განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3ბ/1704-19
N330310018002677918
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
19 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ხატია არდაზიშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ზ----------–------–---–ი
დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 01 აპრილის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 01 აპრილის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ დაკმაყოფილდეს
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 01 აპრილის გადაწყვეტილებით ზ----------–------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე ზ----------–------–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ანაზღაურება.
1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
1.2.1. მოსარჩელე ზ----------–------–---–სა და მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, 2006 წლის 07 მარტს, 4 წლის ვადით დაიდო თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფებში, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტი.
1.2.2. მოსარჩელე ზ----------–------–---–სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, 2010 წლის 07 მარტს გაფორმდა ხელშეკრულება (კონტრაქტი) ოთხი წლის ვადით ,,კაპრალ-სერჟანტის თანამდებობაზე სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“. კონტრაქტის 1.1. მუხლის თანახმად, ,,სამხედრო მოსამსახურე“ იღებს ვალდებულებას, წინამდებარე კონტრაქტით განსაზღვრული პირობებით, კეთილსინდისიერად იმსახუროს ,,სამინისტროს“ სამხედრო სამსახურში, ხოლო ,,სამინისტრო“ იღებს ვალდებულებას, გადაუხადოს ,,სამხედრო მოსამსახურეს“ ანაზღაურება და უზრუნველყოს იგი სამხედრო სამსახურითა და შესაბამისი პირობებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. კონტრაქტის 3.1. მუხლის თანახმად, ,,სამხედრო მოსამსახურე“ ვალდებულია იმსახუროს ამ კონტრაქტის მოქმედების ვადის განმავლობაში. კონტრაქტი მოქმედებს ოთხი წლის ვადით. სამსახურის ვადა აითვლება შეირაღებული ძალების პირად შემადგენლობაში ბრძანებით მისი ჩარიცხვის დღიდან და ეს თარიღი აღინიშნება კონტრაქტის პირველ გვერდზე, რაც ამავდროულად ითვლება კონტრაქტის ძალაში შესვლის თარიღად. იმ შემთხვევაში, თუ პირი წინა კონტრაქტის დასრულებისთანავე აგრძელებს სამსახურს ამ კონტრაქტის საფუძვეზე, სამსახურის ვადა აითვლება წინა კონტრატის ამოწურვის თარიღიდან და ეს თარიღი აღინიშნება კონტრაქტის პირველ გვერდზე, რაც ამავდროულად ითვლება კონტრაქტის ძალაში შესვლის თარიღად. 5.1.2. მუხლის თანახმად, ,,სამინისტრო“ ვალდებულია კანონმდებლობის შესაბამისად გასცეს ერთჯერადი დახმარება, თუ,,სამხედრო მოსამსახურე“ ამ კონტრაქტის საფუძველზე იმსახურებს 4 წლის ვადით.
1.2.3. მოსარჩელე ზ----------–------–---–სა და მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, 2012 წლის 8 ოქტომბერს, 4 წლის ვადით დაიდო ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ კონტრაქტი. კონტრაქტის 1.1. მუხლის თანახმად, ,,სამხედრო მოსამსახურე“ იღებს ვალდებულებას, წინამდებარე კონტრაქტით განსაზღვრული პირობებით, კეთილსინდისიერად იმსახუროს ,,სამინისტროს“ სამხედრო სამსახურში, ხოლო ,,სამინისტრო“ იღებს ვალდებულებას, გადაუხადოს ,,სამხედრო მოსამსახურეს“ ანაზღაურება და უზრუნველყოს იგი სამხედრო სამსახურითა და შესაბამისი პირობებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. კონტრაქტის 3.1. მუხლის თანახმად, ,,სამხედრო მოსამსახურე“ ვალდებულია იმსახუროს ამ კონტრაქტის მოქმედების ვადის განმავლობაში. ამ მუხლის 3.2. პუნქტსი მითითებული ,,სამხედრო მოსამსახურე“, უპირობოდ და წინასწარ, კონტრაქტზე ხელმწოერით, გამოთქვამს გამოუთხოვად თანხმობას, სპეციალური კურსის (საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის) დამთავრების შემდეგ, კონტრაქტის ვადის გაგრძელების თაობაზე. სამსახურის ვადა აითვლება საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში ბრძანებით მისი ჩარიცხვის დღიდან, რაც იმავდროულად ითვლება ამ კონტრაქტის ძალაში შესვლის თარიღად.
