განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310017001914381 საქმე №3ბ/1193 -18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
18 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
I შ ე ს ა ვ ა ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე- გიორგი გოგიაშვილი
სხდომის მდივანი - დიანა გოხაძე
აპელანტი - შპს ,,მ----------“
წარმომადგენლები - მ-----------------ი, მ-----–-–-------ი (დირექტორი)
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო
წარმომადგენელი - ე---------------–--–ი
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 09 მარტის გადაწყვეტილება
I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1.აპელანტ შპს ,,მ----------“-ის მოთხოვნა
1.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 09 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 09 მარტის გადაწყვეტილებით შპს „მ--------- -ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2.1. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიაჩნია, რომ ზ------ შ-------მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე შპს „მ--------- -ის“ მიმართ, ზიანის სახით 424 350 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით (საქმე №2---------) დაკმაყოფილდა მოსარჩელე ზ------ შ-------ის სარჩელი მოპასუხე შპს „მ---------ის“ მიმართ და მოპასუხე შპს ,,მ---------ს” დაეკისრა ზ------ შ-------ის სასარგებლოდ 424 350 აშშ დოლარის გადახდა. მოპასუხე შპს „მ---------ს“, ასევე, დაეკისრა მოსარჩელის ზ------ შ-------ის სასარგებლოდ მოსარჩელე მხარის მიერ წინასწარ შეტანილი სახელმწიფო ბაჟის თანხის სანაცვლოდ 3 000 ლარის გადახდა.
2013 წლის 15 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე გაცემულია სააღსრულებო ფურცელი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება (საქმე №2---------) (ს.ფ. 15-20)
- 2013 წლის 15 აპრილის სააღსრულებო ფურცელი (საქმე №2---------) (ს.ფ. 14)
2013 წლის 28 მაისს ზ------ შ-------მა განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს და იძულებითი აღსრულების მიზნით 2013 წლის 15 აპრილის №2--------- სააღსრულებო ფურცელი წარადგინა. აღნიშნულის საფუძველზე დაიწყო №A1------- სააღსრულებო საქმის წარმოება.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- განცხადება იძულებითი აღსრულების მიზნით სააღსრულებო დოკუმენტის წარმოებაში მიღების შესახებ (ს.ფ. 13)
- სააღსრულებლო საქმის წარმოების მონაცემები (ს.ფ. 58)
2014 წლის პირველ ივლისს ზ------ შ-------ის წარმომადგენელმა მ-----–-–-------მა განცხადებით მიმართა თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელს ვ---------------ეს და მიუთითა, თუ სად იყო განთავსებული მოვალის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომ გასაღები საწარმოს წარმომადგენელს გააჩნია და მიუთითა მისი მისამართიც.
განცხადებით მოთხოვნილი იქნა შესაბამისი რეაგირების - ავტომანქანების აღწერისა და აუქციონზე გატანის განხორციელება.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ზ------ შ-------ის განცხადება (ს.ფ. 110)
შპს „მ--------- -ს“, მისამართზე თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, ვ---------–---, მე-4 მ/რ, კ---------- ბ. 248, გაეგზავნა თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2013 წლის 28 მაისისა და 2014 წლის 2 ოქტომბრის წინადადებები გადაწყვეტილების შესრულების შესახებ.
სასამართლომ საქმის მასალებით ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2014 წლის 21 ოქტომბრის №A1--------0------ განკარგულებით №A1------- სააღსრულებო წარმოების მიმართ შეტყობინება „წინადადება გადაწყვეტილების შესახებ“ გავრცელდა საჯაროდ.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- 2013 წლის 28 მაისის №A1--------005/001 წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ს.ფ. 77-80)
- 2014 წლის 2 ოქტომბრის №A1--------005/002 წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ს.ფ. 83-87)
- თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2014 წლის 21 ოქტომბრის №A1--------0------ განკარგულება (ს.ფ. 173-174)
2014 წლის 21 ოქტომბერს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის - კ------------ას მიერ შედგენილია №4---- აქტი ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ, რომლის თანახმადაც დაყადაღებულ იქნა „Mercedes-Benz-ის“ მარკის ექვსი სატვირთო ფურგონი სახელმწიფო ნომრებით - A--------------------------------------------------------------------------------------------). (აქტის შედგენის ადგილი - თბილისი, გ-–----------------, კორპ. 11-ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ავტოსადგომზე).
ნივთის აღწერისა და დაყადაღების პროცესს არ ესწრებოდნენ კრედიტორი და მოვალე.
აქტში შემნახველად მითითებულია მ-------------–---–ი, რომლის მისამართადაც აღნიშნულია - თბილისი, მისამართის გარეშე.
აქტის შესაბამისად, დამსწრე პირებს განემარტათ აღმასრულებლის მოქმედებათა გასაჩივრების წესი. აღმასრულებლის მოქმედების გასაჩივრება შეიძლება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან ასეთი მოქმედების განხორციელებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში ან პირდაპირ სასამართლოში ასეთი მოქმედების განხორციელებიდან 1 თვის ვადაში. ქონების შემნახველს განემარტა მისი მოვალეობა ქონების შენახვისთვის და გადაცემული ქონების გაფლანგვისთვის, გასხვისების ან გადამალვისთვის პასუხისმგებლობის საკითხი.
აქტი ხელმოწერილია მ-------------–---–ის მიერ და მითითებულია მობილური ტელეფონის ნომერი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- 2014 წლის 21 ოქტომბრის №4---- აქტი ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ (ს.ფ. 168-169)
2014 წლის 21 ოქტომბერს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ შედგენილია №4---- ოქმი სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შესახებ, რომლის მიხედვითაც, აღმასრულებელი გამოცხადდა მოვალის - შპს „მ--------- -ის“ დირექტორის საცხოვრებელ მისამართზე, რათა მისთვის ჩაებარებინა წინადადება და მიმართვა ქონებრივი ნუსხის წარდგენის თაობაზე, თუმცა აღნიშნული ქმედება ვერ განხორცილდა, რადგან მისამართზე კარი დახვდა დაკეტილი. მეზობლებს მათ შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.
ოქმს დამსწრე პირის სახით ხელს აწერს ვ---------------ე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- 2014 წლის 21 ოქტომბრის №4---- ოქმი სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შესახებ (ს.ფ. 170-171)
Mercedes-Benz 308D -ის მარკის სატვირთო ფურგონის (საიდენტიფიკაციო კოდი - WDB6-------------) საექსპერტო შემოწმების №0------- აქტის მიხედვით, ავტომანქანის საორიენტაციო ღირებულება, არსებული საბაზრო ფასების გათვალისწინებით, შეადგენს 3 000 ლარს.
