განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330210017002083092
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/6569-18 15 მაისი, 2019 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე თამარ ზამბახიძე
მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი
თამარ ალანია
სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი
აპელანტი - ზ------------–---–ი (მოპასუხე)
წარმომადგენელი - ა-----–------–-–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე - ჟ-----------------–---ია (მოსარჩელე)
წარმომადგენელი - გ-------------ა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 21.06.2018 წ. გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხეს დაეკისროს 16 000 აშშ დოლარის გადახდა.
1.2. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს ზ-------------–---–-ს კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი თბილისი, სოფელი ფ-------–ა, ს/კ-------------.
სარჩელის საფუძვლები:
2. 15.08. 2012წ. ჟ----------------–----ამ ზ-------------–---–ს ასესხა 11 000 აშშ დოლარი. იმ დროს ჟ------------------–----ას არ გააჩნდა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და სესხის გაცემის ნოტარიულად დაფიქსირებისათვის სთხოვა მის ნაცნობ ა---------------ს, რომ სესხი გაცემულიყო მისი სახელით. გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ზ------------–---–მა სესხის სახით სამი თვის ვადით მიიღო 11 000 აშშ დოლარი, თვეში 4% სარგებლისა და პირგასამტეხლოს - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,1%-ის ოდენობით დარიცხვის პირობით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ზ------------–---–ის კუთვნილი უძრავი ქონება. მსესხებელმა თანხა არ დააბრუნა, რის გამოც ა--------------მა აიღო ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელი სესხის ძირითად თანხაზე. ზ------------–---–მა სარჩელი შეიტანა სასამართლოში და მოითხოვა ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმება. აღნიშნულ საქმეზე ა--------------ს წარმოადგენდა ჟ----------------–----ა, რომელსაც სასამართლოსთვის არ დაუმალავს, რომ სესხის თანხა იყო მისი და რეალური გამსესხებელი იყო თვითონ. აღნიშნულ გარემოებას დაეთანხმა ზ------------–---–იც. თბილისის საქალაქო სასამართლოს 10.03.2016წ. გადაწყვეტილებით ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცელი გაუქმდა, რის გამოც ჟ-----------------–---იას თანხით დღემდე სარგებლობს ზ-------------–---–- და არ აბრუნებს ნასესხებ თანხას.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მას ვალდებულება სრულად აქვს შესრულებული. კერძოდ, მისმა მეუღლემ, ი--------–----ამ სრულად გადაიხადა სესხის ძირითადი თანხა - 11 000 აშშ დოლარი. ამასთან, თუკი მოსარჩელე აღიარებს, რომ 15.08.2012წ. ხელშეკრულების რეალური მხარე არის ჟ----------------–----ა, სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 21.06.2018წ. გადაწყვეტილებით:
1. ჟ----------------–----ას სარჩელი ზ------------–---–ის მიმართ თანხის დაკისრებისა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის თაობაზე, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
2. მოპასუხე ზ------------–---–ს მოსარჩელე ჟ----------------–----ას სასარგებლოდ დაეკისრა 12 000 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 11 000 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 1000 აშშ დოლარი.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა: ზ-------------–---–-ს (პ/ნ------------) საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი თბილისი, სოფელი ფ-------–ა, ს/კ-------------.
4.1. 2012 წლის 15 აგვისტოს ა---------------სა და ზ-------------–---–ს შორის გაფორმდა №--------- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ზ------------–---–მა სესხის სახით მიიღო 11 000 აშშ დოლარი, სამი თვის ვადით - 2012 წლის 15 ნოემბრამდე, ყოველთვიური 4% სარგებლის დარიცხვით.
ხელშეკრულების 2.4. პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მსესხებლის მიერ დათქმულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მსესხებელი ვალდებულია გადაუხადოს გამსესხებელს დამატებითი უზრუნველყოფის მიზნით, პირგასამტელოს სახით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე თანხის - 0,1%. ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დაიტვირთა ზ-------------–---–-ს კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი თბილისი, სოფელი ფ-------–ა, ს/კ-------------.
4.2. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, 2015 წლის 08 იანვარს გაიცა №--------- სააღსრულებო ფურცელი, სადაც კრედიტორად მითითებული იყო - ა--------------ი, ხოლო მოვალედ - ზ------------–---–ი. სააღსრულებო ფურცლით აღსასრულებელი ვალდებულების სახე და მოცულობა განისაზღვრა შემდეგნაირად: სესხის ძირითადი თანხა - 11 000 აშშ დოლარის ოდენობით, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირითადი თანხის 0.1% (11 აშშ დოლარი დღეში) 2012 წლის 15 ნოემბრიდან აღსრულებამდე. აღნიშნული სააღსრულებო ფურცელი გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით (საქმე №2/5929-15). გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
4.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით (საქმე №2/5929-15) დადგენილია, რომ ზ-------------–---–სა და ა--------------ს შორის ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა არ არსებობდა. 2012 წლის 15 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, ზ------------–---–ისათვის სესხის სახით გადაცემული თანხა 11 000 აშშ დოლარი არ წარმოადგენდა ა--------------ის კუთვნილ თანხას. სესხის თანხა ეკუთვნოდა ჟ----------------–----ას. 2012 წლის 15 აგვისტოს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების რეალურ მხარეს - გამსესხებელს, წარმოადგენს ჟ----------------–----ა.
4.4. ზ------------–---–ის მიერ არ არის შესრულებული 2012 წლის 15 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულება - მის მიერ არ არის გადახდილი სესხის თანხა - 11 000 აშშ დოლარის ოდენობით.
მოპასუხე შესაგებელში უთითებს, რომ მას სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება სრულად აქვს შესრულებული. სასამართლო განმარტავს, რომ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის არსებობისას, სესხის ხელშეკრულების ნამდვილობის დადასტურების ტვირთი აკისრია გამსესხებელს, ხოლო ვალდებულების შესრულების ტვირთი კი, მსესხებელს. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს იმ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად, რომ მხარეთა შორის არსებობდა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, წარმოდგენილი აქვს 2012 წლის 15 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ამასთან, უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ ჟ----------------–----ა არის აღნიშნული სესხის ხელშეკრულების რეალური მხარე - გამსესხებელი. შესაბამისად, იმ ფაქტობრივი გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მოპასუხის მიერ შესრულებულია სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულება ეკისრება მოპასუხე მხარეს. თუმცა, მას აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად შესაგებელში მითითებული ასხნა-განმარტების გარდა, არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება. მხოლოდ მისი ახსნა-განმარტება, კი ვერ იქნება მიჩნეული აღნიშნულის დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებად. რაც შეეხება მოწმეთა დაკითხვის შუამდგომლობას, აღნიშნული არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ მხოლოდ მოწმეთა ჩვენებით ვერ იქნება დადასტურებული მსესხებლის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულების ფაქტი. აღნიშნული მტკიცებულება სათანადო და რელევანტურია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი განხილულია სხვა უკეთეს მტკიცებულებებთან ერთად. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხემ, მტკიცების ტვირთის სამართლიანად და ობიექტურად განაწილების პრინციპის შესაბამისად, ვერ უზრუნველყო მის მიერ სადავოდ გამხდარი ფაქტობრივი გარემოების სათანადოდ დადასტურება.
4.5. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 623-ე მუხლებზე, ასევე ამავე კოდექსის 327-ე მუხლზე და განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა და მხარეები შეთანხმებულნი არიან სესხის ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.
4.6. სასამართლო ადგენს, რომ 2012 წლის 15 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ჟ----------------–----ას მოთხოვნა ზ------------–---–ის მიმართ არ არის ხანდაზმული.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე 130-ე მუხლებზე და განმარტა, რომ უპირველეს ყოვლისა მსჯელობის საგანს წარმოადგენს ჟ----------------–----ას მოთხოვნის ხანდაზმულობის დენის დაწყების მომენტის დადგენა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 10.03.2016წ. გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ზ-------------–---–სა და ა--------------ს შორის ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა არ არსებობდა და 2012 წლის 15 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ზ------------–---–ისათვის სესხის სახით გადაცემული თანხა 11 000 აშშ დოლარი ეკუთვნოდა ჟ----------------–----ას. აღნიშნული გარემოება სამართლებრივად საბოლოოდ დადასტურებულ იქნა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ. შესაბამისად, ობიექტურად სწორედ ამ დროიდან იქნა დადგენილი მოთხოვნის უფლების არსებობა. ასეც, რომ არ იყოს, თუკი მივიჩნევთ, რომ ვინაიდან მხარეთათვის თავიდანვე იყო ცნობილი სესხის ხელშეკრულების რეალური მხარეების ვინაობა და სუბიექტურად მათთვის, ასევე ცნობილი უნდა ყოფილიყო ხანდაზმულობის წარმოშობის მომენტის შესახებ, მაშინ, ასევე კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, უნდა ვიგულისხმოთ, რომ როდესაც ა--------------მა 2015 წლის 08 იანვარს აიღო სააღსრულებო ფურცელი, ჟ----------------–----ამ ამ გზით, ასევე განახორციელა თავისი უფლება ზ------------–---–ის მიმართ. თუმცა, სააღსრულებო ფურცელი გაუქმდა სასამართლოს გადაწყვეტილებით, რის გამოც სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე განვლილი დრო ხანდაზმულობის ვადაში ვერ ჩაითვლება. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა თანხის დაკისრების თაობაზე არ არის ხანდაზმული.
სარჩელი სესხის ძირი თანხის - 11 000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
4.7. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება. სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს მოცულობა - 5000 აშშ დოლარი არ შეესაბამება გონივრულობის სტანდარტს, იგი უნდა შემცირდეს და მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 1 000 აშშ დოლარის გადახდა.
4.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).
დადგენილია, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დაიტვირთა ზ------------–---–ის კუთვნილი უძრავი ქონება, ს/კ-------------. დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი თანხის გადახდის ვალდებულება. ამდენად, საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა დავალიანების დაფარვის მიზნით მოპასუხის საკუთრებაში არსებული და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების სარეალიზაციოდ მიქცევის თაობაზე.
აპელანტის მოთხოვნა და საფუძვლები:
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 21.06.2018წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5.1. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება უნდა დაუთმოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებამდე მხარეთა შორის არსებულ სამართალწარმოების პროცესს და ამ პროცესში დადგენილ გარემოებებს. დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 10.03.2018წ. გადაწყვეტილებით საქმეზე N2/5929-15 ზ------------–---–ის სარჩელი ა--------------ის მიმართ დაკმაყოფილდა, გაუქმდა 15.08.2012წ. სააღსრულებო ფურცელი და არ დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელი ზ------------–---–ის მიმართ.
5.1.1. აღნიშნული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ:
ა) მხარეთა შორის წარმოშობილი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე ნამდვილი მხარეები არიან ზ------------–---–ი და ჟ----------------–----ა; ბ). ჟ----------------–----ა ნამდვილად წარმოადგენს კრედიტორ მხარეს; გ). ჟ----------------–----ას მიმართ ვალდებულების შესრულების მიზნით ზ------------–---–ის მეუღლემ, ი--------–----ამ ბანკიდან სესხის სახით მიიღო 10 000 აშშ დოლარი, დ) ჟ----------------–----ას მიმართ გადახდა მოხდა ორ ეტაპად - 9500 აშშ დოლარის და 1500 აშშ დოლარის ოდენობით; ე) თანხის გადახდის პროცესში გაკეთდა აუდიო ჩანაწერი; ვ) აუდიო ჩანაწერი, როგორც მტკიცებულება, სასამართლომ მიიღო დასაშვებად; ზ) აუდიო ჩანაწერში არ ისმის ა--------------ის ხმა; თ) აუდიო ჩანაწერში ისმის ჟ----------------–----ას ხმა; ი) ჟ----------------–----ას ფიქსირებულ ხმას მხარეები არ ხდიან სადავოდ. ჟ----------------–----ა ახსნა-განმარტების დროსაც აღნიშნავს, რომ თანხის გადაცემის პროცესში ჩანაწერი ნამდვილია და ნამდვილად მისი ხმაა დაფიქსირებული ფირზე.
5.1.2. მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოში თანხის გადაცემის და ვალდებულების შესრულების ამსახველი აუდიო-ჩანაწერით დაამტკიცა ვალდებულების შესრულების ფაქტი, რასაც იმავე მხარეებს შორის წარმოებულ სასამართლო დავაზე შეფასება არ მიეცა.
5.1.3. სასამართლომ ცალმხრივად და ერთი მხარის სასარგებლოდ შეაფასა 10.03.2018წ. გადაწყვეტილებით დადგენილი სადავო გარემოებები და უდავო გარემოებად არ მიიჩნია ამავე გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტი ზ------------–---–ის მიერ ვალდებულების შესრულების თაობაზე, რაც გადაწყვეტილების გაუქმების იურიდიული საფუძველია.
5.2. მოპასუხემ იშუამდგომლა მოწმეთა დაკითხვის თაობაზე, რაც სასამართლოს მიერ არ დაკმაყოფილდა. მოწმეს უნდა ესაუბრა სასამართლოსთვის წარდგენილი მტკიცებულების ირგვლივ და დაედასტურებინა თანხის გადაცემის პროცესი. იმ პირობებში, როდესაც არსებობდა აუდიო ჩანაწერი, მოწმის ჩვენებას ასევე უნდა ჰქონოდა მეტი დასაბუთებულობის მიზანი. მოწმის დაკითხვაზე უარის თქმით დაზიანდა მხარის კანონიერი ინტერესები და თანასწორუფლებიანი საპროცესო გარემო შეზღუდული აღმოჩნდა.
5.3. წინამდებარე დავის ფარგლებში მნიშვნელოვანი საკითხი უჭირავს ხანდაზმულობის შეფასების საკითხს. სასამართლოს მსჯელობა ხანდაზმულობასთან მიმართებაში ამკვიდრებს სამოქალაქო სტაბილურობისთვის და ხანდაზმულობის ვადის ათვლისთვის არასწორ შეხედულებებს და დაშვებას. სააპელაციო პალატამ უნდა დაადგინოს მოთხოვნის წარმოშობის პირველი და ერთადერთი თარიღი, რაც განსახილველი დავისთვის შეადგენს 2012 წლის 16 ნოემბერს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების/უცვლელად დატოვების დასაბუთება
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. 394-ე მუხლის “ე” პუნქტი ადგენს, რომ გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
7. 15.08.2012წ. ა---------------სა და ზ-------------–---–ს (შემდგომში „მოპასუხე“, „მსესხებელი“) შორის გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით მსესხებელმა სესხის სახით მიიღო 11 000 აშშ დოლარი, სამი თვის ვადით - 2012 წლის 15 ნოემბრამდე, ყოველთვიურად 4% სარგებლის დარიცხვით. პირგასამტელო განისაზღვრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე თანხის - 0,1%-ის ოდენობით. ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, სოფელი ფ-------–ა, ს/კ------------- (ტ. 1, ს.ფ. 25-31).
8. 08.01.2015წ. ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი, სადაც კრედიტორად მიეთითა - ა--------------ი, ხოლო მოვალედ - მოპასუხე. აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგი სახით: სესხის ძირითადი თანხა - 11 000 აშშ დოლარი; პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირითადი თანხის 0.1% (11 აშშ დოლარი დღეში) 2012 წლის 15 ნოემბრიდან აღსრულებამდე (ტ.1, ს.ფ. 32-34).
აღნიშნული სააღსრულებო ფურცელი გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 10.03.2016 წ. გადაწყვეტილებით (საქმე №2/5929-15). გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში (ტ.1, ს.ფ. 13-24).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 10.03.2016 წ. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ:
- მოპასუხესა და ა--------------ს შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა არ არსებობდა.
- 15.08.2012წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხისათვის სესხის სახით გადაცემული 11 000 აშშ დოლარი არ წარმოადგენდა ა--------------ის კუთვნილ თანხას.
- სესხის თანხა ეკუთვნოდა ჟ----------------–----ას (შემდგომში „მოსარჩელე“, „გამსესხებელი“).
აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლება ა--------------ს, როგორც კრედიტორს, არ გააჩნდა და გააუქმა ნოტარიუსის მიერ 08.01.2015წ. ა--------------ის სასარგებლოდ გაცემული სააღსრულებო ფურცელი (ტ.1, ს.ფ. 13-24).
9. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია და არც სააპელაციო საჩივარი შეიცავს საწინააღმდეგო მსჯელობას მასზედ, რომ 15.08.2012წ. გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების რეალურ მხარეს - გამსესხებელს წარმოადგენს მოსარჩელე.
10. მოპასუხის მიერ 15.08.2012წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულების ანგარიშში გადახდილია 9500 აშშ დოლარი, კერძოდ:
10.1. სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.
10.2. თანხის გადახდის დამადასტურებელი გარემოების მტკიცების ტვირთი ეკისრება მოვალეს. მოპასუხე მის მიერ ვალდებულების შესრულების დასტურად მიუთითებს საქმეში №2/5929-15 განთავსებულ აუდიო ჩანაწერზე, რომელშიც, მისივე განმარტებით, ასახულია მოსარჩელის და მოპასუხის მეუღლის კომუნიკაცია და მოსარჩელის მიერ სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესრულების მიღების ფაქტი. წინამდებარე საქმის სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში განხილვის ეტაპზე მოპასუხის მიერ წარმოდგენილი იქნა ასევე აუდიო ჩანაწერის ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა.
10.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 12.03.2019წ. საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა აპელანტის წარმომადგენლის, ა-----–------–-–---–ის შუამდგომლობა, გამოთხოვილ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოდან სამოქალაქო საქმე N2/5929-15, რომელზეც არის მიღებული 2016 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება, სადაც მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებული სარჩელით არის ზ------------–---–ი; მოპასუხე, მოსარჩელე შეგებებული სარჩელით კი - ა---------------ი, დავის საგანი ძირითადი სარჩელით - ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის (რეგისტრაციის N----------) გაუქმება; დავის საგანი შეგებებული სარჩელით - პირგასამტეხლოს დაკისრება (ტ.2, ს.ფ. 89).
10.4. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ საქმეში N2/5929-15 არსებული აუდიო დისკი არის ფარული ჩანაწერი, რომელიც დაუშვებელი მტკიცებულებაა და წინამდებარე საქმეზე არ უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული. შესაბამისად, უპირველეს ყოვლისა, უნდა გაირკვეს, წარმოადგენს თუ არა აღნიშნული მტკიცებულება საქმეზე N2/5929-15 მიღებულ/დაშვებულ და შეფასებულ მტკიცებულებას, ეფუძნება თუ არა საქმეზე N2/5929-15 მიღებული გადაწყვეტილებით დადგენილი რაიმე ფაქტობრივი გარემოება ამ ჩანაწერს.
10.5. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუხებელია. ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით. საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული ნორმით დაცულია სამართლებრივი სიკეთე - კომუნიკაციის თავისუფლება, რაც გულისხმობს კომუნიკაციის დაცვას გარეშე პირთა არასასურველი მონაწილეობისაგან. კომუნიკაციის თავისუფლება ინდივიდს აძლევს შესაძლებლობას, თავად განსაზღვროს კომუნიკაციის შინაარსი და პარტნიორი, რაც უზრუნველყოფს ადამიანის იმგვარ თავისუფალ თვითგამოსახვას, რომელიც თავისუფალია გარეშე წამკითხველისა და მარეგისტრირებელი სუბიექტის ჩარევით განპირობებული თავშეკავებისაგან.
აზრის თავისუფლების ძირითადი უფლებით დაცულია არა მხოლოდ აზრის გამოხატვა, არამედ მისი ადრესატამდე მისვლაც. შესაბამისად, აზრის თავისუფლება დაცული უნდა იყოს მესამე პირთა მხრიდან მისი შინაარსის გაცნობისაგან. ადამიანის უფლებები ირღვევა, როდესაც ინდივიდი ცხოვრობს იმის შეგრძნებით, რომ მისი ნებისმიერი სიტყვა, რაიმე, თუნდაც, გაუაზრებელი და სპონტანური აზრის გამოხატვა, განვითარების პროცესში არსებული დიალოგისას გამოთქმული წინასწარი პოზიცია, ან რაიმე ფორმულირება, რომლის ნამდვილი შინაარსის გაგება მხოლოდ კონკრეტული სიტუაციის ცოდნის შემთხვევაშია შესაძლებელი, სხვა გარემოებებში და სხვა კონტექსტში შეიძლება იქნას გამოყენებული. ინდივიდმა კერძო საუბრები უნდა აწარმოოს იმის ეჭვისა და შიშის გარეშე, რომ საიდუმლო ჩანაწერს ვინმე მისი ნებართვის გარეშე და ნების საწინააღმდეგოდ გამოიყენებს.
კომუნიკაციის ხელშეუხებლობის ძირითადი უფლებით დაცულია კომუნიკაციის მონაწილე ყველა პარტნიორი, როგორ გარე, ასევე შიდა ჩარევისაგან, რაც იმას ნიშნავს, რომ კომუნიკაციის ხელშეუხებლობის ძირითადი უფლებით დაცულია არა მხოლოდ მესამე პირთა მეშვეობით განხორციელებული ჩარევა, არამედ, კომუნიკაციის ერთ-ერთი მონაწილის მხრიდან დანარჩენ მონაწილეთა თანხმობის გარეშე პირადი კომუნიკაციის განსაჯაროვება (იხ.: სუსგ №ას-1155-1101-2014, 04.05.2015 წ.).
10.6. სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ფარული ჩანაწერის, როგორც დაუშვებელი მტკიცებულების სამართლებრივ ბუნებაზე და მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს იურიდიული ძალა არ აქვთ. ზოგადად, სამოქალაქო პროცესში მხარეთა საუბრის ამსახველი ჩანაწერი, თუ მხარემ მისი ჩაწერის შესახებ არ იცოდა, დაუშვებელ მტკიცებულებას წარმოადგენს, რადგან იგი არღვევს საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებულ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას. თუმცა, მათი სასამართლოს მიერ დასაშვებ მტკიცებულებად ცნობა და გადაწყვეტილების მისაღებად მხედველობაში მიღება დასაშვებია, თუ აღნიშნული მტკიცებულების საქმეზე დართვას თავად კომუნიკაციის მონაწილე სუბიქტი ეთანხმება. ამასთან, თანხმობა უნდა ეხებოდეს არა მტკიცებულების ფორმალურ დასაშვებობას, არამედ იმას, რომ მტკიცებულების შინაარსი სასამართლომ გადაწყვეტილებას დაუდოს საფუძვლად.
შესაბამისად, ნებისმიერი პირი უფლებამოსილია თავად გადაწყვიტოს მასთან დაკავშირებული ინფორმაციის, მათ შორის, მის მიერ არასაჯაროდ გამოთქმული აზრის გასაჯაროების საკითხი.
10.7. განსახილველ შემთხვევაში, პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული აუდიო ჩანაწერი სამოქალაქო საქმეს №2/5929-15 ერთვის მტკიცებულების სახით და შეფასებულია კიდეც სასამართლოს მიერ სარჩელზე მიღებულ არსებით გადაწყვეტილებაში. როგორც აღნიშნული საქმის მასალებით დგინდება, მტკიცებულების მატერიალურ დაუშვებლობასთან მიმართებით, ანუ ფარული ჩანაწერის, როგორც კანონის საწინააღმდეგოდ მოპოვებული მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის შესახებ, შედავება არ განხორციელებულა. საქმეში №2/5929-15 წინამდებარე დავის მოსარჩელე ჟ----------------–----ა წარმოადგენდა ა--------------ის წარმომადგენელს. მან თავად დაადასტურა ის ფაქტი, რომ ა--------------ის სახელით გაცემული სესხი ფაქტობრივად იყო მის მიერ გაცემული თანხა და ის იყო სათანადო მოსარჩელე.
ჟ----------------–----ამ საქმის №2/5929-15 განხილვისას სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ზ------------–---–ის წარმოდგენილ აუდიო ჩანაწერზე იყო უშუალოდ მისი, ჟ----------------–----ას, ხმა. მან დაადასტურა ის გარემოება, რომ ჩანაწერზე არის მისი და ი--------–----ას (ზ------------–---–ის მეუღლის) ხმა და გამოთქვა თანხმობა, სასამართლოს მოესმინა აღნიშნული ჩანაწერი (იხ.:საქმე №2/5929-15, 02.06.2015წ. სხდომის ოქმი, 13:44:25 - 13:46:05). ანუ ჟ----------------–----ა დაეთანხმა მტკიცებულების გამოკვლევას.
იმავე სხდომაზე ჟ----------------–----ამ განაცხადა, რომ მას ზ------------–---–თან აკავშირებდა მხოლოდ აღნიშნული სასესხო ურთიერთობა და მათ რაიმე სხვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა არ ჰქონდათ. ხოლო სასამართლოს კითხვაზე, მაშინ რა თანხის გადაცემაზე იყო საუბარი ფარულ ჩანაწერში, ჟ----------------–----ამ განმარტა, რომ ვინაიდან ზ------------–---–ი მეუღლეს უმალავდა სესხის არსებობას, იგი უბრალოდ ყველაფერზე ეთანხმებოდა ი--------–----ას, რასაც ამბობდა (იხ.: საქმე №2/5929-15, 02.06.2015წ. სხდომის ოქმი, 13:59:56-14:01:56). აუდიო ჩანაწერის შინაარსობრივ მხარეს და მისი შექმნის პროცესს განიხილავს ჟ----------------–----ა 17.11.2015წ. სხდომაზეც და განმარტავს, რომ ჩანაწერი შექმნილია მის მანქანაში (იხ.: საქმე №2/5929-15, 17.11.2015წ. სხდომის ოქმი, 12:26:47-12:28:49).
პალატა ყურადღებას ამახვილებს 10.03.2016წ. გადაწყვეტილებაში მოცემულ მსჯელობაზე მასზედ, რომ:
„.. ხელშეკრულების დადებამდე და მის მერეც ზ. ბ----–---–ი მოლაპარაკებებს აწარმოებდა ჟ----------------–----ასთან, როგორც გამსესხებელთან და შემდგომ - კრედიტორთან. ზ. ბ----–---–ისათვის სესხად მიღებული თანხების წარმომავლობაც კი იყო ცნობილი ჟ. ო---–------აგან, შესაბამისად, სარგებლის გადახდაც მისთვის ხდებოდა. ამ გარემოებას მხარეებიც ადასტურებენ. მხარეები ასევე სადავოდ არ ხდიან არც იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის მიერ მტკიცებულების სახით წარმოდგენილ აუდიო ჩანაწერში (CD დისკი) ისმის ჟ----------------–----ას ხმა“.
შესაბამისად, უდავოდ დასტურდება, რომ საქმეზე №2/5929-15 პროცესის სუბიექტთა ნების საფუძველზე აუდიო ჩანაწერი იქნა დასაშვებ მტკიცებულებად მიჩნეული, გამოკვლეული და სწორედ მას დაეფუძნა დასკვნა ჟ----------------–----ას სათანადო მოსარჩელედ მიჩნევის და ამ საფუძვლით ა--------------ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ.
ამდენად:
Ø სადავო აუდიო ჩანაწერს მხარეთა თანხმობით გადალახული აქვს მტკიცებულებათა დასაშვებობის ეტაპი, იგი ერთვის საქმეს №2/5929-15 და შეფასებულია კიდეც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით;
Ø აღნიშნულ დავაში, მართალია, წარმომადგენლის სახით, თუმცა უშუალოდ მონაწილეობდა წინამდებარე დავის მოსარჩელე მხარე ჟ----------------–----ა, რომელმაც გამოთქვა თანხმობა სასამართლოს გამოეკვლია და შეეფასებინა მოსარჩელის მიერ წარდგენილი აუდიო ჩანაწერი და ცალსახად დაადასტურა, რომ აუდიო ჩანაწერში იყო მისი ხმა;
Ø აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ სესხის ხელშეკრულებაში მითითებულ მხარეებს შორის რეალურად სამართლებრივი ურთიერთობა არ არსებობდა, ხელშეკრულების მხარეს წარმოადგენდა ჟ----------------–----ა, რამაც განაპირობა ნოტარიუსის მიერ კრედიტორ ა--------------ის სასარგებლოდ გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმება და წარმოშვა რეალური კრედიტორის მიერ წინამდებარე დავის აღძვრის შესაძლებლობა.
Ø ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით გამოკვლეული და შეფასებული უნდა იქნეს საქმეში N2/5929-15 წარმოდგენილი აუდიო ჩანაწერი დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოების დადგენის მიზნით.
10.8. აქვე პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ წინამდებარე დავაშიც აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე ადასტურებს და სადავოდ არ ხდის გარემოებას მასზედ, რომ სადავო ჩანაწერში ისმის მოსარჩელის და ი--------–----ას ხმა (იხ.: მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება 03.05.2019წ. სხდომაზე, 14:53:14-14:54:14). მოპასუხის მიერ წარმოდგენილია სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 12.03.2019წ. ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც გაშიფრულია აუდიოჩანაწერის შინაარსი ტექსტის სახით, იდენტიფიცირებულნი არიან ჩანაწერში მონაწილე პირები და დადგენილია ჩანაწერის უწყვეტობა (ტ.2, ს.ფ. 137-149).
რაც შეეხება უშუალოდ ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ საუბრის შინაარსს, ექსპერტიზის დასკვნაში საუბრის ეს მონაკვეთი გაშიფრულია შემდეგი სახით:
„ი--------–----ა: ნუ ერთი სიტყვით; უბრალოდ მაინტერესებს, რო ანუ ზ-----ს ეს თავი ფული თქვენგან აღებული აქვს თერთმეტი ათასი, ხო?
ჟ----------------–----ა : კი, კი. მაგი კი.
ი--------–----ა: თერთმეტი ათასი დოლარი. ესე იგი ცხრა ათას ხუთასი ეხლა მოცემული მაქვს.
ჟ----------------–----ა: აჰა.
ი--------–----ა: ნუ ხვალ ათას ხუთასს მოგცემთ და ეს თავი ფული გასტუმრებულია.
ჟ----------------–----ა: კი ბატონო.
ი--------–----ა: პროცენტი რამე აქვს გადახდილი? თვითონ როგორც მეუბნება მაქვსო გადახდილი.
ჟ----------------–----ა: კი, როგორ არა? კი, კი. გადახდილი აქ, მაგრამ მაგას ეხლა მე და ზ----- დავიანგარიშებთ. მეც პროცენტს ვიხდი, თორემ მე ამით არ მიცხოვრია“ (ტ.2, ს.ფ. 145).
როგორც ექსპერტიზის დასკვნაში გაშიფრული აუდიო ჩანაწერის ტექსტური ვერსიის, ასევე CD დისკის უშუალოდ სასამართლოს მიერ გამოკვლევის და სსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად შეფასებით დგინდება, რომ მოპასუხის მეუღლის კითხვაზე: ზ------------–---–ს აღებული ჰქონდა თუ არა „თავი ფული“ 11 000 აშშ დოლარის ოდენობით, ჟ----------------–----ამ ცალსახად და არაორაზროვნად დაადასტურა აღნიშნული. ჟ----------------–----ამ ასევე არაორაზროვნად დაადასტურა ის გარემოება, რომ 11 000 აშშ დოლარიდან მოვალეს მიცემული ჰქონდა 9 500 აშშ დოლარი და თუ მეორე დღეს მისცემდა 1500 აშშ დოლარს, „თავი ფული“ გასტუმრებული იქნებოდა. რაც შეეხება პროცენტს, ჩანაწერში ჟ----------------–----ა განმარტავს, რომ ზ------------–---–ს გადახდილი აქვს პროცენტი, რასაც ის და ზ----- შემდეგ თავად დაიანგარიშებდნენ (ტ.2, ს.ფ. 145; საქმე №2/5929-15, ტ.1, ს.ფ. 30).
ამდენად, აღნიშნულ აუდიო ჩანაწერში გადმოცემული საუბრის შინაარსის გათვალისწინებით დადგენილად უნდა იქნეს მიჩნეული მოპასუხის მიერ 15.08.2012წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულების ანგარიშში 9500 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი.
11. მოპასუხე ასევე მიუთითებს მის მიერ 9500 აშშ დოლარის გარდა, დამატებით 1500 აშშ დოლარის გადახდაზე, თუმცა აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, მოპასუხემ ვერ დაადასტურა დამატებით 1500 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი.
12. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს გადაწყვეტილებაში მოცემულ მსჯელობას მასზედ, რომ სარჩელი არ არის ხანდაზმული (ტ.1, ს.ფ.192-195).
13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ 15.08.2012წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულების ანგარიშში გადახდილია 9500 აშშ დოლარი, სარჩელი საფუძვლიანია მოპასუხისთვის ძირი თანხის სახით 1500 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში.
14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვდა სესხის ძირს 11 000 აშშ დოლარს და პირგასამტეხლოს 1000 დოლარს.
გათვალისწინებით იმისა, რომ მოპასუხეს ძირი თანხის სახით ნაცვლად 11 000 აშშ დოლარისა, ეკისრება 1500 აშშ დოლარის გადახდა, შესაბამისი პროპორციით უნდა შემცირდეს დაკისრებული პირგასამტეხლო და ნაცვლად დაკისრებული 1000 აშშ დოლარისა, იგი უნდა განისაზღვროს 136,35 აშშ დოლარით.
15. სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ შედავებას ვალდებულების შესრულების მიზნით იპოთეკის საგნის რეალიზაციის დადგენის თაობაზე.
16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.11.2018წ. განჩინებით აპელანტს (მოსარჩელე) გადაუვადდა სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა 480 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით სააპელაციო საჩივარზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე (ტ.2, ს.ფ. 47-50).
სააპელაციო საჩივარი კმაყოფილდება 10 363,65 აშშ დოლარის ნაწილში, შესაბამისად, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 414,54 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით (10 363,65-ის 4%). ვინაიდან სააპელაციო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა 1636,35 აშშ დოლარის ნაწილში, აპელანტს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 65,45 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით (1636,35-ის 4%).
რაც შეეხება სარჩელზე გადახდილ სახელმწიფო ბაჟს, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 21.06.2018წ. გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 22.07.2016წ., ანუ ბაჟის გადახდის მომენტში (ტ.1, ს.ფ. 38) მოქმედი ოფიციალური გაცვლითი კურსის (2,34) გათვალისწინებით 49,09 (1636,35-ის 3%) აშშ დოლარის შესაბამისი ექვივალენტი ლარის გადახდა 114,87 ლარის ოდენობით (იხ.: ).
აპელანტის მიერ ასევე წარმოდგენილია მის მიერ ექსპერტიზის დასკვნის მომზადების მიზნით 726 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (ტ.2, ს.ფ. 114). დადგენილია, რომ აპელანტის მიერ წარმოდგენილი ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით გაშიფრულია აუდიოჩანაწერის შინაარსი ტექსტის სახით, იდენტიფიცირებულნი არიან ჩანაწერში მონაწილე პირები და დადგენილია ჩანაწერის უწყვეტობა. გათვალისწინებით იმისა, რომ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე ადასტურებს და სადავოდ არ ხდის გარემოებას მასზედ, რომ სადავო ჩანაწერში ისმის მოსარჩელის და ი--------–----ას ხმა, პალატას მიაჩნია, რომ აპელანტს დასკვნის მომზადებისთვის გადახდილი თანხა უნდა აუნაზღაურდეს გადახდილი თანხის ნახევრიდან და ამასთან, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად.
ვინაიდან დაკმაყოფილდა სააპელაციო მოთხოვნის 86.3% (ნაცვლად დაკისრებული 12000 ეკისრება 1636,35 აშშ დოლარი), აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს აპელანტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ექსპერტიზის ხარჯის ნაწილის ანაზღაურება 313.26 ლარის ოდენობით (726/2=363, 323-ის 86,3% = 313.26). ამავე პროპორციით უნდა აუნაზღაურდეს აპელანტს ასევე საფოსტო მომსახურებისთვის გადახდილი თანხა (ტ.2, ს.ფ. 109) და აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს დაეკისროს 6.55 ლარის ოდენობით.
17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
აპელანტის მიერ წარმოდგენილია 14.12.2018წ. მის მიერ შპს „კ----–-–---–------------------ის“ სახელზე მომსახურების საფასურის სახით 1600 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ტ.2, ს.ფ.115).
ვინაიდან სააპელაციო საჩივარი კმაყოფილდება 10 363,65 აშშ დოლარის ნაწილში, შესაბამისად, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს აპელანტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, ანაზღაურება 414,54 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით (10 363,65-ის 4%), რაც 14.12.2018წ. ანუ თანხის გადახდის მომენტში (ტ. 2, ს.ფ.115) მოქმედი ოფიციალური გაცვლითი კურსის (2,66) გათვალისწინებით შეადგენს 1102,67 ლარს (იხ.: ). რაც შეეხება აპელანტის მოთხოვნას აუნაზღაურდეს რწმუნებულების გაუქმებისთვის და ახალი რწმუნებულების დამოწმებისთვის გადახდილი თანხები, პალატა განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს მიერ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში განსაზღვრულია და დაკისრებულია წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯები, უსაფუძვლოა რწმუნებულების გაუქმების, თუ ახალი რწმუნებულების გაფორმებისთვის გაწეული ხარჯების დამოუკიდებლად მოთხოვნა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ზ------------–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 21.06.2018წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.1. პუნქტი, ასევე სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი და ამ ნაწილში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. ზ------------–---–ს ჟ----------------–----ას სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირი თანხა - 1500 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 136,35 აშშ დოლარი.
4. ზ------------–---–ს ჟ----------------–----ას სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 114.87 ლარის ოდენობით.
5. დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 21.06.2018წ. გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.
6. ჟ----------------–----ას ზ------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 1102,67 ლარის ოდენობით.
7. ჟ----------------–----ას ზ------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს ექსპერტიზის ხარჯის ნაწილის ანაზღაურება 313.26 ლარის ოდენობით, ასევე საფოსტო მომსახურებისთვის გადახდილი თანხის ნაწილის ანაზღაურება 6.55 ლარის ოდენობით.
8. ჟ----------------–----ას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 414.54 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით.
9. ზ------------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 65.45 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით.
10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-11 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
11. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე : თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: ქეთევან მესხიშვილი
თამარ ალანია