განაჩენი

სისხლის სამართლის 26.07.2019
საქმის ნომერი
820100119002905424
ინსტანცია
თარიღი
26.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 820100119002905424

საქმე №1/ბ-447-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

19 ივლისი, 2019 წ. ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - მარინა სირაძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე ს---- ა-–----- ა----ის მიმართ, დაბადებული: 1---------წ. საქართველოს მოქალაქე, პირადი №4----------, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული: თურქეთის რესპუბლიკა, ქ. ანტალია, ალანიის დასახლება ფაქიჯატას ქ.N15, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ----------------–--–-----------;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ს---- ა----იმ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 23 თებერვალს, ქ. ბათუმში, მ----------–--–------------ში, საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ს---- ა----იმ არასრულწლოვანი შვილის, ი-----------–-- ა----ის თანდასწრებით, თავის მეუღლეს ლ------------–---ს სახეში და სხეულის სხვადასხვა ადგილებში დაარტყა ხელი და მიაყენა დაზიანებები, ფიზიკური ძალადობის შედეგად ლ------------–---მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 მაისის განაჩენით ს---- ა----ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით განესაზღვრა განესაზღვრა 01 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 01 წლის გამოსაცდელი ვადით; მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 24 თებერვლიდან 2019 წლის 13 მაისის ჩათვლით.

 

2. სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორი ა---- მ-------- წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება იქნეს შეტანილი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 მაისის განაჩენში და მსჯავრდებულ ს---- ა----ის დაუმძიმდეს დანიშნული სასჯელი; ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სასამართლოს მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის გასაზღვრისას არ გაითვალისწინა ჩადენილი ქმედების ხასიათი, საშიშროება, მსჯავრდებულის პიროვნება და დანიშნული სასჯელით ვერ იქნება მიღწეული სასჯელის მიზნები.

 

სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

3. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ს---- ა----ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ს---- ა----ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეული მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ ლ-------- ა--–--ის გამოკითხვის ოქმით; მოწმეების - ნ----- შ--------ის, ნ-----–-- კორნიშინას, დ-------- ც--–--ის, მ---- პ-----ის, ზ------ მ----–--ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ ს---- ა----ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადაოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს დაუმძიმდეს დანიშნული სასჯელი.

 

გასაჩივრებული განაჩენით ს---- ა----ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ ს---- ა----ის სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება; სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და გულწრფელად მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული, ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, წარსულში არ არის ნასამართლევი, შეურიგდა დაზარალებულს და სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის განსახორციელებლად სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილით დაუნიშნა სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც ჩაუთვალა პირობით, გამოსაცდელი ვადით.

 

სააპელაციო პალატას მსაჯავრდებულ ს---- ა----ის მიმართ დანიშნული სასჯელი მიაჩნია სამართლიანად, რის გამოც პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და ს---- ა----ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის საფუძველი არ არსებობს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა---- მ--------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

ს---- ა----ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

ს---- ა----ის სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 24 თებერვლიდან 2019 წლის 13 მაისის ჩათვლით;

 

ს---- ა----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;

 

გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ს---- ა----ის მიმართ ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე