განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2ბ/1116-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
03 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსნებელი) - ანა გოგიშვილი
მოსამართლეები: ხათუნა არევაძე, ეკატერინე ცისკარიძე
სხდომის მდივანი - ანა ჩიკვაიძე
აპელანტი - სს „ს-----–-----------ის“ აქციონერი მ-----ა ო–------–ი;
წარმომადგენელი - მ--------–--–---–ი;
მოწინააღმდეგე მხარეები - სს „ს-----–-----------ა“, გ------ი ა--–--ე, დ----- მ-------–-–---–ი, ჯ---ი ფ---–---–--ე, დ----- კ-------;
წარმომადგენელი - ზ-----------------ე;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება;
დავის საგანი - კრებისა ოქმების ბათილად ცნობა, ნასყიდობის ხელშკრულებების ბათილად ცნობა, ქონების სააქციო საზოგადოების საკუთრებაში დაბრუნება;
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება;
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
მ-----ა ო–------–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებულ ნაწილში უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. მოსარჩელე მიუთითებს, რომ გ-------ნის რაიონის სასამართლოს მიერ 1996 წლის 22 აგვისტოს სამეწარმეო რეესტრში გატარდა სს ,,ს-----–-----------ა“, რეგისტრაციის ნომერი 28/5-5. იურიდიული მისამართი: გ-------ნის რაიონი, სოფ. ა-------–ია. სააქციო საზოგადოებას საკუთრების უფლებით ეკუთვნოდა გ-------ნის რაიონის სოფ. გ----------აში მდებარე ორი მიწის ნაკვეთი: 1. ზონა გ-------ანი, სექტორი გ----------ა - 0- კვარტალი - 0-, მიწის ნაკვეთი - 1--, დაზუსტებული ფართობი - 4250-.00 კვ.მ (ს/კ 8-.0-.0-.1--), 2. ზონა გ-------ანი, სექტორი გ----------ა - 0- კვარტალი - 0-, მიწის ნაკვეთი - 1--, დაზუსტებული ფართობი - 4250-.00 კვ.მ (ს/კ 8-.0-.0-.1--).
2.2. გ-------ნის რაიონ სოფ. გ----------აში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის 1 კვ.მ-ის საბაზრო ღირებულება 2011 წლის აპრილის დასაწყისის მდგომაროებით საორიენტაციოდ შეადგენდა 1.05 ლარს. შესაბამისად, 2011 წლის აპრილის დასაწყისში სს ,,ს-----–-----------ის“ სახელზე იმჟამად რიცხულ მიწის ნაკვეთების საკადასტრო კოდით 8-.0-.0-.1--, 4250- კვ.მ. - საბაზრო ღირებულება შეადგენდა 44630 ლარს, ხოლო მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდით 8-.0-.0-.1--, 47505 კვ.მ. საბაზრო ღირებულება შეადგენდა 2011 წლის აპრილის დასაწყისის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენდა 1.05 ლარს, ხოლო საბაზრო ღირებულება კი, შეადგენდა 49880 ლარს.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.3. 2011 წლის 5 აპრილს, გ-------ნის რაიონის სოფ. ა-------–იაში გაიმართა სს ,,ს-----–-----------ის“ აქციონერთა საერთო კრება, რომელზეც განხილულ იქნა სააქციო საზოგადოების ბალანსზე რიცხული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების გასხვისება-გაყიდვა.
2.4. 2011 წლის 14 აპრილს, მოწვეულ იქნა სს ,,ს-----–-----------ის“ სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა, რომელზეც მოხდა სააქციო საზოგადოების ბალანსზე რიცხული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების გასხვისება-გაყიდვა. კვ.მ - 17 თეთრის ოდენობით. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული უძრავი ქონება საკუთრების უფლებით აღირიცხა სს-ის დირექტორის გ------ი ჯ--------ის და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის - თ--------ე ა--–--ის ოჯახის სახელზე.
2.5. გ------ი ჯ--------ემ გასხვისებული მიწის ნაკვეთი 12.05.2011 წლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით გაუფორმა დ----- კ-------ს, დ----- მ-------–-–---–სა და ჯ---ი ფ---–---–--ეს. ხოლო მათგან სს სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარის მოადგილემ თ--------ე ა--–--ემ 2013 წლის 30 დეკემბერს გადაუფორმა შვილს - გ------ი ა--–--ეს.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.6. სააქციო საზოგადოების საერთო კრება მოიწვევა საზოგადოების იურიდიულ მისამართზე ან საქართველოს ტერიტორიის ნებისმიერ სხვა ადგილზე, წესდებით განსაზღვრული ორგანოს (სამეთვალყურეო საბჭო ან დირექტორები) მიერ, კრების მოწვევის შესახებ შეტყობინების საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნებიდან ან აქციონერებისათვის მოსაწვევის გაგზავნიდან 20 დღის შემდეგ. საერთო კრების მოწვევის შესახებ შეტყობინებასთან ერთად უნდა გამოქვეყნდეს დღის წესრიგი და დირექტორებისა და სამეთვალყურეო საბჭოს რეკომენდაციები გადაწყვეტილების მისაღებად. საერთო კრების მოწვევის შესახებ შეტყობინებას უნდა დაერთოს იმ პროცედურის აღწერა, რომლის მიხედვითაც კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში აქციონერს შეუძლია შეამოწმოს კრებაში თავისი მონაწილეობის უფლება. სააქციო საზოგადოების ხმის უფლების მქონე აქციათა არანაკლებ 1%-ის მფლობელებს საერთო კრებაზე მოსაწვევი დაზღვეული წერილით ეგზავნებათ. ანგარიშვალდებული საწარმოს შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკი განსაზღვრავს, თუ 1%-ზე ნაკლები როგორი წილის მფლობელს უნდა გაეგზავნოს მოსაწვევი ფოსტით.
საერთო კრების მუშაობას ხელმძღვანელობს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მისი არყოფნისას – მოადგილე, მოადგილის არყოფნისას კი – ერთ-ერთი დირექტორი. მათი არყოფნისას კრების თავმჯდომარეს ხმათა უბრალო უმრავლესობით ირჩევს საერთო კრება. თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი, საერთო კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მასზე წარმოდგენილია ხმების ნახევარზე მეტის მქონე პარტნიორი (პარტნიორები).
,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ აქციონერებს, რომლებსაც აქციაზე საკუთრების უფლება ჰქონდათ სააღრიცხვო დღისთვის. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სააქციო საზოგადოების საერთო კრება მოიწვევა საზოგადოების იურიდიულ მისამართზე ან საქართველოს ტერიტორიის ნებისმიერ სხვა ადგილზე, წესდებით განსაზღვრული ორგანოს (სამეთვალყურეო საბჭო ან დირექტორები) მიერ, კრების მოწვევის შესახებ შეტყობინების საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნებიდან, რომელსაც განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკი, ან აქციონერებისათვის მოსაწვევის გაგზავნიდან 20 დღის შემდეგ. მე-3 პუნქტის მიხედვით, აქციონერი კრების მუშაობაში მონაწილეობს პირადობის მოწმობისა და კრებაზე წარმოდგენილი აქციათა რეესტრის მონაცემების საფუძველზე. მე-5 პუნქტის მიხედვით, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი, საერთო კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მასზე წარმოდგენილია ხმების ნახევარზე მეტის მქონე პარტნიორი (პარტნიორები).
წესდების 6.2. პუნქტის თანახმად, საერთო კრება მოიწვევა საზოგადოების წიგნში შეტანილ უკანასკნელ იურიდიულ მისამართზე ან საქართველოს ტერიტორიის ნებისმიერ სხვა ადგილზე ოცი დღის ვადაში დირექტორის მიერ ბეჭდვით ორგანოში გამოცხადების ან აქციონერებისთვის მოსაწვევის გაგზავნით. ამასთან, იმავე წესდების 6.4. პუნქტის თანახმად, კრება გადაწყვეტილებაუნარიანია თუ მას ესწრება სხმის უფლების მოქნე სულ ცოტა 5%.
სასამართლო არ დაეთანხმა მოსარჩელე მხარის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ 2011 წლის 5 აპრილის კრება ჩატარდა მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის და სააქციო საზოგადოების წესდების პირობების დარღვევით. ვინაიდან, სხდომას ესწრებოდა საზოგადოების 63%-ზე მეტი აქციონერი. ინფორმაცია კრების მოწვევის თაობაზე გამოქვეყნებული იყო გაზეთ ,,საქართველოს რესპუბლიკა“-ს 49-ე ნომერში.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2011 წლის 5 აპრილს გ-------ნის რაიონის სოფ. ა-------–იაში გაიმართა სს ,,ს-----–-----------ის“ აქციონერთა საერთო კრება, რომელზეც განხილულ იქნა სააქციო საზოგადოების ბალანსზე რიცხული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების გასხვისება-გაყიდვა.
აღნიშნული კრება დამოწმდა ნოტარიუსის მიერ და იგი გაიმართა 2011 წლის 19 აპრილს. კრებას ესწრებოდა თემურ ჯ--------ე, რომელიც წარმოადგენდა ასევე ვ-–-------- კ-----–---–იას, თ--------ე ა--–--ე, მ--------- ხ------ი, გ------ი ჯ--------ე და დ----- მ-------–-–---–ი. კრების თაობაზე ასევე გამოქვეყნებული იყო გაზეთ ,,საქართველოს რესპუბლიკის“ 49-ე ნომერში. აღნიშნულ კრებაზე განხილულ იქნა სს ,,ს-----–-----------ის“ კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების შესაძლო რეალიზაციასთან დაკავშირებული საკითხები, რომელზეც დამსწრეებმა ერთხმად გამოთქვეს თანხმობა, იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოების ფინანსური მდგომაროება გაუარესდა და დასახული მიზნები ვერ განხორციელდა. წყალდიდობამ გამოუსადეგარი გახადა მიწები. ამასთან, საზოგადოებას არ გააჩნდა სახსრები მიწის გასუფთავებისა და გაკულტურებისათვის.
2011 წლის 14 აპრილს, მოწვეულ იქნა სს ,,ს-----–-----------ის“ სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა, რომელზეც მოხდა სააქციო საზოგადოების ბალანსზე რიცხული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების გასხვისება-გაყიდვა. 1 კვ.მ - 17 თეთრის ოდენობით., რაზეც თანხმობა გამოთქვა სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარემ - თ. ჯ--------ემ და მოადგილემ - თ. ა--–--ემ.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელე მ-----ა ო–------–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.1. აპელანტის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილ იქნა ეროვნული ბანკის 03.02.2009 წლის ბრძანება N16 ''საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბეჭდვითი ორგანოს განსაზღვრისა და ანგარიშვალდებული საწარმოს 15%-ზე ნაკლები წილის მფლობელის აქციონერთა საერთო კრებაზე მოწვევის წესის დამტკიცების თაობაზე“, რომლის პირველი პუნქტით დადგენილია, რომ „საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბეჭვდით ორგანოდ, სადაც ქვეყნდება სააქციო საზოგადოების აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ შეტყობინება, განისაზღვროს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. სასამართლო სარჩელის კანონიერ მოთხოვნაზე უარის სათქმელად ასეთ დასკვას აკეთებს: „სასამართლო ვერ დაეთანხმება მოსარჩელე მხარის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ 2011 წლის 5 აპრილის კრება ჩატარდა ''მეწარმეთა შესახებ'' საქართველოს კანონის და სააქციო საზოგადოების წესდების პირობების დარღვევით. ვინაიდან, სხდომას ესწრებოდა საზოგადოების 63%-ზე მეტი აქციონერი. კრების მოწვევის თაობაზე ინფორმაცია გამოქვეყნებული იყო გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკის" 49-ე ნომერში“. გარდა ამისა, ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბეჭვდით ორგანოში გამოქვეყნებიდან ან აქციონერებისათვის მოსაწვევის გაგზავნიდან 20 დღის შემდეგ კრების ჩატარების წესის დარღვევის თაობაზე სასამართლო სხდომაზე აღიარა კიდეც სს-ის დირექტორმა დ. მთრალაშვილმა. ასევე, სასამართლო სხდომაზე, მოსამართლის შეკითხვაზე სს-ის დირექტორმა დ.მთრალაშვილმა აღიარა და დაადასტურა, რომ 1% -ზე მეტი აქციის მფლობელ აქციონერებს კრების მოწვევის თაობაზე წერილობითი შეტყობინება საერთოდ არ გაეგზავნათ.
სააქციო საზოგადოების 2011 წლის 5 აპრილის კრების ჩატარების დროს ეროვნული ბანკის 03.02.2009 წლის ბრძანება N16-ის მოთხოვნა იყო სავალდებულო, სწორედ იმ მიზნით, რომ სააქციო საზოგადოებაში დაცული ყოფილიყო ყველა აქციონერის უფლება და კრების მოწვევის თაობაზე ინფორმაციის გამოქვეყნება მომხდარიყო არა ფორმალურად, ფარულად ან უკანონო გადაწყვეტილებების მიღების განზრახვით, როგორც, მოცემულ შემთხვევაში, განხორციელდა სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელთა მიერ შეგნებულად, არამედ კანონით დადგენილი წესის დაცვით.
სასამართლოს გადაწყვეტილებაში საერთოდ არა აქვს ნახსენები და შესაბამისად, არც შეფასებული, სასამართლოს ინიციატივით, საქმეზე დანიშნული ქონების შეფასების შესახებ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N002415117 დასკვნა, რის მიხედვითაც, გ-------ნის რ-ნის სოფელ გ----------აში მდებარე სადავო მიწის ნაკვეთების საბაზრო ღირებულება, მათი გასხვისების პერიოდში შეადგენდა: N8-.0-.0-.1-- მიწის ნაკვეთზე 44630 ლარს, N8-.0-.0-.1-- მიწის ნაკვეთზე 49880 ლარს. სს-ის ხელმძღვანელი პირების მიერ, ქონების მითვისების მიზნით, თავიანთი თანამდებობრივი უპირატესობის გამოყენების საშუალებით, სს-ის კუთვნილი, ძვირადღირებული უძრავი ქონება გაყიდულ იქნა მიზერულ ფასად - 1 კვ.მ. – 17 თეთრად, ჯამში -15 000 ლარად.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა (წარმომადგენელების) მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. წინამდებარე გადაწყვეტილებით, მსჯელობის საგანს წარმოადგენს სს „საქს-----–-----------ის“ აქციონერთა საერთო კრების 2011 წლის 5 აპრილისა და 14 აპრილის ოქმების, ასევე, ნასყიდობის ხელშეკრულებების იურიდიული ძალა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ავალდებულებს მოსარჩელეს, სარჩელში მიუთითოს იმ სამართლებრივ საფუძვლებზე, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს, თუმცა ასეთის მიუთითებლობა ან ფაქტობრივი გარემოებების არასწორი სამართლებრივი შეფასება არ შეიძლება იყოს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. მხარის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების კონკრეტულ მატერიალურ-სამართლებრივ ნორმასთან შესაბამისობის დადგენა სასამართლოს უფლებაცაა და ვალდებულებაც.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობების შესრულებასთან ერთად მხარეებმა მოსამართლეს უნდა მოახსენონ საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებზეც მხარე თავის მოთხოვნას ამყარებს და მოთხოვნის შინაარსი. მიზანშეწონილია, თუ მხარეები მოთხოვნის იმ სამართლებრივ საფუძველზეც _ ნორმაზე მიუთითებენ, რომელსაც მათი მოთხოვნა ან, შესაბამისად, შესაგებელი ემყარება, თუმცა ეს არ არის შემზღუდავი სასამართლოსათვის და არც გავლენას ახდენს დავის შედეგზე. მოსამართლისათვის სავალდებულო არ არის მხარეთა მოსაზრებები, თუ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად რა სამართლებრივი საფუძველი უნდა იქნეს გამოყენებული და არც კანონის იმპერატიული დათქმაა, რომ გამოტანილი გადაწყვეტილება დაეფუძნოს მხარეთა მიერ მითითებულ მოთხოვნის საფუძველს. მაშინაც კი, თუ მხარეები განსაზღვრულ საკითხებთან მიმართებით არასწორ ან არამყარ სამართლებრივ პოზიციას ირჩევენ, თუ საქმის მასალებზე დაყრდნობით და სხვაგვარი დასაბუთებით კანონიერი გადაწყვეტილების გამოტანა შესაძლებელია, მოსამართლეს სხვა გზის არჩევის უფლება აქვს. სწორედ აღნიშნული წარმოადგენს სამოსამართლო საქმიანობას, რომელიც უზრუნველყოფს კერძო სამართლის სუბიექტთა დარღვეული უფლებებისა და ინტერესების სრულყოფილად და ეფექტურად დაცვას (აღნიშნული დასაბუთება სრულ შესაბამისობაშია უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკასთან, იხ. სუსგ საქმე #ას-877-825-2010, 28.12.2010).
პალატა მიიჩნევს, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ ქმნის სკ-ის 56-ე მუხლით განსაზღვრული წინაპირობების შემადგენლობას, კერძოდ: დასახელებული ნორმის მიხედვით, გარიგების მოჩვენებით ხასიათს განაპირობებს მხარეთა განზრახვა, გარიგების დადებით მიაღწიონ მიზანს, რომელიც არ შეესაბამება ამ გარიგების შინაარსიდან გამომდინარე იურიდიულ შედეგს. ამდენად, მოჩვენებითი გარიგების დადებით ორივე მხარე მოქმედებს საერთო მიზნით და ურთიერთშეთანხმებით. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან მათი მოტყუების, პასუხისმგებლობისათვის თავის არიდებისა თუ სხვა მიზნით. მოჩვენებითი გარიგების არსებობის შემთხვევაში არ არსებობს გამოვლენის გარეგანი დათქმა. ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამოვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდეს ნების ნაკლს. მოჩვენებითი გარიგების დროს კანონი ადგენს კავშირს ფიქტიურ გარიგებასა და ნების მიმღების ადრესატის თანხმობას შორის. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მოჩვენებით გარიგებას ახასიათებს მხარეთა ”ურთიერთშეთანხმება”, ”გარიგება” მოჩვენებითი ნების გამოვლენის შესახებ. ამრიგად, იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ ”ურთიერთშეთანხმებაზე”, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას (აღნიშნული დასაბუთება შეესაბამება უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ სასამართლო პრაქტიკას, იხ. სუსგ საქმე №ას-12---11---2012, 14.11.2013 წელი; საქმე №ას-1347-1272-2012, 2013 წლის 1 ივლისი; №ას-1439-1357-2012, 1 ივლისი, 2012 წელი).
წინამდებარე შემთხვევაში, დადგენილია, რომ ნასყიდობის საფასური გადახდილია და უძრავ ქონებაზე ფაქტობრივ ბატონობას მყიდველები ახორციელებენ. თუმცა, სადავოა გარიგებების მართლზომიერება. ამდენად, პალატა განმარტავს, რომ განსახილველი ფაქტობრივი სინამდვილის გათვალისწინებით საქმეში მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები შეესაბამება სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლით დადგენილ სამართლებრივ კონსტრუქციას. პალატას მიაჩნია, რომ სს „ს-----–-----------ის“ 2011 წლის 5 აპრილისა და 14 აპრილის კრება არ მოწვეულა არც აღნიშნული საზოგადოების წესდებისა და არც „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესების მიხედვით. კრება არ იყო უფლებამოსილი მიეღო დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე გადაწყვეტილება და, შესაბამისად, ადგილი ჰქონდა პროცედურულ დარღვევას (ვრცლად იხ. ქვემოთ).
სადავო კრების ჩატარებისას მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააქციო საზოგადოების საერთო კრება მოიწვევა საზოგადოების იურიდიულ მისამართზე ან საქართველოს ტერიტორიის ნებისმიერ სხვა ადგილზე, წესდებით განსაზღვრული ორგანოს (სამეთვალყურეო საბჭო ან დირექტორები) მიერ, კრების მოწვევის შესახებ შეტყობინების საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნებიდან, რომელსაც განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკი, ან აქციონერებისათვის მოსაწვევის გაგზავნიდან 20 დღის შემდეგ. კრების მოწვევის შესახებ შეტყობინებასთან ერთად უნდა გამოქვეყნდეს დღის წესრიგი და დირექტორებისა და სამეთვალყურეო საბჭოს რეკომენდაციები გადაწყვეტილების მისაღებად. კრების მოწვევის შესახებ შეტყობინებას უნდა დაერთოს იმ პროცედურის აღწერა, რომლის მიხედვითაც კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში აქციონერს შეუძლია შეამოწმოს კრებაში თავისი მონაწილეობის უფლება. საზოგადოების ხმის უფლების მქონე აქციათა არანაკლებ 1%-ის მფლობელებს საერთო კრებაზე მოსაწვევი ეგზავნებათ დაზღვეული წერილით. ანგარიშვალდებული საწარმოს შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკი განსაზღვრავს, თუ 1%-ზე ნაკლები როგორი წილის მფლობელს უნდა გაეგზავნოს მოსაწვევი ფოსტით.
სამოქალაქო სამართალში მოქმედებს პრინციპი „affirmanti, non negati, incumbit probatio“ - „მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს“. ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს, ვინ რა უნდა ამტკიცოს. მტკიცების ტვირთი იმისა, რომ მოსარჩელე ინფორმირებული იყო სხდომის დღის თაობაზე მოპასუხეს ეკისრებოდა. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. შინაგანი რწმენის ჩამოყალიბება მოსამართლის მიერ ხდება არა სუბიექტურად, არამედ ობიექტური მიუკერძოებლობის კონტექსტში შესწავლილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით.
სამართალწარმოებაში მოქმედებს მტკიცების ტვირთის განაწილების ორი ძირითადი წესი ზოგადი წესი, რომელიც სსსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად ეკისრება თითოეულ მხარეს, და სპეციალური წესი, რომელსაც თავად გამოსაყენებელი მატერიალური ნორმა აწესებს. ნიშანდობლივია, რომ განსახილველი დავის სპეციფიკის გათვალისწინებით, ვინაიდან, ერთ მხარეს წარმოდგენილია ორგანიზაცია, უნდა ვიხელმძღვანელოთ მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალური სტანდარტით, რომლის თანახმად, სწორედ ზემოდასახელებული დაწესებულება, რომელიც კრების ჩატარების ინიციატორია, ვალდებულია ადასტუროს სხდომისა ჩატარების თაობაზე მოსარჩელის ინფორმირებულობის ფაქტი. სადავო ფაქტის დადასტურებად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს საქმეში წარმოდგენილი პუბლიკაცია, გამოქვეყნებული გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკის" ნომერში. პალატას მიაჩნია, რომ სს „ს-----–-----------ა“ თავისი სტატუსიდან და ფუნქციიდან გამომდინარე სამოქალაქო რისკებს უკეთ აღიქვამს. შესაბამისად, მან იცოდა ან უნდა სცოდნოდა თუ რა მოჰყვებოდა წევრის არასათანადო ინფორმირებას და ასევე, ის ფაქტი თუ რა ჩაითვლებოდა კრებისა და სხდომის ჩატარების დროის შეტყობინებად. ამასთან, კრების მოწვევა წერილობით მიზანშეწონილი იყო არამხოლოდ წესდებიდან და კანონიდან გამომდინარე, არამედ ამგვარი ფორმით უზრუნველყოფილი იქნებოდა გაფრთხილების, ინფორმაციის მიწოდების, სიცხადისა და მტკიცების, იდენტიფიცირებისა და ნამდვილობის ფუნქცია. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ინფორმაცია კრების მოწვევის თაობაზე გამოქვეყნებული იყო გაზეთ ,,საქართველოს რესპუბლიკის“ 49-ე ნომერში. ასევე, დადგენილია, რომ მ-----ა ო–------–ი წარმოადგენს სს „ს-----–-----------ის“ 1.990-88%-ის წილის მფლობელ აქციონერს, რომლისთვისაც კრების თაობაზე შეტყობინება წერილობით უნდა განხორციელებულიყო. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარის სათანადო ინფორმირებას ადგილი არ ჰქონია.
სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. პალატა განმარტავს, რომ მხარეები თავისუფლად განკარგავენ თავიანთ უფლებებს, შედიან ურთიერთობაში კონტრაგენტებთან და დებენ გარიგებებს. სამოქალაქო სამართალი არის მხარეთა თავისუფალი ნების სამართალი, მხარეები მაქსიმალურად თავისუფლად განაგებენ სახელშეკრულებო ურთიერთობის საგანს და ფარგლებს, მაგრამ აბსოლუტური თავისუფლება არ არსებობს, რადგან კანონმდებლობა იცავს იმ მხარეს, რომლის უფლებები უგულებელყოფილი იქნა. სკ-ის 54-ე მუხლის ნორმატიული შინაარსი უცილოდ ბათილი გარიგების დადების შედეგებს აწესრიგებს და ამგვარ გარიგებას დადებისთანავე ბათილად მიიჩნევს, უკეთუ, იგი მონაწილეთა მიერ განზრახულ სამართლებრივ შედეგს არ წარმოშობს. ასეთი გარიგებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი არ დადგება არც გარიგების უშუალო მონაწილეების და არც მესამე პირების მიმართ.
სამართლებრივ სახელმწიფოში მართლწესრიგის არსებობას უზრუნველყოფს როგორც კანონი, ასევე, მორალური ქცევის სტანდარტი. ხელშეკრულების მხარეთა მოვალეობა მხოლოდ ვალდებულების შესრულების ჭრილში კი არ უნდა იქნეს განხილული, არამედ, მხარეებს ევალებათ განსაკუთრებული გულისხმიერებით მოექცნენ მეორე მხარის უფლებასა თუ ქონებას. სამოქალაქო კოდექსის მერვე მუხლის მიხედვით, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარეობს სუბიექტის მიერ სხვა პირის ინტერესების გათვალისწინება. ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე ისე უნდა იქცეოდეს, როგორც ობიექტური დამკვირვებელი თუ მიუკერძოებელი პირი სამართლიანად შეაფასებდა. ხელშეკრულების მხარეებმა ორმხრივი ინტერესების შესაბამისად უნდა იმოქმედონ. კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას საკუთარი როლისა და პასუხისმგებლობის გათავისებას. კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხარეთა თანამშრომლობა, მეორე მხარის ინტერესების გათვალისწინება საჭიროა ამ ურთიერთობის ნორმალურად განვითარებისათვის. შესაბამისად, კეთილსინდისიერი ქცევის მინიმალური სტანდარტი ავალდებულებდა სს „ს-----–-----------ის“ დირექტორსა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს აქციონერების ინფორმირება მოეხდინათ კანონით დადგენილი წესის შესაბამისად და მათ მიერ გადაწყვეტილების მიღების დროს სახელმძღვანელო ყოფილიყო არა პირადი, არამედ საზოგადოების ინტერესი.
ასევე, საყურადღებოა, რომ სს „საქს-----–-----------ასა“ და დ----- კ-------ს, ჯ---ი ფ---–---–--ესა და დ----- მ-------–-–---–ს შორის 2011 წლის 12 მაისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებაში (15 300 ლარი), ჯ---ი ფ---–---–--ესა და გ------ი ა--–--ეს შორის 2013 წლის 30 დეკემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებასა (3600 ლარი) და დ----- მ-------–-–---–სა და გ------ი ა--–--ეს შორის 2013 წლის 30 დეკემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებებში (3200 ლარი) მითითებული ფასები არ წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებას. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ გ-------ნის რაიონის, სოფელ გ----------აში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადსტრო კოდი 8-.0-.0-.1--; 4250- კვ.მ) საბაზრო ღირებულება 2011 წლის აპრილის დასაწყისის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენდა 44 630 ლარს. გ-------ნის რაიონის, სოფელ გ----------აში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი 8-.0-.0-.1--; 47505 კვ.მ) საბაზრო ღირებულება 2011 წლის აპრილის დასაწყისის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენდა 49 880 ლარს. ასევე, ხაზგასასმელია გარიგებაში მონაწილე სუბიექტების ურთიერთდამოკიდებულება. მართალია, სადავო ხელშეკრულებებს იურიდიული შედეგი მოჰყვა და ნივთზე იურიდიულ ბატონობას სწორედ მყიდველები ახორციელებენ, თუმცა, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, პალატას უქმნის შინაგან რწმენას, რომ მხარეები, სწორედ მათი ურთიერთდამოკიდებულების გამო, არ მოქმედებდნენ კეთილსინდისიერად და ადგილი არ ჰქონდა მოსარჩელის, როგორც აქციონერის და ასევე კომპანიის უფლებებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერებით ქცევას.
ამასთან, პალატა მიიჩნევს, რომ უძრავი ნივთის გასხვისების მოპასუხეთა მიერ მითითებული მოტივი (ვერ ხორციელდებოდა ნივთის მოვლა) არ წარმოადგენს გარიგების ნამდვილობის მტკიცებისათვის ვარგის შედავებას, უკეთუ, როგორც ზემოთ აღინიშნა, გარიგების დადებისას, მით უფრო, ფასის განსაზღვრისას ხელშეკრულების მონაწილეთათვის სახელმძღვანელო საზოგადოების ინტერესი არ ყოფილა. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქმეში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულება მასზე, თუ მიწის ნაკვეთის მოვლის რა საჭიროება არსებობდა, აყენებდა თუ არა ზარალს მოვლისათვის გაწეული/გასაწევი ხარჯები კომპანიის ბიუჯეტს და ა.შ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, სააქციო საზოგადოების სხდომა არ ჩატარებულა კანონითა და წესდებით დადგენილი წესის შესაბამისად, კერძოდ, მისი მოწვევის წესი არ აკმაყოფილებდა ფორმალურ მხარეს, ამასთან, ხელშეკრულებების დადებისას მხარეებმა დაარღვიეს კეთილსინდისიერად ქცევის სტანდარტი, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „საქს-----–-----------ის“ აქციონერთა საერთო კრების 2011 წლის 5 აპრილისა და 14 აპრილის ოქმები და მოწინააღმდეგე მხარეთა შორის დადებული სადავო ხელშეკრულებები, ბათილია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოსკანონის 54-ე მუხლის მეორე ნაწილის, სკ-ის მე-8 მუხლის და სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლებით და მათ იურიდიული ძალა არ გააჩნიათ.
4.2. სამოქალქო კოდექსის 976-ე მუხლი პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა. ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.
უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე კონდიქციურ ვალდებულებათა რეგულირებას ეთმობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-991-ე მუხლები. უსაფუძვლო გამდიდრების ცნების ნორმის ანალიზი შესაძლებლობას იძლევა გამოვყოთ უსაფუძვლო გამდიდრებისათვის დამახასიათებელი შემდეგი ნიშნები: 1. უსაფუძვლო გამდიდრებას ადგილი უნდა ჰქონდეს აუცილებლად სხვა პირის ხარჯზე. 2. უსაფუძვლო გამდიდრების დროს სხვისი ქონების შეძენა (დაზოგვა) ხდება დაზარალებულის ხარჯზე. 3. გამდიდრების პროცესი უნდა მიმდინარეობდეს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. 4. უსაფუძვლო გამდიდრების დროს, მნიშვნელობა აქვს ობიექტურად დამდგარ შედეგს და არა ამ შედეგის დადგომასთან დაკავშირებული პირების მოქმედებას (ნებას).
უსაფუძვლო გამდიდრებიდან წარმოშობილი ვალდებულებების ძირითადი დანიშნულება სწორედ დაზარალებულის ხარჯზე, უსაფუძვლოდ გამდიდრებული ან ქონებადაზოგილი შემძენის მიერ დაზარალებულისათვის ქონებრივი დანაკარგის ანაზღაურების უზრუნველყოფაა. უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე ვალდებულებებიც წარმოადგენენ ერთიან დამოუკიდებელ არასახელშეკრულებო ინსტიტუტს, რომელიც ემსახურება საკუთრების უფლებისა და სხვა ქონებრივი უფლებების დაცვას. ამ სახის ვალდებულების წარმოშობისათვის მნიშვნელოვანია თვით უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი და არა კონკრეტული საფუძველი, რასაც მოჰყვა გამდიდრება. ასეთი ფაქტად შეიძლება მივიჩნიოთ გამდიდრებული პირის, როგორც მართლზომიერი ისე არამართლზომიერი მოქმედება. ასევე, დაზარალებულის და მესამე პირთა იგივე სახის მოქმედებები. უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართლებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ამ მიზნით ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება. ამ ინსტიტუტის უმთავრესი დანიშნულება არის არა ქონებრივი დანაკლისის შევსება, მაგ. ზიანის ანაზღაურება, არამედ ქონებრივი ნამატის ამოღება, პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა ანუ გამდიდრების გათანაბრება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, ბათილად იქნა ცნობილი ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომლის მიხედვითაც, განხორციელდა საკუთრების უფლების წარმოშობა სადავო ნივთებზე, გ-------ნის რაიონის სოფელ გ----------აში მდებარე მიწის ნაკვეთები (საკადასტრო კოდი: 8-.0-.0-.1-- და N8-.0-.0-.1--) ახალი საკადასტრო კოდები: 8-.0-.0-.2--; 8-.0-.0-.2--; 8-.0-.0-.2--; 8-.0-.0-.2-- უნდა დაუბრუნდეს სს „ს-----–-----------ას“.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, სს „ს-----–-----------ას“, გ------ი ა--–--ეს, დ----- მ-------–-–---–ს, ჯ---ი ფ---–---–--ესა და დ----- კ-------ს მ-----ა ო–------–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ პირველი ინსტანციისა და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში სარჩელსა და სარჩელის უზრუნველყოფის შუამდგომლობაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება, ჯამში, 3 450 ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ-----ა ო–------–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. მ-----ა ო–------–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
3.1. ბათილად იქნეს ცნობილი სს „ს-----–-----------ის“ აქციონერთა საერთო კრების 2011 წლის 5 აპრილისა და 14 აპრილის ოქმები;
3.2. ბათილად იქნეს ცნობილი სს „ს-----–-----------ასა“ და დ----- კ-------ს, ჯ---ი ფ---–---–--ესა და დ----- მ-------–-–---–ს შორის 2011 წლის 12 მაისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება;
3.3. ბათილად იქნეს ცნობილი ჯ---ი ფ---–---–--ესა და გ------ი ა--–--ეს შორის 2013 წლის 30 დეკემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებები;
3.4. ბათილად იქნეს ცნობილი დ----- მ-------–-–---–სა და გ------ი ა--–--ეს შორის 2013 წლის 30 დეკემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებები;
4. გ-------ნის რაიონის სოფელ გ----------აში მდებარე მიწის ნაკვეთები (საკადასტრო კოდი: N8-.0-.0-.2-- და N8-.0-.0-.1--) ახალი საკადასტრო კოდი: 8-.0-.0-.2--; 8-.0-.0-.2--; 8-.0-.0-.2--; 8-.0-.0-.2-- დაუბრუნდეს სს „ს-----–-----------ას“ (ს/კ 2--------).
5. სს „ს-----–-----------ას“, გ------ი ა--–--ეს, დ----- მ-------–-–---–ს, ჯ---ი ფ---–---–--ესა და დ----- კ-------ს მ-----ა ო–------–ის სასარგებლოდ დაეკისროთ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 3 450 ლარის ოდენობით.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
7. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე ანა გოგიშვილი
მოსამართლეები: ხათუნა არევაძე
ეკატერინე ცისკარიძე