განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.07.2019
საქმის ნომერი
330210016001600098
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
10.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210016001600098

საქმე №2ბ/5382-18

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

10 ივლისი, 2019 წელი თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე - დიანა ბერეკაშვილი

მოსამართლეები - ქეთევან დუგლაძე, მიხეილ გოგიშვილი

სხდომის მდივანი – მაკა ბუიღლიშვილი

 

პირველი აპელანტი /მოწინააღმდეგე მხარე - შპს "-----–- ს---–ი"

წარმომადგენელი - ე-–-----–--------–---–ი

 

მეოერე აპელანტი/მოწინააღმდეგე მხარე - შპს "გ------–---–-----"

წარმომადგენელი - მ--------–----------------------–-----ე

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

 

აპელანტ შპს "-----–- ს---–ის" მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტის გაუქმება, გასაჩივრებულ ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

 

აპელანტ შპს "გ------–---–-----"-ის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-4 პუნქტების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. შპს "-----–- ს---–მა" სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და ითხოვა შპს "გ------–---–-----"-ს დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 103 963 ლარის ოდენობით.

 

2. მოსარჩელის პოზიცია

 

2.1. მოსარჩელის განმარტებით, 2013 წლის 20 აგვისტოს, შპს "-----–- ს---–ს", შპს "ა-----------ს" და შპს "გ------–---–-----"-ს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, შპს "-----–- ს---–მა" აიღო ვალდებულება ქ. ბ------ში, გ------–---–------ში მდებარე მშენებარე სასტუმროში ეწარმოებინა სხვადასხვა სახის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები, ხოლო მოპასუხემ ივალდებულა გადაეხადა მოსარჩელისათვის შეთანხმებული მომსახურების ღირებულება, რომლის საბოლოო ღირებულება განისაზღვრა 1953295.28 ლარით. მხარეები შეთანხმდნენ, რომ შესრულებული სამუშაოს ღირებულების ბოლო 10 %-ის გადახდა მოხდებოდა შემდეგნაირად: 10 %-დან 5%-ის გადახდა მოხდებოდა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერიდან 14 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო 5%-ს დაიტოვებდა ერთწლიანი საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე ნაკლის გამოვლენის შემთხვევაში ზიანის უზრუნველყოფის გარანტიად. ამასთან, შეთანხმდნენ, რომ თუ შპს "-----–- ს---–ი" წარადგენდა საბანკო გარანტიას, მოპასუხე დაუყოვნებლივ გადაიხდიდა დარჩენილ 5 %-ს. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები დასრულდა დადგენილ ვადაში და წარდგენილი იქნა ანგარიშფაქტურები, ხოლო 5%-ზე (94 400 ლარი) მოსარჩელემ წარადგინა საბანკო გარანტია 2014 წლის 8 ოქტომბერს, თუმცა მოპასუხის მიერ თანხა არ იქნა ჩარიცხული. მოპასუხეს სურდა რა თავიდან აერიდებინა 94 400 ლარისა და მასზე დარიცხული პირგასამტეხლოს ჩარიცხვის ვალდებულება, დაიწყო პრეტენზიების გამოთქმა შესრულებული სამუშაოს ხარისხთან დაკავშირებით. მას არაერთხელ გაეგზავნა ექსპერტთა ჯგუფი, რომლებმაც მიუთითეს, რომ სისტემების მომსახურება ხდებოდა არაკვალიფიციური პერსონალის მიერ, შემდგომში კი ექსპერტების შეშვებაზედაც უარი განაცხადა. იმ მოტივით, რომ თითქოს შპს "-----–- ს---–ი" არ ასრულებდა საგარანტიო ვადის პერიოდში მისთვის დაკისრებულ ვალდებულებებს, მოპასუხემ საბანკო დაწესებულებას მოსთხოვა საგარანტიო თანხა 94 400 ლარი. შედეგად მოსარჩელეს საბანკო დაწესებულების მიმართ წარმოეშვა 94 400 ლარის და მასზე დარიცხული პროცენტის 9562.85 ლარის გადახდის ვალდებულება.

 

3. მოპასუხის პოზიცია

 

3.1. შპს "გ------–---–-----"-მა შპს "-----–- ს---–ის" სარჩელი არ ცნო და შესაგებელში აღნიშნა, რომ შპს "გ------–---–-----"-მა სასტუმროს სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების საწარმოებლად დაიქირავა შპს "ა-----------ი", ხოლო თავის მხრივ შპს ა-----------მა" დაიქირავა შპს "-----–- ს---–ი"-ს უბკონტრაქტორი. შესაბამისად, თანხის გადახდის ვალდებულებაც შპს "ა-----------ს" უნდა შეესრულებინა. მოსარჩელეს შეთანხმებულ ვადაში სამუშაოები არ შეუსრულებია. საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი არ გაფორმებულა. სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 20.12.2013წელს. დამატებითი შეთანხმებით სამუშაოების დასრულების ვადამ გადაიწია 1.04.2014 წლამდე, თუმცა სამუშაოები ამ ვადაშიც არ იქნა დასრულებული. შესრულებულ სამუშაოებზე გამოვლენილი იქნა მთელი რიგი ნაკლოვანებები, რაც ელექტრონული ფოსტით მიეწოდებოდა მოსარჩელეს. შპს "კლიმატ პროექტის" სპეციალისტთა ახსნა-განმარტებით იკვეთება, რომ არასწორადაა წარმოებული სამონტაჟო სამუშაოები, შესაბამისად, მოსარჩელის მოსაზრება, რომ პრობლემები წარმოშობილია არასწორი ექსპლუატაციით, არასწორია.

 

4. შპს "გ------–---–-----"-მა შეგებებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და მოპასუხე შპს "-----–- ს---–ის" მიმართ ითხოვა ზიანის ანაზღაურება 5483.49 ლარის ოდენობით.

 

4.1. შეგებებული სარჩელის საფუძვლები:

 

შპს "-----–- ს---–ის" მიერ გათბობა-გაგრილებები, ვენტილაციის და სხვა სამუშაოები არაჯეროვნად იქნა შესრულებული. შპს "-----–- ს---–ის" მიერ 8.10.2014წ. წარდგენილი საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი იქნა შესრულებულ სამუშაოებზე აღმოჩენილი ნაკლის აღმოფხვრა, ხოლო ნაკლის აღმოუფხვრელობა საბანკო გარანტიის ბენეფიციარს-შპს "გ------–---–-----"-ს, აძლევდა უფლებას გადახდევინება მიექცია საბანკო გარანტიით, რომელიც მოქმედებდა 30.09.2016 წლამდე, უზრუნველყოფილ თანხაზე 94 400 ლარზე. საბანკო გარანტიის გამოთხოვა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც შპს "გ------–---–-----"-ის მოთხოვნის მიუხედავად, შპს "-----–- ს---–ი" არ აპირებდა ნაკლის გამოსწორებას. 2015 წლის მაისისათვის კომპანიისათვის ცნობილი გახდა, რომ შპს "-----–- ს---–ი" არ გეგმავდა ნაკლის გამოსწორებას. იმის გამო, სასტუმროს გახსნა-ოპერირებისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო ნაკლის აღმოფხვრა, ვინაიდან საზღვაო სეზონი ახლოვდებოდა, მიმართა სპეციალისტთა ჯგუფს, პარალელურად შპს "ინსტას" დაუკვეთა ნაკლის აღმოფხვრის სამუშაოები, რომელმაც შეადგინა 5483.49 ლარი.

 

5. მოპასუხის პოზიცია შეგებებულ სარჩელზე

 

ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შპს "-----–- ს---–მა" დაასრულა 2014 წლის დეკემბერში და წარდგენილია შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტები. შესრულებული სამუშაო უნაკლოდ გადაეცა მიმღებს და მას რაიმე სახის პრეტენზია არ განუცხადებია. ხარვეზები გამოიწვია არასწორმა ექსპლუატაციამ. შპს "-----–- ს---–ი" ცდილობდა შესრულებული სამუშაოების შემოწმებას, მაგრამ უშედეგოდ. მოპასუხეს არ ეკისრება გამოესწორებინა ნაკლი, თუ ის გამოწვეული იყო არასწორი ექსპლუატაციის შედეგად, ან საგარანტიო პირობების დარღვევის გამო.

 

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით შპს "-----–- ს---–ის" სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შპს "გ------–---–-----"-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა როგორც შპს "-----–- ს---–მა", ასევე შპს "გ------–---–-----"-მა.

 

7.1. აპელანტ შპს "-----–- ს---–ის“ განმარტებით, სასამართლო გადაწყვეტილების 3.2.7. პუნქტში მე-6 გვერდზე უთითებს, თითქოს შპს “-----–ი ს---–ის” ფაქტობრივ არგუმენტაციას ზიანის ანაზღაურების მოთხოვნასთან დაკავშირებით, წარმოადგენდა მხოლოდ ის გარემოება, რომ შესრულებული სამუშაოს ნაკლი გამოწვეული იყო არასწორი ექსპულატაციით, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. თავდაპირველი მოსარჩელის ერთ-ერთ მთავარ არგუმენტს წარმოადგენდა ის, რომ შპს “-----– ს---–ს”, მხარეთა შორის დადებული ნარდობის ხელშეკრულების შესაბამისად, ნაკლის გამოსწორების ვალდებულება ეკისრებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი წარმოდგენილი იქნებოდა ექსპერტიზის დასკვნა. ამასთან აღსანიშნავია, რომ სასამართლომ არათუ არასწორად ჩამოაყალიბა ფაქტობრივი გარემოება, არამედ გადაწყვეტილებიდან ამ ფაქტთან დაკავშირებით საერთოდ ამოგლიჯა როგორც თავდაპირველი მოსარჩელეს არგუმენტაცია და მსჯელობა, ასევე შესაბამისი მტკიცებულებებიც. აღსანიშნავია სასამართლოს მსჯელობა იმ ნაწილში, რომ რომელიმე ფაქტობრივი გარემოების დადასტურება მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტებით, როდესაც მეორე მხარე აღნიშნულს უარყოფს სამართლებრივად არ არის სწორი. აღსანიშნავია, რომ სასამართლომ აღნიშნული პრინციპი გამოიყენა მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარის ახსნა-განმარტებით და დაადგინა, რომ შპს „-----–ი ს---–ის“ შესრულება იყო ხარვეზიანი. მაშინ როდესაც სასამართლოზე დაკითხულმა თავად შპს „გ------–---–ი 3---ის სპეციალისტმა განმარტა, რომ რეალურ პრობლემას, რომელსაც ესაჭიროებოდა გამოსწორება წარმოადგენდა მხოლოდ со2 ჰაერში გაჟონვა, ხოლო ამისი საფუძველი გახდა სისტემაზე დაერთებული დამატებითი ფლიგელი, რომელიც შპს „-----– ს---–ს“ არ გაუკეთებია. თავად მის დასკვნაში მითითებული სხვა პრობლემები იყო მარტივად გადასაწყვეტი, რაც მის მიერვე ადგილზე მისვლისთანავე გასწორდა, ხოლო რაც შეეხება მის დასკვნაში მითითებულ მის მოსაზრებებს თუ რა სიგრძის უნდა იყოს სხვადასხვა მილი, როგორც თავადვე განმარტა აღნიშნული წარმოადგენს მხოლოდ მის შეხედულებას და მათი სიგრძეზე და სხვა სპეციფიკაციებზე თავად დამკვეთი და შემსრულებელი უნდა შეთანხმებულიყვნენ პროექტის შედგენისას და შემდეგ ამ პროექტის მიხედვით შეესრულებინათ. ამასთან სპეციალისტმა დაადასტურა, რომ со2-ის პრობლემის გარეშე სისტემა იფუნქციონირებდა. სპეციალისტის ამგვარი განმარტებით, არათუ დადგინდა, რომ შპს „-----–ი ს---–ის“ მიერ დამონტაჟებულ სისტემა იყო ფუნქციონებადი, არამედ დადასტურდა, რომ სისტემაზე დაერთებული იყო დამატებითი ფლიგელი, რაც ქმნიდა პრობლემებს - აღნიშნული კი ცალსახად მიუთითებს შპს „გ------–---–ი 3---ის მიერ სისტემის არასათანადო ექსპულატაციაზე. ხელშეკრულების 5.5. პუნქტი ცალსახად განმარტავს, რომ დამკვეთს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლო მოეთხოვა შემსრულებლისათვის ნაკლის/ხარვეზის გამოსწორება, თუკი აღნიშნული ნაკლის არსებობის თაობაზე ჩატარდებოდა ექსპერტიზა და გაიცემოდა შესაბამისი დასკვნა. შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის გარეშე შპს „-----– ს---–ს“ ხელშეკრულების თანახმად არ გააჩნდა არანაირი ვალდებულება გამოესწორებინა ხარვეზი. ამ თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებებია, ზემოთმითითებული სპეციალისტის ჩვენება - რომელმაც განმარტა, რომ შემოწმების ჩატარებისას მისი პრეტენზიები ეხებოდა მხოლოდ სამუშაოს ნაკლოვან შესრულებას და მან გამორიცხა ისეთი გაუმართაობის არსებობა, რაც დაკავშირებული იყო არა ნაკლოვან შესრულებასთან, არამედ შესრულების შემდეგ წარმოქმნილ რაიმე დეფექტთან. შპს „გ------–---–ი 3---ის წერილის საფუძველზეც გამოთხოვილი იქნა საბანკო გარანტია, სადაც კომპანია საბანკო დაწესებულებას ატყობინებს, რომ: შპს „-----–მა ს---–მა“ არსებითად არასწორად განახორციელა მთელი რიგი სისტემის მონტაჟი, კერძოდ მნიშვნელოვანი დეფექტები აქვს გათბობის, ვენტილაციისა და წყალმომარაგების სისტემას. შესაბამისად უტყუარი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ “გ------–---–ი 3-- - ის მიერ საბანკო გარანტიის გამოთხოვა მოხდა შპს “-----–ის ს---–ის” მიერ განხორციელებული უხარისხო მონტაჟის - შესრულების მოტივით. სასამართლო თავადვე მიუთითებს, რომ საბანკო გარანტიის გამოთხოვისათვის საჭიროა სამი კუმულატიური პირობის არსებობა: 1. საბანკო განანტიის ხელშეკრულების არსებობა; 2. პრინციპალის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევის ფაქტი. 3. საბანკო გარანტიით დადგენილ ვადებში ბენეფიციარის მოთხოვნის წარდგენა გარანტორისათვის. თუმცა სრულიად ცალსახაა, რომ მოცემულ დავაში არ არსებობს მე-2 ელემენტი. ჯერ ერთი შპს “-----–ის ს---–ის” მიერ სამუშაო შესრულდა ხელშეკრულების პირობების შესაბამისად საქმეს თან ერთვის სისტემის გამოცდის აქტები, რომელსაც ხელს აწერს თავისმხრივ “გ------–---–ი 3---ის მიერ დაქირავებული გენკონტრაქტორი შპს “ა-----------ი”. ამასთან, თუ შესრულებას ჰქონდა ხარვეზი შპს “-----– ს---–ს” ხელშეკრულების შესაბამისად არ ეკისრებოდა გამოსწორების ვალდებულება სანამ შპს “გ------–---–-----” არ წარმოადგენდა ექსპერტიზის დასკვნას. აღნიშნულმა კომპანიამ კი ალბათობის მაღალი ხარისხით, იცოდა რომ კვალიფიციური და ცრუ დასკვნის გაცემისათვის სისხლისსამართლებრივად პასუხისმგებელი ექსპერტი არ დაწერდა მათ სასიკეთო დასკვნას, მიმართეს რიგით შპს “კლიმატ პროექტს”, რომელმაც დაწერა საკუთარი მოსაზრებები შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით, რაც გამოყენებული იქნა საბანკო გარანტიის გამოსათხოვად.

 

7.2. აპელანტ შპს "გ------–---–------ის" განმარტებით, სასამართლომ გადაწყვეტილების 3.2.6. პუნქტით უდავო ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია ხარვეზის/ნაკლის არსებობა და შპს „-----–ი ს---–ის“ მიერ ამ ნაკლის/ხარვეზების აღმოუფხვრელობა. ამგვარად, ნაკლის/ხარვეზების არსებობა და შპს "-----–- ს---–ის“ ბრალეულობა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა. სასამართლოს მითითება იმის თაობაზე, რომ საქმეზე დართული დოკუმენტაციით არ დასტურდება ამ ხარვეზების გამოსასწორებლად დამატებით გაწეული ხარჯის არსებობა სიმართელეს არ შეესაბამება, ვინაიდან წარდგენილი აქვს შპს „კლიმატ- პროექტის“ დასკვნა-რეკომენდაცია, რომლითაც განსაზღვრულია დამატებითი სამუშაოების წარმოების აუცილებლობა, ასევე შეგებებული სარჩელით შპს "გ------–---–------მა" წარმოადგინა ახსნა-განმარტება ამ სამუშაოების წარმოებაზე, უფრო მეტიც საქმეს თან ერთვის შესაბამის კონტრაქტორებთან თანხის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტები და საგადასახადო ანგარიშფაქტურა, სადაც მითითებულია დანიშნულება. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა წარმოადგენს იმგვარ დოკუმენტს, რომელიც არამხოლოდ საკმარისია საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის დასადასტურებლად, არამედ მხოლოდ ეს ერთი დოკუმენტი საკმარისია დამატებული ღირებულების გადასახადის ჩასათვლელადაც. საგადასახადო კოდექსით, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა წარმოადგენს ვალიდურ საბუთს ამ მოქმედებათა დასადასტურებლად. გაუგებარია თუ რას დაეყრდნო სასამართლო, როდესაც არ გაიზიარა წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ნაკლის/ხარვეზების აღმოფხვრის სამუშაოები წარმოადგენს ნარდობის ხელშეკრულებას და სამოქალაქო ბრუნვის არცერთ მონაწილეს არ ევალება ნარდობის ხელშეკრულების წერილობით დადება. ნარდობის ხელშეკრულება წარმოადგენს გავრცელებულ ხელშეკრულებას, რომელსაც მხარეები ზეპირად დებენ და განსხვავებული სტანდარტი სასამართლოს არ უნდა დაედგინა. ვინაიდან, მოპასუხეს სადაოდ არ გაუხდია დამატებითი შესრულების და ხარჯების გაწევის ფაქტი, სასამართლოს დადგენილად უნდა მიეჩნია შეგებებული სარჩელის ავტორის მიერ წარდგენილი ფაქტები, ახსნა-განმარტება და მტკიცებულებები. ვინაიდან სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ნაკლის/ხარვეზის არსებობა და შპს "-----–- ს---–ის“ მიერ მისი გამოუსწორებლობა ე.ი. სასამართლომ დაადგინა შპს "-----–- ს---–ის“ ბრალეულობა, ხოლო საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს შპს „გ------–---–ი 3---ის მიერ ნაკლის/ხარვეზის აღმოსაფხვრელად ამ სამუშაოთა წარმოებასა და შესაბამისი ხარჯების გაწევის ფაქტს. ამგვარად, არსებობს ზიანი და ამ ზიანისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების ყველა წინაპირობა.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

8. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

9. მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე დავის საგანს წარმოადგენს საბანკო გარანტიის გამოთხოვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, რომლის დამფუძნებელი ნორმაა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლი (საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.) ამავე კოდექსის 888-ე მუხლი (საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის მიმართ შემოიფარგლება იმ თანხის გადახდით, რომელზედაც გაიცა გარანტია.), საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილი (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.) ამავე კოდექსის 408-ე მუხლი (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.)

 

10. პალატა მოსარჩელის/აპელანტის შპს "-----–- ს---–ის“ მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივ წინაპირობებთან დაკავშირებით დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

10.1. 2013 წლის 20 აგვისტოს, შპს "ა-----------ს" (გენერალური კონტრაქტორი) და შპს "-----–- ს---–ს" (სუბკონტრაქტორი) შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის საგანსაც წარმოადგენდა ქ. ბ------ში, გ------–---–------ში, მდებარე მშენებარე სასტუმროში გათბობა-გაგრილების,ვენტილაციის,წყალმომარაგების და კანალიზაციის, ხანძარჩაქრობის სამუშაოების წარმოება მხარეთა მიერ დამტკიცებული სამუშაოების ჩამონათვალის და ფასების, სამუშაოთა შესრულების გრაფიკის და სპეციალური პირობების შესაბამისად. აღნიშნულ ხელშეკრულებაში, შპს "გ------–---–-----" წარმოადგენს ინვესტორს. გენ.კონტრაქტორმა ივალდებულა გადაეხადა მოსარჩელისათვის შეთანხმებული მომსახურების ღირებულება, რომლის საბოლოო ოდენობა განისაზღვრა 1 953 295.28 ლარით. მხარეები შეთანხმდნენ, რომ შესრულებული სამუშაოს ღირებულების ბოლო 10 %-ის გადახდა მოხდებოდა შემდეგნაირად: 10 %-დან 5%-ის გადახდა მოხდებოდა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერიდან 14 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო 5%-ს დაიტოვებდა ერთწლიანი საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე ნაკლის გამოვლენის შემთხვევაში ზიანის უზრუნველყოფის გარანტიად. სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები უნდა შესრულებულიყო ობიექტის გადაცემიდან არაუგვიანეს 2014 წლის 1 იანვრისა. (ტომი 1, ს.ფ. 35-39)

 

10.2. 2013 წლის 20 აგვისტოს ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, 20.12.2013 წლის დამატებითი შეთანხმებით, ერთის მხრივ შპს "ა-----------ი" და შპს "გ------–---–-----" და მეორეს მხრივ შპს "-----–- ს---–ი" 20.12.2013 წლის შეთანხმებით, სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების დასრულების ვადა გადაიწია 2014 წლის 1 აპრილამდე. ამავე დროს სამუშაოების შესრულება-დასრულების დადასტურება უნდა მომხდარიყო მხარეთა მიერ გაფორმებული საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით.(ტომი 1, ს.ფ. 40)

 

10.3. 2013 წლის 20 აგვისტოს ხელშეკრულების 5.3 პუნქტის თანახმად სუბკონტრაქტორი ვალდებულია ჩააბაროს შესრულება გენ.კონტრაქტორს თვეში ერთხელ, ხოლო გენ.კონტრაქტორი ვალდებულია მიიღოს სუბკონტრაქტორის მიერ შესრულებული სამუშაო, სუბკონტრაქტორის მიერ შესრულებული სამუშაოს წარდგენიდან 14 დღის ვადაში და მოაწეროს ხელი სამუშაო მიღება-ჩაბარების აქტს. ინვესტორთან ერთად სამუშაო მიღებულად ითვლება მხოლოდ ინვესტორის მიერ ხელმოწერის შემთხვევაში. ამავე ხელშეკრულების 5.5. პუნქტის თანახმად შესრულებული სამუშაო (სამუშაოს თითოეული ეტაპი) ითვლება უნაკლოდ, თუ ამ ხელშეკრულების 5.3. პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში გენკონტრაქტორი და ინვესტორი არ წარმოადგენს ორივე მხარის მიერ არჩეული, დამოუკიდებელი ექსპერტის წერილობით დასკვნას შესრულებულ სამუშაოში ნაკლის არსებობის შესახებ. იმ შემთხვევაში თუ მითითებული წესითა და ვადაში შესრულებულ სამუშაოში დადგინდა ნაკლის არსებობა გენკონტრაქტორი/ინვესტორი უფლებამოსილია ხელი არ მოაწეროს მიღება-ჩაბარების აქტს და დაუყონებლივ წერილობითი პრეტენზია გაუგზავნოს სუბკონტრაქტორს ნაკლის აღმოფხვრის მოთხოვნით და განუსაზღვროს მას დამატებითი შესრულებისათვის გონივრული (არანაკლებ 14 სამუშაო დღე) ვადა. ხელშეკრულების 5.6. პუნქტის თანახმად იმ შემთხვევაში, თუ სუბკონტრაქტორის მიერ შესრულებული სამუშაოების წარდგენიდან ათი დღის ვადაში სუბკონტრაქტორს არ წარედგინა გენ.კონტრაქტორის წერილობითი პრეტენზია ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად ამ მუხლის 5.5. პუნქტის შესაბამისად, სამუშაო ჩაითვლება მიღებულად. ხელშეკრულების 5.9. პუნქტის თანახმად იმ შემთხვევაში, თუ დაზიანება გამოწვეული იქნება არასწორი ექსპლუატაციის შედეგად ან საგარანტიო პირობების დარღვევის გამო, სუბკონტრაქტორის მიერ გაწეული ხარჯები უნდა აანაზღაუროს დამკვეთმა. (ტომი 1, ს.ფ. 36-37)

 

10.4. 2014 წლის 8 ოქტომბერს, შპს "-----–- ს---–ის" მიერ წარდგენილი იქნა სს "საქართველოს ბანკის" მიერ გაცემული დეფექტებზე პასუხისმგებლობის საბანკო გარანტია 94 400 ლარზე. გარანტიის მოქმედების ვადა განისაზღვრა 30.09. 2016 წლამდე პერიოდი. აღნიშნული საბანკო გარანტიის თანახმად: იმ შემთხვევაში თუ პრინციპალი ვერ შეძლებს ბენეფიციართან გაფორმებული #2---------- კონტრაქტის თანახმად აღმოფხვრას გამოვლენილი ნებისმიერი დეფექტი, თუ იგი არ იქნება გამოწვეული არასწორი ექსპლუატაციით მის მიერ შესრულებულ სამუშაოებზე ქ. ბ------ში, გ------–---–ის ქ. #---ში მდებარე სამშენებლო ობიექტზე #2---------- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებაზე, ან არ შეასრულებს მის მოვალეობებს, რომელსაც ითვალისწინებს კონტრაქტი, სს „საქართველოს ბანკი“ კისრულობს გამოუთხოვად ვალდებულებას, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე, ბენეფიციარის პირველი წერილობითი მოთხოვნის წარდგენისთანავე აუნაზღაუროს მას ნებისმიერი თანხა ან თანხები, მაგრამ არაუმეტეს ჯამში 94.400 ლარი. (ტომი 1, ს.ფ. 41)

 

10.5. შპს "გ------–---–-----"-მა, როგორც საბანკო გარანტიის ბენეფიციარმა, 2015 წლის 10 ივლისს, სს "საქართველოს ბანკს" წარუდგინა მოთხოვნა სადაც აღნიშნულია, რომ შპს "-----–- ს---–მა" არაერთხელ მიმართა შპს "-----–- ს---–ს" მის მიერ ჩატარებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ხარვეზების აღმოფხვრის მოთხოვნით, თუმცა ხარვეზები არ იქნა გამოსწორებული. აღნიშნულის გამო მოითხოვს საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი თანხის ანაზღაურებას, შპს "გ------–---–-----"-ის სასარგებლოდ. 20 ივლისს შპს "გ------–---–-----"-ის ანგარიშზე გადარიცხული იქნა საგარანტიო თანხა 94 400 ლარი.(ტომი 1, ს.ფ. 23, 25 )

 

10.6. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შპს "-----–- ს---–მა" დაასრულა 2014 წლის დეკემბერში. საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი მხარეთა შორის გაფორმებული არ არის, თუმცა შესრულებული სამუშაოს მიღება მხარეთა შორის სადაო არ არის. (მხარეთა ახსნა-განმარტება)

 

10.7. შესრულებულ სამუშაოებზე გამოვლენილი იქნა ნაკლოვანებები, რაც შპს "-----–- ს---–ს" ელექტრონული ფოსტით ეცნობა, ამასთან შპს "-----–- ს---–ის", დირექტორს 26.06.2015წ. ეცნობა, რომ: არასწორად არის შესრულებული გათბობის სისტემის სამონტაჟო სამუშაოები, ვინაიდან გათბობის ამუშავებისას დეფორმაცია განიცადა იატაკმა, ასევე მოპირკეთებული ნაწილი არათანაბრად თბება, გათბობა-ვენტილაციის სისტემის გაუმართაობას ადასტურებს ფრანკოილებიდან წყალის ინტესიური და სისტემატიური გაჟონვა, მნიშვნელოვანი წუნი აქვს წყალმომარაგების სისტემას, ვინაიდან მთელ სასტუმროში მოედინება ჟანგიანი წყალი, როგორც ხელსაბანში, ისე საშხაპესა და საპირფარეშოში, გაუმართავია სავენტილაციო სისტემაც, რადგან ვერ ხერხდება სასტუმროს ნორმალური კონდენსაცია, დამონტაჟებული ვინტილიატორები საერთოდ არ მუშაობს. (ტომი 1, ს.ფ. 18-19, 26-31, 111, -130, 136-137)

 

10.8. შპს "-----–- ს---–ის“ დირექტორის 13.07.2015 წლის განცხადებით, შპს "-----–- ს---–ს“ შპს „გ------–---–-----“-ის წინაშე 2013 წლის 20 აგვისტოს ხელშეკრულებითა და საბანკო გარანტიით (#P-------14) ნაკისრი ვალდებულებები შესრულებული აქვს სრულად და ჯეროვნად. მხარეთა შორის გაფორმებული 2013 წლის 20 აგვისტოს ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, საგარანტიო პირობები დარღვეულია არასწორი ექსპლუატაციის შედეგად. (ტომი 1, ს.ფ. 20)

 

10.9. შპს „კლიმატ პროექტის“ 10.06.2015 წლის დასკვნის თანახმად შპს "გ------–---–-----"-ის დასკვნის თანახმად ქ. ბ------ში, გ------–---–ის #---ში მდებარე სასტუმრო „ლეპორტის“ გათბობა-გაგრილებისა და ვენტილაციის არსებული სისტემის რევიზიის შემდეგ გამოვლენილი იქნა ხარვეზები.

 

10.10. შპს "გ------–---–-----"-ის ბუღალტრის წერილისა და საგადასახადო დავალებების თანახმად შპს "-----–- ს---–ის" მიერ განხორციელებული სამუშაოების ნაკლოვანი და არასრული შესრულების გამოსწორებისათვის შპს "გ------–---–-----"-ის მიერ განხორციელდა დამატებითი ხარჯების გაწევა. (ტომი 1, ს.ფ. 148-166)

 

11. პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს "-----–- ს---–ის" მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მის მიერ არ იქნა გამოსწორებული საგარანტიო პერიოდში აღმოჩენილი ნაკლოვანებები, იმ მიზეზით, რომ ხარვეზები გამოიწვია სისტემების არასწორმა ექსპლუატაციამ.

 

12. პალატა ვერ გაიზიარებს, აპელანტ შპს "-----–- ს---–ის" განმარტება იმის თაობაზე, რომ 2013 წლის 20 აგვისტოს ხელშეკრულებითა და საბანკო გარანტიით (#P-------14) ნაკისრი ვალდებულებები შესრულებული აქვს სრულად და ჯეროვნად, ამასთან ხარვეზის არსებობის შემთხვევაშიც კი მისი აღმოფხვრის ვალდებულება არ გააჩნდა, რადგან არ იქნა წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა და ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტი, პალატა განმარტავს, რომ უდავოა მხარეთა შორის შესრულებული სამუშაოს მიღება, ამასთან უდავოა, რომ ხარვეზები გამოვლენილი იქნა სამუშაოს ექსპლუატაციაში მიღების შემდგომ, რომლის გამოსწორების ვალდებულებაც გააჩნდა მოსარჩელეს, რადგან 20.08.13/02 ხელშეკრულების დანართ #1-ის შესასრულებელ სამუშაოთა აღწერილობის 23-ე პუნქტის თანახმად სუბ-კონტრაქტორმა (შპს „-----–ი ს---–ი) დაუყონებლივ, საკუთარი ხარჯებით, უნდა მოახდინოს ნაპოვნი დეფექტების აღმოფხვრა. დეფექტების პასუხისმგებლობის პერიოდი გაგრძელდება მანამ, სანამ დეფექტები რჩება აღმოუფხვრელი. თუ სუბ-კონტრაქტორმა არ გაასწორა აღმოჩენილი დეფექტები შეთანხმებული დროის განმავლობაში, იგი გადაიხდის დეფექტების შესწორების დამკვეთის მიერ დადგენილ ღირებულებას. (ტომი 1, ს.ფ. 108-109) შესაბამისად, უსაფუძვლოა აპელანტის მტკიცება იმის თაობაზე, რომ შესრულების მიღების დროს ხარვეზები არ დაფიქსირდა, რაც ნიშნავს იმას, რომ შესრულებულ სამუშაოში არ იყო ხარვეზები, ხოლო ის ხარვეზები, რაც ექსპლუატაციაში შესვლისას აღმოჩნდა, არ იყო უზრუნველყოფილი საბანკო გარანტიით.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული ხელშეკრულებისა და ფაქტობრივი გარემოებების თანახმად პალატა მიიჩნევს, რომ სამუშაო შესრულებული იყო ხარვეზებით, რომლის აღმოფხვრის ვალდებულებაც გააჩნდა შპს „-----–ი ს---–ს“, რაც მიუხედავად არაერთი მიმოწერისა და შეტყობინებისა მის მიერ არ იქნა გამოსწორებული. საქმის მასალებით არ დგინდება რომ ხარვეზები გამოწვეული იყო არასწორი ექსპუატაციით. ამასთან დეფექტებზე პასუხისმგებლობის მიზნით გაცემული იყო საბანკო გარანტია.

 

პალატა დამატებით განმარტავს, რომ საბანკო გარანტია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უზრუნველყოფის საშუალებაა, რომელიც სხვა უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან განსხვავებით, რიგი თავისებურებებით ხასიათდება. საბანკო გარანტიის ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი ნიშანი, რაც მას უზრუნველყოფის სხვა საშუალებებისაგან გამოარჩევს, არის საბანკო გარანტიის დამოუკიდებლობა ძირითადი ვალდებულებისაგან.

 

სსკ-ის 879-ე მუხლის თანახმად „საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე“, საბანკო გარანტია წარმოადგენს ფულად ვალდებულებას, რომელიც ბენეფიციარს შესაძლებლობას აძლევს, მოვალის (პრინციპალის) მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, გარანტს წერილობით მიმართოს, მოითხოვოს გადახდა და მიიღოს მოთხოვნილი თანხა. მას ამისათვის არ სჭირდება წინასწარ მიმართვა რომელიმე იურისდიქციის ორგანოსთვის თავისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად (სუსგ №ას-1038-999-2016, 2017 წლის 1 თებერვალი). სამოქალაქო კოდექსი საბანკო გარანტიას განიხილავს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთ საშუალებას, რომელიც სხვა უზრუნველყოფის საშუალებებისგან განსხვავდება თავისი დამოუკიდებლობით - არააქცესორულობით, რაც გულისხმობს იმას, რომ ძირითადი ვალდებულება - ხელშეკრულება, რომლის უზრუნველსაყოფადაც საბანკო გარანტია გაიცა, გავლენას ვერ ახდენს ამ უკანასკნელზე (სუსგ №ას-562-871-09, 2009 წლის 20 ოქტომბერი; სუსგ №ას-782-739-2015, 2015 წლის 19 ოქტომბერი; სუსგ №ას-781-996-08, 2009 წლის 17 მარტი). საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე მათ შორის ურთიერთობისას არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც არის ის გაცემული, მაშინაც კი, როცა გარანტია შეიცავს მითითებას ამ ვალდებულებაზე. (სუსგ ას-1778-2018)

 

ამდენად, საბანკო გარანტიის გაცემისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, პრინციპალსა და გარანტს შორის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ბანკი (გარანტი) ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნისთანავე, ბენეფიციარს უპირობოდ გადაუხდის ფულად თანხას. ამასთან, გარანტის მხრიდან ბენეფიციარისათვის ფულადი თანხის გადახდის უპირობო ბუნება განპირობებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 881-ე მუხლით გათვალისწინებული დათქმით მასზედ, რომ საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე მათ შორის ურთიერთობისას არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც არის ის გაცემული, მაშინაც კი, როცა გარანტია შეიცავს მითითებას ამ ვალდებულებაზე.

 

თუმცა, მიუხედავად საბანკო გარანტიის კანონით გათვალისწინებული დამოუკიდებელი (არააქცესორული) ბუნებისა და მისი დამოუკიდებლობისა ძირითადი ვალდებულებისაგან, მისი გაცემის მართლზომიერად მიჩნევის მიზნებისათვის, აუცილებელია, რომ საბანკო გარანტია აკმაყოფილებდეს ასევე ორ მნიშვნელოვან წინაპირობას, კერძოდ, ბენეფიციარის მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები უნდა შეესაბამებოდეს გარანტიის პირობებს და მისი წარდგენა უნდა მოხდეს მხოლოდ გარანტიით განსაზღვრულ ვადაში. მითითებული წესი განმტკიცებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 887-ე მუხლის პირველ ნაწილში, რომლის მიხედვითაც, გარანტმა უარი უნდა უთხრას ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუ ეს მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება გარანტიის პირობებს, ანდა ისინი წარედგინა გარანტს გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ. გარანტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ.

 

საბანკო გარანტია, მიუხედავად მისი სახისა და დანიშნულებისა, პრინციპალის მიერ ბენეფიციარის წინაშე ნაკისრი სხვადასხვა სახის ვალდებულების ჯეროვანი შესრულების გარანტიას წარმოადგენს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 888-ე მუხლის მიხედვით, საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის მიმართ შემოიფარგლება იმ თანხის გადახდით, რომელზედაც გაიცა გარანტია.

 

როგორც საქმის მასალებით დგინდება 08.10.2014 წელს სს „საქართველოს ბანკის“ მიერ გაცემული იქნა დეფექტებზე პასუხისმგებლობის საბანკო გარანტია, სადაც მითითებულია, რომ იმ შემთხვევაში თუ პრინციპალი ვერ შეძლებს ბენეფიციართან გაფორმებული #2---------- კონტრაქტის თანახმად აღმოფხვრას გამოვლენილი ნებისმიერი დეფექტი, თუ იგი არ იქნება გამოწვეული არასწორი ექსპლუატაციით მის მიერ შესრულებულ სამუშაოებზე ქ. ბ------ში, გ------–---–ის ქ. #---ში მდებარე სამშენებლო ობიექტზე #2---------- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებაზე, ან არ შეასრულებს მის მოვალეობებს, რომელსაც ითვალისწინებს კონტრაქტი, სს „საქართველოს ბანკი“ კისრულობს გამოუთხოვად ვალდებულებას, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე, ბენეფიციარის პირველი წერილობითი მოთხოვნის წარდგენისთანავე აუნაზღაუროს მას ნებისმიერი თანხა ან თანხები, მაგრამ არაუმეტეს ჯამში 94.400 ლარი. 2015 წლის 20 ივლისს შპს "გ------–---–-----"-ის ანგარიშზე გადარიცხული იქნა საგარანტიო თანხა 94 400 ლარი.

 

ვინაიდან საბანკო გარანტია განხორციელდა დეფექტებზე პასუხისმგებლობის მიზნით, ხოლო გამოვლენილი დეფექტების აღმოფხვრა არ მოხდა შპს „-----–ი ს---–ის“ მიერ, ამასთან მის მიერ ვერ იქნა დადასტურებული, რომ დეფექტი არასწორი ექსპლუატაციით განხორციელდა, პალატა მიიჩნევს, რომ სრულიად საფუძვლიანად განხორციელდა საბანკო გარანტიის გაცემა შპს "გ------–---–ი 3---ზე. შესაბამისად, უსაფუძვლოა აპელანტის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

 

13. მეორე აპელანტის შპს "გ------–---–ი 3---ის მოთხოვნას წარმოადგენს ვალდებულების დარღვევიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურება, რომლის დამფუძნებელი ნორმაა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილი (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.) ამავე კოდექსის 408-ე მუხლი (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.)

 

აღნიშნულ მოთხოვნასთან მიმართებით პალატა დადგენილად მიიჩნევს წინამდებარე განჩინების 10.1. -10.10. პუნტებს და დამატებით აღნიშნავს, რომ:

 

13.1. საქმეში წარმოდგენილი შპს "გ------–---–-----"-ის ბუღალტრის წერილის თანახმად შპს „-----–ი ს---–ის“ მიერ სამუშაოების ნაკლოვანი და არასრული შესრულების გამოსწორებისთვის შპს "გ------–---–-----"-მა შპს „ბერკეტ დიზაინს“, შპს „ინსტასა“ და შპს „ქლინ ლაინს“ ჯამში გადაურიცხა 99 883.49 ლარი, ხოლო შპს „-----–ი ს---–ის“ 2014 წლის 08 ოქტომბრის დეფექტებზე პასუხისმგებლობის საბანკო გარანტიაზე შპს "გ------–---–-----"-მა გადახდევინების მიქცევით ბანკი გარანტისაგან მიიღო 94 400 ლარი.( ტომი 1, ს.ფ. 148-149)

 

13.2. სარემონტო სამუშაოებისათვის გადახდილი საგადასახადო დავალებების ერთობლიობა ჯამში შეადგენს 90.488.52 ლარს. (ტომი 1, ს.ფ. 157-166)

 

პალატა მოიხმობს სსსკ-ის მე-3 მუხლს, რომლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლენი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. მტკიცების ტვირთზე მითითებას აკეთებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან). (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64; სუსგ ას-1242-2018)

 

პალატა მოიხმობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლს და განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს ორი თვალსაზრისით, მათი სარწმუნოობის და არასარწმუნოობის თვალსაზრისით და იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ეს მტკიცებულება. მტკიცებულებათა შეფასება მოსამართლის შინაგანი რწმენით არ ნიშნავს სრულიად უანგარიშგებო დასკვნების გაკეთების უფლებას. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში უნდა მიუთითოს მოსაზრებაზე, რის გამოც მან ზოგიერთი მტკიცებულება ცნო უტყუარად, ხოლო სხვები სარწმუნოდ. მტკიცებულებათა შეფასება ხორციელდება შემდეგი პრინციპების დაცვით: 1. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით; 2. მტკიცებულებები ფასდება ყოველმხრივ, სრულად (სრული მოცულობით) და მიუკერძოებლად (ობიექტურად); 3. მტკიცებულებათა შეფასებაში სასამართლო თავისუფლება, მისი დამოუკიდებლობა ფაქტისა და უფლების შესახებ საკითხის გადაწყვეტაში უზრუნველყოფილია შემდეგი პრინციპით: არავითარ მტკიცებულებას სასამართლოსათვის არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ნებისმიერი მტკიცებულება სასამართლომ შეიძლება უარყოს და ან პირიქით, მიიღოს, თუ მტკიცებულების ობიექტური შინაარსი შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. საპროცესო კანონმდებლობით თითოეულ მხარეს ევალება წარადგინოს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ისეთი მტკიცებულებები, რომელიც მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის შესატყვისად, აძლევს შესაძლებლობას, კონკრეტული გარემოება თუ ფაქტი დაადასტუროს. სასამართლო მტკიცებულებებს ერთობლივად აანალიზებს და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიდის დასკვნამდე მხარის მოსაზრების დასამტკიცებლად თითოეული მტკიცებულების ვარგისიანობისა და სამართლებრვი წონადობის თაობაზე. კონკრეტულ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი მოსარჩელეზეა, რომელმაც სასამართლოს ვერ წარუდგინა სათანადო ვალიდური მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ შპს "-----–- ს---–ის" მიერ განხორციელებული სამუშაოების ხარვეზების აღმოსაფხვრელად დამატებით გასწია 5483.49 ლარის ხარჯი, რაც მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის წინაპირობებია. საქმეზე წარმოდგენილი სარემონტო სამუშაოებისათვის გადახდილი საგადასახადო დავალებების ერთობლიობა ჯამში შეადგენს მხოლოდ 90.488.52 ლარს. (ტომი 1, ს.ფ. 157-166)

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

14. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტების მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო, დაბრუნებას (ანაზღაურებას) არ ექვემდებარება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. შპს "-----–- ს---–ის" სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. შპს "გ------–---–------ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

3. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება.

 

4. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: დიანა ბერეკაშვილი

 

მოსამართლეები: ქეთევან დუგლაძე

 

მიხეილ გოგიშვილი