განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 060100119002964835
საქმე №1/ბ-446-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 ივლისი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მაკა გორგოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე ვ------ა ბ--------ის ძე ჩ-----ს მიმართ დაბადებული: 197- წლის 23 ს----------ს, პირადი ნომერი: 3----------, საქართველოს მოქალაქე, მცხოვრები: სამტრედიის რაიონი სოფელი ს-------ო, დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 ივნისის განაჩენზე, პროკურორის სააპელაციო საჩივრით,აღწერილობითი ნაწილი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:
ვ------ა ჩ-----ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ. რაც გამოიხატა შემდეგში:
ვ------ა ჩ----- ერთიან საოჯახო მეურნეობას ეწევა რა თავისი ძმის ორსულ მეუღლესთან შ------- ფ------–---–თან ერთად, 2019 წლის 22 მარტს, დაახლოებით 21:00 საათზე, სამტრედიის რაიონი სოფელ ს-------ოში მდებარე თავისი საცხოვრებელ სახლში მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა, ინტერნეტით სარგებლობის გამო ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა შ------- ფ------–---–ს, უწოდა ინვალიდი, შემდეგ კი სახის არეში ერთხელ დაარტყა ხელი. აღნიშნულის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 ივნისის განაჩენით ვ------ა ჩ----- ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდა.
ვ------ა ჩ-----ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
ვ------ა ჩ----- დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან, სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
განემარტა გამართლებულ ვ------ა ჩ-----ს, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით.
სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორი დ------- ვ----------ია წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 ივნისის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და ვ------ა ჩ-----ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მკაცრი სასჯელის დანიშვნას. შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი არ ემყარება სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, შესაბამისად გამამართლებელი განაჩენი არ პასუხობს საპროცესო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ შეაფასა ერთობლიობაში და მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ადასტურებდნენ ვ------ა ჩ-----ს ბრალეულობას გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი. სასამართლომ არ მიიღო მხედველობაში კონკრეტული მტკიცებულებები, (კერძოდ: მოწმე კ---------------------------- ჩვენებები, ექსპერტ შ----- თ------ის განმარტება, 112-დან მიღებული ჩანაწერი და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი), რომლებიც სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ვ------ა ჩ-----ს მიერ ძალადობის ჩადენის ფაქტს.
სამოტივაციო ნაწილი:
გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო საჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულ შ------- ფ------–---–ის ჩვენების თანახმად, ვ------ა ჩ----- არის მისი მეუღლის ძმა, 3 წელია ერთად ცხოვრობენ და აქვთ კარგი ურთიერთობა. 2019 წლის 22 მარტს, ვ------ა სახლში მივიდა ნასვამი და ტელეფონით სარგებლობის გამო შენიშვნა მისცა შ. ფ------–---–ს და ცდილობდა წაერთმია მისთვის ტელეფონი და ეუბნებოდა რომ ბავშვისთვის მიეხედა. მან ორსულობის გამო ვერ გააცნობიერა ვ------ას მოქმედება, დარეკა 112-ში და განაცხადა, რომ ვ------ამ გალახა, თუმცა ასეთს ადგილი არ ჰქონია. მას უბრალოდ უნდოდა შეეშინებინა ვ------ა, რომელსაც აღიზიანებდა მისი ტელეფონით სარგებლობა. ვ. ჩ----- ყოველთვის პატივისცემით ეპყრობა მას და მის შვილს, ასევე მთელ ოჯახს. ამის შემდეგ, იმავე დღეს გამოკითხეს პოლიციაში, სადაც განაცხადა, რომ ვეფხიას დაკავება არ სურდა, თუმცა ის მაინც დააკავეს.
მოწმის სახით დაკითხულ ი----- ჩ-----ს ჩვენების თანახმად, ვ------ა ჩ----- არის მისი შვილი, ხოლო შ. ფ------–---–ი მათი რძალი. შემთხვევის დღეს ვ------ა იყო ნასვამი. შ------- იჯდა სავარძელში და ტელეფონი ჰქონდა ხელში. ისინი წაკამათდნენ, ვეფხია ეუბნებოდა სულ რატომ ეჭირა ტელეფონი და ხელი წაავლო შ-------ს ტელეფონს. ვეფხიას შ-------სთვის ხელი არ დაურტყამს და არც მას უთქვამს ასეთი გამომძიებლისათვის.
მოწმის სახით დაკითხულმა შს სამტრედიის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელის კ------------- ნ-------ას ჩვენების თანახმად, 2019 წლის 22 მარტს, გამოძიება დაიწყო შეტყობინების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც შ. ფ------–---–ი ითხოვდა დახმარებას სოფელ ს-------ოში. მას სცემა მაზლმა. მან დაკითხა დაზარალებული და გადაიყვანა იგი სამედიცინო შემოწმებაზე. დაზარალებულის ჩვენების საფუძველზე კი დააკა ვ. ჩ-----. ექსპერტ გ------- ა-–------ისა და შ. ფ------–---–ის მონაწილეობით დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, რა დროსაც დაზარალებულმა მიუთითა ის ადგილი სადაც ვ. ჩ-----მ იძალადა მასზე. მან ასევე გამოკითხა ბრალდებულის დედა ი----- ჩ-----, რომელმაც დაადასტურა, რომ ვ. ჩ-----მ იძალადა მის რძალზე.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ-კრიმინალისტის გ------- ა-–------ის ჩვენების თანახმად, 2019 წლის 23 მარტს, ღამის საათებში მასთან შევიდა შეტყობინება სამტრედიიდან ოჯახური ძალადობის ფაქტზე ესაჭიროებოდათ კრიმინალისტის დახმარება. მივიდა პოლიციის სამმართველოში და წავიდნენ სოფელ ს-------ოში, სადაც მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში და მოახდინა ფოტოგადაღება. დაზარალებულმა შ. ფ------–---–მა მიუთითა ის ადგილი სადაც მისმა მაზლმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. რაიმე სახის ნივთიერი მტკიცებულება შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული არ ყოფილა.
მოწმის სახით დაკითხული ექსპერტ შ----- თ------ის ჩვენების და მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 23.03.19წ. 01:27-01:35სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქალაქე შ------- ფ------–---–ს სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში რაიმე სახის მექნიკური დაზიანებისათვის დამახასიატებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა. ექსპერტის განმარტებით, პირადი გასინჯვისას შ. ფ------–---–ი რაიმე სახის ტკივილს არ უჩიოდა.
მოწმის სახით დაკითხულ სამტრედიის შს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებელის ი-–-- თ------ის ჩვენების თანახმად, მას საგამოძიებო ნაწილიდან გადაუგზავნეს მასალაები ოჯახური ძალადობის ფაქტზე, სადაც საჭირო იყო ადმინისტრაციული ღონისძიებები. იგი გაესაუბრა ვ. ჩ-----ს და შ. ფ------–---–ს, რის შემდეგაც გამოსცა შემაკავებელი ორდრი ვ. ჩ-----ს მიმართ, რომლითაც მას აეკრძალა შ. ფ------–---–თან მიახლოება.
2019 წლის 23 მარტის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით შემთხვევის ადგილი მდებარეობს სამტრედიის რაიონის სოფელ ს-------ოში და წარმოადგენს მოწმე შ------- ფ------–---–ის საცხოვრებელ სახლს ეზოში შევდივართ ჭიშკრის გავლით. სახლი არის ორსართულიანი, სახლის პირველ სართულზე შევდივართ ხის კარების გავლით და შევდივართ მისაღებ ოთახში, ხოლო მისაღები ოთახიდან კი ყოველდღიურ ოთახში. მოწმე შ------- ფ------–---–მა ხელით მიუთითა მისაღებ ოთახში ის ადგილი სადაც მისმა მაზლმა 2019 წლის 22 მარტს 22 საათზე და 55 წუთზე სახის არეში დაარტყა ხელი, რაც ექსპერტის მიერ ფოტოგრაფირებული იქნა. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს რაიმე საგანი ან ნივთი ნაპოვნი ან ამოღებული არ ყოფილა.
საქმეში არსებული ნიმუშის აღების ოქმით დადგენილია, რომ 2019 წლის 18 აპრილს, სამტრედიის რაიონული სამმართველოს შენობაში ექსპერტ თ. კ--–-----–--ის მიერ შ. ფ------–---–ისაგან ამ უკანასკნელის თანხმობით აღებული იქნა ხმის ნიმუში.
2019 წლის 21 მაისის N------ ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით რომელიც მხარეთა შეთანხმებით საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის შესაბამისად ცნობლ იქნა უდაო, პრეუდიციული მნიშვნელობის მტკიცებულებად და სასამართლო სხდომაზე მხარეთ მონაწილეობით გამოკვლეული 112-ის ცენტრიდან მიღებული დვდ-რ დისკის აუდიო ჩანაწერით დგინდება, რომ შ. ფ------–---–იმა 112-ის ოპერატორს შეატყობინა ოჯახური ძალადობის ფაქტზე და განუმარტა, რომ მისმა მაზლმა დაარტყა ხელი.
სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის წარდგენილი ბრალდებით ვ------ა ჩ-----ს დამნაშავედ ცნობისათვის.
სააპელაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტზე, რომ დაზარალებულ შ------- ფ------–---–ს სასამართლოსათვის არ მიუცია ისეთი ჩვენება რაც საკმარისი იქნებოდა ვ------ა ჩ-----ს დანაშავედ ცნობისათვის, ასევე აღსანიშნავია, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების ირგვლივ ვერც სხვა პირებმა მისცეს სასამართლოს ისეთი ჩვენებები, რომლებიც სარწმუნო იქნებოდა და დადგებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. რაც შეეხება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, აღნიშნული დასკვნითაც არ დასტურდება შ------- ფ------–---–ის მიმართ რაიმე სახის დაზიანება.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ წარმოდგენილ საქმეში არ არსებობს, არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც სხვა რელევანტურ მტკიცებულებებთან ერთად შექმნიდა მტკიცებულებათა ერთობლიობას, ვ------ა ჩ-----ს დამნაშავედ ცნობისათვის. მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებების შესახებ და შესაბამისად სასამართლო სწორედ ამ მტკიცებულბას შეაფასებს საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას. მართალია კანონით გათვალისწინებული წესით დასაშვებია გამოძიების პროცესში მიცემული ჩვენებების გამოქვეყნებაც, თუმცა ასეთი მტკიცებულებები თავისი სარწმუნოობის ხარისხით და სხვა შემავსებელი მტკიცებულებების გარეშე ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. კონკრეტულ შემთხვევაში კი გამოძიებაში მიცემული ჩვენების გამოქვეყნების სამართლებრივი საფუძვლებიც არ არსებობდა.
პრაქტიკაც აჩვენებს, რომ დანაშაულის ჩამდენი პირის ოჯახის წევრები ხშირად ამბობენ ჩვენების მიცემაზე უარს, ბრალდების მხარე ვალდებულია კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით შეკრიბოს ის მტკიცებულებები, რომლებიც პირის მიმართ წარდგენილ ბრალდებას უტყუარად დაადასტურებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ხდება ისე, რომ სახელმწიფო, საგამოძიებო და სასამართლო რესურსების ფუჭი ხარჯვის შემდეგ შესაძლებელია ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება დაუსჯელი დარჩეს, ხოლო მისი განმეორებით ჩადენის რისკის გათვალისწინებით კი უგულველყოფილია სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის პოზიტიური ვალდებულება!
შესაბამისად სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მთელ რიგ ასეთ ასპექტებზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland)
საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასებისას წარმოშვებული ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ასევე ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ყოველივეს გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შეუძლებელია წარდგენილი ბრალდებით ვ------ა ჩ-----ს მსჯავრდება, რის გამოც სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 ივნისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ პუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ------- ვ----------იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 ივნისის გამამართლებელი განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ვ------ა ჩ----- ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდეს.
ვ------ა ჩ-----ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
ვ------ა ჩ----- გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
განემარტოს გამართლებულ ვ------ა ჩ-----ს, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით.
ორი ცალი დისკი რაც ინახება სისხლის სამართლის საქმეში დარჩეს საქმეში საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: მაკა გორგოძე