განაჩენი

სისხლის სამართლის 01.08.2019
საქმის ნომერი
080100118002706209
ინსტანცია
თარიღი
01.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100118002706209

საქმე №1/ბ-431-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

18 ივლისი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მაკა გორგოძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ--- ი-----ს ძე კ-------ის მიმართ დაბადებული: 198- წლის 06 დ--------ს, პირადი ნომერი: 2----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: თერჯოლის რაიონი სოფელი ბ----------ი, დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 06 მაისის განაჩენზე, პროკურორის სააპელაციო საჩივრით,აღწერილობითი ნაწილი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:

 

გ--- კ-------ეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ასევე ბრალი დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 3 ოქტომბერს, ქუთაისში, ბ------ის #20-ში მდებარე ბინაში გ--- კ-------ე დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს ს--–---- გ---–----ნს. ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2018 წლის 3 ოქტომბერს, დაახლოებით 12:30 საათზე, ქუთაისში, შ--------- ქუჩაზე, გ--- კ-------ემ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენა ყოფილ მეუღლეს ს--–---- გ---–----ნს ხელი ორჯერ დაარტყა სახის არეში. ასევე, ქუთაისში, ბ------ის #11-ში არსებულ სილამაზის სალონ ,,ა------–-ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე ხელი გაარტყა სახის არეში. ასევე, ქუთაისში, ბ------ის #20-ში მდებარე საცხობის მიმდებარე ტერიტორიაზე ორჯერ ხელი დაარტყა თავის არეში. დაზარალებულმა ძალადობის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 06 მაისის განაჩენით გ--- კ-------ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

გ--- კ-------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე და გ--- კ-------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) თვის ვადით.

 

მსჯავრდებულ გ--- კ-------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა - გაუქმებულია.

 

მსჯავრდებულ გ--- კ-------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 12 ოქტომბრიდან.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორი ქ------- უ-----ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 06 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანას და გ--- კ-------ის საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობას. შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი არ ემყარება სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, დაუსაბუთებელია და შესაბამისად არ პასუხობს საპროცესო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სასამართლომ არ მიიღო მხედველობაში კონკრეტული მტკიცებულებები, (კერძოდ: სასამართლოზე დაკითხული დაზარალებულ ს--–---- გ------ის ჩვენება, ნივთიერი მტკიცებულების გამოკვლევა, მოწმის ნ----- გ--------ის ჩვენება), რომლებიც სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ გ--- კ-------ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას. სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სასამართლოს მიერ არ შეფასდა ერთობლიობაში ობიექტურად და მიღებული იქნა დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო საჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

გ--- კ-------ე საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობის ნაწილში, სააპელაციო სასამართლოს, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ს--–---- გ---–----ნის ჩვენებით, მოწმეების - ნა-------------------------------–-–---–------------------------- ჩვენებებით, ექსპერტ მ------ ნ-----–--ის ჩვენებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივარს გ--- კ-------ის საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობის ნაწილში შემდეგ გარემოებათა გამო:

 

მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულ ს--–---- გ---–----ნის ჩვენების თანახმად გ--- კ-------ე არის მისი მეუღლე, რომელთანაც დაქორწინდა 2014 წელს. ეს უკანასკნელი 3 წლის მანძილზე ფსიქიკურად ძალადობდა მასზე, რადგანაც ეჭვიანობდა, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც, მისთვის გაუსაძლისი გახდა გ--- კ-------ესთან ცხოვრება, ისინი ამჟამად ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მათ შეეძინათ ორი შვილი. დაზარალებულის განმარტებით, ასევე, მას სხვა მეუღლისგან ყავთ მესამე შვილი. განმარტავს, რომ მუშაობს სალონში. შემთხვევის დღეს 3 ოქტომბერს დილის 12 საათიდან მიაკითხა ბავშვს სკოლაში და გამოიყვანა იგი, როდესაც გზაში მიდიოდა მას წინ გადაუდგა გ--- კ-------ე, რომელმაც უთხრა, რომ ეთქვა მისთვის, თუ ვის ესაუბრებოდა ტელეფონზე. გამოგლიჯა ხელიდან ტელეფონი და დაიწყო ამ ტელეფონში არსებული მესიჯების კითხვა და თან დაუწყო მას ცემა თავის არეში, რაც ძალიან ეტკინა. მან გააგრძელა გზა ბინის მიმართულებით და ბინის კუთხეში გ--- კ-------ემ ისევ დაუწყო ცემა, რის გამოც, ითხოვდა დახმარებას, ხოლო ბავშვი კი ტიროდა. ამის შემდეგ დაზარალებულის განმარტებით, მან ბავშვი გაუშვა სახლში, გამობრუნდა და წავიდა სამსახურის მიმართულებით. მას თან გაჰყვა გ--- კ-------ეც, რომელიც ქუჩაში სიარულის დროს, ისევ ახორციელებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და სცემდა მას. როდესაც მივიდნენ მის სამსახურთან, გ--- კ-------ემ ის გადაიყვანა გზის მეორე მხარეს და კვლავ დაარტყა მას სახის არეში და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც, ხელში ეკავა დანა. დაზარალებულის განმარტებით, იგი გაექცა მას და სხვისი მობილური ტელეფონის საშუალებით დარეკა პოლიციის განყოფილებაში. განმარტავს, რომ შემთხვევის დღეს, გ--- კ-------ემ მას რამდენჯერმე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ასევე ,,ეჯაჯგურებოდა“ მას და უძახოდა ცუდ სიტყვებს. კერძოდ ,,შე ბოზო, ალბათ ვიღაცა გყავსო“. განმარტავს, რომ მუქარის დროს გ--- კ-------ეს დანა ხელში ეჭირა, გარდა ამ შემთხვევისა გ--- კ-------ე 3 წლის განმავლობაში ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გამოქვეყნდა დაზარალებულ ს--–---- გ---–----ნის გამოკითხვის ოქმი, სადაც გადმოცემულია შემთხვევის დღეს, 3 ოქტომბერს, მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტები, დაზარალებულმა მთლიანად დაადასტურა გამოკითხვის ოქმში მითითებული გარემოებები და განმარტა, რომ სალონში მყოფმა თანამშრომლებმა დაინახეს და გაიგონეს, თუ როგორ ემუქრებოდა გ--- კ-------ე მას სიცოცხლის მოსპობით და ასევე, დაინახეს ხელით თუ როგორ ,,ეჯაჯგურებოდა“ მას. ადასტურებს, რომ მის მეუღლეს გ--- კ-------ეს მუდმივად კონფლიქტი ქონდა არა მხოლოდ მასთან, არამედ მის მშობლებთან და ძმასთან. განმარტავს, რომ გ--- კ-------ე მუშაობდა ქ.თბილისში და უგზავნიდა მათ ფულად თანხას.

 

მოწმის სახით დაკითხულ ნ----- გ--------ის ჩვენების თანახმად, იგი მუშაობს ბ------ის ქუჩაზე არსებულ სამკერვალო სალონში მკერავად. იცნობს დაზარალებულს ს--–---- გ---–----ნს, რომელიც მუშაობს მის გვერდით არსებულ სალონში, ეს უკანასკნელი გაიცნო მუშობის დროს, რადგანაც მათი სალონები არის ერთმანეთის გვერდით, ასევე იცნობს ს--–----ს მეუღლეს გ--- კ-------ეს. შემთხვევის დღეს, 2018 წლის 3 ოქტომბერს, შუა დღის საათებში, იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც, ქუჩიდან გაიგონა ყვირილისა და გინების ხმა. დაინახა, რომ ს--–---- გ---–----ნი ხელის ჯიკავით ქუჩის მეორე მხარეზე გადაჰყავდა გ--- კ-------ეს, ადასტურებს, რომ ეს უკანასკნელი აგინებდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა ს--–----ს, ,,ეჯიკავებოდა“ მას და ისე გადაჰყავდა გზის მეორე მხარეს, რა დროსაც, ს--–---- ყვიროდა და ითხოვდა შველას. განმარტავს, რომ ყველაფერი ხდებოდა მისი სამსახურის წინ ბ------ის ქუჩაზე. მან დაინახა, რომ შემთხვევის ადგილზე მივიდა პოლიცია. განმარტავს, რომ მას ხელის დარტყმის ფაქტი არ დაუნახავს.

 

მოწმის სახით დაკითხულ პოლიციის გამომძიებელის დ----- დ---–-–---–ის ჩვენების თანახმად, 2018 წლის 3 ოქტომბერს დაიწყო გამოძიება ს--–---- გ---–----ნის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე. მის მეირ გამოკითხული იქნა დაზარალებული ს--–---- გ---–----ნი, რომელმაც დაადასტურა, რომ ბავშვთან ერთად მის მიმართ ძალადობა განახორციელა მისმა მეუღლემ გ--- კ-------ემ. საქმეზე დანიშნა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, გამოკითხა მოწმეები და გ--- კ-------ე, რომელსაც გაუცვალა მტკიცებულებები. გააცნო ბრალდების არსი. დაზარალებულმა ს--–---- გ---–----ნმა წარუდგინა მას დანა, რომელიც დალუქა კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. მის მიერ მოწმის სახით იქნა გამოკითხული ნ----- გ--------ე, რომელმაც დაადასტურა, რომ დაზარალებულზე ხელის დარტყმის მომენტი არ დაუნახავს, მაგრამ დაადასტურა გ--- კ-------ის მხრიდან დაზარალებულზე სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტი.

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ო------ ხ-----------ს ჩვენბების თანახმად, 2018 წლის 3 ოქტომბერს თავის მეწყვილესთან ერთად მონაწილეობდა საგამოძიებო ექსპერიმენტში. საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობას იღებდა ს--–---- გ---–----ნი, რომელმაც ექსპერიმენტში მონაწილე პირები მიიყვანა ბ------ის ქუჩაზე არსებულ რამდენიმე ადგილზე, დაახლოებით 3-4 ადგილას და მიუთითა, რომ ამ ადგილზე მიაყენა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მისმა მეუღლემ. განმარტავს, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობის დროს ახდენდა ფოტოგადაღებას. გამომძიებლის მიერ შედგენილი იქნა საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რომელიც მასში მონაწილე პირებმა დაადასტურეს ხელის მოწერით.

 

მოწმის სახით დაკითხული ექსპერტის მ------ ნ-----–--ის ჩვენების და მის მიერ გაცემული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, ,,03.10.2018წ. 19:18-18:30 სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით: მოქ. ს--–---- გ---–----ნს სხეულზე გარეგნულად რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება“. ექსპერტმა განმარტა, რომ 2018 წლის 03 ოქტომბერს შესაბამისი დადგენილებით საექსპერტო ბიუროში წარდგენილი იქნა მოქალაქე ს--–---- გ---–----ნი ექსპერტიზის ჩატარების მიზნით. შემოწმების დროს, ს--–---- გ---–----ნმა განუცხადა მას, რომ მისმა მეუღლემ გ--- კ-------ემ ბ------ის ქუჩაზე მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შემდეგაც, კვლავ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

საქმეში არსებული შეტყობინების (რეგისტრაციის N-------) თანახმად, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეხუთე განყოფილებაში, ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით შეტყობინება შევიდა დაზარალებულ ს--–---- გ---–----ნისგან. შეტყობინების თანახმად, ,,ქმარი აწუხებს და ემუქრება მოკვლით“.

 

საქმეში არსებული შეტყობინების (რეგისტრაციის N-------) თანახმად, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეხუთე განყოფილებაში, ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით შეტყობინება შევიდა პატრულ-ინსპექტორ გ. გ-------ისგან. შეტყობინების თანახმად, ქუთაისში, ბ------ის ქ. #11-ში მდებარე სალონ ,,ა------–-ში“ ითხოვა დახმარება იქვე მომუშავე ს--–---- გ---–----ნმა, რომლის განმარტებით, კინო-თეატრ ,,სულიკოს“ მიმდებარე ტორიტორიაზე ყოფილმა მეუღლემ გ--- კ-------ემ მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცყოფა, ასევე დაემუქრა დანით სიცოცხლის მოსპობით.

 

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებით გ--- კ-------ის დამნაშავედ ცნობისათვის.

 

შესაბამისად სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მთელ რიგ ასეთ ასპექტებზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland)

 

საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასებისას წარმოშვებული ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ასევე ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები; სასამართლომ ასევე მხედველობაში მიიღო მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად, მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი გ--- კ-------ის მიმართ დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანია და უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ პუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ქ------- უ-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 06 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

გ--- კ-------ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

გ--- კ-------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

გ--- კ-------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) თვის ვადით.

 

მსჯავრდებულ გ--- კ-------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა - გაუქმებულია.

 

გ--- კ-------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 12 ოქტომბრიდან.

 

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი: ს--–---- გ---–----ნისაგან ამოღებული დანა, რომელიც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეხუთე განყოფილებაში - დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს, ან შესაბამის უფლებამოსილ პირს.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები, რომლიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

 

მოსამართლე: მაკა გორგოძე