განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210117001945097
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/5843-18 13 ივნისი, 2019 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - თამარ ალანია
მოსამართლეები - ქეთევან მესხიშვილი
თამარ ზამბახიძე
სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი
აპელანტი - გი----------–-–---–ი
წარმომადგენელი - ავ--------–---–---–-ძე
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „მი----------------------------–-----------–---------ი“
წარმომადგენელი - ილ---------ძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - სააღსრულებო ფურცლებში ცვლილების შეტანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. გი----------–-–---–მა თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „მი----------------------------–-----------–---------ის“ მიმართ სარჩელი აღძრა და ნოტარიუს ეკ----------–-----–--ს მიერ 2017 წლის 11 მაისს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში (სანოტარო მოქმედების რეესტრის N---------) მოვალე გი----------–-–---–ის აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობად 2610.18 აშშ დოლარის განსაზღვრა (ძირი თანხა 918.42 აშშ დოლარი, პროცენტი 1653.58 აშშ დოლარი, დარიცხული პირგასამტეხლო 38.18 აშშ დოლარი) და სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯის 124.36 ლარის ოდენობით დაკისრება მოითხოვა.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით გი----------–-–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება გი----------–-–---–მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა. მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
5. შპს „მი----------------------------–-----------–---------სა“ და გი----------–-–---–ს შორის 2015 წლის 28 ოქტომბერს გენერალური ხელშეკრულება NG-------------- გაფორმდა, რომლის საფუძველზეც მხარეთა შორის 2015 წლის 28 ოქტომბერს საკრედიტო ხელშეკრულება დაიდო. გი----------–-–---–მა მიკროსაფინანსო ორგანიზაციისაგან 20 500 აშშ დოლარი, 60 თვის ვადით, წლიური 28 პროცენტის დარიცხვით ისესხა. ხელშეკრულების თანახმად, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0.1%-ს შეადგენდა. სესხის დასაფარად ყოველთვიური შენატანი 643 აშშ დოლარით განისაზღვრა. ზემოაღნიშნული სესხით გი----------–-–---–ის მანამდე არსებული დავალიანება შპს „მი----------------------------–-----------–---------ში“ გადაიფარა (ს.ფ. 5, 20-27).
6. საკრედიტო ხელშეკრულების დანართის თანახმად, მსესხებელს 2015 წლის 07 დეკემბრიდან 2020 წლის 06 ნოემბრის მდგომარეობით, ყოველთვიურად სესხის ძირი თანხისა და პროცენტის სახით, ჯამში 643 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა (ს.ფ. 5, 26-27).
7. გენერალური ხელშეკრულების მე-11 მუხლით მხარეებმა ხელშეკრულების პირობების დარღვევის თაობაზე დათქმა გაითვალისწინეს. 11.1. პუნქტის 11.1.1. ქვეპუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების პირობები დარღვეულად ჩაითვლებოდა, თუ: კრედიტით სარგებლობისას მსესხებელი ვერ გადაიხდიდა შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებით ან/და გადახდის გრაფიკით დადგენილი კრედიტის ძირითადი თანხის ნებისმიერ ნაწილს ან/და მასზე დარიცხულ პროცენტს ან/და მომსახურების საკომისიოს ან/და პირგასამტეხლოს, თუ ასეთი გადაუხდელობა გაგრძელდება 14 სამუშაო დღის განმავლობაში (ს.ფ. 6, 22).
8. გენერალური ხელშეკრულების მე-11 მუხლის 11.2. პუნქტის 11.2.1. ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის 11.1. პუნქტში აღწერილი ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში კა------–---------ი უფლებამოსილი იყო ნებისმიერი შეზღუდვის გარეშე: მსესხებლისათვის 30 სამუშაო დღით ადრე გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე ცალმხრივად შეეწყვიტა ხელშეკრულება და მისთვის კრედიტის ან მისი ნებისმიერი ნაწილის გადახდა „კა------–---------ის“ მიერ მითითებულ ვადაში მოეთხოვა, რაც თავისთავად „კა------–---------ისათვის“ ამ ხელშეკრულებით მინიჭებული ან მისი დარღვევით წარმოშობილი უფლებების გაუქმებას ან/და შელახვას არ ნიშნავდა (ს.ფ. 6, 22).
9. გენერალური ხელშეკრულების მე-12 მუხლით გათვალისწინებულია ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის წესი, რომლის მიხედვით, ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა, მოშლა ან გაუქმება დასაშვები იყო ხელშეკრულებაში მითითებული საფუძვლებით, მათ შორის, ამავე მუხლის 12.1. პუნქტის 12.1.2. ქვეპუნქტის მიხედვით, მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, რაც საფრთხეს უქმნიდა ან საეჭვოს ხდიდა დამრღვევი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შემდგომ შესრულებას (ს.ფ. 23).
10. მსესხებელს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2017 წლის 17 იანვრის შემდეგ სესხის გრაფიკით გათვალისწინებული ვალდებულება არ შეუსრულებია (ს.ფ. 7, მოპასუხის ახსნა-განმარტება).
11. 2015 წლის 28 ოქტომბრის გენერალური ხელშეკრულებისა და მის საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი შემადგენელი ხელშეკრულების საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, 2015 წლის 28 ოქტომბერს შპს „მი----------------------------–-----------–---------სა“ და გი----------–-–---–ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მსესხებლის, გი----------–-–---–ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ. თ---–-------–---------------------------------------------------------------------------–------------------------------------------------- იპოთეკით დაიტვირთა. იპოთეკის ხელშეკრულება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა (ს.ფ. 28-34, 35-36).
12. იპოთეკის ხელშეკრულების მე-6 მუხლის 6.3. პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოვალის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იპოთეკარი უფლებამოსილი იყო მოთხოვნის დაკმაყოფილება ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვით, უზრუნველეყო (ს.ფ. 32).
13. 2017 წლის 11 მაისს ნოტარიუსმა ეკ----------–-----–--მ კრედიტორის შპს „მი----------------------------–-----------–---------ის“ განცხადების საფუძველზე, სააღსრულებო ფურცელი გასცა, რომლის თანახმად, მოვალედ გი----------–-–---–ი განისაზღვრა, ხოლო, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობად 2017 წლის 11 მაისის მდგომარეობით სესხის ძირითადი თანხა 18 022. 34 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 1694.1 აშშ დოლარი, პროცენტი - 1729.93 აშშ დოლარი და სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯები 124.36 ლარი, განისაზღვრა. ამავე სააღსრულებო ფურცლით იპოთეკის საგნის რეალიზაცია დადგინდა. სააღსრულებო ფურცლის გაცემის საფუძვლად 2015 წლის 28 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულება და 2015 წლის 28 ოქტომბრის იპოთეკის ხელშეკრულება მიეთითა (ს.ფ. 5-6, 38-40).
14. 2017 წლის 15 მაისს კერძო აღმასრულებელმა შორენა ლაბარტყავამ მოვალე გი----------–-–---–ს გადაწყვეტილების შესრულების შესახებ წერილით მიმართა (ს.ფ. 41).
15. სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ შპს „მი----------------------------–-----------–---------ს“ გი----------–-–---–ის მიმართ ვადამდე სესხის გადაუხდელი ძირი თანხის ერთიანად დაბრუნების მოთხოვნის უფლება გააჩნდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კერძო სამართალში ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი მოქმედებს, რაც სამოქალაქო კოდექსის მე-10 მუხლითაა რეგლამენტირებული, კერძოდ, სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს შეუძლიათ განახორციელონ კანონით აუკრძალავი, მათ შორის კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი მოქმედება. იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების მხარეები სწორედ თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში, საკუთარი შეხედულებისამებრ აყალიბებენ გარიგების პირობებს, კერძო სამართალი მათ მიერ ნაკისრი ვალდებულების განუხრელ დაცვას მოითხოვს. pacta sunt servanda-ს პრინციპის თანახმად, ხელშეკრულება უნდა შესრულდეს, რაც ხელშეკრულებისადმი ერთგულების გამოვლინებას წარმოადგენს. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილიც, რომელიც ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს განსაზღვრავს, კერძოდ, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ შპს „მი----------------------------–-----------–---------სა“ და გი----------–-–---–ს შორის 2015 წლის 28 ოქტომბერს გენერალური ხელშეკრულება NG-------------- გაფორმდა, რომლის საფუძველზეც მხარეთა შორის 2015 წლის 28 ოქტომბერს საკრედიტო ხელშეკრულება დაიდო. გი----------–-–---–მა მიკროსაფინანსო ორგანიზაციისაგან 20 500 აშშ დოლარი, 60 თვის ვადით, წლიური 28 პროცენტის დარიცხვით ისესხა. ხელშეკრულების თანახმად, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0.1%-ს შეადგენდა. სესხის დასაფარად ყოველთვიური შენატანი 643 აშშ დოლარით განისაზღვრა.
გენერალური ხელშეკრულების მე-11 მუხლით მოდავე მხარეებმა ხელშეკრულების პირობების დარღვევის თაობაზე დათქმა გაითვალისწინეს. 11.1. პუნქტის 11.1.1. ქვეპუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების პირობები დარღვეულად ჩაითვლებოდა, თუ: კრედიტით სარგებლობისას მსესხებელი ვერ გადაიხდიდა შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებით ან/და გადახდის გრაფიკით დადგენილი კრედიტის ძირითადი თანხის ნებისმიერ ნაწილს ან/და მასზე დარიცხულ პროცენტს ან/და მომსახურების საკომისიოს ან/და პირგასამტეხლოს, თუ ასეთი გადაუხდელობა გაგრძელდება 14 სამუშაო დღის განმავლობაში.
ასევე, გენერალური ხელშეკრულების მე-12 მუხლით გათვალისწინებულია ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის წესი, რომლის მიხედვით, ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა, მოშლა ან გაუქმება დასაშვები იყო ხელშეკრულებაში მითითებული საფუძვლებით, მათ შორის, ამავე მუხლის 12.1. პუნქტის 12.1.2. ქვეპუნქტის მიხედვით, მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, რაც საფრთხეს უქმნიდა ან საეჭვოს ხდიდა დამრღვევი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შემდგომ შესრულებას
სააპელაციო საჩვრით სადავოდ არის გამხდარი და შესაბამისად სააპელაციო პალატის კვლევის საგანს წარმოადგენს ფაქტობრივი გარემოებები მასზედ, რომ კრედიტორს მოვალისთვის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ წინასწარ არ უცნობებია და შესაბამისად ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვეტილად ვერ ჩაითვლება, სააღსრულებო ფურცელში მითითებული ფულადი თანხის ოდენობა არასწორად არის გამოთვლილი და პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია.
16. სააპელაციო პალატა უპირველეს ყოვლისა ყურადღებას მიაპყრობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომლის თანახმად თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე ამავე კოდექსის 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება). სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, თუ ხელშეკრულების მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისთვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, თუ აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება.
საქმეზე უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ აპელანტ მხარეს სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება 2017 წლის იანვრის შემდგომ არ გადაუხდია, კრედიტორმა კი, ნოტარიუსს 2017 წლის მაისში მიმართა. ოთხი თვის განმავლობაში მოვალეს ვადამოსული ვალდებულების მცირედი ნაწილიც კი არ შეუსრულებია, რაც კრედიტორს წარმოუშობდა ლეგიტიმურ ეჭვს მოვალის ფინანსური მდგომარეობის გაუარესებისა და ფულადი ვალდებულების შესრულების შეუძლებლობის თაობაზე. აღნიშნული ეჭვი გონივრულია მით უფრო ისეთ პირობებში, როდესაც მოვალის ყოველთვიურ შენატანს საკმაოდ სოლიდური თანხა (643 ლარი) წარმოადგენდა და მას პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაც დაეკისრებოდა. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა სწორედ ისეთ გარემოებას, რომელიც სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის მე-2 ნაწილის ამოქმედებას იწვევდა და კრედიტორს წერილობითი გაფრთხილების ვალდებულებას არ წარმოუშობდა.
რაც შეეხება, სააღსრულებო ფურცელში მითითებულ ფულადი თანხის ოდენობას, ამ მიმართებითაც სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მითითებას მასზედ, რომ იგი შემცირებას ექვემდებარებოდა. მხარეთა ნების თავისუფალი განკარგვის საფუძველზე, მოდავე მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-11 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ შეტყობინების გაგზავნის პირობა „კა------–---------ისათვის“ ამ ხელშეკრულებით მინიჭებული ან მისი დარღვევით წარმოშობილი უფლებების გაუქმებას ან/და შელახვას არ ნიშნავდა. საქმის მასალებში წარმოდგენილი სესხის დაფარვის გრაფიკის თანახმად, 2017 წლის მაისის თვეში (სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღი) დასაფარი ფულადი ვალდებულების ძირ თანხას 18 022,34 ლარი წარმოადგენდა, ხოლო ოთხი თვის ვადაგადაცილებისთვის დარიცხული პირგასამტეხლო 1729.93 აშშ დოლარს შეადგენდა, რაც ჯამში 19 752,27 ლარია (ს.ფ. 26). შესაბამისად საქმის მასალებით ცალსახად დგინდება, რომ კრედიტორმა გამოიყენა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-11 და მე-12 პუნქტებით, ასევე, სამოქალაქო კოდექსის 352-ე და 405-ე მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილება და ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შედეგად მოვალეს წინასწარ მოსთხოვა სესხად აღებული ძირი თანხის გადახდა, რაც მის ლეგიტიმურ მოთხოვნას წარმოადგენდა.
17. სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ მხარეთა მიერ ხელშეკრულებებით შეთანხმებული პირგასამტეხლო, რომელიც ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის მიმდინარე ბალანსის 0,1%-ს შეადგენდა, შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ მიჩნეული ვერ იქნება.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება შესაძლო ზიანს აღემატებოდეს. კერძო სამართალში მოქმედი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი სხვა პირობებზე შეთანხმების გარდა, ასევე პირგასამტეხლოს ოდენობაზე თავისუფლად შეთანხმებასაც გულისხმობს. თუმცა, სამოქალაქო პროცესში მოქმედი შეჯიბრებითობის პრინციპისგან ერთ-ერთ გამონაკლისს სწორედ მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობის სასამართლოს ინიციატივით შემცირება წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, ვალდებულების დარღვევის ხასიათი მისი ხანგრძლივობა და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს.
პირგასამტეხლოს შემცირებაზე სასამართლო მსჯელობს მხარის მოთხოვნის შესაბამისად, მხარისვე მიერ მითითებულ ფარგლებში და მხოლოდ ამგვარი წინაპირობის არსებობისას, პირგასამტეხლოს ოდენობის მართლზომიერება-არამართლზომიერებასთან დაკავშირებული ფაქტების შეფასების შემდეგ, შეუძლია გამოიყენოს სასამართლოს დისკრეცია, რაც შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას გულისხმობს.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რაც პირგასამტეხლოს პრაქტიკული შეფასების მიზნებს ემსახურება მდგომარეობს იმაში, რომ პირგასამტეხლოს შემცირებაზე უფლებამოსილი სუბიექტი - სასამართლო, პირგასამტეხლოს მართლზომიერებისა და ლეგიტიმურობის შეფასებას მხოლოდ მხარეთა მიერ შეჯიბრებითობის ფარგლებში პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის პირობებში იწყებს.
მოცემულ შემთხვევაში, 2015 წლის 28 ოქტომბერს დადებული ხელშეკრულების ძალით საკმაოდ სოლიდური თანხა - 20 500 აშშ დოლარი გაიცა, დარიცხულმა პირგასამტეხლომ კი 1729,93 აშშ ლარი შეადგინა. ცალსახაა, რომ 2017 წლის იანვრის თვის შემდგომ, დღემდე, აპელანტს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება აღარ შეუსრულებია. ასევე უდავოა, რომ ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი მოპასუხე მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ მოკლე ვადაში, 2017 წლის მაისის თვეში, აღსასრულებლად წარადგინა, რაც ცხადყოფს, რომ მოპასუხის მხრიდან არაკეთილსინდისიერ ქმედებას და პირგასამტეხლოს ოდენობის ხელოვნურად გაზრდას, სააღსრულებლო ფურცლის აღსასრულებლად წარდგენის დაყოვნებით, ადგილი არ ჰქონია (ს.ფ. 38-44). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო ასკვნის, რომ დარიცხული პირგასამტეხლო, ვალდებულების დარღვევის ხასიათის, ვალდებულების სრული მოცულობისა და დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობის ურთიერთშეჯერების შედეგად, შეუსაბამოდ მაღალი არ არის და შესაბამისად, მისი შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები არ არსებობს.
18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამართალწარმოება შეჯიბრებითობის საფუძველზე მიმდინარეობს. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან ეს ფაქტები რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს.
მითითებული მუხლის დანაწესი ნიშნავს იმას, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც ამ სახის წარმოების ამოსავალი პრინციპია და დავის გადაწყვეტის ბედიც ამ პროცესში მონაწილე მხარეების პოზიციითაა განსაზღვრული. შესაბამისად, მხარემ, თავისი მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივი საფუძვლის დამტკიცების მიზნით, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი მტკიცებულება შეიძლება წარუდგინოს სასამართლოს. თუმცა, მხარისათვის მხოლოდ მტკიცებულების წარმოდგენის უფლების მინიჭებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპი არ რეალიზდება. ამისათვის სავალდებულოა, რომ თითოეულ მხარეს მიეცეს გონივრული შესაძლებლობა, წარმოადგინოს მისი საქმე, მტკიცებულებების ჩათვლით, ისეთ პირობებში, რომელიც მას თავის მოწინააღმდეგე მხარესთან მიმართებით არსებითად არახელსაყრელ პირობებში არ მოაქცევს.
მითითებული ნორმის ანალიზით დგინდება, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ, განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სასამართლო განმარტავს, რომ მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი).
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართლის მიზნებისათვის, კანონმდებლობა დასაშვები მტკიცებულებების ნუსხას ადგენს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს.
მხარეს, რომელიც პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას ითხოვს, ევალება მისი შეუსაბამობის დადასტურებაც. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტ მხარეს აღნიშნულთან მიმართებით არგუმენტირებული ახსნა-განმარტება ან/და სხვა სახის მტკიცებულება არ წარმოუდგენია. აპელანტმა ასევე, ვერ შეძლო მის მიერვე მითითებული იმ გარემოების დადასტურება მასზედ, რომ სააღსრულებო ფურცელში მითითებული ფულადი თანხის ოდენობა არასწორად იქნა გამოთვლილი. აღნიშნულის საპირისპიროდ საქმის მასალებში არსებობს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება და მასზე დართული სესხის გადახდის გრაფიკი, რომლითაც ცალსახად დასტურდება, რომ სააღსრულებო ფურცლის გაცემის დროისთვის მოვალის მიერ გადაუხდელ სესხის ძირითად თანხას, სწორედ ის ოდენობა წარმოადგენდა, რომლის სადავო აღსრულების ქვემდებარე აქტში მითითებაც მოხდა. ყოველივე ზემოაღნიშნული სააპელაციო საჩივარში მოყვანილი მსჯელობის გაზიარებაზე უარის თქმისა და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
20. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინამძღვრები, შესაბამისად, ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განვითარებულ სამართლებრივ მსჯელობას და მიიჩნევს, რომ გი----------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში იგულისხმება ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 2015 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გი----------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე თამარ ალანია
მოსამართლეები ქეთევან მესხიშვილი
თამარ ზამბახიძე