განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.06.2019
საქმის ნომერი
080210019002612931
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობანი
თარიღი
27.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080210019002612931

საქმე №2/ბ-367-2019

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

27 ივნისი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე : თამარ სვანიძე

 

სხდომის მდივანი - ბექა გიორგაძე

 

აპელანტი - შპს ,,L---------“

წარმომადგენელი - ფ-------- ბ----–---

მოწინააღმდეგე მხარე - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - თ----- ჩ-------ე, მ-------- მ------–---–ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

სააპელაციო პალატამ გამოარკვია:

1.წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე შპს ,,L--------“-ის მიმართ და თანხის დაკისრება მოითხოვა.

2.მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, 2017 წლის 29 ივნისს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტსა და შპს „L----------” - ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №--- ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, ბ----–----–---------ის რკინიგზის გადასარბენი 2284 კმ-ის პიკეტ 2-ზე პირუტყვის გადასარეკი გვირაბის მოწყობის სამუშაოს შესყიდვას. ხელშეკრულების შესაბამისად, შესასრულებელი სამუშოების ჯამური ღირებულება შეადგენდა 316239 ლარს. ხელშეკრულების საფუძველზე ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადა განისაზღვრა მისი გაფორმებიდან 2017 წლის 26 ნოემბრის ჩათვლით.

2017 წლის 01 ნოემბრის შეთანხმების საფუძველზე, სახელშეკრულებო ღირებულება განისაზღვრა 347861 ლარით. შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარება განხორციელდა ექვს ეტაპად.

მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 8.4 პუნქტის შესაბამისად, სამუშაოების ხარისხის დაცვის მიზნით, „შემსყიდველის“ მიერ ყოველ შესრულებულ სამუშაოზე დაკავებული უნდა ყოფილიყო შესრულებული სამუშაოების ღირებულების 5%, რომლის ნახევარი 2,5%-ის დაბრუნება უნდა მომხდარიყო სამუშაოების სრულად დასრულების შემდეგ, ხოლო მეორე ნახევარი სამუშაოს საგარანტიო ვადის ხუთი წლის გასვლის შემდეგ. თუ დაფიქსირდებოდა ინსპექტირების ჯგუფის მიერ სამუშაოს ნაკლი ან უხარისხობა, მიმწოდებელს თანხა არ აუნაზღაურდებოდა დეფექტების გამოსწორებამდე.

გარდა აღნიშნული პირობისა, ხელშეკრულების 16.2.3 მუხლის შესაბამისად, გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო, შესასრულებელ სამუშაოთა განსაზღვრული ვადების დარღვევისათვის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ჯამური საერთო ღირებულების 0,02%-ის ოდენობით.

მიმწოდებელმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები დაასრულა 2018 წლის 06 დეკემბერს, ანუ შეთანხმებულ ვადას გადააცილა 10 (ათი) კალენდარული დღით, რისთვისაც მას უნდა დაკავებოდა 695,72 ლარი პირგასამტეხლოს სახით. მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურმა ნაცვლად 329485.11 ლარისა, მიმწოდებელს გადაურიცხა 338698.38 ლარი, ისე რომ არ დაუკავეს შპს-ს საგარანტიო თანხა 8466,18 ლარის ოდენობით და პირგასამტეხლო 695,72 ლარი, ე.ი. შპს-ს ანგარიშზე შეცდომით ზედმეტად ჩაირიცხა 9213.27 ლარი (აღნიშნული თანხა მოიცავს საგარანტიო თანხას 8466,18 ლარს, პირგასამტეხლოს 695.72 ლარის და გარდა ამისა ზედმეტად ჩარიცხულ 51,37 ლარს).

2018 წლის 17 მაისს შპს-ს დირექტორს ბ------- ჟ----–---–---ს წერილობით მიმართა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიამ თხოვნით, რომ დაებრუნებინა ზედმეტად მათ მიერ შეცდომით ჩარიცხული თანხა, წერილის საფუძველზე მიმწოდებელმა დააბრუნა მხოლოდ 795,70 ლარი, ხოლო დანარჩენზე საგარანტიო თანხის დაბრუნებაზე უარი განაცხადა. განმარტა, რომ თუ საგარანტიო ვადის გასვლამდე აღმოჩენილი იქნებოდა ჩატარებულ სამუშაოებზე ხარვეზი კომპანია საკუთარი სახსრებით გამოასწორებდა მას, რაც მოსარჩელესათვის მიუღებელი იყო. აღნიშნულით დაირღვა ხელშეკრულების 8.4 პუნქტის მოთხოვნები.

გამომდინარე აღნიშნულიდან მოსარჩელემ მიიჩნია, რომ კომპანია თავისი ქმედებით ცდილობდა მუნიციპალიტეტის ხარჯზე თავისი შემოსავლების გაზრდას და უსაფუძვლოდ გამდიდრებას, რადგან თანხის ჩარიცხვას, რომელიც მუნიციპალიტეტის მიერ შეცდომით იქნა ჩარიცხული, სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და ექვემდებარება უკან დაბრუნებას. ზედმეტად ჩარიცხული 9213.27 ლარიდან მოპასუხეს ჩასარიცხი დარჩა 8417,57 ლარი (9213.27 – 795,70=8417,57).

3. მოპასუხის პოზიცია: მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელემ სწორად გადაიხადა თანხა, რადგან ამის ვალდებულება გააჩნდა. სსკ-ის 364-ე და 366-ე მუხლების საფუძველზე, მოსარჩელეს უფლება ჰქონდა ვადაზე ადრე გადაეხადა თანხა.

მოპასუხე მიიჩნევს, რომ არ არსებობს, თანხის დაბრუნების საფუძველი, რადგან ეს ეწინააღმდეგება სსკ-ის 976-ე და 987-ე მუხლების მოთხოვნებს. აღნიშნული თანხა წარმოადგენს შესრულებული სამუშაოდან მისაღებ თანხას, რომელიც 5 წლის გასვლის შემდეგ ექვემდებარებოდა დაბრუნებას. დროულად თუ ვადაზე ადრე ეს თანხა მოსარჩელეს მაინც უნდა გადაეხადა.

4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი დაკმაყოფილდა; შპს „L----------”-ს მოსარჩელე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ დაეკისრა 8417,55 ლარის გადახდა; შპს „L----------”-ს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 302,53 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

5. სასამართლოს დასკვნები ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

5.1. _ 2017 წლის 29 ივნისს წყალტუბოს მუნიციპალიტეტსა და შპს „L----------”-ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №--- ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მდებარე ბ----–----–---------ის რკინიგზის გადასარბენი 2284 კმ-ის პიკეტ 2-ზე პირუტყვის გადასარეკი გვირაბის მოწყობა.

5.2. _ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №--- ხელშეკრულების შესაბამისად, შესასრულებელი სამუშოების ჯამური ღირებულება შეადგენდა 316239 ლარს. ხელშეკრულების საფუძველზე ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადა განისაზღვრა მისი გაფორმებიდან 2017 წლის 26 ნოემბრის ჩათვლით. 2017 წლის 01 ნოემბრის შეთანხმების საფუძველზე სახელშეკრულებო ღირებულება განისაზღვრა 347861 ლარით.

5.3. _ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №--- ხელშეკრულების 8.4 პუნქტის შესაბამისად, სამუშაოების ხარისხის დაცვის მიზნით, „შემსყიდველის“ მიერ ყოველ შესრულებულ სამუშაოზე დაკავებული უნდა ყოფილიყო შესრულებული სამუშაოების ღირებულების 5%, რომლის ნახევრის 2,5%-ის დაბრუნება უნდა მომხდარიყო სამუშაოების სრულად დასრულების შემდეგ, ხოლო მეორე ნახევარი სამუშაოს საგარანტიო ვადის ხუთი წლის გასვლის შემდეგ. თუ დაფიქსირდებოდა ინსპექტირების ჯგუფის მიერ სამუშაოს ნაკლი ან უხარისხობა, თანხა არ აუნაზღაურდებოდა დეფექტების გამოსწორებამდე.

5.4. _ ხელშეკრულების 10.2. პუნქტის თანახმად, შესრულებული სამუშაოს სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის საგარანტიო ვადა შეადგენს ხუთ წელს, სამუშაოს მიღებიდან, რომლის განმავლობაშიც „მიმწოდებელი„ ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ექსპლოატაციის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზების აღმოფხვრა.

5.5. _ დადგენილი იქნა, რომ შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარება განხორციელდა ექვს ეტაპად. მოსარჩელის მტკიცებით, მეექვსე (საბოლოო) ეტაპზე ანგარიშსწორების პროცესში არ იქნა გათვალისწინებული საგარანტიო ვადის ამოწურვამდე (ხუთი წელი) შესრულებული სამუშაოს ღირებულების 2.5%-ის დაკავება. შესაბამისად, შპს „L----------”-ის სანგარიშსწორებო რეკვიზიტზე ნაცვლად დასაბრუნებელი საგარანტიო თანხის - შესრულებული სამუშაოს ღირებულების 2.5%-ის - თანხით 8466,18 ლარის, გადარიცხული იქნა დაკავებული საგარანტიო თანხის მთლიანი ოდენობა, იმავე სამუშაოს ღირებულების 5% - 16932,36 ლარი, რამაც განაპირობა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსაბამო გადარიცხვა თანხით 8466,18 ლარის ოდენობით.

5.6. _ მოპასუხე შპს „L----------”-ს 2018 წლის 17 მაისს გაეგზავნა წერილი №31/3339 ზედმეტად ჩარიცხული თანხის დაბრუნების თაობაზე, თუმცა მოპასუხე მხარემ უარი განაცხადა თანხის დაბრუნებაზე.

5.7. _ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის და მონიტორინგის სამსახურის 2----–-–------------ დასკვნის მიხედვით, დასაკავებელი საგარანტიო თანხა ჯამში შეადგენდა 16932,35 ლარს, საიდანაც ნახევარი დაექვემდებარა სავალდებულო დაბრუნებას. მიწოდებული დოკუმენტაციით ირკვევა, რომ მიწოდებული სამუშაოს ღირებულების ანგარიშსწორებისას, გადარიცხვაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულის მხრიდან №--- ხელშეკრულების 10.1 პუნქტით გათვალისწინებული საგარანტიო ვადის იგნორირებით, საბოლოო მეექვსე ეტაპზე ანგარიშსწორების პროცესში არ იქნა გათვალისწინებული საგარანტიო ვადის ამოწურვამდე (ხუთი წელი) შესრულებული სამუშაოს ღირებულების 2.5.%-ის დაკავება. შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიას მიეცა რეკომენდაცია მოეხდინა ზედმეტად მიღებული თანხის დაბრუნება.

5.8. _ მოპასუხე მხარემ არ უარყო, რომ საგარანტიო თანხა მოსარჩელემ მას გადაურიცხა საგარანტიო ვადის გასვლამდე, თუმცა მისი მტკიცებით, მოსარჩელის მიმართ თანხის დაბრუნების ვალდებულება არ გააჩნია, რადგან მოპასუხის მხრიდან აღნიშნული თანხის მიღებით უსაფუძვლო გამდიდრებას ადგილი არ ჰქონია. სამართლებრივი საფუძველის გარეშე თანხა არ მიუღია. მიღება-ჩაბარების აქტით დასტურდებოდა, რომ სამუშაოების შესრულებისას დეფექტები არ არსებობდა. მიღებული თანხიდან სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადა შესაბამისი გადასახადები და მოხდა მისი დაბეგვრა საშემოსავლო გადასახადით.

6. დავის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ განმარტა შემდეგი:

6.1. კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეებს შორის არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს ნარდობის ხელშეკრულებიდან.

6.2. დადგენილი იქნა და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ 2-----–-–-------------- №--- ხელშეკრულების 8.4. პუნქტის მიხედვით, სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით, შემსყიდველის მიერ ყოველ შესრულებულ სამუშაოზე დაკავებული იქნებოდა შესრულებული სამუშაოების ღირებულების 5%, რომლის ნახევრის 2.5%-ის დაბრუნება მოხდებოდა სამუშაოების სრული დასრულებისა და შემსყიდველის მიერ შექმნილი ინსპექტირების ჯგუფის მიერ შედგენილი ობიექტის ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ხოლო მეორე ნახევარი სამუშაოების საგარანტიო ვადის (5 წელი) გასვლის შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველის მიერ შექმნილი ინსპექტირების ჯგუფის ან სპეციალური კომისიის მიერ აქტის შედგენისას დაფიქსირებული იქნებოდა შესრულებული სამუშაოს ნაკლი ან უსახსრობა, მიმწოდებელს აღნიშნული თანხა არ აუნაზღაურდებოდა დეფექტების გამოსწორებამდე.

6.3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ არ არსებობდა მოპასუხისათვის 2017 წლის 27 დეკემბერს მოსარჩელის მიერ 8417,55 ლარის ოდენობით ჩარიცხვის საფუძველი. როგორც აღინიშნა, მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად გაცემული იქნა გარანტია. მხარეები შეთანხმდნენ, ასევე, რომ სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით, „შემსყიდველი„-ს მიერ ყოველ შესრულებულ სამუშაოზე დაკავებული იქნებოდა შესრულებული სამუშაოების ღირებულების 5%, რომლის ნახევრის 2.5%-ის დაბრუნება მოხდებოდა სამუშაოების სრული დასრულებისა და „შემსყიდველი„-ს მიერ შექმნილი ინსპექტირების ჯგუფის მიერ შედგენილი ობიექტის ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ხოლო მეორე ნახევარი სამუშაოების საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ. სამუშაოების საგარანტიო ვადად განსაზღვრული იქნა 5 წელი.

6.4. შესაბამისად, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მოპასუხემ მოსარჩელის ანგარიშიდან 8417,57 ლარი ვალდებულებით-სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიიღო, რის გამოც მოპასუხე უსაფუძვლოდ გამდიდრდა. მოსარჩელის მიერ მოპასუხის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა მიჩნეული იქნა უსაფუძლო გამდიდრებად.

6.5. სარჩელის დაკმაყოფლების საფუძვლად სასამართლომ მიუთითა: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 327-ე, 319-ე, 629-ე, 648-ე, 649-ე, 976-ე, 979-ე მუხლებზე;

7. სააპელაციო საჩივრების საფუძვლები:

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხე შპს ,,L---------“-ის მიერ გასაჩივრებული იქნა სააპელაციო წესით. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

7.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ შეფასება არ მისცა მერიის წერილს, რომლის მიხედვითაც მან აპელანტისაგან თანხის დაბრუნება მოითხოვა კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადის დარღვევით. ამ მხრივ, სასამართლომ არ შეაფასა აუდიტის სამსახურის დასკვნიდან რამდენ ხანში გაუგზავნა მერიამ წერილი მოპასუხეს თანხის დაბრუნების შესახებ.

სასამართლომ არ გაითვალისწინა აპელანტის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერი, რომლის მიხედვით მან მიღებული თანხიდან სახელმწიფო ბიუჯეტში შეიტანა შესაბამისი თანხა.

სასამართლომ არ გაითვალისწინა სსკ-ის 72-ე და 79-ე მუხლები, რომლის თანახმადაც გარიგება შეიძლება საცილო გახდეს, თუ ნების გამოვლენა მოხდა არსებითი შეცდომის საფუძველზე. შეცილება უნდა მოხდეს შეცილების საფუძვლის შეტყობის მომენტიდან ერთი თვის ვადაში.

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ შეცილება განახორციელა ვადის დარღვევით. შესაბამისად, ითვლება, რომ შეცილება არ მოხდა და ამიტომ გარიგება ნამდვილია. შეცდომით თანხის გადახდის გარიგება, გადახდის მომენტში ნამდვილია. მისი შემდგომი ბედი დამოკიდებულია დაინტერესებული პირის მიერ მის შეცილებაზე. შეცილება იწვევს გარიგების ბათილობას, რამდენადაც თანხის გადარიცხვის შეცილება განხორციელდა ვადის დარღვევით, ეს გადარიცხვა ნამდვილია.

მოსარჩელე თანხის დაბრუნებას ითხოვს მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ მან ვადაზე ადრე გადაურიცხა თანხა მოპასუხეს. ვინაიდან ხელშეკრულება ბათილი არაა, აღარ არსებობს სსკ-ის 976-991-ე მუხლებით გათვალისწინებული უსაფუძვლო გამდიდრება. სსკ-ის 976-ე მუხლით დაბრუნების საფუძველია გარიგების შემდგომი შეწყვეტა, გაბათილება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ვადაზე ადრე ამ თანხის გადარიცხვა არ იძლევა მისი დაბრუნების სამართლებრივ საფუძველს, რადგან მოსარჩელეს ევალებოდა ამ თანხის მოპასუხისათვის გადარიცხვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ადგილი არა აქვს სსკ-ის 976-ე მუხლით გათვალისწინებულ უსაფუძვლო გამდიდრებას. მოპასუხეს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე თანხა არ მიუღია.

აპელანტის მიერ თანხის მიღება არ არის მართლსაწინააღმდეგო, რადგან მას ჰქონდა თანხის მიღების გონიერი საფუძველი. სახეზე არაა არც მიმღების გამდიდრება, რადგან ამ თანხის გადახდის ვალდებულება ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ჰქონდა მოპასუხეს. ხოლო მისი ვადაზე ადრე გადახდა არ გამორიცხავს მერიის მიერ ვალდებულების შესრულებას. ამდენად, აპელანტს თანხა ეკუთვნოდა და მიიღო კიდეც. ხოლო მერიის მოთხოვნა ეწინააღმდეგება კეთილსინდისიების პრინციპს.

მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 8.4 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელს თანხა არ აუნაზღაურდებოდა დეფექტების გამოსწორებამდე, ხოლო 10.2 პუნქტის მიხედვით, საგარანტიო 5 წლის ვადაში აღმოჩენილი დეფექტი უნდა აღმოფხვრას მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით. მაშასადამე სადავო თანხა შედის შესრულებული სამუშაოს ღირებულებაში და მას კავშირი არა აქვს უსაფუძვლო გამდიდრებასთან.

ამ და სხვა გარემოებათა გამო აპელანტი ითხოვს 1-ლი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და სარჩელზე უარის თქმას.

8. სააპელაციო სასამართლომ მოუსმინა მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს, შეამოწმა და მისცა შეფასება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით და მიიჩნევს, რომ შპს ,,L--------“-ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება; წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი შპს ,,L--------“-ისათვის თანხის დაკისრების მოთხოვნით-არ დაკმაყოფილდეს;

ამგვარ გადაწყვეტილებამდე პალატა შემდეგ გარემოებათა გამო მივიდა

8.1. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ამ გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, თუმცა არ ეთანხმება დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სასამართლოსეულ შეფასებას და თავის მხრივ სამართლებრივ შეფასებებთან მიმართებით განმარტავს შემდეგს:

8.2. უპირველესად პალატა დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრვ გარემოებებთან ერთად ასევე დადგენილად მიიჩნევს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვან შემდგომ ფაქტობრივ გარემოებებს:

8.3. დადგენილია, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს თანხა 8417,55 ლარის ოდენობით ჩაურიცხა 2017 წლის 27 დეკემბერს.

8.4. დადგენილია,რომ აღნიშნული, მართლაც შეცდომით გადარიცხული თანხის დაბრუნება მოსარჩელეს მოპასუხემ მოსთხოვა თანხის გადარიცხვიდან ნახევარი წლის შემდგომ 2018 წ. მაისის თვეში;

8.5. დადგენილია, რომ არანაირი ხარვეზი სამუშაოს ჩაბარების დროს ინსპექტირების ჯგუფს არ გამოუვლენია.

8.6. დადგენილია, რომ სამუშაოს შესრულებაში რამენაირ ხარვეზთან დაკავშირებული პრეტენზია მოსარჩელეს მოპასუხისათვის დღემდე, ანუ სამუშაოს დასრულებიდან თითქმის 2 წლის შემდგომაც-არ ქონია. (ამის თაობაზე მოსარჩელეს პრეტენზია არ გამოუთქვამს).

8.7. დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის თანხების ჩარიცხვის შემდგომ მოპასუხემ გაისტუმრა შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებები.

8.8. პალატა მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა უნდა მოწესრიგდეს უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ნორმებიდან. სახეზეა კონდიქციური სარჩელი, რომლის ფარგლებშიც შესაფასებელია 1)ადგილი აქვს თუ არა ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენას (დაზოგვა) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე, 2) და თუ ასეთს აქვს ადგილი ექვემდებარება თუ არა შეძენილი(დაზოგილი) უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას.

8.9. სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში (კონდიქციური ვალდებულება).

8.10. პალატა განმარტავს, რომ კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის სახეზე უნდა იყოს ერთი პირის გამდიდრება მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს სამართლებრივ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობდა, ან შემდგომში მოიშალა. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს იმ გარემოებას თუ, რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი – თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების, თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. კონდიქციური ვალდებულების არსებობის სამართლებრივი საფუძვლით, სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია დადგინდეს მხოლოდ ობიექტური შედეგი, რაც გულისხმობს ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენას (დაზოგვას) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. ასევე, აუცილებელია, რომ გამდიდრება მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე.

8.11. სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით რეგულირებულია ე.წ „შესრულების კონდიქცია“ და ამგვარი სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელემ უნდა მიუთითოს სამართლებრივი სიკეთის გადაცემის ფაქტზე, ასევე მხარეთა შორის ვალდებულების არარსებობაზე.

8.12. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლი არეგულირებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც შემსრულებელი ახორციელებს ფაქტობრივად არარსებულ ვალდებულებას, რაც იწვევს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას მითითებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე.

8.13. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავო არაა ის გარემოება, რომ მოსარჩელემ მოპასუხის ანგარიშზე ჩარიცხა სადავო თანხა - 8417,55 ლარის ოდენობით, რომელიც მართლაც , ხელშეკრულებიდან გამომდინარე მხოლოდ 5 წლის შედგომ უნდა მიეღო მოპასუხეს. სადავოა მისი დაბრუნების მართლზომიერება. მოპასუხე მიუთითებს, რომ მოსარჩელეს ისედაც ჰქონდა აღნიშნული თანხის მისთვის გადაცემის ვალდებულება, რაც მის მიერ შესრულებული იქნა ვადაზე ადრე, რის გამოც არ არსებობს მისი დაბრუნების სამართლებრივი საფუძველი.

8.14. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული 2-----–-–-------------- №--- ხელშეკრულების 8.4. პუნქტის მიხედვით, სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით, შემსყიდველის მიერ ყოველ შესრულებულ სამუშაოზე დაკავებული იქნებოდა შესრულებული სამუშაოების ღირებულების 5%, რომლის ნახევრის 2.5%-ის დაბრუნება მოხდებოდა სამუშაოების სრული დასრულებისა და შემსყიდველის მიერ შექმნილი ინსპექტირების ჯგუფის მიერ შედგენილი ობიექტის ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ხოლო მეორე ნახევარი სამუშაოების საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველის მიერ შექმნილი ინსპექტირების ჯგუფის ან სპეციალური კომისიის მიერ აქტის შედგენისას დაფიქსირებული იქნებოდა შესრულებული სამუშაოს ნაკლი, მიმწოდებელს აღნიშნული თანხა არ აუნაზღაურდებოდა დეფექტების გამოსწორებამდე. ამავე ხელშეკრულების 10.2. პუნქტის თანახმად, შესრულებული სამუშაოს სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის საგარანტიო ვადა შეადგენდა ხუთ წელს, სამუშაოს მიღებიდან, რომლის განმავლობაშიც მიმწოდებელი ვალდებული იყო საკუთარი ხარჯებით უზრუნველეყო ექსპლოატაციის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზების აღმოფხვრა.

8.15. ამდენად, მოცემული ჩანაწერიდან გამომდინარე, მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ გადაეცა მოპასუხისათვის სადავო თანხა, ხოლო მოპასუხემ იკისრა ვალდებულება საგარანტიო ვადაში ხარვეზების მისივე ხარჯებით აღმოფხვრაზე.

8.16. სამოქალაქო კოდექსის 364-ე მუხლის თანახმად, მოვალეს უფლება აქვს ვადამდე შეასრულოს ვალდებულება, თუკი პატივსადები მიზეზით კრედიტორი უარს არ იტყვის შესრულების მიღებაზე.

8.17. სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, უკან დაბრუნების მოთხოვნა გამორიცხულია, თუ მიმღებს შეეძლო ევარაუდა, რომ შემსრულებელს სურდა გადაცემა, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ამ მუხლის პირველი ნაწილის პირობები.

8.18. პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ჩარიცხული თანხის უკან დაბრუნების ვალდებულება სწორედაც რომ ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტს. აღნიშნული დასკვნის გაკეთების საფუძველს იძლევა ის გარემოება, რომ მიმღებს ამგვარი შესრულების მიმართ ობიექტური პრეტენზია უჩნდება, ასე ვთქვათ, ვადაზე ადრე გადარიცხული თანხის თავისად დაგულვების ობიექტური პრეტენზია. ერთი პირის მიერ მეორისათვის შესრულების განხორციელების დროს იგულისხმება, რომ არსებობს ვალდებულება ე.ი. პრეზუმფცია ვალდებულების არსებობისა და შესრულება განხორციელდა ვალდებულების ადეკვატურად.

8.19. სამართალწარმოებაში „პრეზუმციების“ არსებობა იმითაა განპირობებული, რომ ფაქტების გარკვეული ნაწილი მტკიცებას არ საჭიროებს. პრეზუმფციები სასამართლოში მტკიცების მოვალეობისაგან კი არ ათავისუფლებს მხარეს, არამედ წარმოადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველს. მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს მტკიცების საგანში შემავალი გარკვეული ფაქტების ნაწილი, ხოლო ამ ფაქტების მეორე ნაწილი მოპასუხემ უნდა ამტკიცოს. ნორმები, რომლებიც შეიცავს პრეზუმფციებს, წარმოადგენენ კანონის პირდაპირ მითითებას იმის შესახებ, რომელმა მხარემ კონკრეტულად რა ფაქტები უნდა დაამტკიცოს სამოქალაქო პროცესში. შესაბამისად, ვალდებულების არარსებობის მტკიცების ტვირთი შემსრულებელს ეკისრება. აღნიშნული სამართლებრივი წესრიგი ასახულია სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტში, სადაც მითითებულია, რომ უკან დაბრუნების მოთხოვნა გამორიცხულია, თუ მიმღებს შეეძლო ევარაუდა, რომ შემსრულებელს სურდა გადაცემა (იხ. სუსგ №ას-528-501-2015წ. 2015 წლის 04 ნოემბრის გადაწყვეტილება).

8.20. განსახილველ შემთხვევაში, პალატის მოსაზრებით, სრულიად გონივრულად, ასე ვთქვათ მოვლენათა ობიექტური განსჯით, და ადმინისტრაციული ორგანოს, მერიის მიმართ მაღალი კანონიერი ნდობიდან გამომდინარე მიმღებს ჰქონდა ვარაუდის საფუძველი, რომ შემსრულებელს -ე.ი. ადმინისტრაციულ ორგანოს-სურდა ვალდებულების შესრულების ვადამდე განხორციელება, პალატა კიდევ ერთხელ მიაპყრობს ყუღადრებას იმ გარემოებას, რომ თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნა მერიის მხრიდან განხორციელდა, არა მეორე, მესამე დღეს ან მოკლე ვადაში თანხის ჩარიცხვიდან, არამედ ნახევარი წლის შემდგომ, ნახევარწლიანი დუმილი, შეცდომით გადარიცხული თანხის უკან დაბრუნების თაობაზე-ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, რომლის მიმართაც მოპასუხეს სრულიად ლოგიკურად, გონივრულად და დასაბუთებულად ჰქონდა ნდობის განსკუთრებულად მაღალი ხარისხი, სრულიად დასაბუთებულს ხდის მოპასუხის განსჯას იმის თაობაზე, რომ შემსრულებელს სურდა ამ თანხის მისთვის გადაცემა. (ამ შემთხვევაში ნამდვილად შესრულებული სამუშაოს ღირებულების შემსრულებლისათვის ვადაზე ადრე გადაცემა).

8.21. დავის ამგვარი გადაწყვეტისას პალატა მხედველობაში იღებს იმ ფაქტობრივ მოცემულობასაც, რომ ინსპექტირების ჯგუფის მიერ სამუშაოს ჩაბარებიდან გავიდა თითქმის 2 წელი, და რაიმე ხარვეზზე პრეტენზია შესრულებული სამუშაოს მიმართ-მოსარჩელეს მოპასუხის მიმართ არ გამოუთქვამს. აქვე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამგვარი ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაშიც სწორედ მოპასუხეა ვალდებული საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს მათი აღმოფხვრა (იხ. ხელშეკრულების 8.4. პუნქტი).

8.22. გამომდინარე აღნიშნულიდან პალატა მიიჩნევს, რომ შესრულება უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება. განსხვავებული სამართლებრივი შედეგი მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს, მტკიცების ტვირთის გონივრული განაწილებიდან გამომდინარე მან უნდა ადასტუროს, რომ თანხის გადაცემა არ მომხდარა სახელშეკრულებო ურთიერთობის საბოლოოდ დასრულების მიზნით. და რომ ამგვარი ფიქრისა და განსჯის საფუძველი მოპასუხეს არ ქონდა. ამგვარი მტკიცება მოსარჩელეს არ განუხორციელებია.

8.23. პალატა სამოქალაქო დავების გადაწყვეტისას უმნიშვნელოვანესად მიიჩნევს სამართლიანობის, კეთილსინდისიერებისა და ზნეობის პრინციპებს. სკ 115-ე მუხლის თანახმად -უფლება მართლზომიერად უნდა განხორციელდეს. ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრიციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს.

8.24. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ... თანამედროვე ქართულ სამართლებრივ სივრცეში, კეთილსინდისიერება მატერიალურ სამართლებრივ ნორმად გადაიქცა და სამართლიანობასა და თანასწორობაზე დამყარებულ სისტემაში გაერთიანდა, რითაც უფრო ფართო დატვირთვა შეიძინა. კეთილსინდისიერების პრინციპი თანამედროვე განვითარებული ქვეყნების კანონმდებლობასა და დოქტრინაში დიდწილად დაკავშირებულია მორალურ სტანდარტებთან. კეთილსინდისიერება ნიშნავს გულწრფელობას, მიუკერძოებლობას, ობიექტურობას, სამართლიანობას, ერთგულებასა და სხვა.

8.25. კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის და იგი მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს.

8.26. კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერება როგორც ნორმატიული ისე, სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტია. ეს პრინციპი საშუალებას გვაძლევს ნებისმიერი ურთიერთობა სამართლებრივი თვალსაზრისით შევაფასოთ.

8.27. მოცემულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ აღნიშნული თანხა წარმოადგენდა მოპასუხის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულებას, რომელიც საგარანტიო პერიოდის გასვლის შემდეგ მერიას მოპასუხისათვის ისედაც უნდა გადაეხადა.

8.28. პალატის მოსაზრებით, მოპასუხის მიმართ მოსარჩელის მერიის მიერ განხორციელებული შესრულება მოპასუხის მიერ სრულიად გონივრულად აღქმული იქნა მერიის მხრიდან მოვალეობის ვადამდე შესრულების ნამდვილ ნებად. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოხატულ ნამდვილ ნებად - და არა შეცდომად. შესაბამისად, მიმღების მხრიდან მიღებულ შესრულებაზე განხორციელდა სრული ბატონობა, დაუფლება თანხისა, რაც თავის თავში, მოიაზრებს აღნიშნული ფინანსური საშუალებების განკარგვასაც.

8.29. აღსანიშნავია, რომ მხარეთა შეთანხმების თანახმად, საგარანტიო ვადაში მოპასუხემ იკისრა ხარვეზების მისივე ხარჯებით ანაზღაურება. შესაბამისად, ამ ჩანაწერიდან გამომდინარე, ხარვეზების წარმოშობის შემთხვევაში, მერიას უფლება აქვს მოსთხოვოს შესრულება მოპასუხეს.

8.30. პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში არსებობს სსკ-ის 976-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები, კერძოდ, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მოპასუხეს, როგორც მიმღებს, შეეძლო ევარაუდა, რომ შემსრულებელს სურდა გადაცემა; ასეთ შემთხვევაში კი, უკვე მნიშვნელობა აღარ ენიჭება სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის წინაპირობებს.

8.31. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

9. საპროცესო ხარჯები:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

მოცემულ შემთხვევაში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიას შპს ,,L---------ის’’-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 337 ლარის ანაზღაურება.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გადაწყვიტა:

 

1. შპს ,,L--------“-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი შპს ,,L--------“-სათვის თანხის დაკისრების მოთხოვნით-არ დაკმაყოფილდეს ;

4. დაეკისროს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიას შპს ,,L--------“-ის სასარგებლოდ 337 ლარი.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-6-7 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

7. საქართველოს სამოქალაქო საროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: თამარ სვანიძე ნა