განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.07.2019
საქმის ნომერი
180210117002138966
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
19.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 180210117002138966

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

19 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი

საქმე №2ბ/2540-19

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ვანო წიკლაური

 

სხდომის მდივანი - ელენე ომანიძე

 

აპელანტი - ს- „პ--------------“

წარმომადგენელი - ე---------- ს------

 

მოწინააღმდეგე მხარე - ზ------ პ----–---–-

წარმომადგენელი - ხ----- ქ-------–---–-

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით ს- „პ--------------“-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. ს- „პ--------------“-ს და ს----------–---------–-----------------ს შორის 2015 წლის 18 დეკემბერს გაფორმდა დაზღვევის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოხდა დამზღვევის საკუთრებაში არსებული ავტომანქანების დაზღვევა. მათ შორის ავტომობილის ,,T-----------", სახ. ნომრით B- 5-- V- დაზღვევა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება

- 2015 წლის 18 დეკემბრის სადაზღვევო ხელშეკრულება

- სატენდერო დომუნეტაცია

 

2.2. 2017 წლის 17 იანვარს მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. დამზღვევის კუთვნილ ,,T----- C----" მარკის/მოდელის ავტომობილს, სახ.ნომრით - B- 5-- V- შეეჯახა ზ------ი პ----–---–-ს კუთვნილი ,,H---- C--’’ მარკი/მოდელის ავტომობილი, სახ. ნომრით - Y-- 1--, რომელსაც ხსენებულ დღეს მართავდა ეს უკანასკნელი. ბრალეული მძღოლი, კერძოდ მოპასუხე ზ------ პ----–---–- საქართველოს ასკ-ის 125-0-0 მუხლით გათვალისწინებული გააცდომის ჩადენისთვის დაჯარიმდა 250 ლარით;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- მხარეთა ახსნა-განმარტება

- საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დათვალიერების ოქმი და მისი დანართი

- 2017 წლის 17 იანვარს ელექტრონული საჯარიმო ქვითარი N ე-------

 

2.3. ზემოხსენებული ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომობილის ,,T----- C----"-ს აღდგენის ხარჯმა შეადგინა 8439 ლარი. მოსარჩელემ 2017 წლის 20 იანვარს მიიღო დადებითი გადაწყვეტილება (N2-------) ავტომობილის აღდგენისთვის საჭირო ხარჯის ანაზღაურების შესახებ და ხსენებული თანხა 2017 წლის 23 იანვარს დამზღვევის სასარგებლოდ სრულად აუნაზღაურა შ-- ,,ტ---------–----------------ს".

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება

- პ--------------ს 20.01.2017 გადაწყვეტილება N2-------

- შ-- „ტ---------–----------------“-ს მიერ წარდგენილი ხარჯთაღრიცხვა

- ხარჯის გაწევის დამადასტურებელი ქვითარი(საგადასახადო დავალება N2----)

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.4. მოპასუხემ სადავო გახადა მისი ბრალის არსებობა ავტოსაგზაო შემთხვევაში. მისი განმარტებით, ბ------ ბ--------- (პირი რომელიც მართავდა T------ს მარკის ავტომობილს) სთხოვდა ეღიარებინა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მისი ბრალით. ბ------ ბ---------მ გადასცა 400 ლარი, რომლითაც ზ------ი პ----–---–ს უნდა გადაეხადა ჯარიმა 250 ლარის ოდენობით და შეეკეთებინა ავტომანქანა. ასევე, მოსარჩელე უთითებს ზიანის ოდენობაზე - 8439.00 ლარზე, რომელიც აუცილებელი გახდა დამზღვევის საკუთრებაში არსებული ავტომანქანის შესაკეთებლად. მოპასუხე არ ეთანხმება აღნიშნულ გარემოებას. მან სადავო გახადა ხარჯების გონივრულობა. მოპასუხის მითითებით, გაურკვეველია, დაზიანებული ნაწილები აღდგენილია თუ შეცვლილია ორიგინალი და ძვირადღირებული ნაწილებით ან რატომ გახდა საჭირო ისეთი ნაწილების შეცვლა, რისი დაზიანებაც არ მომხდარა ამ შეჯახების შედეგად. მოპასუხემ შესაგებელში, ასევე, მიუთითა დოკუმენტების სიყალბის შესახებ.

 

2.5. მოპასუხე სადავოდ მიიჩნევს მოსარჩელის მიერ დამზღვევის სასარგებლოდ შ--

„ტ---------–----------------“-სთვის დაზიანებული ავტომობილის აღდგენის ხარჯის 8439 ლარის ანაზღაურების ფაქტს. ვინაიდან მას მიაჩნია, რომ მზღვეველსა და დამზღვევს შორის 2015 წლის 18 დეკემბერს დადებული ხელშეკრულების თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარებოდა მხოლოდ 2016 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მომხდარი სადაზღვევო შემთხვევა და არა 2017 წლის 7 იანვარს მომხდარი შემთხვევა, რამეთუ ეს გარემოება ცალსახად არის მითითებული ამ ხელშეკრულების 2.1 ქვეპუნქტში.

 

მოსარჩლეს აღნიშნული პოზიციის გამაბათილებელი არც პოზიცია გამოუთქვამს და არც რაიმე მტკიცებულება წარუდგენია სასამართლოში. მოსარჩელემ განმარტა, რომ მისთვის უცნობია „პ--------------“-ს და ს----------–---------–-----------------ს შორის გაგრძლედა თუ არა 2015 წელს დადებული ხელშეკრულება ან 2016 წელს გაფორმდა თუ არა ახალი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება ავტომობილების დაზღევის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

მითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.

 

სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართლში მოქმედებს პრინციპი ”affirmanti, non negati, incumbit probatio”- “მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს”. ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს, ვინ რა უნდა ამტკიცოს.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება სრულებით შეესაბამება შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპს და სამართლიანი განაწილებაა.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ფაქტობრივი გარემოების სადავოობისას სასამართლო ხელმძღვანელობს შეჯიბრებითობის, დისპოზიციურობისა და თანასწორობის პრინციპით, რაც გულისხმობს მას, რომ საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს იმგვარად, რომ ფაქტის მტკიცება ობიექტურად შესაძლებელი იყოს. მხარეს, რომელსაც დაეკისრება რომელიმე ფაქტის დამტკიცება, მისთვის ასეთი გარემოების დამტკიცება ობიექტურად შესაძლებელი უნდა იყოს. მხარეებს არ უნდა დაეკისროთ იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მისთვის ობიექტურად შეუძლებელია.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასების შედეგი აისახება სასამართლოს დასაბუთებულ გადაწყვეტილებაში, რომელიც უნდა შეიცავდეს მსჯელობას იმის შესახებ, თუ რატომ იზიარებს ან რატომ უარყოფს სასამართლო ამა თუ იმ მტკიცებულებას. ამასთან, მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევა ნიშნავს არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ მტკიცებულებაზე დაყრდნობას, არამედ მათ ერთობლიობაში შესწავლა-ანალიზს, რომელთა ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო გამოიტანს დასკვნას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობა-არარსებობის შესახებ.

 

სასამართლოს შეფასებით მოსარჩელემ მის მიერ საამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით სარწმუნოდ და დამაჯერებლად ვერ დაასაბუთა მისი სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა, რაც მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ წინაპირობას წამოადგენს.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.6. სასამართლომ განმარტა, რომ იმ საკითხის გადაწყვეტა, არის თუ არა სარჩელი საფუძვლიანი, დამოკიდებულია რამდენიმე პირობის არსებობაზე, კერძოდ: უნდა მოიძებნოს სამართლის ნორმა, რომელიც მიესადაგება განსახილველ შემთხვევას; მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის დადგენის შემდეგ უნდა მოხდეს იმის შემოწმება, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები პასუხობს თუ არა გამოსაყენებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებს (შემადგენლობას). თუკი არ არსებობს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი ან სარჩელში მითითებული ფაქტები იურიდიულად არ ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი თავშივე უსაფუძვლოა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც, ხოლო ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხოლო, ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ამავე კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად ხელშეკრულება წარმოადგენს ორი ურთიერთმფარავი ნების გამოვლენას, რომელიც მიმართულია სამართლებრივი შედეგის დადგომისაკენ. ნების გამოვლენის ნამდვილობისათვის აუცილებელია ფორმალური და მატერიალური პირობების არსებობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799.1-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

 

დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივად მავალდებულებელი (სინალაგმატური), კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შენატანი, ხოლო მზღვეველი მოვალეა აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი. დაზღვევის ხელშეკრულების საგანია მზღვველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა, ხოლო ის, თუ რა შეიძლება იყოს დაზღვევის ობიექტი, მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 820-858-ე მუხლებში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს.

 

სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის შინაარსი, რომელიც ეხება სუბროგაციის პრინციპს. ასეთ დროს დელიქტურ ვალდებულებაში ხდება კრედიტორის შეცვლა, ხოლო თვით ვალდებულების არსი უცვლელი რჩება. ამასთან, დელიქტურ ვალდებულებაში დამზღვევის მზღვეველით შეცვლის აუცილებელი წინაპირობაა ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლის არსებობა და მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო თანხის გაცემა.

 

ამავე კოდექსის 992-ე მუხლი ადგენს, რომ პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ.ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v Netherlands par.61; Garcia Ruiz v Spain (GC) par.26; Jahnke and Lenoble v France (dec); Perez v France (GC), par. 81; Hirvisaari v Finland,§32). შესაბამისად, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებზე.

 

სასამართლოს შეფასებით დავის გადაწყვეტისათვის არსებითად მნიშვნელოვან და საკვანძო საკითხს წამოადგენს დადგინდეს ფაქტობრივი გარემოებანი, რაც უკავშირდება ს- „პ--------------“-ს და ს----------–---------–-----------------ს შორის 2015 წლის 18 დეკემბერს დადებული სადავოდ გამხდარი ხელშეკრულების შინაარსს ავტოსატრანსპორტო საშუალების სადაზღვევო მომსახურების მოქმედების ფარგლების თაობაზე.

 

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სამოქალაქო კოდექსის 806-ე მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს დაზღვევის დაწყების და დამთავრების დროს. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაზღვევა იწყება ხელშეკრულების დადების დღის ოცდაოთხ საათზე და მთავრდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ბოლო დღის ოცდაოთხ საათზე. ამასთან, ხელშეკრულებიც ცალკეული პუნქტები/ქვეპუნქტები შეიძლება აგრეთვე შეიცავდეს მითითებას სხვა დმატებითი ვადების შესახებაც, რაზეც ანალოგიური წესი ვრცელდება, თუ ხელშეკრულებითვე სხვა წესი არ არის დადგენილი.

 

საქმეში წარმოდგენილი, 2015 წლის 18 დეკემბერს დადებული ავტოტრანსპორტის დაზღვევის (6-------) გამარტივებული ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N1------ ხელშეკრულების მე-2 პუნქტი განსაზღვრავს თუ რას წარმოადგენს ხელშეკრულების საგანი. ამ პუნქტის პირველი ქვეპუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საგანია: მითითებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და ხელშეკრულების დანართების შესაბამისად, შემსყიდველის კუთვნილი 100 (ასი) ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალების სადაზღვევო მომსახურება 2016 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

 

სასამართლომ განმარტა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლით, ნების განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვა-სიტყვითი აზრიდან. მოცემულ მუხლში საუბარია ნების გამოვლენის განმარტებაზე, ივარაუდება, რომ უნდა დადგინდეს მისი შინაარსი, ე.ი. იმ ნების შინაარსი, რომელიც უკვე გარეთაა გამოხატული. გამოვლენილი ნების განმარტება კი გონივრული განსჯით და გამონათქვამის სიტყვა-სიტყვითი აზრიდან დგინდება.

 

ამავე კოდექსის 338-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულებაში ურთიერგამომრიცხველი ან მრავალმნიშვნელოვანი გამონათქვამების დროს უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ გამონათქვამს, რომელიც ყველაზე მეტად შეესატყვისება ხელშეკრულების შინაარსს. ხელშეკრულების განმარტების საკითხი დგება იმ შემთხვევაში, როცა არსებობს ხელშეკრულება, რომლის გამონათქვამები ბუნდოვანი, ორაზროვანი ან ურთიერთგამომრიცხავია. აგრეთვე, როცა მისი შინაარსი შესწორებასა და შევსებას მოითხოვს. ხელშეკრულებათა პირობები იმგვარად უნდა იქნეს განმარტებული, რომ ყველა მათგანს მიეცეს მნიშვნელობა და არა რომელიმე მათგანს წაერთვას ძალა.

 

ხელშეკრულების განმარტების საფუძვლებთან დაკავშირებით საინტერესოა ევროპული სახელშეკრულებო სამართლის ძირითადი პრინციპების (დებულებების) 5:101-5:107 მუხლების დანაწესები, კერძოდ, ხელშეკრულება უნდა განიმარტოს მხარეთა საერთო ნების შესაბამისად იმ შემთხვევაშიც კი, თუ იგი განსხვავდება სიტყვასიტყვითი მნიშვნელობისაგან. მხარეთა საერთო ნების დადგენის შეუძლებლობის შემთხვევაში, განმარტების კრიტერიუმად მიიჩნევა ხელშეკრულების მხარეთა მსგავსი გონივრული აზროვნების მქონე პირთა შეფასება მოცემულ გარემოებებში. ხელშეკრულების ცალკეული გამონათქვამი (პირობა) უნდა განიმარტოს იმ მთლიანი ხელშეკრულების ჭრილში, რომელშიც ისინი არის მოცემული (სუსგ 23.02.2015 საქმე №ას-1144-1090-2014).

 

სასამართლო სრულად იზიარებს მოპასუხე მხარის მოტივაციას სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობის შესახებ და განმარტავს შემდეგს:

 

მოსარჩელესა და ს----------–---------–-----------------ს შორის 2015 წლის 18 დეკემბერს დადებული ავტოტრანსპორტის დაზღვევის შესახებ ხელშეკრულების 2.1 ქვეპუნქტი კონკრეტულად/არაორაზროვნად განსაზღვრავს ავტოტრანსპორტის დაზღვევის მომსახურების ვადას, რაც მოიცავს 2016 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს. შესაბამისად, ანაზღაურებას დაექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რაც გამოწვეული იქნება ზემოხსენებულ ვადაში მომხდარი სადაზღვევო შემთხვევის შედეგად.

 

უდავოა, რომ სადაზღვევო შემთხვევას ადგილი ჰქონდა ზემოხსენებული ხელშეკრულებით დადგენილი ვადის ამოწურვის შემდგომ - 2017 წლის 17 იანვარს. შესაბამისად, ამ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დამზღვევისათვის მიყენებული ზიანი როგორც წესი არ უნდა დაექვემდებაროს მზღვეველის მხრიდან ამ უკანასკნელის სასარგებლოდ ანაზღაურებას, რაც თავის მხრივ უსაფუძვლოს ხდის მის უფლებას დამზღვევის სასარგებლოდ გაწეული ხარჯის ანაზღაურება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლზე მითითებით მოითხოვოს ზიანის გამომწვევი სუბიექტისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ხოლო, ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ არ დასტურდება ისეთი ვალდებულების არსებობის ფაქტი, რომლის ძალითაც მოსარჩელე უფლებამოსილია მოპასუხისგან მოითხოვოს რაიმე თანხის ანაზღაურება, რამეთუ მოსარჩელემ სასამართლოს ვერ წარუდგინა მყარი და დამაჯერებელი არგუმენტი თუ რა გახდა საფუძველი იმისა, რომ მოსარჩელემ(მზღვეველმა) დამზღვევის სასარგებლოდ შ-- ,,ტ---------–----------------ს" აუნაზღაურა დამზღვევის კუთვნილი, დაზიანებული ავტომობილის აღდგენისათვის საჭირო თანხა 8439 ლარის ოდენობით, იმ პირობებში, როდესაც სადავო ხელშეკრულების 2.1 ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალების სადაზღვევო მომსახურების ვადა იყო ამოწურული სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტისათვის.

 

სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე. ეს უკანასკნელი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლში, რომლის თანახმადაც, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1-ე მუხლის შესაბამისად მოსარჩელეს ეკისრებოდა მტკიცების ტვირთი, რომლის დაძლევაც მან ვერ მოახერხა, რამეთუ მას სასამართლოში არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა დამზღვევთან სადაზღვევო მომსახურების ვადის გაგრძელების ან მსგავსი შინაარსის ახალი ხელშეკრულების დადების ფაქტს.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის განმარტებით ზ------ პ----–---–-ს მიერ დაზიანებული ავტომანქანა წარმოადგენდა ს- ,,---------------ს’’ მიერ დაზღვეულ ავტომანქანას, შესაბამისად, გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოება, რომ სადავო პერიოდში ავტომობილი დაზღვეული არ ყოფილა არ შესაბამება სინამდვილეს. აპელანტის მითითებით საქმეში წარმოდგენილი იყო ძირითადი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მხარეებს შორის გაფორმდა დამატებითი ხელშეკრულება, ამასთან რადგან მოპასუხე მხარის მხრიდან სასამართლოს მთავარ სხდომამდე სადავო არ გამხდარა დაზღვევის ხელშეკრულების ვადის მოქმედების საკითხი, დამატებითი ხელშეკრულების წარმოდგენის აუცილებლობაც არ ყოფილა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.

 

იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

4. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

4.1.1. სააპელაციო პალატა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ამოწმებს რა გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, დადგენილად მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.

 

უპირველეს ყოვლისა სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზე, რომ ს- ,,---------------’’ ზ------ პ----–---–ს დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ედავება.

 

საგულისხმოა აღინიშნოს, რომ ზ------ პ----–---–-ს წინააღმდეგ წარდგენილ სარჩელში ზიანის ანაზღაურების მოთხოვნასთან მიმართებით შ-- ,,---------------’’ მასსა და ს----------–---------–-----------------ს შორის დაზღვევის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებაზე და ამ ხელშეკრულების საფუძველზე დაზღვეული ავტომობილის მოპასუხე ზ------ პ----–---–-ს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით დაზიანებაზე უთითებდა, რომლის საფუძველზეც მას მიყენებული ზიანის და დამზღვევის სასარგებლოდ გაცემული სადაზღვევო თანხის გათვალისწინებით მოპასუხის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება წარმოეშვა. მხედველობაშია მისაღები, რომ მოსარჩელემ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურების მიზნით დაზღვევის ხელშეკრულება, საპატრულო პოლიციის სახელზე შედგენილი ახსნა-განმარტებები, ზ------ პ----–---–-ს სახელზე გამოწერილი საჯარიმო ქვითარი, ზარალის ანაზღაურებაზე შეთანხმების აქტი და ტ---------–----------------ს მიერ გაცემული ინვოისი წარადგინა.

 

სააპელაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოსარჩელის აღნიშნული მტკიცების გასაბათილებლად მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი შესაგებელში ორ გარემოებაზე გაამახვილა ყურადღება და იმაზე მიუთითა, რომ სადავო ავტოსაგზაო შემთხვევასთან მიმართებით არ არსებობდა 1. მისი ბრალეული მოქმედება, ამასთან, 2. გადაჭარბებული იყო ზიანის ოდენობის შეფასება.

 

სააპელაციო სასამართლო შენიშნავს, რომ სარჩელზე შედავება ნიშნავს მოსარჩელის ახსნა-განმარტების (მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების) უარყოფას. ამასთან, საუბარია ისეთ განმარტებებსა და გარემოებებზე, რომლებიც სასამართლოს აზრით მნიშვნელოვანია სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებულობისათვის და საბოლოო გადაწყვეტილებისთვის. მაგ: მოპასუხის შედავებაში უარყოფილია მოსარჩელის მიერ მითითებული ისეთი ფაქტები, როგორიცაა თარიღი, ადგილი, მოვლენათა განვითარება სრულად ან მისი დეტალები. ამასთან, მოპასუხის შედავება შეიძლება იყოს დასაშვები ან დაუშვებელი. დაუშვებელია შედავება, როდესაც იგი აბსტრაქტული ან ზოგადია (დაუზუსტებელი), ანუ, როდესაც მასში არაფერია ნათქვამი ცალკეულ ფაქტებსა და მოვლენებზე. ასეთ შემთხვევებში სასამართლო დაუშვებლად მიიჩნევს მოპასუხის მიერ განხორციელებულ შედავებას. ზოგადი და აბსტრაქტული შედავების დაუშვებლობა გამომდინარეობს შემდეგი მოსაზრებებიდან: თუ დაშვებული იქნებოდა ასეთი ზოგადი და აბსტრაქტული ხასიათის შედავება, მოსარჩელეს არ ექნებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე და შესაბამისად, რისი მტკიცება მოუწევს მას მისივე მითითებული გარემოებებიდან (მაგალითად, შეთანხმების დადების ფაქტის, შეთანხმების თარიღის, ნასყიდობის საგნის და ა.შ.). აღნიშნული კი მას, საპროცესო კანონმდებლობიდან გამომდინარე, არასათანადოდ ჩააყენებდა არახელსაყრელ მდგომარეობაში, ვინაიდან ამით ხელი შეეშლებოდა მის მიერ სსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების, კერძოდ, მტკიცების ტვირთის (რომელიც პროცესში მომეტებულად მოსარჩელეს აკისრია) განხორციელებას. იმის დადგენა და გამოვლენა, თუ რომელი გარემოებაა სადავო, ანუ რომელი ფაქტის დამტკიცება უწევს მოსარჩელეს, შესაძლებელი ხდება მხოლოდ მოპასუხის მიერ თავისი პასუხის (შედავების) სათანადოდ დაზუსტების/დაკონკრეტების შემდეგ (მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GGIZ), 2013. გვ. 16-17).

 

საინტერესოა ის ფაქტი, რომ საქმის განხილვის მიზნით პირველი ინსტანციის სასამართლოში სამი მოსამზადებელი სხდომა ჩატარდა, სადაც სარჩელის წინააღმდეგ მოპასუხე მხარის წარმომადგენელი ისევე როგორც 14.11.2017 წელს წარდგენილ შესაგებელში ორ არგუმენტზე, კერძოდ, მოპასუხე მხარის ბრალის არ არსებობაზე და ზიანის ოდენობის გადაჭარბებულ შეფასებაზე უთითებდა. პალატა ხაზგამისთ შენიშნავს, რომ მოპასუხე მხარემ სარჩელის წინააღმდეგ საფუძველი სასამართლოს მთავარ სხდომაზე შეცვალა და სარჩელის წინააღმდეგ ახალ გარემოებაზე, კერძოდ იმ ფაქტზე მიუთითა, რომ სადავო შემთხვევის დადგომის დროს უკვე გასული იყო სადაზღვევო ხელშეკრულების ვადა. (იხ. 30.01.2019 წლის სხდომის ოქმი 11:34:37;11:45:23; 11:46:27; 11:47:33; 11:48:06) მნიშვნელოვანია ხაზის გაესვას იმ ფაქტსაც, რომ სწორედ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხის მიერ მითითებული ახალი გარემოება დაედო საფუძვლად სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. სააპელაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მიუხედავად სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხის მხრიდან ახალი გარემოების მიღებისა, რომლის ფარგლებშიც როგორც აღინიშნა მოპასუხე მხარემ სარჩელის წინააღმდეგ მანამდე დასახელებული საფუძველი შეცვალა და სადავო გახადა დაზღვევის ხელშეკრულების ვადა, მოსარჩელის შუამდგომლობა სასამართლოს მთავარ სხდომაზე დასახელებული გარემოების გაბათილების მიზნით მტკიცებულების წარსადგენად ვადის მიცემის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელესთან (აპელანტთან) მიმართებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 4.1 მუხლით დადგენილი შეჯიბრებითობის პრინციპი დაირღვა, კერძოდ, სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხის მიერ სარჩელის წინააღმდეგ დასახელებული ახალი საფუძვლის მიღების შემდეგ ამ გარემოების საწინააღმდეგოდ ახალი მტკიცებულების წარდგენის მიზნით ვადის მიცემაზე უარის თქმით მოსარჩელეს შეეზღუდა სამართლებრივი საშუალება გაექარწყლებინა მოპასუხის მიერ სასამართლოს მთავარ სხდომაზე დასახელებული ახალი გარემოება, რომლის ფარგლებშიც როგორც აღინიშნა ამ უკანასკნელმა სარჩელის წინააღმდეგ ისეთ გარემოებაზე მიუთითა, რაც მანამდე საქმის განხილვის არც ერთ ეტაპზე მითითებული არ ყოფილა და რაც მთავარია, სწორედ აღნიშნული ახალი გარემოება დაედო საფუძვლად სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. პალატა აქვე შენიშნავს, რომ შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევის არ არსებობასთან დაკავშირებით სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის არგუმენტაციას მასზედ, რომ სასამართლოს მთავარ სხომაზე ახალი გარემოების მითითების აუცილობლობა განპირობებული იყო მისთვის სარჩელზე დართული მტკიცებულებების ასლების გადაცემით, საიდანაც მანამდე გადაცემულ ასლებთან შედარებით მკაფიოდ ირკვეოდა დაზღვევის ხელშეკრულების ვადის გასვლის თაობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სარჩელზე დართულ ხელშეკრულებაზე, (ტ.1.ს.ფ. 14) საიდანაც ნათლად და გარკვევით ირკვევა ხელშეკრულების მოქმედების ვადის შესახებ, ის გარემოება, რომ მოპასუხისთვის გადაცემულ დოკუმენტებში შეუძლებელი იყო დაზღვევის პერიოდის გარკვევა სწორედ ამ უკანასკნელის მტკიცების ვალდებულებას წარმოადგენდა, უფრო მეტიც, იმ შემთხვევაში თუ მისთვის გადაცემული ასლებიდან მართლაც არ ირკვეოდა ხელშეკრულების მოქმედების ვადის შესახებ, გაუგებარია რატომ არ მიუთითა ამის შესახებ დაახლოებით ერთი წლის მანძილზე, როდესაც საქმის განხილვის მიზნით საქმეზე არაერთი მოსამზადებელი სხდომა ჩატარდა და რატომ გახადა ეს საკითხი სადავო მაინცდამაინც სასამართლოს მთავარ სხდომაზე. პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით მოპასუხე მხარემ სასამართლოს დამაჯერებელი არგუმენტაცია ვერ წარმოუდგინა.

 

საბოლოოდ, დადასტურებულად მიჩნეული გარემოების, რომ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხის მიერ სარჩელის საფუძვლის შეცვლის შემდეგ მოსარჩელეს არ მიეცა ამ გარემოების გაქარწყლების შესაძლებლობა (ამასთან, სწორედ მთავარ სხდომაზე დასახელებული ახალი გარემოება დაედო საფუძვლად სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას), ასევე სამართალწარმოების ეკონომიურობის და მხარეთა თანასწორობისა პრინციპის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ თავად იმსჯელა დაზღვევის ხელშეკრულების ვადის გასვლის შესახებ გარემოების საწინააღმდეგოდ წარმოდგენილი მტკიცებულების საქმეზე დართვის შესახებ აპელანტი მხარის მიერ დაყენებულ შუამდგომლობაზე და თავისი 19.07.2019 წლის საოქმო განჩინებით საქმეს დაურთო მოსარჩელე აპელანტის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულება #30/12/7 ავტოტრანსპორტის დაზღვევის გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ დანართი #1-თან ერთად.

 

4.1.2. სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

- ერთი მხრივ საქართველოს პარტამენტის აპარატს და მეორე მხრივ შ-- ,,---------------ს’’ შორის 18.12.2015 წელს ავტოტრანსპორტის დაზღვევის გამარტივებული ელექტრონული ტენდერით სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საგანსაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით შემსყიდველის კუთვნილი 100 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშულების სადაზღვევო მომსახურება წარმოადგენდა. სადაზღვევო პერიოდი 2016 წლის 01 იანვრიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განისაზღვრა. (ტ.1.ს.ფ. 14)

- 30.12.2016 წელს ერთი მხრივ ს----------–---------–-----------------ს და მეორე მხრივ ს- ,,---------------ს’’ შორის ავტოტრანსპორტის დაზღვევის გამარტივებული ელექტრონული ტენდერით სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება კვლავ გაფორმდა, რომლის საგანსაც ხელშეკრულების პირობების და მისი დანართი #1-ის შესაბამისად ხელშეკრულების დანართი #2-ში მითითებული, შემსყიდველის 100 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშულების, მათ შორის სადავო შემთხვევის დროს დაზიანებული ავტომანქანის სადაზღვევო მომსახურება წარმოადგენდა. სადაზღვევო პერიოდი 2017 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 31 იანვრის ჩათვლით განისაზღვრა. (ტ.1. ს.ფ. 176-184)

- 2017 წლის 17 იანვარს მოპასუხე ზ------ პ----–---–-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა H---- C-- სახ. ნომრით - Y-- 1-- ს----------–---------–-----------------ის კუთვნილ T----- C-----ს სახ. ნომრით - B- 5-- V- დაეჯახა. ზ------ პ----–---–-ს მიმართ შედგენილი იქნა საჯარიმო ქვითარი ე-------, რომლის საფუძველზე მოპასუხე 250 ლარით დაჯარიმდა. (ტ.1.ს.ფ. 41-43)

- ს- „პ-------------ის“ 20.01.2017 წლის N1------- გადაწყვეტილების თანახმად, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებულმა ზიანმა 8,439.00 ლარი შეადგინა. (ტ.1. ს.ფ. 46)

- 2016 წლის 28 ივნისს ს- სადაზღვევო კომპანია ,,---------------მ’’ შ-- ,,ტ---------–----------------ს’’ ანგარიშზე 8,439.00 ლარი გადარიცხა, რომელიც 17.01.2017 წელს დაზიანებული ავტომანქანა T----- C-----ს სახ. ნომრით - B- 5-- V- შეკეთების საზღაურს წარმოადგენდა. (ტ.1.ს.ფ. 47)

 

4.1.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს.

 

სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის შინაარსი, რომელიც ეხება სუბროგაციის პრინციპს. ასეთ დროს დელიქტურ ვალდებულებაში ხდება კრედიტორის შეცვლა, ხოლო თვით ვალდებულების არსი უცვლელი რჩება. ამასთან, დელიქტურ ვალდებულებაში დამზღვევის მზღვეველით შეცვლის აუცილებელი წინაპირობაა ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლის არსებობა და მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო თანხის გაცემა.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და სადავო არ ხდება, რომ მოსარჩელის, როგორც მზღვეველის მიერ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა შეფასებული იქნა სადაზღვევო შემთხვევად და დამზღვევის სასარგებლოდ გაცემული იქნა სადაზღვევო თანხის სახით 8439 ლარი. მოსარჩელე ამ ეტაპზე, სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის საფუძველზე ითხოვს ზიანის მიმყენებლისაგან დამდგარი ზიანის ანაზღურებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ სამოქალაქო პროცესი დისპოზიციურია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელე თავად წყვეტს, აღძრას თუ არა სარჩელი, ვის წინააღმდეგ აღძრას, რა მოითხოვოს, რის საფუძველზე და რით ადასტუროს თავისი მოთხოვნა. სამოქალაქო სამართალწარმოება არ ემსახურება ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას, იგი დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე ხორციელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სარჩელის დაკმაყოფილება დამოკიდებულია იმაზე, სარჩელი წარდგენილია თუ არა მოთხოვნაზე პასუხისმგებელი პირის წინააღმდეგ და მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოდგენილია თუ არა მხარის მიერ. შესაბამისად, მოთხოვნის დაკმაყოფილებას ან დაკმაყოფილებაზე უარს დიდწილად განაპირობებს სამართალწარმოების მოწინააღმდეგე მხარის სათანადოდ შერჩევა და მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების ჯეროვნად დადასტურება.

 

სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. ამგვარი სტანდარტი მტკიცების ტვირთს დელიქტურ სამართალში შემდეგნაირად ანაწილებს:

 

1. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ზიანის ფაქტი და მისი ოდენობა;

 

2. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს მოპასუხის ქმედებით გამოწვეული ზიანის ფაქტი, ანუ მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის;

 

3. მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ქმედების მართლზომიერება;

 

4. ან მოპასუხემ უნდა ამტკიცოს მისი ბრალეულობის გამომრიცხველი გარემოებების არსებობის ფაქტი;

 

საგულისხმოა აღინიშნოს, რომ განსახილველ შემთხვევაში ზ------ პ----–---–- არ უარყოფს ფაქტს მასზედ, რომ მან 17.01.2017 წელს საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონი დაარღვია, მომხდარი ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დროს კი დაზიანდა როგორც მის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალება, ასევე ს----------–---------–------ის ბალანსზე არსებული დაზღვეული ავტომობილი. ზ------ პ----–---–- სადავოდ ხდის ფაქტს მასზედ, რომ ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დადგომა საგზაო მოძრაობის წესების მხოლოდ მის მიერ დარღვევამ განაპირობა, აღნიშნულზე დაყრდნობით ზ------ პ----–---–- ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურების ვალდებულების სრულად მასზე დაკისრებას არ ეთანხმება, რისი დადასტურებაც მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა.

 

აღსანიშნავია, რომ მოპასუხე მოწინააღმდეგე მხარემ მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დადასტურების მიზნით სასამართლოში სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 26.06.2019 წლის დასკვნა წარმოადგინა, საიდანაც ირკვევა, რომ:

1. მოცემულ კონკრეტულ პირობებში შემთხვევაში მონაწილე ავტომობილ ,,ტ--------’’ B--5---V--ის მძღოლის, ბ------ ბ--------ის მოქმედება ტექნიკური თვალსაზრისით არ შეესაბამება საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის პირობებში მოცემული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამორიცხული იქნებოდა

2. მოცემულ საგზაო სიტუაციაში შემთხვევაში მონაწილე ავტომობილ ჰ------ს Y---1---ის მძღოლის ზ------ პ----–---–-ს მოქმედება არ შეესაბამება საქართველოს კანონის საგზაო მოძრაობის შესახებ 32-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის პირობებში მოცემული შემთხვევა გამორიცხული იქნებოდა.

 

დასკვნის კვლევითი ნაწილით ირკვევა რომ საქმის მასალებში არსებული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის და თანდართული სქემის საფუძველზე ექსპერტმა დაადგინა, რომ შემთხვევაში მონაწილე ავტომობილების ურთიერთკონტაქტი მომხდარია ორმხრივი მოძრაობისათვის განკუთვნილ საავტომობილო გზაზე, სადაც გზის გამყოფი ორმაგი ხაზის მიდამოში (იგულისხმება მოსკოვის გამზირიდან მეტროსადგური სამგორის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშულებების სამოძრაო ზოლში) დაფიქსირებულია შეჯახების შედეგად ავტომობილების დაზიანებული დეტალების ჩამონაყარი. აღნიშნული მიდამო ცხადია წარმოადგენს შემთხვევაში მონაწილე ავტომობილების შეჯახების ადგილს, შესაბამისად შეჯახება მომხდარია მოსკოვის გამზირიდან მეტრო სადგური სამგორის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშულებების მეორე სამოძრაო ზოლის მარცხენა ნაწილში, გზის გამყოფი ხაზის მიდამოში.

 

შემთხვევაში მონაწილე ავტომობილები საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევამდე მოძრაობდნენ თანმხვედრი მიმართულებით, აქედან შემთხვევაში მონაწილე ავტომობილი ,,ტ--------ს’’ მძღოლი მოძრაობდა მეორე სამოძრაო ზოლში, ხოლო ავტომობილ ,,ჰ------ს’’ მძღოლი საავტომობილო გზაზე გამოვიდა გარკვეული მანძილით უკან, გაიარა გარკვეული მანძილი და მობრუნების მიზნით, პირველი სამოძრაო ზოლიდან გადაადგილდა მეორე სამოძრაო ზოლში, სადაც აპირებდა მანქანის მობრუნებას მოსკოვის გამზირის მიმართულებით მოძრაობის გასაგრძელებლად.

 

ექსპერტიზაზე წარდგენილ ფოტოსურათებზე დაყრდნობით ექსპერტი უთითებს, რომ შემთხვევაში მონაწილე ავტომობილების ურთიერთკონტაქტი მომხდარია შემთხვევაში მონაწილე ავტომობილ ტ--------ს წინა მარჯვენა ნაწილით (კუთხით) შემთხვევაში მონაწილე ავტომობილ ჰ------ს მარცხენა გვერდით ნაწილთან, როცა მახვილი კუთხე მათ გრძივ ღერძებს შორის შეადგენდა 10/15 გრადუსს. შეჯახების კუთხის სიდიდის - 10/15 გრადუსის და მეორე სამოძრაო ზოლის სიგანის 4.85 მეტრის მხედველობაში მიღებით შემთხვევაში მონაწილე ავტომობილ ჰ------ს პირველი და მეორე სამოძრაო ზოლების გამყოფი ხაზის გადაკვეთიდან (მეორე სამოძრაო ზოლში შესვლიდან) შეჯახების ადგილამდე (იმ ადგილამდე სადაც გზის გამყოფი ხაზი გახსნილია) თავისი წინა ნაწილით დახრილად უნდა გაევლო მინიმუმ 17 მეტრი მანძილი. ზემოაღნიშნული მონაცემების მხედველობაში მიღებით და საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის განვითარების საფუძველზე დასკვნის კვლევით ნაწილში ექსპერტის მიერ განსაზღვრულია მანძილი, რომლითაც დასაშვები 60 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ავტომობილის ტ--------ს მძღოლი დაცილებული იქნებოდა შემთხვევის ადგილიდან, იმ დროს როდესაც ავტომობილმა ,,ჰ------ს’’ მძღოლმა, დაახლოებით 20 კმ/სთ სიჩქარით დაიწყო პირველი სამოძრაო ზოლიდან მეორე სამოძრაო ზოლში შესვლა და თავისი მოქმედებით მოძრაობაში საფრთხე შექმნა.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით ექსპერტი უთითებს, რომ შემთხვევაში მონაწილე ავტომობილ ტ--------ს მძღოლი იმ მომენტისთვის როცა შემთხვევაში მოანაწილე ავტომობილ ჰ------ს მძღოლმა დაიწყო მეორე სამოძრაო ზოლის დაკავება და შეიქმნა საფრთხე მოძრაობაში შეჯახების შეჯახების ადგილიდან დაშორებული უნდა ყოფილიყო დაახლოებით 51 მეტრი მანძილით. ექსპერტის მიერ ასევე განსაზღვრულია საჭირო მანძილი ავტომობილ ტ--------ს სრული გაჩერებისთვის. კერძოდ, ავტომობილ ტ--------ს სრული გაჩერებისთვის საჭირო მანძილი განსაზღვრულია 45 მეტრით, მაშინ როდესაც ექსპერტის მითითებით ავტომობილ ტ--------ს განკარგულებაში ჰქონდა 51 მეტრი მანძილი. აღნიშნულიდან გამომდინარე ექსპერტი განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში თუ ავტომობილ ტ--------ს მძღოლი საფრთხის შექმნის მომენტისთვის დროულად მიიღებდა ზომებს სატრანსპორტო საშუალების სრული გაჩერების ჩათვლით, ტექნიკური თვალსაზრისით საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილებას შეძლებდა.

 

ექსპერტის განმარტებით თავის მხრივ ავტომობილ ჰ------ს მძღოლმა თავისი მოქმედებით, ზოლიდან-ზოლში გადასვლით, საფრთხე შექმნა მოძრაობაში, რა დროსაც საფრთხე შეუქმნა მეორე სამოძრაო ზოლში მოძრავ ავტომობილ ტ--------ს მძღოლს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული. ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა დაზარალებულის ბრალი გამოიხატება მის უმოქმედობაში – თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა ზიანი.

 

ამდენად, მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობა იცნობს ისეთ შემთხვევას, როდესაც მხარისათვის მიყენებული ზიანი შეიძლება გამოწვეული იყო ორივე მხარის მიზეზით და არსებობდეს მხარეთა ე.წ. „შერეული ბრალი“. ასეთ დროს სასამართლო ვალდებულია, დაადგინოს, რომელ მხარეს რა მოცულობით ეკისრება მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებლობა და მისი ანაზღაურების ოდენობაც აღნიშნული მოცულობის პროპორციულად განსაზღვროს.

 

განსახილველ შემთხვევაში იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ორივე სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა დაარღვია საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონი, სააპელაციო სასამართლო ასკვნის, რომ სახეზეა შერეული ბრალის შერაცხვის წინაპირობები. ამასთან, გათვალისწინებით იმისა, რომ ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დროს ზ------ პ----–---–- პირველი სამოძრაო ზოლიდან მეორე სამოძრაო ზოლში გადასვლას ცდილობდა, რა დროსაც საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით მის ვალდებულებას წარმოადგენდა მანევრის მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ დაწყება, რაც დარწმუნდებოდა, რომ თავისი მოქმედებით საფრთხეს არ შეუქმნიდა მის უკან, წინ და გვერდით როგორც თანმხვედრი, ისე საპირისპირო მიმართულებით მოძრავ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, მათი მდებარეობის, მოძრაობის მიმართულებისა და სიჩქარის გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, რომ მეორე სამოძრაო ზოლში თანმხვედრი მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშულების მხრიდანაც მოხდა მოძრაობის წესების დარღვევა, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მოპასუხე მხარეს მხარეთა შერეული ბრალის გათვალისწინებით უნდა დაეკისროს და მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს არა სარჩელით მოთხოვნილი 8439 ლარი, არამედ 7595,1 ლარი, დამდგარ ავტოსატრანსპორტო შემთხვევასთან მიმართებით მისი ბრალის პროპორციულად. პალატა შენიშნავს, რომ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მეტწილად სწორედ ზ------ პ----–---–-ს მოქმედებამ გამოიწვია, ვინაიდან მან დაარღვია კანონით გათვალისწინებული ვალდებულება, რადგან მეორე სამოძრაო ზოლში ისე გადავიდა, რომ მისი მხრიდან გამორიცხული არ ყოფილა, რომ საფრთხეს არ შეუქმნიდა მის წინ თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც დაზღვეული ავტომობილის მძღოლი მართავდა. სწორედ ამ ვალდებულების უგულვებელყოფამ მოახდინა ამ ავტოსაგზაო შემთხვევის პროვოცირება. რაც შეეხება დაზღვეული ავტომობილის მძღოლის მხრიდან მოძრაობის წესების დარღვევას, პალატა მიიჩნევს, რომ მას შემდეგ რაც ზ------ პ----–---–მა დარღვევით განახორციელა ზოლიდან ზოლში გასვლის მანევრი, რამაც წარმოშვა ავტოსაგზაო შემთხვევის საფრთხე, დაზღვეული ავტომობილის მძღოლს, როგორც ექსპერტიზის დასკვნის ანალიზი ცხადყოფს, მაინც შეეძლო შემთხვევის თვიდან აცილება. ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაში დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის ბრალეულობა დამდგარ ავტოსაგზაო შემთხვევაში უნდა განისაზღვროს ზ------ პ----–---–-ს შემთხვევაში 90%-ით, ხოლო ავტომობილ ტ--------ს მძღოლის შემთხვევაში 10 %-ით.

 

4.1.4. სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ ზ------ პ----–---–- სადავოდ ხდის ზიანის ფარგლებსა და ოდენობას, რისი დადასტურებაც სწორედ მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება, რომ დაზიანებული ავტომანქანის შეკეთების მიზნით შ-- ,,---------------მ’’ შ-- ,,ტ---------–----------------ს’’ 8439 ლარი გადაურიცხა, რომელიც როგორც ჩასატარებელი სამუშაოების ღირებულებას, (წინა ბამპერის მ/ა გადაწყობა, წინა ორივე ფარის მ/დ, წინა ცხვირის დ/ა, წინა მარჯვენა კარის დ/ა, მარჯვენა კარინიზის მ/დ, წინა მარჯვენა ფრთთის მ/დ რეგულირება, კაპოტის გასწორება, ეკრანის გასწორება, რობოტზე გაჭიმვა, კაპოტის შეღებვა, წინა ბამბერის შეღებვა, წინა მარჯვენა ფრთის შეღებვა, წინა მარჯვენა კარის გადასვლით შეღებვა, წინა მარჯვენა საყრდენის გადასვლით შეღებვა, ეკრანის შეღებვა) ასევე სათადარიგო ნაწილების (წინა ბამპერი, წინა მარჯვენა ფარი, წინა მარჯვენა ფრთის ნათურები, წინა მარჯვენა ფარის ნიკელის კანტი, წინა ბამპერის ცხაურა, წინა ბამპერის მარჯვენა პლასტმასი, წინა მარჯვენა ფრთის შიდა მისაფარებელი, წინა მარჯვენა ფრთა, წინა ბამპერის მარჯვენა დამჭერი) ღირებულებასაც მოიცავდა. როგორც აღინიშნა მოპასუხე მოწინააღმდეგე მხარე მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით, კერძოდ, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მანქანის ყველა დასახელებული ნაწილის დაზიანება ხსენებული ავტო-საგზაო შემთხვევით იყო განპირობებული, კერძოდ, საქმის მასალებით არ დგინდება მიზეზშედეგობრივი კავშირი მის ქმედებასა და 8439 ლარის ზიანს შორის. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილ დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალების ფოტოებზე, სადაც ნათლად ჩანს ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანებების შესახებ, ამასთან, საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტით, რომელიც გაცემულია ტ---------–----------------ს მიერ, რომელმაც დაზიანებული ავტომობილი შეაკეთა დაზიანებული ნაწილების და ჩასატარებელი სამუშაოების ღირებულება შეფასებულია 8439 ლარის ოდენობით. (იხ. ტ.1.ს.ფ. 92-104).

 

სასამართლო არ იზიარებს მოპასუხე მოწინააღმდეგე მხარის პოზიციას მასზედ, რომ სადავო შემთხვევის შედეგად 8439 ლარის ოდენობის ზიანი არ დამდგარა, პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოპასუხე მოწინააღმდეგე მხარის აღნიშნული მსჯელობის გაუზიარებლობის საფუძველია მისი მხრიდან განხორციელებული ნაკლიანი მტკიცება, კერძოდ, მოპასუხემ სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენის გზით ვერ დაადასტურა მისი მტკიცების საგანში შემავალი ვერც ერთი გარემოება, კერძოდ ფაქტები მასზედ, რომ მანქანის ყველა დასახელებული ნაწილის დაზიანება ხსენებული ავტო-საგზაო შემთხვევით არ ყოფილა განპირობებული, ამასთან, ავტო-საგზაო შემთხვევით გამოწვეული დაზიანებების გამოსწორებისთვის საჭირო იყო უფრო ნაკლები დანახარჯი, ვიდრე ეს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებშია მითითებული.

 

საბოლოოდ, საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასებით სააპელაციო სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელემ მისთვის კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთი დაძლია, მან მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო, ბრალეულ ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის კავშირი და ამ ქმედების შედეგად დამდგარის ზიანის ოდენობა დაასტურა. რაც შეეხება მოპასუხეს (მოწინააღმდეგე მხარეს), მან მტკიცების ტვირთის სამართლიანი განაწილების პირობებში ვერ შეძლო იმგვარი საპირწონე მტკიცებულებათა წარმოდგენა, რაც მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს საფუძველს შეურყევდა და სასამართლოს შეუქმნიდა მტკიცებულებით გამყარებულ რწმენას, რომ მისი მართლსაწინააღმდეგო ბრალეულ ქმედებით გამოწვეულ შედეგს სარჩელში მითითებული ოდენობის ზიანის დადგომა არ გამოუწვია. ამგვარად სააპელაციო სასამართლო ასკვნის, რომ სარჩელი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება, ს- ,,---------------ს’’ სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ს- ,,---------------ს’’ მიერ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 253,17 ლარს და 50 ლარს შეადგენს (ტ.1. ს.ფ. 55-56) ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 337,56 ლარი. (ტ.1. ს.ფ.188) გათვალისწინებით იმისა, რომ წინამდებარე გადაწყვეტილებით, ს- ,,---------------ს’’ სააპელაციო საჩივარი და შესაბამისად, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ამ უკანასკნელის სასარგებლოდ ზ------ პ----–---–ს მისი ბრალის გათვალისწინებით 7595,1 ლარის გადახდა დაეკისრა, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ზ------ პ----–---–ს ს- ,,---------------ს’’ სასარგებლოდ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 303,75 ლარის, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 227,86 ლარის, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 50 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ს- ,,---------------ს’’ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

 

3. ს- ,,---------------ს’’ სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

4. ზ------ პ----–---–ს ს- ,,---------------ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს 7595,1 ლარის გადახდა;

 

5. სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში ზ------ პ----–---–ს ს- ,,---------------ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს 303,75 ლარის გადახდა;

 

6. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში ზ------ პ----–---–ს ს- ,,---------------ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს 227,86 ლარის გადახდა, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში ზ------ პ----–---–ს ს- ,,---------------ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს 50 ლარის გადახდა.

 

7. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ვანო წიკლაური