განაჩენი

სისხლის სამართლის 10.07.2019
საქმის ნომერი
190100118002628828
ინსტანცია
თარიღი
10.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190100118002628828

საქმე #1ბ/163-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

10 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების: ხ-----------------ის, ა--------–---–ის

ადვოკატის: ნ----------–------ის

მონაწილეობით,მსჯავრდებულის: რ--------------–--ს

(მონაწილეობის გარეშე)

 

ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ რ--------------–--ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ----------–------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), რ--------------–--ს, დაბადებულის 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №6----------), დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლებით, რეგისტრირებულის: გ--–--------------------–----------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ------------–--------------------–------------ში, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ--------------–--მ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 19 აგვისტოს, დაახლოებით 16:30 საათზე, ქ-----------–----–------------------ და N-------------ს შორის, რ--------------–--მ მეუღლეს - ნ-------–--ს რამდენჯერმე ჩაარტყა მუშტი სახის არეში, ასევე ძლიერად მოუჭირა ხელი მაჯასა და ყელზე. რ--------------–--ს ძალადობრივი ქმედებებით ნ-------–--მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ნოემბრის განაჩენით:

 

რ--------------–-- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

რ--------------–--ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა გაუქმდა და მას თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 21 აგვისტოდან.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ რ--------------–--ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ----------–------ემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით და სააპელაციო პალატის სხდომაზე მოითხოვა რ--------------–--ს მიმართ გამოტანილი, პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ რ--------------–--ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ----------–------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ რ--------------–--ს მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ რ--------------–--ს დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

საქმეზე შეკრებილი და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულის და მოწმეების - ნ-------–--ს, ჟ-------–---–---–ის, გ---------–--ისა და თ----------------–--ის ჩვენებების, ნ-------–--ს გარეგანი დათვალიერების ოქმის, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის, სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის, რომლის სისწორეც სასამართლოში ჩვენების მიცემისას დაადასტურა ექსპერტმა მირიან ლეფსვერიძემ - სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ რ--------------–--მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).

 

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).

 

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამასთან, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77, აგრეთვე, გადაწყვეტილება საქმეებზე - Lavents v. Latvia, პარ. 125 და Melich and Beck v. Czech Republic, პარ. 49).

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივარში და სააპელაციო პალატის სხდომაზე გამოთქმულ, მსჯავრდებულის ადვოკატის პოზიციას, რომ რ--------------–--ს დანაშაული არ ჩაუდენია და საქმეში არ არსებობს მისი ბრალეულობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები. პალატა ასევე ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ დაზარალებულმა მისცა არასწორი ჩვენება და მსჯავრდებული რ--------------–-- თავად არის დაზარალებული ნ-------–--ს მხრიდან.

 

პალატა ყურადღებას მიაპყრობს დაზარალებულ ნ-------–--ს სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვის დროს მიცემულ ჩვენებას, რომელმაც განმარტა, რ--------------–-- არის მისი მეუღლე, რომელთან ერთადაც ეწეოდა საერთო საოჯახო მეურნეობას. შემთხვევის დღეს იმყოფებოდა დედასთან, ქ-----------ში, სადაც ჰქონდა სარეცხი წაღებული, რადგან ვაზიანში სარეცხის მანქანა არ ჰქონდათ. 2018 წლის 19 აგვისტოს, ქ-----------ში, მ---------–------------–-------------–------------–---------–----ში შეხვდნენ ერთმანეთს. მან (ნ-------–--მ) წინა დღით, დაახლოებით 9 საათზე, მიიღო უცხო ნომრიდან მესიჯები, ეს იყო ახლად აღებული ნომერი, რომელიც ოჯახის წევრების გარდა არავინ იცოდა. მიღებული მესიჯი გაუკვირდა და მესიჯითვე იკითხა, საიდან იცოდა უცხო პიროვნებამ მისი ნომერი, პასუხად კი მიიღო, რომ მისი შვილის ნათლიამ მისცა ნომერი. აღნიშნულმა უცხო პიროვნებამ მას (ნ-------–--ს) უთხრა, რომ იყო პატრულის თანამშრომელი და დაინტერესებული იყო მისით, რომ მისი ქმარი იყო ცუდი და ხშირად ძალადობდა მასზე და ის შეძლებდა მის დახმარებას და სთხოვდა შეხვედრას. მას (ნ-------–--ს) დააინტერესა და უნდოდა გაერკვია, რატომ მისცა მეგობარმა მისი ნომერი უცხო პიროვნებას, მაგრამ მანამდე გადაწყვიტა, რომ თვითონ გაერკვია, ვინ სწერდა და წავიდა შესახვედრად. ადგილზე მისულმა რ------ რომ დაინახა, არ ელოდა და მიხვდა, რომ ის (რ------) წერდა. დაზარალებულმა აღნიშნა, რომ რ------ თავს იწონებდა ახალი ტელეფონით, მან (დაზარალებულმა) სთხოვა რ------ს, ეჩვენებინა მისთვის მესიჯები, მართლა რ------ სწერდა თუ არა, მაგრამ ამ დროს რ------მ ფოტოების გადაღება დაიწყო, რაც არ მოეწონა და მათ შორის დაიწყო კონფლიქტი. რ------ გაბრაზდა იმის გამო, რომ ის (დაზარალებული) შეხვდა უცხო პიროვნებას, რომელიც წერდა უცხო ნომრით და დაარტყა, ერთ თვალში დაარტყა ორჯერ და მეორე თვალში - ერთხელ. მას (დაზარალებულს) ცხვირიდან სისხლის წამოუვიდა და სთხოვა რ------ს, აღარ დაერტყა, რადგან გონებას კარგავდა. მან (ნ-------–--მ) ნელ-ნელა მაინც შეძლო სახლისკენ წასვლა. ამ დროს ორი ბიჭი მოდიოდა ეკლესიის მოპირდაპირე მხარეს, რომლებიც რ--------------–--ს ეუბნებოდნენ - რას აკეთებ, გაანებე თავიო, მაგრამ რ--------------–-- პასუხობდა, ჩემი ცოლია და არ გაქვთ ჩარევის უფლებაო. რ--------------–-- დაეწია მას (დაზარალებულს), ხელი ჰკრა და ორჯერ დაარტყა, არ ახსოვს, სად დაარტყა, რადგან ძალიან სტკიოდა, ცხვირიდან სისხლი მოსდიოდა და ყურადღება ამაზე ჰქონდა გადატანილი. რ--------------–-- სახლში გაყოლას სთხოვდა, რაზეც უარს ეუბნებოდა იმის გამო, რომ ხელი დაარტყა. სახლისკენ როდესაც მიდიოდნენ, საცხოვრებელი კორპუსის გვერდით მდგარი N-----------ის მაცხოვრებლებმა დაინახეს აღნიშნული ფაქტი და დარეკეს საპატრულო პოლიციაში. სახლში მისულს პოლიციიდან მოსული ექვსი ადამიანი დახვდა და დაკითხეს, რა დროსაც ყველაფერი მოუყვა.

 

პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ დაზარალებულმა ნ-------–--მ სასამართლოში დაკითხვისას მისცა არასწორი ჩვენება, რადგან ნ-------–--ს ჩვენება არის თანმიმდევრული და ლოგიკური, ასევე დაზარალებულის მიერ გადმოცემული ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომელიც პალატას არ აძლევს ეჭვის შეტანის საფუძველს დაზარალებულ ნ-------–--ს მიერ მიცემული ჩვენების სისწორეში.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორმა, სააპელაციო პალატის სხდომაზე ასევე აღნიშნა, რომ მოწმე გ---------–--ეს გაუჭირდებოდა ფაქტების გარჩევა, რადგან იგი შორიდან ხედავდა მომხდარს. მოწმე გ---------–--ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ ცხოვრობს ქ-----------ში, ლ---------------–-----------------–ზე. მიახლოებით შუა დღისას გაიგონა ხმაური, გოგოს ხმა იყო, რომელსაც თავიდან ყურადღება არ მიაქცია, რადგან ეგონა ბავშვები თამაშობდნენ. ყვირილი რომ არ შეწყდა, მან (გ---------–--ემ) გადაიხედა ფანჯრიდან და დაინახა, რომ ქალს სახეზე ჰქონდა ხელები აფარებული და კაცი გაშლილი ხელით გამეტებით ურტყამდა სახეში და ოდნავ დაბლა. იგი (მოწმე) გარკვევით ხედავდა ყველაფერს და მაშინათვე დარეკა პოლიციაში. როდესაც პატრულის თანამშრომლები მივიდნენ, იგი (გ---------–--ე) ქვემოთ ჩავიდა. აღნიშნული ფაქტი მოხდა ქ-----------ში, ლ-------------- N-----------ის კუთხეში, წმინდა ნ-----–----ის სახელობის ეკლესიასთან. კაცი იყო გამხდარი, მოკლედ შეჭრილი შავი თმით, საშუალო სიმაღლის. ქალიც გამხდარი იყო, მუქი თმა არ ჰქონია ქალს. მას (გ---------–--ეს) მამაკაცის ხელში ბლაგვი საგანი არ დაუნახავს. პირველად ფანჯრიდან გადახედვისას მხოლოდ ბავშვები დაინახა, მათგან მოშორებით კი სკამზე ხალხი იჯდა. პოლიციაში დარეკვის შემდეგ, ფანჯრიდან ხელმეორედ რომ გადაიხედა, სხვა ხალხიც დაინახა. ინციდენტში მონაწილე მხარეების დაშორების პროცესი მას (მოწმეს) არ უნახავს.

 

პალატა აღნიშნავს, რომ მოწმე გ---------–--ის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენება არის ლოგიკური, თანმიმდევრული და გარკვევით ხსნის მომხდარ ფაქტს. პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დაზარალებულ ნ-------–--სა და მოწმე გ---------–--ის ჩვენება ერთმანეთთან თანხვედრაშია. დაზარალებულის ჩვენებას ასევე ამყარებს საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებები - საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ნ-------–--ს გარეგანი დათვალიერების ოქმი და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დასტურდება დაზარალებულზე მიყენებული სხეულის დაზიანებები. უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო პალატა რ--------------–--ს ბრალეულობის დამადასტურებელ ზემოხსენებულ მტკიცებულებებს განიხილავს და აფასებს არა ცალ–ცალკე, განყენებულად, არამედ ერთობლიობაში, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ავსებენ და ადასტურებენ ერთი–მეორეს, ხოლო მათი ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენს და ადასტურებს რ--------------–--ს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დადგენილი კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას.

 

სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოსაზრებას, რომ რ--------------–-- თვითონ არის ნ-------–--ს მხრიდან განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მსხვერპლი. მსჯავრდებულის და მისი ადვოკატის ამგვარი მოსაზრება უსაფუძვლოა და არ დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით, გაუგებარია, დაზარალებულის მხრიდან რა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაზეა ლაპარაკი ან რატომ, რა მიზეზით უნდა მიეყენებინა ასეთი შეურაცხყოფა მეუღლისთვის.

 

რაც შეეხება ოჯახური ძალადობის საქმეებზე მათი სპეციფიკურობიდან გამომდინარე, ცალსახად მართალი და ცალსახად მტყუანი მხარეების გარკვევას, რაზეც აპელირებს დაცვის მხარე სააპელაციო საჩივარში, სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ მოცემული კატეგორიის სისხლის სამართლის სააქმეების განმხილველი სასამართლოს კომპეტენციას არ განეკუთვნება კონფლიქტის დროს მტყუან-მართალი მხარეების გამოვლენა-დადგენა, არამედ მოცემული საქმეების, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი სისხლის სამართლის საქმის განხილვისას სასამართლო ვალდებულია დაადგინოს და თანმიმდევრობით გადაწყვიტოს - ჩაიდინა თუ არა ბრალდებულმა სისხლის სამართლის კანონით გათვალისიწნებული ქმედება, არის თუ არა ბრალდებულის ქმედება მართლსაწინააღმდეგო, შეერაცხება თუ არა ბრალდებულს ბრალად ჩადენილი ქმედება და სხვ. (საქართველოს სსსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი).

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს აღნიშნული კვალიფიკაციით ჩადენილი დანაშაულის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებაზე, კერძოდ, იმ გარემოებაზე, რომ ოჯახში ძალადობა საფრთხეს უქმნის და მავნე გავლენას ახდენს არა მხოლოდ იმ ოჯახის წევრებზე (განსაკუთრებით მცირეწლოვან პირებზე), სადაც ძალადობა ხორციელდება, არამედ ზოგადად საზოგადოებაზე. ზოგადად ქალთა მიმართ ძალადობა (რასაც კონკრეტულ შემთხევაში ჰქონდა ადგილი) კი გლობალური პრობლემაა, რაც ეწინააღმდეგება კანონის მიერ ადამიანისათვის მინიჭებულ უფლებებს, ზღუდავს ქალთა ჩართულობას სოციალურ ცხოვრებაში და წარმოქმნის გენდერზე დაფუძნებულ შეზღუდვებს. მართალია, რ--------------–--ს მიერ კონკრეტულ შემთხვევაში ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, თუმცა სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სასჯელი (სახე და ზომა) დაკავშირებული უნდა იყოს არა მხოლოდ დანაშაულთან, არამედ დამნაშავესთანაც. დანიშნულ სასჯელსა და ჩადენილ დანაშაულს შორის ყოველთვის უნდა არსებობდეს პროპორციულობა, რაც დამოკიდებულია არა მხოლოდ დანაშაულის სიმძიმეზე, არამედ დანაშაულის ხასიათზე, დამნაშავის წარსულ ცხოვრებასა და მის დამოკიდებულებაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ღირებულებების მიმართ.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ რ--------------–--სთვის დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისთვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ რ--------------–--სთვის დანიშნული სასჯელის სახე და ზომა მის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია. გარდა აღნიშნულისა, პალატა მიიჩნევს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ნოემბრის განაჩენი მსჯავრდებულ რ--------------–--ს მიმართ, არის დასაბუთებული, იგი ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ რ--------------–--ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ----------–------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი რ--------------–--ს მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ რ--------------–--ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ----------–------ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ნოემბრის განაჩენი რ--------------–--ს მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

რ--------------–-- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 21 აგვისტოდან, რაც დღეის მდგომარეობით მოხდილი აქვს;

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ რ--------------–--ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გ. კახეთელიძე