განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 30.11.2018
საქმის ნომერი
330310017002104292
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
30.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №3ბ/2478-18 30 ნოემბერი, 2018 წელი

№ 330310017002104292 თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - თეა ძიმისტარაშვილი

 

აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე)- ნ--------–---

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თერჯოლის რაიონული განყოფილება

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ქმედების განხორციელების დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

1. აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით ნ--------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თერჯოლის რაიონული განყოფილების 2017 წლის 23 მარტის №0----------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 04 სექტემბრის №0------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაეკისრა მოსარჩელე - ნ--------–--ის სასარგებლოდ მიუღებელი პენსიის ჯამში 6040 ლარის ანაზღაურება.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. დადგენილია, რომ ნ--------–---ს (დაბ. 06.05.1953 წ.) სოციალური მომსახურების სააგენტოს თერჯოლის რაიონული განყოფილების მიერ დანიშნული ჰქონდა სახელმწიფო პენსია ასაკის საფუძვლით 2013 წლის 1 ივნისიდან.

 

ასევე დადგენილია რომ, ს.ს. „ლ-------- ბანკის“ თერჯოლის ფილიალის 2014 წლის 25 ივნისის №-- წერილით, სოციალური მომსახურების სააგენტოს თერჯოლის რაიონულ განყოფილებას ეცნობა, რომ ბენეფიციარის - ნ--------–--ის ანგარიშიდან 6 თვის განმავლობაში არ განხორციელებულა აქტიური ოპერაცია. მითითებული საფუძვლით კი ნ--------–---ს სოციალური მომსახურების სააგენტოს თერჯოლის რაიონული განყოფილების მიერ 2014 წლის 1 ივლისიდან შეუჩერდა პენსიის ჩარიცხვა.

 

აღნიშნულის თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თერჯოლის რაიონული განყოფილების მიერ, 2017 წლის 23 მარტს, ნ--------–---ს გაეგზავნა №0------------- წერილი. მოცემულ წერილში მითითებული იყო, რომ პენსიის შეჩერებიდან გასული იყო ერთ წელზე მეტი. სახელმწიფო გასაცემლის ჩარიცხვის შეჩერებიდან 1 წლის გასვლის შემდეგ მოქმედი კანონმდებლობით გასაცემლის აღდგენის შესახებ განცხადებით მიმართვის შემთხვევაში მხარეს აუნაზღაურდებოდა თანხა შეჩერებიდან არა უმეტეს 12 თვისა, ხოლო შეჩერებიდან 3 წლის გასვლის შემდეგ არ აუნაზღაურდებოდა არც ერთი თვე და მოხდებოდა პენსიის ხელახალი დანიშვნა განყოფილებაში მიმართვის თვის 1 რიცხვიდან.

 

საქართველოს ფოსტის 2017 წლის 30 აგვისტოს №POST 1------------ წერილით დადგენილია რომ შპს „საქართველოს ფოსტას“ ელექტრონულ სააღრიცხვო პროგრამაში დაცული მონაცემების მიხედვით, 2017 წლის 1 მარტიდან 2017 წლის 31 მარტის ჩათვლით პერიოდში, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (გამომგზავნი) მიერ, მოქალაქე - ნ--------–--ის (მისამართზე: თერჯოლა, სოფელი რ--------ი) სახელზე წერილობითი კორესპონდენციის გაგზავნის შესახებ ფიქსირდება, რომ 24.03.2017 წელს დაბრუნდა სტატუსით „ადრესატი ვერ მოიძებნა“.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თერჯოლის რაიონული განყოფილების 2017 წლის 1 სექტემბრის #0------------ წერილით დადგენილია, რომ 2017 წლის აგვისტოს თვის სახელმწიფო პენსიის განაცხადის ფორმირების დროს, პროგრამულად (პროექტი „პენსია 2005“), ბენეფიციარ - ნ---------–--ეს დაუფიქსირდა უკვე შეჩერებული სახ. პენსიის შეწყვეტა 01.07.2017-დან, კოდით - 39 (შეწყვეტა - 3 წლის შეჩერების გამო). აღნიშნულის გამო, განყოფილების მიერ შემოწმებულ იქნა პიროვნების საძიებო სისტემაში მონაცემები და გაირკვა, რომ ველში - „დოკუმენტის მდგომარეობა“ უფიქსირდებოდა - „გაუქმებული“ დოკუმენტის ვადის გასვლის გამო. იმავდროულად განყოფილების მიერ, სოფელ რ--------ის ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციიდან მოძიებული იქნა აღნიშნული პიროვნების შესახებ ინფორმაცია (შესაძლო ადგილსამყოფელისა და პიროვნების სტატუსის დასადგენად), იმის გათვალისწინებითაც, რომ საქართველოს ფოსტის მიერ აღნიშნული შეტყობინება არ იქნა ჩაბარებული ნ--------–--ისათვის ადრესატის მოუძიებლობის გამო.

