განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 19.07.2019
საქმის ნომერი
180310116001410558
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების განხორციელების ან ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავები, დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე, დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
19.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 180310116001410558

საქმე N3ბ/2708-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

19 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

თავმჯდომარე - ლევან მურუსიძე

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნინო ყანჩაველი

სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი

აპელანტი (მოსარჩელე) - ნ------- გ---–--–---–ი

წარმომადგენელი - ბ-------- გ---–--–---–ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - თ------ის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - მ--------------–--–---–ი

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თ------ის სარეგისტრაციო სამსახური

წარმომადგენელი - ქ------- ჯ-------ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი - მ--------–--–-–---–ი

დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება

1. სააპელაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ-------ი გ---–--–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

2.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.2.1. 2006 წლის ოქტომბერში თ------ის რაიონის გამგეობის მიერ გამოცხადებული იყო არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აუქციონის წესით გაყიდვა, რომელშიც მოსარჩელემ გადაწყვიტა მიეღო მონაწილეობა და შეიტანა შესაბამის საბანკო ანგარიშზე ბეს სახით 140 ლარი. 2006 წლის 25 ოქტომბერს თ------ის რაიონის გამგეობაში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის რაიონული კომისიის მიერ ჩატარდა დ. ს-----ს ტერიტორიაზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 600 კვ.მ მიწის ფართობის ნაკვეთის აუქციონი N7, რომელშიც მოსარჩელე ნ------- გ---–--–---–მა გაიმარჯვა, რაზედაც აუქციონის კომისიის მიერ შედგენილი იქნა ოქმი, რომელსაც ხელი მოაწერა ყველა სააუქციონო კომისიის წევრმა და მოსარჩელეს როგორც გამარჯვებულს გადასცეს ამავე ოქმის ასლი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- შერჩევის აქტი; თ------ის გამგეობის დადგენილება N52; შპს ,,ა------“ მიერ მომზადებული აზომვითი ნახაზი; სახალხო ბანკის ქვითარი ბეს 140 ლარის გადახდის შესახებ; აუქციონის შედეგების გამარჯვების ოქმი N16.

 

2.2.2. 2006 წლის 01 დეკემბერს მას გადაეცა თ------ის რაიონის გამგეობის 2006 წლის 31 ოქტომბრის დადგენილება N73, რომლითაც დამტკიცებული იქნა 2006 წლის 25 ოქტომბრის აუქციონის შედეგები და გაყიდულად გამოცხადდა აუქციონში გაყიდული ნაკვეთი, ხოლო მოსარჩელე აუქციონის გამარჯვებულად გამოცხადდა. ხოლო ამ დადგენილების შერულებაზე კონტროლი კი დაევალა გამგებლის პირველ მოადგილეს. მან იმ დღეს სახალხო ბანკის თ------ის ფილიალის მეშვეობით შეიტანა მიწის ნაკვეთის ღირებულების დარჩენილი თანხა 1296 ლარი და დაარწმუნეს იმაში, რომ გაყიდული მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდებოდა მის სახელზე თ------ის რაიონის გამგეობის მიერ. 2015 წლის აგვისტოში მოსარჩელემ აღმოაჩინა, რომ არანაირი მიწის ნაკვეთი მის სახელზე რეგისტრირებული არ იყო და გადაწყვიტა დაერეგისტრირებინა მის მიერ შეძენილი ნაკვეთი, რის შესახებაც მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომელმაც მოითხოვა მის სახელზე არსებული დოკუმენტების ასლების დედნები. ამის შემდეგ მოსარჩელემ მიმართა დუშეთის რაიონულ არქივს, ხოლო უარის მიღების შემდგომ მიმართა თ------ის მუნიციპალიტეტის გამგეობას უკვე იმ მოთხოვნით, რომ თ------ის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაედასტურებინა 2006 წლის 25 ოქტომბრის N7 აუქციონში მის გამარჯვების და ფაქტი და გადაეცა მისთვის შესაბამისი დოკუმენტაცია, დედნები დამოწმებული ასლები.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- თ------ის გამგეობის 2006 წლის 31ოქტომბრის დადგენილება N73; სახალხო ბანკის 2006 წლის 01 დეკემბრის ქვითარი 1296 ლარის გადახდის შესახებ; განცხადება ეროვნულ არქივს; საარქივო ცნობა.

 

2.2.3. თ------ის მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული წერილის თანახმად, მას უარი ეთქვა მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ხოლო ამის შემდგომ მან 2016 წლის 15 თებერვალს მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თ------ის სარეგისტრაციო სამსახურს და წარადგინა მის ხელთ არსებული დოკუმენტაცია და მოთხოვნილი იქნა საკუთრების უფლების რეგისტრაცია აუქციონზე შეძენილ მიწის ნაკვეთზე. თ------ის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით მის მიმართ სარეგისტრაციო წარმოება იქნა შეწყვეტილი და უარი ეთქვა მას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება მის მიერ გასაჩივრებული იქნა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ მას არ წარუდგენია მიწის შეძენის საფასურის გადახდის დოკუმენტები.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- თ------ის მუნიციპალიტეტის წერილი; საჯარო რეესტრის N882016080250-07 გადაწყვეტილება და N1----- გადაწყვეტილება.

 

2.2.4. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან განაცხადის რეგისტრაციის N8----------- 29/06/17წ. დადგენილია, რომ მისამართი თ------ი დ---------ი ს/კ 7----------- დანიშნულება არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე ფართობი 600,00 კვ.მ. დღეის მდგომარეობით რეგისტრირებულია სახელმწიფოს საკუთრება, უფლების დამდგენი დოკუმენტი მიმართვა #316.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.3.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხეს თ------ის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალოს ცნოს ნ------- გ---–--–---–ი (პ/ნ 2----------) თ------ის რაიონის გამგეობის 2006 წლის 25 ოქტომბრის N7 აუქციონში გამარჯვებულად და მის მიერ 1440 ლარად ს-----ს ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 600 კვ.მ მიწის ფართობის შეძენის კანონიერება და ყველა კანონით გათვალისწინებული მოქმედების განხორციელება, რაც საჭიროა ამ ქონების რეგისტრაციისთვის.

 

სასამართლომ, საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე საჭიროდ მიიჩნია ყურადღება გაემახვილებინა საკუთრების უფლებისა და მისი შეზღუდვის ფარგლების განმარტებაზე. საკუთრების უფლება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა რიცხვს მიეკუთვნება, რომლის გარეშეც შეუძლებელია დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობა. როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო თავის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნავს: ,,საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას“.

 

საქართველოში საკუთრების უფლება დაცული და გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. სასამართლო აღნიშნული მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ საკუთრების ძირითადი უფლება იცავს მოქალაქეებს სახელმწიფოს მიერ მათი ქონებისა და უფლებების ჩამორთმევისაგან. ყველას აქვს თავისი ქონებისა და უფლებების ფლობისა და შენარჩუნების უფლება, თუმცა იგი არ არის აბსოლუტურად უზრუნველყოფილი ძირითადი უფლება. ამასთან, კონსტიტუციის 21-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, საკუთრების უფლების ნებისმიერი ხელყოფა უნდა ემსახურებოდეს საჯარო ან საერთო ინტერესებით განპირობებულ კანონიერ მიზნებს. ამასთან, შენარჩუნებულ უნდა იქნას სამართლიანი ბალანსი საზოგადოების საერთო ინტერესებსა და პირის ფუნდამენტურ უფლებათა დაცვის მოთხოვნებს შორის. სამართლიანად უნდა დაბალანსდეს საზოგადოების საერთო ინტერესის მოთხოვნები და პირის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნები.

 

მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხე თ------ის მუნიციპალიტეტის გამგეობა ეთანხმება იმ გარემოებას, რომ ნ------- გ---–--–---–მა 2006 წელს ნამდვილად მიიღო მონაწილეობა და შეიძინა დ---------ში მდებარე 600 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, თუმცა იმის გამო რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემაზე კონკურსის ჩატარების წესის მე-4 მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად არ მოხდა საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების დამტკიცება და დღესაც აღნიშნული ქონება ითვლება სახელმწიფო საკუთრებად (არა თ------ის მუნიციპალიტეტის საკუთრებად), თ------ის მუნიციპალიტეტის გამგეობა დღეის მდგომარეობით არ არის უფლებამოსილი დაამტკიცოს მაშინდელი ქონების აუქციონის შედეგები, რადგან აღნიშნულის დელეგირების უფლებამოსილება თ------ის მუნიციპლიტეტს არ გააჩნია.

 

2.3.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული სადავო აქტები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.

 

2.3.3. სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი რედაქციით ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილებების შეტანის, ასევე ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.

 

ამავე კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე.

 

სასამართლომ განმარტა, რომ უძრავ ქონებაზე როგორც რეგისტრაცია, ასევე მათში ცვლილება წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. თავის მხრივ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს თუ რა წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტს, კერძოდ, დასახელებული კანონის მე-2 მუხლის „კ“ პუნქტით, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით გასაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო ,,ლ” პუნქტით სარეგისტრაციო დოკუმენტაცია განმარტებულია, როგორც რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.

 

სასამართლომ ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე განმარტა, რომ რეგისტრაციის განხორციელების მოთხოვნის მოტივით სარეგისტრაციო სამსახურს უნდა მიმართოს დაინტერესებულმა პირმა (მესაკუთრემ) და წარადგინოს სარეგისტრაციო დოკუმენტაცია. სასამართლომ მიუთითა, რომ უძრავ ქონებაზე როგორც რეგისტრაცია, ასევე მათში ცვლილება წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. თავის მხრივ, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს თუ რა წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტს.

 

2.3.4. განსახილველ შემთხვევაში დადგენილი იყო, რომ 2016 წლის 15 თებერვალს ნ------- გ---–--–---–მა №882016080250 სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თ------ის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ უძრავ ნივთზე (მისამართი: თ------ი, დ---------ი).

 

სარეგისტრაციო განცხადებას თან ერთვოდა, დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ელექტრონული ვერსიები, თ------ის რაიონის გამგეობის 2006 წლის 31 ოქტომბრის №73 დადგენილების ასლი, №7 აუქციონის №16 ოქმის (25.10.2006 წ.) ასლი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო მიწის მართვისა და განკარგვის რაიონული კომისიის შერჩევის აქტისა და მიწის ნაკვეთის ნახაზის ასლები, ასევე თ------ის რაიონის გამგეობის 2006 წლის 29 აგვისტოს №52 დადგენილების ასლი.

 

2016 წლის 18 თებერვალს თ------ის სარეგისტრაციო სამსახურმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №882016080250-03 გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, კერძოდ, განცხადებას თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამებოდა მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში, შესაბამისად, წარსადგენი იყო კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი. გარდა ზემოაღნიშნულისა, დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ აუცილებელი იყო დამატებით წარედგინა სარეგისტრაციო დოკუმენტების დედნები.

 

სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №882016080250-03 (18.02.2016) გადაწყვეტილებით შეჩერების საფუძვლების აღმოფხვრისათვის განისაზღვრა ვადა 30 დღე. 2016 წლის 26 თებერვალს დაინტერესებულმა პირმა მარეგისტრირებელ ორგანოში წარადგინა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომლითაც სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ერთ-ერთი საფუძველი - ზედდება რეგისტრირებულ მონაცემთან, აღმოიფხვრა. რაც შეეხება, სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაციის დედნებს, ისინი დადგენილ ვადაში წარდგენილი არ ყოფილა. 2016 წლის 22 მარტს თ------ის სარეგისტრაციო სამსახურმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №882016080250-07 გადაწყვეტილება, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ სრულად არ იქნა აღმოფხვრილი შეჩერების საფუძვლები, კერძოდ, წარდგენილი არ ყოფილა დოკუმენტაციის დედნები.

 

აღნიშნულ სადავო აქტთან დაკავშირებით, ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო მიწის მართვისა და განკარგვის რაიონული კომისიის შერჩევის აქტის (ასლი) თანახმად, კომისიამ ადგილზე მისვლით ნახა და შეარჩია დ---------ის ტერიტორიაზე მდებარე დ. ს-----ს ყოფილი პურის საცხობის მიმდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია „არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად აღნიშნული მიწის ფართი განკარგულიყო აუქციონის წესით.

 

თ------ის რაიონის გამგეობის 2006 წლის 31 ოქტომბრის №73 დადგენილებით (წარდგენილია ასლი) დამტკიცდა 2006 წლის 25 ოქტომბერს ჩატარებული აუქციონის შედეგები. თ------ის რაიონის გამგეობა აღნიშნავს, რომ რაიონში არსებულმა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის მუდმივმოქმედმა რაიონულმა კომისიამ, 2006 წლის 25 ოქტომბერს ჩაატარა აუქციონი და საკუთრების უფლების ფორმით განკარგა თ------ის რაიონის დ. ს-----ს ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 600 კვ.მ. მიწის ფართობი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დამტკიცდა აუქციონის შედეგები და გაყიდულად იქნა ცნობილი დ. ს-----ს თემის საკრებულოს ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. დადგენილების შესაბამისად, ჩატარებული აუქციონის გამარჯვებულად ჩაითვალა ქ. თ--–--–- მცხოვრები ნ------- გ---–--–---–ი.

 

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო მიწის მართვისა და განკარგვის რაიონული კომისიის შერჩევის აქტის ასლთან ერთად მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი იქნა შერჩეული მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზი, რომლის მიხედვითაც ნაკვეთს დასავლეთიდან ესაზღვრება გზა, ჩრდილოეთიდან - ნ. შ---–-----ს ნაკვეთი, აღმოსავლეთიდან - საკონსერვო ქარხანა, ხოლო სამხრეთიდან - ყოფილი პურსაცხობი.

 

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2016 წლის 10 მაისს №1-----, №1----- და №1----- წერილებით მიმართა თ------ის მუნიციპალიტეტის გამგეობას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომელთაგან მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია (დოკუმენტაცია) დაინტერესებული პირის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაციის დედნების თაობაზე, ასევე გაფორმდა თუ არა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად ნასყიდობის ხელშეკრულება ნ------- გ---–--–---–სა და სახელმწიფოს, როგორც მესაკუთრეს შორის, წარმოდგენილს რაიონის აღმასრულებელი ორგანოების სახით. ასეთის არსებობის შემთხვევაში, მოთხოვნილ იქნა ნასყიდობის ხელშეკრულების დამოწმებული ასლის მოწოდება.

 

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გადმოეგზავნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 13 მაისის №1------- წერილი (სააგენტოს დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში შემოსვლის ნომერი: 9-------; თარიღი: 13.05.2016წ.), რომლის თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 10 მაისის №1----- და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან გადაგზავნილი 2016 წლის 10 მაისის №1----- წერილის პასუხად სააგენტოს ეცნობა, რომ მოთხოვნილი დოკუმენტაცია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში არ ინახება.

 

თ------ის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 17 მაისის №90/5 წერილით (სააგენტოს დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში შემოსვლის ნომერი: 1--------; თარიღი: 20.05.2016წ.) საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გამოეგზავნა მუნიციპალიტეტში დაცული დოკუმენტაცია, კერძოდ, თ------ის რაიონის გამგეობის 2006 წლის 31 ოქტომბრის №73 დადგენილება, №7 აუქციონის №16 ოქმი (25.10.2006წ.), სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო მიწის მართვისა და განკარგვის რაიონული კომისიის შერჩევის აქტი და მიწის ნაკვეთის ნახაზი, ასევე თ------ის რაიონის გამგეობის 2006 წლის 29 აგვისტოს №52 დადგენილება. გარდა აღნიშნულისა, წერილს თან ერთვის საკადასტრო რუკა და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის თანახმად, დ---------ში მდებარე 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი 7-----------) წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას, მესაკუთრის გრაფაში კი მითითებულია თ------ის რაიონის გამგეობა. ამასთან, სააგენტოს გამოეგზავნა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო მიწის მართვისა და განკარგვის რაიონული კომისიის 2006 წლის 27 აგვისტოს სხდომის ოქმი, რომლის დღის წესრიგი იყო არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობის აუქციონის წესით განკარგვა, აუქციონის მონაწილის (ნ------- გ---–--–---–ის) ბილეთი, სალაროს შემოსავლის ორდერი (140 ლარის გადახდის დამადასტურებელი), ნ------- გ---–--–---–ის პირადი განცხადება აუქციონში მონაწილეობის მოთხოვნის თაობაზე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო მიწის მართვისა და განკარგვის მუდმივმოქმედი კომისიის მიერ ჩატარებული აუქციონის შემაჯამებელი სხდომის №16 (25.10.2006) ოქმი. თ------ის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 17 მაისის №90/5 წერილში მითითებულია, რომ გამოგზავნილ იქნა მათთან დაცული დოკუმენტაციის ასლები, ზემოხსენებული დოკუმენტაცია დამოწმებულია თ------ის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბეჭდით, ამასთან, №7 აუქციონის №16 ოქმის (25.10.2006წ.) ასლს გამგეობის ბეჭედთან ერთად ახლავს მინაწერი „ასლი დედანთან სწორია“.

 

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო მიწის მართვისა და განკარგვის მუდმივმოქმედი კომისიის მიერ ჩატარებული აუქციონის შემაჯამებელი სხდომის №16 (25.10.2006) ოქმის თანახმად, სხდომის დღის წესრიგს წარმოადგენდა დ---------ის ტერიტორიაზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 600 კვ.მ. მიწის ფართობის აუქციონის წესით განკარგვა. აუქციონში გამარჯვებულად აღიარებულ იქნა დ. სიონში მცხოვრები ნ------- გ---–--–---–ი და დაევალა ორი თვის ვადაში თ------ის რაიონის მიწის მართვის სამმართველოსა და აუქციონის სპეციალურ ანგარიშზე შეიტანოს აუქციონის შედეგებით ნაკისრი თანხა 1440 ლარის ოდენობით.

 

აღსანიშნავია, რომ დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა, ასევე ადმინისტარციული წარმოების ფარგლებში ვერ იქნა მოძიებული დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა ნ------- გ---–--–---–ის მიერ თ------ის რაიონის მიწის მართვის სამმართველოსა და აუქციონის სპეციალურ ანგარიშზე განსაზღვრული თანხის შეტანის ფაქტი. ასევე არ დასტურდება ის გარემოებაც, რომ დაინტერესებულ პირსა და სახელმწიფოს, როგორც მესაკუთრეს შორის, წარმოდგენილს რაიონის აღმასრულებელი ორგანოების სახით, დაიდო უძრავი ნივთის (აუქციონის ობიექტის) ნასყიდობის ხელშეკრულება.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები.

 

სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონის (რომელიც ამჟამად ძალადაკარგულია 22.06.2007 წლის #5049 კანონით) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ეს კანონი აწესრიგებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის (შემდგომში – სახელმწიფო მიწის) მართვისა და განკარგვის საკითხებს და განსაზღვრავს იმ სახელმწიფო ორგანოთა კომპეტენციას, რომლებიც სახელმწიფო მიწით განკარგვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებში წარმოადგენენ სახელმწიფოს.“

 

ზემოაღნიშნული კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო მიწა სარგებლობაში ან საკუთრებაში განიკარგება კონკურსის, აუქციონის ან პირდაპირი განკარგვის წესით.“ დადგენილია, რომ განსახილველ შემთხვევაში, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი განიკარგა აუქციონის მეშვეობით. ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „მიწის ნაკვეთის შემძენ საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებსა და სახელმწიფოს, როგორც მესაკუთრეს შორის, წარმოდგენილს საქართველოს რაიონის, ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, აღმასრულებელი ორგანოების სახით, ფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით.“

 

სარეგისტრაციო სამსახურში წარმოდგენილი არ იქნა დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა ნ------- გ---–--–---–ის მიერ თ------ის რაიონის მიწის მართვის სამმართველოსა და აუქციონის სპეციალურ ანგარიშზე განსაზღვრული თანხის შეტანის ფაქტი, თუნდაც რომ დადასტურებულადაც იქნეს მიჩნეული მოსარჩელის მიერ მიწის ნაკვეთის აუქციონზე შეძენის ფაქტი განსაზღვრული თანხის გადახდით, რასაც სადაოდ არ ხდიან მხარეები, აღნიშნული სასამართლოს აზრით, ვერ დაედება საფუძვლად სარჩელის დაკმაყოფილებას, რადგან მოცემულ კონკრეტულ დავასთან მიმართებაში არ დასტურდება მოსარჩელის მხრიდან მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელობის ფაქტი, რადგან წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია ის გარემოება, რომ მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა დაინტერესებულ პირსა და სახელმწიფოს, როგორც მესაკუთრეს შორის და წარმოდგენილს რაიონის აღმასრულებელი ორგანოების სახით, დადებული უძრავი ნივთის (აუქციონის ობიექტის) ნასყიდობის ხელშეკრულება.

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რეგისტრაცია წარმოებს უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე, ხოლო ამ კანონის მე-2 მუხლის ,,კ’’ პუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

 

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ განცხადება ან/და თანდართული დოკუმენტი ან ინფორმაცია არ არის წარდგენილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით. განსახილველ შემთხვევაში დაინტერესებულმა პირმა სარეგისტრაციო განცხადებას თან დაურთო დოკუმენტაციის ასლები, შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანოს მითითება, რომ რეგისტრაციისთვის წარსადგენი იყო დოკუმენტების დედნები ან მათი სათანადოდ დამოწმებული ასლები, კანონიერია.

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი; ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში დაინტერესებულ პირს არ წარუდგენია მოთხოვნილი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, თ------ის სარეგისტრაციო სამსახური უფლებამოსილი იყო მიეღო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №882016080250-07 (22.03.2016) გადაწყვეტილება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გამოკვლევით დასტურდება, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №882016080250-07 (22.03.2016) გადაწყვეტილება კანონიერი იყო და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის თანახმად, არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.

 

2.3.5 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო (ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილი პირი) ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ამოწმებს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით. ამდენად, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული წარმოების ფარგლებში, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ იმსჯელა თ------ის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 2016 წლის 22 მარტის N882016080250-07 გადაწყვეტილების კანონიერებასა და მიზანშეწონილობაზე.

 

საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით მოწესრიგებისას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე მის გამოცემას. ადმინისტრაციული წარმოების უმთავრესი პრინციპია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით განსაზღვრულ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევა, ხოლო მიზანი - კანონიერი და დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თამახად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო მმართველობის განხორციელება - ადმინისტრირება ხორციელდება ადმინისტრაციული აქტის გამოცემის, ქმედების განხორციელებისა და ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების ფორმით. ყველა ჩამოთვლილ შემთხვევაში საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელება ეფუძნება კანონს და მიზნად ისახავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველი მუხლით განსაზღვრულ მიზანს - ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, კანონის უზენაესობისა და საჯარო ინტერესების დაცვას. აღნიშნული დებულებების დაუცველობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმების საფუძველია.

 

ამდენად, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 2016 წლის 23 მაისის N1----- გადაწყვეტილების მიღებისას მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ შესრულებულია მისთვის, როგორც საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განმახორციელებელი მარეგისტრირებელი ორგანოსთვის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე და 53-ე მუხლებით დაკისრებული, სარეგისტრაციო წარმოების პროცესში საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების ვალდებულება; ხოლო 1.4. სასარჩელო მოთხოვნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თ------ის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ კი წარმოადგენს ძირითადი სასარჩელო მოთხოვნების თანმდევ შედეგს, რომლის დაკმაყოფილებაც შესაძლებელი იქნებოდა სარჩელის სრულად დაკმაყოფილების პირობებში.

 

რაც შეეხება 1.5. სასარჩელო მოთხოვნას, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილში იყო დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო შემდეგ გარემოებათა გამო: „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონის (რომელიც ამჟამად ძალადაკარგულია 22.06.2007 წლის N5049 კანონით) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ეს კანონი აწესრიგებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის (შემდგომში – სახელმწიფო მიწის) მართვისა და განკარგვის საკითხებს და განსაზღვრავს იმ სახელმწიფო ორგანოთა კომპეტენციას, რომლებიც სახელმწიფო მიწით განკარგვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებში წარმოადგენენ სახელმწიფოს.“

 

ზემოაღნიშნული კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო მიწა სარგებლობაში ან საკუთრებაში განიკარგება კონკურსის, აუქციონის ან პირდაპირი განკარგვის წესით.“ დადგენილია, რომ განსახილველ შემთხვევაში, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი განიკარგა აუქციონის მეშვეობით. ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „მიწის ნაკვეთის შემძენ საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებსა და სახელმწიფოს, როგორც მესაკუთრეს შორის, წარმოდგენილს საქართველოს რაიონის, ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, აღმასრულებელი ორგანოების სახით, ფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით.“ რაც მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში მოსარჩელის მხრიდან არ არის წარდგენილი. სარჩელის მოთხოვნის შინაარსიდან გამომდინარე სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ასევე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251 მუხლის შინაარსზე, რომლის თანხმადაც სახელშეკრულებო დავების გადაწყვეტა ხდება საერთო სასამართლოებისათვის მიმართვის გზით. ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კერძოსამართლებრივი ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული კერძოსამართლებრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავა მხარეთა შეთანხმებით შეიძლება განსახილველად გადაეცეს არბიტრაჟს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდქსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში 2006 წლის 01 დეკემბერს მოსარჩელეს გადაეცა თ------ის რაიონის გამგეობის 2006 წლის 31 ოქტომბრის დადგენილება N73, რომლითაც დამტკიცებული იქნა 2006 წლის 25 ოქტომბრის აუქციონის შედეგები და გაყიდულად გამოცხადდა აუქციონში გაყიდული ნაკვეთი, ხოლო მოსარჩელე აუქციონის გამარჯვებულად გამოცხადდა, ხოლო ამ უკანასკნელმა კი თ------ის რაიონის დ---------ში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდით 7----------- პრივატიზაციის შესახებ შესაბამისი ხელშეკრულების დადების დავალება მოპასუხე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ მოითხოვა სასამართლოში 2016 წელს შეტანილი სარჩელით და 2017 წლის 27 ივლისს მოსამზადებელ სხდომაზე დაზუსტებული მოთხოვნით, რაც დღეის მდგომარეობით ხანდაზმულია.

 

2.3.6. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ბ” პუნქტის თანახმად, დაინტერესებული პირი არის ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე რომლის კანონიერ ინტერესებზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობისთვის აუცილებელია, რომ მოსარჩელის კანონიერ უფლებებს და ინტერესებს ადგებოდეს პირდაპირი და უშუალო ზიანი. ინტერესის არსებობა გულისხმობს მხოლოდ მხარის რეალურ, ფაქტობრივ ინტერესს და გამორიცხავს მორალურ ან თეორიულ ინტერესს. ამდენად, სარჩელის არსი არის ის, რომ გასაჩივრებული აქტები ზიანს უნდა აყენებდეს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან უკანონოდ უნდა ზღუდავდეს მის უფლებას. შესაბამისად, სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს მხოლოდ იმ პირის ან პირების მიერ, რომელსაც ფაქტების მეშვეობით შეუძლია დაამტკიცოს, რომ მისი უფლებები და კანონიერი ინტერესები დარღვეული იქნა ამ აქტით.

 

სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც დაინტერესებულ მხარეს ანიჭებს რაიმე უფლებას ან სარგებელს. მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული სადავო აქტი წარმოადგენს აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირთა კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. სასამართლომ განმარტა, რომ აღმჭურველი აქტით დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებები ენიჭება. აღნიშნულიდან გამომდინარე საჭიროა მათი უფლებების დაცვის განსაკუთრებული გარანტიების შექმნა. ასეთი აქტის ბათილად ცნობისათვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, დაინტერესებულ პირს ჰქონდეს აღნიშნული აქტის მიმართ კანონიერი ნდობა, რაც მოცემულ შემთხვევაში, მხარეს უდავოდ აქვს. კანონიერი ნდობის გარდა, კანონი ასეთი აქტის ბათილად ცნობის შესაძლებლობას უშვებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული აქტი არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირთა კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. ამასთან, აუცილებელია ეს დარღვევა იყოს არსებითი ხასიათის, ანუ სხვა პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა შეუძლებელი უნდა იყოს მოცემული ადმინისტრაციული აქტის გაუქმების გარეშე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ სადავო აქტებით არსებითად ირღვევა და რეალური ზიანი ადგება მოსარჩელის კანონიერ ინტერესს, მით უფრო იმ ვითარებაში როდესაც განაცხადის რეგისტრაციის N8----------- 29/06/17წ. მისამართი თ------ი დ---------ი ს/კ 7----------- დანიშნულება არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე ფართობი 600,00 კვ.მ. დღეის მდგომარეობით რეგისტრირებულია სახელმწიფო საკუთრება უფლების დამდგენი დოკუმენტი მიმართვა N316, რაც სარჩელით დავის საგანს არ წარმოადგენს.

 

2.3.7. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

2.3.8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილისა მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებანი. კანონის აღნიშნული ნორმები ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრობითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, კერძოდ, როდესაც დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აღნიშნული აქტის გამომცემ ორგანოზე მოპასუხე სუბიექტზე. მიუხედავად ამისა მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება ადმინისტრაციულ აქტთან დაკავშირებული სარჩელის წარდგენისას არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისგან ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. აპელანტი არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მის მიერ არ იყო გადახდილი აუქციონზე შეძენილი უძრავი ნივთის თანხა. აპელანტი აღნიშნავს, რომ მის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სხვა დოკუმენტაციასთან ერთად წარდგენილი იყო საბანკო ქვითრები, რითიც დასტურდებოდა, რომ ნ------- გ---–--–---–ის მიერ გადახდილი იყო ბეს სახით 140 ლარი, ხოლო შემდეგ, ვინაიდან ევალებოდა სულ 1440 ლარის გადახდა, გადახდილი იქნა 1296 ლარი, რის შესახებაც აცნობა აუქციონის ჩამტარებელ ორგანოს. აღნიშნული გარემოება დადასტურებული იქნა სს ,,ლ--------------“-დან გამოთხოვილი გადახდის ქვითრით, რასაც მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ.

 

ამდენად, აპელანტის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი, რის გამოც მოითხოვს გაუქმდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო, ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. უნდა გაუქმდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

 

4.1.ფაქტობრივი დასაბუთება:

 

დადგენილია, რომ თ------ის რაიონის გამგეობის 2006 წლის 31 ოქტომბრის №73 დადგენილებით დამტკიცდა 2006 წლის 25 ოქტომბერს ჩატარებული აუქციონის შედეგები. თ------ის რაიონის გამგეობა აღნიშნავს, რომ რაიონში არსებულმა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის მუდმივმოქმედმა რაიონულმა კომიასიამ, 2006 წლის 25 ოქტომბერს ჩაატარა აუქციონი და საკუთრების უფლების ფორმით განკარგა თ------ის რაიონის დ. ს-----ს ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 600 კვ.მ. მიწის ფართობი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დამტკიცდა აუქციონის შედეგები და გაყიდულად იქნა ცნობილი დ. ს-----ს თემის საკრებულოს ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. დადგენილების შესაბამისად ჩატარებული აუქციონის გამარჯვებულად ჩაითვალა ქ. თ--–--–- მცხოვრები ნ------- გ---–--–---–ი, ხოლო აუქციონის N16 ოქმის თანახმად, ქონების გასაყიდი ფასი იყო 1440 ლარი.

 

ნ------- გ---–--–---–მა 2016 წლის 15 თებერვალს №882016080250 სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თ------ის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ უძრავ ნივთზე (მისამართი: თ------ი, დ---------ი). დაინტერესებული პირის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგნილი იქნა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო მიწის მართვისა და განკარგვის რაიონული კომისიის შერჩევის აქტი (ასლი), რომლის თანახმად, კომისიამ ადგილზე მისვლით ნახა და შეარჩია დ---------ის ტერიტორიაზე მდებარე დ. ს-----ს ყოფილი პურის საცხობის მიმდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო მიწის მართვისა და განკარგვის რაიონული კომისიის შერჩევის აქტის ასლთან ერთად მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი იქნა შერჩეული მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზი, რომლის მიხედვითაც ნაკვეთს დასავლეთიდან ესაზღვრება გზა, ჩრდილოეთიდან - ნ. შ---–-----ს ნაკვეთი, აღმოსავლეთიდან - საკონსერვო ქარხანა, ხოლო სამხრეთიდან - ყოფილი პურსაცხობი.

 

საქმის მასალებიდან ირკვევა და მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ უძრავი ნივთი აუქციონზე გაიყიდა 1440 ლარად, საიდანაც ნ------- გ---–--–---–ის მიერ აუქციონის გამართვამდე ბეს სახით გადახდილი იყო 140 ლარი, ხოლო შემდეგ - 1296 ლარი, რის შესახებაც აცნობა აუქციონის ჩამტარებელ ორგანოს.

 

4.2. სამართლებრივი დასაბუთება:

 

4.2.1. სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული სარჩელის ერთ-ერთ დავის საგანს წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილების გაუქმება, რომლითაც ნ------- გ---–--–---–ის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია არ განხორციელდა იმ საფუძვლით, რომ რეგისტრაციისთვის წარსადგენი იყო დოკუმენტების დედნები ან მათი სათანადოდ დამოწმებული ასლები, ასევე არ დასტურდებოდა დაინტერესებული პირის მიერ თ------ის რაიონის მიწის მართვის სამმართველოსა და აუქციონის სპეციალურ ანგარიშზე განსაზღვრული თანხის შეტანის ფაქტი და ის გარემოება, რომ ნ------- გ---–--–---–სა და სახელმწიფოს, როგორც მესაკუთრეს შორის, წარმოდგენილს რაიონის აღმასრულებელი ორგანოების სახით, დაიდო ნივთის (აუქციონის ობიექტის) ნასყიდობის ხელშეკრულება. ამდენად, განსახილველი დავის საგანს წარმოადგენს მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია და სასამართლომ უნდა იმსჯელოს რამდენად არსებობდა მოსარჩელე ნ------- გ---–--–---–ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლები მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად.

 

4.2.2. პალატა მიუთითებს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ა“ პუნქტზე, რომლის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწა არის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე) ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ასევე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა.

 

ხსენებული კანონის 41 მუხლის საფუძველზე, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელიც აღნიშნულ უფლებამოსილებას ახორციელებს კანონით დადგენილი წესით. მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება ხორციელდება უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში მართლზომიერი მფლობელის (მოსარგებლის) საკუთრების უფლების რეგისტრაციით. ამავე კანონის მე-5 მუხლის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია დაინტერესებული პირის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა სააგენტოში. მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი; გ) საკუთრების უფლების აღიარების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტები; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტაცია.

 

პალატა მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესზე“, რომლის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულია, რომ მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი შეიძლება იყოს 1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება თანდართული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად, სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია, თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ამ წესის მიზნებისათვის ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული მიწის გადასახადის გადამხდელთა სია (საგადასახადო სია), „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი, მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან სხვა დოკუმენტი; „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე კოოპერაციული სასოფლო-სამეურნეო საწარმოს მშრომელთა საერთო კრებისა და კოოპერაციული სასოფლო-სამეურნეო საწარმოს სხდომის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც დადასტურებულია ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილი ორგანოს მიერ.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ნ------- გ---–--–---–ის მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია შეჩერდა იმ საფუძვლით, რომ არსებობდა ზედდება რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის, კერძოდ, მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში, რის გამოც წარსადგენი იყო კორექტირებული აზომვითი ნახაზი. ამასთან, წარსადგენი იყო სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაციის დედნები. ირკვევა, რომ ნ------- გ---–--–---–ის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი იქნა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი, თუმცა წარდგენილი არ ყოფილა დოკუმენტაციის დედნები, რის გამოც სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა.

 

ასევე დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ საჩივრის დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ არ დასტურდებოდა ნ------- გ---–--–---–ის მიერ თ------ის მიწის მართვის სამმართველოსა და აუქციონის სპეციალურ ანგარიშზე განსაზღვრული თანხის შეტანის ფაქტი და ის გარემოება, რომ ნ------- გ---–--–---–სა და სახელმწიფოს, როგორც მესაკუთრეს შორის, დაიდო ნივთის (აუქციონის ობიექტის) ნასყიდობის ხელშეკრულება.

 

პალატა აღნიშნავს, რომ მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ არის სათანადოდ გამოკვლეული ნ------- გ---–--–---–ის მიერ აუქციონზე შეძენილი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა თუ არა ისეთ მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთს, რაც განსაზღვრულია „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ა’’ პუნქტით, რისთვისაც აუცილებელი იყო იმ ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოების ანალიზი, რამდენად გააჩნდა მოსარჩელე ნ------- გ---–--–---–ს მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

 

პალატა აღნიშნავს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გამოსცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომ ობიექტურად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები და საკითხის გადაწყვეტისას დაეყრდნო მხოლოდ ვარაუდს იმის შესახებ, რომ არ დასტურდება ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობა სახელმწიფოს, როგორც მესაკუთრესა და ნ------- გ---–--–---–ს შორის, ისე რომ არ შეუსწავლია აღნიშნულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით წარდგენილი სხვა დოკუმენტაცია, კერძოდ, თ------ის რაიონის გამგეობის 2006 წლის 31 ოქტომბრის №73 დადგენილების ასლი, №7 აუქციონის №16 ოქმის (25.10.2006 წ.) ასლი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო მიწის მართვისა და განკარგვის რაიონული კომისიის შერჩევის აქტისა და მიწის ნაკვეთის ნახაზის ასლები, ასევე თ------ის რაიონის გამგეობის 2006 წლის 29 აგვისტოს №52 დადგენილების ასლი, რომელიც ადასტურებდა მოსარჩელის მიერ აუქციონზე სარეალიზაციოდ გატანილი ქონების შეძენას. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ასევე არ იქნა გამოკვლეული ის გარემოება, რომ უძრავი ნივთი აუქციონზე გაიყიდა 1440 ლარად, საიდანაც ნ------- გ---–--–---–ის მიერ ბეს სახით აუქციონის დაწყებამდე გადახდილი იქნა 140 ლარი, ხოლო შემდეგ - 1296 ლარი.

 

პალატა ვერ გაიზიარებს სარეგისტრაციო სამსახურისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მოსაზრებას მასზედ, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს მითითება ნ------- გ---–--–---–ის მიერ წარდგენილი დოკუმენტების დედნების ან მათი სათანადოდ დამოწმებული ასლების წარდგენის თაობაზე, კანონიერი იყო და აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვის დროს თ------ის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 17 მაისის №90/5 წერილით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გაეგზავნა მუნიციპალიტეტში დაცული დოკუმენტაცია, კერძოდ, თ------ის რაიონის გამგეობის 2006 წლის 31 ოქტომბრის №73 დადგენილება, №7 აუქციონის №16 ოქმი (25.10.2006წ.), სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო მიწის მართვისა და განკარგვის რაიონული კომისიის შერჩევის აქტი და მიწის ნაკვეთის ნახაზი, ასევე თ------ის რაიონის გამგეობის 2006 წლის 29 აგვისტოს №52 დადგენილება. გარდა აღნიშნულისა, წერილს თან ერთვოდა საკადასტრო რუკა და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის თანახმად, დ---------ში მდებარე 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი 7-----------) წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრებას, მესაკუთრის გრაფაში კი მითითებული იყო თ------ის რაიონის გამგეობა. ამასთან, სააგენტოს გაეგზავნა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო მიწის მართვისა და განკარგვის რაიონული კომისიის 2006 წლის 27 აგვისტოს სხდომის ოქმი, რომლის დღის წესრიგი იყო არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობის აუქციონის წესით განკარგვა, აუქციონის მონაწილის (ნ------- გ---–--–---–ის) ბილეთი, სალაროს შემოსავლის ორდერი (140 ლარის გადახდის დამადასტურებელი), ნ------- გ---–--–---–ის პირადი განცხადება აუქციონში მონაწილეობის მოთხოვნის თაობაზე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო მიწის მართვისა და განკარგვის მუდმივმოქმედი კომისიის მიერ ჩატარებული აუქციონის შემაჯამებელი სხდომის №16 (25.10.2006) ოქმი. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ხსენებული დოკუმენტაცია გაგზავნილი იქნა თ------ის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბეჭდით სათანადოდ დამოწმებული სახით. ამდენად, ხსენებული საფუძვლით ნ------- გ---–--–---–ის საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმა მოკლებული იყო როგორც ფაქტობრივ, ისე სამართლებრივ საფუძველს.

 

პალატა მიიჩნევს, რომ სადავო აქტები არასაკმარისად შეიცავს ფაქტობრივ და სამართლებრივ მოტივაციას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აღნიშნულ საკითხებზე მსჯელობის თაობაზე. იგი არ შეიცავს საკითხის ამგვარად გადაწყვეტის დასაბუთებას, რასაც იმპერატიულად ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უფლებამოსილება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციული აქტი, განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს იგი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცა ადმინისტრაციული აქტი, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს გამოსცეს ახალი აქტი.

 

აღნიშნული პროცესუალური შესაძლებლობა ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განხორციელებულ მმართველობის კანონიერებაზე სასამართლო კონტროლის სრულფასოვან რეალიზაციას და მართლმსაჯულების ეფექტიან განხორციელებას. იმ პირობებში, როცა ადმინისტრაციულ ორგანოს თითქმის არ მოუხდენია ფაქტობრივი გარემოებების დადგენა - შეფასება, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში რიგ შემთხვევებში შეუძლებელი ხდება მათი გამოკვლევა.

 

პალატა აღნიშნავს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოება ჩატარებულ იქნა არასრულყოფილად, საკითხის გადაწყვეტისთვის საჭირო მოქმედებების განხორციელების გარეშე, არ შეფასებულა ის გარემოებები, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისთვის. ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა გამოეკვლია რიგი მტკიცებულებები, რომელთა შეფასება გარკვეულ სიცხადეს შეიტანდა სადავო საკითხის გადაწყვეტაში, უნდა დაედგინა სადავო მიწის ნაკვეთზე ხომ არ არსებობდა სხვა დოკუმენტაცია ნასყიდობის ხელშეკრულების გარდა, რომელიც ქმნიდა საკმარის საფუძველს მიეღო გადაწყვეტილება საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე, როგორც მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) დაკავებულ მიწის ნაკვეთზე, მით უფრო იმ პირობებში, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე, როგორც ადმინისტრაციული ორგანო მიუთითებს რეგისტრირებულია სახელმწიფოს საკუთრების უფლება. აღნიშნულის საპირისპიროდ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება მხოლოდ ვარაუდის საფუძველზე იქნა მიღებული, რაც წინააღმდეგობაში მოდის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გადაწყვეტილების მიღების ვალდებულებასთან. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად ბათილად ცნობისა და სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი.

 

რაც შეეხება ნ------- გ---–--–---–ის დანარჩენ სასარჩელო მოთხოვნებს, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და აღნიშნავს, რომ აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების ამ ნაწილში სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ------- გ---–--–---–ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება და ნ------- გ---–--–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თ------ის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 22 მარტის N882016080250-07 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 23 მაისის N1----- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. ნ------- გ---–--–---–ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. სასამართლო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 10.2 მუხლის შესაბამისად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა 100 ლარი, ხოლო სააპელაციო საჩივარზე - 150 ლარი. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მოსარჩელე ნ------- გ---–--–---–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარისა და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (150 ლარის) ანაზღაურების ვალდებულება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 389-ე, 397-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნ------- გ---–--–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. გაუქმდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

 

3. ნ------- გ---–--–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თ------ის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 22 მარტის N882016080250-07 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 23 მაისის N1----- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

5. ნ------- გ---–--–---–ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

 

6. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მოსარჩელე ნ------- გ---–--–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარისა და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (150 ლარის) ანაზღაურების ვალდებულება.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, (მდებარე - ქ. თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ.N32) დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან ოცდაერთი დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა).

 

მოსამართლე ლევან მურუსიძე

 

მოსამართლეები ნინო ქადაგიძე

 

ნინო ყანჩაველი