განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 020310017002008164
საქმე N3/ბ-55-19წ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
15 ივლისი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე (მომხსენებელი)
მურთაზ მეშველიანი, ნანა კალანდაძე
სხდომის მდივანი ონისე გურეშიძე
აპელანტი (მოპასუხე) – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი – ნ-------------
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე)
1. თ-------------------
წარმომადგენელი – მ------------------–---–-
მესამე პირები:
1. შპს ,,გ-------------------------’’
წარმომადგენელი – ს--–--------------–--
2. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი – ლ--–-------------
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით თ-------------------ს სარჩელის უარყოფა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1. 2017 წლის 12 ივლისს თ-------------------მ სარჩელით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ, რომლითაც ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის განმუხურის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის 2017 წლის 07 ივნისის N4--------------------- ოქმის გაუქმების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის 2017 წლის 09 ივნისის N-- ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა;
მოსარჩელის განმარტებით, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია ყოველგვარი ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთების გარეშე; კერძოდ, 2017 წლის 30 მაისს მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომლითაც მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია. წარადგინა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი. თავის მხრივ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 31.05.2017 წ. მიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაედასტურებინა უფლების დამდგენ დოკუმენტსა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. დათვალიერების ოქმის საფუძველზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა ადმინისტრაციულ ერთეულში გამოსცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – 2017 წლის 7 ივნისის ბრძანება N--, რომლითაც დაადგინა უფლების დამდგენ დოკუმენტში არსებული ნაკვეთის იდენტურობა საკადასტრო აზომვით ნახაზზე არსებულ ნივთთან და მასალები გადაუგზავნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. ბრძანების გამოცემიდან რამდენიმე დღეში მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის მიერ იმავე ადმინისტრაციულ ერთეულში გამოიცა ბრძანება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის განმუხურის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის 2017 წლის 7 ივნისის N4--------------------- ოქმის გაუქმების შესახებ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო. ახლად გამოვლენილ გარემოებაზე მითითებას აღნიშნული ბრძანება არ შეიცავს, აღნიშნულზე ადმინისტრაციული წარმოება არ ჩატარებულა, მისთვის როგორც დაინტერესებული პირისათვის მოსაზრების წარმოდგენა არ მოუთხოვიათ, არც თავდაპირველ დათვალიერებაში მონაწილე პირები (ლ-------------–-----------------------–-------------------------) გამოუკითხავთ და მათგან წერილობითი ახსნა-განმარტებები მიუღიათ, რაც გახდა სასამართლოში სარჩელის აღძვრის საფუძველი (იხ. სარჩელი, ს.ფ. 3-13).
მოპასუხე - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მისი უარყოფა მოითხოვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი განმუხურის ადმინისტრაციულ ერთეულში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის 2017 წლის 09 ივნისის N-- ბრძანება ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის განმუხურის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის 2017 წლის 07 ივნისის N4--------------------- ოქმის გაუქმების შესახებ“.
ამ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლოს მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:
2.1.1. საჯარო რეესტრის მონაცემებით 13.01.2004 წლიდან თ-------------------ს საკუთრებაში რეგისტრირებულია 17080 მ2 მიწის ნაკვეთი ს/კ 4----------- (ნაკვეთის წინა ნომერი: 4-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------);
2.1.2. 2017 წლის 31 მაისს თ-------------------მ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია. განცხადებას დაურთო ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი;
2.1.3. 2017 წლის 31 მაისს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაედასტურებინა უფლების დამდგენ დოკუმენტსა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა;
2.1.4. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართვის საფუძველზე განმუხურის ადმინისტრაციულ ერთეულში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ჯ-------–---–--ს მიერ განხორციელდა ადგილზე დათვალიერება და შედგა დათვალიერების ოქმი, რომლითაც დადგინდა უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე არსებული ნივთის იდენტურობა.
ოქმის მიხედვით დათვალიერებაში მონაწილეობდნენ ლ-------------–-----------------------–---------------------------ა. დათვალიერების ოქმის საფუძველზე მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა ადმინისტრაციულ ერთეულში 2017 წლის 07 ივნისს გამოსცა N-- ბრძანება, რომლითაც დაადგინა უფლების დამდგენ დოკუმენტში არსებული ნაკვეთის იდენტურობა საკადასტრო აზომვით ნახაზზე არსებულ ნივთთან და მასალები გადაეგზავნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს;
2.1.5. ზემოაღნიშნული ბრძანების გამოცემიდან რამდენიმე დღეში, 2017წლის 9 ივლისს მუნიციპალიტეტის გამგებლის იმავე წარმომადგენელმა იმავე ადმინისტრაციულ ერთეულში, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გამოსცა ბრძანება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის განმუხურის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის 2017 წლის 7 ივნისის N4--------------------- ოქმის გაუქმების შესახებ.
ახლადგამოვლენილ გარემოებაზე მითითებას აღნიშნული ბრძანება არ შეიცავს. რაიონულ სასამართლო სხდომაზე განიმარტა, რომ წარმომადგენელმა დაუშვა შეცდომა, რადგან ეს ნაკვეთი რეგისტრირებული იყო სახელმწიფო საკუთრებაში.
სასამართლომ დაადგინა, რომ არ მომხდარა ზემოაღნიშნული საკითხის შესწავლა, არ ჩატარებულა ადმინისტრაციული წარმოება, არ მოუთხოვიათ დაინტერესებული პირისთვის მოსაზრების წარმოდგენა, არ გამოუკითხავთ თავდაპირველ დათვალიერებაში მონაწილე პირები (ლ-------------–-----------------------–-------------------------) და მათგან არ მიუღიათ წერილობითი ახსნა-განმარტებები.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.2.1. სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. დასაბუთება წინ უძღვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილს. განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილს შეიცავს და მასში არ არის არანაირი ფაქტობრივი დასაბუთება.
2.2.2. ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა. ამავე კანონის მე-3 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტი გვაძლევს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის განმარტებას და მასში გულისხმობს მუნიციპალიტეტის მერს ან საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა’’, ,,ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი მერიის თანამდებობის პირს ან მოხელეს.
კანონის აღნიშნული დათქმების მიხედვით უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში გამგებლის/მერის წარმომადგენლის კომპეტენციაა და ამ საკითხის გადასაწყვეტად მას რაიმე სპეციალური ცოდნა არ სჭირდება. თუკი, საკითხის გადასაწყვეტად სპეციალური ცოდნა იქნება საჭირო, მას შეუძლია სპეციალისტის მოწვევა. რაც შეეხება სხდომაზე გაჟღერებულ გარემოებას, რომ ნაკვეთი რეგისტრირებულია თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში, იგი ვერ ჩაითვლება ახლად გამოვლენილ გარემოებად, რადგან თვითმმართველობის წარმომადგენლისთვის ცნობილი იყო ამ გარემოების შესახებ ორივე აქტის გამოცემისას. ამასთან, გამგებლის წარმომადგენლის კომპეტენციას წარმოადგენს უშუალოდ საკადასტრო ნახაზზე და უფლებადამდგენ დოკუმენტში მითითებული ნაკვეთების იდენტურობის საკითხის გარკვევა და მის კომპეტენციას არ წარმოადგენს საკადასტრო ნახაზზე არსებული და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების ზედდების საკითხთთან რაიმე გადაწყვეტილების მიღება.
2.2.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 72-ე მუხლის მე-2 ნაწილით თუ კანონი არ ითვალისწინებს სხვა სახის ადმინისტრაციული წარმოების გამოყენებას, ადმინისტრაციული ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ამზადებს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ხოლო 98-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს წარადგინოს მტკიცებულებები, აგრეთვე შუამდგომლობები საქმის გარემოებათა გამოკვლევის თხოვნით, ხოლო 99-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაეცნოს ადმინისტრაციული წარმოების მასალებს, გარდა იმ მასალებისა, რომლებიც წარმოადგენს უშუალოდ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებასთან დაკავშირებულ, შიდაუწყებრივი ხასიათის დოკუმენტაციას.
იმავე კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოება არ ჩაუტარებია, დაინტერესებული პირისგან საჭირო ინფორმაცია არ მიუღია, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები არ გამოუკვლევია.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტის ბათილობის ეს საფუძველი სახეზე იყო, შესაბამისად რაიონულმა სასამართლომ თ-------------------ს სარჩელი დააკმაყოფილა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის უარყოფა, შემდეგი დასაბუთებით:
3.1. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1.1. აპელანტის განმარტებით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების საფუძველია მმართველობის ,,კანონიერების პრინციპი", რომელიც მოითხოვს კანონიერების აღდგენის მიზნით უკანონო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გაუქმებას. ამ მნიშვნელოვან პრინციპს უპირისპირდება კანონმდებლის მიერ აღიარებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მიმართ დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის პრინციპი. კანონიერი ნდობის ინსტიტუტის გამოყენების შესაძლებლობას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი უშვებს კანონიერი და უკანონო აქტებისა და მათ საფუძველზე განხორციელებული ღონისძიებების მიმართ, შესაბამისი სავალდებულო წინაპირობების არსებობის შემთხვევაში. კანონიერი ნდობის ინსტიტუტის არსებობა პირდაპირ კავშირშია სამართლებრივ შედეგთან. დოქტრინა ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის კანონიერების შესახებ მოიცავს ორ ასპექტს. ერთი მხრივ, თუ რა შემთხვევაშია აქტი კანონიერი ან უკანონო და მეორე მხრივ, თუ რა სამართლებრივ შედეგებს იწვევს ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მართლწინააღმდეგობა. დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არ არის დავის ღირსი, ანუ არ არსებობს კანონიერი ნდობა თუ: ა) მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება (მაგ, არასწორი მონაცემების ან ყალბი დოკუმენტაციის წარმოდგენა თუ მოტყუება), ბ) ან როდესაც მისთვის ამ აქტის უკანონობა ცნობილი იყო ან უნდა სცოდნოდა.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად ,,გადაუდებლობის შემთხვევაში, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დაყოვნებამ შეიძლება არსებითი ზიანი მიაყენოს საჯარო ან კერძო ინტერესებს, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მოთხოვნათა დაუცველად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ".
ზემოაღნიშნულ შემთხვევაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის განმუხურის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლისათვის ცნობილი გახდა, რომ მის მიერ იდენტურობა დადგენილ იქნა სხვის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე და მარტივი წარმოების წესით მოახდინა მის მიერ გამოცემული ბრძანების გაუქმება;
3.1.2. აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივ შეფასებაში სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოება არ ჩაუტარებია და დაინტერესებული პირებისგან ინფორმაცია არ მიუღია.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 62-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მერიის თანამდებობის პირის (გარდა მერისა) და სხვა მოხელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საჩივრდება მერთან და შემდგომ − სასამართლოში კანონით დადგენილი წესით. კანონით დადგენილი აუცილებელი პირობა აქტის ზემდგომ ორგანოში გასაჩივრება არ იქნა გამოყებებული მოსარჩელე თ-------------------ს მიერ. მას არ მიუმართავს მერისათვის ადმინისტრაციული საჩივრით, რაც გახდებოდა მისი და სხვა დაინტერესებული პირების წარმოებაში ჩართვის საფუძველი.
ასევე რაიონულმა სასამართლომ საქმის განხილვისას არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ მიწის ნაკვეთები, რომელზედაც მიმდინარეობდა დავა ზედდებაში იყო სხვა მესაკუთრეების მიწის ნაკვეთებთან, რომელთა ინტერესებსაც შეეხებოდა მიღებული გადაწყვეტილება. კერძოდ: ს/კ. 4----------- და 4----------- მიწის ნაკვეთების მესაკუთრეა - სახელმწიფო, ხოლო 4----------- მიწის ნაკვეთის მესაკუთრე - შპს ,,გ-------------------------" .
3.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ შპს ,,გ-------------------------’’ (ს/ნ 4--------) და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
3.2. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას აპელანტმა და მესამე პირებმა მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს, ხოლო აპელანტის პროცესუალურმა მოწინააღმდეგენ (მოსარჩლე) სააპელაციო საჩივრის უარყოფა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება მოითხოვა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო საქმის მასალათა გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის და გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; უნდა გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილებაც თ-------------------ს სარჩელის უარყოფის შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალურ წესს, ადგენს ამ რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლებს და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონი, რომლის მიზანია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთების სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემების შექმნის უზრუნველყოფა (მუხლი 1.1. და 2).
მითითებული კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სპორადული რეგისტრაციის შემთხვევაში მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება რეგისტრირდება დაინტერესებული პირის განცხადების, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტისა და ამ კანონის შესაბამისად შედგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე.
მოცემულ შემთხვევაში თ-------------------მ 2017წლის 31 მაისს მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია. განცხადებას დაურთო ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (მიწის ნაკვეთის ფართი 17080 მ2, ს/კ 4-----------) და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი.
პალატა აღნიშნავს, რომ ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა.
პალატა მიიჩნევს, რომ ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების გამოყენების საჭიროება დგება იმ შემთხვევაში, როდესაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახური სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე ვერ ადგენს მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მდებარეობას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი; კერძოდ თ-------------------ს მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო განაცხადის განხილვისას საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2017წლის 31 მაისს წერილით მიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაედასტურებინა უფლების დამდგენ დოკუმენტსა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა, რაც ამ უკანასკნელის მიერ შესაბამისაი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადასტურებული იქნა.
პალატა აღნიშნავს, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.
,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,კ’’ ქვეპუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამავე მუხლის ,,ლ’’ ქვეპუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.
,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4ბრძანების მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, რეგისტრაციის მიზნებისთვის უძრავი ნივთის დაზუსტებული საკადასტრო მონაცემები ნიშნავს ამ ინსტრუქციისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილ, საჯარო რეესტრში დაცულ საკადასტრო ინფორმაციას. სხვა შემთხვევაში უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები მიიჩნევა დაუზუსტებლად.
ამ ნორმების შინაარსიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ უძრავი ქონების პირის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციისათვის აუცილებელია მას გააჩნდეს ამ ქონების კუთვნილებასთან დაკავშირებით კანონით გათვალისწინებული უფლების დამდგენი დოკუმენტი, რომელშიც მოცემული უფლების ფარგლები განმსაზღვრელია რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი ქონების საიდენტიფიკაციო მონაცემებისა თუ სხვა კონკრეტული მახასიათებლების ფიქსაციისათვის.
პალატა მიიჩნევს, რომ მხოლოდ უფლების დამდგენი დოკუმენტის არსებობა არ ქმნის საჯარო რეესტრში ნივთზე უფლების რეგისტრაციის ან არსებული უფლების დაზუსტების საკმარის წინაპირობას, მნიშვნელოვანია დაინტერესებულმა პირმა ასევე წარადგინოს კანონის საფუძველზე შედგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელიც არის მიწის ნაკვეთის საზღვრების, კონფიგურაციისა და ადგილმდებარეობის, აგრეთვე მასზე განთავსებული ნაგებობების შესახებ გრაფიკულად და ტექსტობრივად გამოსახული ზუსტი ინფორმაცია, რომლის მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მდებარეობასთან შესაბამისობა, საჭიროების შემთხვევაში, დასტურდება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ანუ ცალსახაა, რომ საკადასტრო აზომვითი ნახაზი არ წარმოადგენს უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს, თუმცა წარმოადგენს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის ერთ-ერთ აუცილებელ ინფორმაციას.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2017 წლის 9 ივლისს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა განმუხურის ადმინისტრაციულ ერთეულში გამოსცა ბრძანება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის განმუხურის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის 2017 წლის 7 ივნისის N4--------------------- ოქმის გაუქმების შესახებ, ხოლო მოტივად მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა თავდაპირველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისას შეცდომის არსებობა მიუთითა.
საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია ის გარემოება, რომ თ-------------------ს მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ საკადასტრო-აზომვით ნახაზში ფიქსირებული მიწის ნაკვეთი ზედდებაში მოდიოდა შპს ,,გ-------------------------ს’’ და სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებთან (იხ.მხარეების ახსნა-განმარტება-15.07.19წ. სხდომის ოქმის ტექნიკური ჩანაწერი), თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის განმუხურის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელმა 2017 წლის 7 ივნისის N4--------------------- ოქმის მიღების დროს არც კი მიიწვია ადმინიტრაციულ წარმოებაში ზედდებაში მყოფი მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები და ისე დაადასტურდა ნაკვეთის იდენტურობა უფლების დამდგენ დოკუმენტში მითითებულ უფლებასთან.
წარმომადგენლის მიერ ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების უკანონობაზე მიუთითებს სხვა ადმინისტრაციულ საქმეზე მიმდინარე დავის პროცესში სასამართლოს ინიციატივით სწორედ აღნიშნული საკითხის (იდენტურობის) გარკვევის მიზნით ჩატარებული საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა;
კერძოდ, სააპელაციო სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 28 იანვრის N0-------- დასკვნით დადგინდა, რომ ,,N4----------- და 4----------- მიწის ნაკვეთების საკადასტრო კოდებზე არ არის დატანილი სახელმწიფო გეოდეზური კოორდინატები, არ არის მოცემული ნაკვეთის გარშემო არსებული გზები ან რაიმე ორიენტირები. საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი მიწის ნაკვეთების განაწილების გეგმები, ასევე ორ საკადასტრო რუკას შორის ადგილი აქვს შეუსაბამობებს, კერძოდ: 20280.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (ს/კ. 4-----------) საკადასტრო რუკაზე ნაჩვენებია, რომ აღნიშნულ ნაკვეთს სამხრეთით უნდა ესაზღვრებოდეს მდინარე ენგური, ხოლო დასავლეთით შავი ზღვა. 17080.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთს (ს/კ. 4-----------) საკადასატრო გეგმაზე კი N--2 მიწის ნაკვეთს სამხრეთით მიდინარე ენგურის ნაცვლად ნაჩვენებია მოსაზღვრე N--3 მიწის ნაკვეთი. ზემოაღნიშულიდან გამომდინარე შეუძლებელია დადგინდეს ს/კ. 4----------- და 4----------- მიწის ნაკვეთების ზუსტი ადგილმდებარეობა. ვინაიდან წარმოდგენილი საქმის მასალებით ვერ დგინდება ს/კ.4----------- და 4----------- მიწის ნაკვეთების ზუსტი ადგილმდებარეობა, შეუძლებელია იმის დადგენა აღნიშნული ნაკვეთები რომელ და რა ფართით კვეთენ სხვა კონკრეტული სუბიექტების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს...’’ (იხ.ტომი 2, ს.ფ.238-243).
პალატა მიუთითებს, რომ მართალია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის განმუხურის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელმა 2017 წლის 7 ივნისის N4--------------------- ოქმის მიღების დროს გამოკითხა მოწმეები, თუმცა სააპელაციო სასამართლოში მხარეთა ახსნა-განმარტებით დადგინდა, რომ აღნიშნული მოწმეები არ არიან თ-------------------ს მეზობლები, არც ამ აქტებში მითითებული მიწის ნაკვეთის მოსაზღვრედ გააჩნიათ საკუთრება, ამასთან ექსპერტის მიერ ნაკვეთის ადგილმდებარეობის დადგენის პირობებში შეუძლებელია გამგებლის წარმომადგენლის მხრიდან დადგენილიყო ნაკვეთის ადგილმდებარეობა, რა გარემოებაც გამგებლის წარმომადგენელმა აღმოფხვრა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანო არ არის შეზღუდული ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე შესაბამისი საფუძვლის არსებობისას, გადაამოწმოს მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება და გამოაცხადოს იგი ძალადაკარგულად, ან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის წინაპირობების არსებობისას ცნოს ბათილად, რა გარემოებასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი.
პალატა აქვე ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის 2019 წლის 07 ივნისის N1---------- წერილზე, რომლის მიხედვითაც ,,გამოძიების პროცესში დადგენილ იქნა, რომ 2003 წლის 26 ნოემბერს ზუგდიდის ყოფილი ნოტარიუსის მ----------------- მიერ შედგენილი ყალბი სანოტარო აქტები უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების თაობაზე თითქოსდა თ-------------------მ N------ სანოტარო აქტით ჯ------–-----–----გან, N------ აქტით კ---------–----გან, N------ სანოტარო აქტით გ----------–---–---გან და N------ სანოტარო აქტით ნ-------------–----გან ზუგდიდის რაიონის სოფელ გ----------–- შავი ზღვის სანაპიროზე შეიძინა სხვადასხვა ფართის მქონე რამოდენიმე მიწის ნაკვეთი, სულ დაახლოებით 2.03 ჰა-ს ოდენობით, მაშინ როდესაც სხენებული მიწის ნაკვეთების ყიდვა-გაყიდვის ფაქტს რეალურად ადგილი არ ჰქონია. იმავე დღეს 2003 წლის 26 ნოემბერს საჯარო რეესტრის სამსახურის ზუგდიდის სახელმწიფო რეგისტრატორის მიერ ამ თითქოსდა შეძენილი მიწის ნაკვეთებს (4-----------------------------------------------------) გაერთიანების შედეგად მიენიჭა სარეგისტრაციო კოდი 4-----------.
იგივე ნოტარიუსის მ----------------- მიერ შედგენილ იქნა ყალბი სანოტარო აქტები უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების თაობაზე თითქოსდა თ-------------------მ N---- სანოტარო აქტით რ----------–-----გან, N---- აქტით ზ----------–-----გან, N---- სანოტარო აქტით რ----------–----გან, N---- სანოტარო აქტით გ----------–---–---გან, N---- სანოტარო აქტით რ---------------გან, N---- სანოტარო აქტით ა---------–------გან, N---- სანოტარო აქტით გ--------------გან, N---- აქტით თ--------------------, N---- აქტით თ---------–---–---გან და N---- სანოტარო აქტით ბ-----------------გან ზუგდიდის რაიონის სოფელ გ----------–- შავი ზღის სანაპიროზე შეიძინა სხვადასხვა ფართის მქონე რამოდენიმე მიწის ნაკვეთი, სულ დაახლოებით 1.71 ჰა-ს ოდენობით, მაშინ როდესაც სხენებული მიწის ნაკვეთების ყიდვა-გაყიდვის ფაქტს რეალურად ადგილი არ ჰქონია. 2004 წლის 13 იანვარს საჯარო რეესტრის სამსახურის ზუგდიდის სახელმწიფო რეგისტრატორის მიერ ამ თითქოსდა შეძენილი მიწის ნაკვეთებს (4-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------) გაერთიანების შედეგად მიენიჭა სარეგისტრაციო კოდი 4-----------’’.
ამავე წერილით ირკვევა, რომ ,,ზემოაღნიშნული ყალბი უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებებში ასახულ ე.წ. მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს (გამყიდველებს) ზუგდიდის რაიონის სოფელ გ----------–-, შავი ზღვის სანაპიროზე მიწის ნაკვეთები საკუთრებაში არასოდეს გააჩნდათ, მიწის ნაკვეთები არ გაუყიდიათ, ფულადი თანხა არ მიუღიათ და შესაბამისად სხენებულ სანოტარო აქტებზე ხელი არ მოუწერიათ’’... ამავე წერილით ირკვევა, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლის მოტივით მ----------------- მიმართ 2019 წლის 7 ივნისს შეწყდა სისხლის სამართლის საქმის წარმოება (იხ.ტომი 2, ს.ფ.235-236).
საქმეში არსებულ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოქლო პროკურატურის 2019 წლის 21 მარტის N----------- წერილით ირკვევა, რომ ,,სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან შესული წერილის თანახმად, რომლითაც მოთხოვნილ იქნა ზუგდიდის რაიონის სოფელ გ----------–- საკადასტრო კოდებით 4----------- და 4----------- მიწის ნაკვეთებზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მოქალაქე თ-------------------ს საკუთრების უფლების წარმოშობის კანონიერების შესწავლა, 2019 წლის 14 იანვარს დაიწყო გამოძიება, რომლის ფარგლებში დადგენილ იქნა, რომ ჯ-------–---–--ს მიერ შედგენილი N---------------------- ოქმები იყო გაყალბებული, რადგან არ მომხდარა ჯ-------–---–--ს მიერ მიწის ნაკვეთების დათვალიერება და რეალური მდგომარეობის დადგენა, ოქმში შეყვანილი დათვალიერების მონაწილე პირები: ბ-----------–---------------------–------------------------------–------------–------ია არ ესწრებოდნენ მიწის ნაკვეთების დათვალიერებას და ოქმებზე ხელი მოაწერეს თ-------------------ს ბიძის ბ-----------–----- თხოვნიდან გამომდინარე...’’ (იხ.ტომი 2, ს.ფ.234).
ამდენად პალატას მიაჩნია, რომ არსებობდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის განმუხურის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის 2017 წლის 7 ივნისის N-- ბრძანებისა და N----- ოქმის, როგორც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების გადასინჯვისა და სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მათი გაუქმების საფუძველი. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის განმუხურის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის (თ-------–-----–-ა) მიერ შედგენილი უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №----- ოქმით, წარმომადგენელმა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გადაგზავნილ იგივე მასალებზე არ დაადასტურა უფლების დამდგენ დოკუმენტსა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა (იხ.ტომი 1, ს.ფ.13-17).
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ განსახილველ შემთხვევაში აპელანტმა - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ შეძლო წარმოედგინა დასაბუთებული სააპელაციო პრეტენზია, შესაბამისად უნდა გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით თ-------------------ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. სასამართლო ხარჯები:
პალატა აღნიშნავს, რომ აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ”სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ”უ” ქვეპუნქტის საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა სრულად, თ-------------------ს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სააპელაციო წარმოებისათვის გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 377-ე, 386-ე, 389-ე, 397-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. თ-------------------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. თ-------------------ს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 150 (ასორმოცდაათი) ლარის გადახდა, რომელიც ჩაირიცხოს შემდეგ ანგარიშზე – სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - TRESGE22, სახაზინო კოდი 300183150, ანგარიშის №200122900;
5. გადაწყვეტილება შეიძლება საკასაციო წესით გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32).
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
მურთაზ მეშველიანი
ნანა კალანდაძე