 

ამავე წერილში აღნიშნულია, რომ 2017 წლის აგვისტოს თვეში, სოფ. რ--------ის ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ერთად განყოფილებაში გამოცხადდა მოქალაქე - ნ--------–---, რომელსაც განემარტა, რომ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დამზადებისა და განყოფილებაში განცხადებით მიმართვის შემდეგ განყოფილება განიხილავდა მასზე სახელმწიფო პენსიის დანიშვნის საკითხს, ხოლო გასული პერიოდის მიუღებელი თანხის ანაზღაურება მოქმედი კანონმდებლობით ვერ მოხდებოდა.

 

ასევე დადგენილია, რომ 2017 წლის 25 აგვისტოს ნ--------–---მ №2--- განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თერჯოლის რაიონულ განყოფილებას და მოითხოვა სახელმწიფო პენსიის დანიშვნა, რომელიც დაკმაყოფილდა 2017 წლის 30 აგვისტოს №2----2----- გადაწყვეტილებით.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 4 სექტემბრის №0------- წერილით ნ--------–---ს განემარტა, რომ სახელმწიფო გასაცემლების მიმღებთა ერთიანი სააღრიცხვო ბაზის და სოციალური მომსახურების სააგენტოს თერჯოლის რაიონული განყოფილების ინფორმაციით, განმცხადებელს სახელმწიფო პენსიის ჩარიცხვა შეუჩერდა 2014 წლის 1 ივლისიდან, ბანკიდან ზედიზედ 6 თვის განმავლობაში პენსიის მიუღებლობის მიზეზით და 2017 წლის 1 ივლისიდან პენსია ჩაითვალა შეწყვეტილად, შეჩერებიდან სამ წლიანი ვადის გასვლის გამო, მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით. განმცხადებელს განემარტა, რომ შეწყვეტის საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ, სააგენტოში განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან მიიღებოდა გადაწყვეტილება საპენსიო პაკეტის დანიშვნის და/ან დანიშვნაზე უარის თქმის თაობაზე და არ ანაზღაურდებოდა წარსული დროის მიუღებელი თანხა.

 

განმცხადებელს დამატებით ეცნობა, რომ სააგენტოს თერჯოლის რაიონული განყოფილების მიერ, 2017 წლის 23 მარტს გაეგზავნა შეტყობინება (№0-----------), რომლითაც განმარტებული იყო, რომ 2014 წლის 1 ივლისიდან შეჩერებული სახელმწიფო პენსიის აღდგენის შესახებ განცხადებით მიმართვის შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, განუახლდებოდა სახელმწიფო პენსიის ჩარიცხვა, მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და აუნაზღაურდებოდა მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა პენსიის შეჩერების დღიდან (საფუძველი: „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-16 მუხლი, მე-2 პუნქტი). ასევე განემარტა, რომ გასაცემლის შეჩერებიდან 3 წლის გასვლის შემდეგ შეუწყდებოდა სახელმწიფო პენსია და არ აუნაზღაურდებოდა გასული პერიოდის არც ერთი თვე. მაგრამ საქართველოს ფოსტის მიერ, ზემოხსენებული შეტყობინება ვერ იქნა ჩაბარებული მხარისათვის ადრესატის მოუძიებლობის გამო.

 

განმცხადებელს ასევე განემარტა, რომ თერჯოლის რაიონული განყოფილების ინფორმაციით, განმცხადებელმა პენსიის დანიშვნის მოთხოვნით სააგენტოს მიმართა 2017 წლის 25 აგვისტოს. შესაბამისად, საპენსიო პაკეტის დანიშვნა განხორციელდა 2017 წლის 1 სექტემბრიდან.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

სასამართლომ განმარტა შემდეგი:

 

2.2. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის, პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სასამართლომ, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე მიიჩნია რომ მოსარჩელის მიერ სადაოდ გამხდარი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თერჯოლის რაიონული განყოფილების 2017 წლის 23 მარტის №0----------- წერილი და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 4 სექტემბრის №0------- წერილი, შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მათი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

ამდენად, სასამართლომ უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან მოსარჩელის მოთხოვნა, მოპასუხისათვის განაცდური სახელმწიფო პენსიის - 6 040 ლარის ანაზღაურების თაობაზე.

 

2.3. სასამართლომ მიუთითა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონზე (2014 წლის 6 ივნისის რედაქცია), რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს კანონი არეგულირებს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტის და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ეს კანონი ვრცელდება: ა) საქართველოს მოქალაქეებზე; ბ) საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებზე; გ) პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადების შეტანის მომენტისათვის ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერ საფუძველზე მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე.

 

აღნიშნული კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის - 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან.

 

სასამართლომ მოიხმო ასევე „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესი (დანართი №1).

 

მითითებული წესის (2014 წლის 8 მაისის რედაქცია) მე-2 მუხლის თანახმად, პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული

საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ახდენს პენსიის დანიშვნას, მისი გაცემის ორგანიზებას, შეჩერებას, განახლებას, შეწყვეტას და გადაანგარიშებას, აგრეთვე პენსიის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირებას და კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად.

 

განსახილველ შემთხვევაში ნ---------–--ეს (დაბ. 06.05.1953 წ.) სოციალური მომსახურების სააგენტოს თერჯოლის რაიონული განყოფილების მიერ დანიშნული ჰქონდა სახელმწიფო პენსია ასაკის საფუძვლით 2013 წლის 1 ივნისიდან.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ--------–---ს სოციალური მომსახურების სააგენტოს თერჯოლის რაიონული განყოფილების მიერ, 2014 წლის 1 ივლისიდან შეუჩერდა სახელმწიფო პენსიის დარიცხვა, ხოლო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 4 სექტემბრის №0------- წერილით დადგენილია, რომ ნ--------–---ს, 2017 წლის 1 ივლისიდან პენსია ჩაეთვალა შეწყვეტილად, შეჩერებიდან სამ წლიანი ვადის გასვლის გამო.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ შესაფასებელია, რამდენად კანონიერად მოხდა მოსარჩელისათვის სახელმწიფო პენსიის გაცემის შეჩერება, ხოლო მოგვიანებით მისი შეწყვეტა. ასევე, შესაფასებელია უნდა აუნაზღაურდეს თუ არა მოსარჩელე მხარეს მისთვის შეჩერებიდან მიუღებელი პენსია.

 

2.4. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის მე-8 მუხლით განსაზღვრულია პენსიის შეჩერებისა და განახლების საფუძვლები. კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პენსია შეჩერდება მითითებული საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან: პენსიონერის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობის, ანუ როდესაც არ ხდება მისი კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან თანხის გატანა ზედიზედ 6 თვის განმავლობაში.

 

ანალოგიურ დათქმას ითვალისწინებს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი: პენსია (მხოლოდ ფულადი სარგებელი) შეჩერდება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან პირის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობისას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პენსია (მხოლოდ ფულადი სარგებელი) განახლდება მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და ანაზღაურდება მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა პენსიის შეჩერების დღიდან ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − პენსიონერის მიერ კომპეტენტური ორგანოსთვის პენსიის განახლების თაობაზე განცხადების წარდგენის შემდეგ.

რაც შეეხება სახელმწიფო პენსიის შეწყვეტის საფუძვლებს აღნიშნული გათვალისწინებულია მითითებული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით. კერძოდ, მითითებული პუნქტის თანახმად, პენსია (მხოლოდ ფულადი სარგებელი) შეწყდება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, ზ) თუ ამ პუნქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული პენსიის შეჩერების დღიდან 3 წლის გასვლის შემდეგ.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნ--------–---ს, სოციალური მომსახურების სააგენტოს თერჯოლის რაიონული განყოფილების მიერ, 2014 წლის 1 ივლისიდან შეუჩერდა პენსიის ჩარიცხვა ს.ს. „ლ-------- ბანკის“ თერჯოლის ფილიალის 2014 წლის

25 ივნისის №-- წერილით მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, რომ ბენეფიციარის - ნ--------–--ის ანგარიშიდან 6 თვის განმავლობაში არ განხორციელებულა აქტიური ოპერაცია. ასევე დადგენილია, რომ აღნიშნულის თაობაზე ნ--------–---ს გაეგზავნა შეტყობინება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თერჯოლის რაიონული განყოფილების მიერ 2017 წლის 23 მარტს, თუმცა საქართველოს ფოსტის მიერ ვერ განხორციელდა აღნიშნული გზავნილის ჩაბარება

„ადრესატის ვერ მოძიების“ საფუძვლით (ს.ფ. 25-26). ამასთან, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 4 სექტემბრის №0------- წერილით დადგენილია, რომ ნ--------–---ს, 2017 წლის 1 ივლისიდან პენსია ჩაეთვალა შეწყვეტილად, შეჩერებიდან სამ წლიანი ვადის გასვლის გამო.

 

2.5. სასამართლომ აღნიშნა, რომ კანონით განსაზღვრული სახელმწიფო პენსიის გაცემის შეჩერება-შეწყვეტის საფუძვლები წარმოადგენენ კონკრეტული პირის მიმართ სახელმწიფო გასაცემლის შეჩერება-შეწყვეტის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის პირობას და არა თავად ინდივიდუალურ აქტებს. ის გარემოება, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის დანაწესის თანახმად, პენსია შეჩერდება კანონით გათვალისწინებული შეჩერების ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, არ ნიშნავს იმას, რომ კანონით გათვალისწინებული შეჩერების საფუძვლის წარმოშობის შემთხვევაში არ არსებობს სახელმწიფო პენსიის შეჩერების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საჭიროება. ამდენად, სახელმწიფო გასაცემელთან დაკავშირებით ურთიერთობის შინაარსის კონკრეტულად განსაზღვრა ხდება ინდივიდუალური აქტის გამოცემით.

 

სასამართლომ განმარტა, რომ პირის უფლებებისა და მოვალეობების დაწესების, შეცვლის, შეწყვეტის ან დადასტურებისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის მომზადება, გამოცემა და აღსრულება, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტა უკავშირდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული პროცედურის ჩატარებას, თუ სპეციალური კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აქტის გამოცემის პროცესში დაიცვას ამ კოდექსით დადგენილი, მოცემულ შემთხვევაში მარტივი ადმინისტრაციული წარმოების მოთხოვნები, როგორიცაა წარმოებაში დაინტერესებული მხარის მონაწილეობის უზრუნველყოფა, საქმის გარემოებების

სრულყოფილი გამოკვლევა და სხვ. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ნოემბრის №ბს-575-572(კ-17) გადაწყვეტილება).

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არ არის წარმოდგენილი სახელმწიფო პენსიის გაცემის შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ მიღებული აქტები და მათი მოსარჩელისათვის გადაცემის ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნის დამადასტურებელი მტკიცებულება. სახელმწიფო პენსიის გაცემის შეჩერების თაობაზე მხოლოდ 2017 წლის

23 მარტს გაეგზავნა ინფორმაცია მოსარჩელე მხარეს, რომელიც ვერ ჩაბარდა ადრესატს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, ხოლო შეჩერებიდან

3 წლიანი ვადის გასვლის შემდგომ მას შეუწყდა სახელმწიფო პენსიის გაცემა.

 

2.6 სასამართლომ ასევე განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს თავის დროზე რომ ჩეტარებინათ ადმინისტრაციული წარმოება და მოეწვიათ ნ---------–--ე, მათთვის ცნობილი გახდებოდა, რომ ეს უკანასკნელი აპირებდა საცხოვრებელ სახლში რემონტის გაკეთებას და ამის გამო არ იღებდა პენსიას სს ,,ლ-------- ბანკიდან" და აგროვებდა ფულს.

 

ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, პენსიის შეჩერების პერიოდში რომ მომხდარიყო ნ--------–--ის ინფორმირება პენსიის გაცემის შეჩერებასთან და შეჩერების მიზეზთან დაკავშირებით, არ დადგებოდა ის გარემოება, რამაც განაპირობა მოგვიანებით პენსიის გაცემის შეწყვეტა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე მხარისათვის არ იყო ცნობილი სახელმწიფო პენსიის შეჩერების თაობაზე, კანონსაწინააღმდეგოა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თერჯოლის რაიონული განყოფილების 2017 წლის 23 მარტის №0----------- წერილი და ასევე, სახელმწიფო პენსიის შეწყვეტის თაობაზე მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 4 სექტემბრის №0------- წერილი, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და განსახილველ შემთხვევაში ადგილი აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევას, რის გამოც არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხისათვის განაცდური სახელმწიფო პენსიის - 6 040 ლარის ანაზღაურების თაობაზე, სასამართლომ მიუთითა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის/ საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, შეჩერებული კომპენსაცია განახლდება მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და ანაზღაურდება მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა კომპენსაციის შეჩერების დღიდან ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − კომპენსაციის მიმღები პირის მიერ კომპეტენტური ორგანოსთვის კომპენსაციის განახლების თაობაზე განცხადების წარდგენის შემდეგ.

 

2.7. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრულია პენსიის ოდენობა. კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პენსიის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით.

 

„საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ასაკით პენსიონერისათვის სახელმწიფო პენსიის ფულადი ოდენობა განისაზღვროს 150 ლარის ოდენობით. „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ასაკით პენსიონერისათვის სახელმწიფო პენსიის ფულადი ოდენობა განისაზღვროს: ა) 2015 წლის 1 სექტემბრამდე – 150 ლარით; ბ ) 2015 წლის 1 სექტემბრიდან – 160 ლარით. „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ასაკით პენსიონერისათვის სახელმწიფო პენსიის ფულადი ოდენობა განისაზღვროს: ა) 2016 წლის 1 ივლისამდე – 160 ლარით; ბ) 2016 წლის 1 ივლისიდან – 180 ლარით.

„საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ასაკით პენსიონერისათვის სახელმწიფო პენსიის ფულადი ოდენობა განისაზღვროს 180 ლარით.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე - ნ--------–---ს, 2014 წლის 1 ივლისიდან შეუჩერდა სახელმწიფო პენსიის ჩარიცხვა, ხოლო დარიცხვა განუახლდა

2017 წლის 1 სექტემბრიდან. შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდში მოსარჩელეს არ ჩარიცხვია სახელმწიფო პენსია, რაც საერთო ჯამში შეადგენს - 6 040 ლარს (2014 წელი - 900 ლარი, 2015 წელი - 1 840 ლარი, 2016 წელი - 2 040 ლარი და 2017 წელი - 1 260 ლარი).

 

ამდენად, იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს მიერ უკანონოდ იქნა მიჩნეული მოსარჩელისათვის სახელმწიფო პენსიის შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებები, სასამართლომ მიიჩნია, რომ საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის განაცდური სახელმწიფო პენსიის ანაზღაურების თაობაზე. ამდენად, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. აპელანტი აღნიშნავს, რომ ,,სახელმწიფო პენსიის შესახსებ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პენსია (მხოლოდ ფულადი სარგებელი) შეჩერდება ქვემოთ ჩამოთვლითაგან ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. პირის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობისას, ანუ როდესაც არ ხდება მისი კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან თანხის გატანა ზედიზედ 6 თვის განმავლობაში. ამავე ნორმის მე-2 პუნქტის თანახმად, პენსია (მხოლოდ ფულადი სარგებელი) განახლდება მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და ანაზღაურდება მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა პენსიის შჩერების დღიდან. იმ შემთვევაში, თუ პენსიის შეჩერებიდა გასულია სამწლიანი ვადა, პენსია ჩაითვლება შეწყვეტილად და გასული პერიოდის თანხები არ ანაზღაურდება (,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტი).

 

აპელანტი განმარტავს, რომ სახელმწიფო გასაცემლების მიმღებთა ერთიანი სააღრიცხვო ბაზის და სოციალური მომსახურების სააგენტოს თერჯოლის რაიონული განყოფილების ინფორმაციით, ნ--------–---ს სახელმწიფო პენსიის ჩარიცხვა შეუჩერდა 2014 წლის 1 ივლისიდან, ბანკიდან ზედიზედ 6 თვის განმავლობაში პენსიის მიუღებლობის მიზეზით და 2017 წლის 01 ივლისიდან პენსია ჩაითვალა შეწყვეტილად, შეჩერებიდან სამწლიანი ვადის გასვლის გამო, მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.

 

აპელანტი აღნიშნავს, რომ შეწყვეტის საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ, სააგენტოში განცხადებისა და საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან მიიღება გადაწყვეტილება საპენსიო პაკეტის დანიშვნის ან/და დანიშვნაზე უარის თქმის თაობაზე და არ ანაზღაურდება წარსული დროის მიუღებელი თანხა. სააგენტოს თერჯოლის რაიონული განყოფილების მიერ 2017 წლის 23 მარტს ნ--------–---ს გაეგზავნა შეტყობინება (N0-----------) და განემარტა, რომ 2014 წლის პირველი ივლისიდან შეჩერებული სახელმწიფო პენსიის აღდგენის შესახებ განცხადებით მომართის შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, განუახლდებოდა სახელმწიფო პენსიის ჩარიცხვა მომდევნო თვის პირველი რიცვიდან და აუნაზღაურდებოდა მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა პენსიის შეჩერების დღიდან. ასევე განემარტა, რომ გასაცემლის შეჩერებიდან 3 წლის გასვლის შემდეგ შუწყდებოდა სახელმწიფო პენსია და არ აუნაზღაურდებოდა გასული პერიოდის არც ერთი თვე. მაგრამ საქართველოს ფოსტის მიერ შეტყობინება არ იქნა ჩაბარებული ადრესატის მოუძიებლობის გამო.

 

აპელანტი განმარტავს, რომ თერჯოლის რაიონული განყოფილების ინფორმაციით, მოსარჩელემ პენსიის დანიშვნის მოთხოვნით განყოფილებას მიმართა 2017 წლის 25 აგვისტოს, შესაბამისად, პაკეტის დანიშვნა განხორციელდა 1 სექტემბრიდან.

 

აპელანტი მიიჩნევს, რომ აღნიშნულის გათვალისწინებით არ არსებობს საგენტოს 2017 წლის 0------- გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექის 60(1) მუხლით გათვალისწინებული ბათილობის საფუძველი. ვინაიდან აქტი სრულიად შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას. ხოლო თერჯოლის რაიონული განყოფილების 2017 წლის 23 მარტის N0----------- წერილი წარმოადგენს შეტყობინებას და საინფორმაციო ხასიათისაა. ასევე უსაფუძვლოა სასამართლოს მსჯელობა გასული პერიოდის თანხმების ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

4.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

4.2. სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32) გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.

 

აქვე სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (N.3) §§ 38-42)

 

4.3. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასამართლომ სრულად და ყოველმხრივ გამოიკვლია დავასთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; ასევე, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის სრულად დასაბუთებული და იგი იძლევა მკაფიო შესაძლებლობას, მონაწილე მხარეებმა გაიგონ, თუ რატომ დაუჭირა მხარი სასამართლომ მოსარჩელის პოზიციას. სააპელაციო პალატა მიუთითებს საქმეში არსებულ გარემოებებზე:

 

განსახილველ შემთხვევაში ნ---------–--ეს (დაბ. 06.05.1953 წ.) სოციალური მომსახურების სააგენტოს თერჯოლის რაიონული განყოფილების მიერ დანიშნული ჰქონდა სახელმწიფო პენსია ასაკის საფუძვლით 2013 წლის 1 ივნისიდან.

 

დადგენილია, რომ ნ--------–---ს სოციალური მომსახურების სააგენტოს თერჯოლის რაიონული განყოფილების მიერ, 2014 წლის 1 ივლისიდან შეუჩერდა სახელმწიფო პენსიის დარიცხვა, ხოლო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 4 სექტემბრის №0------- წერილით დადგენილია, რომ ნ--------–---ს, 2017 წლის 1 ივლისიდან პენსია ჩაეთვალა შეწყვეტილად, შეჩერებიდან სამ წლიანი ვადის გასვლის გამო.

 

სადავო საკითხის გადაწყვეტის მიზნით, უნდა შეფასდეს რამდენად კანონიერად მოხდა მოსარჩელისათვის სახელმწიფო პენსიის გაცემის შეჩერება, ხოლო მოგვიანებით მისი შეწყვეტა. ასევე, შესაფასებელია უნდა აუნაზღაურდეს თუ არა მოსარჩელე მხარეს მისთვის შეჩერებიდან მიუღებელი პენსია.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონზე (2014 წლის 6 ივნისის რედაქცია), რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს კანონი არეგულირებს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტის და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ეს კანონი ვრცელდება: ა) საქართველოს მოქალაქეებზე; ბ) საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებზე; გ) პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადების შეტანის მომენტისათვის ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერ საფუძველზე მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე.

 

აღნიშნული კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის - 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან.

 

პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის მე-8 მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია პენსიის შეჩერებისა და განახლების საფუძვლები. კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პენსია შეჩერდება მითითებული საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან: პენსიონერის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობის, ანუ როდესაც არ ხდება მისი კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან თანხის გატანა ზედიზედ 6 თვის განმავლობაში.

 

ანალოგიურ დათქმას ითვალისწინებს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი: პენსია (მხოლოდ ფულადი სარგებელი) შეჩერდება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან პირის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობისას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პენსია (მხოლოდ ფულადი სარგებელი) განახლდება მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და ანაზღაურდება მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა პენსიის შეჩერების დღიდან ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − პენსიონერის მიერ კომპეტენტური ორგანოსთვის პენსიის განახლების თაობაზე განცხადების წარდგენის შემდეგ.

 

რაც შეეხება სახელმწიფო პენსიის შეწყვეტის საფუძვლებს აღნიშნული გათვალისწინებულია მითითებული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით. კერძოდ, მითითებული პუნქტის თანახმად, პენსია (მხოლოდ ფულადი სარგებელი) შეწყდება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, ზ) თუ ამ პუნქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული პენსიის შეჩერების დღიდან 3 წლის გასვლის შემდეგ.

 

პალატა მიუთითებს საკასაციო სასამართლოს განმარტებაზე (საქმე ბს-365-360 (კ-16) 25 მაისი, 2017 წელი) კერძოდ, ვინაიდან „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონი პენსიის ადმინისტრირებაზე უფლებამოსილ ორგანოს ავალდებულებს პენსიის დანიშვნა-არდანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით, დანიშნული პენსიის შეჩერება-შეწყვეტის საკითხებიც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის გზით უნდა წყდებოდეს, აღნიშნულზე „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონში და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.06წ. N46/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესში“ პირდაპირი მითითების არ არსებობის მიუხედავად.

 

კანონით განსაზღვრული სახელმწიფო პენსიის გაცემის შეჩერება-შეწყვეტის საფუძვლები თავისთავად არ წარმოადგენენ დამოუკიდებელ ინდივიდუალურ რეგულაციას, ისინი წარმოადგენენ კონკრეტული პირის მიმართ სახელმწიფო გასაცემლის შეჩერება-შეწყვეტის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემის პირობას და არა თავად ინდივიდუალურ აქტებს. ის გარემოება, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის დანაწესის თანახმად პენსია შეჩერდება კანონით გათვალისწინებული შეჩერების ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, არ ნიშნავს იმას, რომ კანონით გათვალისწინებული შეჩერების საფუძვლის წარმოშობის შემთხვევაში არ არსებობს სახელმწიფო პენსიის შეჩერების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემის საჭიროება.

 

მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების, ანუ შეჩერებისა და შეწყვეტის აქტების გამოცემის პროცედურის დაცვის შემთხვევაში დადგებოდა იგივე შედეგი. აპელანტს ამ მიმართებით რაიმე არგუმენტაცია არ წარმოუდგენია. ამდენად, ადგილი აქვს ისეთ მნიშვნელოვან პროცედურულ დარღვევას, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

 

პალატა განმარტავს, რომ გამარტივებული წარმოება, პროცედურის ეკონომიურობისა და ეფექტურობის მოთხოვნები, არ გულისხმობს ადრესატისათვის აქტის გამოცემის საფუძვლების და გამოცემული აქტის შესახებ ინფორმაციის შეუტყობინებლობას, მით უფრო სოციალური დაცვის სამართალწარმოებაში აუცილებელი განსაკუთრებული კეთილსინდისიერების მოთხოვნის (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება 24.06.1993წ. N14518/89 საქმეზე „შულერ-ზგრაგენი შვეიცარიის წინააღმდეგ“(Schuler- Zgraggen v. Switzerland, §58); 12.11.02წ. N28394/95 გადაწყვეტილება „დორი შვედეთის წინააღმდეგ“(Dory v. Sweden, §41)), აგრეთვე „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონით განსაზღვრული საყოველთაობის, მუდმივობის, პენსიის მიღების სახელმწიფო გარანტიის პრინციპების (მე-3 მუხ.) გათვალისწინებით.

 

პალატას მიაჩნია, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს თავის დროზე რომ ჩაეტარებინათ ადმინისტრაციული წარმოება და მოეწვიათ ნ---------–--ე, მათთვის ცნობილი გახდებოდა, რომ ეს უკანასკნელი აპირებდა საცხოვრებელ სახლში რემონტის გაკეთებას, ამის გამო არ იღებდა პენსიას სს ,,ლ-------- ბანკიდან" და აგროვებდა ფულს. ასევე პენსიის შეჩერების პერიოდში რომ მომხდარიყო ნ--------–--ის ინფორმირება პენსიის გაცემის შეჩერებასთან და შეჩერების მიზეზთან დაკავშირებით, არ დადგებოდა ის გარემოება, რამაც განაპირობა მოგვიანებით პენსიის გაცემის შეწყვეტა. სააპელაციო პალატა ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს მსჯელობას, რომ კანონსაწინააღმდეგოა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თერჯოლის რაიონული განყოფილების 2017 წლის 23 მარტის №0----------- წერილი და ასევე, სახელმწიფო პენსიის შეწყვეტის თაობაზე მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 4 სექტემბრის №0------- წერილი, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რის გამოც პალატას მიაჩნია, რომ სახეზეა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძველი. ხოლო იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს მიერ უკანონოდ იქნა მიჩნეული მოსარჩელისათვის სახელმწიფო პენსიის შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებები, პალატას მიაჩნია, რომ საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის განაცდური სახელმწიფო პენსიის ანაზღაურების თაობაზე.

და პალატის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მართებულად იქნა დაკმაყოფილებული ნ--------–--ის სარჩელი.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის დასკვნები სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1.საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, აპელანტი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილი