განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330210018002612328
საქმე №2ბ/3788-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
25 ივლისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტები (მოპასუხეები) - ირ---–- დო-------ე, მა---- დო-------ე, გ--–ა გე-–-–---–-
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - თ-- ქა----–-
წარმომადგენელი - ზ---ა ბ-------
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. მოსარჩელე თ-- ქა----–-- სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების ირ---–- დო-------ის, მა---- დო-------ისა და გ--–ა გე-–-–---–-ს მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით.
2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით თ-- ქა----–-ს სარჩელი დაკმაყოფილდა.
3.1. გამოთხოვილ იქნა მოპასუხეების - ირ---–- დო-------ის, მა---- დო-------ის და გ--–ა გე-–-–---–-ს უკანონო მფლობელობიდან თ-- ქა----–-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, მ---------- კვარტალი I--------------------------- ს/კ #01.19.20.029.007.01.0-- და თ-- ქა----–-ს უძრავი ქონება გადაეცა გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში;
3.2. მოპასუხეებს ირ---–- დო-------ეს, მა---- დო-------ეს და გ--–ა გ--–-–---–- სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ თ-- ქა----–-ს სასარგებლოდ 60 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
3.3. მოსარჩელე თ-- ქა----–-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდა მალხაზ ველიჯანაშვილის მიერ სს „თიბისი ბანკში“ 2018 წლის 31 აგვისტოს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 120 ლარიდან 60 ლარი, როგორც ზედმეტად გადახდილი.
3.4. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ მოსარჩელე თ-- ქა----–-ს ეთქვა უარი.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება ირ---–- დო-------ემ, მა---- დო-------ემ და გ--–ა გ--–-–---–-ა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. აპელანტების - ირ---–- დო-------ის, მა---- დო-------ის და გ--–ა გე-–-–---–-ს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები:
5.1. აპელანტების განმარტებით, სასამართლო გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ისინი ინფორმირებულები არ იყვნენ 2018 წლის 21 აგვისტოს ჩატარებული აუქციონის შესახებ. მათთვის მხოლოდ სარჩელით გახდა ცნობილი, რომ მათი კუთვნილი უძრავი ქონება გასხვისებულია. აპელანტებს თ-- ქა----–-სთან არასოდეს ჰქონიათ კომუნიკაცია ბინის დაცლასთან დაკავშირებით.
2017 წლის ოქტომბრის თვეში, ირ---–- დო-------ემ კერძო იპოთეკართან გააფორმა სესხის ხელშეკრულება 6 თვის ვადით. სესხის ოდენობა განისაზღვრა 23 000 აშშ დოლარით. მას შემდგომ მხოლოდ პროცენტის სახით გადახდილი აქვს 3550 აშშ დოლარი. ფინანსური პრობლემების გამო, შეუძლებელი გახდა გადახდების განხორციელება და მიმართა თავად გამსესხებელს მორიგების თხოვნით, სადაც გათვალისწინებული იქნებოდა მისი ფინანსური შესაძლებლობები, თუმცა მან მორიგებაზე უარი განაცხადა. საცხოვრებელ სახლში მის გარდა კიდევ ცხოვრობს ერთი სრულწლოვანი და ორი მცირეწლოვანი ბავშვი. სახლი წარმოადგენს მათ ერთადერთ საცხოვრებელს. აღნიშნული სახლიდან გამოსახლება და მით უმეტეს იძულებითი წესით, იქნება მძიმე და ფსიქოლოგიურად რთულად აღსაქმელი. აპელანტები ცდილობდნენ მოსარჩელესთან მორიგებისთვის კომუნიკაციას. მათი განმარტებით, მორიგება მოცემულ შემთხვევაში ყველაზე მისაღები იქნება ორივე მხარისათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
6. თ-- ქა----–-ს საკუთრების უფლებით, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, მ---------- კვარტალი I--------------------------- ს/კ #01.19.20.029.007.01.0--. ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება; ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი: 1958 კვ.მ; ნაკვეთის წინა ნომერი: 29. შენობა-ნაგებობები N1-დან N12-ის ჩათვლით. ფართი 66.70 კვ.მ. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს განკარგულება NA18058395-012/001. აღნიშნულ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია იპოთეკა (სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება N171218018). იპოთეკარები - ნათია ნიკოლაძე და სოფიო ციყე-–-–---–-. მესაკუთრე - ირ---–- დო-------ე. (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ. 15-16).
7. თ-- ქა----–-ს კუთვნილ უძრავ ქონებას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ მოპასუხეები - ირ---–- დო-------ე, მა---- დო-------ე და გ--–ა გე-–-–---–- (მხარეთა ახსნა-განმარტება).
8. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს და დამატებით განმარტავს შემდეგს:
სადავო სამართალურთიერთობა ეხება მესაკუთრის პრეტენზიას მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა (ვინდიკაციური სარჩელი) მესაკუთრის უფლების დაცვის აღიარებული საშუალებაა.
ესაა სარჩელი, რომელსაც მესაკუთრე მაშინ იყენებს, როდესაც შელახულია ნივთზე მისი მფლობელობა, სახელდობრ, როცა მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. ვინდიკაციური სარჩელის არსი საკუთრების აბსოლუტური ბუნებიდან მომდინარეობს, რაც გულისხმობს მესაკუთრის თავისუფლებას, ნებისმიერ დროს დაეუფლოს კუთვნილ ნივთს ან ისარგებლოს ამ ნივთით, მათ შორის, მოითხოვოს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.
ამდენად, მესაკუთრეს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მიმართოს სასამართლოს მის საკუთრებაში არსებული ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ვინდიკაციური სარჩელის დასაკმაყოფილებლად კუმულაციურად, სამი წინაპირობა უნდა არსებობდეს: მოსარჩელე ნივთის მესაკუთრე უნდა იყოს, მოპასუხე სადავო ქონებას უნდა ფლობდეს და მას ამ ნივთის ფლობის უფლება არ უნდა ჰქონდეს (იხ.სუსგ #ას-707-677-2016, 23.09.2016 წ). იმ შემთხვევაში თუ დადგინდება სამივე გარემოების არსებობა, სარჩელი საფუძვლიანია, შესაბამისად, პალატა მნიშვნელოვნად მიიჩნევს დასახელებული ელემენტების ცალ-ცალკე გამოკვლევას.
9. პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების დანაწესზე და განმარტავს, რომ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება საჯარო რეესტრის ჩანაწერით დასტურდება. ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია არსებობს, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე მათი უზუსტობა არ დამტკიცდება.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ თ-- ქა----–-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, მ---------- კვარტალი I--------------------------- ს/კ #01.19.20.029.007.01.0-- აპელანტებს - ირ---–- დო-------ეს, მა---- დო-------ეს და გ--–ა გ--–-–---–- არამართლზომიერად აქვთ დაკავებული. ამასთან, აღსანიშნავია, რომ აპელანტებს სადავო ქონებების ფლობის ფაქტი სადავოდ არ გაუხდიათ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერ ან სხვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება უფლების ბოროტად გამოყენებას არ წარმოადგენს. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მფლობელს ამ ნივთის ფლობის უფლება ჰქონდა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია რა ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისთვის საჭირო სამი წინაპირობიდან ორი, კერძოდ, მოსარჩელე უძრავი ქონების მესაკუთრეა, აპელანტი კი მის უძრავ ქონებას ფლობს, გადადის მესამე ელემენტის დადგენაზე და გამოიკვლევს, აპელანტ მხარეს გააჩნდა, თუ არა, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ფლობის სამართლებრივი საფუძველი.
საქმის მასალებში არ არსებობს მტკიცებულება და არც მხარეთა ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა არსებობდა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება მოპასუხესთან მიმართებაში შეზღუდულიყო. ამასთან, არც უფლებრივი შებოჭვისთვის აუცილებელი კანონისმიერი საფუძველია სახეზე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, გარემოებას მასზედ, რომ აპელანტები უძრავ ქონებას მართლზომიერი საფუძვლის გარეშე ფლობენ.
10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით, მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს დასაბუთებულ პრეტენზიას წაუყენებს. ამდენად, გამოიკვეთა სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, დადგინდა, რომ თ-- ქა----–-ს უფლება ჰქონდა, სადავო ქონების მისთვის გადაცემა მოეთხოვა.
11. სამოქალაქო სამართალში მტკიცების ტვირთის გადანაწილების სამართლიანი და ობიექტური სტანდარტი არსებობს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება შეჯიბრებითობის საფუძველზე მიმდინარეობს. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან ეს ფაქტები, რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული.
სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არა მარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს ამყარებს. ამ გარემოებათა დამტკიცება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით შეიძლება. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეებს მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი თანაბრად ეკისრებათ.
საქართველოს საკასაციო სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის შემთხვევაში, მტკიცების საგანში შემავალი სამი ელემენტიდან (მოსარჩელის საკუთრების უფლების არსებობა ნივთზე; ამ ნივთის მოპასუხის მფლობელობაში ყოფნა; მოპასუხის მიერ ნივთის არამართლზომიერი ფლობა) პირველი ორის დადასტურების ვალდებულება მოსარჩელეს ეკისრება, ხოლო მესამე ელემენტზე მას მითითების ვალდებულება გააჩნია. მოსარჩელემ საჯარო რეესტრის ამონაწერი წარადგინა, რომლითაც მისი საკუთრების უფლებაა გარანტირებული. რაც შეეხება მესამე ელემენტს - ნივთის ფლობას, მოპასუხის მტკიცების საგანში შედის მისი ფლობის ნამდვილი უფლების დადასტურება (მართლზომიერი მფლობელი, მესაკუთრე). საპროცესო კანონმდებლობა ადგენს მხარის სრულ უფლებას, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის ფარგლებში (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და მე-4 მუხლები), თავისუფლად წარადგინოს მტკიცებულებები, რომლებიც, მისი შეფასებით, მისი პოზიციის მართებულობას ადასტურებენ.
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეთა მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენდა იმ გარემოების დადასტურება, რომ თ-- ქა----–-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მათ მართლზომიერად ჰქონდათ დაკავებული. აღნიშნული გარემოების სამტკიცებლად მათ სადავოდ გახადეს ქონების აუქციონზე გასხვისების სამართლებრივი საფუძველი. პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული პრეტენზია შესაძლებელია მხარეთა შორის სხვა სამოქალაქო სამართლებრივი დავის საფუძველი გახდეს, თუმცა, მას განსახილველი დავის ფარგლებში სამართლებრივი მნიშვნელობა ვერ მიენიჭება, რადგან მისი გაზიარების შემთხვევაშიც კი, იმ პირობებში როდესაც მოსარჩელის საკუთრების უფლება საჯარო რეესტრშია აღრიცხული, მოპასუხეების მიერ სადავო ქონების ფლობას მართლზომიერს ვერ გახდის.
სააპელაციო სასამართლო განმეორებით აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც საქმეში ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების სამივე საფუძველი სახეზეა და საჯარო რეესტრის უტყუარობის პრეზუმფცია კანონით დადგენილი წესით შედავებული არ არის, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას უძრავი ქონების გასხვისების საფუძვლები გამოიკვლიოს, შესაბამისად, მხარის მიერ წარდგენილი ამგვარი შესაგებელი კვალიფიციურ შედავებად ვერ იქნება მიჩნეული.
სააპელაციო პალატა ხაზს უსვამს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება ფართოდაა განმარტებული და იგი მოიცავს მთელ რიგ ქონებრივ/ფულად უფლებებს, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში RYSOVSKYY v. UKRAINE განმარტა, რომ როდესაც სასწორზე დევს საზოგადოებრივი ინტერესი, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ადამიანის ფუნდამენტალურ უფლებებს, როგორიცაა მაგალითად საკუთრების უფლება, საჯარო ხელისუფლება უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერების ფარგლებში, სათანადოდ და, რაც მთავრია, შესაბამისად. (RYSOVSKYY v. UKRAINE, 2012).
ამავე საკითხთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ,,მარქსი ბელგიის’’ წინააღმდეგ განმარტა შემდეგი: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დამატებით ოქმის პირველი მუხლი, არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება''. (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, CASE OF MARCKX v. BELGIUM, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება; განაცხადი #6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის საფუძველზე დადგენილია, რომ თ-- ქა----–- არის სადავო უძრავი ქონების მესაკუთრე, ხოლო აპელანტებს არც პირველი ინსტანციის სასამართლოში და არც სააპელაციო საჩივრის განხილვის ეტაზე არ წარმოუდგენიათ იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ სადავო უძრავ ქონებებს ფლობენ კანონიერად.
აპელანტები სააპელაციო საჩივარში მიუთითებენ და მათ ძირითად შედავებას წარმოადგენს ის გარემოება, რომ ისინი ინფორმირემულები არ იყვნენ 2018 წლის 21 აგვისტოს ჩატარებული აუქციონისა შესახებ და მათი კუთვნილი ქონების გასხვისების შესახებ თ-- ქა----–-ს სარჩელით გახდა ცნობილი. პალატა ვერ გაიზიარებს ზემოაღნიშნულ პოზიციას, ვინაიდან აპელანტები მხოლოდ ზეპირსიტყვიერად, შესაბამისი მტკიცებულებების გარეშე, განმარტავენ, რომ მათთვის ცნობილი არ იყო აუქციონის შესახებ, ხოლო სააპელაციო სასამართლოში არ წარმოუდგენიათ მითითებული გარემოების დამადასტურებელი რელევანტური მტკიცებულები. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ აპელანტების მიერ თ-- ქა----–-ს საკუთრების უფლებადამდგენი დოკუმენტი შედავებული არ არის კანონით დადგენილი წესით, სასამასრთლო ხელმძღვანელობს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემებით და ასკვნის, რომ არ არსებობს თ-- ქა----–-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი.
ამასთანავე, პალატა მიუთითებს, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს მკაფიო და კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივ პოზიციებს, თუ რატომ უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და თ-- ქა----–-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს. აპელანტების მიერ ზოგადი და ზეპირსიტყვიერი განმარტებები სათანადო მტკიცებულებების გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის სამართლებრივ საფუძველს სააპელაციო საჩივრის დასაკმაყოფილებლად. რაც შეეხება სააპელაციო საჩივარში ირ---–- დო-------ის, მა---- დო-------ის და გ--–ა გე-–-–---–-ს აპელირებას საქმის მორიგებით დამთავრების თაობაზე, აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ მორიგება შესაძლებელია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, მათ შორის აღსრულების პროცესშიც და მხარეთა შორის კონსესუსის მიღწევის შემთხვევაში, მათ შეუძლიათ მორიგების გზით მიაღწიონ სასურველ შედეგს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატის მოსაზრებით სახეზე იყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-172-ე მუხლებით გათვალისწინებული ყველა წინაპირობები, საქალაქო სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა თ-- ქა----–-ს სასარჩელო მოთხოვნა. შესაბამისად, ირ---–- დო-------ის, მა---- დო-------ის და გ--–ა გე-–-–---–-ს სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია.
პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ და შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
12. სააპელაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან პალატამ ყურადღება გაამახვილა მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე. ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს. ამდენად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. შესაბამისად, აპელანტების - ირ---–- დო-------ის, მა---- დო-------ის და გ--–ა გე-–-–---–-ს მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 80 ლარის ოდენობით უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ირ---–- დო-------ის, მა---- დო-------ის და გ--–ა გე-–-–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება.
3. აპელანტების - ირ---–- დო-------ის, მა---- დო-------ის და გ--–ა გე-–-–---–-ს მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 80 ლარი, დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე