განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.07.2019
საქმის ნომერი
330210117001926355
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
03.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210117001926355

საქმე №2ბ/5555-18

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

03 ივლისი 2019 წელი თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე - დიანა ბერეკაშვილი

მოსამართლეები - ქეთევან დუგლაძე, მიხეილ გოგიშვილი

სხდომის მდივანი – მაკა ბუიღლიშვილი

 

აპელანტი - ქ------- გ------–---–ი

წარმომადგენელი - დ-----------–--ე

 

მოწინააღმდეგე მხარე - ჟ--- ვ------–-–---–ი

წარმომადგენელი - მ--------------ა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი – თანხის დაკისრება.

 

აპელანტის მოთხოვნა- გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება გასაჩივრებულ ნაწილში და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სრულად დაკმაყოფილება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. 2014 წლის 06 მარტს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული განკარგულების საფუძველზე ჟ--- ვ------–-–---–ი 2014 წლის 14 მარტს დარეგისტრირდა უძრავი ქოენების მდებარე ქ.თბილისი, ნ--–--------------------------------------------------, ბინა 72.00 კვ.მ ს/კ N0---------------------3 მესაკუთრედ.

 

2. 2014 წლის 18 მარტს ჟ--- ვ------–-–---–მა მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროს აღსრულების პოლიციას და მოითხოვა ქ------- გ------–---–ის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა.

 

2015 წლის 02 თებერვალს აღსრულების პოლიციის მიერ გამოცემული იქნა გაფრთხილება სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის შესახებ და მოპასუხე ქ------- გ------–---–ს აცნობეს, რომ 2015 წლის 23 მარტს თუკი ნებაყოფლობით არ გამოანთავისუფლებდა ფართს, გამოსახლებული იქნებოდა იძულებით.

 

3. ქ------- გ------–---–ის გამოსახლება ჩაინიშნა 2015 წლის 23 მარტს. 2015 წლის 18 მარტს აღსრულების ეროვნულ ბიუროს განცხადებით მიმართა მოვალის წარმომადგენელმა და წარადგინა მოვალის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი ცნობა. აღნიშნული ფაქტი აღმასრულებლის მიერ გადამოწმებულ იქნა ადგილზე. შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს N1--- ბრძანებით შეჩერდა N A-------- საქმეზე აღსრულება 2015 წლის 12 აპრილის ჩათვლით.

 

4. 2016 წლის 04 მარტს მოვალე ქ------- გ------–---–ს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის მიერ გაეგზავნა გაფრთხილება სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის თაობაზე.

 

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 06 აპრილის განჩინებით შეჩერდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის(დელეგირებული ფუნქცია)სამმართველოს ქ.თბილისის განყოფილების წარმოებაში არსებული ქ------- გ------–---–ის წინააღმდეგ მიმდინარე სააღსრულებო წარმოება

 

6. 2015 წლის 03 დეკემბერს ქ.თბილისის ვ---------------–ოს რაიონული პროკურორის მოადგილემ წერილით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს იურიდიული სამსახურის უფროსს სააღსრულებო წარმოების 2016 წლის 27 თებერვლამდე შეჩერების თაობაზე, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნებიდან გამომდინარე.

 

7. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2015 წლის 04 დეკემბრის N5--- ბრძანებით ვ---------------–ოს წერილის საფუძველზე შეჩერდა სააღსრულებო წარმოება.

 

8. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2016 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით მ------ მ-----–---ი, დ--–- გ------–---–ი და ქ------- გ------–---–ი მოხსნილი იქნენ ჟ--- ვ------–-–---–ის საკუთრებაში არსებულ ბინაში მდებარე: თბილისი, შ----–--------------------------------------------- რეგისტრაციიდან.

 

9. მოპასუხე დ--–- გ------–---–მა და ქ------- გ------–---–მა 2017 წლის ივლისის ბოლოს გაანთავისუფლეს სადავო ბინა.

 

10. “ა-----------ს“ აუდიტორული დასკვნის თანახმად, უძრავი ქონების მდებარე:ქ.თბილისი, ნ--–-------------------------------------------------------------- მესაკუთრე ჟ--- ვ------–-–---–ი-საცხოვრებელი ფართი 72.00 კვ.მ საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება განისაზღვრება 2014 წლის 14 მარტიდან 2017 წლის 14 მარტამდე სულ 36 თვე, თვეში 250 აშშ დოლარის ოდენობით, სულ 7750 აშშ დოლარით.

 

11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ჟ--- ვ------–-–---–მა და მოითხოვა დ--–- გ------–---–ისა და ქ------- გ------–---–ის მიმართ მათ მიერ უკანონო ფლობისა და სარგებლობით გამოწვეული ზიანის საიჯარო ქირის სახით 2014 წლის 14 მარტიდან 2016 წლის 14 მაისამდე 6500 აშშ დოლარის, 2016 წლის 30 მაისიდან 2017 წლის მარტამდე 1250 აშშ დოლარის, სართო ჯამში 7750 აშშ დოლარის დაკისრება.

 

11.1 სარჩელის საფუძვლები:

 

მოსარჩელის განმარტებით 2014 წლის 06 მარტს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული განკარგულების საფუძველზე მოსარჩელე ჟ--- ვ------–-–---–ი 2014 წლის 14 მარტს გახდა უძრავი ქონების მდებარე ქ.თბილისი, ნ--–--------------------------------------------------, ბინა 48 72.00 კვ.მ ს/კ N0---------------------3 მესაკუთრე. მოსარჩელემ უძრავი ქონების შეძენის დღიდან ვერ შეძლო დაუფლებოდა მას, რადგან აღნიშნული უძრავი ქონებით სარგებლობდნენ მოპასუხეები და სარჩელის აღძვრის დროსაც უხეშად განაგრძობენ მის ფლობას.

 

11.2 2014 წლის 18 მარტს ჟ--- ვ------–-–---–მა მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროს პოლიციას და მოითხოვა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. 2015 წლის 02 თებერვალს აღსრულების პოლიციის მიერ გამოცემული იქნა გაფრთხილება სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის შესახებ და მოპასუხეებს ეცნობათ, რომ 2015 წლის 23 მარტს თუკი ნებაყოფლობით არ გამოანთავისუფლებდნენ ფართს, გამოსახლებულნი იქნებოდნენ იძულებით. 2015 წლის 23 მარტს მოპასუხეების არც ნებაყოფლობით გამოსახლება და არც იძულებით გამოსახლება არ განხორციელებულა, რადგან მათ მიერ გასაჩივრებულ იქნა აღსრულების პოლიციის მოქმედებები, რამაც გამოიწვია გამოსახლების გადადება, რითაც ჟ--- ვ------–-–---–ს მიადგა ზიანი.

 

11.3 მიუხედავად აღნიშნულისა აღსრულების ეროვნული ბიუროს პოლიციის მიერ 2016 წლის 04 მარტს ჟ--- ვ------–-–---–ის საქმეზე კვლავ გაიცა გაფრთხილება სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის თაობაზე და დაინიშნა მოპასუხეების გამოსახლება 2016 წლის 25 მაისს.

 

11.4 ზემოაღნიშნული ქმედებები, როგორც მოსარჩელე უთთებს, მოპასუხეების მიერ კვლავ გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში და შესაბამისად კვლავ გადაიდო გამოსახლება, რითაც ზიანი მიადგა ჟ--- ვ------–-–---–ს. ფართის გამონთავისუფლების შემთხვევაში ჟ--- ვ------–-–---–ი შეძლებდა უძრავი ქონების გაქირავებას, რაშიც ყოველთვიურად მიიღებდა შემოსავალს 250 აშშ დოლარის ოდენობით. მოპასუხეების ზემოაღნიშნული ქმედებების გამო, ვინაიდან მოსარჩელეს არ გააჩნდა მუდმივი საცხოვრებელი სახლი იძულებული გახდა მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთში შესულიყო თვითნებურად. მოსარჩელემ შეძლო მხოლოდ ერთი ოთახის დაკავება და შესაბამისად 2016 წლის მაისი თვიდან ფლობს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში ერთ საძინებელს.

 

11.5 აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნამ შეადგინა ზიანის ანაზღაურება 2014 წლის 14 მარტიდან 2016 წლის 14 მაისამდე 26 თვეზე 250 აშშ დოლარის დაანგარიშებით 6500 აშშ დოლარი და 2016 წლის 30 მაისიდან 2017 წლის 14 მარტამდე მოსარჩელის მიერ უძრავ ქონებაში თვითნებურად ერთი ოთახის დაკავების დღიდან საიჯარო ქირის ნახევარი თვეში 125 აშშ დოლარი, რაც 2016 წლის 30 მაისიდან 2017 წლის 14 მარტამდე შეადგენს 1250 აშშ დოლარს(10 თვე x125 აშშ დოლარზე) , საერთო ჯამში ზიანის ოდენობა განისაზღვრა 7750 აშშ დოლარით.

 

12. მოპასუხის შესაგებელი :

 

მოპასუხეებმა ქ------- და ჟ--- ვ------–-–---–ებმა სარჩელი არ ცნეს უსაფუძვლობის გამო და მიუთითეს, რომ წარმოადგენენ არასათანადო მოპასუხეებს. ამასთან, ქ------- გ------–---–ის გამოსახლება შეჩერებულ იქნა ადმინისტრაციული ორგანოების გადაწყვეტილებით, რის გამოც ზიანის ანაზღაურება არ უნდა მოეთხოვოს მოპასუხეებს.

 

13. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ჟ--- ვ------–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილოვრივ; ქ------- გ------–---–ს ჟ--- ვ------–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის 7683 აშშ დოლარის ანაზღაურება და სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 562.06 ლარის გადახდა (იხ გადაწყვეტილება ტომი 1 სფ.181)

 

14. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასააჩივრა მოპასუხე ქ------- გ------–---–მა.

14.1 ქ------- გ------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძვლებია:

აპელანტის განმარტებით თბილისის საქალაქო სასამართლომ 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით არასწორად იქნა შეფასებული საქმის სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებები. მოსარჩელე ჟ--- ვ------–-–---–ის მიერ მოთხოვნილ იქნა ზიანის ანაზღაურება, რომლის წინაპირობების არსებობის დადასტურება მოსარჩელემ ვერ შეძლო. აპელანტის მითითებით მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მასსა და აპელანტს შორის რაიმე ხელშეკრულების არსებობა, ისევე, როგორც მოსარჩელის მიერ წმინდა ეკონომიკური დანაკლისის განცდა ანდა ჩვეულებრივი სამეწარმეო საქმიანობის განუხორციელებლობით გამოწვეული ზიანი, რის საფუძველზეც აპელანტი განმარტავს, რომ ვერ დასტურდება მოსარჩელისთვის ზიანის მიყენების ფაქტი ისევე, როგორც აპელანტის ბრალეულობა, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას აპელანტისთვის თანხის დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოს ხდის.

სამოტივაციო ნაწილი

 

15. სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება.

 

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

17. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს მესაკუთრის ნების გარეშე უძრავი ქონების სარგებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება. შესაბამისად მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმაა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლი (პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი)

 

აღნიშნულ მოთხოვნასთან მიმართებით სააპელაციო პალატა სსსკ 102- მუხლის თანახმად დადგენილად მიიჩნევს წინამდებარე განჩინების 1-10 პუნტებში გადმოცემულ საქმისათვის მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს

 

მოცემული დავის გადაწყვეტისათვის პირველი ინსტანციის სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების შედეგად მართებულად მივიდა დასკვნამდე, რომ სადავო ნივთის ფლობის კანონიერი საფუძველი მოპასუხე ქ------- გ------–---–ს არ გააჩნდა. ამ გარემოებათა, აგრეთვე აპელანტის მიერ მოწინააღმდეგე მხარის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უკანონო მფლობელობის გათვალისწინებით, პირელი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა, რომ მოსარჩელემ დაკარგა გარკვეული სიკეთის მიღების შესაძლებლობა და მას უფლება აქვს, ამოიღოს ეს ქონება ხელმყოფისაგან. აღნიშნული ქონებრივი წონასწორობის აღდგენას ემსახურება სწორედ სსკ-ის 982-ე მუხლი, რომლის თანახმად, ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა. იმის გათვალისწინებით, რომ „შესრულების დაბრუნება“ (მოპასუხის მიერ სადავო უძრავი ქონების უკანონო სარგებლობით მიღებული სიკეთე) შეუძლებელია, ამავე კოდექსის 979-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უფლების მქონე პირმა (მოსარჩელემ) შეიძლება გამოიყენოს ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნა, რაც შეიძლება დადგინდეს მსგავსი უძრავი ქონების ქირის ოდენობით.

 

18. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ მართალია ქ------- გ------–---–ის მიმართ მიმდინარეობდა სააღსრულებო წარმოება, თუმცა იგი შეჩერებული იქნა აღსრულების ეროვნული ბიუროს გადაწყვეტილებებით, მათ შორის ვ---------------–ოს პროკურატურის მომართვის საფუძველზე, რაც გამორიცხავს ქ------- გ------–---–ის ბრალეულობას მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ნაწილში. სასამართლო აღნიშნავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების მომწესრიგებელი ნორმის 982-ე მუხლით დადგენილი წინაპირობებისათვის არ არის აუცილებელი ბრალი. ხელყოფის კონდიქცია ჰგავს დელიქტური ვალდებულებიდან წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას, მაგრამ იგი წინაპირობად არ აყენებს ბრალეულობას.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, იმ გარემოებაზე რომ განსახილველი ნორმით გათვალისწინებული „ზიანი“ წარმოადგენს არა ზიანის ანაზღაურების შემთხვევას, არამედ, საქმე გვაქვს გამდიდრების გათანაბრებასთან. ამ შემთხვევაში საყურადღებოა, რომ განსახილველი ნორმა მოცემულია უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტით, რაც მიგვითითებს ამ ნორმით გათვალისწინებული ზიანის გათანაბრებაზე უსაფუძვლო გამდიდრებასთან, ანუ როგორც ხელყოფის კონდიქციისათვის არის დამახასიათებელი ან ნორმით გათვალისწინებული შედეგი არის ის, რომ ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებებში ჩარევა. აქედან გამომდინარე, ამ ნორმაში მითითებულ ზიანში იგულისხმება, მიღებულის დაბრუნების შეუძლებლობის შემთხვევაში, მისი ღირებულების ანაზღაურება (სუსგ №ას-472-448-2013; სუსგ № ას1247-1167-2017).

 

19. პალატა განმარტავს რომ უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობებში კრედიტორს წარმოადგენს დაზარალებული, ხოლო მოვალეს – ქონებრივი შეღავათის მიმღები პირი, რომელმაც უსაფუძვლოდ შეიძინა ან შეინარჩუნა ქონება. უსაფუძვლო გამდიდრებიდან წარმოშობილი ვალდებულებების ძირითადი დანიშნულება სწორედ დაზარალებულის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრებული ან ქონებადაზოგილი შემძენის მიერ დაზარალებულისათვის ქონებრივი დანაკარგის ანაზღაურების უზრუნველყოფაა. უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე ვალდებულებებიც წარმოადგენენ ერთიან დამოუკიდებელ არასახელშეკრულებო ინსტიტუტს, რომელიც ემსახურება საკუთრების უფლებისა და სხვა ქონებრივი უფლებების დაცვას. ამ სახის ვალდებულების წარმოშობისათვის მნიშვნელოვანია თვით უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი და არა კონკრეტული საფუძველი, რასაც მოჰყვა გამდიდრება. ასეთი ფაქტად შეიძლება მივიჩნიოთ გამდიდრებული პირის, როგორც მართლზომიერი ისე არამართლზომიერი მოქმედება. ასევე, დაზარალებულის და მესამე პირთა იგივე სახის მოქმედებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მითითებას იმის თაობაზე, რომ ზიანის დადგენისას განმსაზღვრელია მოწინააღმდეგე მხარესა და აპელანტს შორის რაიმე ხელშეკრულების არსებობა, ისევე, როგორც მოწინააღმდეგე მხარის მიერ მიერ წმინდა ეკონომიკური დანაკლისის განცდა ანდა ჩვეულებრივი სამეწარმეო საქმიანობის განუხორციელებლობით გამოწვეული ზიანი.

 

უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ამ მიზნით ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება. ამ ინსტიტუტის უმთავრესი დანიშნულება არის არა ქონებრივი დანაკლისის შევსება, მაგალითად, ზიანის ანაზღაურება, არამედ ქონებრივი ნამატის ამოღება, პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა ანუ გამდიდრების გათანაბრება. ვალდებულების ამ ორი სახის განსხვავება პირველ რიგში მდგომარეობს იმაში, რომ ისინი სხვადასხვა საფუძვლებიდან წარმოიშობიან. ზიანის მიყენებით წარმოშობილი ვალდებულებების საფუძველი როგორც წესი, დელიქტია (სამართალდარღვევა). გამდიდრების უსაფუძვლობა კი, შეიძლება ემყარებოდეს სხვადასხვა გარემოებებს, მათ შორის მართლზომიერ ქმედებებსაც, ამასთან, დაკავშირებით კანონში მითითებული გამონაკლისების გარდა, ზიანის მიყენების შედეგად ვალდებულება მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოიშობა, როცა სახეზე გვაქვს ზიანის მიმყენებლის ბრალეული ქმედება. უსაფუძვლო გამდიდრების დროს კი მნიშვნელობა არა აქვს ბრალს, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ერთი პირის ქონების გადასვლის ფაქტი მეორე პირის საკუთრებაში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. განსახილველ ვალდებულებათა სახეებს შორის განსხვავებაა ასევე მათ შინაარსშიც. ზიანის მიყენებიდან წარმოშობილი ვალდებულება უზრუნველყოფს დაზარალებულის ქონებრივი სფეროს აღდგენას სრულად. ამ შემთხვევაში ანაზღაურება მიყენებული ზიანის ტოლია. უსაფუძვლო გამდიდრების დროს კი ასეთი ტოლობა შეიძლება არ გვქონდეს. ასეთ დროს დაზარალებულს აუნაზღაურდება ზიანი იმ ოდენობით, რომლითაც მიმღები გამდიდრდა. განსხვავებულია პასუხისმგებლობის იურიდიული ბუნებაც ამ ვალდებულებებში.

 

ზიანის ანაზღაურება დელიქტურ ვალდებულებებში ეს არის სამოქალაქო სამართლის პასუხისმგებლობის სახე, ანუ მოვალის ქონებრივი სფერო მცირდება და იზრდება კრედიტორის ქონებრივი სფერო. უსაფუძვლო გამდიდრების დროს კი ასეთი შემცირება-გაზრდას ადგილი არა აქვს. შესაბამისად უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა და გამდიდრების გათანაბრება არ არის სამოქალაქოსამართლებრივიპასუხისმგებლობის სახე.

 

სსკ-ის 982-ე მუხლის გამოყენებისათვის აუცილებელი წინაპირობაა გამდიდრება, განსხვავებით 992-ე მუხლისაგან. ისეთ ვითრებაში როდესაც, აპელანტი, მას შემდეგ რაც მოწინააღმდეგე მხარემ საჯარო რეესტრში დაირეგისტრირა უძრავი ქონება აგრძელებს სადავო ქონებაში ცხოვრებას და არ აძლევს მესაკუთრეს საკუთრებით სარგებლობის უფლებას, აპელანტის გამდიდრება სახეზეა.

 

20. განსახილველ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია დადგენილად, რომ “ა-----------ს“ აუდიტორული დასკვნის თანახმად, უძრავი ქონების მდებარე:ქ.თბილისი, ნ--–-------------------------------------------------------------- მესაკუთრე ჟ--- ვ------–-–---–ი-საცხოვრებელი ფართი 72.00 კვ.მ საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება განისაზღვრება 2014 წლის 14 მარტიდან (საჯარო რეესტრში უძრავი ქონების რეგისტრაციიდან) 2017 წლის 14 მარტამდე სულ თვეში 250 აშშ დოლარის ოდენობით. სასარჩელო განცხადების თანახმად, მოსარჩელემ მოითხოვა ზიანის სახით საიჯარო ქირის დაკისრება 2014 წლის 14 მარტიდან-2016 წლის 14 მაისამდე 26 თვეზე თვეში 250 აშშ დოლარი, რაც შეადგენს 6500 აშშ დოლარს ( 250 X 26) და მოსარჩელის მიერ თვითნებურად (რადგან შეჩერებული იყო გამოსახლება) ერთი ოთახის დაკავების დღიდან 2016 წლის 30 მაისიდან საიჯარო ქირის ნახევარი თვეში 125 აშშ დოლარის დაკისრება 2017 წლის 14 მარტამდე, რაც შეადგენს მოსარჩელის განმარტებით 10 თვეს,ხოლო ქირის თანხა1250აშშ დოლარს.

 

პალატას, სრულად იზიარებს რა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, მიაჩნია, რომ მოთხოვნა საფუძვლიანია და სწორად დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, აპელანტისთვის 2014 წლის 14 მარტიდან 2016 წლის 14 მაისამდე 26თვეზე 6500აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში. რაც შეეხება მოწინააღმდეგე მხარის მიერ ერთი ოთახის დაკავების შემდგომ პერიოდს, პირველი ინსტანციის სასამართლომ მოპასუხე დ--–- გ------–---–ის განმარტებით სწორად მიიჩნია დადგენილად, რომ ჟ--- ვ------–-–---–ის ფართი გამონთავისუფლდა 2017 წლის ივლისის ბოლოს (რაც სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელეს). სასამართლომ ამავე დადგენილად მიიჩნია, რომ ჟ--- ვ------–-–---–ის სადავო ბინაში, 2016 წლის მარტის თვიდან, ცხოვრების ფაქტს ადასტურებს კომუნალური მომსახურების ქვითრები (მოპასუხეს აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების საწინააღმდეგო მტკიცებულება არ წარმოუდგენია). შესაბამისად მოსარჩელემ სწორედ აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით გაანახევრა ქირის ღირებულება და ნაცვლად 250 აშშ დოლარისა მოითხოვა 125 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრება 2016 წლის 30 მაისიდან 2017 წლის 14 მარტამდე, რაც სასამართლოს შეფასებით შეადგენს არა 10 თვეს არამედ 9 თვესა და 14 დღეს, შესაბამისად (125X9=1125 აშშ დოლარი) (125:30=4.16 X14=58.24 აშშ დლარი) (1125+58.24=1183 აშშ დოლარი) მოპასუხეს უნდა დაეკისროს 1183 აშშ დოლარის, საერთო ჯამში კი (6500+1183=7683) 7683 აშშ დოლარის მოსარჩელისათვის გადახდა.

 

21. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება, სააპელაციო საჩივრის ავტორის მიერ გადახდილი ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ქ------- გ------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს რუსთავის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: დიანა ბერეკაშვილი

 

მოსამართლეები: ქეთევან დუგლაძე

 

მიხეილ გოგიშვილი