განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210118002302833
N2ბ/6330-2018
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
15 მაისი, 2019 წელი ქალაქ თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი - გელა ქირია
მოსამართლეები - ლევან გვარამია, გოგიტა თოთოსაშვილი
სხდომის მდივანი - მარინე თათრიაშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) - ვა------ მი---------ი
წარმომადგენელი - თე--------------ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - რა-----– მი---------ი
წარმომადგენელი - რუ----------–---ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილება
დავის საგანი - სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა ½ წილზე, მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა ½ წილზე
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილებით ვა------ მი---------ის სარჩელი მოპასუხე რა-----– მი---------ის მიმართ სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის შესახებ, არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. ვა------ მი---------ს მამის, არ--- მი---------ის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში, სამკვიდროს მიღების მოთხოვნით სანოტარო ორგანოსათვის არ მიუმართავს;
2.2. ვა------ მი---------ი უკანასკნელი წლების განმავლობაში ცხოვრობდა საზღვარგარეთ, კერძოდ, უკრაინაში.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.3. არ--- მი---------ი გარდაიცვალა 2003 წლის 22 დეკემბერს;
2.4. არ--- მი---------ის გარდაცვალებისას მის კანონისმიერ პირველი რიგის მემკვიდრეებს წარმოადგენდნენ შვილები - ვა------ მი---------ი, რა-----– მი---------ი და ლა----- მი---------ი;
2.5. არ--- მი---------ის სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხებოდა უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, ნი---ს ქ. მ--- შ----9.
2.6. რა-----– მი---------ის სახელზე ნოტარიუს ნა----–- გა----ს მიერ, 2009 წლის 06 თებერვალს გაიცა სამკვიდრო მოწმობა N2-74, რომლის საფუძველზეც იგი, როგორც არ--- მი---------ის კანონისმიერი მემკვიდრე, შვილი, აღირიცხა უძრავი ქონების მდებარე ქ.თბილისი, ნი---ს ქ. მ--- შ----9, მესაკუთრედ.
2.7. ვა------ მი---------ი 2002 წლის 27 ივლისიდან 2017 წლის 25 აპრილის ჩათვლით რეგისტრირებული იყო მისამართზე ქ. თბილისი, ნი---ს მ--- შეს. N--. იგივე მისამართია მითითებული ვა------ მი---------ის მიერ 2007 წლის 18 ივლისს შედგენილ პასპორტის გაცემის შესახებ განცხადება-ანკეტაში.
2.8. ვა------ მი---------ის მფლობელობაშია არ--- მი---------ის სახელზე სსრკ-ს სახელმწიფო ბანკის სახელმწიფო შრომითი საშემნახველო სალაროს წიგნაკი, ანგარიშის N4----. 2002 წლის 22 ნოემბერს ვა------ მი---------ს გადახდილი აქვს ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციის, ქართული პასპორტისა და პირადობის მოწმობის მიღების საფასური.
2.9. სასამართლომ არ მიიჩნია დადგენილად ფაქტობრივი გარემოება იმასთან დაკავშირებით, რომ ვა------ მი---------მა არ--- მი---------ის გარდაცვალებიდან ექვს თვის ვადაში ფაქტობრივი ფლობით მიიღო სამკვიდრო.
სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი განსაზღვრავს მტკიცების ტვირთის ზოგად სტანდარტს, კერძოდ, იგი ადგენს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს: ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას ვინც უარყოფს“-,,affirmanti, non legati, incumbit probatio“.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე, ვა------ მი---------ს სამკვიდროს კანონით დადგენილი წესით მიღების დამადასტურებელი, სათანადო პერიოდის ამსახველი მტკიცებულება, გარდა ახსნა-განმარტებისა, სასამართლოსათვის არ ჰქონდა წარდგენილი. მის მიერ მითითებული მტკიცებულება, ცეცხლსასროილი იარაღის რეგისტრაციის მიზნით საფასურის გადახდის განცხადება, თარიღდებოდა 2002 წლის 28 ნოემბრით, რაც შეეხება რეგისტრაციას, აღნიშნული გარემოება, მხარის მიერ სამკვიდროს მისაღებად განხორციელებული რაიმე სახის ქმედების დასაბუთების გარეშე, სამკვიდროს ფაქტობრივ ფლობას ვერ ადასტურებდა. მოსარჩელე მხარის მფლობელობაში არსებული, არ--- მი---------ის სახელზე გაცემული სალაროს შემნახველი წიგნაკთან დაკავშირებით, სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში მისი სამკვიდროს მიღების მიზნით დაუფლების ფაქტი.
სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებების საპირისპიროდ, მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეთა, სა----– აკ--------ს, ვა---– ხე---------სა და არ------ ვა------ი---ს ჩვენებებით, რომელთა დაინტერესება საქმის გადაწყვეტის კონკრეტული შედეგისადმი არ იკვეთებოდა, ირკვევოდა, რომ ვა------ მი---------ი ოჯახთან ერთად საქართველოდან გაემგზავრა 90-იან წლებში, მას შემდეგ ცხოვრობდა უკრაინაში, არ ჩამოსულა მშობლების დაკრძალვაზე, არ უცხოვრია სადავო სახლში.
სასამართლოს განმარტებით, მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხა-----თვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
სასამართლომ განმარტა, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო სამართლებრივი ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა იქნას მიჩნეული, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ სათანადო მტკიცებულების წარდგენის გარეშე, ვა------ მი---------ის მიერ ვერ დადასტურდა გარემოება იმის თაობაზე, რომ მან მამის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში მიიღო სამკვიდრო მასა, ხოლო მოპასუხემ კი კვალიფიციური შესაგებლით უარყო მოსარჩელის მოთხოვნა.
ამდენად, მხარეთა ახსნა-განმარტების, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების და ზემოთ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ დადასტურდა ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ ვა------ მი---------ს, მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ, 6 თვის ვადაში ფაქტობრივი ფლობით მიღებული ჰქონდა არ--- მი---------ის სამკვიდრო დანაშთი ქონება.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.10. დავის გადაწყვეტისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე, 1320-ე, 1306-ე, 1433-ე, 1328-ე, 1336-ე მუხლზებით და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში დადგენილი იყო, რომ არ--- მი---------ის გარდაცვალებით, 2003 წლის 22 დეკემბერს გაიხსნა სამკვიდრო. გარდაცვალების მომენტისათვის მისი პირველი რიგის მემკვიდრეებს წარმოადგენდნენ: შვილები, ვა------ მი---------ი, რა-----– მი---------ი და ლა----- მი---------ი. მამკვიდრებლის სამკვიდრო მასას შეადგენდა არ--- მი---------ის უძრავი ქონება, მდებარე, ქ.თბილისში, ნი---ს ქ. მ--- შ----9.
დადგენილი იყო ასევე, რომ მემკვიდრეთაგან ლა----- მი---------მა უარი განაცხადა სამკვიდროს მიღებაზე. რა-----– მი---------ის სახელზე ნოტარიუს ნა----–- გა----ს მიერ, 2009 წლის 06 თებერვალს გაიცა სამკვიდრო მოწმობა N2-74, რომლის საფუძველზეც იგი, როგორც არ--- მი---------ის კანონისმიერი მემკვიდრე, შვილი, აღირიცხა უძრავი ქონების მდებარე ქ.თბილისი, ნი---ს ქ. მ--- შ----9, მესაკუთრედ. ვა------ მი---------ს მამის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში სანოტარო ორგანოსათვის განცხადებით არ მიუმართავს.
სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მ--- ნაწილზე, რომლის მიხედვით, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.
ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლომ განმარტა, რომ სამკვიდროს მიღების ფაქტის დასადასტურებლად საჭიროა, ან სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვი თვის განმავლობაში სანოტარო ორგანოსათვის განცხადებით მიმართვა, ანდა სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა და დაუფლება. ანუ აღნიშნული ნორმა იმპერატიული დანაწესის სახით ადგენს დროს, რომლის განმავლობაშიც მემკვიდრემ უნდა გამოთქვას სამკვიდროს მიღების სურვილი. სამკვიდროს მისაღებად საჭირო მოქმედებები (სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა და მართვა, განცხადების შეტანა სანოტარო ორგანოში) შესრულებული უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში. დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში მემკვიდრე, როგორც წესი, კარგავს სამკვიდროს მიღების უფლებას. ამდენად, იმისათვის, რომ აღნიშნული ნორმით დარეგულირდეს განსახილველი ურთიერთობა, სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის განმავლობაში მემკვიდრე ფაქტობრივად უნდა დაეუფლოს ქონებას ან მართოს იგი. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამკვიდროს მიღება არის ცალმხრივი გარიგება, რაც იმას ნიშნავს, რომ მემკვიდრის მოქმედებები უნდა მიუთითებდნენ მემკვიდრის ნებაზე სამკვიდროს მიღების შესახებ.
სასამართლოს განმარტებით, მითითებული ნორმის ანალიზი ცხადჰყოფს, რომ უნდა არსებობდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ნება და სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებული მოქმედებების არსებობის ფაქტი, რომლებიც თავის მხრის ადასტურებენ სამკვიდრო ქონების ფლობასა და მართვას. ასეთად კი მიიჩნევა მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრის ცხოვრება იმავე საცხოვრებელ სახლში და სხვა. სამკვიდრო მიღებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მემკვიდრე არ ფლობს მამკვიდრებლის ნივთებს, მაგრამ მისი მოქმედებიდან დასტურება, რომ სამკვიდროს თავისად მიიჩნევს, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს გადასახადების გადახდაში, დამქირავებლისათვის ქირის გადახდევინებაში, თხოვებაში და ა.შ.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე, ვა------ მი---------ს სამკვიდროს კანონით დადგენილი წესით მიღების დამადასტურებელი, სათანადო პერიოდის ამსახველი მტკიცებულება, გარდა ახსნა-განმარტებისა, სასამართლოსათვის არ ჰქონდა წარდგენილი. მის მიერ მითითებული მტკიცებულება, ცეცხლსასროილი იარაღის რეგისტრაციის მიზნით საფასურის გადახდის განცხადება, თარიღდებოდა 2002 წლის 28 ნოემბრით, რაც შეეხება რეგისტრაციას, აღნიშნული გარემოება, მხარის მიერ სამკვიდროს მისაღებად განხორციელებული რაიმე სახის ქმედების დასაბუთების გარეშე, სამკვიდროს ფაქტობრივ ფლობას ვერ ადასტურებდა. რაც შეეხება მის მფლობელობაში არსებულ, არ--- მი---------ის სახელზე გაცემულ სალაროს შემნახველ წიგნაკს, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში მისი სამკვიდროს მიღების მიზნით დაუფლების ფაქტი.
მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებების საპირისპიროდ, მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეთა, სა----– აკ--------ს, ვა---– ხე---------სა და არ------ ვა------ი---ს ჩვენებებით, რომელთა დაინტერესება საქმის გადაწყვეტის კონკრეტული შედეგისადმი არ იკვეთებოდა, ირკვევოდა, რომ ვა------ მი---------ი ოჯახთან ერთად საქართველოდან გაემგზავრა 90-იან წლებში, მას შემდეგ ცხოვრობს უკრაინაში, არ ჩამოსულა მშობლების დაკრძალვაზე, არ უცხოვრია სადავო სახლში. ამდენად, მოპასუხემ, მოსარჩელის მოთხოვნის საპირისპიროდ წარმოადგინა კვალიფიციური და დასაბუთებული შედავება, რითაც შეძლო ვა------ მი---------ის მიერ მითითებული გარემოებების უარყოფა.
