განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2ბ/5282-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
23 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ანა გოგიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე;
აპელანტი - ლ---- ჟ--------ია;
კანონიერი წარმომადგენელი - გ---–----–--–--–---–ი;
მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს-------------ი“;
დავის საგანი - სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ ბათილად ცნობა;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო აქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2017 წლის 6 ივლისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ;
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება
2. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების დასკვნებზე მითითება.
2.1. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ლ---- ჟ--------იას სარჩელი, მოპასუხე სს "ს-------------ის" მიმართ, სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
2.2. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
ლ---- ჟ--------იას საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
3. დასკვნები ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში:
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით განმარტავს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ, 2016 წლის 20 იანვარს, ლ---- ჟ--------იას სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა მამის - ვ------- ჟ--------იას დანაშთ ქონებაზე, (რომელიც გარდაიცვალა 2015 წლის 28 ივნისს), კერძოდ, ქ.თბილისი, ჩ--------ს ქუჩა N3--ში მდებარე ბინა N4-ზე 87 კვ/მ საერთო ფართით, ხოლო 22 იანვარს, აღნიშნული ქონება საკუთრებით აღირიცხა ლ---- ჟ--------იას სახელზე, მანამდე, კერძოდ, 2016 წლის 19 იანვარს, სს "ს-------------მა" განცხადებით მიმართა, ქ.თბილისის სანოტარო ბიუროს ნოტარიუსს, რომლის წარმოებაშიც იყო ვ------- ჟ--------იას სამკვიდრო საქმე, მოპასუხემ მოითხოვა, ნოტარიუსს, აწ გარდაცვლილი ვ------- ჟ--------იას მემკვიდრეებისთვის ეცნობებინა, რომ აწ გარდაცვლილ ვ------- ჟ--------იას გააჩნდა დავალიანება 2014 წლის 27 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან სს "ს-------------ის" მიმართ.
2016 წლის 27 იანვარს, თბილისის სანოტარო ბიუროს ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც ლ---- ჟ--------იას სს "ს-------------ის" სასარგებლოდ დაეკისრა 26,500 აშშ დოლარი, საიდანაც 25,00 აშშ დოლარი წარმოადგენს სესხის ძირითად თანხას, ხოლო 1,500 აშშ დოლარი - 03 თვის პროცენტს, იმავე დღეს, სააღსრულებო ფურცელი აღსასრულებლად წარდგენილ იქნა კერძო აღმასრულებელთან, რომელმაც წინადადება მისცა მოსარჩელეს 7 დღის ვადაში ნებაყოფლობით აღესრულებინა სააღსრულებო ფურცელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, იძულებითი აღსრულების წესით გაიყიდებოდა მისი სამკვიდრო ბინა, 2014 წლის 27 ივნისის სანოტარო აქტის თანახმად, ვ------- ჟ--------იაზე გაცემული სესხის ძირითადი თანხა შეადგენს 25,000 აშშ ოლარს, სარგებელი 500 აშშ დოლარი, ხელშეკრულების მოქმედება განისაზღვრა 2015 წლის 27 აგვისტომდე, სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ვ.ჟ--------იას სახელზე რიცხული ბინა, მდებარე მისამართზე: თბილისი, ჩ--------ს ქუჩა N3-. სააღსრულებო ფურცლით მოსარჩელეს დაკისრებული აქვს 2015 წლის ივნისის, ივლისისა და აგვისტოს თვის საპროცენტო სარგებელი, რაც განეკუთვნება მოსარჩელის მამკვიდრებლის გარდაცვალების შემგომ პერიოდს, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი, ქ.თბილისის სანოტარო ბიუროს ნოტარიუსის მიერ 2016 წლის 27 იანვარს გაცემული N1--------- სააღსრულებო ფურცელი, ლ---- ჟ--------იასათვის საპროცენტო სარგებლის 1,500 (ათას ხუთასი) აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში, ასევე ლ---- ჟ--------იას 01 (ერთი) წლით გადაუვადდეს მის აწ გარდაცვლილი მამის - ვ------- ჟ--------იას ვალის 25000 აშშ დოლარის გადახის ვალდებულება სს "ს-------------ის მიმართ".
მოპასუხე სს "ს-------------ი"-ს წარმომადგენელმა წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც მოსარჩელის მიერ მითითებულ პირველ, მეორე, მესამე და მეხუთე ფაქტობრივ გარემოებებს დაეთანხმა, ხოლო მეოთხე ფაქტობრივ გარემოებებს არა, კერძოდ, უთითებს, რომ კრედიტორის მხრიდან ადგილი ჰქონდა არაერთ მცდელობას საკითხის მოგვარების მიზნით და აღსრულების პროცედურების გარეშე დავალიანების დაფარვის შესაძლებლობისა და გზების მოძიებას, მაგრამ მოვალეთა მხრიდან იგნორირებულ იქნა ყველა წინადადება, რის გამოც კრედიტორი იძულებული გახდა მიემართა დავალიანების ამოღების კანონით დადგენილი მექანიზმებისათვის, ვ------- ჟ--------იას მიერ სესხი ნაწილობრივ აღებული იქნა სს "საქართველოს ბანკში" დავალიანების დასაფარად, ხოლო დანარჩენი ნაწილი პირადი მიზნებისათვის, სესხი უნდა დაბრუნებულიყო 2015 წლის 27 აგვისტოს, კრედიტორ კომპანიას თავად აქვს ფინანსური რესურსი მოზიდული სხვა პირებისაგან გარკვეული საპროცენტო განაკვეთით, რის გამოც სესხის 12 თვით გადავადება, ყოველგვარი სარგებლის გარეშე, ზიანის მომტანია კრედიტორისათვის.
2017 წლის 24 თებერვლის განჩინებით დაინიშნა სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა 2017 წლის 18 მაისს, 12:00 საათზე. მხარეებს კანონით დადგენილი წესით ეცნობათ სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის თარიღის შესახებ.
2017 წლის 18 მაისს, ჩანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოსარჩელე მხარე. ასევე მას არ უცნობებია სასამართლოსათვის სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობის მიზეზები, შესაბამისად, ვერ დასტურდება თუ რატომ ვერ შეძლო მხარემ სასამართლო სხდომაზე გამოცხადება.
მოპასუხე სს "ს-------------ის" წარმომადგენელმა იშუამდგომლა მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ვინაიდან, მოსარჩელის გამოუცხადებლობას არანაირი საპატიო მიზეზი არ გააჩნია.
2017 წლის 18 მაისს, 12:00 საათზე დანიშნულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე არ გამოცხადდა მოსარჩელე, რომელსაც სასამართლო სხდომის დღე ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. მოსარჩელეს ასევე ეცნობა გამოუცხადებლობის იურიდიული შედეგების თაობაზე.
დასკვნები ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებულ განჩინებაში:
საქმის მომზადების მიზნით, მოსარჩელე ლ---- ჟ--------იას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების თანახმად, ეცნობა პროცესის თარიღის შესახებ (იხ.საფოსტო დასტური (ს.ფ.128).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. სასამართლო უწყებით სასამართლოში იბარებენ აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს.
საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე, ამასთან, ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ტექნიკური საშუალებით გაგზავნილი სასამართლო უწყების ჩაბარება დასტურდება ტელეფონის შემთხვევაში - ტექნიკური საშუალებით დაბარების შესახებ შედგენილი აქტით.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად ეცნობა სასამართლო სხდომის შესახებ (საქმის ფურცელი №128).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. აღნიშნული ნორმების ანალ---- ერთმნიშვნელოვნად გვაძლევს დასკვნის საფუძველს: სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტული ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის მოვალეობაა. მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე არსებული დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე დგინდება, რომ სასამართლო სხდომის დროისათვის მოსარჩელის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზები არ არსებობდა, შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ სახეზე არ არის იმ გარემოებათა წრე, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს.
ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის თანახმად, მოქალაქეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ პირადად. ხოლო იურიდიულ პირებს ან სხვა ორგანიზაციებს - იმ თანამდებობის პირის მეშვეობით, რომელსაც წესდებით ან დებულებით შეუძლია ამ იურიდიული პირისა თუ ორგანიზაციის სახელით იმოქმედოს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მხარეებს შეუძლიათ, აგრეთვე, საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს თვითონაც პირადად მიიღონ მონაწილეობა საქმეში. აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს წარმომადგენლის მეშვეობით საქმის წარმოების სავალდებულობას. კანონმდებლობა ისევე, როგორც არ ითვალისწინებს წარმომადგენლის მეშვეობით საქმის წარმოების სავალდებულობას, ასევე არ ზღუდავს მხარეს ჰყავდეს რამოდენიმე წარმომადგენელი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. საქმეზე წარმოდგენილი არ არის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის დადგენილი სათანადო საპატიო მიზეზი, რაც საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი გახდებოდა, საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი ცნობა არ არის სათანადო წესით გაცემული და ხელმოწერილი, კერძოდ, 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო საწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტაციით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე მხარის გამოცხადების შეუძლებლობაზე, რაც მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ არის, ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელე მხარე არც ერთ სასამართლო სხდომაზე არ ყოფილა გამოცხადებული, შესაბამისად, მისი ქმედებები ემსახურება საქმის განხილვის გაჭიანურებას, ან მხარემ დაკარგა ინტერესი საქმის მიმართ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობის კანონით გათვალისწინებულ არცერთ საფუძველს ადგილი არ ჰქონია, ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის საფუძველზე.
ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ნორმები ერთგვარად წარმოადგენენ მხარეთა პასუხისმგებლობის ამაღლების თვალსაზრისით პრევენციული შინაარსობრივი დატვირთვის მქონე ნორმებსაც, რათა მიღწეულ იქნას სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჩივარი განიხილება სასამართლო სხდომაზე. თუ საჩივრის განხილვის შედეგად აღმოჩნდება, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, სასამართლო განჩინებით აუქმებს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რის შემდეგაც იწყება სარჩელის განხილვა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე მხარე მოწვეული იყო სასამართლო სხდომაზე საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამასთან, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს არც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილის და 229-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობის სხვა საფუძვლები, სასამართლომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
საქმეში წარმოდგენილია სამედიცინო ცნობა, რომელიც ადასტურებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოსარჩელის გამოუცხადებლობის ფაქტს. მოწინააღმდეგე მხარეს მოსარჩელის ავადმყოფობის ფაქტი სადავოდ არ გაუხდია, თუმცა, მოსარჩელის კანონიერი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის არასაპატიოდ მიჩნევა მოითხოვა იმ ფაქტობრივ საფუძველზე მითითებით, რომ მოსარჩელისა და მისი კანონიერი წარმომადგენლის გარდა მათსავე მისამართზე ცხოვრობს მოსარჩელის ბებიაც. დედამ გამოიჩინა სათანადო მზრუნველობა შვილის მიმართ და აღნიშნული არ შეიძლება გახდეს სხდომაზე გამოუცხადებლობის არასაპატიო მიზეზი.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა (წარმომადგენელების) მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
5. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
5.1. სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა დაზარალებულთა უმწეობას მათი ასაკის, სქესისა ან უნარშეზღუდულობის გამო, ისეთ შემთხვევებში, როდესაც ეს ფაქტორები განაპირობებს მათ უუნარობას ამ საქმეზე სასამართლოში საჩივრის შეტანის თვალსაზრისით. ამასთან, ჯეროვანი ყურადღება ეთმობა განაცხადის შემტან პირსა და დაზარალებულს შორის არსებულ კავშირებს. კერძოდ, ბავშვებთან მიმართებაში სასამართლომ წარსულში განსაზღვრა, რომ ბავშვების პოზიცია ავალდებულებს ფრთხილ განხილვას, რადგან ისინი, როგორც წესი, უნდა დაეყრდნონ სხვებს თავიანთი საჩივრის წარდგენისა და მათი ინტერესების წარმოდგენისას და ბავშვები შესაძლოა არ იყვნენ იმ ასაკის ან შესაძლებლობების მქონე, რომ რეალურად მოახდინონ მათი სახელით განსახორციელებელი ნაბიჯების ავტორიზაცია. შესაბამისად, ამ სფეროში შემზღუდველი ან ტექნიკური მიდგომა თავიდან უნდა იქნას აცილებული (იხილეთ, ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ).
„ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-4 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ღებულობენ ყველა აუცილებელ საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ და სხვაგვარ ზომას წინამდებარე კონვენციით აღიარებულ უფლებათა განსახორციელებლად. პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, განმარტოს, რომ წინამდებარე საქმეში, სასამართლო სხდომაზე ლ---- ჟ--------იას კანონიერი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის საპატიოობა, სწორედ ზემოდასახელებული პრინციპების გათვალისწინებით უნდა შეფასდეს, ვინაიდან, დავის განხილვისას არასრულწლოვნის ინტერესები უპირატესად უნდა იყოს სახელმძღვანელო.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მხარეთა ახსნა-განმარტებები ცხადყოფს, რომ ლ---- ჟ--------იას კანონიერი წარმომადგენელი ინფორმირებული იყო სასამართლოს სხდომის დღისა და დროის თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში, სადავოა მოხდა თუ არა მოპასუხის მიერ სასამართლოს ინფორმირება პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ და იყო თუ არა გამოუცხადებლობის მიზეზი საპატიო.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი შინაარსით საქმის განხილვაში ერთ-ერთი მხარის მონაწილეობის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებაა. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები _ საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსკ-ის 229-ე, 23--ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ანდა არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სსკ-ის 2321 მუხლი), სასამართლო სხდომაზე მოპასუხის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა უნდა განიმარტოს იმდაგვარად, რომ მხარეს სურვილი არ გააჩნია, უარყოს მოსარჩელის პრეტენზიები მის მიმართ და თანახმაა, სასამართლომ გაიზიაროს მისი მოთხოვნები. ამავდროულად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 23--ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება და დაუსწრებელი გადაწყვეტილება ეფუძნება დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებების იურიდიულ შეფასებას.
შესაბამისად, შეიძლება დავასკვნათ, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება ერთგვარ სასჯელს წარმოადგენს უპასუხისმგებლო მხარისათვის. ამასთან, ასეთი გადაწყვეტილების გამოტანა დასაშვებია მხოლოდ კანონით იმპერატიულად განსაზღვრული გარემოებებისა და პირობების აშკარად, ეჭვის გარეშე არსებობისას. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაირღვევა პირის ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით გარანტირებული საქმის სამართლიანი განხილვის უფლება.
საპატიო მიზეზის დეფინიციას განამტკიცებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომელიც ადგენს, რომ ასეთ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარმოდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
პალატა განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არეგულირებს საქმის განხილვაზე მხარეთა გამოუცხადებლობის სამართლებრივ შედეგებს, კერძოდ, სსსკ-ის 229-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამავე კოდექსის 23--ე მუხლის შესაბამისად კი, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.
პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის (მოწინააღმდეგე მხარის) გამოუცხადებლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა შესაძლებელია, თუ კუმულატიურად არსებობს რამდენიმე პირობა, ესენია: გამოუცხადებელი მხარე მოწვეული იყო საქმის განხილვაში და მას დროულად და კანონით დადგენილი წესით ეცნობა სასამართლო სხდომის დღისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ; ადგილი არა აქვს რაიმე დაუძლეველ ძალას ან სხვა ისეთ მოვლენას, რომელსაც შეეძლო ხელი შეეშალათ სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის;
როგორც ზემოთ აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში, სადავოა, მოსარჩელის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო თუ არა საპატიო მიზეზით. შესაბამისად, წარმოდგენილი საკითხის სწორად შესაფასებლად უნდა გაირკვეს, რა სახის გარემოება შეიძლება ჩაითვალოს საპატიოდ.
სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.. მითითებული ნორმის დანაწესი ადგენს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარის მიერ კონკრეტული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა ჩათვალოს საპატიოდ, თუკი აღნიშნული მოქმედება მან ვერ შეასრულა ავადმყოფობის გამო. ამ შემთხვევაში ისევე, როგორც ზოგადად სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი. მეტიც, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რა მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს მხარის ავადმყოფობის ფაქტი და ასეთად მიიჩნევს სამედიცინო დოკუმენტს, რომელიც: ა) ხელმოწერილია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ; ბ) პირდაპირ მიუთითებს მხარის შეუძლოდ ყოფნაზე კონკრეტული დროის მონაკვეთში (რომლის განმავლობაშიც უნდა შესრულებულიყო სადავო საპროცესო მოქმედება); გ) ასახავს პაციენტის ჯანმრთელობის იმგვარ გაუარესებას, რაც გამორიცხავს საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.
დათქმა – „პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე“. აღნიშნული დანაწესი გულისხმობს, რომ სამედიცინო ცნობაში გასაგებად უნდა იკითხებოდეს მხარის ჯანმრთელობის ისეთი მძიმე მდგომარეობის არსებობა, რომელიც რეალურად შეუშლის ხელს მხარეს გადაადგილებაში და სასამართლოსთან კომუნიკაციაში. აღნიშნული ეჭვს არ იწვევს, როდესაც დგინდება მხარისათვის სტაციონარული სამედიცინო მომსახურების გაწევის ფაქტი ან მკურნალი ექიმის რეკომენდაცია წოლითი რეჟიმის დაცვის თაობაზე, თუმცა გასათვალისწინებელია ისეთი შემთხვევაც, როდესაც სამედიცინო დოკუმენტი შეიცავს მხოლოდ პაციენტისათვის დასმულ დიაგნოზს. ეს დიაგნოზი კი, თავისთავად მეტყველებს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმეზე.
სასამართლოში მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტს ადგენს ამავე კოდექსის 105-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, საქმის მასალების ინდივიდუალური და ერთობლივი შეფასების ვალდებულება გააჩნია სასამართლოს. პალატა, როგორც ზემოთ აღინიშნა, წარმოდგენილ შემთხვევაში ხელმძღვანელობს რა არასრუწლოვნის ინტერესის გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ ლ---- ჟ--------იას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით საქმეში არსებული ცნობა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საპატიო მიზეზის დამადასტურებელ მტკიცებულებად უნდა იქნეს მიჩნეული, რის შედეგადაც უნდა დავასკვნათ, რომ დოკუმენტაცია იძლევა დასკვნის საფუძველს მასზე, რომ კონკრეტულ დღეს - 2017 წლის 18 მაისს მოსარჩელე ლ---- ჟ--------ია იყო ავად. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ მისი კანონიერი წარმომადგენელი გ---–----–--–--–---–ი არის მოსარჩელის დედა, რომელიც არასულწლოვან შვილს ვერ დატოვებდა მაღალი ტემპერატურის პირობებში და მას, არ შეეძლო სასამართლო სხდომაზე გამოცხადება; ყოველივე აღნიშნული კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიზნებისათვის შეიძლება მიჩნეულ იქნას საპატიო მიზეზად, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას განაპირობებს.
6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, ვინაიდან საქმის მასალებიდან დასტურდება მოსარჩელის სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. შესაბამისად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში მხარეთა მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება საქმის არსებითად განხილვის შედეგად.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ---- ჟ--------იას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2017 წლის 6 ივლისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სახელმწიფო ბაჟის საკითხი გადაწყდეს საქმეზე არსებითი გადაწყვეტილების მიღების შემდგომ;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 3- დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 3--ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ანა გოგიშვილი