აქტის თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალება საშუალო შენახულობისაა, კომპლექტაციაშია. აღენიშნება ჟანგვა-კოროზია, ჭყლეტა ნაკაწრები. ესაჭიროება სათუნუქე სამღებრო სამუშაო. დაზიანებულია უკანა მარჯვენა მაშუქი, არ აქვს უკანა მარცხენა მაშუქი. არ აქვს წინა ბამპერი. აკუმულატორის უქონლობის გამო მუშა მდგომარეობა დაუდგენელია. ავტომანქანას ესაჭიროება ცნობა წონების შესახებ დიაგნოსტიკური ცენტრიდან.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- საექსპერტო შემოწმების №0------- აქტი (ს.ფ. 23-24)
2015 წლის 16 ივნისს აღმასრულებლის მიერ შედგენილია №6---- ოქმი სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შესახებ, რომლის თანახმადაც, აღმასრულებელი გამოცხადდა თბილისში, გ-–-------------- მ/რ, კორპ. 11-ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ავტოსადგომზე, №4---- აქტით დაყადაღებული ავტომანქანების აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადაყვანის მიზნით, თუმცა ადგილზე მისვლისას დაყადაღებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები აღარ დახვდა.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- 2015 წლის 16 ივნისის №6---- ოქმი სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შესახებ (ს.ფ. 269-270)
2015 წლის 10 ივლისს აღმასრულებლის მიერ შედგენილია №6---- ოქმი სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შესახებ, რომლის თანახმადაც, აღმასრულებელი გამოცხადდა კ------- ქ. 42-ში, სადაც განთავსებულია 2014 წლის 21 ოქტომბერს, გ-–----------------, მე-11 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე №4---- აქტით აღწერილი და დაყადაღებული 6 მერსედეს ბენცის სატვირთო ფურგონი სახელმწიფო ნომრებით A----------------------------------------------------, რომლებიც კრედიტორის მიერ გადაყვანილი იქნა კ------- ქ. 42-ში. აღნიშნული ავტომანქანები ვიზუალური დათვალიერებით არის სრულ კომპლექტში, მხოლოდ ერთ მანქანას სახელმწიფო ნომრით A------ არ აქვს ძრავი და სიჩქარეების გადაცემათა კოლოფი. აღნიშნული ავტომანქანები აღმასრულებელს უნდა გადაეყვანა აღსრულების ეროვნულ ბიუროში შემდგომი რეალიზაციის მიზნით, რაზეც კრედიტორის წარმომადგენელმა მ-----–-–-------მა უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ მიმდინარე თვის პირველივე ორშაბათს დაწერდა განცხადებას აღნიშნული ავტომანქანების ნაწილში სააღსრულებო მოქმედების შეწყვეტის შესახებ. ვინაიდან კრედიტორის წარმომადგენელმა უარი განაცხადა ავტომანქანების გადაყვანაზე, მ-----–-–-------ს შესანახად ჩაბარდა ექვსივე მანქანა.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- 2015 წლის 10 ივლისის №6---- ოქმი სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შესახებ (ს.ფ. 25)
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 26 სექტემბრის №0-------- დასკვნის მიხედვით, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ 1994 წელს დამზადებულ ავტომობილზე Mercedes-Benz 308D, სახელმწიფო ნომრით A------, საიდენტიფიკაციო კოდი - WDB6-------------, არის დამონტაჟებული გადაცემათა კოლოფი და ძრავი, მისი გარე სამაგრი აგრეგატებითა და მაკომპლექტებელი დეტალებით - სრული კომპლექტი, ძრავის გაგრილების სისტემის მაკომპლექტებელი დეტალები, გადაჭრილია ძრავის მართვის ელ. სადენების შეკვრა. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი სახით, ტექნიკური თვალსაზრისით, ავტომობილი გაუმართავია.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 21 ოქტომბრის №5--------- წერილის მიხედვით, ავტომობილზე ჩასატარებელი აღდგენითი სამუშაოებისა და შესაცვლელი დეტალების რაოდენობისა და მათი საბაზრო ღირებულებების გათვალისწინებით, მისი აღდგენა შემდგომი ექსპლუატაციისათვის, მატერიალური თვალსაზრისით, მიზანშეწონილი არ არის.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 7 ნოემბრის №5--------- წერილის შესაბამისად, 2016 წლის 26 სექტემბრის №0-------- დასკვნაში დაშვებულია ტექნიკური უზუსტობა, კერძოდ, ავტომობილის დასახელებულ დეტალებზე, ნაცვლად ტექსტისა „არის დამონტაჟებული“, უნდა ეწეროს - „არ არის დამონტაჟებული“.
2016 წლის 26 სექტემბრის ექსპერტიზის ჩატარების მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, საექსპერტო მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 100 ლარი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 26 სექტემბრის №0-------- დასკვნა (ს.ფ. 27-32)
- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 21 ოქტომბრის №5--------- წერილი (ს.ფ. 34-35)
- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 7 ნოემბრის №5--------- წერილი (ს.ფ. 33)
- მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 36)
მ-------------–---–თან 2015 წლის 17 ივნისის გასაუბრების ოქმის მიხედვით, მუდმივი საცხოვრებელის არმქონემ მ-------------–---–მა გასაუბრებისას აღნიშნა, რომ საცხოვრებელი ბინის არქონის გამო, დაახლოებით, 2011 წელს, გაზაფხულის პერიოდში, ხანდახან ღამით რჩებოდა თბილისში, გ-–----------------, მე-11 კორპუსის უკან მდებარე ავტომანქანების სადგომზე, სადაც იდგა ერთი პატარა ოთახი, დარაჯი იყო ვინმე ვ---- და სადგომის მფლობელი რ---------. სადგომზე რამდენჯერმე ჰყავს იგი ნანახი. 2011 წელს მ-------------–---–ი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს, სასჯელს იხდიდა 8 თვე, გამოვიდა 2012 წლის თებერვალში. ამავე წლის აპრილის თვის შემდეგ იგი კვლავ მივიდა ავტოსადგომზე, სადაც მისვლისას მას დახვდა 5 თეთრი და 1 ყვითელი მერსედესის მარკის სატვირთო ფურგონი, რომელთა სახელმწიფო ნომრები არ ახსოვს. დარაჯი უკვე იყო გ-------------–---–ი. ეს სადგომი თითქმის აღარ ფუნქციონირებდა. მ-------------–---–მა განაგრძო ოთახში ცხოვრება, გ-------------–---–ის თანხმობით ისე, რომ სადგომის მეპატრონისთვის ნებართვა არ უთხოვია. როგორც გ-------------–---–მა უთხრა, 6 სატვირთო ფურგონის სადგომზე გაჩერების ქირას იხდიდა ვიღაც მამაკაცი, რომლის ვინაობაც მან არ იცის და არ უნახავს. გ-------------–---–ის თქმით, მას დარჩენილი ჰქონდა ერთი წლისა და რვა თვის ქირა, ამასთან, არ უთქვამს ზუსტად რა პერიოდში და ვინ გააჩერა ეს მანქანები სადგომზე.
2014 წლის აგვისტოში მ-------------–---–მა გაიკეთა გულის ოპერაცია და ძირითადად ძმასთან იყო ბინაში. დაახლოებით, 2014 წლის შემოდგომაზე გ-------------–---–ი აღარ მუშაობდა ავტოსადგომზე, რომელიც აღარ ფუნქციონირებდა, დარჩენილი იყო მხოლოდ 6 მანქანა. მ-------------–---–ს დაურეკეს აღსრულების ბიუროდან და სთხოვეს ავტოსადგომზე მისვლა, სადაც დახვდა სამი მამაკაცი, განმარტეს, რომ იყვნენ აღსრულების ეროვნული ბიუროდან, აღწერეს სატვირთო ფურგონები, ხოლო მ-------------–---–ს უთხრეს, რომ ხელი მოეწერა როგორც აღწერისას დამსწრე პირს და ელექტრონულად მოაწერინეს ხელი. მისთვის არ უთქვამთ, რომ ხელს აწერინებდნენ როგორც ამ მანქანების შემნახველ პირს და არც დოკუმენტაციის ასლი გადაუციათ. ამის შემდეგ მ-------------–---–ი იშვიათად რჩებოდა სადგომზე, 2015 წლის იანვარში საბოლოოდ წამოვიდა. მისი განმარტებით, რომ სცოდნოდა, რომ იგი დაფიქსირებული იყო დოკუმენტაციაში ავტომანქანების შემნახველ პირად, არ მიატოვებდა მათ არც ერთი დღე, უფრო მეტიც, ხელს საერთოდ არ მოაწერდა დოკუმენტზე, ვინაიდან არ იცოდა ვისი იყო მანქანები, ვინ გააჩერა ავტოსადგომზე და არ აიღებდა პასუხისმგებლობას. მ--------------–---–ის მითითებით, ავტოსადგომზე ყოფნისას საეჭვო პირი არ შეუმჩნევია და არ იცოდა, რომ რომელიმე მანქანიდან დაიკარგა ძრავა ან სხვა ნაწილი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- მოწვეულ პირთან 2015 წლის 17 ივნისის გასაუბრების ოქმი (ს.ფ. 322-324)
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის 2015 წლის 25 სექტემბრის მიმართვის შესაბამისად, შესასრულებლად დაეწერა №9----- შეტყობინება მასზედ, რომ მ-----– შ-------მა განაცხადა თბილისში, გ-–------------ მ/რ, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაუქმებულ ავტოსადგომზე გაჩერებული მერსედესის მარკის სატვირთო ფურგონიდან ძრავის, რადიატორის და გადაცემათა კოლოფის გაურკვეველ ვითარებაში დაკარგვის ფაქტზე. როგორც თავად მ-----–-–-------ისა და ავტოსადგომის ყოფილი დარაჯის გასაუბრებით გაირკვა, ეს ავტომანქანა, სხვა 5 ფურგონთან ერთად, დაუდგენელმა პირმა გაურკვეველ დროს გააჩერა ამ ავტოსადგომზე. ასევე, გასაუბრება შედგა მ-------------–---–თან, რომელიც უსახლკარობის გამო დროებით ცხოვრობდა ავტოსადგომზე არსებულ ჯიხურში და მას აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომელმა შენახვის მიზნით ჩააბარა ეს ავტომანქანები, თუმცა მ-------------–---–ი არ იყო ბოლომდე გარკვეული და ეგონა, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლების მიერ მანქანების დათვალიერების შემდეგ დოკუმენტზე ხელმოწერა გულისხმობდა იმას, რომ ესწრებოდა დათვალიერებას. მანქანები ეკუთვნოდა შპს „მ----------ს“, რომელიც დაფუძნებული იყო მ-----–-–-------ის მამის მიერ. აღნიშნული ავტომანქანები წაიყვანა მ-----–-–-------მა, როგორც კომპანიის ახალმა დირექტორმა და შეწყვიტა საქმის წარმოება აღნიშნულ მანქანებთან დაკავშირებით აღსრულების ეროვნულ ბიუროში. მასალების მოკვლევით არ დასტურდება ავტომანქანების ნაწილების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ფაქტი ან მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- 2015 წლის 25 სექტემბრის №MIA 4------------ მიმართვა (ს.ფ. 325)
2.2. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე რომლის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
სასამართლომ მიუთითას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებაზე, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით „გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის №2/3/423 გადაწყვეტილება) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებაში კი საქმეზე №23/630 აღნიშნულია, რომ კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის უპირველეს მიზანს წარმოადგენს დაზარალებული პირის ინტერესების დაცვა მიყენებული ზარალის ანაზღაურების გზით. სახელმწიფო რესურსის მასშტაბის, მოცულობის და ბუნების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან არამართლზომიერ ქმედებათა განხორციელება ხშირ შემთხვევებში გაცილებით მეტი საფრთხის შემცველია კერძო სუბიექტების მხრიდან განხორციელებულ ანალოგიური სახის ქმედებასთან შედარებით. ამიტომ მიყენებული ზარალის ანაზღაურების ვალდებულების დაწესება ხელს უწყობს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა თვითნებობის და ძალაუფლების უკანონოდ გამოყენების პრევენციას. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ზარალის ანაზღაურების უფლებას რამდენიმე წინაპირობის არსებობას უკავშირებს: 1. უნდა არსებობდეს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა სახელით მოქმედი პირის ქმედებით პირისათვის ზარალის მიყენების ფაქტი; 2. ხსენებულ პირთა ქმედების უკანონო ხასიათი დადგენილი უნდა იყოს სათანადო წესით; 3. პირისათვის მიყენებული ზარალი გამოწვეული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტში მითითებული სუბიექტების უკანონო ქმედებით და უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და დამდგარ ზარალს შორის.
სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის ან სხვა პირის სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის განსაკუთრებულ წესს ადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-209-ე მუხლები. კერძოდ, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილი ცალსახად განსაზღვრავს, რომ სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებლის ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტებაზე (საქმე №ბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ), რომლის თანახმადაც „ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნული კოდექის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.“ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს. ამავე კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად კი, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
სასამართლომ განმარტა, რომ მითითებული მუხლების თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი, მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმისათვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების წინაპირობა, სახეზე უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), წარმოშობილი ზიანი და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომის სავალდებულო პირობას და გამოიხატება იმაში, რომ პირველი წარმოშობს მეორეს. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხისთვის მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრებას და უთითებდა, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დაკისრებული ვალდებულებების ჯეროვნად განუხორციელებლობით მიადგა მატერიალური ზიანი. კერძოდ, მოპასუხის მიერ არ იქნა უზრუნველყოფილი დაყადაღებული ნივთების შესაბამისი წესით დაცვა, ავტოსატრანსპორტო საშუალება განთავსდა ავტოსადგომზე ისე, რომ არ ჩაბარებია უფლებამოსილ პირს, შედეგად კი ერთ-ერთი ავტომანქანიდან მოპარულ იქნა სხვადასხვა ნაწილი და იგი აღარ ფუნქციონირებს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ზიანის ანაზღაურებისთვის უნდა არსებობდეს შესაბამისი წინაპირობები. კერძოდ, პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), დამდგარი ზიანი, მიზეზშედეგობრივი კავშირის არსებობა ქმედებასა და შედეგს შორის და ზიანის მიმყენებლის ბრალეულობა. მოხელის ქმედება, რომელმაც ზიანი გამოიწვია, უნდა გამომდინარეობდეს მოხელის სამსახურებრივი მოვალეობიდან და იყოს მართლსაწინააღმდგო და ბრალეული, რაც გამოიხატება პირის შეგნებულ, მიზანმიმართულ უმოქმედობაში ან უხეშ გაუფრთხილებლობაში ანუ პირი შეგნებულად უნდა უშვებდეს პირისათვის ზიანის მიმყენებელი გარემოების დადგომას და არ ახორციელებდეს მისთვის კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს მის თავიდან ასაცილებლად. ამასთან, ქმედების უკანონობა დადასტურებული უნდა იყოს კანონით დადგენილი წესით.
საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს აწესრიგებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სააღსრულებო წარმოება არ დაიშვება სააღსრულებო ფურცლის (დედნის) გარეშე, გარდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2581 მუხლით განსაზღვრული გირავნობის მოწმობის, ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული უძრავი ქონების შემძენის განცხადების, დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების და აღსრულების შესახებ ბრძანების აღსრულებასთან დაკავშირებული საქმეებისა.
ამავე კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით კი, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.
სასამართლომ განმარტა, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება შეიძლება განვიხილოთ სასამართლო პროცესის განუყოფელ ნაწილად. ამასთან, იძულებითი აღსრულების კანონის მოთხოვნათა შესაბამისად განხორციელებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რამეთუ იძულებითი აღსრულებისას მოვალის ინტერესთა ხელყოფის საშიშროება არსებობს. სწორედ ამიტომ აღმასრულებელმა სააღსრულებო მოქმედების განხორციელებისას უნდა დაიცვას კანონის ყველა დანაწესი, რაც მხარეთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვის გარანტია. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სააღსრულებო წარმოების დაწყების საფუძველი გახდა კრედიტორის მიერ წარდგენილი განცხადება კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებასა და სააღსრულებო ფურცელთან ერთად, რომლითაც მოპასუხე შპს ,,მ---------ს” დაეკისრა ზ------ შ-------ის სასარგებლოდ 424 350 აშშ დოლარის გადახდა. ასევე, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ სააღსრულებო წარმოების ფარგლებში დაყადაღდა მოსარჩელის ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც აღმასრულებელმა შესანახად დატოვა ავტოსადგომზე და შემნახველად მიუთითა მ-------------–---–ი. ამასთან, ერთ-ერთ ავტომანქანას აღარ გააჩნია კონკრეტული ნაწილები, რომელთა გარეშეც იგი ფაქტობრივად გამოუსადეგარი გახდა.
აღმასრულებლის უფლება-მოვალეობები მოცემულია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლში. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული აღმასრულებლის მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, მიუხედავად მათი დაქვემდებარებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა, ხოლო მე-4 პუნქტის შესაბამისად, აღმასრულებელს სააღსრულებო მოქმედებათა განხორციელებისას უფლება აქვს, შევიდეს მოვალის ბინაში, დაათვალიეროს ყველა სათავსი და მოვალის ქონება. დათვალიერება ფორმდება ოქმით. მითითებული მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, აღმასრულებელი ვალდებულია მიიღოს ყველა კანონიერი ზომა გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულებისათვის, განუმარტოს მხარეებს მათი უფლებები და მოვალეობები, აღსრულების ცალკეული სახეების შინაარსი და შესაძლებლობები, დაეხმაროს მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაში.
მითითებული კანონის 251 მუხლის თანახმად, თანხის გადახდევინების საქმეებზე სააღსრულებო წარმოების ეტაპებია: ა) აღსრულების დაწყება; ბ) ქონებაზე ყადაღის დადება; გ) აუქციონის ჩატარება; დ) კრედიტორისათვის თანხის გადაცემა.
ამავე კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში, ხოლო 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის).
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლით მოწესრიგებულია ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტის შედგენის წესი, რეკვიზიტები. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში უნდა აღინიშნოს: ა) აქტის შედგენის დრო და ადგილი; ბ) სააღსრულებო ბიუროს დასახელება, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, აგრეთვე აღმასრულებლის სახელი და გვარი, ამ კანონის III2 თავით გათვალისწინებულ შემთხვევაში – კერძო აღმასრულებლის სახელი და გვარი, სამუშაო ადგილის მისამართი და ის პირები, რომლებიც აქტის შედგენას დაესწრნენ; გ) სასამართლოს დასახელება და გადაწყვეტილება, რომელსაც აღასრულებენ, ან სხვა სააღსრულებო საბუთის დასახელება და ორგანო, რომელმაც ის გასცა; დ) კრედიტორისა და მოვალის დასახელება; ე) აქტში შეტანილი თითოეული საგნის დასახელება, მისი განმასხვავებელი ნიშნები (რაოდენობა, ზომა, წონა, ცვეთა და სხვა); ვ) აქტში შეტანილი თითოეული საგნის ცალკე შეფასება და მთელი ქონების ღირებულება, თუ აღწერისას შესაძლებელია აღმასრულებლის მიერ ფასების დადგენა; ზ) თუ საგნები ან/და სადგომები დაილუქა – რომელი საგნები ან/და სადგომები იქნა დალუქული, და ლუქების ნომრები; თ) იმ პირის დასახელება, რომელსაც ქონება გადაეცა შესანახავად, და მისი მისამართი, თუ შენახვა თვით მოვალეს არ დაევალა; ი) რომ მოვალესა და სხვა პირებს განემარტათ აღმასრულებლის მოქმედებათა გასაჩივრების წესი; მოვალეს ან ქონების შემნახველს განემარტა მისი მოვალეობა ქონების შენახვისათვის და გადაცემული ქონების გაფლანგვისათვის, გასხვისებისათვის ან გადამალვისათვის პასუხისმგებლობის საკითხი; კ) კრედიტორისა და მოვალის შენიშვნები და განცხადებები და მათზე აღმასრულებლის განმარტებანი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტს ხელს აწერენ აღმასრულებელი, ქონების შემნახველი, კრედიტორი, მოვალე და სხვა პირები, რომლებიც ესწრებოდნენ ქონებაზე ყადაღის დადებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ აღნიშნა, რომ სააღსრულებო წარმოების ფარგლებში ხდება რა მოვალის ქონების დაყადაღება, რაც გულისხმობს მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას, სააღსრულებო ბიურომ ამავდროულად უნდა უზრუნველყოს მოვალის ქონების როგორც აღწერა, ისე ქონების შესანახავად გადაცემა, შესაბამისი საფუძვლების არსებობისას. ქონების შენახვა შესაძლებელია უზრუნველყოფილ იქნას არა მხოლოდ მოვალის მიერ, არამედ მესამე პირის - შემნახველისათვის ქონების გადაცემით. ამასთან, შემნახველის შერჩევისას სააღსრულებო ბიურომ უნდა იმოქმედოს შესაბამისი გულისხმიერებითა და გულმოდგინებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაირღვევა როგორც მოვალის, ისე კრედიტორის უფლებები, რამეთუ ნივთის არასათანადო შენახვის განხორციელებას მოჰყვება ნივთის ღირებულების შემცირება, გაუფასურება ან განადგურებაც კი. ამასთან, აღმასრულებლის მიერ კონკრეტული სააღსრულებო მოქმედების შესრულების შედეგად მხარეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის შესაძლებლობას ითვალისწინებს კანონმდებლობით მხარეთათვის მინიჭებული უფლება, გაასაჩივრონ აღმასრულებლის ნებისმიერი ქმედება. კერძოდ, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის მიხედვით, კრედიტორსა და მოვალეს უფლება აქვთ გაასაჩივრონ აღმასრულებლის ქმედება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან − ასეთი ქმედების განხორციელებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში ან პირდაპირ სასამართლოში − ასეთი ქმედების განხორციელებიდან 1 თვის ვადაში.
ამდენად, სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონმდებლობით დადგენილია აღმასრულებლის ქმედებების გასაჩივრების უფლებამოსილება, რაც უზრუნველყოფს კრედიტორისა და მოვალის უფლებების დაცვას აღმასრულებლის უკანონო ქმედებისგან. მხარეს, რომელიც არ ეთანხმება აღმასრულებლის ქმედებას და მიაჩნია, რომ შედეგად მისი ინტერესები შეილახა, შეუძლია, კანონით დადგენილი წესითა და ვადაში სადავოდ გახადოს აღმასრულებლის ქმედება. განსახილველ შემთხვევაში, აღმასრულებლის ქმედების უკანონოდ მიჩნევის შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის თუ სასამართლოს გადაწყვეტილება არ არსებობს. მხარეს არ გაუსაჩივრებია აღმასრულებლის ქმედებები თუ ქონების კონკრეტული პირისათვის შესანახად დატოვების კანონიერება.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებაზე საქმე №ბს-345-478-კ-03, სადაც განმარტებულია, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კასატორს, თუ იგი არ ეთანხმებოდა სასამართლოს აღმასრულებლის მოქმედებას, უფლება ჰქონდა, მათი მოქმედება გაესაჩივრებინა სააღსრულებო მოქმედების განხორციელებიდან ერთი თვის ვადაში, რაც მათი მხრიდან არ ყოფილა გაკეთებული. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად არ არის დადგენილი აღმასრულებლის უკანონო, მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ფაქტი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას და, შესაბამისად, არ შეიძლება ქონებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება მოპასუხისთვის, როდესაც არ არის კანონით გათვალისწინებული წესით დადგენილი მისი ბრალი მოსარჩელის მიერ მითითებული ზიანის მიყენებაში.
გარდა ზემოაღნიშნულისა, მოსარჩელე აპელირებდა იმ ფაქტზე, რომ მისთვის უცნობი იყო აღმასრულებლის ქმედების შესახებ. საქმეში წარმოდგენილი მასალებით ასევე დასტურდება, რომ საწარმოს სააღსრულებო წარმოების შესახებ ეცნობა საჯარო შეტყობინების მეშვეობით.
სასამართლომ მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-6 პუნქტზე, რომლის თანახმადაც, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსრულების დაწყების შესახებ სააღსრულებო წარმოების მხარეთა ინფორმირება ხდება ამ მუხლის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სასამართლო უწყების ჩაბარებისთვის დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაგზავნილი შეტყობინებები, წინადადებები, გადაწყვეტილებები და სხვა დოკუმენტები სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირებს ჩაჰბარდებათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. როდესაც კორესპონდენციის მიღება დასტურდება მიმღების ხელმოწერით, ასეთი ხელმოწერა ჩაითვლება ნამდვილად, მაშინაც, თუ იგი შესრულებულია ელექტრონული ან/და ტექნიკური საშუალების გამოყენებით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ სააღსრულებო წარმოებაში შეტყობინების მხარისათვის ჩაბარების წესების მიმართ მოქმედებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დანაწესები, რომელიც, თავის მხრივ, ითვალისწინებს საჯარო შეტყობინების მეშვეობით პირის ინფორმირებას. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. სასამართლო შეტყობინება საჯაროდ ვრცელდება შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებით ან დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შემთხვევაში – მისივე ხარჯებით იმ გაზეთში, რომელიც მასობრივადაა გავრცელებული მხარის საცხოვრებელი ადგილის შესაბამის ადმინისტრაციულ- ტერიტორიულ ერთეულში, ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ განმარტა, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებულია მხარის ინფორმირების შესაძლებლობა საჯარო შეტყობინების მეშვეობით, რაც სამართლებრივი შედეგებით უთანაბრდება და წარმოადგენს ოფიციალურ შეტყობინებას. ამასთან, საჯარო შეტყობინების მეშვეობით პირისათვის კონკრეტული ქმედების შესახებ ცნობება წარმოადგენს ოფიციალური გაცნობის უკანასკნელ შესაძლებლობას, რომელიც შესაბამისი წინაპირობების არსებობის შემდგომ გამოიყენება. მოცემულ შემთხვევაში კი, თუ მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ საჯარო შეტყობინება გამოყენებულ იქნა მსგავსი სათანადო საფუძვლების გარეშე, მას შეეძლო სადავოდ გაეხადა აღნიშნულიც, რაც საწარმოს, ასევე, არ განუხორციელებია.
