განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 190210018002496077
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/463-19 20 მაისი, 2019 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ნათია გუჯაბიძე
სხდომის მდივანი – ნათია ხოლოაშვილი
აპელანტი – ა------ ვ------–--ე, ზ---ა ვ------–--ე (მოსარჩელე)
წარმომადგენელი – ა----------------ი
მოწინააღმდეგე მხარე – ლ--–- რ------–---–ი, ნ----------------–ი (მოპასუხე)
წარმომადგენელი – პ-----------ა
დავის საგანი – იპოთეკის გაუქმება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 07 დეკემბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
სასარჩელო მოთხოვნა
1. ა------ ვ------–--ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე, ქ------–---- ს------–-------------ი, კოდი 2------------ ნ----------------–ისა და ლ--–- რ------–---–ის სასარგებლოდ, 2----–-–------------–- რეგისტრირებული იპოთეკის უფლების გაუქმება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 07 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ა------ ვ------–--ის და ზ---ა ვ------–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. სამართლებრივი მხარე სასამართლომ დაასაბუთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის, 625-ე მუხლის პირველი ნაწილის, 153-ე მუხლის, 286-ე მუხლის პირველი ნაწილის, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 427-ე, 316-ე, 417–ე, 418-ე, 419-ე, 420-ე, 434-ე მუხლების საფუძველზე.
4. გადაწყვეტილება გაასაჩივრა მოსარჩელე მხარემ და სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება.
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები
5.1. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმეზე უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და არასწორად მიიჩნია, რომ მიუხედავად სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების სრულად შესრულებისა, არსებობდა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოპასუხეებს წინამდებარე დავის ფარგლებში სასამართლოში არ აღუძრავთ შეგებებული სარჩელი პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით. შესაბამისად, იმ ვითარებაში, როდესაც მხარეს სადავოდ არ გაუხდია სესხის ძირი თანხისა და საპროცენტო სარგებლის სრულად გადახდის ფაქტი და სარჩელით არ მოუთხოვია პირგასამტეხლოს დაკისრება, სასამართლოს არ ჰქონდა პირგასამტეხლოს საფუძვლებსა და ოდენობაზე მსჯელობისა და ამ დასაბუთებით იპოთეკის გაუქმებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
ფაქტობრივ/სამართლებრივი დასაბუთება
8. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
8.1. 2----–-–---------------- სანოტარო წესით დამოწმებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებით ა------ ვ------–--ემ კ--------------–---–სა და თ------------------ან 3 თვის ვადით ისესხა 11 000 აშშ დოლარი (კ---------------–---–-საგან 9000 აშშ დოლარი, თ-----------------აგან 2 000 აშშ დოლარი). სესხის სარგებელი განისაზღვრა თვეში 5%-ით. სესხის დაბრუნების ვადის დარღვევისათვის გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,2%-ის ოდენობით. სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა ა------ ვ------–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე, ქ------–----, ბ-----------, 1--- კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული ნაგებობა (კოდი 2------------.
8.2. 2----–-–------------–- სანოტარო წესით დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ზ---ა ვ------–--ემ ნ----------------–ისა და ლ--–- რ------–---–ისაგან 6 თვის ვადით ისესხა 9000 აშშ დოლარი ნ----------------–ისაგან, ყოველთვიურად 3%-ის დარიცხვით, ხოლო ლ--–- რ------–---–ისაგან 3000 აშშ დოლარი, ყოველთვიურად 3,5%-ის დარიცხვით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ა------ ვ------–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება საკადასტრო კოდი 2------------ ხელშეკრულების საფუძველზე ნ----------------–ისა და ლ--–- რ------–---–ის იპოთეკის უფლება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. ამ ხელშეკრულების საფუძველზე სესხის რეალურად გადაცემა არ მომხდარა, ხელშეკრულება დაიდო 2----–-–---------------ს სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების ნაცვლად, ხოლო მხარეები ზეპირსიტყვიერად შეთანხმდნენ, რომ მსესხებელი შესრულებას განახორციელებდა თ---------------ს მიმართ, რომელიც არის იპოთეკარების ოჯახის წევრი.
8.3. სესხის ხელშეკრულების შესრულების მიზნით, ზ---ა ვ------–--ის წარმომადგენელი ნ-------------, იპოთეკარების მითითებით, თანხას პერიოდულად რიცხავდა თ---------------ს საბანკო ანგარიშზე. სადავო არ არის გარემოება, რომ საბანკო ანგარიშზე სესხის ძირითადი თანხა - 12 000 აშშ დოლარი სრულად არის ჩარიცხული.
8.4. 2----–-–----------ს ნოტარიუს თ----–----------–---–ის მიერ შედგენილია ნოატრიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე ფულის მიღების ოქმი, რომლის მიხედვით, ნ----------------–სა და ლ--–- რ------–---–ის მიმართ 2----–-–------------–- დადებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდიბნარე ზ---ა ვ------–--ის ვალდებულების შესასრულებლად, თანხის გადამცემის - ნ--------------აგან მიღებულია 2250 აშშ დოლარი. ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანილი თანხა არის 2----–-–------------–- დადებული სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი სრულად.
9. 20---–-–------------ ა------ ვ------–--ემ და ზ---ა ვ------–--ემ სარჩელით მიმართეს სასამართლოს და ა------ ვ------–--ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ნ----------------–ისა და ლ--–- რ------–---–ის სასარგებლოდ 2----–-–------------–- რეგისტრირებული იპოთეკის უფლების გაუქმება მოითხოვეს იმ საფუძვლით, რომ 2----–-–------------–ის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება სრულად შესრულებულია და აღარ არსებობს სესხის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების სამართლებრივი საფუძველი.
მოპასუხე მხარე სადავოდ არ ხდის ზემოაღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხისა და სარგებლის სრულად დაფარვის ფაქტს, თუმცა მიაჩნია, რომ იპოთეკის უფლება არ უნდა გაუქმდეს იქამდე, სანამ მოსარჩელე არ შეასრულებს ასევე, შესრულების ვადის დარღვევის გამო წარმოშობილ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებას.
10. ამდენად, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, სააპელაციო პალატის შემოწმების საგანია, 2----–-–------------–ის სესხისა და იპოთეკის სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, სადავო უძრავ ნივთზე იპოთეკის უფლების არსებობის კანონიერება.
11. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივ შეფასებებს და დასკვნებს სარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ ა------ ვ------–--ის საკუთრებაში არსებული უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი 2------------ იპოთეკის უფლება უნდა გაუქმდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
11.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა). ამდენად, იპოთეკა არის სანივთო უზრუნველყოფის საშუალება, რომელიც კრედიტორს ანიჭებს უფლებას ამ ქონების ხარჯზე დაიკმაყოფილოს მისი მოთხოვნა მოვალის მიმართ. იპოთეკისათვის განმსაზღვრელია ის ხელშეკრულება, რომლითაც წარმოშობილი მოთხოვნა უზრუნველყოფილია უძრავი ქონებით. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში მთავარი მოთხოვნაა სესხის დაკისრება, ხოლო იპოთეკა არის დამატებითი მოთხოვნა, იგი აქცესორული უფლებაა (სსკ-ის 153-ე მუხლი), რადგან უზრუნველყოფს მხარეებს შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შესრულებას და მას დამოუკიდებელი სამართლებრივი მნიშვნელობა არა აქვს. იპოთეკის ხელშეკრულება შესაბამისი მთავარი ხელშეკრულების გარეშე მოთხოვნის უფლებას არ წარმოშობს.
11.2. პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობაში ამომწურავადაა ჩამოთვლილი იპოთეკის უფლების შეწყვეტის სამართლებრივი საფუძვლები. კერძოდ, გარადა კრედიტორის სასარგებლოდ იპოთეკის საგნის რეალიზაციის ან იპოთეკის საგნის იპოთეკარის საკუთრებაში გადაცემისა, იპოთეკის უფლების შეწყვეტის საფუძვლებია ძირითადი ვალდებულების შეწყვეტისათვის გათვალისწინებული ზოგადი საფუძვლები: ვალდებულების შესრულება, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა, ვალის პატიება და ა.შ. არსებითი მნიშვნელობისაა საკითხი, რომ იპოთეკა არის აქცესორული უფლება და დამოუკიდებლად, შესაბამისი მთავარი ხელშეკრულების გარეშე, არ არსებობს, ანუ მოთხოვნის უფლებას არ წარმოშობს.
11.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება).
11.4. ამავე კოდექსის 434-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულების შეწყვეტის ერთერთი საფუძველია დეპონირება (დეპონირებით მოვალე თავისუფლდება კრედიტორის წინაშე ვალდებულებისაგან).
11.5. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის მიერ სადავოდ არ არის გამხდარი გარემოება, რომ მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე სრულად გადაიხადა 2----–-–------------–- სანოტარო წესით დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ძირითადი თანხა - 12 000 აშშ დოლარი და სარგებელი (დეპონირებით) - 2250 აშშ დოლარი.
11.6. ამდენად უდავო გარემოებაა, რომ 2----–-–------------–- სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებითი ურთიერთობა, რომლის უზრუნველსაყოფადაც იპოთეკით დაიტვირთა #------------ საკადასტრო კოდზე მდებარე უძრავ ქონება, შეწყდა კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით. აღნიშნული გარემოება კი, იპოთეკის მიზნის (სსსკ 286 მუხლი) და იპოთეკის უფლების აქცესორული ბუნების გათვალისწინებით, უძრავ ნივთზე რეგისტრირებული იპოთეკის უფლების გაუქმების საფუძველია, უზრუნველყოფილი ვალდებულების არარსებობის (შეწყვეტის) გამო. პალატას მიაჩნია, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობებში, ამ ვალდებულების უზრუნველსაყოფად გამოყენებული იპოთეკის შენარჩუნების საფუძველი აღარ არსებობს.
11.7. რაც შეეხება პირგასამტეხლოს საკითხს, პალატა განმარტავს შემდეგს:
მოცემულ შემთხვევაში, პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოპასუხე მხარეს შეგებებული სარჩელი მსესხებლისათვის, 2----–-–------------–ის სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, არ წარმოუდგენია. მოპასუხემ მხოლოდ შესაგებლის ფაქტობრივ საფუძვლებში მიუთითა, რომ მოსარჩელეებს შეუსრულებელი აქვთ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება და მიუთითა, რომ უფრო კონკრეტულ პოზიციას ამასთან დაკავშირებით წარადგენენ შეგებებულ სარჩელში (იხ. თავდაპირველი და დაზუსტებული შესაგებელი), თუმცა მოპასუხეს შეგებებული სარჩელი არ აღუძრავს მოსრჩელისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით. უფრო მეტიც, მას არც დამოუკიდებელი სარჩელი აღუძრავს აღნიშნული მოთხოვნით. (იხ. სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი).
ამ ფაქტის გათვალისწინებით პალატა მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებებს შეჯიბრებითობისა და დისპოზოციურობის პრინციპის მნიშვნელობის კონტექსტში.
„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ სამართლებრივი ნორმა. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰ. ბოელინგი, ლ, ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64)“ (საქმე №ას-1322-2018, 04 აპრილი, 2019 წელი).
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ შეგებებული სასარჩელო მოთხოვნის არარსებობის პირობებში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებასა და მის ოდენობაზე მსჯელობა სცდება სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს და არღვევს მხარეთა დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის ფუნდამენტურ პრინციპებს, რაც დაუშვებელია. მოცემულ დავაში სასამართლომ ისე იმსჯელა მოპასუხის მოთხოვნის წარმოშობისა და დადასტურების წინაპირობებზე, რომ დაარღვია ორივე მხარის უფლება - მოსარჩელისა იმგვარად, რომ მოპასუხეს არ გააჩნდა მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრებაზე და ამ მხრივ მოსარჩელის უფლება შეზღუდა, რომელსაც ექნებოდა შესაგებლის წარდგენის უფლება მოპასუხის შეგებებული სარჩელის არსებობის პირობებში (მოპასუხის უფლების დადასტურება მხოლოდ შეგებებული სარჩელის, ანუ მოთხოვნის ფარგლებში შეიძლება ყოფილიყო განხორციელებული მოსარჩელის საწინააღმდეგოდ), ხოლო მოპასუხისა იმ კუთხით -, რომ მას მომავალში მოუსპო პირგასამტეხლოს სხვა ოდენობით მოთხოვნისა და დასაბუთების შესაძლებლობა (მოცემულ დავაში სასამართლომ თავად შეამცირა მოპასუხის მიერ მითითებული, სამომავლოდ მოსათხოვნი პირგასამტეხლოს ოდენობა).
სწორედ ამგვარი პროცესუალურ-სამართლებრივი არაგანსაზღვრულობის დაუშვებლობას უზრუნველყოფს დისპოზიციურობის პრინციპი, რაც ნიშნავს მხარეთა მიერ საკუთარი ნების საფუძველზე კანონით მათთვის მინიჭებული უფლებების განკარგვას. ”სასამართლო მკაცრად შეზღუდულია მოთხოვნის ფარგლებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი პრინციპების სახით უზრუნველყოფს ყოველი პირისათვის უფლების სასამართლო წესით დაცვას, რაც იწყება უშუალოდ იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად (სსკ-ის მე-2 მუხლი). ფუძემდებლური პრინციპებითაა უზრუნველყოფილი პირის უფლება და ვალდებულება განსაზღვროს სასამართლო დავის საგანი (სსკ-ის მე-3 მუხლი). თავის მხრივ, სასამართლო შებოჭილია სარჩელის მოთხოვნის ფარგლებით და უფლებაშეზღუდულია მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა“ (სსკ-ის მე-3 და 248-ე მუხლები)(შდრ: სუსგ №ას-395-374-2013, 23 სექტემბერი, 2013 წელი).
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
12. სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 07 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდება.
საპროცესო ხარჯები
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
14. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად. შესაბამისად, ლ--–- რ------–---–ს და ნ----------------–ს, ა------ ვ------–--ის და ზ---ა ვ------–--ის სასარგებლოდ, უნდა დაეკისროთ სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება, რომელიც უნდა გამოანგარიშდეს შემდეგნაირად: სარჩელის ბაჟი - 1056 ლარის ოდენობით, ხოლო სააპელაციო საჩივრისათვის 3000 დოლარის ეკვივალენტი ლარის 4 % - 328,80 ლარი (გადაწყვეტილების მიხედვით, დადგინდა მოსარჩელის მიერ 3000 დოლარის ოდენობით შეუსრულებელი ვალდებულება, შესაბამისად, 3000 დოლარის 4% - 120 დოლარი x 2.74 ლარზე=328,80ლარს). შესაბამისად, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს ჯამში უნდა დაეკისროს 1384,80 ლარი აპელანტის სასარგებლოდ, ხოლო აპელანტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს 2----–-–----------------–- მის მიერ სააპელაციო საჩივრისათვის ზედმეტად გადახდილი ბაჟი - 1191,20 ლარის ოდენობით(1520 – 328,80).
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ა------ ვ------–--ის და ზ---ა ვ------–--ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 07 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. ა------ ვ------–--ის და ზ---ა ვ------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
4. გაუქმდეს ა------ ვ------–--ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე, ქ------–---- ს------–-------------ი, კოდი 2------------ ნ----------------–ისა და ლ--–- რ------–---–ის სასარგებლოდ, 2----–-–------------–- რეგისტრირებული იპოთეკის უფლება (იპოთეკის ხელშეკრულება, რეესტრის N1--------, დამოწმების თარიღი 1---------, ნოტარიუსი თ------–---–ი).
5. ა------ ვ------–--ეს და ზ---ა ვ------–--ეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეთ ზ---ა ვ------–--ის მიერ 2----–-–----------------–- საგადახდო დავალება N---თ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 1191,20 ლარი.
6. ლ--–- რ------–---–ს და ნ----------------–ს, ა------ ვ------–--ის და ზ---ა ვ------–--ის სასარგებლოდ დაეკისროთ სარჩელსა და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟი 1384,80 ლარის ოდენობით.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნათია გუჯაბიძე