განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.07.2019
საქმის ნომერი
330210117002017028
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
10.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210117002017028

საქმე №2ბ/5561-18

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

10 ივლისი, 2019 წელი თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

 

დიანა ბერეკაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: მიხეილ გოგიშვილი, ქეთევან დუგლაძე

სხდომის მდივანი: მაკა ბუიღლიშვილი

 

აპელანტი - ქ------- ჩ-------ე

წარმომადგენელი - ვ-–------------------–-–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარეები - ე-–------- ს-----ე, გ--–------შოვი

წარმომადგენელი - გ--------------–-–---–ი

 

დავის საგანი - ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება

 

აპელანტ ქ------- ჩ-------ის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. 2012 წლის 19 ნოემბრის სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე ე-–------- ს-----ემ, როგორც ო----- ს-----ის პირველი რიგის მემკვიდრემ სამკვიდრო ქონება მიიღო სრულად, სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივებითა და პასივებით. სამკვიდრო ქონებას შეადგენს აგრეთვე აწ. გარდაცვლილი ო----- ს-----ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე: ქ------–------------------–--–------------------, ფართი 75 კვ.მ, ს/კ 0----------------------.

 

2. 2014 წლის 10 თებერვალს ე-–------- ს-----ეს და გ--–------შოვს შორის 2014 წლის 10 თებერვალს დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ნივთზე მდებარე: ქ------–------------------–--–------------------, ფართი 75 კვ.მ, ს/კ 0----------------------. ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 36 000 აშშ დოლარით.

 

3. 2017 წლის 19 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ქ------- ჩ-------ემ მოპასუხე ე-–------- ს-----ის და გ--–------შოვის მიმართ და ითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი 2015 წლის 25 მარტს ე-–------- ს-----ეს და გ--–------შოვს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე მდებარე ქ. თ---–------------------–--–----------------ის მიმდებარედ, ს/კ 0--------------- და ქონების ე-–------- ს-----ის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხვა.

 

3.1. სარჩელის საფუძვლები:

მოსარჩელის განმარტებით, მოსარჩელე ქ------- ჩ-------ე არის მოპასუხე ე-–------- ს-----ის და მოპასუხემ ქ. თ---–----------–----–--------------ის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების კომისიის გადაწყვეტილებით საკუთრებად აღირიცხა სადავო უძრავი ნივთი, რაც მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა 2016 წლის ოქტომბერში. მოპასუხემ საკუთრების უფლების მოპოვების შემდგომ 2015 წლის 25 მარტს 1 აშშ დოლარად მიჰყიდა გ--–------შოვს. ზემოაღნიშნული კომისიის #570-ე ოქმის თანახმად, ბათილად იქნა ცნობილი საკუთრების მოწმობა, რომლითაც ე-–------- ს-----ე გახდა უძრავი ნივთის მესაკუთრე. რომელმაც აღიარა, რომ გ--–------შოვმა ისარგებლა მისი მინდობილობით და ისე დაირეგისტრირა ქონება, რომ ინფორმირებული არ ყოფილა. მოსარჩელის განმარტებით, მხარეთა მიერ გამოვლენილი ნება არ არის ნამდვილი. გარდა აღნიშნულისა, ე-–------- ს-----ემ იცოდა, რომ ქონება რომელზეც პრეტენზიას აცხადებდა სინამდვილეში იყო ქ------- ჩ-------ის მფლობელობაში. მოპასუხეებს შორის არსებული გარიგება ატარებს ფორმალურ ხასიათს, რომლის მიზანია მოსარჩელეს მოესპოს დავის შესაძლებლობა. მათ არ სურდათ ხელშეკრულებით გათვალისწინებული იურიდიული შედეგის დადგომა. იგი დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, რასაც ადასტურებს ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ ნასყიდობის ფასად მითითებულია 1 აშშ დოლარი. მათი ქმედება ქმნის დადებული გარიგების მართლსაწინააღმდეგო და ამორალურ გარიგებად მიჩნევის საფუძველს.

 

4. მოპასუხის შესაგებელი:

4.1. ე-–------- ს-----ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო. მისი განმარტებით, სადავო ნივთი არის მოსარჩელე ქ------- ჩ-------ის აშენებული და დღემდე არის მის მფლობელობაში. ე-–------- ს-----ემ, რომელმაც გაასხვისა ბინა, მასში არ არის აღნიშნული სადავო ნივთთან მიმართებაში და ვერც იქნებოდა, ვინაიდან იმ მომენტისათვის არ იყო მოპასუხის საკუთრებაში და არ არსებობდა უფლების დამდგენი დოკუმენტი. მოპასუხის მითითებით მან მოცემული მომენტისათვის არ იცოდა ვისი აშენებული იყო ავტოფარეხი, როდესაც მიიღო მემკვიდრეობა თვლიდა რომ ესეც მისი საკუთრება იყო. ე-–------- ს-----ის განმარტებით, გ--–------შოვს მისთვის ხელშეკრულებაში განსაზღვრული ნასყიდობის ღირებულება არ გადაუხდია.

 

4.2. გ--–------შოვმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. მოპასუხემ აღნიშნა, რომ ე-–------- ს-----ემ საკუთრების უფლება მოიპოვა მისი დახმარებით ე-–------- ს-----ის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობის გამოყენებით, თავი მოუყარა საკუთრების უფლების მოპოვებისათვის ყველა საჭირო დოკუმენტს და კანონმდებლობის სრული დაცვით მოპასუხის სახელზე დაარეგისტრირა საკუთრების უფლება სადავო ნივთზე. მოპასუხის განმარტებით, ე-–------- ს-----ესთან არ გააჩნია მეგობრული ურთიერთობა, ვინაიდან ისინი დაკავშირებული იყვნენ მხოლოდ სახელშეკრულებო ურთიერთობით, რომლის ფარგლებშიც ე. ს-----ისგან შეიძინა უძრავი ქონება მდებარე ქ.თ---–------------------–--–-------------------, ფართი 75 კვ.მ, ს/კ 0----------------------. ე. ს-----ე მითითებულ უძრავ ქონებას ყიდდა ავტოფარეხთან ერთად, თუმცა ნივთი საჯარო რეესტრში მის სახელზე არ იყო რეგისტრირებული, ვინაიდან მას არ გააჩნდა ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დრო და გამოცდილება, მხარეებს შორის გაფორმდა მინდობილობა, რომლის საფუძველზეც გ--–------შოვი აღიჭურვა უფლებამოსილებით, რათა დაერეგისტრირებინა ე. ს-----ის სახელზე და იგი შემდგომში აღერიცხა თავის სახელზე.

მოპასუხის განმარტებით, მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 30 იანვრის N570 ოქმი, რომლითაც გაუქმდა 2015 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილება სადავო უძრავ ნივთზე აღიარებული იყო ე. ს-----ის საკუთრების უფლება. რაც გასაჩივრებულია ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. მოპასუხეს მიაჩნია, რომ მან კანონის სრული დაცვით შეიძინა სადავო ნივთი ე. ს-----ისგან და წარმოადგენს კეთილსინდისიერ შემძენს. შესაგებლის მიხედვით, გ--–------შოვს სადავო ნივთი ფაქტობრივად შეძენილი ჰქონდა 2014 წლის 10 თებერვლის ხელშეკრულებით, თუმცა ვინაიდან ავტოფარეხის რეგისტრაცია დაკავშირებული იყო გარკვეულ პროცედურებთან ამავე თარიღით ე. ს-----ემ გ. ბ---–---ს გაუფორმა მინდობილობა, რომლის ფარგლებშიც დაირეგისტრირა ნივთი. სადავო გარიგება არ არის მოჩვენებითი ხასიათის და შესაბამისად სასარჩელო მოთხოვნა დაუსაბუთებელია.

 

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით ქ------- ჩ-------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც გ--–------შოვს (პ/ნ 0----------) აეკრძალა მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე: თბილისში, ბ------- ხ---–--–-ის ქ. #1---ის მიმდებარედ (საკადასტრო კოდი: 0---------------) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა; (იხ. გადაწყვეტილება)

 

6. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ქ------- ჩ-------ემ, რომლითაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

 

6.1. სააპელაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სასამართლო, გადაწყვეტილებაში არასწორად არ იზიარებს მოსარჩელის განმარტებას, რომ გ--–------შოვმა ისარგებლა ე-–------- ს-----ის მინდობილობით და ისე დაირეგისტრირა ქონება, რომ ინფორმირებული არ ყოფილა. თავად ე-–------- ს-----ე აღნიშნავს, რომ მას სადაო ავტოფარეხი გ--–------შოვისთვის არ მიუყიდია და არაკეთილსინდისიერად ისარგებლა მისგან გაცემული მინდობილობით გ--–------შოვმა. მხარეთა შორის უძრავი ქონების ერთის მხრივ გაყიდვის, ხოლო მეორეს მხრივ - ყიდვის ნება არ ყოფილა ნამდვილი, არამედ ის ატარებდა ფორმალურ ხასიათს, რათა მოპასუხეებს მოეტყუებინათ მოსარჩელე ქ------- ჩ-------ე და მისთვის დავის შესაძლებლობა მოესპოთ. სასამართლოსთვის ცნობილი გახდა და მოპასუხემაც გადასცა სასამართლოს შესაბამისი დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით იმავე სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში მიმდინარეობდა დავა. აგრეთვე ცნობილი გახდა, რომ ქ. თ---–----------–----–--------------ის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების კომისიის გადაწყვეტილებით საკუთრებად აღირიცხა სადავო უძრავი ნივთი. ზემოაღნიშნული კომისიის მიერვე #570-ე ოქმის თანახმად, ბათილად იქნა ცნობილი საკუთრების მოწმობა, რომლითაც ე-–------- ს-----ე გახდა უძრავი ნივთის მესაკუთრე. შესაბამისმა კომისიამ გააუქმა ე-–------- ს-----ის სახელზე გაცემული საკუთრების მოწმობა, სადაო უძრავი ქონების მეზობლად მცხოვრებლების ხელწერილის საფუძველზე, რომელიც ადასტურებს, რომ აღნიშნულ ფართში ცხოვრობდა და ცხოვრობს მოსარჩელე. მოპასუხე ე-–------- ს-----ეც ადასტურებს მისი დის, ქ------- ჩ-------ის სადაო უძრავ ქონებაში ცხოვრების ფაქტს და უსაფუძვლოა სასამართლოს მითითება, რომ მოსარჩელეს არ აქვს სარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესი.

სამოტივაციო ნაწილი

 

7. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება და სარჩელი დარჩეს განუხილველი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

სააპელაციო პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების არსებით შემოწმებამდე თვლის, რომ იმსჯელოს რამდენად დასაშვებია სარჩელი, რომლითაც მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ბათილად იქნეს ცნობილი 2015 წლის 25 მარტს ე-–------- ს-----ეს და გ--–------შოვს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე მდებარე ქ. თ---–------------------–--–----------------ის მიმდებარედ, ს/კ 0---------------.

 

როგორც საქმის მასალებით დგინდება და სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე თავად აპელანტის წარმომადგენელმაც განმარტა, სასარჩელო მოთხოვნაა 2015 წლის 25 მარტს ე-–------- ს-----ესა და გ--–------შოვს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, რომლის შემთხვევაში ქონება აღირიცხება ე-–------- ს-----ის სახელზე საკუთრების უფლებით. მოსარჩელის განმარტებით სადავოა თავად ე-–------- ს-----ის საკუთრების უფლებაც, რადგან, ქ. თ---–----------–----–--------------ის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების კომისიის #570-ე ოქმის თანახმად, ბათილად იქნა ცნობილი საკუთრების მოწმობა, რომლითაც ე-–------- ს-----ე გახდა უძრავი ნივთის მესაკუთრე. შესაბამისმა კომისიამ გააუქმა ე-–------- ს-----ის სახელზე გაცემული საკუთრების მოწმობა. ამდენად, მოსარჩელის განმარტებით მისი აღაირებითი სარჩელის იურიდიული ინტერესი სწორედ ე-–------- ს-----ის საკუთრების უკანონობის დადგენა და საკუთრების აღიარების კომისიის მიერ სადავო ქონების საკუთრებაში მიღებაა.

 

ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია რომ, საპელაციო პრეტენზიათა დასაბუთებულობის შემოწმებამდე, პირველ რიგში, შესამოწმებელია აღიარებითი სარჩელის დასაშვებობა (იხ. სუსგ საქმე №ას-121-117-2016, 17 მარტი, 2016 წელი).

 

8. უპირველესად პალატა განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის, ისევე, როგორც მისი დასაბუთებულობის, საკითხის შემოწმება სამართლის საკითხია და აქედან გამომდინარე, სასამართლომ პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც, საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს სარჩელის დასაშვებობა საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე. კანონის დანაწესიდან გამომდინარე, აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს, მაგალითად, მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათის მატარებელია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა. საკასაციო სასამართლოს დიდი პალატის განმარტებით: „...გარიგებების ბათილობა ფაქტობრივ წინაპირობად უნდა იქნეს მიჩნეული და არა დამოუკიდებელ მოთხოვნად. შესაბამისად, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში სწორედ აღსრულებითი სარჩელის განხილვის შედეგი და არა კონკრეტულ გარიგებათა ბათილად ცნობა მიეთითება, რადგან თავისთავად გარიგების ბათილად ცნობა არ იწვევს რაიმე იურიდიულ შედეგს, თუკი წმინდა სამართლებრივი თვალსაზრისით აღიარებითი სარჩელი არ იხილება“ (იხ., საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილების /საქმე # ას-664-635-2016/ დასკვნები 231-233-ე პუნქტებში და დიდი პალატის 2016 წლის 17 მარტის /საქმე # ას-121-117-2016/ განჩინების დასკვნები 55-56-ე პუნქტებში, საქმე # ას121-117-2016; შეადარეთ ასევე, სუსგ-ებს: #ას-937-887-2015, 10.11.2015წ.; # ას-17-14-2015, 01.07.2015წ.; # ას-1069-1008-2015, 16.12.2015წ.; # ას-773-730-2015, 08.09.2015წ.; # ას-181-174-2016, 06.05.2016წ.; # ას-323-308-2016, 03.06.2016წ.; #ას-407-390-2016, 10.06.2016წ; # ას-375-359-2016, 17.06.2016წ.).

 

9. აღსანიშნავია, რომ სარჩელის ინსტიტუტის საპროცესო კლასიფიკაცია შესაძლებელია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ანალიზით და დოქტრინაში განვითარებული შეხედულებით. სარჩელთა ძირითად სახეებად გვევლინება მიკუთვნებითი, გარდაქმნითი და აღიარებითი სარჩელები. პირველი ორი ჯგუფის სარჩელების ძირითადი მახასიათებელი ნიშანი ისაა, რომ ამ ტიპის სარჩელებზე მიღებული გადაწყვეტილება რეალური, აღსრულებადი გადაწყვეტილებაა და ამიტომ მათ აღსრულებად სარჩელადაც მოიხსენიებენ. რაც შეეხება აღიარებით სარჩელს, ის ასევე დარღვეული, თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის საპროცესო საშუალებაა, თუმცა, აღიარებითი სარჩელის მიმართ საკანონმდებლო დათქმები განსხვავებულია. იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის სუბიექტური ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი. სსსკ-ის 180-ე მუხლი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს, კერძოდ: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა. მოცემულ შემთხვევაში, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოსარჩელის დარღვეული უფლების აღდგენის წინაპირობა ვერ გახდება, ვინაიდან, სარჩელით არ არის მოთხოვნილი რაიმეს მიკუთვნება ან შესრულება, ხოლო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, საკუთარი ინიციატივით მიაკუთვნოს მხარეს ის, რაც მას არ მოუთხოვია (სსსკ-ის 248-ე მუხლი). სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე, მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა შესაძლებელი იყო. მაგალითისათვის, მოსარჩელეს შეეძლო გარიგების ბათილობის სამართლებრივი შედეგი - კონდიქციური მოთხოვნა (სსკ-ის 976-ე მუხლის 1 „ა“ ქვეპუნქტისა და ამავე კოდექსის 979-ე მუხლის პირველი ნაწილი) წაეყენებინა მოპასუხისათვის. თუმცა, სხვა საკითხია რამდენად წარმატებული იქნებოდა სარჩელი, რადგანაც ის დაკმაყოფილებადი იქნებოდა მითითებული ნორმებით გათვალისწინებული ფაქტობრივი წინაპირობების (სამართლებრივი წინაპირობების) კანონით დადგენილი თანმიმდევრობით განხორციელებისა (შესრულების) და მოთხოვნის გამომრიცხავი, შემწყვეტი ან მისი განხორციელების ხელისშემშლელი გარემოებების არარსებობის შემთხვევაში. (შეად. სუსგ №ას-747-699-2017)

 

10. საქართველოს უზენაესი სასამართლო საქმეზე №ას-747-699-2017 განმარტავს, რომ მოხმობილი განჩინებით სასამართლო განხილვის საგანი იყო ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის საკითხი, რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული. განსახილველ შემთხვევაში არ არის დადასტურებული მოსარჩელის მიერ სადავო უძრავი ქონების თვითნებურად დაკავების ფაქტი. საკასაციო სასამართლო, განსახილველი საკითხის სიცხადის მიზნით მოიშველიებს „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ ევროპულ კონვენციას, რომლის მე-6 მუხლით აღიარებულია სამართლიანი სასამართლოს პრინციპი. კონვენციის აღნიშნული დათქმა, ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, ექვემდებარება ფართო განმარტებას და თავის თავში არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების განხორციელება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს, არამედ, სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტიან და რეალურ დაცვაზეა ორიენტირებული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე, რომელსაც დავის აღმოფხვრა არ მოჰყვება შედეგად.

 

11. პალატა მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 21 ოქტომბრის განჩინებას საქმეზე #ას-272-259-2016, სადაც აღნიშნულია, რომ სარჩელის მოთხოვნათა მიხედვით შესაძლებელია მათი შემდეგი კლასიფიკაცია: მიკუთვნებითი, ანუ აღსრულებითი სარჩელი -მოთხოვნა გულისხმობს მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების დაკისრებას ოსარჩელის სასარგებლოდ. 2. აღიარებითი სარჩელი - რომელიც აღძრულია უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტის ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტის სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის იურიდიული ინტერესი. 3. გარდაქმნითი სარჩელი - მოთხოვნა მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის შეცვლა-შეწყვეტისაკენ. იურიდიული ინტერესი არის ის ფაქტობრივი და სამართლებრივი შედეგი, რომლის მიღწევასაც ცდილობს მხარე აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით. აღიარებითი სარჩელის მიმართ ნამდვილი იურიდიული ინტერესის არარსებობა არათუ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, არამედ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველსაც კი წარმოადგენს. დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმება განეკუთვნება სამართლის საკითხს, შესაბამისად, ვიდრე საქმის განმხილველი სასამართლო სარჩელის საფუძვლიანობას შეამოწმებს, მნიშვნელოვანია, შეფასდეს, აქვს თუ არა მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ და უზრუნველყოფს თუ არა მოსარჩელის მოთხოვნა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას.აღიარებითი სარჩელის შემთხვევაში, იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. აღიარებითი სარჩელი უნდა ემსახურებოდეს მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლებისდაცვას. სსსკ-ის 180-ე მუხლის განმარტების შედეგად აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან. სხვა საკითხია იურიდიული შედეგის არსებობის ან არარსებობის დადგენის სურვილი. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში“ (იხ. სუსგ # ას- 125-121-2016, 21.04.2016წ.; ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 17.03.2016წ. გადაწყვეტილების 55-56 პუნქტები).

 

12. პალატა განმარტავს, რომ სარჩელის სახეებად დაყოფას (მიკუთვნებითი, გარდაქმნითი და აღიარებითი) პრაქტიკული მნიშვნელობა გააჩნია და უზრუნველყოფს პირის კანონით დაცული უფლებისა და ინტერესების სასამართლო წესით დაცვას. როგორც წესი, მოსარჩელის ინტერესი განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის მიღწევას უკავშირდება (მაგ. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ქონების დაბრუნება, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, ზიანის ანაზღაურება და ა.შ), რომელიც მხოლოდ მიკუთვნებითი სარჩელით მიიღწევა და ასეთ შემთხვევაში, აღიარებითი სარჩელის აღძვრა დაუშვებელია, რადგანაც, პროცესის ეკონომიის პრინციპიდან გამომდინარე, დარღვეული უფლების აღდგენასა და სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას პირმა ერთი და არა რამდენიმე სარჩელის აღძვრის გზით უნდა მიაღწიოს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებას მოსარჩელისათვის მისთვის სასარგებლო შედეგი უნდა მოჰქონდეს და მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის საჭიროება აღარ უნდა არსებობდეს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ აღძრული აღიარებითი სარჩელი არ იყო დასაშვები, რადგანაც ის არ პასუხობდა სსსკ-ის 178-ე მუხლის მოთხოვნებს. ამ ნორმის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელში უნდა ყოფილიყო აღინიშნული სსსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული იურიდიული ინტერესი ( შდრ.სუსგ # ას-838-802-2014, 19.03.2015წ.).

 

13. პალატა მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, მოთხოვნა ბათილად იქნეს ცნობილი 2015 წლის 25 მარტს ე-–------- ს-----ეს და გ--–------შოვს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე მოსარჩელე მხარის დარღვეული უფლების აღდგენის წინაპირობა ვერ გახდება, მით უფრო მაშინ, როცა აღნიშნული ხელშეკრულების ბათილად ცნობის შემთხვევაშიც კი ქონება აღირიცხება ე. ს-----ის საკუთრებაში და არა მოსარჩელე ქ------- ჩ-------ის საკუთრებაში. მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში არ არის მოთხოვნილი რაიმეს მიკუთვნება ან შესრულება, ხოლო სასამართლო არ არის უფლებამოსილი საკუთარი ინიციატივით მიაკუთვნოს მხარეს ის, რაც მას არ მოუთხოვია (სსსკ-ის 248-ე მუხლი). (სუსგ ას-50-50-2018)

 

14. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის და მე-4 მუხლის, თანახმად, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანა სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება თავის მნიშვნელობას კარგავს. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა მართლზომიერების შეფასება. სარჩელის უფლება თავის თავში ორ კომპონენტს მოიცავს: სარჩელის აღძვრასა და სარჩელის დაკმაყოფილებას. სარჩელის აღძვრის უფლება, რომელსაც ხშირად სარჩელის პროცესუალურ უფლებას უწოდებენ, არის პირის უფლება, მოითხოვოს სასამართლოსაგან დავის განხილვა და მისი დადგენილი პროცედურის შესაბამისად გადაწყვეტა. სარჩელის შეტანის გზით პირი იცავს თავის უფლებას და შელახულ ინტერესებს, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება კი იმავდროულად იწვევს მისი პრეტენზიის აღმოფხვრას, ვინაიდან სადავოდ მიჩნეული უფლება მოდავე პირის სასარგებლოდაა დაცული და, შესაბამისად, მხარის იურიდიული ინტერესიც დაკმაყოფილებულია. პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც, მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესი და მიზანი მიღწეული ვერ იქნება, მოსარჩელეს ვერ აღუდგება უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება, ხოლო გადაწყვეტილება იქცევა აღსრულებელ გადაწყვეტილებად.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საქმეში - აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ (განაცხადის ნომერი: 40765/02), მიუთითებს რომ სინამდვილეში, ხალხისათვის, საზოგადოებისათვის მთავარია, არა თავისთავად აღებული კანონები, სხვა იურიდიული დოკუმენტები, ამ იურიდიულ დოკუმენტებში არსებული ნორმები და არც ვალდებულებების, აკრძალვების ჯამი, არამედ ის გადამწყვეტი გარემოებები, რასაც იურიდიულად, რეალურად აძლევენ ეს ნორმები. სასამართლო შეგვახსენებს, რომ მე-6 (§1) მუხლი ნებისმიერ პირს აძლევს შესაძლებლობას, სასამართლოს წარუდგინოს თავის სამოქალაქო უფლებებთან და მოვალეობებთან დაკავშირებული საჩივარი (იხ. Golder c. Royaume-Uni , 21 février 1975, §§ 28-36, série A no 18). სასამართლოსათვის საჩივრის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება. (შესაბამისად მოხდება მოსარჩელის პრეტენზიების და იურიდიული ინტერესების დაკმაყოფილება) საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა კონვენციით უზრუნველყოფილია მართალმსაჯულების განხორციელებითა და სასამართლო ხელმისაწვდომობის გზით დარღვეული უფლებების აღდგენა, სადავო უფლების დადგენა და რეალიზაცია, თუმცა ამისათვის მოსარჩელემ კონკრეტულად უნდა მიუთითოს რაში მდგომარეობს ამ უფლების ხელყოფა, და ჩამოაყალიბოს სასარჩელო მოთხოვნა იმგვარად რომ საფუძვლიანობის შემთხვევაში იძლეოდეს აღსრულების ან/და მოსარჩელის რეალურ იურიდიული ინტერესის დაკმაყოფილების საშუალებას და დარღვეული/სადავო უფლებებში აღდენის შესაძლებლობას, რასაც, მოცემულ შემთხვევაში ამ სახით წარმოდგენილი სარჩელის აღძვრის შემთხვევაში ადგილი ვერ ექნება.

 

15. სააპელაციო პალატა ხელმძღვანელობს სსსკ-ის 372-ე მუხლით და 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის თანახმადაც, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაჰბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები. თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმისწარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). მთავარი სხდომის დანიშვნამდე სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში, მოსარჩელეს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი, ხოლო საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში, სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს არ დაუბრუნდება. პალატა განმარტავს, რომ მოხმობილი ნორმა მითითებითი ხასიათისაა და მასში ამავე კოდექსის 275-ე მუხლის წინაპირობების შემოწმებაზეა საუბარი, თუმცა, ეს უკანასკნელი ნორმაც არ შეიცავს სარჩელის განუხილველად დატოვების ამომწურავ ჩამონათვალს, რის გამოც, დასაშვებია საპროცესო ანალოგიის პრინციპის გამოყენება (სსსკ-ის მე-7 მუხლი) იმ შემთხვევისათვის, როდესაც იკვეთება სარჩელის მიღებაზე უარის თქმის კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა (შდრ.სუსგ Nას-302-285-2017 ; №ას-551-522-2015 ; სუსგ #ას-91-91-2018)

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ ქ------- ჩ-------ის სარჩელი მოპასუხეების ე-–------- ს-----ის და გ--–------შოვის მიმართ ბათილად იქნეს ცნობილი 2015 წლის 25 მარტს ე-–------- ს-----ეს და გ--–------შოვს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე მდებარე ქ. თ---–------------------–--–----------------ის მიმდებარედ, ს/კ 0---------------, უნდა დარჩეს განუხილველი.

 

16. აპელანტი ქ------- ჩ-------ე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

17. სააპელაციო სასამართლო სსსკ 199 პრიმა მუხლის შესაბამისად აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოყენებულ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას სარჩელის განუხილველად დატოვების გამო;

 

სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 187-ე, 394-ე, 414-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ქ------- ჩ-------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება.

 

3. ქ------- ჩ-------ის სარჩელი დარჩეს განუხილველი.

 

4. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც გ--–------შოვს (პ/ნ 0----------) აეკრძალა მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე: თბილისში, ბ------- ხ---–--–-ის ქ. #1---ის მიმდებარედ (საკადასტრო კოდი: 0---------------) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;

5. განჩინებაზე დაიშვება კერძო საჩივრის წარდგენა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების 32), თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის (თბილისი, გრიგოლ რობაქიძის 7ა) მეშვეობით 12 დღის ვადაში.

 

თავმჯდომარე: დიანა ბერეკაშვილი

 

მოსამართლეები: ქეთევან დუგლაძე

 

მიხეილ გოგიშვილი