემულ შემთხვევაში არა მხოლოდ უძრავი ქონების ერთგვაროვან ნაწილებად გაყოფაა შეუძლებელი, არამედ, გაყოფის შემდეგ სადავო უძრავ ქონების ნაწილი საერთო სარგებლობაში რჩება, რაც, სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ცალსახად გამორიცხავს ქონების ნატურით გაყოფის შესაძლებლობას.
როგორც უკვე განიმარტა, სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლით გათვალისწინებული ბერკეტის გამოყენების შეუძლებლობა თანამესაკუთრეს უფლებას აძლევს ამავე კოდექსის 964-ე მუხლის დანაწესით გათვალისწინებული საზიარო ქონების აუქციონზე რეალიზაციის გზით გაყოფა მოითხოვოს, რაც განხორციელდა კიდეც. მოცემული დავის ფარგლებში, პირველი ინსტანციის სასამართლოში ს----ა მ--------ა სადავო უძრავი ქონებაზე საზიარო უფლების გაუქმებას მის აუქციონზე რეალიზაციის გზით ითხოვდა, რაც საქალაქო სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა. სააპელაციო საჩივარში აპელანტი გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლებზე არ დავობს და მხოლოდ იმ გარემოებაზე აპელირებს, რომ იგი თანახმაა სადავო ქონების ნატურით გაყოფაზე, რაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი უნდა გამხდარიყო. სააპელაციო პალატა აღნიშნულ მსჯელობას ვერ გაიზიარებს, ვინაიდან საქმის მასალებიდან და მხარეთა ახსნა-განმარტებიდან ცალსახად დგინდება, რომ ბ---–---– მ--------ი მართალია თანახმაა ქონების გამიჯვნაზე, მაგრამ არა იმ ფორმით რაც საექსპერტო დასკვნაშია მოცემული, არამედ მას სურს რომ მეორე სართული მთლიანად დაიკავოს მან, ხოლო პირველი სართული, რომელიც სასამართლოს მიერ ადგილზე დათვალიერების ჩატარების მომენტისთვის საცხოვრებლად გამოუსადეგარი იყო - ს----ა მ--------ამ. მხარეთა მორიგების თვალსაზრისით, ადგილზე დათვალიერების დროს განხილულ იქნა ეს შესაძლებლობაც, თუმცა, ისინი ვერ შეთანხმდნენ. მხარეთა შეუთანხმებლობის გარეშე კი იმ ფორმით გაყოფა, როგორც ეს აპელანტს სურს წილთა თანაფარდობის მნიშვნელოვან შეცვლას გამოიწვევს, რაც ეწინააღმდეგება, როგორც საზიარო უფლების გაუქმების წესებს, ასევე გაუმართლებლად ზღუდავს ერთ-ერთი თანამესაკუთრის უფლებებს.
სააპელაციო სასამართლო პირველ რიგში განმარტავს, რომ სასამართლო ვალდებულია დაემორჩილოს კანონს, მიიღოს გადაწყვეტილება კანონზე, საქმეში არსებული მტკიცებულებებსა და მტკიცებულებებით გამყარებულ შინაგან რწმენაზე დაყრდნობით. იმისათვის, რათა სასამართლომ დამფუძნებელ ნორმად გამოიყენოს რომელიმე ნორმა ან უარი თქვას მის გამოყენებაზე, აუცილებელია არსებობდეს კანონით გათვალისწინებული წინაპირობები, რომლებიც საქმის ფაქტობრივ გარემოებებს ესადაგება. დადგენილია, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს კანონის ნორმის (სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლის) ელემენტების ის კუმულატიური ერთობლიობა, საზიაროო უფლების ნატურით გაყოფის შესაძლებლობას მისცემდა მხარეებს, ამიტომ მოსარჩელეს საზიარო საგანზე თანასაკუთრების უფლების გასაუქმებლად ერთადერთი შესაძლებლობა სამოქალაქო კოდექსის 964-ე მუხლის გამოყენება დარჩა. შესაბამისად, ამ დავის ფარგლებში სასამართლო შებოჭილია ხსენებული მუხლის სამართლებრივი წინაპირობებისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების კვლევით. ერთადერთი წინაპირობა, რომელიც ქონების რეალიზაციის გზით თანასაკუთრების უფლების გაუქმებისთვისაა დადგენილი, მისი ნატურით გაყოფის შეუძლებლობაა, შესაბამისად, ამ ფაქტობრივი გარემოებების არსებობისას, სასამართლო შებოჭილია მხედველობაში მიიღოს სხვა გარემოებები და სარჩელის დაკმაყოფილება ამ გარემოებებს დააფუძნოს, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში, სასამართლო გასცდება კანონის იმპერატიულ მოთხოვნას, დაარღვევს კანონის ნორმას, ამგვარი გადაწყვეტილება კი მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძველი შეიძლება გახდეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, ვინაიდან საქმის მასალებში არსებობს საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომლის თანახმად, მოდავე მხარეები სადავო უძრავი ქონების თანამესაკუთრეები არიან და მათ შორის ქონების წილობრივი მონაცემები სადავო არაა, ასევე, კანონით დადგენილი წესით საჯარო რეესტრის ჩანაწერი სადავოდ არ გამხდარა, სასამართლო სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე თანასაკუთრების უფლების არსებობას უდავო ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნევს. ამასთანავე, საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებათა ერთობლივი შეფასებით დგინდება, რომ საზიარო უფლების წილის ნატურით გამოყოფის გზით გაუქმება შეუძლებელია. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო კოდექსის 964-ე მუხლის სამართლებრივი წინამძღვრები სახეზეა, რაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და ქონების აუქციონზე რეალიზაციით საზიარო უფლების გაუქმების სამართლებრივ და ფაქტობრივ წინაპირობებს ქმნის.
12. სამოქალაქო სამართალში მტკიცების ტვირთის გადანაწილების სამართლიანი და ობიექტური სტანდარტი არსებობს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება შეჯიბრებითობის საფუძველზე მიმდინარეობს. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან ეს ფაქტები, რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული.
ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არა მარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა, თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს ამყარებს. ამ გარემოებათა დამტკიცება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით შეიძლება. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეებს მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი თანაბრად ეკისრებათ.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელე საზიარო უფლების აუქციონზე რეალიზაციის გზით გაუქმებას მოითხოვდა, სწორედ მის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენდა ფაქტი მასზედ, რომ საზიარო საგნის დაყოფა ერთგვაროვან ნაწილებად, ღირებულების შემცირების გარეშე, შეუძლებელი იყო, რაც განსახილველ შემთხვევაში საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებებით ცალსახად დადასტურდა. ამ პირობებში მოპასუხის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას სამოქალაქო კოდექსის 964-ე მუხლის გამოყენების დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის დადასტურება წარმოადგენდა, ამ მიმართებით აპელანტმა მხოლოდ საზიარო საგნის ნატურით გაყოფაზე მისი თანხმობის შესახებ მიუთითა, რაც სააპელაციო სასამართლოს მიერ გაზიარებული არ იქნა, ვინაიდან მხარეთა შორის მორიგება ვერ შედგა, აპელანტის მიერ ქონების ნატურით გაყოფის თაობაზე შეთავაზება, კი თანამესაკუთრეს აშკარად არათანაბარ პირობებში აყენებს, ამიტომ, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტმა მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი ვერ დასძლია, რაც მისი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
13. ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი 160 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად უნდა ჩაითვალოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით, იხელმძღვანელა და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ბ---–---– მ--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 08 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი