განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 26.06.2019
საქმის ნომერი
330310018002747489
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
26.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310018002747489

საქმე №3ბ/892-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

26 ივნისი 2019 წელი თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა

 

მოსამართლე - ნინო ქადაგიძე

 

სხდომის მდივანი: თეა გობეჯიშვილი

 

აპელანტი – ლ----- ღ---–--ე;

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;

წარმომადგენელი - მ---------------–--ე;

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივის აქტის გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელების დავალება;

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება.

 

1.სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ----- ღ---–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

გ-------–------------–-----------------–--------------–------------------------------–-----------------–--------------–----------------------–-------------------------–----–-------------- ინსპექტორმა 2018 წლის 13 სექტემბერს M------------------------- პატაკით მიმართა შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის ოპერატიული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს უფროსს და განმარტა, რომ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, შ--------------------–-------–-------------------------------------------–-------–--------------------------–------–----------------------------------–-------------–----–----------–------------- ლ---- გ--- ძე ღ---–--ე არის ნარკოტიკული საშუალების აქტიური მომხმარებელი. განმარტა, რომ ლ---- ღ---–--ეს, ამჟამად, მოხმარებული უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება. პატაკის ავტორმა მოითხოვა შესაბამისი მითითების გაცემა.

 

2018 წლის 13 სექტემბერს, ადმინისტრაციული წესით დაკავებული იქნა ლ---- ღ---–--ე და შედგენილ იქნა ადმინისტრაციული დაკავების ოქმი №--------------. ოქმის თანახმად, ლ---- ღ---–--ის ადმინისტრაციული დაკავების მოტივად განისაზღვრა ექიმის დანიშნულების გარეშე, ნარკოტიკული ნივთიერების შესაძლო მოხმარების ფაქტი (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილი).

 

2018 წლის 13 სექტემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისათვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში ლ---- ღ---–--ემ მიუთითა, რომ დაახლოებით სამი დღის წინ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა, რომელიც ნახა მის საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს, ეზოში, ქაღალდში გახვეული. მან განმარტა, რომ ადრე რამდენიმეჯერ ჰქონდა მოხმარებული მარიხუანა, შესაბამისად, იცოდა, რომ ქაღალდში გახვეული ნივთიერება მარიხუანა იყო. ამ დროს მასთან სახლში სტუმრად მივიდა თანამშრომელი და მასთან ერთად მოწია აღნიშნული ნივთიერება. სხვა ნარკოტიკი არასოდეს მოუხმარია და გამოთქვა მზაობა საკუთარი ნებით ბიოლოგიური მასალის გამოსაკვლევად ჩაბარებასტან დაკავშირებით.

 

საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურის მეორე განყოფილების მიერ, 2018 წლის 14 სექტემბერს შედგენილი №------- დასკვნის თანახმად, ლ---- ღ---–--ეს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების - ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) მოხმარების ფაქტი.

 

გ-------–------------–-----------------–--------------–------------------------------–-----------------–--------------–-----------------------–----------------------------------------–----–-------------- ინსპექტორმა 2018 წლის 20 სექტემბერს M---------------- პატაკით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსს და განმარტა, რომ 2018 წლის 13 სექტემბერს, შ------------------------------------------------–-------–------------------------------------------–-------–--------------------------–-----–----------------------------------–-------------–----–----------–-- მეთაურს ლ---- ღ---–--ეს ჩაუტარდა ნარკოლოგიური შემოწმება, პირველადი და ლაბორატორიული გამოკვლევის დროს ლ---- ღ---–--ეს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) მოხმარების ფაქტი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოითხოვა მითითების გაცემა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ შს სამინისტროს მოსამსახურე ლ---- ღ---–--ის მიმართ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა დასკვნა.

 

აღნიშნული დასკვნის თანახმად, შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის დისციპლინური დევნის სამმართველოში ოპერატიული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს ოპერატიული უზრუნველყოფის II სამმართველოდან მიღებულ იქნა N------- სამსახურებრივი ბარათი თანდართულ მასალებთან ერთად შს სამინისტროს მოსამსახურის ლ---- ღ---–--ის მიერ მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის ფაქტზე.

 

შემოწმებით დადგინდა, რომ 2018 წლის 13 სექტემბერს შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოსამსახურეების მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ იქნა შს სამინისტროს მოსამსახურე ლ---- ღ---–--ე, რომელიც ნარკოლოგიური შემოწმების მიზნით გადაყვანილი იქნა შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ნარკოლოგიური შემოწმების კაბინეტში, სადაც მას N------- დასკვნის თანახმად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) მოხმარების ფაქტი. აღნიშნული ფაქტი დადასტურებულია სამსახურებრივი შემოწმების პროცესში მოპოვებული შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ნარკოლოგიური შემოწმების N------- დასკვნით და შს სამინისტროს მოსამსახურე ლ---- ღ---–--ის ახსნა-განმარტებით. ამდენად, პოლიციის ლეიტენანტმა ლ---- ღ---–--ემ ჩაიდინა შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტით (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა, რაც მისი მხრიდან გამოიხატა ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო მოხმარებაში, რითაც დაარღვია შს მინისტრის 2018 წლის 15 თებერვლის N1/73 ბრძანება (აეკრძალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეს ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე). შს სამინისტროს მოსამსახურე ლ---- ღ---–--ის მხრიდან მსგავსი ქმედებების ჩადენა საზოგადოებაში იწვევს პოლიციის, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ უნდობლობას, ეჭვქვეშ აყენებს მის ავტორიტეტს და ლახავს პოლიციელთა რეპუტაციას. შს სამინისტროს მოსამსახურეების მიმართ დაწესებულია ქცევის განსაკუთრებულად მაღალი სტანდარტი, როგორც სამსახურში, ასევე მის გარეთ, რის გამოც შს სამინისტროს მოსამსახურეს უნდა გააჩნდეს მომეტებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გრძნობა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მიზანშეწონილად მიაჩნია პოლიციის ლეიტენანტ ლ---- ღ---–--ისათვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურეთა დისციპლინური წესდების მე-3 მუხლის ,,ზ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინარული სახდელის - სამსახურიდან დათხოვნის’’ შეფარდება.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 9 ოქტომბრის M---------------- ბრძანებით, ს----------–----–------------------------------------------------–-------–-------------------------------------------–---------–--------------------------–-------–--------------------------------–----------–----–-----------–-- მეთაური, პოლიციის ლეიტენანტი ლ---- გ--- ძე ღ---–--ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 12 ნოემბრის M---------------- წერილით დგინდება, რომ ლ---- ღ---–--ის სრული ერთი თვის შრომის ანაზღაურება შედგებოდა შემდეგი კომპონენტებისაგან: თანამდებობრივი სარგო - 1305,0 ლარი, წოდებრივი სარგო - 25,00 ლარი, წელთა ნამსახურეობის დანამატი - 199,50 ლარი, სულ - 1529,50 ლარი, დასაკავებელი საშემოსავლო: 305,90 ლარი, ხელზე მისაღები: 1223,60 ლარი.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.

 

აღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული აქტი - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 9 ოქტომბრის M---------------- ბრძანება ლ---- ღ---–--ის დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ და სხვა საკანონმდებლო აქტების დებულებებთან.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილი მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

ამრიგად, სასამართლომ ჩათვალა, რომ ასევე უნდა იმსჯელოს კანონშესაბამისია თუ არა მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენასთან და განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

 

სასამართლომ მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სტატუსს, პროფესიული საჯარო მოხელის დასაქმებისა და სამსახურის გავლის პირობებს, საჯარო სამსახურის მართვის საკითხებს, აწესრიგებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საჯარო მოსამსახურეთა სამოხელეო სამართლებრივ ურთიერთობებს, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

მითითებული კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა).

 

ამავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი კი განმარტავს, რომ პროფესიული საჯარო მოხელე/საჯარო მოხელე/მოხელე (შემდგომ – მოხელე) არის პირი, რომელიც უვადოდ ინიშნება მოხელისათვის განკუთვნილ საჯარო სამსახურის საშტატო თანამდებობაზე სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის, მუნიციპალიტეტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ, რომელიც ახორციელებს საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებებს, როგორც თავის ძირითად პროფესიულ საქმიანობას, რაც უზრუნველყოფს მის მიერ საჯარო ინტერესების დაცვას, და რომელიც ამის სანაცვლოდ იღებს შესაბამის ანაზღაურებას და სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს.

 

სასამართლომ ასევე მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეებზე.

 

სასამართლომ განმარტა, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემაში დასაქმებული, სპეციალური და სამხედრო წოდებების მქონე პირების საქმიანობაზე. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი კი ადგენს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი პოლიციელებსა და სამინისტროს მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

მითითებული კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პოლიციელი არის საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელი, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სპეციალური წოდებები და დადებული აქვთ პოლიციელის ფიცი.

 

დადგენილია, რომ ლ---- ღ---–--ე, წოდებით პოლიციის ლეიტენანტი, მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გა---------------–-------–------------------------------------------–---------–----------------------------–-------–-------------------------------------–--------–----–-- ათეულის მეთაურის თანამდებობაზე. შესაბამისად, იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს.

 

სასამართლომ მიუთითა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, პოლიციელი სამსახურიდან შეიძლება დათხოვნილ იქნეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ან მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენის გამო. აღნიშნულ დებულებას ითვალისწინებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N995 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი, კერძოდ, სამინისტროს მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ/თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ან მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენის გამო.

 

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პოლიციელის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი. ამასთან, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს; ხოლო „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, იგი კანონით დადგენილი წესით გამოსცემს ბრძანებებს.

 

სასამართლომ, მითითებულ ნორმებზე დაყრდნობით, განმარტა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გა---------------–-------–------------------------------------------–---------–----------------------------–-------–-------------------------------------–--------–----–-- ათეულის მეთაურის თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებასთან დაკავშირებით უფლებამოსილ პირს წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში არსებული მასალებით დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ ლ---- ღ---–--ე, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ----------------–-------–------------------------------------------–-------–-----------------------–-----–-----------------------------–--------–----–-- ათეულის მეთაურის თანამდებობაზე, სამსახურიდან გათავისუფლდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 9 ოქტომბრის M---------------- ბრძანების საფუძველზე და დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან.

 

ხსენებული ბრძანების თანახმად, მოსარჩელე გათავისუფლდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N989 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) და შს მინისტრის 2018 წლის 15 თებერვლის N1/73 ბრძანების (აეკრძალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეს ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე) საფუძველზე. ბრძანების საფუძველი შსს გენერალური ინსპექციის დასკვნა, ელ. ვერსია N------------------- წ.

 

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზანია, უზრუნველყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა, ხოლო იმავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მართლწესრიგი განიმარტება, როგორც საზოგადოებაში ჩამოყალიბებული ქცევისა და ურთიერთობების სისტემა, რომელიც წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობითა და იმ ადათ-წესებით, ტრადიციებითა და ზნეობრივი ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას.

 

აღნიშნული კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პოლიციელი თავის საქმიანობაში განუხრელად იცავს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის, კანონიერების, დისკრიმინაციის დაუშვებლობის, თანაზომიერების, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების, პოლიტიკური ნეიტრალობისა და პოლიციის საქმიანობის გამჭვირვალობის პრინციპებს.

 

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად, სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისათვის სამინისტროს მოსამსახურის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური სახდელები: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) სასტიკი საყვედური; დ) სამინისტროს სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა; ე) სპეციალური ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება; ვ) თანამდებობიდან ჩამოქვეითება; ზ) სამსახურიდან დათხოვნა. სამინისტროს მოსამსახურისათვის დისციპლინური სახდელის შეფარდების და მისი მოხსნის წესს ადგენს მინისტრი.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 15 თებერვლის M---------------- ბრძანების პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეს ეკრძალება ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე. ამავე ბრძანების მეორე ნაწილით, ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენის შემთხვევაში სამინისტროს მოსამსახურის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - სამსახურიდან დათხოვნა.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N989 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში–სამინისტრო) მოსამსახურეთა დისციპლინური წესდება განსაზღვრავს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა (შემდგომში – მოსამსახურე) დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების საფუძვლებს, სახდელებისა და წახალისების სახეებს, საქმისწარმოებისა და მოსამსახურეთათვის დისციპლინური სახდელების შეფარდებისა და მოხსნის წესს.

 

მითითებული წესდების მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსამსახურეს ეკისრება დისციპლინური სახდელი. დისციპლინური გადაცდომის სახეებია: ა) სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა; ა1) სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულება; ბ) სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულება; გ) ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა; დ) ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ; ე) თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობა; ვ) მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს; ზ) ფიცის გატეხვა; თ) შრომის დისციპლინის წესის დარღვევა; ი) ფორმის ტანსაცმლის ტარების წესის დარღვევა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანხმად, შრომის დისციპლინის დარღვევების ნუსხა განისაზღვრება ამ წესდების დანართით.

 

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების თანახმად, პოლიციელისა და სამინისტროს სხვა მოსამსახურის საქმიანობას აკონტროლებს სამინისტროს გენერალური ინსპექცია. სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფლებამოსილება ვრცელდება სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებზე, ტერიტორიულ ორგანოებზე, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაზე – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაზე და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამინისტროს გენერალური ინსპექცია: საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს სისტემაში „პოლიციის ეთიკის კოდექსისა“ და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა დისციპლინური წესდების“ ნორმების დარღვევის, მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენასა და სათანადო რეაგირებას.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N989 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-4 მუხლის მე-41 და მე-42 პუნქტების მიხედვით, სამინისტროს გენერალური ინსპექცია უფლებამოსილია, გამოავლინოს წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაცდომები და შეადგინოს დისციპლინური გადაცდომის ამსახველი დასკვნა. დისციპლინური გადაცდომის პრევენციის, გამოვლენისა და მასზე რეაგირების მიზნით გენერალური ინსპექცია უფლებამოსილია მოსთხოვოს/ჩამოართვას სამინისტროს ნებისმიერ მოსამსახურეს წერილობითი ან ზეპირი განმარტება.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ლ---- ღ---–--ის მიმართ დისციპლინური საქმის წარმოების განხორციელების შედეგად დაადგინა, რომ 2018 წლის 13 სექტემბერს შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოსამსახურეების მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ შს სამინისტროს მოსამსახურე ლ---- ღ---–--ეს, რომელიც ნარკოლოგიური შემოწმების მიზნით გადაყვანილი იქნა შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ნარკოლოგიური შემოწმების კაბინეტში, N------- დასკვნის თანახმად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) მოხმარების ფაქტი. ამდენად, შემოწმების მასალების შეფასების შედეგად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაასკვნა, რომ ლ---- ღ---–--ემ ჩაიდინა შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტით (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა, რაც მისი მხრიდან გამოიხატა ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო მოხმარებაში, აღნიშნულით დაირღვა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 15 თებერვლის N1/73 ბრძანება (აეკრძალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეს ნარკოტიკული საშუალების მოხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე).

 

სასამართლომ მიუთითა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, 59-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N995 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის 70-ე მუხლზე, ზემოაღნიშნული წესდების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტზე და აღნიშნავს, რომ დისციპლინური გადაცდომის გამოვლენის შემთხვევაში, დისციპლინური სახდელის დადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გენერალური ინსპექციის შესაბამისი დასკვნის გათვალისწინებით.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული აქტები განსაზღვრავენ დისციპლინური გადაცდომისათვის გამოსაყენებელ სახდელთა სახეებს მათი სიმძიმის მიხედვით, მაშასადამე კანონმდებლობა ადგენს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომათა გრადაციას, რაც უფლებამოსილ პირს ანიჭებს დისკრეციულ უფლებამოსილებას კონკრეტული გადაცდომისათვის სახდელის ზომა თავად განსაზღვროს.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N989 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ერთი დისციპლინური სახდელი, ხოლო მე-10 პუნქტის თანახმად, დისციპლინური სახდელის გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ჩადენილი გადაცდომის შინაარსი და სიმძიმე, შედეგები, აგრეთვე ჩადენის გარემოებები, მოსამსახურის პიროვნება და დამსახურება.

 

დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 9 ოქტომბრის M------------------- ბრძანებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ----------------–-------–-------------------------------------------------–-------------–-----------------------–-----–-----------------------------–--------–----–----------–-- მეთაური, პოლიციის ლეიტენანტი ლ---- გ--- ძე ღ---–--ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება- დამტკიცებისათვის. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისას საქმე არ იქნა შესწავლილი და გამოკვლეული საფუძვლიანად, ასაბუთებს სარჩელში დაფიქსირებული განმარტებით, რაც საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების, მოპასუხე მხარის - ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლომ არ გაიზიარა.

 

განსახილველი დავის ფარგლებში, სასამართლომ ყურადღება მიაქცია სადავო აქტის დასაბუთების იმ ნაწილს, სადაც საუბარია მოსარჩელის, როგორც პოლიციელის ქმედების შედეგებზე - ლ---- ღ---–--ის მხრიდან მსგავსი ქმედების ჩადენა იწვევს პოლიციის, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ უნდობლობას, ეჭქვეშ აყენებს მის ავტორიტეტს და ლახავს პოლიციელთა რეპუტაციას. შს სამინისტროს მოსამსახურეების მიმართ დაწესებულია ქცევის განსაკუთრებულად მაღალი სტანდარტი როგორც სამსახურში, ასევე მის გარეთ, რის გამოც შს სამინისტროს მოსამსახურეს უნდა გააჩნდეს მომეტებული მოქალაქეობრივი პასუხისგებლობის გრძნობა. სასამართლომ გაიზიარა სამინისტროს დასაბუთება, რომ ამგვარი ქმედებისათვის ადეკვატური ნაბიჯი სამინისტროს მხრიდან არის სწორედ პოლიციელის სამსახურიდან გათავისუფლება, რადგან სადავო ქმედების ჩამდენ მოსამსახურესთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელება მიზანშეუწონელია სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარეობს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 15 თებერვლის M---------------- ბრძანება, რომლის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეს ეკრძალება ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე; ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენის შემთხვევაში სამინისტროს მოსამსახურის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - სამსახურიდან დათხოვნა.

 

ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ პოლიციის ლეიტენანტ ლ---- ღ---–--ის მიერ ჩადენილი ქმედება ეწინააღმდეგება შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთათვის დადგენილი ქცევის წესებს და ეთიკის ნორმებს, რაც მიუღებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთათვის.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებული კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 9 ოქტომბრის M---------------- ბრძანების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა დასაშვებია უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისა და ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილით ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 

აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან კანონმდებლობა საჯარო მოსამსახურის სამსახურში აღდგენას ცალსახად უკავშირებს მისი დათხოვნის/გათავისუფლების უკანონობას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს, შესაბამისად, არ არსებობს მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.

 

სასამართლომ ჩათვალა, რომ ასევე დასაბუთებულია მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, ვინაიდან განაცდური ხელფასი ანაზღაურდება დაწესებულების მიერ მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, ხოლო სასამართლომ ბათილად არ ცნო გასაჩივრებული საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 9 ოქტომბრის ბრძანება.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტი მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებაზე ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას პირად სივრცეში მოხმარებისათვის ნებისმიერი ადმინისტრაციული სახდელის დადების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, აპელანტი აღნიშნავს, რომ გააჩნდა გონივრული მოლოდინი, რომ პირად სივრცეში, არასამუშაო საათებში, უქმე დღეს - ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას მოხმარება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელს არ შეუშლიდა. ასევე დარწმუნებული იყო, რომ ამით არც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და არც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ სამართალდარღვევასა თუ დანაშაულს არ ჩადიოდა. ამასთან, აპელანტი აღნიშნავს, რომ არ იყო ინფორმირებული საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 15 თებერვლის N1/73 ბრძანებასთან დაკავშირებით, რომლის გაცნობაც მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო არ მომხდარა.

 

აპელანტის მოსაზრებით, სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო ის გარემოება, რამდენად ჰქონდა /უნდა ჰქონოდა მის პოზიციაზე დასაქმებულ საჯარო მოხელეს შინაგან საქმეთა მინისტრის მორიგ ბრძანებასთან წვდომის შესაძლებლობა. მაშინ, როდესაც მისი ხელმძღვანელობის მხრიდან არ მომხდარა ამასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაციის მიწოდება და გაფრთხილება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილების მიღების მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეებზე არ გავრცელდებოდა აღნიშნული გადაწყვეტილება ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით.

 

აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ყოველთვის გამოირჩეოდა მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით, წლების განმავლობაში პირნათლად და მონდომებით ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, არასოდეს ყოფილა გამოყენებული მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ღონისძიება. როგორც თანამშრომლები, ისე ხელმძღვანელები ახასიათებდნენ დადებითად.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ სასამართლოს მიერ მიღებულია განსხვავებული გადაწყვეტილება, სადაც აღნიშნულია, რომ არ შეიძლება პირს მოეთხოვოს ქმედების განხორციელება ან განხორცილებისაგან თავს შეკავება თუ არ მომხდარა ამკრძალავი აქტის გაცნობა პირისათვის, რომელსაც დაევალა.

 

აპელანტი მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, 107-ე მუხლებზე, შს სამინისტროს მომსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნტზე, საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის N2/1/536 და 2017 წლის 30 ნოემბრის N1/13/732 გადაწყვეტილებებზე და კვლავ განმარტავს, რომ მან, თავის პირად სივრცეშ, დასვენების დროს და არა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, მოიხმარა მსუბუქი ნარკოტიკი - მარიხუანა. აღნიშნული ქმედების განხორციელებას მისთვის ხელი არ შეუშლია სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაში. აგრეთვე, აპელანტის მოსაზრებით, ხსენებული აქტივობით დაკავება, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, წარმოადგენს კონსტიტუციით გარანტირებული უფლების, პიროვნების თავისუფალი განვითარების, განხორციელების გამოხატულობას.

 

III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს: განსახილველ შემთხვევაში სარჩელის საფუძველზე მოთხოვნილია, ბათილად იქნეს ცნობილი დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 9 ოქტომბრის M---------------- ბრძანება, რომლითაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ----------------–-------–------------------------------------------–-------–-----------------------–-----–-----------------------------–--------–----–-- ათეულის მეთაური, პოლიციის ლეიტენანტი ლ---- ღ---–--ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან; დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივს აქტის გამოცემა, რომლითაც ლ---- ღ---–--ე აღდგენილ იქნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ----------------–-------–------------------------------------------–-------–-----------------------–-----–-----------------------------–--------–----–-- ათეულის მეთაურის თანამდებობაზე; დაეკისროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლ---- ღ---–--ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება 2018 წლის 9 ოქტომბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდისათვის, ყოველთვიურად 1529,50 ლარის ოდენობით.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ-------–------------–-----------------–--------------–------------------------------–-----------------–--------------–----------------------–-------------------------–----–-------------- ინსპექტორმა 2018 წლის 13 სექტემბერს M------------------------- პატაკით მიმართა შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის ოპერატიული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს უფროსს და მიუთითა, რომ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, შ--------------------–-------–-------------------------------------------–-------–--------------------------–------–----------------------------------–-------------–----–----------–------------- ლ---- გ--- ძე ღ---–--ე არის ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი; არსებობს საფუძველი, რომ ლ---- ღ---–--ეს, ამჟამადაც მოხმარებული აქვს ნარკოტიკული საშუალება. პატაკის ავტორმა მოითხოვა შესაბამისი მითითების გაცემა.

 

2018 წლის 13 სექტემბერს, ლ---- ღ---–--ე დაკავებული იქნა ადმინისტრაციული წესით და შედგა ადმინისტრაციული დაკავების ოქმი №--------------. ოქმის თანახმად, ლ---- ღ---–--ის ადმინისტრაციული დაკავების მოტივად განისაზღვრა ექიმის დანიშნულების გარეშე, ნარკოტიკული ნივთიერების შესაძლო მოხმარების ფაქტი (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილი).

 

2018 წლის 13 სექტემბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისათვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში ლ---- ღ---–--ემ მიუთითა, რომ დაახლოებით სამი დღის წინ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა, რომელიც ნახა მისი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ, ეზოში, ქაღალდში გახვეული. ლ---- ღ---–--ემ განმარტა, რომ ადრე რამდენიმეჯერ ჰქონდა მოხმარებული მარიხუანა, შესაბამისად, იცოდა, რომ ქაღალდში გახვეული ნივთიერება იყო მარიხუანა. ამ დროს მასთან სახლში სტუმრად მივიდა თანამშრომელი და აღნიშნული ნივთიერება ერთად მოწიეს. სხვა ნარკოტიკი არასდროს მოუხმარია და გამოთქვა მზაობა საკუთარი ნებით ჩაებარებინა ბიოლოგიური მასალა.

 

საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურის 2018 წლის 14 სექტემბერის №------- დასკვნით, ლ---- ღ---–--ეს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების - ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) მოხმარების ფაქტი.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში შს სამინისტროს მოსამსახურე ლ---- ღ---–--ის მიმართ ჩატარდა სამსახურებრივი შემოწმება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, პოლიციის ლეიტენანტ ლ---- ღ---–--ისათვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურეთა დისციპლინური წესდების მე-3 მუხლის ,,ზ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინარული სახდელის - ,,სამსახურიდან დათხოვნის’’ შეფარდება.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 9 ოქტომბრის M---------------- ბრძანებით, ს----------–----–------------------------------------------------–-------–-------------------------------------------–---------–--------------------------–-------–--------------------------------–----------–----–-----------–-- მეთაური, პოლიციის ლეიტენანტი ლ---- გ--- ძე ღ---–--ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან.

 

ზემოაღნიშნული ბრძანების მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს ქმნის საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N989 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) და შს მინისტრის 2018 წლის 15 თებერვლის N1/73 ბრძანება (აეკრძალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეს ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე).

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N989 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში–სამინისტრო) მოსამსახურეთა დისციპლინური წესდება განსაზღვრავს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა (შემდგომში – მოსამსახურე) დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების საფუძვლებს, სახდელებისა და წახალისების სახეებს, საქმისწარმოებისა და მოსამსახურეთათვის დისციპლინური სახდელების შეფარდებისა და მოხსნის წესს.

 

მითითებული წესდების მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსამსახურეს ეკისრება დისციპლინური სახდელი. დისციპლინური გადაცდომის სახეებია: ა) სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა; ა1) სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულება; ბ) სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულება; გ) ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა; დ) ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ; ე) თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობა; ვ) მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს; ზ) ფიცის გატეხვა; თ) შრომის დისციპლინის წესის დარღვევა; ი) ფორმის ტანსაცმლის ტარების წესის დარღვევა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანხმად, შრომის დისციპლინის დარღვევების ნუსხა განისაზღვრება ამ წესდების დანართით.

 

რაც შეეხება, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 15 თებერვლის N1/73 ბრძანებას, აღნიშნული ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეს ეკრძალება ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე. ამავე ბრძანების მეორე პუნქტის შესაბამისად, ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენის შემთხვევაში სამინისტროს მოსამსახურის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - სამსახურიდან დათხოვნა.

 

სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს აპელანტის განმარტებას იმის თაობაზე, რომ მისთვის უცნობი იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 15 თებერვლის N1/73 ბრძანების შინაარსი, რაც გამორიცხავდა მის მიმართ დისციპლინარული ღონისძიების უკიდურესი ზომის - სამსახურიდან დათხოვნის - გამოყენების შესაძლებლობას. სააპელაციო სასამართლო ზოგადად ადასტურებს იმ მოსაზრების მართებულობას, რომ შრომის უფლება გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას სათანადო, კანონიერი საფუძვლის გარეშე არ დაუშვას დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, თუმცა თვლის, რომ შრომის უფლების დაცვა არ გულისმობს დამსაქმებლის აბსოლუტურ შეზღუდვას კანონით გათვალისწინებული საფუძვლის შემთხვევაში გაათავისუფლოს დასაქმებული.

 

სააპელაციო სასამართლოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები აძლევს სრულ საფუძველს დაადასტუროს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა აპელანტის (მოსარჩელის) სამსახურიდან გათავისუფლების კანონისმიერი საფუძველი. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში, ზოგადად საჯარო სამსახურის და განსაკუთრებით პოლიციის მიმართ, საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბება და დაცვა წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ლეგიტიმურ საჯარო ინტერესს, რამდენადაც საჯარო სამსახურის და განსაკუთრებით პოლიციის საქმიანობის ეფექტურობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საზოგადოების ნდობასა და საჯარო სამსახურის ავტორიტეტზე, რაც შესაბამისი საჯარო მოსამსახურეების და პოლიციელების სათანადო ქცევითა და საქმიანობით მიიღწევა. პოლიციელთა ქცევისა და მათ მიმართ ნდობის განსაკუთრებული მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ საზოგადოებაში პოლიციელი აღქმულია კანონისა და ზნეობრივი ნორმების განუხრელად შემსრულებლად და საზოგადოებაში მათი დაცვის გარანტად.

 

„პოლიციის შესახებ“ კანონის 59-ე მუხლის შესაბამისად, პოლიციელი და სამინისტროს სხვა მოსამსახურე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა და დანაშაულის ჩადენისათვის პასუხს აგებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. პოლიციელს "საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსით" განსაზღვრული ნორმების დაცვა ევალება როგორც სამუშაო, ასევე არასამუშაო დროს (3.3.მუხ.), ნორმების დარღვევა იწვევს დისციპლინურ პასუხისმგებლობას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად (მე-8 მუხ.).

 

პალატა არ იზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას დარღვევის უმნიშვნელო ხასიათის შესახებ და თვლის, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რაზეც აპელანტი მიუთითებს, არ ცვლის იმ მოცემულობას, რომ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი არღვევს შს სამინისტროს მოსამსახურეთათვის დადგენილ ქცევის წესს. აღნიშნულ მოცემულობას ვერ შეცვლის ასევე ის გარემოება, გაცნობილი იყო თუ არა მოსარჩელე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 15 თებერვლის N1/73 ბრძანებას, რამდენადაც, პოლიციელს იმთავითვე გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს იმ მაღალი სტანდარტის დაცვის სავალდებულობა, რაც მასზე დაკისრებული ფუნქციიდან მომდინარეობას.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციის მხრიდან ნებისმიერ დარღვევაზე რეაგირება უნდა განხორციელდეს პროპორციულობის მოთხოვნის დაცვით, საჯარო მოსამსახურისათვის დაკისრებული დისციპლინური სახდელი შესაბამისობაში უნდა იყოს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმესთან და ითვალისწინებდეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას არსებულ გარემოებებს. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდება ხდება დარღვევის მიზეზის, დამდგარი შედეგის, მისი თავიდან აცილების შესაძლებლობის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. ამდენად, სამსახურიდან გათავისუფლება, როგორც უკიდურესი ღონისძიება, უნდა იყოს დარღვევის სიმძიმის პროპორციული.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო ჩადენილი გადაცდომის შინაარსიის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ ჩადენილი ქმედება მიმართულია საჯარო მოსამსახურისათვის - პოლიციელისათვის დადგენილი პროფესიული ქცევის წესებისა და ზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ, მოსარჩელის მიერ ჩადენილი ქმედება ლახავს შს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს. ამდენად ჩარევის კანონიერი საფუძვლის, ლეგიტიმური მიზნის და ჩარევის ინტენსივობის გათვალისწინებით, დასაბუთებულია ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია ჩარევის კანონით გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნის - საჯარო ინტერესის დაცვის მიზნის პროპორციულობის შესახებ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო ჩადენილი გადაცდომის შინაარსისა და სიმძიმის გათვალისწინებით იმ პირობებში, როდესაც ლ---- ღ---–--ეს დაუდასტურდა ნარკოტიკული საშუალების - ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) მოხმარების ფაქტი, მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოყენებული დისციპლინარული სახდელი - სამუშაოდან დათხოვნა მართებულია. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ პოლიციელის მიმართ მოქმედებს მაღალი სადისციპლინო-საშემსრულებლო მოთხოვნები, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს თანამშრომლებს ქცევის კიდევ უფრო მაღალ სტანდარტს უწესებს და მკვეთრად გამიჯნავს საჯარო სამსახურის სხვა მოხელეებისაგან.

 

პალატა არ იზიარებს სააპელაციო საჩივარში გამოთქმულ მოსაზრებებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ გათავისუფლების მართლზომიერება გამორიცხავს სამსახურში აღდგენის მოთხოვნის დაკმაყოფილებას. თავის მხრივ იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება მოხელის აღდგენის შემთხვევაშია შესაძლებელი, კანონზომიერი გათავისუფლება გამორიცხავს იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს ლ---- ღ---–--ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი (სზაკ-ის 60-ე მუხ.), დაუშვებელია სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილება.

 

პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

 

იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ლ----- ღ---–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცველელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება;

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).

 

მოსამართლე ნინო ქადაგიძე