1.2.4. მოსარჩელე ზ----------–------–---–სა და მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, 2016 წლის 08 ოქტომბერს გაფორმდა კონტრაქტი - ,,კაპრალ-სერჟანტის თანამდებობაზე სამხედრო მოსამსახურის მიერ ოთხი წლის ვადით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“.
1.2.5. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2018 წლის 02 ოქტომბრის №MOD 3---------- წერილის თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზებული ბრიგადის 45-ე უზრუნველყოფის ბატალიონის სატრანსპორტო ასეულის საავტომობილო ოცეულის II საავტომობილო ათეულის მძღოლი, კაპრალი ზ--------------------–------–---–ი, 2012 წლის 05 სექტემბრიდან დათხოვნილია შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში (მხარეთა შეთანხმების საფუძველზე) და ვადაზე ადრე შეწყვეტილი აქვს კონტრაქტი, ხოლო საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 08 ოქტომბრის N3022 ბრძანებით ხელახლა გაწვეულია შეიარაღებული ძალების რიგებში 2012 წლის 08 ოქტომბრიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, კაპრალ ზ. ა--–------–---–თან 2012 წლის 08 ოქტომბერს გაფორმებული, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 04 ნოემბრის N6-- ბრძანებით დამტკიცებული ,,საკონტაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ კონტრაქტი (N5----) გაფორმებულია სწორად და მისი შეცვლის საკითხი დარჩა რეალიზების გარეშე, ვინაიდან საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 27 თებერვლის N122 ბრძანებით დამტკიცებული ,,კაპრალ-სერჟანტთა თანამდებობაზე სამხედრო მოსამსახურის მიერ ოთხი წლის ვადით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ ამ ბრძანების მე-2 პუნქტის ა.ბ) ქვეპუნქტის საფუძველზე უფორმდებათ სამხედრო მოსამსახურეებს თუ მათ იმსახურეს ოთხი წელი, კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებადე არ გასულა 2 წელზე მეტი.
1.2.6. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2019 წლის 23 იანვრის №MOD 0---------- წერილის თანახმად, ზ----------–------–---–მა (პ/ნ 0----------) 2006 წლის 07 მარტს გაფორმებული კონტრაქტი (N6---) დაასრულა 2010 წლის 07 მარტს.
1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
1.3.1. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონი ადგენს სამხედრო მოსამსახურის სტატუსს, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირებსა და მათ უფლება-მოვალეობებს, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურეების, მათი ოჯახის წევრებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი პირების ძირითად სოციალურ-სამართლებრივი დაცვის გარანტიებს.
მითითებული კანონის პირველი მუხლის ,,ა” პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე - საქართველოს მოქალაქე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი ან უცხო ქვეყნის მოქალაქე („სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით დადგენილ შემთხვევაში), რომელიც სამხედრო სამსახურს გადის საქართველოს სამხედრო ძალებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის საჯარო სამართლის იურიდიულ პირში, სამხედრო უწყებებში, აგრეთვე სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეული პირი სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლისას.
ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის სტატუსი საქართველოს მოქალაქეს, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეს ენიჭება სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის დღიდან და ეხსნება სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღესვე. შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეს სტატუსი ენიჭება სამხედრო სამსახურში ჩარიცხვიდან აღნიშნულ სამსახურში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში. სტატუსის შეწყვეტის საფუძველია სამხედრო სამსახურიდან დათხოვნა.
,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, სამხედრო მოსამსახურის სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიას იძლევა სახელმწიფო, რომელიც უზრუნველყოფს სამხედრო მოსამსახურეს ცხოვრების შესაფერისი პირობებით, სამხედრო სამსახურის განსაკუთრებული პირობებისა და თავისებურებების გათვალისწინებით. ყველა სამხედრო მოსამსახურე, დაკავებული თანამდებობისა და სამხედრო წოდების მიუხედავად, თანასწორია კანონის წინაშე. სამხედრო მოსამსახურეთა უფლებრივ განსხვავებას, სამხედრო სამსახურის გავლის პირობებსა და მატერიალური უზრუნველყოფის წესს ადგენს საქართველოს კანონმდებლობა.
1.3.2. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვის, მატერიალური უზრუნველყოფისა და შრომის ანაზღაურების პირობების განსაზღვრის მიზნით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ, 2007 წლის 26 სექტემბერს მიღებული იქნა №560 ბრძანება ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ”. აღნიშნული ბრძანების 471-ე პუნქტის თანახმად, ამ პუნქტში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ორი, ოთხი ან რვა წლის ვადით გააგრძელებენ სამხედრო სამსახურს 2009 წლის პირველ მარტს ან პირველი მარტის შემდეგ გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე და კონტრაქტი შეუწყდებათ ვადის გასვლის ან ახალი კონტრაქტის გაფორმების გამო, კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ მიეცემათ ერთჯერადი დახმარება 472-ე პუნქტში მითითებული ოდენობით. ამ პუნქტის მოქმედება სამხედრო მოსამსახურეზე ვრცელდება, თუ მითითებული კონტრაქტის გაფორმებამდე: ა) სამხედრო მოსამსახურემ: ა.ა) იმსახურა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ,,წვრთნისა და აღჭურვის” ერთობლივი პროგრამით და ამავე დროს კონტრაქტის საფუძველზე იმსახურა სამი წლისა და სამი თვის ვადით, კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი; ა.ბ) კონტრაქტის საფუძველზე იმსახურა ოთხი წლის ვადით, კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი ა.გ) წინა კონტრაქტი შეუწყდა 8 წლიანი კონტრაქტის გაფორმების საფუძველზე; ა.დ) ამ პუნქტის ,,ა.ა” ან ,,ა.ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამსახურის ვადის გასვლის შემდეგ სამხედრო მოსამსახურემ იმსახურა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული კონტრაქტის ვადით, კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი; ბ) მე-4 პუნქტში მითითებული 2, 4 ან 8 წლიანი კონტრაქტი ვადამდე ამ პუნქტში მითითებული კონტრაქტის სრული ვადით გაფორმების სანაცვლოდ; გ) სამხედრო მოსამსახურემ სამსახურთან შეთანხმებით შეწყვიტა ერთწლიანი კონტრაქტი ვადამდე ამ პუნქტში მითითებული კონტრაქტის სრული ვადით გაფორმების სანაცვლოდ.
მითითებული ბრძანების 472-ე პუნქტის მიხედვით, 471-ე პუნქტში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეს ერთჯერადი დახმარება მიეცემა შემდეგი ოდენობით: ა) ორ წლიანი კონტრაქტის საფუძველზე ამ კონტრაქტის ვადით სამსახურის გავლის შემთხვევაში 3000 ლარი, ან; ბ) ოთხ წლიანი კონტრაქტის საფუძველზე ამ კონტრაქტის ვადით სამსახურის გავლის შემთხვევაში 7000 ლარი, ან; გ) რვა წლიანი კონტრაქტის საფუძველზე ამ კონტრაქტის ვადით სამსახურის გავლის შემთხვევაში, რომლის საფუძველზეც შეწყდა პირველი 4 (ოთხი) წლიანი კონტრაქტი 7000 ლარი, ან; დ) მეორე ან მომდევნო ოთხი/რვა წლიანი კონტრაქტის შემდგომ რვა წლიანი კონტრაქტის საფუძველზე ამ კონტრაქტის ვადით სამსახურის გავლის შემთხვევაში 14000 ლარი.
მითითებული ნორმების ლოგიკური, სიტყვა-სიტყვითი და სისტემური განმარტების მეთოდით შეფასების შედეგად, სასამართლომ განმარტა, რომ ერთჯერადი გასაცემლის ვალებულების წარმოშობისათვის სამხედრო მოსამსახურეს გავლილი უნდა ჰქონდეს სამხედრო სამსახური 4 წლიანი კონტრაქტის საფუძველზე და კონტრაქტის დასრულების შემდგომ მასთან კვლავ იქნეს გაფორმებული კონტრაქტი 4 წლის ვადით (2009 წლის 1 მარტს ან მის შემდგომ), კონტრაქტით გათვალისწინებული ვადა სრულად უნდა იყოს ამოწურული და ახალი კონტრაქტის დადებამდე არ უნდა იყოს 2 წელზე მეტი გასული.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ზ----------–------–---–სა და მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 2006 წლის 07 მარტს, 4 წლის ვადით დაიდო თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფებში, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტი. საქმეში წარმოდგენილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2019 წლის 23 იანვრის №MOD 0---------- წერილის საფუძველზე კი ირკვევა, რომ ზ----------–------–---–მა (პ/ნ 0----------) 2006 წლის 07 მარტს გაფორმებული კონტრაქტი (N6---) დაასრულა 2010 წლის 07 მარტს.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ზ----------–------–---–სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, 2010 წლის 07 მარტს გაფორმდა ხელშეკრულება (კონტრაქტი) ოთხი წლის ვადით ,,კაპრალ-სერჟანტის თანამდებობაზე სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“. ამასთან, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2018 წლის 02 ოქტომბრის №MOD 3---------- წერილის საფუძველზე ირკვევა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზებული ბრიგადის 45-ე უზრუნველყოფის ბატალიონის სატრანსპორტო ასეულის საავტომობილო ოცეულის II საავტომობილო ათეულის მძღოლი, კაპრალი ზ--------------------–------–---–ი, 2012 წლის 05 სექტემბრიდან დათხოვნილია შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში (მხარეთა შეთანხმების საფუძველზე) და ვადაზე ადრე შეწყვეტილი აქვს კონტრაქტი.
2012 წლის 8 ოქტომბერს, ზ----------–------–---–სა და მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 4 წლის ვადით კვლავ დაიდო ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ კონტრაქტი, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე ზ----------–------–---–მა იმსახურა ოთხი წელი, რომლის ვადაც ამოეწურა 2016 წლის 08 ოქტომბერს.
2016 წლის 08 ოქტომბერს მოსარჩელე ზ----------–------–---–სა და მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, გაფორმდა კონტრაქტი - ,,კაპრალ-სერჟანტის თანმდებობაზე სამხედრო მოსამსახურის მიერ ოთხი წლის ვადით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, ირკვევა, რომ 2009 წლის 1 მარტის შემდგომ, მოსარჩელე ზ----------–------–---–მა, კონტრაქტის საფუძველზე, 4 წლის ვადით კვლავ გააგრძელა სამხედრო სამსახური.
სასამართლო განმარტა, რომ მოსარჩელე ზ----------–------–---–ს 2016 წლის 08 ოქტომბერს გაფორმებული კონტრაქტის შემდგომ, წარმოეშვა ერთჯერადი დახმარების მიღების უფლება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების 471 და 472 პუნქტების საფუძველზე.
სასამართლომ აღნიშნა, რომ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 7 მარტის №14 ბრძანებით ცვლილება შევიდა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში და ბრძანებას დაემატა 476 პუნქტი, რომლითაც განისაზღვრა, რომ 472 პუნქტით განსაზღვრული ერთჯერადი დახმარება გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული კონტრაქტის პირობები ითვალისწინებს ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 7 მარტის №14 ბრძანება ამოქმედდა 2017 წლის 10 მარტიდან.
სასამართლომ განმარტა, რომ მითითებული ცვლილებით დადგენილი დანაწესი ვერ გავრცელდება მის ძალაში შესვლამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე, მოცემულ შემთხვევაში ვალდებულებაზე.
სასამართლომ მიუთითა „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. ნორმატიულ აქტს, რომელიც ადგენს ან ამძიმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს.
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 7 მარტის №14 ბრძანებით, რომელიც წარმოადგენს ნორმატიულ აქტს უკუძალა დადგენილი არ არის.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 317-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომელთა მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მითითებული კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ამრიგად, სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვალდებულება, მოსარჩელე ზ----------–------–---–ისათვის აენაზღაურებინა ერთჯერადი დახმარება 7000 ლარის ოდენობით, წარმოიშვა 2016 წლის 08 ოქტომბერს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების 471 და 472 პუნქტების საფუძველზე, რამდენადაც მან 4 წლიანი კონტრაქტის საფუძველზე, რომელიც გაფორმდა 2009 წლის 1 მარტის შემდგომ, 4 წლით გაიარა სამხედრო სამსახური და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი. შესაბამისად, მოსარჩელეს, აღნიშნული ვალდებულების საფუძველზე წარმოშობილი მოთხოვნის უფლება გააჩნია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ხანდაზმულობის ვადების ფარგლებში და იგი არ შეიძლება გაუქმდეს, როგორც ზემოთ აღინიშნა მისი წარმოშობის შემდგომ გამოცემული ნორმატიული აქტით.
ამასთან, სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 404-ე მუხლზე, რომელთა მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, ხოლო იმავე კოდექსის მე-400 მუხლის შესაბამისად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ. შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლისა და 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.
1.3.3. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელე ზ----------–------–---–ი სარჩელი, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების 471 და 472 პუნქტების საფუძველზე ერთჯერადი დახმარების - 7000 ლარის ანაზღაურების საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის დავალების თაობაზე საფუძვლიანია, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უარი მის ანაზღაურებაზე ეწინააღმდეგება კანონს, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ იგი იურიდიულად საკმარისად არ არის დასაბუთებული. ამასთანავე, სასამართლომ არასწორად განმარტა და გამოიყენა კანონი. სასამართლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული არ არის ის სამართლებრივი ნორმები, რომლებზე დაყრდნობითაც მიღებულია ამგვარი გადაწყვეტილება.
აპელანტი მიუთითებს, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის N560 ბრძანებიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ სამხედრო მოსამსახურეს მიეცეს ერთჯერადი დახმარება, სახეზე ერთდროულად უნდა გვქონდეს ორი პირობა: 2009 წლის პირველ მარტს ან პირველი მარტის შემდეგ მას უნდა ჰქონდეს გაგრძელებული და დასრულებული სამხედრო სამსახური ორი, ოთხი ან რვა წლიანი კონტრაქტის საფუძველზე და ამავდროულად ამ კონტრაქტის გაფორმებამდე უნდა ჰქონდეს ნამსახურები 471 პუნქტის „ა" „ბ" ან „გ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით. ზ----------–------–---–მა 2010 წელს, წლის ვადით გააფორმა კონტრაქტი, რომელიც არ დასრულებულა და შეწყდა 2012 წელს, ასევე 2012 წელს გააფორმა კონტრაქტი 4 წლის ვადით, რომელიც არ ითვალისწინებდა ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას, ხოლო 2016 წელს გააფორმა კონტრაქტი 4 წლის ვადით, რომელიც არ არის დასრულებული. სასამართლომ განმარტა, რომ ერთჯერადი გასაცემლის ვალდებულების წარმოშობისათვის სამხედრო მოსამსახურეს გავლილი უნდა ჰქონდეს სამხედრო სამსახური 4 წლიანი კონტრაქტის საფუძველზე და კონტრაქტის დასრულების შემდგომ მასთან კვლავ იქნეს გაფორმებული კონტრაქტი 4 წლის ვადით (2009 წლის 1 მარტს ან მის შემდგომ), კონტრაქტით გათვალისწინებული ვადა სრულად უნდა იყოს ამოწურული და ახალი კონტრაქტის დადებამდე არ უნდა იყოს 2 წელზე მეტი გასული. ამის მიუხედავად, სასამართლომ მაინც დააკმაყოფილა სარჩელი და მიუთითა, რომ ზ----------–------–---–ს ერთჯერადი კომპენსაციის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2016 წლის 8 ოქტომბერს, რაც არ შეესაბამება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის N560 ბრძანების 471 პუნქტის მოთხოვნებს, რადგან ამ პუნქტიდან გამომდინარე, სავალდებულოა ორი 4 წლიანი კონტრაქტი იყოს გაფორმებული და დასრულებული, ასევე კონტრაქტებს შორის წყვეტა არ უნდა იყოს 2 წელზე მეტი, ზ----------–------–---–ს კი, 2016 წელს გაფორმებული კონტრაქტი არ დაუსრულებია, შესაბამისად, მას არ წარმოშობია ერთჯერადი დახმარების მიღების საფუძველი. სასამართლომ უსაფუძვლოდ დააკმაყოფილა სასარჩელო განცხადება, ზ----------–------–---–ი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის N560 ბრძანების 471 პუნქტის მოთხოვნებს, შესაბამისად, არ არსებობს ერთჯერადი დახმარების გაცემის როგორც სამართლებრივი, ისე ფაქტობრივი საფუძვლები, უნდა გაუქმდეს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
3.1. ფაქტობრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
3.2. სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
3.2.1. სააპელაციო პალატა მიუთითებს ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონზე, რომელიც ადგენს სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირების უფლება-მოვალეობებს, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურეების, მათი ოჯახის წევრებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი პირების ძირითად სოციალურ-სამართლებრივი დაცვის გარანტიებს. აღნიშნული კანონის პირველი მუხლის ,,ა” პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურედ ითვლება საქართველოს მოქალაქე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი ან უცხო ქვეყნის მოქალაქე („სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით დადგენილ შემთხვევაში), რომელიც სამხედრო სამსახურს გადის საქართველოს სამხედრო ძალებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის საჯარო სამართლის იურიდიულ პირში, სამხედრო უწყებებში, აგრეთვე სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეული პირი სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლისას. ამავე კანონის 3.1 მუხლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის სტატუსი საქართველოს მოქალაქეს, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეს ენიჭება სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის დღიდან და ეხსნება სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღესვე. სტატუსის შეწყვეტის საფუძველია სამხედრო სამსახურიდან დათხოვნა. მითითებული კანონის 4.1 მუხლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიას იძლევა სახელმწიფო, რომელიც უზრუნველყოფს სამხედრო მოსამსახურეს ცხოვრების შესაფერისი პირობებით, სამხედრო სამსახურის განსაკუთრებული პირობებისა და თავისებურებების გათვალისწინებით.
სააპელაციო პალატა ასევე მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 26.09.2007წ. N560 ბრძანებაზე. აღნიშნული ბრძანების 471 პუნქტის თანახმად, ამ პუნქტში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ორი, ოთხი ან რვა წლის ვადით გააგრძელებენ სამხედრო სამსახურს 2009 წლის პირველ მარტს ან პირველი მარტის შემდეგ გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე და კონტრაქტი შეუწყდებათ ვადის გასვლის ან ახალი კონტრაქტის გაფორმების გამო, კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ მიეცემათ ერთჯერადი დახმარება 472-ე პუნქტში მითითებული ოდენობით. ამ პუნქტის მოქმედება სამხედრო მოსამსახურეზე ვრცელდება, თუ მითითებული კონტრაქტის გაფორმებამდე: ა) სამხედრო მოსამსახურემ: ა.ა) იმსახურა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ,,წვრთნისა და აღჭურვის” ერთობლივი პროგრამით და ამავე დროს კონტრაქტის საფუძველზე იმსახურა სამი წლისა და სამი თვის ვადით, კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი; ა.ბ) კონტრაქტის საფუძველზე იმსახურა ოთხი წლის ვადით, კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი ა.გ) წინა კონტრაქტი შეუწყდა 8 წლიანი კონტრაქტის გაფორმების საფუძველზე; ა.დ) ამ პუნქტის ,,ა.ა” ან ,,ა.ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამსახურის ვადის გასვლის შემდეგ სამხედრო მოსამსახურემ იმსახურა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული კონტრაქტის ვადით, კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი; ბ) მე-4 პუნქტში მითითებული 2, 4 ან 8 წლიანი კონტრაქტი ვადამდე ამ პუნქტში მითითებული კონტრაქტის სრული ვადით გაფორმების სანაცვლოდ; გ) სამხედრო მოსამსახურემ სამსახურთან შეთანხმებით შეწყვიტა ერთწლიანი კონტრაქტი ვადამდე ამ პუნქტში მითითებული კონტრაქტის სრული ვადით გაფორმების სანაცვლოდ.
მითითებული ბრძანების 472 პუნქტის თანახმად, 471 პუნქტში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეს ერთჯერადი დახმარება მიეცემა შემდეგი ოდენობით: ა) ორ წლიანი კონტრაქტის საფუძველზე ამ კონტრაქტის ვადით სამსახურის გავლის შემთხვევაში 3000 ლარი, ან ბ) ოთხ წლიანი კონტრაქტის საფუძველზე ამ კონტრაქტის ვადით სამსახურის გავლის შემთხვევაში 7000 ლარი, ან გ) რვა წლიანი კონტრაქტის საფუძველზე ამ კონტრაქტის ვადით სამსახურის გავლის შემთხვევაში, რომლის საფუძველზეც შეწყდა პირველი 4 (ოთხი) წლიანი კონტრაქტი 7000 ლარი, ან დ) მეორე ან მომდევნო ოთხი/რვა წლიანი კონტრაქტის შემდგომ რვა წლიანი კონტრაქტის საფუძველზე ამ კონტრაქტის ვადით სამსახურის გავლის შემთხვევაში 14000 ლარი.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ზ----------–------–---–სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 07.03.2006წ. 4 წლის ვადით დაიდო კონტრაქტი, თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ. ასევე დადგენილია, რომ ზ----------–------–---–მა 07.03.2006წ. გაფორმებული კონტრაქტი N6--- დაასრულა 07.03.2010წ. ზ----------–------–---–სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, 07.03.2010წ. კვლავ გაფორმდა ხელშეკრულება (კონტრაქტი) ოთხი წლის ვადით, ,,კაპრალ-სერჟანტის თანამდებობაზე სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“, თუმცა აღნიშნული პირი 2012 წლის 05 სექტემბრიდან დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში (მხარეთა შეთანხმების საფუძველზე) და მას ვადაზე ადრე შეუწყდა კონტრაქტი. 08.10.2012წ. ზ----------–------–---–სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 4 წლის ვადით კვლავ დაიდო ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ კონტრაქტი, რომლის ვადაც ამოიწურა 2016 წლის 08 ოქტომბერს. ამავე თარიღით, ზ----------–------–---–სა და მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა კონტრაქტი ,,კაპრალ-სერჟანტის თანმდებობაზე სამხედრო მოსამსახურის მიერ ოთხი წლის ვადით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“. ამდენად, უდავოა, რომ 2009 წლის 1 მარტის შემდგომ, მოსარჩელე ზ----------–------–---–მა, კონტრაქტის საფუძველზე, 4 წლის ვადით კვლავ გააგრძელა სამხედრო სამსახური.
სააპელაციო პალატა მართებულად მიიჩნევს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას, რომ ზ----------–------–---–ს, 2016 წლის 08 ოქტომბერს გაფორმებული კონტრაქტის შემდგომ წარმოეშვა ერთჯერადი დახმარების მიღების უფლება, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების 471 და 472 პუნქტების საფუძველზე.
3.2.2. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. ნორმატიულ აქტს, რომელიც ადგენს ან ამძიმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს.
დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 07.03.2017წ. №14 ბრძანებით ცვლილება შევიდა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში. ბრძანებას დაემატა 476 პუნქტი, რომლითაც განისაზღვრა, რომ 472 პუნქტით განსაზღვრული ერთჯერადი დახმარება გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული კონტრაქტის პირობები ითვალისწინებს ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 7 მარტის №14 ბრძანება ამოქმედდა 2017 წლის 10 მარტიდან.
პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ზემოაღნიშნული ცვლილებით დადგენილი დანაწესი ვერ გავრცელდება მის ძალაში შესვლამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე, მოცემულ შემთხვევაში - ვალდებულებაზე, ვინაიდან „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 7 მარტის №14 ბრძანებით, რომელიც წარმოადგენს ნორმატიულ აქტს უკუძალა დადგენილი არ არის.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვალდებულება, მოსარჩელე ზ----------–------–---–ისათვის აენაზღაურებინა ერთჯერადი დახმარება 7000 ლარის ოდენობით, წარმოიშვა 2016 წლის 08 ოქტომბერს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების 471 და 472 პუნქტების საფუძველზე, რამდენადაც მან 4 წლიანი კონტრაქტის საფუძველზე (რომელიც გაფორმდა 2009 წლის 1 მარტის შემდგომ), 4 წლით გაიარა სამხედრო სამსახური და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი. შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ მოსარჩელეს აღნიშნული ვალდებულების საფუძველზე წარმოშობილი მოთხოვნის უფლება გააჩნია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ხანდაზმულობის ვადების ფარგლებში და იგი არ შეიძლება გაუქმდეს, მისი წარმოშობის შემდგომ გამოცემული ნორმატიული აქტით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს დასკვნას, რომ ზ----------–------–---–ი სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ჰქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
5. საპროცესო ხარჯები
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 9.1 მუხლის შესაბამისად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 01 აპრილის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი