განაჩენი

სისხლის სამართლის 22.07.2019
საქმის ნომერი
330100119002899664
ინსტანცია
თარიღი
22.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N330100119002899664, №1ბ/895-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

22 ივლისი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე ნათია ბარბაქაძე

სხდომის მდივანი ნანა გიგიტაშვილი

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - მ------ ბ-------–---–ი;

 

დაცვის მხარე:

 

მსჯავრდებული - ს------ ა---------–ის ძე ს-----–---–ი - დაბადებული 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–-----–----------------------–------------------------;

 

ადვოკატი - ვ-–- შ--–-----ი.

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა).

 

სასჯელი:

 

5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

 

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, კერძოდ, დანიშნული სასჯელის შემსუბუქება, შემდეგ გარემოებათა გამო: ს------ ს-----–---–ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, დაკავების დღიდან თანამშრომლობს გამოძიებასთან, ხასიათდება დადებითად, ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, მოხუცი პენსიონერი დედა და არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი).

 

ბრალდების მხარის პოზიცია - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 აპრილის განაჩენის უცვლელად დატოვება, ვინაიდან აღნიშნული განაჩენი არის კანონიერი, სამართლიანი და დასაბუთებული (ვრცლად იხ. სხდომის ოქმი)

 

სასამართლომ დაადგინა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 აპრილის განაჩენით, ს------ ს-----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ მასში, რომ მან ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი გარემოებები:

 

2019 წლის 7 თებერვალს, დღის საათებში, თ---–--–-----–----------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე და თ---–--–---–----------------------–----------------------------ში ს------ ს-----–---–ი უკანონოდ ინახავდა მის მიერ უკანონოდ შეძენილ ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს, წონით 0,1187 გრამს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 აპრილის განაჩენით, ს------ ს-----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით.

 

ს------ ს-----–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავებიდან - 2019 წლის 07 თებერვლიდან.

 

„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ს------ ს-----–---–ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობ პირს, 5 წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლის ვადით ჩამოერთვა: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. მოცემულ შემთხვევაში, ს------ ს-----–---–ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები სასამართლო სხდომაზე მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

მტკიცებულებათა დასაშვებობისა და შეფასების საკითხთან დაკავშირებით, პალატა მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე. სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა, რომ, თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, იგი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, პუნ 159.). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04 , პუნ 32). ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ (პარ. 91) განმარტა: იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს (ვრცლად იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ, განაცხადი No. 9043/05).

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე, განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ დაცვის მხარის მიერ და მხოლოდ სასჯელის ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ს------ ს-----–---–ის ბრალეულობასთან დაკავშირებით, მიიჩნევა დადასტურებულად.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ს------ ს-----–---–ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებების (მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, პირადი ჩხრეკის ოქმით, ბინის ჩხრეკის ოქმით, ამოღებული ნარკოტიკული საშუალებით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა უტყუარი მტკიცებულებებით) ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა მსჯავრდებულ ს------ ს-----–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

სასჯელის დასაბუთება:

 

პალატა გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ს------ ს-----–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ვ-–- შ--–-----ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

პალატა მიუთითებს სასჯელის მიზნებზე, რასაც წარმოადგენს სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლი სასამართლოს ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღოს სხვადასხვა გარემოებები, მათ შორის დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მისი მისწრაფება აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის დისპოზიცია დასჯად ქმედებად მიიჩნევს ნარკოტიკული საშუალების შეძენას და შენახვას, რომელშიც სამართლებრივად იგულისხმება ნარკოტიკული საშუალების სხვადასხვა გზით უკანონოდ მოპოვება და ამ უკანონოდ მოპოვებულისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა. ვინაიდან, აღნიშნული ნივთიერებები არ წარმოადგენს ლეგალური ბრუნვის საგანს, მისი ბრუნვაში მოქცევა ნებისმიერი გზითა და სახით, აკრძალულ და შესაბამისად დასჯად ქმედებადაა შერაცხული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის დისპოზიციით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული კი, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი ს------ ს-----–---–ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან რვა წლამდე.

 

პალატა აღნიშნავს, რომ განაჩენით, ს------ ს-----–---–ს განსაზღვრული აქვს მუხლის სანქციით გათვალისწინებული მინიმუმი, რომლის შემცირების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს დაცვის მხარის მიერ საჩივარში დაფიქსირებული შემამსუბუქებელი გარემოებების მიუხედავად. პალატა ვერ გამოიყენებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლს, რომლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დაწესებული სასჯელის ზომის უდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელის ან სხვა, უფრო მსუბუქი სახის სასჯელის დანიშვნა მხოლოდ მხარეებს შორის დადებული საპროცესო შეთანხმების შემთხვევაში. პალატა ასევე მოკლებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების შესაძლებლობას. აღნიშნული მუხლის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. მოცემულ შემთხვევაში, ნარკოტიკული საშუალების შენახვა წარმოადგენს დენად დანაშაულს და დამთავრებულად ითვლება ქმედების შეწყვეტის მომენტიდან. ნარკოტიკული საშუალების ამოღება, ანუ ამ დანაშაულის შეწყვეტა მიუთითებს დანაშაულის ჩადენისას წასწრებაზე, რაც გამორიცხავს შეღავათის გამოყენების შესაძლებლობას (აღნიშნულ საკითხზე მაგალითისთვის იხილეთ უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 6 თებერვლის №539აპ-18 განჩინება).

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 აპრილის განაჩენი კანონიერია, დასაბუთებულია, სამართლიანია და არ არსებობს მისი შეცვლის საფუძველი, რის გამოც უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ს------ ს-----–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ვ-–- შ--–-----ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ს------ ს-----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

ს------ ს-----–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავებიდან - 2019 წლის 7 თებერვლიდან.

 

„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ს------ ს-----–---–ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობ პირს, 5 წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლის ვადით ჩამოერთვას: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

აღნიშნული შეზღუდვების ვადის დენა დაიწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

§ ს------ ს-----–---–ის პირადი და ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი, დაზიანებული 15 ცალი აბი, ოქროსფერი ქაღალდებით, რომლებიც ინახება შს სამინისტროს ქ------–---------–-–--------------------------------------–--ს პირველ განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

§ ს------ ს-----–---–ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული პოლიეთილენის პარკი, ს------ ს-----–---–ის ნერწყვის ნიმუში, პოლიეთილენის ფრაგმენტებიდან და შესაფუთი მასალიდან აღებული ანაწმენდები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ნათია ბარბაქაძე