განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1აგ/97-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 ივლისი, 2019 წელი. ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მაია თეთრაული
მოსამართლეები: ნინო სანდოძე
გოჩა ჯეირანაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ ი-----–- წ----–-----ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ნათელა ჩერქეზიას შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 მარტის განაჩენით:
ი-----–- წ----–-----ს მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების (ჰეროინი-0,1036 გრამი) უკანონო შეძენა, შენახვა, დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით;
მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად უნდა დაენიშნოს ჯარიმა 2000(ორიათასი) ლარის ოდენობით.
მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5(ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10(ათი) წლის ვადით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, ასევე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობის და წარმომადგენლობის უფლება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით:
ი-----–- წ----–-----ს მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების (ტეტრაჰიდროკანაბინოლის /მარიხუანა/) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულისახდელშეფარდებული პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000(ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 მარტის დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ახალი განაჩენით დანიშნულ სასჯელს სრულად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის, 11(თერთმეტი) თვის და 28(ოცდარვა) დღის ვადით, ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით და განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ ი-----–- წ----–-----ს ძირითად სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000(ათასი) ლარის ოდენობით, თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის, 11(თერთმეტი) თვის და 28(ოცდარვა) დღის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების და 67-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად, 3(სამი) წლის გამოსაცდელი ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 2000(ორიათასი) ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 3(სამი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, ასევე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობის და წარმომადგენლობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 6(ექვსი) თვის ვადით - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
2019 წლის 19 ივლისს, მსჯავრდებულ ი-----–- წ----–-----ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნათელა ჩერქეზიამ შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 4 ოქტომბრის განაჩენის გადასინჯვა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილებებისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად.
სააპელაციო პალატამ საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის შესაბამისად ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ ი-----–- წ----–-----ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ნათელა ჩერქეზიას შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლი ადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკოსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2018 წლის 30 ნოემბრის საქართველოს კანონის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსს 2731 მუხლიდან ამოღებული იქნა მცენარე კანაფის ან მარიხუანის ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მსჯავრდებული ი-----–- წ----–----- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრდებულია ნარკოტიკული საშუალების - ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის.
ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით დადგინდა ექიმის დანიშნულების გარეშე, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონოდ მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციასთან შეუსაბამობა (იხ. გადაწყვეტილება), რის შემდეგაც სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელდა ცვლილება, შესაბამისად მსჯავრდებული ი-----–- წ----–----- უნდა გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 2731 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და უნდა აღუდგეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამოერთმეული უფლებები.
ამდენად, პალატას მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ ი-----–- წ----–-----ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ნათელა ჩერქეზიას შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 4 ოქტომბრის განაჩენში.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ი-----–- წ----–-----ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ნათელა ჩერქეზიას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 4 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება.
ი-----–- წ----–----- გათავისუფლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და დანიშნული სასჯელისაგან - ჯარიმისაგან 1000(ათასი) ლარის ოდენობით.
ი-----–- წ----–-----ს აღუდგეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამორთმეული უფლებები.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი მიღებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: /მ. თეთრაული/
მოსამართლეები: /ნ. სანდოძე/
/გ. ჯეირანაშვილი/