გარდა ზემოაღნიშნულისა, ზიანის ანაზღაურების ერთ-ერთი აუცილებელი ნიშანი ისაა, რომ ზიანი უნდა იყოს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგი. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ზიანი იყო პირდაპირი (და არა ირიბი) და გარდაუვალი შედეგი ზიანის მიმყენებლის ქმედებისა თუ უმოქმედობისა. ამასთან, საქმეზე №ბს-648-623(2კ-13) (10.04.2014წ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ განმარტა, რომ „ზიანი ანაზღაურდება რეალურად არსებული, დამდგარი საზიანო შედეგისათვის, აუცილებელია პირდაპირი ზიანის არსებობის კონკრეტულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობის დადგენა ანუ ქმედება უშუალო წინაპირობას უნდა წარმოადგენდეს დამდგარი შედეგისათვის.“ კონკრეტულ შემთხვევაში კი არ დგინდება, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების კონკრეტული ნაწილების ამოღება მოხდა მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად. საქმეში წარმოდგენილ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის 2015 წლის 25 სექტემბრის მიმართვაში აღნიშნულია, რომ მასალების მოკვლევით არ დასტურდება ავტომანქანების ნაწილების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ფაქტი ან მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ არ გაიზიარებს მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებები აღმასრულებლის ქმედებების მართლწინააღმდეგობასთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ აღნიშნული ქმედებები კანონით დადგენილი წესით არ არის უკანონოდ ცნობილი და ამასთან, არ იკვეთება მიზეზ-შედეგობრივი კავშირი აღმასრულებლის ქმედებასა და მოსარჩელისთვის მიყენებულ ზიანს შორის. შესაბამისად, სასამართლომ სარჩელი ფაქტობრივ-სამართლებრივად დაუსაბუთებლად მიიჩნია და არ დააკმაყოფილა.
3.1. შპს ,,მ----------“-ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები;
აპელანტის მითითებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სააღსრულებო წარმოების ფარგლებში დაყადაღდა მოსარჩელის ავტოსატრანპორტო საშუალებები, რომლებიც აღმასრულებელმა შესანახად დატოვა ავტოსადგომზე და შემნახველად მიუთითა მ-------------–---–ი. ამასთან, ავტომანქანებიდან ერთ-ერთს აღარ გააჩნია კონკრეტული ნაწილები, რომელთა გარეშეც იგი ფაქტობრივად გამოუსადეგარი გახდა.
სასამართლოს მითითებული დასკვნა არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებებით. სასამართლომ არ შეაფასა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმების აქტი №0-------, სადაც მითითებულია, რომ ავტომანქანა კომპლექტაციაშია, და მისი ღირებულება შეადგენს 3000 ლარს, ხოლო სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 26.09.2016წ დასკვნა, 21.10.2016წ წერილით დადგენილია, რომ გაკომპლექტებულია და მისი აღდგენა მიზანშეწონილი არ არის. მითითებული დოკუმენტებით იკვეთება, რომ მანქანა გამოუსადეგარი გახდა მოპასუხის მიერ ყადაღის დადების შემდეგ და არა ყადაღამდე.
სასამართლომ მიიჩნია, რომ შემნახველის შერჩევისას სააღსრულებო ბიურომ უნდა იმოქმედოს შესაბამისი გულისხმიერებითა და გულმოდგინეობით, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაირღვევა როგორც მოვალის, ისე კრედიტორის უფლებები, რამეთუ ნივთის არასათანადო შენახვის განხორციელებას მოყვება ნივთის ღირებულების შემცირება, გაუფასურება ან განადგურებაც კი. სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილება არ გამომდინარეობს მისივე განმარტებიდან. ვინაიდან სახეზეა სწორედ ნივთის არასათანადო შენახვა. რამაც გამოიწვია ნივთის განადგურება. ბ-----–---–ის განმარტებით ავტოსადგომი დაყადაღების დროს უკვე აღარ ფუნქციონირებდა, ბადე, რომლითაც შემოღობილი იყო ავტოსადგომი, რამდენიმე ადგილას დარღვეული იყო და ნებისმიერ პირს შეეძლო შიგნით შესვლა. ასევე განმარტა, რომ თვითონ იყო უასახლკარო და დროებით ცხოვრობდა ავტოსადგომზე და ასეთ პასუხისმგებლობას არ აიღებდა, რომ სცოდნოდა, რომ შესანახად აბარებდნენ ავტომანქანას. მითითებული დასტურდება ყადაღის დადების აქტითაც, სადაც შესანახად ჩამბარებელს მისამართიც კი არ გააჩნია.
სასამართლომ გადაწყვეტილებით მიუთითა, რომ მხარეს, რომელიც არ ეთანხმება აღმასრულებლის ქმედებას და მიიჩნია, რომ შედეგად მისი ინტერესები შეილახა, კანონით დადგენილ წესითა და ვადაში უნდა გაასაჩივროს, მოცემულ შემთხვევაში კი მხარეს არ გაუსაჩივრებია აღმასრულებლის ქმედებები და კონკრეტული პირისადმი შესანახად დატოვების კანონიერება. მითითებული დასკვნა არის უკანონო, რადგან საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ სააღსრულებო წარმოება დაიწყო 28.05.2013 მხარის საქართველოში არ ყოფნის გამო მას წინადადება ნებაყოფლობით გადაწყვეტილების შესრულების შესახებ არ ჩაბარებია, თუმცა მის მიმართ ხორციელდებოდა მთელი რიგი იძულებითი ღონისძიებები. 21.10.2014 წლის განკარგულება გაიცა საჯარო გამოქვეყნების შესახებ. განკარგულების გამოქვეყნების თარიღია 30.10.2014 წელი. თანახმად სსსკ 78-ე მუხლისა წინადადება ჩაბარებულად ითვლება გამოქვეყნებიდან შვიდი დღის შემდეგ. ა/მანქანებზე ყადაღის დადება და შესანახად გადაცემა მოხდა 21.04.2014 წელს, რომლის გასაჩივრების ვადაა ამ მოქმედების შესრულებიდან 15 დღის განმავლობაში. ე.ი გასაჩივრების ვადა გავიდა 6 მაისს. ხოლო წინადადება ჩაბარებულად ჩაითვალა 7 მაისს. სახეზეა მხარის უფლების დარღვევა, თუნდაც მხარეს მოენდომებინა გასაჩივრება, წინადადების ჩაბარების დღიდანაც ვერ მოასწრებდა გასაჩივრებას, რადგან ჩაბარებამდე გასული იყო გასაჩივრების ვადა. მითუმეტეს მოცემულ შემთხვევაში, როცა მხარე არ ესწრებოდა მითითებულ მოქმედებას და არც შეეძლო სცოდნოდა აღმასრულებლის უკანონო მოქმედების შესახებ.
სასამართლო დაეყრდნო შსს თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი ნაძალადევის სამმართველოს მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის 2015 წლის 25 სექტებრის მომართვას, საქმის ჩამოწერის შესახებ. სასამართლო დასკვნებს მიმართვებზე დაყრდნობით არ უნდა აკეთებდეს, საქმეს არ ერთვის დადგენილება სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ. მითითებული საქმის მასალები აპელანტს ჩაბარდა არსებითი საქმის განხილვის დროს.
აპელანტის მითითებით სასამართლომ არ გამოიყენა ,,სააღსრულებო წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 40-ე მუხლის 4 პუნქტი, ასევე ამავე კანონის 48-ე მუხლი, რომელთა თანახმადაც აღმასრულებელს, რომელმაც დააყადაღა ავტომანქანები მიუხედავად იმისა, რომ ნახა ავტოსადგომი არ იყო დაცული და ნივთის ხელყოფის საშიშროება არსებობდა, აღმასრულებელმა არ მოახდინა ავტომანქანების გადაყვანა დაცულ ტერიტორიაზე. ასევე ნივთები გადასცა პიროვნებას, რომლის მისამართის დადგენა დღესაც შეუძლებელია. რეალურად მოძრავი ნივთები გადასცა უსახლკარო პიროვნებას რომელიც თვითონ იყო საპატრონო და ვერანაირად ვერ აიღებდა ავტომანქანის შენახვის პასუხისმგებლობას. ასევე ა/მანქანის დაყადაღებას არ დაასწრო მოვალე და კრედიტორი, არ ჩააბარა მათ ასლი და არ განუმარტა მათი უფლებები, რითაც დაარღვია მითითებული ნორმები და მისმა დაუდევრობამ გამოიწვია დაყადაღებული ნივთის განადგურება.
.
III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტების მიერ სააპელაციო საჩივარებში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს;
4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 42.9-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო სახსრებიდან ყველასათვის გარანტირებულია სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურების უფლება.
სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით. იქედან გამომდინარე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო-პირის ანალოგიური ქმედებისაგან, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრული იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ,,სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო”.
სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლით განსაზღვრულია სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი მოსამსახურის მიერ მიყენებული ზიანისათვის, კერძოდ, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი.
პალატა განმარტავს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს, ანუ ზიანი მიყენებული უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი და ბრალი ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღვოდეს. Aამასთან, ქმედება, რომელმაც პირს ზიანი მიაყენა, უნდა გამომდინარეობდეს პირის სამსახურეობრივი მოვალეობიდან და იყოს ბრალეული, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვეული, რაც გამოიხატება პირის შეგნებულ, მიზანმიმართულ უმოქმედებაში ან უხეშ გაუფრთხილებლობაში, ანუ პირი შეგნებულად უნდა უშვებდეს სხვა პირისათვის ზიანის მიყენების შესაძლებლობას და არ ახორციელებდეს მისთვის კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს მოსალოდნელი ზიანის თავიდან ასაცილებლად. საგულისხმოა ის გარემოება, რომ ზიანსა და პირის ქმედებას შორის უნდა არსებობდეს პირდაპირი და არა სავარაუდო მიზეზობრივი კავშირი, რამდენადაც სავარაუდო კავშირი საკმარის ობიექტურ საფუძვლად ვერ გამოდგება სამართლებრივი პასუხისმგებლობისათვის. ამდენად, უნდა დადგინდეს შემდეგი საფუძვლების ერთობლივი არსებობა: ა) მართლსაწინააღმდეგო ქმედება; ბ) შედეგი-ზიანი; გ) მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის; დ) პირის ბრალეულობა, რაც სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის საფუძველზე პასუხისმგებლობისას უნდა გამოიხატოს განზრახვაში ან უხეშ გაუფრთხილებლობაში.
შპს ,,მ----------“ ზიანის ანაზღაურებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დაკისრებული ვალდებულებების ჯეროვნად განუხორციელებლობით მიადგა მატერიალური ზიანი. კერძოდ, მოპასუხის მიერ არ იქნა უზრუნველყოფილი დაყადაღებული ნივთების შესაბამისი წესით დაცვა, ავტოსატრანსპორტო საშუალება განთავსდა ავტოსადგომზე ისე, რომ არ ჩაბარებია უფლებამოსილ პირს, შედეგად კი ერთ-ერთი ავტომანქანიდან მოპარულ იქნა სხვადასხვა ნაწილი და იგი აღარ ფუნქციონირებს.
პალატას საქმის მასალებით დადასტურებულად მიაჩნია, რომ ზ------ შ-------მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე შპს „მ--------- -ის“ მიმართ, ზიანის სახით 424 350 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით (საქმე №2---------) დაკმაყოფილდა მოსარჩელე ზ------ შ-------ის სარჩელი მოპასუხე შპს „მ---------ის“ მიმართ და მოპასუხე შპს ,,მ---------ს” დაეკისრა ზ------ შ-------ის სასარგებლოდ 424 350 აშშ დოლარის გადახდა. მოპასუხე შპს „მ---------ს“, ასევე, დაეკისრა მოსარჩელის ზ------ შ-------ის სასარგებლოდ მოსარჩელე მხარის მიერ წინასწარ შეტანილი სახელმწიფო ბაჟის თანხის სანაცვლოდ 3 000 ლარის გადახდა.
2013 წლის 15 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე გაცემულია სააღსრულებო ფურცელი.
2013 წლის 28 მაისს ზ------ შ-------მა განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს და იძულებითი აღსრულების მიზნით 2013 წლის 15 აპრილის №2--------- სააღსრულებო ფურცელი წარადგინა. აღნიშნულის საფუძველზე დაიწყო №A1------- სააღსრულებო საქმის წარმოება.
შპს „მ--------- -ს“, მისამართზე თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, ვ---------–---, მე-4 მ/რ, კ---------- ბ. 248, გაეგზავნა თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2013 წლის 28 მაისისა და 2014 წლის 2 ოქტომბრის წინადადებები გადაწყვეტილების შესრულების შესახებ.
დადგენილია, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2014 წლის 21 ოქტომბრის №A1--------0------ განკარგულებით №A1------- სააღსრულებო წარმოების მიმართ შეტყობინება „წინადადება გადაწყვეტილების შესახებ“ გავრცელდა საჯაროდ.
2014 წლის 21 ოქტომბერს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის - კ------------ას მიერ შედგენილია №4---- აქტი ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ, რომლის თანახმადაც დაყადაღებულ იქნა „Mercedes-Benz-ის“ მარკის ექვსი სატვირთო ფურგონი სახელმწიფო ნომრებით - A--------------------------------------------------------------------------------------------). (აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული ავტომობილები განთავსებულ იქნა - თბილისი, გ-–----------------, კორპ. 11-ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ავტოსადგომზე). დადგენილია რომ, ნივთის აღწერისა და დაყადაღების პროცესს არ ესწრებოდნენ კრედიტორი და მოვალე, მათ არ ჩაბარებიათ აღმასრულებლის მიერ შედგენილი აქტი და შესაბამისად, უფლება-მოვალეობებიც არ განმარტებიათ. აქტში აღმასრულებლის მიერ შემნახველად მითითებულია მ-------------–---–ი, რომლის მისამართადაც აღნიშნულია -თბილისი, მისამართის გარეშე.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას, რომ სადავო შემთხვევაში სააღსრულებო ბიურომ უზრუნველყო მისთვის კანონით დაკისრებული ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულება.
პალატა მიუთითებს, სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტზე რომლის მიხედვით, სააღსრულებო წარმოება არ დაიშვება სააღსრულებო ფურცლის (დედნის) გარეშე, გარდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2581 მუხლით განსაზღვრული გირავნობის მოწმობის, ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული უძრავი ქონების შემძენის განცხადების, დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების და აღსრულების შესახებ ბრძანების აღსრულებასთან დაკავშირებული საქმეებისა.
ამავე კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით კი, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.
აღმასრულებლის უფლება-მოვალეობები მოცემულია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლში. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული აღმასრულებლის მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, მიუხედავად მათი დაქვემდებარებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა, ხოლო მე-4 პუნქტის შესაბამისად, აღმასრულებელს სააღსრულებო მოქმედებათა განხორციელებისას უფლება აქვს, შევიდეს მოვალის ბინაში, დაათვალიეროს ყველა სათავსი და მოვალის ქონება. დათვალიერება ფორმდება ოქმით. მითითებული მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, აღმასრულებელი ვალდებულია მიიღოს ყველა კანონიერი ზომა გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულებისათვის, განუმარტოს მხარეებს მათი უფლებები და მოვალეობები, აღსრულების ცალკეული სახეების შინაარსი და შესაძლებლობები, დაეხმაროს მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაში.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლით მოწესრიგებულია ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტის შედგენის წესი, რეკვიზიტები. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში უნდა აღინიშნოს: ა) აქტის შედგენის დრო და ადგილი; ბ) სააღსრულებო ბიუროს დასახელება, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, აგრეთვე აღმასრულებლის სახელი და გვარი, ამ კანონის III2 თავით გათვალისწინებულ შემთხვევაში – კერძო აღმასრულებლის სახელი და გვარი, სამუშაო ადგილის მისამართი და ის პირები, რომლებიც აქტის შედგენას დაესწრნენ; გ) სასამართლოს დასახელება და გადაწყვეტილება, რომელსაც აღასრულებენ, ან სხვა სააღსრულებო საბუთის დასახელება და ორგანო, რომელმაც ის გასცა; დ) კრედიტორისა და მოვალის დასახელება; ე) აქტში შეტანილი თითოეული საგნის დასახელება, მისი განმასხვავებელი ნიშნები (რაოდენობა, ზომა, წონა, ცვეთა და სხვა); ვ) აქტში შეტანილი თითოეული საგნის ცალკე შეფასება და მთელი ქონების ღირებულება, თუ აღწერისას შესაძლებელია აღმასრულებლის მიერ ფასების დადგენა; ზ) თუ საგნები ან/და სადგომები დაილუქა – რომელი საგნები ან/და სადგომები იქნა დალუქული, და ლუქების ნომრები; თ) იმ პირის დასახელება, რომელსაც ქონება გადაეცა შესანახავად, და მისი მისამართი, თუ შენახვა თვით მოვალეს არ დაევალა; ი) რომ მოვალესა და სხვა პირებს განემარტათ აღმასრულებლის მოქმედებათა გასაჩივრების წესი; მოვალეს ან ქონების შემნახველს განემარტა მისი მოვალეობა ქონების შენახვისათვის და გადაცემული ქონების გაფლანგვისათვის, გასხვისებისათვის ან გადამალვისათვის პასუხისმგებლობის საკითხი; კ) კრედიტორისა და მოვალის შენიშვნები და განცხადებები და მათზე აღმასრულებლის განმარტებანი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტს ხელს აწერენ აღმასრულებელი, ქონების შემნახველი, კრედიტორი, მოვალე და სხვა პირები, რომლებიც ესწრებოდნენ ქონებაზე ყადაღის დადებას.
ამდენად სააღსრულებო წარმოების ფარგლებში ხდება რა მოვალის ქონების დაყადაღება, რაც გულისხმობს მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას, სააღსრულებო ბიურომ ამავდროულად უნდა უზრუნველყოს მოვალის ქონების როგორც აღწერა, ისე ქონების შესანახავად გადაცემა, შესაბამისი საფუძვლების არსებობისას. ქონების შენახვა შესაძლებელია უზრუნველყოფილ იქნას არა მხოლოდ მოვალის მიერ, არამედ მესამე პირის - შემნახველისათვის ქონების გადაცემით. ამასთან, შემნახველის შერჩევისას სააღსრულებო ბიურომ უნდა იმოქმედოს შესაბამისი გულისხმიერებითა და გულმოდგინებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაირღვევა როგორც მოვალის, ისე კრედიტორის უფლებები, რამეთუ ნივთის არასათანადო შენახვის განხორციელებას მოჰყვება ნივთის ღირებულების შემცირება, გაუფასურება ან განადგურებაც კი.
სააპელაციო პალატა ყურადღბას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე რომ, 2015 წლის 16 ივნისს აღმასრულებლის მიერ შედგენილია# 6---- ოქმი საააღსრულებო მოქმედების განხორციელების შესახებ, რომლის თანახმადაც, აღმასრულებელი გამოცხადდა გ-–----------------, მე-11 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ავტოსადგომზე, №4---- აქტით დაყადაღებული 6 მერსედეს ბენცის სატვირთო ფურგონის აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადაყვანის მიზნით, თუმცა ადგილზე მისვლისას დაყადაღებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები ადგილზე აღარ დახვდა. 2015 წლის მაისში აპელანტი მხარის დირექტორისათვის ცნობილი გახდა, რომ თბილისი, გ-–----------------, კორპ. 11-ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ავტოსადგომზე განთავსებული ავტომანქანები დაუცველობის გამო იძარცვებოდა, რის გამოც ისინი მათ მიერ გადაყვანილ იქნა სხვა დაცულ ადგილას.
2015 წლის 10 ივლისს აღმასრულებლის მიერ შედგენილია №6---- ოქმი სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შესახებ, რომლის თანახმადაც, აღმასრულებელი გამოცხადდა კ------- ქ. 42-ში, სადაც განთავსებულია 2014 წლის 21 ოქტომბერს, გ-–----------------, მე-11 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე №4---- აქტით აღწერილი და დაყადაღებული 6 მერსედეს ბენცის სატვირთო ფურგონი სახელმწიფო ნომრებით A----------------------------------------------------, რომლებიც კრედიტორის მიერ გადაყვანილი იქნა კ------- ქ. 42-ში. აღნიშნული ავტომანქანები ვიზუალური დათვალიერებით არის სრულ კომპლექტში, მხოლოდ ერთ მანქანას სახელმწიფო ნომრით A------ არ აქვს ძრავი და სიჩქარეების გადაცემათა კოლოფი. აღნიშნული ავტომანქანები აღმასრულებელს უნდა გადაეყვანა აღსრულების ეროვნულ ბიუროში შემდგომი რეალიზაციის მიზნით, რაზეც კრედიტორის წარმომადგენელმა მ-----–-–-------მა უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ მიმდინარე თვის პირველივე ორშაბათს დაწერდა განცხადებას აღნიშნული ავტომანქანების ნაწილში სააღსრულებო მოქმედების შეწყვეტის შესახებ. ვინაიდან კრედიტორის წარმომადგენელმა უარი განაცხადა ავტომანქანების გადაყვანაზე, მ-----–-–-------ს შესანახად ჩაბარდა ექვსივე მანქანა.
სააპელაციო პალატა მიუთითებს რომ, მ-------------–---–თან 2015 წლის 17 ივნისის გასაუბრების ოქმის მიხედვით, მუდმივი საცხოვრებელის არმქონემ მ-------------–---–მა გასაუბრებისას აღნიშნა, რომ საცხოვრებელი ბინის არქონის გამო, დაახლოებით, 2011 წელს, გაზაფხულის პერიოდში, ხანდახან ღამით რჩებოდა თბილისში, გ-–----------------, მე-11 კორპუსის უკან მდებარე ავტომანქანების სადგომზე, სადაც იდგა ერთი პატარა ოთახი, დარაჯი იყო ვინმე ვ---- და სადგომის მფლობელი რ---------. 2011 წელს მ-------------–---–ი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს, სასჯელს იხდიდა 8 თვე, გამოვიდა 2012 წლის თებერვალში. ამავე წლის აპრილის თვის შემდეგ იგი კვლავ მივიდა ავტოსადგომზე, სადაც მისვლისას მას დახვდა 5 თეთრი ფერისა და 1 ყვითელი ფერის მერსედესის მარკის სატვირთო ფურგონი, რომელთა სახელმწიფო ნომრები არ ახსოვს. დარაჯი უკვე იყო გ-------------–---–ი. ეს სადგომი თითქმის აღარ ფუნქციონირებდა. მ-------------–---–მა განაგრძო ოთახში ცხოვრება, გ-------------–---–ის თანხმობით ისე, რომ სადგომის მეპატრონისთვის ნებართვა არ უთხოვია. 2014 წლის აგვისტოში მ-------------–---–მა გაიკეთა გულის ოპერაცია და ძირითადად ძმასთან იყო ბინაში. დაახლოებით, 2014 წლის შემოდგომაზე დარაჯი გ-------------–---–ი აღარ მუშაობდა ავტოსადგომზე, რომელიც აღარ ფუნქციონირებდა, დარჩენილი იყო მხოლოდ 6 მანქანა. მ-------------–---–ს დაურეკეს აღსრულების ბიუროდან და სთხოვეს ავტოსადგომზე მისვლა, სადაც დახვდა სამი მამაკაცი, განმარტეს, რომ იყვნენ აღსრულების ეროვნული ბიუროდან, აღწერეს სატვირთო ფურგონები, ხოლო მ-------------–---–ს უთხრეს, რომ ხელი მოეწერა როგორც აღწერისას დამსწრე პირს და ელექტრონულად მოაწერინეს ხელი. მისთვის არ უთქვამთ, რომ ხელს აწერინებდნენ როგორც ამ მანქანების შემნახველ პირს და არც დოკუმენტაციის ასლი გადაუციათ. მისი განმარტებით, რომ სცოდნოდა, რომ იგი დაფიქსირებული იყო დოკუმენტაციაში ავტომანქანების შემნახველ პირად, არ მიატოვებდა მათ არც ერთი დღე, უფრო მეტიც, ხელს საერთოდ არ მოაწერდა დოკუმენტზე, ვინაიდან არ იცოდა ვისი იყო მანქანები, ვინ გააჩერა ავტოსადგომზე და არ აიღებდა პასუხისმგებლობას.
Mercedes-Benz 308D -ის მარკის სატვირთო ფურგონის (საიდენტიფიკაციო კოდი - WDB6-------------) საექსპერტო შემოწმების №0------- აქტის მიხედვით, ავტომანქანის საორიენტაციო ღირებულება, არსებული საბაზრო ფასების გათვალისწინებით, შეადგენს 3 000 ლარს.
აქტის თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალება საშუალო შენახულობისაა, კომპლექტაციაშია. აღენიშნება ჟანგვა-კოროზია, ჭყლეტა ნაკაწრები. ესაჭიროება სათუნუქე სამღებრო სამუშაო. დაზიანებულია უკანა მარჯვენა მაშუქი, არ აქვს უკანა მარცხენა მაშუქი. არ აქვს წინა ბამპერი. აკუმულატორის უქონლობის გამო მუშა მდგომარეობა დაუდგენელია. ავტომანქანას ესაჭიროება ცნობა წონების შესახებ დიაგნოსტიკური ცენტრიდან.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 26 სექტემბრის №0-------- დასკვნის მიხედვით, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ 1994 წელს დამზადებულ ავტომობილზე Mercedes-Benz 308D, სახელმწიფო ნომრით A------, საიდენტიფიკაციო კოდი - WDB6-------------, არის დამონტაჟებული გადაცემათა კოლოფი და ძრავი, მისი გარე სამაგრი აგრეგატებითა და მაკომპლექტებელი დეტალებით - სრული კომპლექტი, ძრავის გაგრილების სისტემის მაკომპლექტებელი დეტალები, გადაჭრილია ძრავის მართვის ელ. სადენების შეკვრა. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი სახით, ტექნიკური თვალსაზრისით, ავტომობილი გაუმართავია.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 21 ოქტომბრის №5--------- წერილის მიხედვით, ავტომობილზე ჩასატარებელი აღდგენითი სამუშაოებისა და შესაცვლელი დეტალების რაოდენობისა და მათი საბაზრო ღირებულებების გათვალისწინებით, მისი აღდგენა შემდგომი ექსპლუატაციისათვის, მატერიალური თვალსაზრისით, მიზანშეწონილი არ არის.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 7 ნოემბრის №5--------- წერილის შესაბამისად, 2016 წლის 26 სექტემბრის №0-------- დასკვნაში დაშვებულია ტექნიკური უზუსტობა, კერძოდ, ავტომობილის დასახელებულ დეტალებზე, ნაცვლად ტექსტისა „არის დამონტაჟებული“, უნდა ეწეროს - „არ არის დამონტაჟებული“.
2016 წლის 26 სექტემბრის ექსპერტიზის ჩატარების მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, საექსპერტო მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 100 ლარი.
სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივრის განხილვისას წარმოდგენილ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების მიერ 2018 წლის 18 ივნისს გაცემულ ცნობაზე, რომლის თანახმადაც, ქ. „თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის #001150618007 საქმეზე, შპს ,,მ----------“-ის კუთვნილი სატვირთო მიკროავტობუსის ,,მერსედეს-ბენცი“ სახ. ნომრით A------, გაქურდვის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით. გამოძიებით დადგინდა, რომ 2015 წელს გაქურდეს ქ. თბილისი, გ-–----------------, კორპ. 11-ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ავტოსადგომზე გაჩერებული, შპს „მ---------“-ის კუთვნილი სატვირთო მიკროავტობუსი ,,მერსედეს-ბენცი“ სახ. ნომრით A------, საიდანაც მოიპარეს ძრავი, გადაცემათა კოლოფი და გაგრილების სისტემა“.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ზიანის მიმყენებელი ქმედება შეიძლება გამოხატულ იქნეს არა მარტო აქტიურ მოქმედებაში, არამედ უმექმედობაშიც. უმოქმედობა მართლსაწინააღმდეგოა, თუ ადმინისტრაციული ორგანო არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს ნაკისრ მოვალეობებს, არ ახორციელებს სავალდებულო მოქმედებას. ამასთან, ანაზღაურებას ექვემდებარება როგორც განზრახი, ისე გაუფრთხილებელი ქმედებით გამოწვეული ზიანი. გაუფრთხილებლობა კი გამოიხატება აუცილებელი ყურადღებიანობის მოთხოვნათა დარღვევაში. ამასთან, მოქმედებს ზიანის მიმყენებლის ბრალულობის პრინციპი, რაც ნიშნავს, რომ ზიანის მიმყენებელი ითვლება ბრალეულად, თუ ვერ დაადასტურებს ბრალის არარსებობის ფაქტს.
პალატას საქმის მასალებით დადასტურებულად მიაჩნია, რომ დადგენილია მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი, ამასთან, აღნიშნული ზიანი გამოწვეული იქნა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ მოვალეობების არაჯეროვნად შესრულებით, მოვალის ქონების არასათანადო შენახვით. სააპელაციო პალატა მიუთითებს რომ არც პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას და არც სააპელაციო საჩივრის განხილვისას მოპასუხის სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ვერანაირი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად რომ, ქ. თბილისი, გ-–----------------, კორპ. 11-ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ავტოსადგომი, სადაც აღმასრულებლის მიერ გადაყვანილი იქნა მოსარჩელის/აპელანტის დაყადაღებული სატრანსპორტო საშუალებები შესანახად, ოფიციალურად ფუნქციონირებდა, ამ პირობებში ასევე გაურკვეველი დარჩა ერთის მხრივ, ვინ იყო პასუხისმგებელი იქ განთავსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შენახვაზე. სააპელაციო პალატას მიაჩნია რომ ამ გარემოებების დადასტურებას არსებითი მნიშვნელობა აქვს დამდგარი ზიანისათვის თბილისის სააღსრულებო ბიუროს ბრალის გამოსარიცხად, სააპელაციო პალატას მიაჩნია რომ, ვინაიდან მოპასუხემ ვერ გაართვა თავი მტკიცების ტვირთს, ვერ წარმოუდგინა სასამართლოს მოსარჩელის/აპელანტის მიერ სადავოდ გამხდარ გარემოებებზე შესაბამისი მტკიცებულებები, მოპასუხის მიერ მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს მიყენებული მატერიალური ზიანი, რაც Mercedes-Benz 308D -ის მარკის სატვირთო ფურგონის (საიდენტიფიკაციო კოდი - WDB6-------------) საექსპერტო შემოწმების №0------- აქტის მიხედვით წარმოადგენს 3 000 ლარს.
5. საპროცესო ხარჯები:
5.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილია, რომ თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მიხედვით, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა აპელანტის - სააპელაციო საჩივარი, შესაბამისად, მართებულია, რომ მოსარჩელის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა დაეკისროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს შპს ,,მ----------“-ის სასარგებლოდ.
IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 395-ე მუხლებით
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს ,,მ----------“-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 09 მარტის გადაწყვეტილება და მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს ,,მ----------“-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
4. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს შპს ,,მ----------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის სახით 3 000 ლარის ანაზღაურება.
5. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს შპს „მ---------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის, 100 ლარის ანაზღაურება.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21(ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე გიორგი გოგიაშვილი