განაჩენი

სისხლის სამართლის 01.08.2019
საქმის ნომერი
110100119002994173
ინსტანცია
თარიღი
01.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 110100119002994173

საქმე №1/ბ-478-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

26 ივლისი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მაკა გორგოძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ------ ვ-–--------ის ძე ყ----–-–---–ის მიმართ, დაბადებული: 196- წლის 25 ნ--------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 5----------, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ქ.საჩხერე, მ----------ის ქუჩა N21.

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ გ------ ყ----–-–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ქ.საჩხერეში, მ----------ის ქუჩა N 21-ში მცხოვრები გ------ ყ----–-–---–ი, 2018 წლის დეკემბრიდან, 2019 წლის 8 მარტის 22:30 საათამდე პერიოდში, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ყოფნისას, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ე---------- ტ--------ეს, ურთიერთშორის წარმოშობილი შელაპარაკებისას, სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების შემდეგ, ხელ-ფეხის გამოყენებით, სისტემატურად ცემდა სხეულის სხვადასხვა ადგილზე, რამაც დაზარალებულისათვის დაზიანების მიყენება და ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია.

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 მაისის განაჩენით გ------ ყ----–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126-ე მუხლის 12 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე გ------ ყ----–-–---–ს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.

 

მსჯავრდებულ გ------ ყ----–-–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

 

გ------ ყ----–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 9 მარტიდან 2019 წლის 26 მარტის ჩათვლით.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორი ი-–-- გ--–------ი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 მაისის განაჩენში, სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ გ------ ყ----–-–---–ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას, რაც პირობით არ იქნება ჩათვლილი, შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი, სასჯელის ნაწილში არის დაუსაბუთებელი და უსამართლო. დანიშნული სასჯელი ნაკლებად მკაცრია, სასამართლომ სწორად არ შეაფასა მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ხასიათი, კერძოდ ის გარემოება, რომ მსჯავრდებული გ------ ყ----–-–---–ი ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ყოფნისას მეუღლის ე---------- ტ--------ის მიმართ ახორციელებდა სისტემატურ ფიზიკურ ძალადობას, რაც ხელყოფს დაზარალებულის ჯანმრთელობას. ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი გ------ ყ----–-–---–ი ვერ აკონტროლებს საკუთარ ქცევას, რის გამოც არესობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მეუღლის მიმართ ჩადენილ ქმედებას უფრო მძიმე შედეგი მოჰყვეს. ამგვარი სახის დანაშულის ჩამდენი პირების მიმართ მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარებას პრევენციული ხასიათი ექნება მომავალში ანალოგიური სახის დანაშაულთა თავიდან აცილებისათვის.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი გ------ ყ----–-–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ გ------ ყ----–-–---–ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111, 126-ე მუხლის 12 ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ე---------- ტ--------ის გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების: ა-–-----------------------------------------–-–---–---------–---–-–---–-------------–----------–---- გამოკითხვის ოქმებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ გ------ ყ----–-–---–ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 111, 126-ე მუხლის 12 ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, (აღიარებს ჩადენილ ქმედებას), დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი ოჯახური მდგომარეობა და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ გ------ ყ----–-–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორის ი-–-- გ--–------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

გ------ ყ----–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126-ე მუხლის 12 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე გ------ ყ----–-–---–ს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.

 

მსჯავრდებულ გ------ ყ----–-–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია. გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს თანხა დაუბრუნდეს საქმის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის გზით;

 

გ------ ყ----–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 9 მარტიდან 2019 წლის 26 მარტის ჩათვლით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 6--ე მუხლის და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში, მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების გაწევა დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს იმერეთის პრობაციის ბიუროს.

 

,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, მსჯავრდებულ გ------ ყ----–-–---–ის მიმართ, დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულება დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს იმერეთის პრობაციის ბიუროს.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე