განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 02.08.2019
საქმის ნომერი
200210116001382067
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
02.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 200210116001382067

საქმე №2ბ/7051-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

20 ივნისი, 2019 წ. ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მაია სულხანიშვილი

 

სხდომის მდივანი - მარინე თათრიაშვილი

 

აპელანტი - ნ-----------ე

წარმომადგენელი - ბ-------------–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე _ თ--–----------–----–------------------

წარმომადგენელი - ა--------–----–---–ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 02 ოქტომბრის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

 

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 02 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ნ-----------ის სარჩელი, თ--–----------–----–------------------ს მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით, არ დაკმაყოფილდა.

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების თანახმად, უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ არსებობს.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ“ საქართველოს ეკონომიკის განვითარების მინისტრის 2008 წლის 1 აპრილის N1/1-441 ბრძანებით თელავის მუნიციპალიტეტის ძირითადი (გაუსხვისებელი) ქონების სახით საკუთრებაში გადაეცა სოფელ ა------–ი მდებარე 1743 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული სამი შენობა-ნაგებობით ( N1-362 კვ.მ; N2-13 კვ.მ; N3-78 კვ.მ ს/კოდი N5-----------).

 

2.2. თ--–----------–----–------------------ს საკუთრებად 2010 წლის 01 ივლისს დარეგისტრირებულია თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ა------–ი მდებარე 1743 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებულზე სამი შენობა-ნაგებობა ( N1-362 კვ.მ; N2-13 კვ.მ; N3-78 კვ.მ ს/კოდი N5-----------).

 

2.3. საქმის მასალების თანახმად დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარემ 1997 წლის 29 დეკემბერს შეაფასებინა აუდიტორს სადავო ქონება. აუდიტორული დასკვნის თანახმად გამოკვეთილია, რომ 1997 წლის 29 დეკემბერს მოხდა ნ-----------ის მიერ შესაძენად განკუთვნილი ქონების შეფასება (იხ.ს.ფ.19), ხოლო საქმეში არსებული 1999 წლის 18 მარტის ცნობის თანახმად, ნ-----------ემ შეისყიდა ყოფილი სასურსათო მაღაზია.

 

სასამართლომ ვერ გაიზიარა მოსარჩელე მხარის მოსაზრება მასზედ, რომ უძრავი ქონება, რომელიც მდებარეობს თელავის მუნიციპალიტეტის სოფ. ა------–ი კოოპერატივ „ა-----ა“-ს ყოფილი ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე, ყოფილი სასურსათო მაღაზიის ოთახი, ფართობით 49,87 მ2, შესაბამისი მიწის ნაკვეთით მისი საკუთრებაა და იგი ცნობილი უნდა იქნეს ამ სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ და მოპასუხემ უნდა გამოათავისუფლოს ეს ქონება, ვინაიდან მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია სადავო უძრავ ნივთზე კანონით დადგენილი წესით საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები.

 

სასამართლომ შენიშნა, რომ 1997 წლის 25 ნოემბრიდან ძალაში შევიდა მოქმედი სამოქალაქო კოდექსი, რომლის 183-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად უძრავი ნივთის შესაძენად უკვე აუცილებელი იყო, როგორც სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი, ასევე შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ასეთი დოკუმენტები კი მოსარჩელე მხარეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად კი თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სასამართლომ გაიზიარა მოპასუხე მხარის მოსაზრება და დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 აგვისტოს N687 ძალადაკარგული ბრძანებულებით დამტკიცებული ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხის პირველი მუხლის მიხედვით, ძირითადი ქონების კატეგორიაში გავიდა ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობები. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ა------–ი მდებარე 1743 კვ.მ მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული სამი შენობა-ნაგებობით ( N1-362 კვ.მ; N2-13 კვ.მ; N3-78 კვ.მ ს/კოდი N5-----------) წარმოადგენდა ადმინისტრაციული დანიშნულების შენობა-ნაგებობას, ეს შენობა იყო ადმინისტრაციული დანიშნულების საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 1 აპრილის N1/1-441 ბრძანების გამოცემამდეც და მას შემდეგ დღემდეც.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.4. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე, მაგრამ ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან.

