განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 050310018002626094
საქმე N3/ბ-29-19წ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
14 მარტი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე გოჩა აბუსერიძე
სხდომის მდივანი ონისე გურეშიძე
აპელანტი (მოპასუხე) – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური
წარმომადგენლები – ვ-–----------–------------------–-----–--
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ს-------------ე
წარმომადგენლები – კ--------–-–---–ი
დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით ს-------------ის სარჩელის უარყოფა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1. 2018 წლის 11 სექტემბერს ს--------------- წარმომადგენლის კ--------–-–---–ის მეშვეობით სარჩელით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიმართ და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 13 ივლისის №---- ბრძანების და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 25 მაისის №-- მითითების ბათილად ცნობა მოითხოვა;
სარჩელის მიხედვით, ს-------------ის ნათესავი კ-----–-----------ე ჩოხატაურის რაიონის კურორტ ბ--------–- აშენებდა სახლს. მ--------ის თხოვნით ის გარკვეული პერიოდი მუშაობდა ამავე სახლის მშენებლობაზე, მიჰქონდა მასალები და ასევე ასრულებდა სხვადასხვა სახის საქმეებს, რა დროსაც მასთან მივიდნენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები, რომლებმაც მოსთხოვეს სახლის მშენებლობის ნებართვა. მოსარჩელემ მათ განუმარტა, რომ სახლი მისი არ იყო და მშენებლობის მესაკუთრეც დაასახელა, ასევე მერიის თანამშრომლებს განუმარტა, რომ მესაკუთრეს აცნობებდა ზემოაღნიშნულის შესახებ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა ს--------------- ჩააბარეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 13 ივლისის N---- ბრძანება, რომელშიც მითითებული იყო, რომ ს--------------- კურორტ ბ----------- აწარმოა უკანონო მშენებლობა. ბრძანება იყო ერთ გვერდიანი და რაიმე სახის სანქცია მასში მითითებული არ ყოფილა, ასევე არ იყო მითითებული მისი გასაჩივრების წესი. 2018წლის 20 ივლისს ს--------------- განცხადებით მიმართა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიას და განუმარტა, რომ მშენებლობა არ იყო მის მიერ ნაწარმოები. წერილზე პასუხად 2018 წლის 25 ივლისს მიიღო მუნიციპალიტეტის მერიის წერილი, სადაც საუბარი იყო ს-------------ის 25000 ლარით დაჯარიმების შესახებ, რასაც არ ეთანხმება.
მოპასუხეების – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს და მისი უარყოფა მოითხოვეს.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით ს-------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 13 ივლისის №---- ბრძანება და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 25 მაისის №-- მითითება. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სარჩელზე სახელმწიფოს ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.
ამ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1.1. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ ს-------------ის მიმართ 2018 წლის 25 მაისს შედგენილ იქნა N-- მითითება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კურორტ ბ-------------------- გორაზე წარმოებული უნებართვო მშენებლობისათვის. საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 44-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით საჯარიმო სანქცია აღნიშნულ დარღვევაზე განისაზღვრება 25 000 ლარით. დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა ვადა 25.05.2018 წლიდან - 01.06.2018 წლამდე. მითითების გაცემის მომენტში ს-------------ე არ იმყოფებოდა ადგილზე და აღნიშნული მითითება განთავსდა შენობის წინა ფასადზე;
2.1.2. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ ს-------------ის მიმართ 2018 წლის 01 ივნისს შედგენილ იქნა N-- შემოწმების აქტი, რომლითაც დადგინდა, რომ მენაშენემ უნებართვოდ აწარმოა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე სააგარაკო სახლის მშენებლობა. ს-------------ის მიერ არ იქნა შესრულებული №-- მითითებით გათვალისწინებული პირობები. შემოწმების მომენტში მენაშენე ადგილზე არ იმყოფებოდა;
2.1.3. 2018 წლის 13 ივლისის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის №---- ბრძანების თანახმად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბ--------- საკურორტო-სარეკრიაციო ტერიტორიაზე (ნ-------------------) განხორციელებული უნებართვო მშენებლობისთვის ს-------------ე (პ/ნ 4----------: მცხოვრები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ზ------ ადმინისტრაციულ ერთეული) დაჯარიმდა 25000 ლარით. ამავე ბრძანებით დადგინდა უნებართვოდ აშენებული შენობა-ნაგებობის (სააგარაკო საცხოვრებელი სახლის) დემონტაჟი;
2.1.4. 2018 წლის 20 ივლისს ს--------------- წერილით მიმართა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიას, სადაც აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის 18 ივლისს მას გადაეგზავნა 2018 წლის 13 ივლისის N--- ბრძანება ბ--------- საკურორტო სარეკრიაციო ტერიტორიაზე განხორციელებული უნებართო მშენებლობის თაობაზე, რასაც არ ეთანხმება, რადგან კურორტ ბ--------–- მის (ს.ა-------) მიერ რაიმე სახის სამშენებლო სამუშაო არ განხორციელებულა, რომ ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე საერთოდ არ გააჩნდა მიწის ნაკვეთი და რაიმე სახის შენობა ნაგებობა’’;
2.1.5. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 25 ივლისის №---- მიმართვით ს--------------- ეცნობა, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ ჩოხატაურის მუნუციპალიტეტის ბ--------- საკურორტო-სარეკრეაციო ტერიტორიაზე, ნ-------------------, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების პროცესში დადგინდა სააგარაკო საცხოვრებელი სახლის უნებართო მშენებლობის მწარმოებელი პირი - ს-------------ე (პ/ნ 4----------). ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბ--------- საკურორტო სარეკრეაციო ტერიტორიაზე განხორციელებული უნებართვო მშენებლობისთვის მოქალაქე ს-------------ის დაჯარიმების და უნებართვოდ აშენებული შენობა- ნაგებობის დემონტაჟის შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 13 ივლისის №---- ბრძანების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობების თაობაზე პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში კი შესაძლებელი იყო ს--------------- ზემოაღნიშნული ბრძანება გაესაჩივრებინა სასამართლოს წესით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
2.1.6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა კ-----–-----------ემ განმარტა, რომ 15 წელზე მეტია ისვენებს ბ--------–- ბიძამისის სახლში, ვინაიდან აწუხებს ფილტვები, ამიტომ გადაწყვიტა 30 კვადრატამდე სახლის აშენება. დახმარება სთხოვა მის მეგობარს ს---------------, რომელმაც აიყვანა მუშები და გარკვეული პერიოდი მუშაობდა სახლის მშენებლობაზე. მ--------ის განმარტებით, აღნიშნული სახლი არ აქვს რეგისტრირებული, ამასთან ყველამ იცის, რომ სახლი მას ეკუთვნის, მის მფლობელობაში და სარგებლოშია.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.2.1. სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი’’ არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას და არის მომეტებული რისკი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის. ამავე კანონის 15-ე მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა, კერძოდ ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად - მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტი არის ტექნიკური ნაკეთობა, დანადგარი, მოწყობილობა, მათი ნებისმიერი კომბინაცია, შენობა-ნაგებობა, მათ შორის, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი, შეზღუდულად ბრუნვადი ნივთიერება ან ისეთი საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტი და პროცესი, რომელიც შეიცავს პოტენციურ ტექნიკურ საფრთხეს და რომელსაც ავარიის ან არასწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში შეუძლია ზიანი მიაყენოს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებასა და გარემოს. ამავე მუხლის ,,ი’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები არიან საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები.
დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე სასამართლომ დაასკვნა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური წარმოადგენდა სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს და სწორედ მის კომპეტენციას განეკუთვნებოდა სამშენებლო საქმიანობის პროცესში იმგვარი დარღვევის გამოვლენა და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება, როგორიც იყო პროექტის დარღვევით მშენებლობის, უნებართვო მშენებელობის, რეკონსტრუქცის ან/და დემონტაჟის წარმოება.
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-19 მუხლის მე-15 ნაწილის თანახმად, მითითება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია და იგი გასაჩივრდება დადგენილებასთან ერთად. დასახელებული კანონის 25-ე მუხლი განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
სასმართლომ აღნიშნა, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ ს-------------ის მიმართ 2018 წლის 25 მაისს შედგენილი იქნა №-- მითითება.
2.2.2. სასამართლოს განმარტებით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლი განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს. კერძოდ, დასახელებული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად კი მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება.
მოცემულ შემთხვევაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მირ 2018 წლის 01 ივნისს შედგენილი იქნა №-- შემოწმების აქტი ს-------------ის მიმართ.
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.
ამავე კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის მიხედვით, მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას: სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 25 000 ლარით.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის №---- ბრძანების თანახმად, ს-------------ე დაჯარიმდა 25000 ლარის ოდენობით.
2.2.3. სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს საქმის გარემოებათა გამოკვლევის წესს. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
სასამართლოს მსჯელობით, დასახელებული ნორმების საფუძველზე სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებულია დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.
2.2.4. სასამართლომ აღნიშნა, რომ დავის სწორად გადაწყვეტისათვის უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია განიმარტოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლები, რომლებითაც დადგენილია ქმედების სამართალდარღვევად მიჩნევის საფუძვლები, ასევე ბრალეულობის მნიშვნელობა პირის სამართალდამრღვევად ცნობისათვის.
სასამართლოს მსჯელობით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი განსაზღვრავს თუ რომელი მოქმედება ან უმოქმედობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომელი ადმინისტრაციული სახდელი, რომელი ორგანოს(თანამდებობის პირის) მიერ და რა წესით შეიძლება დაედოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს. აღნიშნული კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან.
სასამართლოს მითითევით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევებთან დაკავშირებული საქმის წარმოებისა და ცალკეული სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილ ზოგად პრინციპებს ემყარება, მათ შორის აღნიშნული კოდექსის მე-8 მუხლით განსაზღვრულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის ზემოქმედების ზომათა შეფარდებისას კანონიერების უზრუნველყოფის პრინციპს. ამ პრინციპის თანახმად, არავის არ შეიძლება შეეფარდოს ზემოქმედების ზომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, თუ არა კანონმდებლობით დადგენილ საფუძველზე და წესით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს აწარმოებენ კანონიერების მკაცრი დაცვის საფუძველზე. საამისოდ უფლებამოსილი ორგანოები და თანამდებობის პირნი ადმინისტრაციული ზემოქმედების ზომებს შეუფარდებენ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის ზუსტი შესაბამისობით. სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ამავე კოდექსის 33-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელი დაედება იმ ნორმატიული აქტით დაწესებულ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევისათვის ამ კოდექსის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ სხვა აქტების ზუსტი შესაბამისობით. ამდენად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ზოგადი მუხლები ადგენენ ადმინისტრაციული გადაცდომისათვის კანონით გათვალისწინებული სანქციის გამოყენების საერთო წესს. დაუშვებელია სამართალდამრღვევის სუბიექტის დადგენის გარეშე სამართალდარღვევის სანქციის შეფარდება (საქართველოს უზენაეს სასამართლოს 2015 წლის 17 დეკემბრის განჩინება საქმეზე №ბს-149-146 (3კ-14)).
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით კი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მტკიცებულებას წარმოადგენს ყველა ფაქტობრივი მონაცემი, რომელთა საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, ორგანო (თანამდებობის პირი) დაადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობას ან არარსებობას, პირის ბრალეულობას მის ჩადენაში და სხვა გარემოებებს, რომლებსაც მნიშვნელობა აქვს საქმის სწორად გადაწყვეტისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ეს მონაცემები დადგინდება შემდეგი საშუალებებით: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის ახსნა-განმარტებით, დაზარალებულისა და მოწმის ჩვენებებით, ექსპერტის დასკვნით, ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული გამოკვლევის (ტესტირების) შედეგებით, ვიდეოფირით ან ფოტოფირით, ნივთიერი მტკიცებულებით, ნივთისა და დოკუმენტის ამოღების ოქმით და სხვა დოკუმენტებით.
სასამართლომ, ასევე მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 237-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, ორგანო (თანამდებობის პირი), ხელმძღვანელობს რა კანონით და მართლშეგნებით, მტკიცებულებებს აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რაც დამყარებულია საქმის ყველა გარემოების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევაზე მათ ერთობლიობაში, ხოლო 264-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ ორგანო (თანამდებობის პირი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას მოვალეა დაადგინოს: ჩადენილი იყო თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არის თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, აგრეთვე გამოარკვიოს სხვა გარემოებანი, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის.
სასამართლოს განმარტებით, სამშენებლო სამართალდარღვევა თავისი ბუნებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს. ამასთან, იმისათვის, რომ პირი მივიჩნიოთ სამართალდამრღვევად, სახეზე უნდა გვქონდეს სამართალდარღვევის შემადგენლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში გამორიცხულია პირის, როგორც სამართალდამრღვევის დაჯარიმება. მხარის სამართალდამრღვევად მიჩნევისათვის სახეზე უნდა გვქონდეს მოსარჩელის მიერ განხორციელებული ქმედება, რომელიც მართლსაწინააღმდეგოა (კანონით უნდა იკრძალებოდეს შესაბამისი ნებართვის/შეტყობინების გარეშე მოსარჩელის მიერ სამშენებლო/სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოება და კანონი უნდა ადგენდეს შესაბამის სახდელს უკანონო მშენებლობისათვის/რეკონსტრუქციისათვის) და ბოლოს, სახეზე უნდა იყოს ბრალი - მოსარჩელის დამოკიდებულება მის მიერ განხორციელებული ქმედების მიმართ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 15 ნოემბრის №ბს-391-386(3კ-12) გადაწყვეტილება).
მოცემულ შემთხვევაში ს-------------ე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერისადმი მიწერილ წერილში აღნიშნავდა, რომ კურორტ ბ--------–- მის მიერ რაიმე სახის მშენებლობა არ განხორციელებულა, აღნიშნულ ტერიტორიაზე საერთოდ არ გააჩნდა მიწის ნაკვეთი და რაიმე სახის შენობა-ნაგებობა. ასევე, სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ს-------------ე არ წარმოადგენდა სამართალდამრღვევს. გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არ იყო შესაბამისი დასაბუთება, არ იყო მითითებული რა კონკრეტული მტკიცებულება იქნა შეფასებული და გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ იმის დასადგენად, თუ ვინ წარმოადგენდა მშენებლობის მწარმოებელ პირს (სამართალდამრღვევს).
2.2.5. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეთა განმარტებებიდან გამომდინარე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს---------------თან მიმართებაში სახეზე იყო სამართალდარღვევის პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებები, რის გამოც პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი ნორმების საფუძველზე ს-------------ე არ წარმოადგენდა სამშენებლო სამართალდამრღვევ სუბიექტს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ დაასკვნა, რომ ამ კონკრეტული შემთხვევაში სახეზე არ იყო სამართალდარღვევის შემადგენლობა, აღნიშნული კი საბოლოო ჯამში საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ ნორმათა საფუძველზე გამორიცხადა ს-------------ის სამშენებლო სამართალდამრღვევად მიჩნევას და მისთვის დასახელებული კანონის საფუძველზე შესაბამისი სანქციის დაკისრებას.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიამ და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა, რომელებმაც მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის უარყოფა, შემდეგი დასაბუთებით:
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1.1. აპელანტების განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული, ბუნდოვანია საფუძველი, რაზე დაყრდნობით სასამართლომ მიიჩნია, რომ ს-------------ის მიმართებაში სახეზე იყო სამართალდარღვევის პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებები. კანონი სამართალდამრღვევ პირად არ მოიაზრებს მხოლოდ უძრავი ქონების მესაკუთრეს, სამართალდამრღვევია ის პირი, რომელიც აწარმოებს უკანონო მშენებლობას. მითითება იმის თაობაზე, რომ ვინაიდან უძრავი ქონება არ წარმოადგენს მის (ს-------------ის) საკუთრებას, უნებართვო მშენებლობა მას არ უწარმოებია და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ შედგენილი აქტები უკანონოდაა შედგენილი - არ არის მართებული. პასუხისმგებლობა უკანონო მშენებლობისთვის ეკისრება კონკრეტულ პირს, რომელიც უშუალოდ ახორციელებს სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს;
3.1.2. საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“ დადგენილი წესის შესაბამისად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიამ, როგორც სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანომ, ზედამხედველობის სამსახურის უფლებამოსილი პირების მიერ განხორციელებული მონიტორინგის საფუძველზე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბ--------- საკურორტო-სარეკრეაციო ტერიტორიაზე, ნ-------------------, გამოავლინა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სააგარაკო-საცხოვრებელის სახლის უნებართვო მშენებლობის ფაქტი. დადგინდა უნებართვო მშენებლობის მწარმოებელი პირი - ს-------------ე და გაცემულ იქნა მითითების აქტი N-- (25.05.2018) და სამართალდამრღვევ პირს განესაზღრა გონივრული ვადა განხორციელებული უნებართვო მშენებლობის ნებაყოფლობით დემონტაჟისთვის. მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ზედამხედველობის სამსახურის მიერ შემოწმდა მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, რაზედაც შედგა შესაბამისი შემოწმების N-- (01.06.2018) აქტი და დადგინდა, რომ მითითება არ შესრულდა. დამრღვევს უწყებით ეცნობა საქმის განხილვის ადგილი, თარიღი, დრო და საქმის განმხილველი თანამდებობის პირის ვინაობის შესახებ და გაეცნო მის მიმართ მიმდინარე სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის მასალებს და განემარტა მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგების თაობაზე. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა სამართალდამრღვევის მიერ არ განხორციელებულა (დღემდე) უნებართვო მშენებლობის (სააგარაკო-საცხოვრებელი სახლის) დემონტაჟი;
3.1.3. აპელანტების განმარტებით, ს-------------ე სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების მიმდინარეობისას, ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის პროცესში უშუალოდ იყო ჩართული (იმყოფებოდა ზედამხედველობის სამსახურში და ადასტურებდა მის მიერ მშენებლობის განხორციელებას) და მისთვის ცნობილი იყო საქმის ყველა გარემოების შესახებ და მას ჰქონდა შესაძლებლობა ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოედგინა მისი მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლია საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა არსებითი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. სამშენებლო სამართალდაღღვევის საქმის წარმოება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის და ზედამხეველობის სამსახურის მიერ განხორციელდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მოთხოვნათა სრული დაცვით.
3.1.4. აპელანტების განმარტებით, სასამართლო გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული კონკრეტული ფაქტები და მტკიცებულებები, რის საფუძველზეც ადგენს ს-------------ის ბრალეულობის არარსებობას.
სამშენებლო სამართალდარღვევის მითითების აქტი არის შუალედური აქტი, რომელიც არ იწვევს უშუალო სამართლებრივ შედეგს. მითითების აქტით ხდება სამშენებლო სამართალდარღვევის ნებაყოფლობით გამოსწორებისთვის ვადის განსაზღვრა. მითითება უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამრღვევის მიმართ გაცემული შენიშვნაა, რათა სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად განსაზღვრულ გონივრულ ვადაში პირმა ნებაყოფლობით შეასრულოს მასში აღნიშნული პირობები. მითითება ქმნის პირის დაჯარიმებამდე დარღვევის გამოსწორების პირობას. სამშენებლო სამართალდარღვევაზე მითითების გაცემის დანიშნულება არის სამართალდარღვევის გამოსწორება. იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება გამოსწორებული, მითითება შესაძლოა საფუძვლად დაედოს დაჯარიმების შესახებ აქტის გამოცემას. მითითების აქტი შედგენილი იქნა სამართალდარმღვევი პირის (ს-------------ის) გამოვლენის შემდეგ და გადაწყვეტილება ზედამხედველობის სამსახურის N-- მითითების აქტის ბათილად ცნობის შესახებ ეწინააღმდეგება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა სააპელაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, გააანალიზა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა კანონიერება - დასაბუთებულობა და ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ აპელანტების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელი უნდა დარჩეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, ამავდროულად, სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32; ჯ--------- საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81) გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
აქვე სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ; ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (N.3) §§ 38-42).
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:
სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ (შემდეგში - „კოდექსი“) 44-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი, რომლის საფუძველზეც ს-------------ე სპეციალური რეჟიმის ზონაში უკანონო მშენებლობისთვის დაჯარიმდა 25000 ლარით, მასვე დაევალა უნებართვოდ აშენებული შენობა-ნაგებობის (სააგარაკო საცხოვრებელი სახლის) დემონტაჟი.
კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 25 000 ლარით.
პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია და არც მხარეები ხდიან სადავოდ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბ--------- საკურორტო-სარეკრიაციო ტერიტორიაზე (ნ-------------------) შენობა-ნაგებობის (სააგარაკო საცხოვრებელი სახლის) უნებართვოდ აშენების ფაქტს, სადავოა მხოლოდ ის გარემოება, წარმოადგენდა თუ არა მოსარჩელე ამ მშენებლობის მწარმოებელ სუბიექტს - დამრღვევს.
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
კოდექსის მე-15 მუხლის ,,ღ’’ ქვეპუნქტის მიხედვით, მითითება არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ სამშენებლო საქმიანობაზე დამრღვევის მიმართ გაცემული შენიშვნა შეუსაბამობაზე და მოთხოვნა, რომელიც განსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომელშიც დამრღვევმა უნდა შეასრულოს მითითებაში მოცემული პირობები სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად.
კოდექსის მე-19 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, მითითება ფორმდება აქტის სახით, რომლის ერთი ასლი გადაეცემა ობიექტის მფლობელს, ხოლო მეორე ინახება ინსპექტირების ორგანოში.
კოდექსის 25-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება.
კოდექსის 25-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.
პალატა განმარტავს, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი დამრღვევ პირად მოიაზრებს უნებართვო მშენებლობის განმახორციელებელ პირს, ანუ პირს, რომლის მფლობელობაშიც უნდა მოექცეს კანონის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობა. სწორედ ამ მიზნით კანონმდებელი მაკონტროლებელ ორგანოს ავალდებულებს მითითების ერთი ასლი გადასცეს ობიექტის მფლობელს (დამრღვევს) და არა იმ პირს, ვინც სამოქალაქო ხელშეკრულების საფუძველზე ობიექტის მფლობელის დაკვეთით უშუალოდ ახორციელებს მშენებლობას. შესაბამისად პალატა არ იზიარებს აპელანტის მოსაზრებას ,,დამრღვევ’’ პირად მშენებლობის მწარმოებლის მიჩნევის შესახებ.
რაიონული სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა კ-----–-----------ემ აჩვენა, რომ კურორტ ბ----------- აშენებს სახლს და დახმარება სთხოვა მეგობარს ს---------------, რომელმაც აიყვანა მუშები და გარკვეული პერიოდი მუშაობდა სახლის მშენებლობაზე. მ--------ის განმარტებით, ზემოაღნიშნული სახლი არ აქვს რეგისტრირებული, ამასთან ყველასათვის ცნობილია, რომ სახლი მას ეკუთვნის, მის მფლობელობაში და სარგებლოშია.
პალატა აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არ შეიცავენ მასში მოყვანილი ფაქტების დამადასტურებელ მტკიცებულებებზე მსჯელობას, ანუ ვერ დგინდება, თუ რატომ გაიცა მითითება და შემდგომში დაჯარიმების შესახებ სადავო ბრძანება მოსარჩელის მიმართ. ადმინისტრაციულ ორგანოს აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები კანონით დადგენილი წესით არც კი ჩაუბარებიათ მოსარჩელე მხარისათვის.
პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილი პირები სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების პროცესში ვალდებულნი იყვნენ დაეცვათ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13, 96-ე, 97-ე მუხლების მოთხოვნები, მათ შორის უნდა გამოეჩინათ მეტი გულისხმიერება და გამოეკითხათ დაინტერესებული პირი (მოსარჩელე), მოწმეები, რის შედეგად უტყუარად დადგინდებოდა უნებართვო მშენებლობის მწარმოებელი პირი, რაც არ განუხორციელებიათ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. დასაბუთება წინ უძღვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილს. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზედაც გამოიცა ეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კანონის 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმება ხდება ფორმალური და მატერიალური კუთხით, შესაბამისად, აქტი შინაარსობრივად უნდა შეესაბამებოდეს მისი გამოცემის სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძვლებს. დასაბუთებიდან უნდა ჩანდეს, თუ რა გარემოებებმა მოახდინა გავლენა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებაზე. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. პალატის მოსაზრებით, კანონით გათვალისწინებულ ამ მოთხოვნებს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არ აკმაყოფილებს.
პალატა მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით არ დგინდება ს-------------ის მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში მოყვანილი სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, რა გარემოებაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის შესაბამისად ქმნიდა მათი ბათილად ცნობის საფუძველს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორი შეფასება მისცა წარმოდგენილ მტკიცებულებებს, სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სადავო სამართალურთიერთობას. გადაწყვეტილება ფაქტობრივად და სამართლებრივად დასაბუთებულია სრულად, მისი გაუქმებისათვის დასაბუთებულ პრეტენზიას წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს; შესაბამისად, არ არსებობს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. ამდენად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
6. სასამართლო ხარჯები:
პალატა აღნიშნავს, რომ ”სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ”უ” ქვეპუნქტის თანახმად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 377-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. განჩინება შეიძლება საკასაციო წესით გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან ოცდაერთი დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32).
მოსამართლე გოჩა აბუსერიძე