განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310017001900701
საქმე N3ბ/1790-18
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
15 მაისი, 2019 წ. ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: ნინო ქადაგიძე
მოსამართლეები: გელა ბადრიაშვილი
მარიამ ცისკაძე
სხდომის მდივანი: თეა გობეჯიშვილი
აპელანტი - შპს ,,ი------------’’;
წარმომადგენელი - ზ---–------–-–---–ი;
მოწინააღმდეგე მხარე -საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;
წარმომადგენელი -ა-–------------------;
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ შემოსავლების სამსახური;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს ,,ი------------ს’’ სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდება სრულად.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით შპს ,,ი------------ს’’ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2016 წლის 28 ოქტომბრისა და 2016 წლის 04 ნოემბრის სსიპ შემოსავლების სამსახურის N----- და N----- ბრძანებით დაინიშნა შპს „ი------------ს“ საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება, ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ან/და სასაქონლო ზედნადებების მიხედვით 2015 წლის ოქტომბრის, 2016 წლის მარტის, აპრილის, მაისის, ივნისის, ივლისის, აგვისტოს საანგარიშო პერიოდების დღგ-ს დეკლარაციებში ასახვის სისწორესთან დაკავშირებით. აღნიშნულზე, 2016 წლის 9 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, მის შესაბამისად კი გამოიცა 2016 წლის 19 დეკემბრის N----- ბრძანება და 19 დეკემბრის N------- საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადამხდელს ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით დაერიცხა სულ - 49 283,99 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი - 30 219 ლარი, ჯარიმა - 15 809, საურავი - 3 255,99 ლარი (ს/ფ 14, 16-31).
2017 წლის 04 იანვარს, შპს ,,ი------------ს’’ დირექტორის მიერ, სსიპ შემოსავლების სამსახურში წადგენილი იქნა ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც ითხოვა კომპანიისათვის დარიცხული ჯარიმის - 15 809 ლარისა და საურავისგან - 3255,99 ლარისაგან გათავისუფლება (ს/ფ 158-159).
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 16 თებერვლის N---- ბრძანებით, შპს „ი------------ს“ 2017 წლის 4 იანვრის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. 2016 წლის 9 დეკემბრის შემოწმების აქტის, 19 დეკემბრის N----- ბრძანებისა და 19 დეკემბრის N------- საგადასახადო მოთხოვნით სსკ-ის 291-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული ფულადი ჯარიმების ნაცვლად, სანქციის სახით შეეფარდა გაფრთხილება, საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შესაბამისი კორექტირების განხორციელება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე. ამავე ბრძანებით შპს ,,ი-----------ს’’ განემარტა აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი და ვადა (ს/ფ 37-46).
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 16 თებერვლის N---- ბრძანება გადამხდელს გაეგზავნა ელექტრონულად, რომელსაც იგი გაეცნო 2017 წლის 16 თებერვალს( ს/ფ 215).
2017 წლის 10 მარტს, შპს ,,ი-----------მა’’ N---------- ადინისტრაციული საჩივრით მიმართ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს, სადაც დავის საგანს წარმოადგენდა: 1.საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება; 2. საურავი. გასაჩივრებული იქნა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის N---- ბრძანება და აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 19 დეკემბრის N------- საგადასახადო მოთხოვნა (ს/ფ 37-38).
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით (საჩივარზე N----------) შპს ,,ი------------ს’’ ადმინისტრაციული საჩივარი დარჩა განუხილველი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე (ს/ფ 183-184).
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
ამავე კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
ამავე კოდექსის მე-3 მუხლით დადგენილია ვადების განსაზღვრის წესი, რომლის თანახმად ამ კოდექსით დადგენილი ვადა განისაზღვრება კონკრეტული კალენდარული თარიღით ან დროის მონაკვეთით, რომელიც გამოიანგარიშება წლებით, თვეებით, დღეებით ან/და იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს; 2. ამ კოდექსით დადგენილი ვადის ათვლა იწყება შესაბამისი მოქმედების განხორციელების მომდევნო დღიდან. დღე შეიძლება იყოს სამუშაო ან კალენდარული. თუ არ არის მითითებული, დღე არის კალენდარული დღე. სამუშაო დღე ემთხვევა კალენდარულ დღეს, გარდა შაბათისა, კვირისა და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ განსაზღვრული უქმე დღისა, თუ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; 3. ვადა, რომელიც გამოიანგარიშება წლებით, მთავრდება ვადის ბოლო წლის შესაბამის თვესა და რიცხვში; 4. ვადა, რომელიც გამოიანგარიშება თვეებით, მთავრდება ვადის ბოლო თვის შესაბამის რიცხვში; 5. მოქმედება, რომლის განხორციელებისათვის დადგენილია ვადა, შეიძლება განხორციელდეს ამ ვადის ბოლო სამუშაო დღის დამთავრებამდე, ხოლო თუ მოქმედება ხორციელდება საბანკო გადარიცხვით, საფოსტო გზავნილით ან/და ელექტრონული ფორმით − ამ ვადის ბოლო დღის 24 საათამდე; 6. თუ მოქმედების განხორციელების ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მოქმედების განხორციელების ვადა გრძელდება შემდეგი სამუშაო დღის დამთავრებამდე, ხოლო თუ მოქმედება ხორციელდება საბანკო გადარიცხვით, საფოსტო გზავნილით ან/და ელექტრონული ფორმით, მოქმედება შეიძლება განხორციელდეს შემდეგი სამუშაო დღის 24 საათამდე; 7. კალენდარული წელი არის დროის მონაკვეთი ერთი წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო ახლად რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელისათვის – რეგისტრაციის თარიღიდან იმავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; 8. წელი (გარდა კალენდარული წლისა) არის დროის მონაკვეთი, რომელიც შედგება ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვისაგან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით.
ამავე კოდექსის 301-ე მუხლის .,,ე" ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ: ე) გასულია საჩივრის წარდგენის ვადა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში ან სასამართლოში.
ამ კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. ამ ნორმის მე-2 ნაწილით, საგადასახადო ორგანოს მიერ წერილობითი ფორმით გაგზავნილ დოკუმენტს ხელს უნდა აწერდეს უფლებამოსილი პირი. ადრესატს უნდა გადაეცეს დოკუმენტის დედანი ან დამოწმებული ასლი. ამ მუხლის მე-3 ნაწილით, დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო.
მითითებული ნორმის მე-9 ნაწილით, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე, ხოლო ამ კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − გაცნობისთანავე ან გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30-ე დღეს, თუ ამ ვადაში ადრესატი შეტყობინებას არ გასცნობია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს ,,ი------------ს’’ დირექტორის ზ---–- ზ---–-შვილის მიერ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 16 თებერვლის N---- ბრძანებაზე ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილია 2017 წლის 10 მარტს. გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში ბრძანების გაცნობის თარიღად მითითებულია 2017 წლის 16 თებერვალი. აღნიშნული ბრძანების გასაჩივრების ვადად მითითებული 20 დღე. ამდენად მოსარჩელისათვის ოცდღიანი გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2017 წლის 17 თებერვალს და დასრულდა 2017 წლის 08 მარტს, რომელიც იყო უქმე დღე, შესაბამისად გადასახადის გადამხდელს გასაჩივრების ვადა ამოეწურა მომდევნო დღეს - 2017 წლის 09 მარტს 00:00 საათზე,. შპს ,,ი------------ს’’ ადმინისტრაციული საჩივარი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში წარდგენილია 2017 წლის 10 მარტს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ გაიზიარა გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მოცემული არგუმენტაცია და მიიჩნია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 16 თებერვლის N---- ბრძანების ბათილად ცნობის, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადისა და საურავის შემცირების და აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 19 დეკემბრის N------- საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობის თაობაზე, საჩივარი მოსარჩელე შპს ,,ი-----------მა’’ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში წარადგინა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგ. პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება იმ გარემოების შესახებ, რომ მის მიერ ათვლილი იყო გასაჩივრების 20 სამუშაო დღე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-15 მუხლის შესაბამისად. პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, სადავო ბრძანებაში გასაჩივრების წესი ჩამოყალიბებულია შემდეგი ფორმულირებით: ,,აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში (მის. ქ. თბილისი, ვ.გორგასლის ქ. N16) ან სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, N6), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში“. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი ამ კოდექსით დადგენილი ვადის ათვლა იწყება შესაბამისი მოქმედების განხორციელების მომდევნო დღიდან. დღე შეიძლება იყოს სამუშაო ან კალენდარული. თუ არ არის მითითებული, დღე არის კალენდარული დღე.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით (საჩივარი N----------), შპს ,,ი------------ს’’ საჩივრის განუხილველად დატოვება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,ე" ქვეპუნქტის საფუძველზე, საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის გამო იყო კანონშესაბამისი. ამდენად, არ არსებობდა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტის მითითებით, დაუშვებელია ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. მოცემულ შემთხვევაში შპს ,,ი------------" მოლაპარაკებებს აწარმოებდა ერთ-ერთ მსხვილ დამკვეთთან, რის გამოც დამკვეთის მხრიდან ორგანიზაციას ორჯერ ჩაუტარდა აუდიტი ხარისხის შესაბამისობის სერთიფიკატის მისაღებად. აუდიტის მიერ განსაზღვრული შენიშვნების გამოსასწორებლად მოხდა სრული საწარმოს ფართის გარემონტება, საწარმოს ფართის დამატება, საშტატო ერთეულის გაზრდა, მანქანა-დანადგარის და ნედლეულის იმპორტირება. აპელანტის მითითებით, იმის გათვალისწინებით, რომ სავალდებულოა აუდიტის მოთხოვნების შესრულება, სახსრების უქონლობის გამო შპს ,,ი-----------მა" პრობლემა გადაჭრა საბანკო კრედიტის აღების საშუალების გზით, რომელიც უზრუნველყოფილი იყო შპს ,,ი------------ს“ დამფუძნებლისა და თანამშრომლების უძრავი ქონებით (კერძოდ საცხოვრებელი სახლებით). აპელანტის მითითებით, დამკვეთმა კომპანიამ არ შეასრულა დაპირებული შეკვეთები, რის გამოც კომპანია აღმოჩნდა ფინანსურ კრიზისში. ამან კი გამოიწვია ზემოაღნიშნული პერიოდისათვის დეკლარაციების წარუდგენლობა. სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, დეკლარაციების წარდგენა აღნიშნულ პერიოდში წარმოქმნიდა ინკასოს საბანკო ანგარიშებზე, რაც ავტომატურად შექმნიდა უდიდეს პრობლემას ბანკთან და გადაუხდელობის გამო საფრთხე დაემუქრებოდა, როგორც ორგანიზაციის არსებობას ასევე კომპანიის თანამშრომელთა უძრავი ქონების დაკარგვას.
სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ მათ კომპანიას დღგ ჩათვლებში არ გამოუყენებია, რადგან დამკვეთი კომპანია ყოველთვიურად ჰპირდებოდა მდგომარეობის გამოსწორებას და კომპანიაც მათი მოლოდინის რეჟიმში მოქმედებდა. სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ მოპასუხე მხარე არც კი დაინტერესებულა იმ ფაქტობრივი გარემოებებით, რომელთა გამოკვლევასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საქმის გარემოაბათა სწორად შეფასებისათვის და გადაწყვეტისათვის.
აპელანტის მითითებით, 2017 წლის 16 თებერვალს მიღებულ იქნა შემოსავლების სამსახურის მიერ N---- ბრძანება, რომლის თანახმად ნაწილობრივ იქნა დაკმაყოფილებული შპს „ი------------ს“ საჩივარი და სსკ-ის 291-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული ფულადი ჯარიმების ნაცვლად სანქციის სახით კომპანიას მიეცა გაფრთხილება (აღნიშნული ეხება ჯარიმას თითო თვეზე 100 ლარის ჯარიმის განსაზღვრას). რაც შეეხება ძირითად მოთხოვნებს - ჯარიმისა და საურავის გაუქმების ნაწილში, მოპასუხე მხარის მიერ იგნორირებულ იქნა და დარჩა უცვლელი.
სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, სსიპ შემოსავლების სამსახურის 16.02.2017 წლის N---- ბრძანება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოგზავნილ იქნა ელექტრონულად. სისტემაში მისი გაცნობის თარიღად დაფიქსირებულია 16.02.2017 წელი, ამავე გადაწყვეტილებით გასაჩივრების ვადად შპს „ი-----------ს“ განესაზღვრა 20 დღე, რომლის შესაბამისად მის მიერ საჩივარი დაგენილ ვადაში 2017 წლის 10 მარტს იქნა წარდგენილი. აპელანტის მითითებით, საჩივრის განუხილველად დატოვება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გასაჩივრების ვადის დარღვევის მოტივით არის დაუსაბუთებელი. სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, გასაჩივრების 20 დღიანი ვადა აპელანტის მიერ აღქმულ იქნა, როგორც 20 სამუშაო დღე. გამომდინარე იქიდან, რომ შემოსავლების მიერ გაცემული ბრძანება (გადაწყვეტილება) წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს, რომლის ადმინისტრაციული წესით გასაჩივრებისას გამოიყენება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესები და მოთხოვნები. ამავე კოდექსის მე-15 მუხლი პირდაპირ აწესებს, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას ვადების ათვლისას საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი უქმე და დასვენების დღეები არ ჩაითვლება.
აპელანტის მითითებით, სადაო აქტში არ არის მითითებული (დაკონკრეტებული) გასაჩივრების ვადაში კალენდარული დღეები იგულისხმებოდა თუ სამუშაო. ამიტომ მათ იმოქმედეს კანონის შესაბამისად და ვადა აითვალეს სამუშაო დღეების შესაბამისად, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ იგულისხმებოდა კალენდარული დღეები, აპელანტის მოსაზრებით არ შეესაბამება არცერთ სამართლებრივ ნორმას.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:
2016 წლის 9 დეკემბერს შედგა შპს ,,ი------------ს’’ საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის საფუძველზეც გამოიცა 2016 წლის 19 დეკემბრის N----- ბრძანება და 19 დეკემბრის N------- საგადასახადო მოთხოვნა.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 16 თებერვლის N---- ბრძანებით, შპს „ი------------ს“ 2017 წლის 4 იანვრის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 16 თებერვლის N---- ბრძანება გადამხდელს გაეგზავნა ელექტრონულად, რომელსაც იგი გაეცნო 2017 წლის 16 თებერვალს( ს/ფ 215).
2017 წლის 10 მარტს, შპს ,,ი-----------მა’’ N---------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს, რომლითაც გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის N---- ბრძანება და აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 19 დეკემბრის N------- საგადასახადო მოთხოვნა (ს/ფ 37-38).
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით (საჩივარზე N----------) შპს ,,ი------------ს’’ ადმინისტრაციული საჩივარი დარჩა განუხილველი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე (ს/ფ 183-184).
სააპელაციო სასამართლო განსახილველ შემთხვევაში იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას შპს ,,ი------------ს’’ მხრიდან ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის ვადის დარღვევის თაობაზე და მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში ან სასამართლოში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით დადგენილი ვადის ათვლა იწყება შესაბამისი მოქმედების განხორციელების მომდევნო დღიდან. დღე შეიძლება იყოს სამუშაო ან კალენდარული. თუ არ არის მითითებული, დღე არის კალენდარული დღე. სამუშაო დღე ემთხვევა კალენდარულ დღეს, გარდა შაბათისა, კვირისა და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ განსაზღვრული უქმე დღისა, თუ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; ამავე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, თუ მოქმედების განხორციელების ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მოქმედების განხორციელების ვადა გრძელდება შემდეგი სამუშაო დღის დამთავრებამდე.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის თანახმად, შპს „ი------------ს“ წარმომადგენელი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 16 თებერვლის N---- ბრძანებას გაეცნო 2017 წლის 16 თებერვალს. ამდენად მოსარჩელისათვის ოცდღიანი გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2017 წლის 17 თებერვალს და დასრულდა 2017 წლის 08 მარტს, უქმე დღეს, შესაბამისად გადასახადის გადამხდელს გასაჩივრების ვადა ამოეწურა მომდევნო დღეს - 2017 წლის 09 მარტს (ხუთშაბათს) 00:00 საათზე. შპს ,,ი------------ს’’ დირექტორის ზ---–------–-–---–ის მიერ კი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 16 თებერვლის N---- ბრძანებაზე ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილია 2017 წლის 10 მარტს, გასაჩივრების 20 დღიანი ვადის დარღვევით.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას გასაჩივრების ვადის ათვლისას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-15 მუხლის გამოყენების თაობაზე, რამდენადაც მითითებული მუხლი წარმოადგენს ზოგად ნორმას, ხოლო რაც შეეხება საგადასახადო ურთიერთობებს, საგადასახადო კოდექსი ამ ურთიერთობების მიმართ წარმოადგენს სპეციალურ კანონს, რის გამოც საგადასახადო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრების საკითხის განსაზღვრის პროცესში გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ სპეციალური ურთიერთობის მარეგულირებელი საქართველოს საგადასახადო კოდექსი, რომლით განსაზღვრული ვადაც განსახილველ შემთხვევაში დარღვეულია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გასაჩივრების ვადის გასვლა იწვევს საჩივრის განუხილველად დატოვებას.
სააპელაციო პალატა თვლის, იმ პირობებში, როდესაც დადასტურებულია შპს „ი------------ს“ მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში საჩივრის გასაჩივრების ვადის დარღვევით წარდგენის ფაქტი, არ არსებობს ის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი, რაც შესაძლებელს გახდის ბათილად იქნას ცნობილი შპს „ი------------ს“ საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება. აღნიშნული კი, თავის მხრივ გამორიცხავს მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნაში წარმოდგენილი განმარტებების და შეფასებების არსებითად განხილვის შესაძლებლობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო მოთხოვნას მიიჩნევს დაუსაბუთებლად და თვლის, რომ შპს „ი-----------ს“ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, რაც გამორიცხავს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების შესაძლებლობას.
სასამართლო ხარჯები:
აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით, ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის და მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,ი------------ს’’ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).
თავმჯდომარე: ნინო ქადაგიძე
მოსამართლეები: გელა ბადრიაშვილი
მარიამ ცისკაძე