 

„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 აგვისტოს N687 (ძალადაკარგული) ბრძანებულებით დამტკიცებული ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხის პირველი მუხლის მიხედვით, ძირითადი ქონების კატეგორიაშია ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობები. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ა------–ი მდებარე 1743 კვ.მ მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული სამი შენობა-ნაგებობით ( N1-362 კვ.მ; N2-13 კვ.მ; N3-78 კვ.მ ს/კოდი N5-----------) წარმოადგენდა ადმინისტრაციული დანიშნულების შენობა-ნაგებობას, ეს შენობა იყო ადმინისტრაციული დანიშნულების საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 1 აპრილის N1/1-441 ბრძანების გამოცემამდეც და შემდეგაც. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 08 აგვისტოს №687 (ძალადაკარგული) ბრძანებულებით დამტკიცებული ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხის პირველი მუხლის მიხედვით, ძირითადი ქონების კატეგორიაშია ,, ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობები ან მათი ნაწილი მათზე დამაგრებული მიწის ფართობით, რომლის არსებით შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს შენობა-ნაგებობები, ასევე შესაბამისი ქონება, რომელიც აუცილებელია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული საქმიანობის განსახორციელებლად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ უძრავი ქონების, მდებარე: თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ა------–ი მდებარე 1743 კვ.მ მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული სამი შენობა-ნაგებობით ( N1-362 კვ.მ; N2-13 კვ.მ; N3-78 კვ.მ ს/კოდი N5-----------) მესაკუთრეა მოპასუხე თელავის მუნიციპალიტეტის მერია, ხოლო მოსარჩელე მხარეს არა აქვს წარმოდგენილი ზემო აღნიშნულის გამაბათილებელი შესაბამისი დოკუმენტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია რომ მოსარჩელე მხარე არ არის სადავო ნივთის მესაკუთრე, სადავო ნივთის მესაკუთრედ საჯარო რეესტრის მონაცემებით დარეგისტრირებულია მოპასუხე თელავის მუნიციპალიტეტის მერია, რის გამოც სასამართლომ მიიჩნია რომ მოსარჩელე ნ-----------ის სარჩელი უსაფუძვლო იყო და არ დააკმაყოფილა იგი

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები და დაადგინა, რომ ნ-----------ე არ წარმოადგენდა სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, მაშინ, როდესაც თავად მოპასუხე მხარემაც დაადასტურა აღნიშნული გარემოება და განმარტა, რომ უძრავი ნივთი ეკუთნოდა აპელანტს. ნ-----------ე მიუთითებს, რომ სადავო ქონება მის მიერ იქნა შეძენილი და აღნიშნულის დასტურად აქვს ყველა შესაბამისი მტკიცებულება, მათ შორის - სასამართლოს გადაწყვეტილება და ცნობა სადავო ქონების შეძენის შესახებ, რომელტა ავთენტურობაც სადავოდ არ გამხდარა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოება არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო სასამართლო იზიარებს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს იმის თაობაზე, რომ „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ“ საქართველოს ეკონომიკის განვითარების მინისტრის 2008 წლის 1 აპრილის N1/1-441 ბრძანებით თელავის მუნიციპალიტეტის ძირითადი (გაუსხვისებელი) ქონების სახით საკუთრებაში გადაეცა სოფელ ა------–ი მდებარე 1743 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული სამი შენობა-ნაგებობით ( N1-362 კვ.მ; N2-13 კვ.მ; N3-78 კვ.მ ს/კოდი N5-----------). თ--–----------–----–------------------ს საკუთრებად 2010 წლის 01 ივლისს დარეგისტრირებულია თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ა------–ი მდებარე 1743 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებულზე სამი შენობა-ნაგებობა ( N1-362 კვ.მ; N2-13 კვ.მ; N3-78 კვ.მ ს/კოდი N5-----------).

 

4.2. პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ნ-----------ემ 1997 წლის 29 დეკემბერს შეაფასებინა აუდიტორს სადავო ქონება. აუდიტორული დასკვნის თანახმად გამოკვეთილია, რომ 1997 წლის 29 დეკემბერს მოხდა ნ-----------ის მიერ შესაძენად განკუთვნილი ქონების შეფასება (იხ. ტომი 1, ს.ფ.19), ხოლო საქმეში არსებული 1999 წლის 18 მარტის ცნობის თანახმად, ნ-----------ემ შეისყიდა ყოფილი სასურსათო მაღაზია. პალატა იზიარებს თელავის რაიონული სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ დაუსაბუთებელია აპელანტის მოსაზრება თელავის მუნიციპალიტეტის სოფ. ა------–ი კოოპერატივ „ა-----ას“ ყოფილი ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე მდებარე ოთახისა და შესაბამისი მიწის ნაკვეთის მის საკუთრებად მიჩნევის თაობაზე, რამდენადაც საქმეში არ არის წარმოდგენილი სადავო უძრავ ნივთზე კანონით დადგენილი წესით შედგენილი საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები. პალატის შეფასებით, აპელანტის მიერ მის საკუთრებად ქონების მიჩნევის დასტურად წარდგენილი სასამართლო გადაწყვეტილება და ცნობა ვერ იქნება მიჩნეული შესაბამის და სათანადო დოკუმენტებად, მით უფრო, იმ პირობებში, რომ თ--–----------–----–------------------ წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამასთან, დადგენილია, რომ აპელანტი ნ-----------ის მისი საკუთრების უფლება სადავო ქონებაზე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დასტურდება.

 

პალატა შენიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-172-ე მუხლებით გათვალისწინებულია ის წინაპირობები, რაც უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე წარდგენილი სარჩელის დაკმაყოფილებისთვის არის იმპერატიულად დაწესებული: (ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება), თუმცა, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ არის დადგენილი ნ-----------ის საკუთრების უფლება სადავო ქონებაზე, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ნ-----------ის სარჩელი დაუსაბუთებელი იყო და სწორად უთხრა მას დაკმაყოფილებაზე უარი, მით უფრო მაშინ, როდესაც დადგენილია ის გარემოებაც, რომ „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 აგვისტოს N687 ძალადაკარგული ბრძანებულებით დამტკიცებული ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხის პირველი მუხლის მიხედვით, ძირითადი ქონების კატეგორიაში გავიდა ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობები და სადავო უძრავი ქონება - თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ა------–ი მდებარე 1743 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული სამი შენობა-ნაგებობით ( N1-362 კვ.მ; N2-13 კვ.მ; N3-78 კვ.მ ს/კოდი N5-----------) წარმოადგენს ადმინისტრაციული დანიშნულების შენობა-ნაგებობას, რამდენადაც ამ შენობას მინიჭებული აქვს ადმინისტრაციული დანიშნულების მქონე შენობის სტატუსი საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 1 აპრილის N1/1-441 ბრძანებით და მანამდეც და მას შემდეგაც წარმოადგენს თ--–----------–----–------------------ს ადგილსამყოფელს.

 

პალატა აქვე შენიშნავს იმასაც, რომ ზოგადად, თვითმმართველი ერთეულის ქონება იყოფა ორ კატეგორიად – ძირითად (განუსხვისებელ) და დამატებით ქონებად. ძირითად (განუსხვისებელი) ქონებას წარმოადგენს თვითმმართველი ერთეულის ქონება, რომელიც არის თვითმმართველობის განხორციელების საფუძველი და რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ შეიძლება გამოიყენოს მხოლოდ თავისი საჯარო ფუნქციებისა და უფლებამოსილების განხორციელების მიზნით; ამასთან, აღსანიშნავია, რომ თვითმმართველი ერთეულის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისება დაუშვებელია, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა. პალატა ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ თ--–----------–----–------------------ს წარმომადგენელს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ ნ-----------ე წლებია ფლობს და სარგებლობს სადავო უძრავი ქონებით, თუმცა ყოფილი კოოპერატივ ,,ა-----ას” შენობის პირველ სართულზე არსებული ოთახი - ფართობით 49,87 კვ.მ, მოქცეულია თ--–----------–----–------------------ს საკუთრებაში არსებულ შენობის შემადგენლობაში (საკადასტრო კოდით 5-----------) და დღეისათვის მისი მოსარჩელისათვის გადაცემული საფუძველი არ არსებობს.

 

ამდენად, პალატა განმარტავს, რომ უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა უნდა ხორციელდებოდეს კანონიერების ფარგლებში და არა კანონმდებლობის მოთხოვნათა, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის ხარჯზე. ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და შესაბამისად, მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ-----------ის სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 02 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის გამო არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ნ-----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 02 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

 

3. სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია სულხანიშვილი