განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3ბ/234-19
N330310118002416688
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
19 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე: მირანდა ერემაძე
მოსამართლეები: ხატია არდაზიშვილი
დავით ახალბედაშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) - ა---------– დ------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახური, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი დაკმაყოფილდეს
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა---------– დ------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
1.2.1. ა---------– დ------–---–მა 2018 წლის 16 იანვარს №0------------ განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემა (ს.ფ. 16-17).
1.2.2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 12 თებერვლის №0-------- გადაწყვეტილებით ა---------– დ------–---–ის განცხადება არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 16-17).
1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
1.3.1. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.
კონსტიტუციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მხოლოდ საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნება: კანონმდებლობა საქართველოს მოქალაქეობის, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, ემიგრაციისა და იმიგრაციის, ქვეყანაში შემოსვლისა და გასვლის, საქართველოში სხვა სახელმწიფოების მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა დროებით ან მუდმივად ყოფნის შესახებ.
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 1-ლი მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეობის ძირითად პრინციპებს, ადგენს საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივ მდგომარეობას და საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საფუძვლებს. ამავე ორგანული კანონის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტი კი ადგენს, რომ საქართველოს მოქალაქეობა არის საქართველოსთან პირის სამართლებრივი კავშირი.
1.3.2. სასამართლომ მიუთითა, რომ მოქალაქისა და სახელმწიფოს სამართლებრივი კავშირი, განპირობებულია სხვადასხვა ფაქტორებით, ეს კავშირი ამ ფაქტორების კომპლექსური ნაზავია და არის ორი სუბიექტის - სახელმწიფოს, როგორც უმაღლესი სუვერენის, ძალაუფლების მპყრობელისა და მოქალაქის, როგორც ,,სახალხო სუვერენიტეტის“ სახელმწიფო ხელისუფლების წყაროს ურთიერთობა. აღნიშნული ურთიერთობა შედგება პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, კულტურული, რელიგიური და ზნეობრივ უფლებებით და რაც მთავარია, ამ სუბიექტებს შორის, უფლებების გარდა, არსებობს ურთიერთვალდებულებები.
სასამართლოს განმარტებით, მოცემულ საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია, ამ ორი სუბიექტის - მოქალაქის (მოსარჩელე) და სახელმწიფოს (მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო) შორის წარმოქმნილი პრობლემის არსის გაანალიზება-გარკვევა და შესაბამისად, წინამდებარე დავის საგნის შინაარსიდან გამომდინარე, კონკრეტული ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმების დებულებების განმარტება უნდა მოხდეს თითოეული მხარის როგორც უფლებების, ისე ვალდებულებების ჭრილში.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს მოქალაქის ახალი პირადობის მოწმობის გაცემა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებით მას განემარტა, რომ ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლი 1-ელი და მე-10 პუნქტების გათვალისწინებით, მოქალაქეებზე გაიცემოდა პირადობის მოწმობა მხოლოდ ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველობით (პირადობის ელექტრონული მოწმობა), გარდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის“ 25-ე მუხლით დადგენილი გამონაკლისებისა.
მოსარჩელის მოსაზრებით, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს უარი უკანონოა, მოპასუხე არასწორად განმარტავს კანონს, ვინაიდან „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი არაელექტრონული პირადობის მოწმობის აღებას უკავშირებს მოქალაქის ნებას, სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ პირადობის მოწმობასა და პირადობის ელექტრონულ მოწმობას შორის გააკეთოს არჩევანი, მაშინ როდესაც კანონქვემდებარე აქტი აწესებს პირადობის ელექტრონული მოწმობის აღების ვალდებულებას. შესაბამისად, კანონის მოქმედების პირობებში, მასზე არ უნდა გავრცელდეს პირადობის ელექტრონული მოწმობის აღების ვალდებულება.
სასამართლომ მიუთითა „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ელი მუხლის 1-ელ პუნქტზე, რომლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს ნორმატიული აქტების სახეებს, მათ იერარქიას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ადგილს საქართველოს ნორმატიულ აქტთა სისტემაში, ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების (გამოცემის), გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის ზოგად წესებს.
ამავე კანონის მე-7 მუხლი ადგენს ნორმატიულ აქტთა ურთიერთმიმართებას, რომლის 1-ელი პუნქტის თანახმად, საქართველოს ნორმატიული აქტები იყოფა საქართველოს საკანონმდებლო და საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებად, რომლებიც ქმნის საქართველოს კანონმდებლობას. საქართველოს ნორმატიულ აქტებს განეკუთვნება აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) შეიძლება მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში, მხოლოდ საკანონმდებლო აქტის შესასრულებლად და იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტით. კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში მითითებული უნდა იყოს, რომელი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად იქნა მიღებული (გამოცემული) იგი.
მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-13 მუხლის მიხედვით, საქართველოს მინისტრის ბრძანება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო აქტით, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. საქართველოს მინისტრის ბრძანებაში მითითებული უნდა იყოს, რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად გამოიცა იგი.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოში ელექტრონული პირადობის მოწმობა 2011 წლის ივლისიდან შემოვიდა და მისი სავალდებულო მოქმედების ძალა კანონითა და კანონქვემდებარე აქტით განისაზღვრა. საქართველოს იუსტიციის მინისტრის №98 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესი“ მიღებულია საკანონმდებლო აქტის - „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მისი ამოქმედების შემდეგ და მის შესასრულებლად, რაც დადასტურებულია კანონის პრეამბულაში.
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ელი პუნქტის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანისა და მოქალაქის უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტების შესაბამისად ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, გარანტირებული აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება.
ამავე საკანონმდებლო აქტის მე-3 თავში მოცემულია საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა პირადობის დადასტურების წესი. კანონის მე-11 მუხლის 1-ელი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის პირადობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტებია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა და ბინადრობის მოწმობა. მე-12 მუხლის 1-ელი პუნქტი კი ადგენს, რომ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას, მის ვინაობას და საცხოვრებელ ადგილს.
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 1-ელი პუნქტის თანახმად, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემასა და შეცვლას ახორციელებს სააგენტო ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს, პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემისა და შეცვლის მოთხოვნით განცხადება წარუდგინოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.
კანონის მე-14 მუხლის 1-ელი პუნქტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქის პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ორგვერდიანია, იბეჭდება და ივსება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აგრეთვე აფხაზურ ენაზე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა 18 წლამდე პირზე გაიცემა 4 წლის ვადით, 18 წელს მიღწეულ პირზე – 10 წლის ვადით, ხოლო სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ გასაცემი, ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული პირადობის მოწმობა, გარდა პირადობის ელექტრონული მოწმობისა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით გაიცემა 6 თვემდე ვადით.
მითითებული სამართლებრივი ნორმის მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქის პირადობის (ბინადრობის) მოწმობა შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელს, რომელზედაც ელექტრონული ფორმით დაიტანება (ჩაიწერება) პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მონაცემები (პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა). ამავე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები, რომლებიც უფლებამოსილი იქნებიან გასცენ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა, განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. აღნიშნული ტერიტორიული სამსახურების მიერ ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემა შესაძლებელი იქნება, თუ ობიექტურ მიზეზთა გამო შეუძლებელია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემა.
ზემოაღნიშნულ ნორმათა ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლომ განმარტა, რომ სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები საქართველოს მოქალაქეებზე გასცემს ორი სახის პირადობის (ბინადრობის) მოწმობას - ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველობით (პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა) ან მის გარეშე. ამასთან, კანონმდებელი ადგენს, რომ პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე შესაძლებელია გაიცეს მხოლოდ ობიექტურ მიზეზთა გამო. შესაბამისად, კანონმდებელმა პირადობის არაელექტრონული მოწმობის გაცემა დაუშვა საგამონაკლისო წესით, მხოლო ობიექტური გარემოებების არსებობისას. ობიექტური გარემოება კი არ მოიცავს პირის სუბიექტურ განწყობას და სურვილს, პირიქით, ობიექტური გარემოება არის გარემოება, რომელიც პირის ნებისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის პირადობის მოწმობის ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველობით (პირადობის ელექტრონული მოწმობა) აღებას.
შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის მინისტრის №98 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესი“ (კანონქვემდებარე აქტი) ავსებს იმ დებულებებს, რომელიც გათვალისწინებულია იერარქიულად ზემდგომი, დროში წინმსწრები საკანონმდებლო აქტით. კანონქვემდებარე აქტის შესაბამისი ნორმა (მოსარჩელეთა მითითებით, წესის 25-ე მუხლი) წინააღმდეგობაში არ მოდის საკანონმდებლო აქტის ნორმებთან, საქართველოს იუსტიციის მინისტრის №98 ბრძანების გამოცემა გამოწვეული იყო შესაბამისი ურთიერთობის მოწესრიგების მიზნებიდან გამომდინარე. ამდენად, სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელეთა პოზიცია ნორმატიული აქტების იერარქიით დადგენილი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების ურთიერთქმედებით სამართლებრივი განსაზღვრულობის დარღვევის შესახებ და მიიჩნია, რომ კანონი და მის შესასრულებლად გამოცემული ბრძანება არ მოდის ურთიერთწინააღმდეგობაში, არამედ ავსებს და აკონკრეტებს ცალკეულ დებულებებს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ობიექტური, კანონით დადგენილი კონკრეტული მიზეზების ჩამონათვალი, რომელიც იძლევა შესაძლებლობას დროებით მოქმედების (6 თვის ვადით) ძალის მქონე არაელექტრონული პირადობის მოწმობა იქნეს აღებული, მოცემულია წესის 25-ე მუხლში. მითითებული მუხლი ადგენს იმ საგამონაკლისო შემთხვევებს, როდესაც მოქალაქეს ფიზიკური, ფსიქიკური, შეზღუდული შესაძლებლობების, ბუნებრივი მოვლენებისა თუ სხვა, ამავე მუხლში მითითებული გარემოების გამო, არ შესწევს უნარი მიიღოს პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა. ამავე წესის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტი განმარტავს, რომ ამ წესის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირადობის მოწმობა სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფროსის დასაბუთებული გადაწყვეტილების შესაბამისად გაიცემა არა უმეტეს 6 თვემდე ვადით. ასეთი საგამონაკლისო შემთხვევების გათვალისწინების აუცილებლობა გამომდინარეობს სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულებიდან, მოქალაქე არ დარჩეს სამართლებრივი ურთიერთობის მიღმა მისგან დამოუკიდებელი ან მისი ნების საწინააღმდეგოდ შექმნილი ვითარების გამო. იმ დროს, როდესაც მოსარჩელე ითხოვდა არალექტრონული პირადობის მოწმობის გაცემას, სახეზე არ იყო წესის 25-ე მუხლით დადგენილი ობიექტური გარემოება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს მისცემდა შესაძლებლობას განმცხადებელზე გაეცა პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე. სხვა შემთხვევებს, რომლებიც იძლევიან იმის დაშვების უფლებას, რომ გაცემული იქნეს არალექტრონული პირადობის მოწმობა, მოქმედი კანონმდებლობა არ ცნობს. ამდენად, ქვეყანაში მოქმედი ნორმატიული აქტები ითვალისწინებს მხოლოდ ინფორმაციის მატარებლის შემცველობის პირადობის მოწმობის გაცემის სავალდებულოობას იმ გამონაკლისების გთვალისწინებით, რაც თავად ამავე ნორმებში არის მითითებული.
1.3.3. სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფომ საკანონმდებლო რეგულაციით, სავალდებულო სახით დაადგინა ელექტრონული პირადობის მოწმობის არსებობა, თუმცა გონივრული მიდგომის შედეგად განსაზღვრა, მოქალაქეების მიერ მათი აღებისა და გამოყენების დრო. იმ პირების მიმართ, რომლებსაც 2011 წლისათვის ჯერ კიდევ ჰქონდათ ძალაში მყოფი პირადობის მოწმობა, დაწესდა მოქმედების ვადის გასვლის შემდგომ ელექტრონული პირადობის მოწმობის აღების სავალდებულოობა. შესაბამისად, მოსარჩელეებს, რომელთა პირადობის მოწმობებს მოქმედების ვადა გაუვიდა, შესასრულებლად სავალდებულოდ განესაზღვრათ ინფორმაციის მატარებლის შემცველობის პირადობის მოწმობის აღება. კანონმა არ გაითვალისწინა პირის სუბიექტური სურვლის პირობებში არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, რამეთუ სახელმწიფო გარკვეული სახის რეგულაციების მიღებისას, ითვალისწინებს კაცობრიობის განვითარების ეტაპზე ტექნოლოგიური მიღწევების გამოყენების უპირატესობასა და აუცილებლობას, რის შემდეგაც გადაწყვეტილებას იღებს უმრავლესობის სასარგებლოდ. სახელმწიფოს მიერ მოქალაქეებისათვის შემოთავაზებული პირადობის ელექტრონული მოწმობა წარმოადგენს მაღალტექნოლოგიურ დოკუმენტს, რომელიც სახელმწიფოსა და მოქალაქის საერთო სამართლებრივი მიზნების გაერთიანების შედეგად არის მიღებული, რათა დაცული იქნეს მოქალქეთა ინტერესები მათი პირადი დოკუმენტაციის გაყალბებისა და ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების თვალსაზრისით.
მოსარჩელე, არაელექტრონული პირადობის მოწმობის აღების სურვილს უკავშირებს თავიანთ, როგორც მოქალაქის არჩევანის უფლების მქონე სუბიექტის უფლებას, თუმცა სასამართლო კანონის განმარტებისას ვერ დაეყრდნობა მხოლოდ მოსარჩელის მოსაზრებებსა და სურვილს, თუნდაც მისი არგუმენტაცია დასაბუთებულობის მაღალი ხარისხით გამოირჩეოდეს. მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს კანონმდებლობიდან და იყოს ლეგიტიმური. მოთხოვნა კანონიერია, თუ მსგავსი მდგომარეობა ასახულია კანონში, ხოლო მოთხოვნა ლეგიტიმურია, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოს არღვევს კანონში ასახულ და განმტკიცებულ დებულებებს, რომლის გამოც ილახება მოქალაქის უფლება და ინტერესი.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არ გამომდინარეობს კანონის განმარტებიდან, რაც ნიშნავს, რომ ვერ იქნება გაზიარებული არგუმენტაცია მისი სამოქალაქო უფლებების შეზღუდვისა და დარღვევის თაობაზე. დავის გადაწყვეტის მიზნით გამოსაყენებელი ნორმატიული აქტების დებულებების გათვალისწინებით, არ იკვეთება დასაბუთებული წინაპირობა იმისა, რომ სასამართლომ უნდა დაავალდებულოს ადმინისტრაციული ორგანო მოსარჩელეზე გასცეს არაელექტრონული პირადობის მოწმობა. აღნიშნული ქმედების განხრციელების დავალდებულება წინააღმდეგობაში მოდის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისთვის კანონით დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებასთან, მატერიალურ სამართალთან და კანონის მიზნებთან.
გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 05 ივლისის №ბს-389-389(კ-18) განჩინებაზე, სადაც, საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ უფლებისა თუ ხელშესახები კანონიერი ინტერესის მოსალოდნელი შელახვა უნდა იყოს არა ჰიპოთეტური, არამედ რეალური. თავის მხრივ, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, მხარის არააბსტრაქტული, კონკრეტული მითითებების გარეშე დაადგინოს სუბიექტურ შეხედულებებთან დაკავშირებული უფლების დარღვევა.
1.3.4. სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი არ ეწინააღმდეგება მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებს. შესაბამისად, არ არსებობს მოპასუხისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებს გამოცემის დავალების საფუძველი.
2. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად მხოლოდ ელექტრონული პირადობის მოწმობის სავალდებულოობა კანონითა და კანონქვემდებარე აქტით, მაშინ, როცა კანონით ძირითადია პირადობის მოწმობა, ხოლო პირადობის ელექტრონული მოწმობა "შეიძლებას" სახით და არა იმპერატიული მოთხოვნის სახით არის დაშვებული. "საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ" კანონის მე-11 მუხლის თანახმად, სავალდებულოა მოქალაქეს თავისი ვინაობის, მოქალაქეობისა და საცხოვრებელი ადგილის დასადასტურებლად ჰქონდეს პირადობის დამდასტურებელი ძირითადი დოკუმენტი - პირადობის მოწმობა, რომლის ფორმა და შემადგენელი ელემენტები განსაზღვრულია კანონის მე-14 მუხლის 1-3 პუნქტებით. რაც შეეხება სასამართლოს მიერ სავალდებულოდ დადგენილად მიჩნეულ ე.წ. „პირადობის ელექტრონულ მოწმობას“, კანონის 14.4 მუხლის საფუძველზე დაშვებულია ''შეიძლება"-ს სახით, რაც მის სავალდებულოობას არცერთ შემთხვევაში არ ადგენს. კანონმდებლის იმპერატიული მოთხოვნაა, მოქალაქემ აიღოს პირადობის მოწმობა, მაგრამ რომელი სახის, ეს მის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნის საფუძველზე იქნება განსაზღვრული და არა იძულებით, მოტყუებით, შეფარვით შედგენილი კანონქვემდებარე აქტების ძალმომრეობით გამოყენების გზით.
აპელანტის განმარტებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ კანონი და მის შესასრულებლად გამოცემული ბრძანება არ მოდის ურთიერთწინააღმდეგობაში, არამედ ავსებს და აკონკრეტებს ცალკეულ დებულებებს და სადავო ურთიერთობანიც განხილული იქნება მითითებულ ნორმატიულ აქტებზე დაყრდნობით. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლოს მითითება არ შეესაბამება კანონს და არ გამომდინარეობს მის შესასრულებლად იუსტიციის მინისტრის მიერ გამოცემული 118-ე, 98-ე ბრძანებების ურთეირთშეჯერებიდან, რამეთუ მოსარჩელე სადავოდ არ ხდის 98-ე ბრძანების 25-ე მუხლს. მთელი სარჩელი აგებულია იმ უდავო ფაქტზე, რომ კანონი ცალსახად ადგენს პირადობის მოწმობას - არაელექტრონულს, რომელსაც გასცემს სააგენტო ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით, ხოლო ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის უფლებამოსილება მიენიჭათ იმ სამსახურებს, რომელთაც ეს უფლება განესაზღვრათ 13.07.2012წ. N118 ბრძანებით. აღნიშნული ბრძანებით დამტკიცდა სააგენტოს დებულება, რომლის თანახმად, კანონის საწინააღმდეგოდ ყველა ტერიტორიული სამსახურისათვის ელექტრონული პირადობის გაცემის უფლებამოსილების მინიჭებით გაურკვეველი გახდა კანონით სააგენტოსათვის მინიჭებული უფლების: გასცეს პირადობის მოწმობა 10 წლის ვადით, ტერიტორიული სამსახურის მეშვეობით, ასევე 98-ე ბრძანების 25.2 მუხლის მეორე წინადადებით და 58.1 მუხლით ტერიტორიული სამსახურების მიერ არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის აღსრულება.
აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ მართალია გამოიყენა კანონი, მაგრამ არასწორად განმარტა იგი. სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ მის მიერ გამოყენებულია საქართველოს კონსტიტუცია, „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონი, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ვრცლად არის საუბარი "საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ" კანონზე და მის საფუძველზე გამოცემულ კანონქვემდებარე აქტზე - N98 ბრძანების 25-ე მუხლზე, მაგრამ სარჩელის სამართლებრივი საფუძვლის - კანონის 11.1 მუხლის, 13.1, 14.3 მუხლების, მე-14 მუხლის 3.2-ის მეორე წინადადება საერთოდ არ არის განხილული, რის გამოც, მიღებულია არაობიექტური გადაწყვეტილება. სასამართლომ გააკეთა არასწორი განმარტება - თითქოსდა 1996 წლიდან მოქმედ კანონში 2011 წლის ივლისიდან შეტანილი ცვლილების საფუძველზე "შეიძლება"-ს სახით გამონაკლისით შემოსული ელექტრონული პირადობის მოწმობის სავალდებულოობა კანონითა და კანონქვემდებარე აქტით განისაზღვრა და აღნიშნავს, რომ იუსტიციის მინისტრის მიერ N98 ბრძანებაც გამოცემულია კანონის შესასრულებლად რაც დადასტურებულია კანონის (სავარაუდოდ უნდა იყოს ბრძანების) პრეამბულაში, მაშინ, როცა კანონის 14.1 მუხლის თანახმად, პიროვნების დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტია პირადობის მოწმობა, რომელიც არის ორგვერდიანი ივსება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთში აფხაზურ ენაზე და რომელიც "შეიძლება" შეიცავდეს ელექტრონულ ინფორმაციის მატარებელს და იგი იწოდება პირადობის ელექტრონული მოწმობად, რომელიც მსგავსად არაელექტრონულისა არის ორგვერდიანი, ოღონდ განსხვავებით არაელექტრონულისაგან ივსება ქართულ და ინგლისურ ენებზე, ამასთან ელექტრონული მოწობა უნდა შეიცავდეს ელექტრონული ინფორმაციის მატარებელს, რომელიც თავისი ტევადობით შემდგომში შესაძლებელს ხდის მისი მფლობელის სხვადასხვა პირადი ინფორმაციით შევსებას მოწმობის გამოცვლის გარეშე.
აპელანტი მიუთითებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით (15.02.2017წლის გადაწყვეტილება საქმე N3/1/659 მოქ.ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) კანონმდებლის მიერ "შეიძლება"-ს სახით დაშვება წარმოადგენს საერთო წესიდან გამონაკლისს, სწორედაც რომ კანონით საერთო წესით ძირითადად გასაცემი არაელექტრონული პირადობის მოწმობიდან დაშვებულია გამონაკლისი "შეიძლებას"-ს სახით შემოტანილი ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის თვალსაზრისით. სწორედ ამ გამონაკლისის შესასრულებლად დაუშვა კანონმდებელმა კანონის 13.1 მუხლით განსაზღვრული პირადობის მოწმობის გამცემი ტერიტორიული სამსახურებიდან იმ ნაწილის გამოყოფა, რომლებიც უფლებამოსილი იქნებოდნენ გაეცათ ელექტრონული პირადობის მოწმობა, თუმცა ეს სამსახურები მხოლოდ ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის უფლებამოსილებით არ შეზღუდა კანონმდებელმა, არამედ ამ სამსახურებისათვისაც დაუშვა გამონაკლისი 6 თვის ვადით არაელექტრონულის ობიექტური გარემოებების არსებობისას გაცემაზე. თუმცა სასამართლოს მიერ სავალდებულოდ დადგენილად მიჩნეულია მხოლოდ მეორე ნაწილი, რაც შეეხება პირველ ნაწილს - ძირითადად, საერთო წესით დადგენილი არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემასა და შეცვლას ახორციელებს სააგენტო ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით - საერთოდ უარყოფილია, რის გამოც სარჩელის მოთხოვნა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა არა იმ გარემოებით, რომ სარჩელის მოთხოვნა მიმართულია არაუფლებამოსილი მოპასუხის მიმართ, არამედ იმ საფუძვლით რომ კანონი საერთოდ არ ითვალისწინებს არაელექტრონული პირადობის მოწმობის 4-10 წლის ვადით გაცემას. კანონქვემდებარე N98 ბრძანება სწორედაც, რომ გამოცემულია კანონის 20.2 მუხლის შესასრულებლად, შესაბამისად, ის უნდა ითვალისწინებდეს არამარტო უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახურების მიერ პირადობის ელექტრონული მოწმობის, ხოლო ობიექტური პირობების არსებობისას, არაელექტრონული პირადობის მოწმობის 6 თვის ვადით გაცემის უზრუნველყოფას, არამედ კანონის 13.1 მუხლით განსაზღვრული ე.წ. “არაუფლებამოსილი ტერიტორიული სამსახურების“ მიერ გასაცემი პირადობის (არაელექტრონული) მოწმობის 4-10 წლის ვადით გაცემის პირობებსაც, რასაც 98-ე ბრძანება კანონის საწინააღმდეგოდ საერთოდ არ ითვალისწინებს. თუ არ ჩავთვლით მითითებული ბრძანების 25.2 მუხლის მე-2 წინადადებასა და გარდამავალი დებულების 58.1 მუხლის დანაწესს, არაუფლებამოსილი ტერიტორიული სამსახურის მიერ პირადობის მოწმობის გაცემის შესაძლებლობა საერთოდ განხილვის გარეშეა, მაშინ, როცა კანონის 13.1 მუხლისა და 14.2 მუხლის პირველი წინადადების დანაწესით, პირადობის მოწმობის გაცემა და შეცვლა უნდა უზრუნველყოს სააგენტომ ტერიტორიული სამსახურის მეშვეობით 4-10 წლის მოქმედების ვადით. თუმცა, 98-ე ბრძანების 27-ე მუხლში ცალსახად მითითებულია, რომ პირადობის მოწმობა გაიცემა უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახურების მიერ, რაც თავისთავად ეწინააღმდეგება კანონის 13.1 მუხლის დანაწესს და ფაქტიურად, „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის 7.7 მუხლის საწინააღმდეგოდ გამოცემული N118 ბრძანებით დამტკიცებული სააგენტოს დებულების საფუძველზე ყველა ტერიტორიული სამსახურისათვის ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის უფლებამოსილების მინიჭებით, 98-ე ბრძანების 27-ე მუხლის დანაწესით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის 7.7 მუხლის თანახმად, უკანონოდ გაუქმებულია კანონის 13.1 მუხლით სააგეტოსათვის მინიჭებული უფლებამოსილება - გასცეს და შეცვალოს არაელექტრონული პირადობის მოწმობა 4-10 წლის ვადით. რაც სასამართლოს არც გამოუკვლევია და არც არანაირი შეფასება არ გაუკეთებია.
აპელანტის განმარტებით, სასამართლო, მიუხედავად იმისა, რომ მიუთითებს კანონის დანაწესზე (13.1 მუხლი - პირადობის მოწმობის გაცემასა და შეცვლას ახორციელებს სააგენტო ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით, საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემისა და შეცვლის მოთხოვნით მიმართოს საკონსულოს), ასევე მიუთითებს კანონის მე-14 მუხლის პირველ პუნქტზე და ა.შ., აკეთებს არასწორ განმარტებას და შესაბამისად დასკვნებს: “კანონმდებელი ადგენს, რომ პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე შესაძლებელია გაიცეს მხოლოდ ობიექტურ მიზეზთა გამო, შესაბამისად კანონმდებელმა პირადობის არაელექტრონული მოწმობის გაცემა დაუშვა საგამონაკლისო წესით, რომელიც სუბიექტურ განწყობას და სურვილს არ ითვალისწინებს. კანონქვემდებარე აქტის შესაბამისი ნორმა (წესის მუხ.25) არ მოდის წინააღმდეგობაში საკანონმდებლო აქტის ნორმებთან, კანონი და მის შესასრულებლად გამოცემული ბრძანება არ მოდის ერთმანეთთან წინააღმდეგობაში. ქვეყანაში მოქმედი ნორმატიული აქტები ითვალისწინებს მხოლოდ ინფორმაციის მატარებლის შემცველობის პირადობის მოწმობის გაცემის სავალდებულოობას იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რაც თავად ამ ნორმებშია მითითებული, რასაც ასაბუთებს შემდეგი განმარტებით: სახელმწიფომ საკანონმდებლო რეგულაციებით სავალდებულო სახით დაადგინა ელექტრონული პირადობის მოწმობის არსებობა, დაწესდა მოქმედების ვადის გასვლის შემდგომ პირადობის მოწმობის აღების სავალდებულოობა (თუმცა კანონის რომელი მუხლის საფუძველზე აკეთებს სასამართლო ამ დასკვნას გადაწყვეტილებაში მითითებული არ არის) კანონმა არ გაითვალიწინა პირის სუბიექტური სურვილის პირობებში არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, რამეთუ მოქალაქეთა ინტერესების დაცული იქნეს მათი პირადი დოკუმენტაციის გაყალბებისა და ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების თვალსაზრისით. აღნიშნულიდან ნათლად ჩანს, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა და არავითარი შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ შესწავლილია იუსტიციის მინისტრის მიერ გამოცხნული კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე პირადობის მოწმობის გაცემის საკითხი და იმის გამო, რომ მოპასუხის მოქმედებით ადგილი აქვს მოქალაქის უფლებების დარღვევას ჯერ კიდევ 2014 წელს შემუშავებული იქნა რეკომენდაცია, სადაც მითითებულია, რომ 2004 წელს ევროკავშირის საბჭომ მიიღო დადგენილება 2252 2004 ბიომეტრიული მონაცემების პასპორტებში და სამგზავრო დოკუმენტებში და არა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში, რომელიც გაიცემა წევრ სახელმწიფოთა მოქალაქეებზე, შეტანის შესახებ. აღნიშნული მოთხოვნა ვრცელდება იმ დოკუმენტებზე, რომელიც გამოიყენება ქვეყნის საზღვრების გადაკვეთის შემთხვევაში, რაც თავისთავად ადგენს, რომ აღნიშნული არ ვრცელდება პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტაციაზე, რომელსაც სახელმწიფო გასცემს თავის მოქალაქეზე მისი მოქალაქეობის, ვინაობისა და საცხოვრებელი მისამართის დადასტურების მიზნით. კომიტეტი აღნიშნავს, რომ ბიომეტრიული მონაცემების გაცემა პირის ავტონომიური ნებიდან უნდა გამომდინარეობდეს და არა იძულებიდან. ამ შემთხვევაში პირის არჩევანი შეიძლება განპირობებული იყოს სხვადასხვა ასპექტით, როგორიცაა: პიროვნული თავისუფლება, ინფორმაციული თვითგამორკვევა და ა,შ, შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნა - მიიღოს არაელექტრონული მოწმობა სავსებით ლეგიტიმურია, რათა არ დარჩეს სამართლებრივ სივრცის მიღმა და კონსტიტუციური უფლებების გარეშე. თუმცა სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოპასუხის მიერ ადგილი აქვს მოსარჩელის იძულებას აიღოს ელექტრონული პირადობის მოწმობა, რომელიც იმის გამო, რომ თავისი ნებით უარს აცხადებს კანონმდებლის მიერ არაელექტრონული პირადობის მოწმობის საერთო წესიდან გამონაკლისის სახით " შეიძლება"-ს სახით დაშვებული ელექტრონული მოწმობის მიღებაზე, თავისთავად იძულებულია უარი თქვას მისთვის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებებზე: მიიღოს ხელფასი, ისარგებლოს ჯანდაცვით და ა.შ. მხოლოდ იმის გამო, რომ შესრულდეს ევროკავშირის საბჭოს მიერ მიღებული დადგენილება, რომელიც ითვალისწინებს პასპორტებში და სამგზავრო დოკუმენტებში ბიომეტრიული მონაცემების შეტანას და არა ქვეყანაში პირადობის მოწმობების ელექტრონული სახით სავალდებულოობას. იუსტიციის მინისტრმა კანონქვემდებარე აქტით - 2012 წლის 13 ივლისის N118 ბრძანებით სააგენტოს ყველა ტერიტორიულ სამსახურს მიანიჭა ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის უფლებამოსილება, რითაც გააუქმა როგორც კანონით, ასევე 98-ე ბრძანების 58.1 მუხლით სააგენტოს ტერიტორიული სამსახურებისათვის მინიჭებული უფლება, გასცენ არაელექტრონული პირადობის მოწმობა 4-10 წლის ვადით, იმის გამო, რომ მისი გამცემი ტერიტორიული სამსახური აღარ არსებობს, სააგენტო კი თვითონ არ ახდენს პირადობის მოწმობის გაცემას და შეცვლას, რაზეც სასამართლო არც რაიმე განმარტებას აკეთებს და შესაბამისად, არც აღნიშნული გარემოება გამხდარა მისი მსჯელობის საგანი, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე თავის სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებს კანონს და არა მის შესასრულებლად კანონის შეუსაბამოდ გამოცემულ კანონქვემდებარე აქტებს ან/და N98 ბრძანების 25-ე მუხლს.
აპელანტის განმარტებით, სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს კანონმდებლობიდან. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არ გამომდინარეობს კანონის განმარტებიდან, თუმცა არანაირ შეფასებას არ აძლევს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს და როგორც მოპასუხე, სასამართლოც ცდილობს საკითხი მოაქციოს კანონმდებლის მიერ არაელექტრონული პირადობის მოწმობის საერთო წესიდან გამონაკლისის სახით დაშვებული ელექტრონული პირადობის მოწმობის ამოქმედებასთან დაკავშირებით კანონის 14.10 მუხლის საფუძველზე იუსტიციის მინისტრის მიერ გამოცემული N98 ბრძანების 25-ე მუხლის პირობებში, რაც ყოვლად დაუშვებელია და საკითხის არასრულად გამოკვლევისა და შეფასების შედეგად არაობიექტური გადაწყვეტილების მიღების საფუძველია. სასამართლო ვალდებულია, სრულად გამოიკვლიოს და სწორი განმარტება მისცეს როგორც ძირითად კანონს, ისე საქართველოს კონსტიტუციას, რომელიც ადგენს მოქალაქის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპებს და ა.შ. ასევე გათვალისწინებული უნდა იქნეს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია (10.12.1948წ.), რომელიც მუხ.4 -ის თანახმად ცალსახად ადგენს "არავინ არ უნდა იმყოფებოდეს ძალმომრეობით მორჩილებაში".
აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, არანაირი განმარტება არ არის გაკეთებული იმ ძირითად მუხლებსა და პუნქტებზე, რომლებიც სწორედაც, რომ ასაბუთებენ სასარჩელო მოთხოვნის კანონიერებას. "საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ" კანონის 13.1 მუხლი ცალსახად ადგენს, რომ პირადობის მოწმობის (და არამხოლოდ პირადობის ელექტრონული მოწმობის, როგორც ამას სასამართლო ადგენს თავისი დასკვნებით) გაცემასა და შეცვლას ახორციელებს სააგენტო, ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით, 18 წლამდე პირებზე 4 წლის მოქმედების ვადით, 18 წელს მიღწეულ პირებზე - 10 წლის მოქმედების ვადით, თუმცა აქვე აკეთებს დიფერენცირებას (14.10 მუხლი), "ხოლო ის ტერიტორიული სამსახური, რომელიც უფლებამოსილია გასცეს პირადობის ელექტრონული მოწმობა განისაზღვრება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, რომელიც ამავე დროს უფლებამოსილია გასცეს არაელექტრონული პირადობის მოწმობა მხოლოდ ობიექტური პირობების არსებობის დროს 6 თვის ვადით". მოცემულ ტექსტში სიტყვა "ხოლო"-ს კანონმდებლის მიერ გამოყენება ნათლად ადგენს, რომ სააგენტოს ტერიტორიული სამსახურებიდან, რომლებიც კანონის მე-13 მუხლის საფუძველზე ახორციელებენ სააგენტოს უფლებამოსილებას, გასცეს და შეცვალოს პირადობის მოწმობა, გამოყოფილია ის სამსახურები, რომელთაც ამავე კანონის მე-14 მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე, იუსტიციის მინისტრის ბრძანებით მინიჭებული აქვთ უფლებამოსილება ძირითადად მხოლოდ გასცენ პირადობის ელექტრონული მოწმობა და რაც არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება მიჩნეული იქნეს მხოლოდ პირადობის ელექტრონული მოწმობის სავალდებულოდ და ერთადერთ დოკუმენტად დადგენად, როგორც ამას აცხადებს და დადგენილად მიიჩნევს სასამართლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
აპელანტის განმარტებით, სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით უარი თქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ კანონის 14.10 მუხლის საფუძველზე, იუსტიციის მინისტრის N98 ბრძანებით მოპასუხეს მინიჭებული აქვს ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის უფლებამოსილება, სასამართლომ არ გამოარკვია და საერთოდ არ იმსჯელა, სააგენტოს, რომლსაც ევალება გასცეს და შეცვალოს პირადობის მოწმობა ტერიტორიული სამსახურის მეშვეობით, აქვს თუ არა ან/და უნდა ჰქონდეს კი ასეთი ტერიტორიული სამსახური, რომელიც კანონის 13.1 მუხლის თანახმად, ვალდებულია გასცეს და შეცვალოს პირადობის მოწმობა 4-10 წლის ვადით? სწორედაც რომ ნორმატიული აქტების შესახებ კანონის 7.7 მუხლის გათვალისწინებით, იუსტიციის მინისტრის N118 ბრძანებით სააგენტოს ყველა ტერიტორიული სამსახურებისათვის პირადობის ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის უფლებამოსილების მინიჭება არ შეიძლება ჩაითვალოს სააგენტოსათვის კანონით მინიჭებული პირადობის არაელექტრონული მოწმობის გაცემის უფლებამოსილების გაუქმების საფუძვლად და შესაბამისად, მოპასუხე მხარის ფორმალური განსაზღვრაც გამოწვეულია სწორედ ამ გარემოებით, თუმცა სასამართლოს აღნიშნულთან დაკავშირებით არანაირი განმარტება არ გაუკეთებია რამეთუ მიღებული გადაწყვეტილებით ცალსახად ადგენს რომ კანონმდებლობით სავალდებულოა მხოლოდ ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემა.
აპელანტი მიუთითებს, რომ სასამართლომ არანაირი შეფასება არ მისცა სიტყვა „შეიძლება“-სთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას, რამეთუ მათი განმარტებით "შეიძლება" თავისთავად, არ უნდა იქნეს გაგებული, სახელმწიფოსათვის მინიჭებულ უპირობო თავისუფლებად. კანონმდებლისთვის რაიმე შესაძლებლობის მინიჭება არ ნიშნავს მისი ქმედების აბსოლუტურ თავისუფლებას, (საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2017 წლის 15 თებერვალს გადაწყვეტილება N3/1/659 საქმე, საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.) მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ კანონმდებელი ხელისუფლების განხორციელებისას შებოჭილია ადამიანის ძირითადი უფლებებითა და თავისუფლებებით, რაც მას არ აძლევს შესაძლებლობას, თვითმიზნური, არაგონივრული და არაპროპორციული საშუალებების გამოყენებით შეზღუდოს საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული ადამიანის ძირითადი უფლებები. ნებისმიერი საკანონმდებლო აქტი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური თვალსაზრისით. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებელი დაუშვებს კონსტიტუციით დადგენილი ზოგადი წესიდან გამონაკლისს და დაადგენს პირისათვის კონსტიტუციის მინიჭებული უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას, მას მოეთხოვება ასეთი გადაწყვეტის აუცილებლობის დასაბუთება. რაც არც ერთ მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია.
მოსარჩელის აზრით, კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებების გათვალისწინებით აღნიშნული უნდა განხორციელდეს მოქალაქის ნებით შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე რასაც ითვალიწინებს კანონი, როცა აწესებს პირადობის მოწმობის მისაღებად შესაბამისი მოთხოვნის წარდგენის აუცილებლობას, და არა იძულებითი მორჩილების საფუძველზე, ასევე N98-ე ბრძანების 58.2 მუხლში პირდაპირ არის მითითებული "დაინტერესებული პირის სურვილის შემთხვევაში", ან/და საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეზე მხოლოდ მისი სურვილის შემთხვევაში გაიცემა ელქტრონული პირადობის მოწმობა, N98 ბრძანების 25-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის ერთ-ერთ ობიექტურ გარემოებას წარმოადგენს "პირის მიერ ნების გამოხატვის შეუძლებლობა, რაც დადასტურებული უნდა იქნეს შესაბამისი ცნობით" და ა.შ. ზოგიერთისათვის საჭიროა ნება სურვილი, ზოგიერთისათვის არა? ხომ არ ირღვევა მოქალაქეთა კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი? არც ეს საკითხი ყოფილა სასამართლოს მსჯელობის და ასევე შეფასების საგანი. სასამართლომ არანაირი შეფასება არ მისცა, იმ უდავო ფაქტს, რომ კანონით აკრძალული არ არის მუდმივად მოქმედი პირადობის არაელექტრონული მოწმობები (განსხვავებით პასპორტისაგან), რომლითაც სარგებლობენ მოქალაქეები, რომლებიც ნამდვილად არ განეკუთვნებიან ბრძანების 25-ე მუხლში მითითებულ პირებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელისათვის პირადობის მოწობის გაცემაზე სასამართლო გადაწყვეტილებით უარის თქმა და იმაზე მითითება, რომ თითქოსდა კანონმდებლობა და კანონქვემდებარე აქტები არ იცნობს სხვა პირადობის მოწმობას, კონსტიტუციით აღიარებული მოქალაქეთა თანასწორობის პრინციპის დარღვევაა მოსარჩელის როგორც მუდმივად მოქმედი პირადობის მოწმობის მქონე პირებთან, ასევე 25-ე მუხლით მოსარგებლე პირებთან მიმართებაში. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის თანახმად, ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით”. კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტური უფლების დამდგენი ეს ნორმა წარმოადგენს თანასწორობის უნივერსალურ კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპს, რომელიც ზოგადად გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას. კანონის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფის ხარისხი ობიექტური კრიტერიუმია ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების უპირატესობით შეზღუდული სამართლის უზენაესობის ხარისხის შეფასებისათვის. ამდენად, ეს პრინციპი წარმოადგენს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს როგორც საფუძველს, ისე მიზანს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის N1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II - 1).
აპელანტი მიუთითებს, რომ სასამართლო განმარტავს, თითქოს მოპასუხე იცავს მოქალაქის ინტერესებს როცა აიძულებს მისი ნების საწინააღმდეგოდ აიღოს ტექნიკურად პროგრესული პირადობის ელექტრონული მოწმობა, მაშინ როცა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის (1948წ.) მე-4 მუხლით იკრძალება ყოველგვარი ძალმომრეობა და იძულებით მორჩილებაში ყოფნა. კანონმდებელი ადგენს, რომ მოქალაქის ვინაობა, მოქალაქეობა, საცხოვრებელი მისამართის დადასტურება ხდება პირადობის მოწმობით, მხოლოდ და მხოლოდ ამ ინფორმაციის დასადასტურებლად. მოპასუხე მხარეს არანაირი მტკიცებულება ელექტრონული პირადობის მოწმობის მაღალტექნოლოგიურად დაცვის დასადასტურებლად არ წარმოუდგენია. სრულყოფილი ბუნებაში არაფერი არ არსებობს, ელექტრონული პირადობის მოწმობის საინფორმაციო ბაზის გატეხვის არაერთი შემთხვევაა ცნობილი დღეს რიცა კიბერდანაშაული იმ სიმაღლეებზეა, რომ დაინტერესებულ პირებს არ უჭირთ პენტაგონის, ნატოს ინტერნეტსივრცეში შესვლა, სახელმწიფო უზრუნველყოფს და იძლევა გარანტიას ელექტრონული პირადობის მოწმობის სრულ დაცულობაზე? ეს არ არის საფუძველი იმისა რომ იუსტიციის მინისტრმა (და არა კანონმა) კანონის შეუსაბამოდ გამოცემული კანონქვემდებარე აქტით აიძულოს მოქალაქე მისი ნების საწინააღმდეგოდ მიიღოს ის პირადობის მოწმბა რომელსაც თვითონ ირჩევს. რითი იზღუდება სახელმწიფო, ან/და რაში ეშლება ხელი სახელმწიფო ორგანოებს მოსარჩელისათვის პირადობის არაელექტრონული მოწმობის გაცემით, რა აღმატებული ინტერესია სახელმწიფოსი, რომლისათვისაც მოქალაქემ უარი უნდა განაცხადოს ამავე სახელმწიფოს მიერ კონსტიტუციით, არაერთი საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებით (მათ შორის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით) დადგენილი პიროვნების თავისუფლებაზე, კანონის წინაშე მოქალაქეთა თანასწორობაზე და ა.შ. არც სასამართლოზე ყოფილა მოპასუხეთა მხრიდან დასაბუთებული და არც სასამართლოს შეუფასებია ეს გარემოება თავის გადაწყვეტილებაში. თანაზომიერების პრინციპის თანახმად, „უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის N3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60). ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში, ადამიანის უფლებაში ნებისმიერი ჩარევა თვითნებურ ხასიათს ატარებს და უფლების შეზღუდვა საფუძველშივე გაუმართლებელი, არაკონსტიტუციურია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 12 სექტემბრის N2/3/540 გადაწყვეტილება საქმეზე „რუსეთის მოქალაქეები - ოგანეს დარბინიანი, რუდოლფ დარბინიანი, სუსანნა ჟამკოციანი და სომხეთის მოქალაქეები - მილენა ბარსეღიანი და ლენა ბარსეღიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-24).
აპელანტის განმარტებით, სასამართლოს არ გამოუკვლევია, სააგენტო რომელი ტერიტორიული სამსახურის მეშვეობით ახორციელებს პირადობის მოწმობის გაცემას (არაელექტრონული პირადობის მოწმობა) 18 წლამდე - 4 წლის ვადით, ხოლო 18 წელს მიღწეულ პირებზე 10 წლის ვადით, კანონმდებლის დანაწესით, მისი აღნიშნული უფლებამოსილება ხომ ორივე სახის პირადობის მოწმობაზე ვრცელდება? რატომ არ მოხდა მოპასუხის მიერ ზაკ-ის მე-80 მუხლით გავალისწინებული ქმედების განხორციელება? კანონმდებელმა მიანიჭა უფლებამოსილება იუსტიციის მინისტრს გამოეცა ბრძანება და განესაზღვრა პირადობის ელექტრონული მოწმობის გამცემი ტერიტორიული სამსახურები, რაც მის მიერ განხორცილედა 15.07.2011წ., N93 ბრძანებით, როცა ცვლილება შეიტანა N213 ბრძანებაში და გააკეთა დეფინიცირება, რომელ სამსახურებს შეეძლოთ გაეცათ ელექტრონული და რომელს არა, შემდგომში კი ერთი წლის თავზე უკვე იუსტიციის მინისტრის 13.07.2012წლის N118 ბრძანებით დამტკიცებული ტერიტორიული სამსახურების დებულებით ტერიტორიულ სამსახურისათვის ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის უფლებამოსილების მინიჭებით გაურკვეველი გახადა კანონით დადგენილი არაელექტრონული პირადობის მოწმობის გამცემი ორგანოს არსებობა. თუმცა კანონის 13.1 მუხლით და 14.2 მუხლით განსაზღვრული პირადობის მოწმობის მოქმედების ვადა - 10 წელი მოქმედებდა "შეიძლება"-ს სახით ელექტრონული პირადობის მოწმობის დაშვებამდეც და დღესაც იმავე სახით არსებობს, რატომღაც კანონმდებელმა არ ჩათვალა საჭიროდ მათში ცვლილების შეტანა იმიტომ ხომ არა, რომ ტერიტორიულ სამსახურებს უნდა გაეგრძელებინათ იმავე ფუნქციის განხორციელება, ხოლო არსებული ყველა ტერიტორიული სამსახურებიდან გარკვეული ნაწილისათვის ელექტრონული პირადობის მოწმობის უფლებამოსილების მინიჭებით მოხდა იმ ტერიტორიული სამსახურის გამოყოფა, რომლებიც უფლებამოსილნი არიან გასცენ ელექტრონული პირადობის მოწმობა, ხოლო ობიექტური გარემოებების არსებობისას არაელექტრონული 6 თვის ვადით. სასამართლომ არანაირი შეფასება არ მისცა საკონსტიტუციო სასამართლოს 11.11.2014წ. (საქმე 2/604 - თენგიზ ლატარია საქართველოს პარლამენტის, და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ) გამწესრიგებელი სხდომაზე სასამართლოს თავმჯდომარის ზაზა თავაძის განმარტებას, რომელიც პირდაპირ მიუთითებს, რომ კანონის 14.10 მუხლი არცერთ შემთხვევაში არ ადგენს ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის სავალდებულოობას. თუმცა მოპასუხეთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებების და თვით სასამართლოს გადაწყვეტილებაც ეყრდნობა სწორედ კანონის 14.10 მუხლს და მითითებული განმარტებას მოცემულ საქმეზე არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმეზე ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად.
აპელანტის მოსაზრებით, ყოველივე ზემოაღნიშნული ადასტურებს, რომ სახეზეა „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის დარღვევა, რამეთუ ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-7, მე-9 პუნქტების გათვალისწინებით, კანონქვემდებარე აქტი უნდა შეესაბამებოდეს კანონს, რომლის შესასრულებლად იქნა ის გამოცემული. ფაქტია, რომ იუსტიციის მინისტრის მიერ კანონის შესრულების მიზნით გამოცემული როგორც N118, ისე N98 ბრძანებები ეწინაღმდეგება კანონის დანაწესს პირადობის არაელექტრონული მოწმობის 18 წლამდე 4 წლის ვადით, ხოლო 18 წელს მიღწეულ პირებზე 10 წლის ვადით სააგენტოს მიერ ე.წ. არაუფლებამოსილი ტერიტორიული სამსახურების, რომლებიც 118-ე ბრძანების გამოცემამდეც ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ახორციელებდნენ პირადობის მოწმობის გაცემას 4-10 წლის ვადით, მეშეობით გაცემასა და შეცვლაზე, თუმცა სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით აღნიშნული გარემოებების გამოკვლევის გარეშე უსაფუძვლოდ აცხადებს, რომ კანონქვემდებარე აქტები არ არის კანონთან წინააღმდეგობაში და გადაწყვეტილების დასაბუთებისათვის დასკვნებს აკეთებს სწორედ ნორმატიული აქტების შესახებ კანონის დარღვევით მიღებულ კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
3.1. ფაქტობრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
3.2. სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
3.2.1. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 7.1 მუხლის თანახმად, საქართველოს ნორმატიული აქტები იყოფა საქართველოს საკანონმდებლო და საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებად, რომლებიც ქმნის საქართველოს კანონმდებლობას. საქართველოს ნორმატიულ აქტებს განეკუთვნება აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) შეიძლება მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში, მხოლოდ საკანონმდებლო აქტის შესასრულებლად და იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტით. კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში მითითებული უნდა იყოს, რომელი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად იქნა მიღებული (გამოცემული) იგი. მე-13 მუხლის თანახმად კი, საქართველოს მინისტრის ბრძანება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო აქტით, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. საქართველოს მინისტრის ბრძანებაში მითითებული უნდა იყოს, რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად გამოიცა იგი.
დადგენილია, რომ საქართველოში ელექტრონული პირადობის მოწმობა 2011 წლის ივლისიდან შემოვიდა და მისი სავალდებულო მოქმედების ძალა კანონითა და კანონქვემდებარე აქტით განისაზღვრა. საქართველოს იუსტიციის მინისტრის N98 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესი“ მიღებულ იქნა საკანონმდებლო აქტის - ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მისი ამოქმედების შემდეგ და მის შესასრულებლად, რაც დადასტურებულია კანონის პრეამბულაში. პალატა მართებულად მიიჩნევს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოცემულ შემთხვევაში, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ავსებს იმ დებულებებს, რომელიც გათვალისწინებულია იერარქიულად ზემდგომი, დროში წინმსწრები საკანონმდებლო აქტით. კანონქვემდებარე აქტის - წესის 25-ე მუხლი წინააღმდეგობაში არ მოდის საკანონმდებლო აქტის ნორმებთან და საქართველოს იუსტიციის მინისტრის N98 ბრძანების გამოცემა გამოწვეული იყო შესაბამისი ურთიერთობის მოწესრიგების მიზნებიდან გამომდინარე. ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას ნორმატიული აქტების იერარქიით დადგენილი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების ურთიერთქმედებით სამართლებრივი განსაზღვრულობის დარღვევის შესახებ და მიიჩნევს, რომ კანონი და მის შესასრულებლად გამოცემული ბრძანება არ მოდის ურთიერთწინააღმდეგობაში, არამედ ავსებს და აკონკრეტებს ცალკეულ დებულებებს და სადავო ურთიერთობაც განხილული იქნება მითითებული ნორმატიულ აქტებზე დაყრდნობით.
3.2.2. სააპელაციო პალატა მიუთითებს ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეობის ძირითად პრინციპებს, ადგენს საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივ მდგომარეობას და საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საფუძვლებს. აღნიშნული ორგანული კანონის 3.1 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობა არის საქართველოსთან პირის სამართლებრივი კავშირი.
ამასთანავე, ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანისა და მოქალაქის უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტების შესაბამისად ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, გარანტირებული აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება. ამ უფლებათა შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო – უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის, დანაშაულის თავიდან აცილების ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით. ამავე კანონის 11.1 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქისა პირადობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტია: საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, რომელიც ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას, მის ვინაობას და საცხოვრებელ ადგილს (მე-12.1 მუხლი). კანონის 13.1 მუხლის შესაბამისად, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემასა და შეცვლას ახორციელებს სააგენტო ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს, პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემისა და შეცვლის მოთხოვნით განცხადება წარუდგინოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. 14.1 მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქის პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ორგვერდიანია, იბეჭდება და ივსება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – აგრეთვე აფხაზურ ენაზე. ამავე ნორმის მე-10 პუნქტის თანახმად კი, სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები, რომლებიც უფლებამოსილი იქნებიან გასცენ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა, განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. აღნიშნული ტერიტორიული სამსახურების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემა შესაძლებელი იქნება, თუ ობიექტურ მიზეზთა გამო შეუძლებელია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემა.
სააპელაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის“ 24.1 მუხლის ,,ა“ ქვეპუნტზე, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქის, საქართველოში მცხოვრები უცხოელის და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის პირადობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტია პირადობის მოწმობა. ამავე „წესის“ 25.1 მუხლის თანახმად, სააგენტოს უფლებამოსილმა ტერიტორიულმა სამსახურებმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა შეიძლება გასცენ მხოლოდ ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველობით (პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა). პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილმა სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურებმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე შეიძლება გასცენ შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის თაობაზე ნების გამოხატვა შეუძლებელია იმ პირის მძიმე ავადმყოფობის გამო, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი. ნების გამოხატვის შეუძლებლობა უნდა დადასტურდეს შესაბამისი ცნობით/დოკუმენტით; ბ) სააგენტოსგან დამოუკიდებელი მიზეზით (მეტეოროლოგიური პირობები, ფორსმაჟორული გარემოებები და სხვ.) შეუძლებელია დამზადებული პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მიწოდება/გადაცემა მისი გამცემი ტერიტორიული სამსახურისათვის ან/და დაინტერესებული პირისათვის; გ) თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეუძლებელია იმ პირის გადაადგილება (ტერიტორიულ სამსახურში გამოცხადება), რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე, მზრუნველი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში ასევე მშობელი/მშვილებელი); დ) თუ პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, ფსიქიატრიული დახმარების მიღების მიზნით იმყოფება ფსიქიატრიულ დაწესებულებაში და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე, მზრუნველი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში ასევე მშობელი/მშვილებელი); ე) თუ პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, იმყოფება პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს მოქალაქის ახალი პირადობის მოწმობის გაცემა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე. სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ა---------– დ------–---–ს განემარტა, რომ „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი და მე-10 პუნქტების გათვალისწინებით, მოქალაქეებზე გაიცემოდა პირადობის მოწმობა მხოლოდ ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველობით (პირადობის ელექტრონული მოწმობა), გარდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის“ 25-ე მუხლით დადგენილი გამონაკლისებისა.
პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ ობიექტური, კანონით დადგენილი კონკრეტული მიზეზების ჩამონათვალი, რომელიც იძლევა შესაძლებლობას დროებით მოქმედების (6 თვის ვადით) ძალის მქონე არაელექტრონული პირადობის მოწმობა იქნეს აღებული, მოცემულია წესის 25-ე მუხლში. მითითებული მუხლი ადგენს იმ საგამონაკლისო შემთხვევებს, როდესაც მოქალაქეს ფიზიკური, ფსიქიკური, შეზღუდული შესაძლებლობების, ბუნებრივი მოვლენებისა თუ სხვა, ამავე მუხლში მითითებული გარემოების გამო, არ შესწევს უნარი მიიღოს პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა. ამავე წესის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტი განმარტავს, რომ ამ წესის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირადობის მოწმობა სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფროსის დასაბუთებული გადაწყვეტილების შესაბამისად გაიცემა არა უმეტეს 6 თვემდე ვადით. ასეთი საგამონაკლისო შემთხვევების გათვალისწინების აუცილებლობა გამომდინარეობს სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულებიდან, მოქალაქე არ დარჩეს სამართლებრივი ურთიერთობის მიღმა მისგან დამოუკიდებელი ან მისი ნების საწინააღმდეგოდ შექმნილი ვითარების გამო. იმ დროს, როდესაც მოსარჩელე ითხოვდა არალექტრონული პირადობის მოწმობის გაცემას, სახეზე არ იყო წესის 25-ე მუხლით დადგენილი ობიექტური გარემოება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს მისცემდა შესაძლებლობას განმცხადებელზე გაეცა პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე. სხვა შემთხვევებს, რომლებიც იძლევიან იმის დაშვების უფლებას, რომ გაცემული იქნეს არალექტრონული პირადობის მოწმობა, მოქმედი კანონმდებლობა არ ცნობს. ამდენად, ქვეყანაში მოქმედი ნორმატიული აქტები ითვალისწინებს მხოლოდ ინფორმაციის მატარებლის შემცველობის პირადობის მოწმობის გაცემის სავალდებულოობას იმ გამონაკლისების გთვალისწინებით, რაც თავად ამავე ნორმებშია მითითებული.
საქალაქო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ სახელმწიფომ საკანონმდებლო რეგულაციით, სავალდებულო სახით დაადგინა ელექტრონული პირადობის მოწმობის არსებობა, თუმცა გონივრული მიდგომის შედეგად განსაზღვრა, მოქალაქეების მიერ მათი აღებისა და გამოყენების დრო. იმ პირების მიმართ, რომლებსაც 2011 წლისათვის ჯერ კიდევ ჰქონდათ ძალაში მყოფი პირადობის მოწმობა, დაწესდა მოქმედების ვადის გასვლის შემდგომ ელექტრონული პირადობის მოწმობის აღების სავალდებულოობა. შესაბამისად, მოსარჩელეებს, რომელთა პირადობის მოწმობებს მოქმედების ვადა გაუვიდა, შესასრულებლად სავალდებულოდ განესაზღვრათ ინფორმაციის მატარებლის შემცველობის პირადობის მოწმობის აღება. კანონმა არ გაითვალისწინა პირის სუბიექტური სურვლის პირობებში არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, რამეთუ სახელმწიფო გარკვეული სახის რეგულაციების მიღებისას, ითვალისწინებს კაცობრიობის განვითარების ეტაპზე ტექნოლოგიური მიღწევების გამოყენების უპირატესობასა და აუცილებლობას, რის შემდეგაც გადაწყვეტილებას იღებს უმრავლესობის სასარგებლოდ. სახელმწიფოს მიერ მოქალაქეებისათვის შემოთავაზებული პირადობის ელექტრონული მოწმობა წარმოადგენს მაღალტექნოლოგიურ დოკუმენტს, რომელიც სახელმწიფოსა და მოქალაქის საერთო სამართლებრივი მიზნების გაერთიანების შედეგად არის მიღებული, რათა დაცული იქნეს მოქალქეთა ინტერესები მათი პირადი დოკუმენტაციის გაყალბებისა და ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების თვალსაზრისით.
დადგენილია, რომ მოსარჩელე, არაელექტრონული პირადობის მოწმობის აღების სურვილს უკავშირებს მისი, როგორც მოქალაქის არჩევანის უფლების მქონე სუბიექტის უფლებას. პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სასამართლო, კანონის განმარტებისას ვერ დაეყრდნობა მხოლოდ მოსარჩელის მოსაზრებებსა და სურვილს, თუნდაც მისი არგუმენტაცია დასაბუთებულობის მაღალი ხარისხით გამოირჩეოდეს. მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს კანონმდებლობიდან და იყოს ლეგიტიმური. მოთხოვნა კანონიერია, თუ მსგავსი მდგომარეობა ასახულია კანონში, ხოლო მოთხოვნა ლეგიტიმურია, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოს არღვევს კანონში ასახულ და განმტკიცებულ დებულებებს, რომლის გამოც ილახება მოქალაქის უფლება და ინტერესი. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა არ გამომდინარეობს კანონის განმარტებიდან, რაც ნიშნავს, რომ ვერ იქნება გაზიარებული არგუმენტაცია მისი სამოქალაქო უფლებების შეზღუდვისა და დარღვევის თაობაზე. დავის გადაწყვეტის მიზნით გამოსაყენებელი ნორმატიული აქტების დებულებების გათვალისწინებით, არ იკვეთება დასაბუთებული წინაპირობა იმისა, რომ სასამართლომ უნდა დაავალდებულოს ადმინისტრაციული ორგანო მოსარჩელეზე გასცეს არაელექტრონული პირადობის მოწმობა. აღნიშნული ქმედების განხრციელების დავალდებულება წინააღმდეგობაში მოდის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისთვის კანონით დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებასთან, მატერიალურ სამართალთან და კანონის მიზნებთან.
ამასთანავე, პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევასთან მიმართებაში, საქალაქო სასამართლომ სწორად მიუთითა სუს 05.07.2018წ. Nბს-389-389(კ-18) განჩინებაზე, სადაც, საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ,,უფლებისა თუ ხელშესახები კანონიერი ინტერესის მოსალოდნელი შელახვა უნდა იყოს არა ჰიპოთეტური, არამედ, რეალური. თავის მხრივ, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, მხარის არააბსტრაქტული, კონკრეტული მითითებების გარეშე დაადგინოს სუბიექტურ შეხედულებებთან დაკავშირებული უფლების დარღვევა“.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი არ ეწინააღმდეგება მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებს. შესაბამისად, არ არსებობს მოპასუხისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებს გამოცემის დავალების საფუძველი.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
5. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე, აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა---------– დ------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
თავმჯდომარე: მირანდა ერემაძე
მოსამართლეები: ხატია არდაზიშვილი
დავით ახალბედაშვილი