განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210017002108208
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/3251-18 28 ივნისი, 2019 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: ქეთევან მესხიშვილი
თამარ ალანია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი - შპს „ნ-----------“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს “ ვ-----------“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 25.01.2018წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 19.04.2018წ. განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების გაუქმება პირაგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში (იხ.: 18.06.2019წ. სხდომის ოქმი 14:23:01 -14:24:23).
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
სასარჩელო მოთხოვნა:
1. მოპასუხისთვის დავალიანების - 22 563.10 ლარის და პირგასამტეხლოს - 10 065.79 ლარის დაკისრება.
სარჩელის საფუძვლები:
2. მხარეთა შორის 28.03.2017წ. გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება სამედიცინო სახარჯ მასალაზე. პროდუქციის ღირებულებამ ჯამში შეადგინა 26 563.10 ლარი, საიდანაც გადახდილია მხოლოდ 4000 ლარი. დარჩენილი 22 563,10 ლარი, რომელიც ხელშეკრულების თანახმად მოპასუხეს უნდა გადაეხადა სასაქონლო ზედნადების ამოწერიდან არაუგვიანეს 14 კალენდარული დღისა, გადახდილი არ არის.
პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 25.01.2018წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების - 22563.10 ლარისა და პირგასამტეხლოს - 10065.79 ლარის გადახდა.
3.1. მოპასუხე მხარის წარმომადგენელს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების დაცვით ეცნობა 2018 წლის 25 იანვარს დანიშნული სხდომის, ასევე მასზე გამოუცხადებლობის შედეგების შესახებ, რაც დასტურდება საქმეში არსებული სატელეფონო აქტით.
3.2. 2018 წლის 25 იანვარს სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ.
3.3. სასამართლომ საქართველოს სსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ჩათვალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნათა მიხედვით, სამართლებრივი თვალსაზრისით, შეაფასა სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად ჩათვლილი ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ მითითებული გარემოებები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე,317-ე, 361-ე, 417-418-ე, მუხლების და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად იურიდიულად ამართლებენ მოსარჩელის მოთხოვნას. ამასთან, არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით, რის გამოც, სასამართლოს მიაჩნია, რომ მიღებული უნდა იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 19.04.2018წ. განჩინებით შპს „ნ-----------ს“ საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
4.1. შპს „ნ-----------ს“ წარმომადგენლს ვ-–-------- ს-------- 2018 წლის 25 იანვარს გასამართი სხდომის შესახებ ეცნობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილი წესით. ეს გარემოება დასტურდება საქმეში არსებული აქტით ტელეფონით სასამართლოში დაბარების შესახებ და არც საჩივრის ავტორი ხდის სადავოდ, რომ სასამართლოს მიერ სათანადო წესით იქნა მოწვეული სხდომაზე.
4.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსთვის გამოუცხადებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
საჩივარში სხდომაზე გამოუცხადებლობის მოტივად დასახელებულია წარმომადგენლის მიერ დაშვებული მექანიკური შეცდომა სხდომის თარიღის ჩანიშვნის დროს. სასამართლოს შეფასებით, საჩივრის ავტორის მიერ დასახელებული გარემოება სსსკ-ის 215-ე მუხლის დანაწესით სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად ვერ განიხილება.
აპელანტის მოთხოვნა და საფუძვლები:
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 25.01.2018წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 19.04.2018წ. განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ სააპელაციო წესით პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა მათი გაუქმება (იხ.: დაზუსტებული სააპელაციო მოთხოვნა, 18.06.2019წ. სხდომის ოქმი 14:23:01 -14:24:23).
6. პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 18.02.2019წ. სააპელაციო სასამართლოს მომართა აპელანტის წარმომადგენელმა და განმარტა, რომ აპელანტის მხირდან სრულად არის შესრულებული ძირითადი თანხის გადახდის ვალდებულება. აპელანტის მიერ წარმოდგენილი იქნა მის მიერ 22 563,10 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრების ასლები. საქმის მასალების გაცნობის შედეგად სააპელაციო პალატამ მიზანშეწონილად მიიჩნია მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენა და დანიშნა სასამართლო სხდომა.
18.06.2019წ. გამართულ სასამართლო სხდომაზე მხარეთა შორის მორიგება ვერ შედგა. ამასთან, ძირითადი ვალდებულების სრულად შესრულების ფაქტი სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოსარჩელის დირექტორმა (18.06.2019წ. სხდომის ოქმი, 13:56:07-13:56:15).
გათვალისწინებით იმისა, რომ აპელანტის მიერ სრულად იქნა გადახდილი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკისრებული დავალიანება, აპელანტმა დააზუსტა სააპელაციო მოთხოვნა და მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების გაუქმება პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში (18.06.2019წ. სხდომის ოქმი 14:23:01 -14:24:23).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმების დასაბუთება:
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
8. აქტით ტელეფონით სასამართლოში დაბარების შესახებ დგინდება, რომ მხარეებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, სატელეფონო საშულებით ჩაბარდათ უწყება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში 25.01.2018წ. 11:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე (ს.ფ. 57,58).
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში 25.01.2018წ. დანიშნულ სასამართლო სხდომაზე მოპასუხის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის საფუძვლით მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების - 22 563.10 ლარისა და პირგასამტეხლოს - 10 065.79 ლარის გადახდა (ს.ფ. 62,63).
10. მოპასუხე (აპელანტი) სადავოდ არ ხდის გარემოებას მასზედ, რომ მას სასამართლო სხდომის თაობაზე ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მოპასუხის წარმომადგენელი მიუთითებდა იმ გარემოებას, რომ მან სხდომის თარიღის ჩანიშვნისას დაუშვა მექანიკური შეცდომა და არასწორად ჩაინიშნა სხდომის თარიღი (თვე). პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ აღნიშნული გარემოება, ასეთის უტყუარად დადასტურების შემთხვევაშიც, ვერ შეფასდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით გათვალისწინებულ სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად და შესაბამისად, არ წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს.
ზემოაღნიშნულის მიუხედავად, პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული მართებულობის საკითხზე:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მეორე ნაწილით, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
როგორც მითითებული ნორმიდან, ისე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავის ზოგადი ანალიზიდან ირკვევა, ზემოაღნიშნულ პირობებთან ერთად, იმისათვის რომ მოსარჩელის მოთხოვნა დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდეს, საჭიროა არსებობდეს ასევე უმთავრესი პირობა - სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებდეს სასარჩელო მოთხოვნას. სარჩელში მითითებული გარემოებები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სასამართლოს მიერ ყოველგვარი გამოკვლევისა და შეფასების გარეშე დამტკიცებულად მიიჩნევა. სასამართლომ უნდა შეაფასოს ის, დადგენილი გარემოებები ქმნის თუ არა მოთხოვნის საფუძვლიანობის მარეგულირებელ მატერიალური ნორმის შემადგენლობას. უარყოფით შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება გამორიცხულია.
განსახილველ შემთხვევაში უნდა შეფასდეს მოპასუხისთვის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით პირგასამტეხლოს დაკისრების მართლზომიერება.
პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ამ თუ იმ ოდენობის პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, სამართლებრივი შეფასების საკითხია, შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილია, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, მოპასუხის არგამოცხადების პირობებშიც იმსჯელოს მისი გონივრულობის საკითხზე (იხ.: სუსგ საქმეზე №ას-1125-1072-2014; 29 მაისი, 2015 წელი).
მოცემულ შემთხვევაში პალატას მიაჩნია, რომ სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული გარემოებები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლების შესაბამისად იურიდიულად არ ამართლებს აპელანტის მოთხოვნას პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში სარჩელის სრულად დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით. პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასება უნდა მოხდეს სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი (იურიდიული) მართებულობის შემოწმების ჭრილში.
11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას ითვალისწინებს როგორც კრედიტორის ინტერესს ვალდებულების შესრულების მიმართ, ასევე სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობას ძირითად თანხასთან მიმართებაში. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს გარემოებებს იმის შესახებ, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი განაკვეთი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.
განსახილველ შემთხვევაში პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ძირითადი თანხა, 22 563,10 ლარი, რომელიც მოპასუხეს დაეკისრა დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხის მიერ სრულად არის გადახდილი. ძირითადი ვალდებულების სრულად შესრულების ფაქტი სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოსარჩელის დირექტორმაც (18.06.2019წ. სხდომის ოქმი, 13:56:07-13:56:15). სააპელაციო საჩივრის ავტორი პრეტენზიას აცხადებს მხოლოდ დაკისრებულ პირგასამტეხლოზე 10 065.79 ლარის ოდენობით.
სააპელაციო პალატას ხელშეკრულების საერთო ღირებულების, შეუსრულებელი ვალდებულების ნაწილის და ვადის დარღვევის ხარისხიდან გამომდინარე მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო - 10 065.79 ლარის ოდენობით ძირითად თანხასთან მიმართებაში წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას და იგი უნდა შემცირდეს 5 032,89 ლარამდე (უნდა განახევრდეს). სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული ოდენობით პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერ, გონივრული ოდენობას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 25.01.2018წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 19.04.2018წ. განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ უნდა გაუქმდეს მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს სახით 10065.79 ლარის დაკისრების ნაწილში და შპს „ნ--- გ-----ს“ შპს “ ვ-----------ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 5032,89 ლარის ოდენობით.
12. სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია როგორც ძირითადი დავალიანების, ისე პირგასამტეხლოს ნაწილში, 1305.15 ლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სასამართლო სხდომაზე აპელანტმა დააზუსტა სააპელაციო მოთხოვნა და მოითხოვა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების გაუქმება მხოლოდ პირგასამტეხლოს, 10 065.79 ლარის დაკისრების ნაწილში (იხ.: 18.06.2019წ. სხდომის ოქმი 14:23:01 -14:24:23). ამდენად აპელანტს უნდა დაუბრუნდეს ძირითადი დავალიანების ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 902.52 ლარის ოდენობით (22 563,10-ის 4%). რაც შეეხება დარჩენილ სახელმწიფო ბაჟს, 402,63 ლარის ოდენობით, ვინაიდან კმაყოფილდება სააპელაციო მოთხოვნის 50%, აპელანტის მოწინააღმდგე მხარეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 201.31 ლარის ოდენობით (402,63-ის 50%).
ვინაიდან წინამდებარე გადაწყვეტილებით პირაგასამტეხლოს სახით მოპასუხეს ეკისრება 5032,89 ლარის გადახდა, ნაცვლად 10 065.79 ლარისა, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 982 ლარის დაკისრების ნაწილში და მოპასუხეს უნდა დაეკისროს სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის გადახდა 831,02 ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს „ნ-----------ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 25.01.2018წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 19.04.2018წ. განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში, ასევე სახელმწიფო ბაჟის სახით 982 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. შპს „ნ--- გ-----ს“ შპს “ ვ-----------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 5032,89 ლარის ოდენობით.
4. შპს „ნ--- გ-----ს“ შპს “ ვ-----------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის გადახდა 831,02 ლარის ოდენობით.
შპს “ ვესტფარმს“ შპს „ნ-----------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს სააპელაციო საჩვარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ანაზღაურება 201.31 ლარის ოდენობით.
5. შპს „ნ--- გ-----ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკან დაუბრუნდეს სააპელაციო საჩვარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 902.52 ლარის ოდენობით.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: თამარ ალანია
ქეთევან მესხიშვილი