შესაბამისად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში განხილვისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ ვა------ მი---------ს მამკვიდრებლის, არ--- მი---------ის სამკვიდრო კანონით დადგენილი წესით არ მიუღია, შესაბამისად არ არსებობდა სადავო ქონებაზე მისი მემკვიდრედ და მესაკუთრედ აღიარების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
2.11. რაც შეეხება მოპასუხისა მითითებას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1450-ე მუხლზე, სასამართლომ აღნიშნა, რომ იგი გამოიყენებოდა კონკრეტულად იმ შემთხვევისათვის, როცა პირს სურს შეედავოს სამკვიდრო მოწმობას. მითითებული ნორმის თანახმად, სამკვიდროს მიღება ან მიღებაზე უარის თქმა შეიძლება სადავო გახდეს ორი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა დაინტერესებულმა პირმა შეიტყო, რომ ამისათვის არსებობს სათანადო საფუძველი.
სასამართლოს განმარტებით, სამკვიდროს მიღება ან მასზე უარის თქმა ცალმხრივი გარიგებაა, რომლითაც გამოხატულია მემკვიდრის ნება სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებით. სამკვიდროს მიღებისა და მიღებაზე უარის თქმის წესი დადგენილია სამოქალაქო კოდექსის 1421-1451-ე მუხლებით. თუკი სამკვიდროს მიღების შემდეგ მემკვიდრე არ მიიღებს ზომებს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის – სამკვიდრო მოწმობის მისაღებად, ეს არანაირ გავლენას არ მოახდენს სამკვიდროს მიღებაზე. სამკვიდრო მოწმობა ადასტურებს მასში მითითებული პირის მიერ სამკვიდროს მიღების ფაქტს. ამდენად, სამკვიდროს მიღება ყოველთვის წინ უსწრებს სამკვიდრო მოწმობის გაცემას. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 1450-ე მუხლი ადგენს კონკრეტულად სამკვიდროს მიღების ან მიღებაზე უარი თქმასთან დაკავშირებულ ხანდაზმულობის ვადას და არა სამემკვიდრეო მოწმობის გასაჩივრების ვადას (სუსგ 30.10.2015წ. №ას-111-104-2015, სუსგ 8.04.2013 წ. №ას-72-68-2013), რის გამოც სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ მხრივ მოპასუხის მითითება სამართლებრივ მნიშვნელობას მოკლებული იყო. ასევე, დაუშვებელი იყო მესაკუთრეს დაუწესდეს რაიმე ხანდაზმულობის ვადა მისი საკუთრების აბსოლუტური უფლების დაცვასთან დაკავშირებით. ეს დასკვნა შეესაბამებოდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას (მაგალითად, იხ: 2014 წლის 24 იანვრის განჩინება სამოქალაქო საქმეზე №ას-911-869-2013).
2.12. სასამართლომ მიუთითა სადავო სამკვიდრო მოწმობის გაცემისას მოქმედი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1503-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სამკვიდრო მოწმობა შეიძლება გაიცეს როგორც მთელ სამკვიდროზე ასევე მის ნაწილზე. მოწმობა მიეცემა ყველა მემკვიდრეს ერთად ან თითოეულს ცალ-ცალკე მათი სურვილისამებრ. ამავე კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან, ვა------ მი---------ი არ წარმოადგენდა არ--- მი---------ის სამკვიდროს მიმღებ მემკვიდრეს, შესაბამისად არ არსებობდა ნოტარიუს ნა----–- გა----ს მიერ რა-----– მი---------ის სახელზე 2009 წლის 06 თებერვალს გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.1. აპელანტის მითითებით, სასამართლოს დადგენილად უნდა მიეჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ ვა------ მი---------მა არ--- მი---------ის გარდაცვალებიდან ექვს თვის ვადაში ფაქტობრივი ფლობით მიიღო სამკვიდრო. მოსარჩელე მხარის მიერ სამკვიდროს მიღების ფაქტი დასტურდება საქმის მასალებში წარმოდგენილი, მამკვიდრებლის სახელზე გაცემული სალაროს შემნახველი წიგნაკით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421.3. მუხლის თანახმად კი, თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი. ამასთან, სადავო გარემოების დადგენის კუთხით, სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებები, კერძოდ, სარეგისტრაციო ბარათში მითითებული რეგისტრაციის თარიღი - 1978 წ, ის გარემოება, რომ 2002 წლის 28 ოქტომბერს, მოსარჩელე იღებს ახალ პირადობის მოწმობას, სადაც გამცემ ორგანოდ მითითებულია ისნის სამსახური. საქმის მასალებში ასევე წარმოდგენილია ფორმა N1, სადაც მისამართად მითითებულია ქ. თბილისი, ნი---ს მ--- შე-------, N--. საქმის მასალებით ასევე დასტურდება მოსარჩელე მხარის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის საფასურის გადახდა თარიღების მითითებით.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს, მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:
4.1. არ--- მი---------ი გარდაიცვალა 2003 წლის 22 დეკემბერს. გარდაცვალების მომენტისათვის ა. მი---------ის სამკვიდროს წარმოადგენდა უძრავი ქონება, მდებარე, ქ.თბილისში, ნი---ს ქ. მ--- შ----9. ხოლო, მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრეები იყვნენ: ვა------ მი---------ი, რა-----– მი---------ი და ლა----- მი---------ი (შვილები);
4.2. დადგენილია, რომ მემკვიდრეთაგან ლა----- მი---------მა უარი განაცხადა სამკვიდროს მიღებაზე. რა-----– მი---------ის სახელზე ნოტარიუს ნა----–- გა----ს მიერ, 2009 წლის 06 თებერვალს გაიცა სამკვიდრო მოწმობა N2-74, რომლის საფუძველზეც იგი, როგორც არ--- მი---------ის კანონისმიერი მემკვიდრე (შვილი) აღირიცხა უძრავი ქონების, მდებარე, ქ. თბილისში, ნი---ს ქ. მ--- შ----9, მესაკუთრედ. რაც შეეხება ა------ მი---------ს, დადგენილია, რომ მას მამის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში სანოტარო ორგანოსათვის განცხადებით არ მიუმართავს;
4.3. წინამდებარე სასარჩელო განცხადებით, ვა------ მი---------ი მოითხოვს: 1. 2003 წლის 22 დეკემბერს გარდაცვლილი არ--- მი---------ის სამკვიდრო ქონებაზე, ნოტარიუსის მიერ 2009 წლის 06 თებერვალს, რა-----– მი---------ის სახელზე გაცემული კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობის (რეგისტრაციის №2-74) ბათილად ცნობა ½ ნაწილში; 2. ვა------ მი---------ის მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობას, 2003 წლის 22 დეკემბერს გარდაცვლილი არ--- მი---------ის სამკვიდრო ქონების, საჯარო რეესტრში ამჟამად რა-----– მი---------ის სახელზე რიცხული უძრავი ნივთის, მდებარე ქ. თბილისი, ნი---ს ქუჩა, მ--- შე-------, N--, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0---------------, 1/2 ნაწილზე.
4.4. განსახილველ შემთხვევაში სადავოა მოსარჩელის მიერ მამის დანაშთი სამკვიდრო ქონების დაუფლება ფაქტობრივი ფლობით. ამდენად, იმის დასადგენად საფუძვლი---ა თუ არა მოსარჩელის პირველი სასარჩელო მოთხოვნა, უნდა შემოწმდეს მეორე სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი სსკ-ის 1421-ე და 1424-ე მუხლების საფუძველზე.
4.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მიღებულად ითვლება, თუ მემკვიდრე ფაქტიურად შეუდგება სამკვიდრო ქონების ფლობას ან მართვას, აგრეთვე როდესაც იგი შეიტანს სანოტარო მოქმედებათა შემსრულებელ ორგანოში სამკვიდროს გახსნის ადგილას განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ. ამავე კოდექსის 1424-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.
საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა: „მემკვიდრეობის უფლების რეალიზაციისათვის აუცილებელია ორი პირობიდან ერთ-ერთის შესრულება: სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლება (მართვა), ან სანოტარო ორგანოში განცხადების წარდგენა. აღნიშნული მოქმედებები განხორციელებულ უნდა იქნას სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის ვადაში. დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში მემკვიდრე, როგორც წესი, კარგავს სამკვიდროს მიღების უფლებას. სამკვიდროს მიღება არის ცალმხრივი გარიგება, რაც იმას ნიშნავს, რომ მემკვიდრის მოქმედებები უნდა მიუთითებდნენ მემკვიდრის ნებაზე სამკვიდროს მიღების შესახებ ანუ სამკვიდროს მიღებულად მიჩნევისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მემკვიდრის ნებას, სურვილს, მიიღოს სამკვიდრო“ (იხ. სუსგ Nას-482-455- 2012, 31.05.2012წ).
საკასაციო სასამართლო მემკვიდრეთა მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით დაუფლებასთან დაკავშირებით არაერთ გადაწყვეტილებაში (განჩინებაში) უთითებს, რომ: „სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების დროს განმსაზღვრელია იურიდიული მნიშვნელობის მქონე კომპონენტები - სამკვიდროს მართვა-დაუფლებისკენ მიმართული ნება და ამგვარი ნების მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვეში გამოვლენა. ფაქტობრივი ფლობისკენ მიმართული ნებისმიერი მოქმედებიდან აშკარად უნდა იკვეთებოდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების სურვილი, მემკვიდრის ნება (სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა, რომლისთვისაც, ჩვეულებრივ, აუცილებელია ნების ნამდვილობა). მემკვიდრის ყველა ამგვარი მოქმედების შედეგს უნდა წარმოადგენდეს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა (მაგალითად: მამკვიდრებლის საცხოვრებელ სახლში ცხოვრება, მამკვიდრებლის ნივთების, როგორც საკუთარის მიღება და განკარგვაც, სამკვიდროს ფაქტობრივი მართვა, მოვლა და სხვა)“(იხ. სუსგ-ები: N ას-1172-1127-2016, 31.03.2017წ; N ას-203-193-2016, 02.06.2016; N ას-972-921-2015, 15.12.2015წ; Nას482-455-2012, 31.05.2012წ);
4.6. განსახილველ შემთხვევაში, იმ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად, რომ მოსარჩელემ მამკვიდრებლის დანაშთი სამკვიდროდან კანონით დადგენილ ვადაში ფაქტობრივი ფლობით მიიღო უძრავი ქონება, რის გამოც მას წარმოეშვა სამკვიდროს ½ წილზე საკუთრების უფლება, მოსარჩელემ ვერ შეძლო საკუთარი მტკიცების ტვირთის რეალიზება, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას დაედო საფუძვლად.
4.7. საქმეში წარდგენილი ვერცერთი მტკიცებულებით ვერ დაადასტურა მოსარჩელემ, მის მიერ მამკვიდრებლის სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტი (სსკ-ის 1421-ე მუხლი). კერძოდ, საქმის მასალებით არ დასტურდება მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში, რაც მოიცავს პერიოდს, 2003 წლის 22 დეკემბერი - 2004 წლის ივნისი, მოსარჩელე მხარის მიერ რაიმე ისეთი მოქმედების განხორციელება, რაც სასამართლოს მისცემდა იმის დასკვნის საფუძველს, რომ იგი დაეუფლა მამის სამკვიდროში შემავალ ქონებას.
4.8. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტი (მოსარჩელე), მამის სამკვიდროს მიღების ფაქტის დასადასტურებლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ იგი ფლობს მამკვიდრებლის კუთვნილ სსრკ-ს სახელმწიფო ბანკის სახელმწიფო შრომითი საშემნახველო სალაროს წიგნაკს, ანგარიშის N4----. აპელანტი აწ. გარდაცვლილი მამის სამკვიდროს ფაქტობრივად ფლობის ფაქტად ასევე მიუთითებს სადავო ფართში მისი რეგისტრაციის ფაქტზე. მოსარჩელეს მტკიცებულებად ასევე მოჰყავს ის გარემოება, რომ მას გადახდილი აქვს ცეცხლსასროილი იარაღის რეგისტრაციის საფასური.
უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ ვა------ მი---------ი უკანასკნელი წლების განმავლობაში ცხოვრობდა საზღვარგარეთ, უკრაინაში. დადგენილია ასევე, რომ ვა------ მი---------ი 2002 წლის 27 ივლისიდან 2017 წლის 25 აპრილის ჩათვლით რეგისტრირებული იყო მისამართზე ქ. თბილისი, ნიაზის მ--- შეს. N--. იგივე მისამართია მითითებული ვა------ მი---------ის მიერ 2007 წლის 18 ივლისს შედგენილ პასპორტის გაცემის შესახებ განცხადება-ანკეტაში (ტომი 1; ს/ფ 24-26; ს/ფ 87-88). დადგენილია ასევე, რომ ვა------ მი---------ის მფლობელობაშია არ--- მი---------ის სახელზე სსრკ-ს სახელმწიფო ბანკის სახელმწიფო შრომითი საშემნახველო სალაროს წიგნაკი, ანგარიშის N4----. 2002 წლის 22 ნოემბერს ვა------ მი---------ს გადახდილი აქვს ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციის, ქართული პასპორტისა და პირადობის მოწმობის მიღების საფასური (ტომი 1; ს.ფ. 110-113 - შემნახველი წიგნაკი; ს/ფ 89 - განცხადება-ანკეტა).
4.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421.3. მუხლის თანახმად, თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი.
პალატა განმარტავს, რომ სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.
პალატა მიიჩნევს, რომ მართალია მოსარჩელის მიერ მამკვიდრებლის კუთვნილი იმ სახის დოკუმენტის ფლობა (სამკვიდრო ქონება), როგორიცაა სალაროს წიგნაკი, წარმოადგენს სწორედ მემკვიდრის ისეთ მოქმედებას, რომელიც მიუთითებს მემკვიდრის ნებაზე სამკვიდროს მიღების შესახებ, თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ეს მოქმედება მემკვიდრემ უნდა განახორციელოს სამკვიდროს მისაღებად დადგენილ ვადაში. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ვერ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მითითებულ წიგნაკს მოსარჩელე დაეუფლა მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში (2003 წლის 22 დეკემბერი - 2004 წლის ივნისი).
მოცემულ შემთხვევაში, აპელანტი (მოსარჩელე) მამის სამკვიდროს ნაწილის - მოძრავი ნივთის (სსრკ-ს სახელმწიფო ბანკის სახელმწიფო შრომითი საშემნახველო სალაროს წიგნაკი, ანგარიშის N4----) სახით, კანონით დადგენილ ვადაში მიღების ფაქტის დასადასტურებლად შემოიფარგლება მხოლოდ მისი ახსნა-განმარტებით.
საქართველოს სსკ-ის 102-ე და 105-ე მუხლებიდან გამომდინარე, სამოქალაქო საქმეთა პალატა სადავო გარემოების (სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობის ფაქტის) დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად, ვერ გაიზიარებს მოსარჩელის ახსნა-განმარტებას, ვინაიდან, იგი თავად წარმოადგენს პროცესის მონაწილეს და უშუალოდ არის დაინტერესებული საქმის შედეგით. ამიტომ, მარტოოდენ მხარის ახსნა-განმარტება სხვა მტკიცებულებების გარეშე სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობის ფაქტის დადასტურებისათვის ვერ გამოდგება, მაშინ როდესაც აღნიშნულს არგუმენტირებულად უარყოფს მოწინააღმდეგე მხარე. ამასთან, მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილ მოწმეთა (სა----– აკ--------, ვა---– ხე--------- და არ------ ვა------ი---) ჩვენებებით ირკვევა, რომ ვა------ მი---------ი ოჯახთან ერთად საქართველოდან გაემგზავრა 90-იან წლებში, მას შემდეგ ცხოვრობს უკრაინაში, არ ჩამოსულა მშობლების დაკრძალვაზე, არ უცხოვრია სადავო სახლში.
4.10. რაც შეეხება აპელანტის მიერ მითითებულ მტკიცებულებას, ცეცხლსასროილი იარაღის რეგისტრაციის საფასურის გადახდის შესახებ, პალატა აღნიშნავს, რომ განცხადება თარიღდება 2002 წლის 28 ნოემბრით, და არ მოიცავს სამკვიდროს მისაღებად დადგენილ სადავო პერიოდს. რაც შეეხება სადავო ფართში რეგისტრაციას, აღნიშნული გარემოება, მხარის მიერ სამკვიდროს მისაღებად განხორციელებული რაიმე სახის ქმედების დასაბუთების გარეშე, სამკვიდროს ფაქტობრივ ფლობას ვერ ადასტურებს. 2007 წელს საქართველოში ჩამოსვლა და პასპორტის აღება, ასევე არ წარმოადგენს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მისაღებად გამოვლენილ ნებას. დადგენილია რომ მამკვიდრებელი გარდაიცვალა 2003 წელს, ხოლო, მოსარჩელე მხარის მიერ განცხადების რეგისტრაცია მოხდა 2007 წელს, მაშინ, როდესაც, მემკვიდრეს მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვეში უნდა მიეღო სამკვიდრო.
ვინაიდან მოსარჩელე მხარემ ვერ დაადასტურა აწ. გარდაცვლილი მამის სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების, მართვის ფაქტი და ამ მიზნით განხორციელებული მოქმედებანი, შესაბამისად, იგი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სადავო ქონებების ½ წილის მესაკუთრედ.
4.11. სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან. ამავ კოდექსის 1503-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მოწმობა შეიძლება გაიცეს როგორც მთელ სამკვიდროზე, ასევე მის ნაწილზე. მოწმობა მიეცემა ყველა მემკვიდრეს ერთად ან თითოეულს ცალ-ცალკე მათი სურვილისამებრ. სამკვიდრო მოწმობის მიცემა ერთი მემკვიდრისათვის სამკვიდროს ნაწილზე, არ ართმევს უფლებას სხვა მემკვიდრეს მიიღონ მოწმობა დანარჩენ ნაწილზე.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან, ვა------ მი---------ი არ წარმოადგენს არ--- მი---------ის სამკვიდროს მიმღებ მემკვიდრეს, შესაბამისად არ არსებობს ნოტარიუს ნა----–- გა----ს მიერ რა-----– მი---------ის სახელზე 2009 წლის 06 თებერვალს გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები.
4.12. ამდენად, სააპელაციო საჩივრის იმ არგუმენტებზე, რომლებსაც საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა ჰქონდა, პალატამ ზემოთ უკვე იმსჯელა.
ამასთან, ადამი---ს უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ-ა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე, 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. სასამართლო ხარჯები დაეკისროს აპელანტს, რაც გადახდილია წინასწარ სახ. ბაჟის სახით.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვა------ მი---------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილება;
3. სასამართლო ხარჯები დაეკისროს აპელანტს, რაც მის მიერ გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მ---0 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე: გელა ქირია
მოსამართლეები: ლევან გვარამია
გოგიტა თოთოსაშვილი