განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080310019002904400 (3/ბ-241-2019წ.)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
31 ივლისი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ნანა კალანდაძე
სხდომის მდივანი - ეკატერინე სილაგაძე
აპელანტი (მოსარჩელე) – დ----- ყ-----–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი
წარმომადგენელი-ნ----ა წ--–----ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალდებულება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა – ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1. 2018 წლის 20 მარტს დ----- ყ-----–---–მა სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიმართ და მოითხოვა:
1) ბათილად იქნას ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს 2019 წლის 25 თებერვალის №0--------- გადაწყვეტილება;
2) ბათილად იქნას ცნობილი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დ----- ყ-----–---–ს 2----–-–-------------ს დაუანგარიშდა სარეიტინგო ქულა 105320-ის ოდენობით;
3) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის მომსახურების ცენტრის დაევალოს აუნაზღაუროს 2017 წლის ოქტომბრის თვიდან შეწყვეტილი სოციალური ფულადი დახმარება საარსებო შემწეობის სახით ოჯახის საბოლოო სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის შეფასებამდე.
2.2. სასარჩელო მოთხოვნა მოსარჩელის მიერ დამყარებულ იქნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2.2.1.იგი რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებდა საარსებო შემწეობას.
2.2.2. 2018 წლის 2 დეკემბერს სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა მის საცხოვრებელ ადგილზე ვიზიტი და ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება, კერძოდ შედგენილი იქნა ოჯახის დეკლარაცია არასრული და არასწორი მონაცემებით, რაც დაედო საფუძვლად მისი ოჯახისადმი მაღალი სარეიტინგო ქულის მინიჭებას, რომლითაც უკანონოდ შეუწყდა სოციალური დახმარების მიღება საარსებო შემწეობის სახით.
2.2.3. მისი მდგომარეობა არის მძიმე, აქვს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა, არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი მკვეთრად გამოხატული შეზღუდვით.
2.2.4. მის მიერ ოჯახის დეკლარაციის გამოთხოვისა და მასსი არასწორი მონაცემების აღმოჩენის შემდეგ №0------ განცხადებით, რომელიც თავისი არსით წარმოადგენდა საჩივარს, მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, გააპროტესტა არასწორი მონაცემების შესწავლა, მოითხოვა დეკლარაციის კორექტირება და საკითხის ხელახლა შესწავლა.
2.2.5. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 25 თებერვლის №0--------- მომართვით უსაფუძვლოდ ეთქვა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, კერძოდ ეცნობა, რომ აღარ მოხდებოდა ოჯახის შემოწმება.
2. მოპასუხეებმა - სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტომ და ამავე სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნეს და მისი უარყოფა მოითხოვეს.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით დ----- ყ-----–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
3.2.1. დ----- ყ-----–---–ი არის მკვეთრად შეზღუდული სტატუსი მქონე, უვადოდ. მისი დავადების დიაგნოზია- წინამდებარე ჯირკვლის კიბო. IVსტ. იგი არის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
-ქუთაისის წ---------–------------–----ს ქირურგიული და ონკოლოგიური ცენტრის 2----–-–---------------ს ცნობა, სერია 0------ (იხ.ს.ფ.23);
-სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმა № I----- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (იხ.ს.ფ. 25)
-ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ასლი (იხ.ს.ფ. 24).
3.2.2.დ----- ყ-----–---–ის ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 2006 წლიდან, საიდენტიფიკაციო კოდით 0------------
სასამართლო დეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (ს.ფ. 53).
3.2.3. 2018 წლის 02 დეკემბერს დ----- ყ-----–---–ის ოჯახში განხორციელდა იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფლებამოსილი პირის ვიზიტი და შეივსო ოჯახის დეკლარაცია, რომლის თანახმად:
შინამეურნეობის მიერ დაკავებული საცხოვრებლის საერთო ფართი შეადგენს - 48,53 კვ.მეტრს (A8); შინამეურნეობის მიერ დაკავებულ საერთო საცხოვრისში, სულ (სამზარეულოს, დერეფნის, ტუალეტის და სხვა დამხმარე სათავსოების გარდა) ოთახის რაოდენობა - 3 (A9); იატაკი შინამეურნეობის მიერ დაკავებულ საცხოვრებელ ნაწილში არის ლამინატი (A10.2); ფიზიკური მდგომარეობა (B3): სარეცელს მიჯაჭული/ლოგინად ჩავარდნილი (B3.1), დაუხმარებლად გადაადგილება არ შეუძლია და/ან საჭიროებს მომვლელს (B3.2), ორსული (20 და მეტი კვირის) (B3.3), მეძუძური დედა (ერთწლამდე ბავშვით) (B3.4), სიცოცხლისათვის საშიში დაავადების სამკურნალოდ საჭიროებს პერმანენტულ მედიკამენტოზურ/ამბოლატორიულ მკურნალობას (B3.5), არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ კატეგორიას არ განეკუთვნება (B3.6). სპეციალური სტატუსი და კატეგორია (B4): მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი (I ჯგუფი) ((B4.2); მარტოხელა არამომუშავე პერსონალური/სოციალური პაკეტის მიმღები (B4.6); პირადი ფულადი შემოსავალი (მიღებული ან მისაღები დეკლარაციის შევსების თვის წინა მეორე თვეში (C3 ბლოკი); დ----- ყ-----–---–ი - სახელმწიფო პენსია 180 ლარი (C3 ბლოკი 3 გრაფა); სხვა სოციალური დახმარება - 22 ლარი C3 ბლოკი, გრაფა 14); კომუნალური ხარჯები E ბლოკი: წინა მეორე თვიდან გასული 12 თვის განმავლობაში მოხმარებული ელეტქტროენერგიისათვის გადახდილი იქნა 220 ლარი და 50 თეთრი (E 1); წინა მეორე თვიდან გასული 12 თვის განმავლობაში მოხმარებული ბუნებრივი აირისთვის გადახდილი იქნა 162 ლარი და 46 თეთრი (E 2); წინა მეორე თვიდან გასული 12 თვის განმავლობაში მოხმარებული წყლისათვის გადახდილი იქნა 24 ლარი (E 3);
3.2.4. 2018 წლის 10 დეკემბერს დ----- ყ-----–---–მა განცხადებით მიმართა იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს მიუთითა დეკლარაციის B3.6 გრაფაზე და ითხოვა აღნიშნულის B3.5 გრაფით შესწორება.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2------–-–--------------------ს №3----- ბრძანებით შეტანილი იქნა შესწორება ოჯახის დეკლარაციაში, კერძოდ 2018 წლის 02 დეკემბრის ოჯახის დეკლარაციის B3 ბლოკი და B3 ბლოკის გრაფა 6-ის ნაცვლად მოინიშნა მე-5 გრაფა - სიცოცხლისათვის საშიში დაავადების სამკურნალოდ საჭიროებს პერმანენტულ მედიკამენტოზურ/ამბოლატორიულ მკურნალობას (კორექტირებული დეკლარაცია).
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- ოჯახის დეკლარაცია (ს.ფ. 16-22);
- 2----–-–---------------ის ბრძანება 3----- (ს.ფ. 57-58);
- ოჯახის დეკლარაცია (ს.ფ. 45-52).
3.2.5. დ----- ყ-----–---–ის ოჯახისათვის განკუთვნილმა სარეიტინგო ქულამ შეადგინა 105320.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (ს.ფ. 15)
3.2.6. დ----- ყ-----–---–მა 2019 წლის 28 იანვარს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართა განცხადებით და ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებით შემოწმება მოითხოვა. აღნიშნულის პასუხად სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2019 წლის 25 თებერვლის №0--------- წერილით დ----- ყ-----–---–ს ეცნობა, რომ ,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესი“-ს მე-12 მუხლის შესაბამისად, ოჯახის სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასება შესაძლებელია სარეიტინგო ქულის მინიჭებიდან, სულ ცოტა ერთი წლის გასვლის შემდეგ. განმეორებითი შეფასების მოთხოვნით სააგენტოს შესაბამის მომსახურების ცენტრს ოჯახს შეუძლია მიმართოს 2020 წლის 01 იანვრიდან.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- დ----- ყ-----–---–ის განცხადება (იხ.ს.ფ. 60-61);
-სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2019 წლის 25 თებერვლის №0--------- წერილი (იხ. ს.ფ. 73-74);
3.3.დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
3.3.1. სასამართლომ განსახილველი სამართალურთიერთობის მოწესრიგების მიზნით გამოიყენა ,,სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილება, ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141 /ნ ბრძანება, ,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესი“, ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილება და განმარტა შემდეგი: საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების ,,სოციალური დახმარების შესახებ“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საარსებო შემწეობის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს საარსებო შემწეობის მაძიებელი ოჯახებისათვის საარსებო შემწეობის დანიშვნას, გაცემას, შეწყვეტას, გაანგარიშებას, შეჩერებას, აღდგენასა და საარსებო შემწეობის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხთა გადაწყვეტას. ამავე დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საარსებო შემწეობის მიღების უფლება აქვს ოჯახს, რომელიც დადგენილი წესით რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) და მისი სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესით დადგენილი საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე (შემდგომში – ღატაკი ოჯახი).
,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესი’’-ს მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მინიჭებული სარეიტინგო ქულა მყარი ერთეულია, რომლის შეცვლა, როგორც წესი, შესაძლებელია მისი მინიჭებიდან სულ ცოტა ერთი წლის გასვლის შემდეგ, გარდა მე-9 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებით და მე-10 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
,,სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემები გადის ტექნიკურ დამუშავებას, კომპიუტერული პროგრამის საშუალებით. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ოჯახის დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის“ გამოყენებით მიიღება ოჯახის სარეიტინგო ქულა.
ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესი“-ს მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მინიჭებული სარეიტინგო ქულა მყარი ერთეულია, რომლის შეცვლა, როგორც წესი, შესაძლებელია მისი მინიჭებიდან სულ ცოტა ერთი წლის გასვლის შემდეგ, გარდა მე-9 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებით და მე-10 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ზემოხსენებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ნორმები შეაჯერა რა საქმეში წარმოდგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან სასამართლომ აღნიშნა, რომ 2018 წლის 02 დეკემბერს შეივსო დ----- ყ-----–---–ის ოჯახის დეკლარაცია, სადაც ოჯახის დეკლარაციის B3 ბლოკში -ფიზიკური მდგომარეობა, შევსებული იქნა B3.6 გრაფა. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე არ ეთანხმება დეკლარაციის გრაფაში შეტანილ ინფორმაციას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე, კერძოდ დეკლარაციის B3 კატეგორიის მე-6 გრაფას, რომლის თანახმადაც მისი ფიზიკური მდგომარეობა არ შეესაბამება არც B3 კატეგორიის 1-ელ (სარეცელს მიჯაჭვული/ლოგინად ჩავარდნილი), მე-2 (დაუხმარებლად გადაადგილება არ შეუძლია და/ან საჭიროებს მომვლელს), მე-3 (ორსული (20 და მეტი კვირის), მე-4 (მეძუძური დედა (ერთწლამდე ბავშვით), მე-5 (სიცოცხლისათვის საშიში დაავადების სამკურნალოდ საჭიროებს პერმანენტულ მედიკამენტოზურ/ამბულატორულ მკურნალობას) გრაფებს. სასამართლომ დადგენილი ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით მიუთითა, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის 2----–-–---------------ის №3----- ბრძანების საფუძველზე განხორციელდა ოჯახის დეკლარაციის (B3 ბლოკი, გრაფა 6) კორექტირება სადაც სადაც სადავო B3 ბლოკის გრაფა 6-ის ნაცვლად მონიშნა გრაფა -5 - სიცოცხლისათვის საშიში დაავადების სამკურნალოდ საჭიროებს პერმანენტულ მედიკამენტოზურ/ამბულატორულ მკურნალობას, თუმცა აღნიშნული კორექტირების გათვალისწინებით დ----- ყ-----–---–ის ოჯახის სარეიტინგო ქულა 2----–-–-------------ს განისაზღვრა 105320 ერთეულით.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ უსაფუძვლო იყო მოსარჩელის მითითება იმის თაობაზე, რომ მისი ოჯახისათვის განსხვავებული და მაღალი სარეიტინგო ქულების მინიჭება განხორციელდა კანონშეუსაბამოდ. სასამართლოს მოსაზრებით ოჯახის დეკლარაცია შევსებული იქნა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო სარეიტინგო ქულათა მინიჭება განხორციელდა შესაბამისი მეთოდოლოგიის გამოყენებით.
4. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
4.1.1.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ----- ყ-----–---–მა, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა შემდეგი დასაბუთებით:
აპელანტის თვალსაზრისით გასაჩივრებული გადაწყვეტილება უსამართლოა, რადგან არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მასალებიდან. სასამართლომ კანონიერად ჩათვალა მისი ოჯახისათვის სოციალური დახმარების შეწყვეტა, მაშინ როდესაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის მომსახურების ცენტრის სოციალური მომსახურების განყოფილების უფლებამოსილი პირის მიერ ჩატარებული ოჯახის სოციალურ–ეკონონიკური მდგომარეობის შეფასებისას მის მიერ ოჯახის დეკლარაციაში დაფიქსირებული არასწორი მონაცემებისა და ფაქტების საფუძველზე მისი ოჯახის სარეიტინგო ქულა გაიზარდა და უსაფუძვლოდ შეუწყდა საარსებო შემწეობა, რაც მისი ოჯახის ერთადერთი საარსებო წყაროს წარმოადგენდა 2006 წლიდან.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო მხარეთა მოსაზრების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასების, სააპელაციო საჩივრის მოტივების შესწავლა-გაანალიზების და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
5.ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
5.1.განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ, წინამდებარე გადაწყვეტილების 3.2.1-3.2.6 პუნქტებში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს,ამასთან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრიდან გამოთხოვილი და წარმოდგენილი მასალების (მტკიცებულებები) საფუძელზე დამატებით მიუთითებს შემდეგს:
5.1.1 2014 წლის 19 თებერვლის დეკლარაციის საფუძველზე (შევსების საფუძველი-ცენტრალური აპარატის მონიტორინგი) დ----- ყ-----–---–ის ოჯახის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეინტიგო ქულა განისაზღვრა 44 180 ქულით, ხოლო სოციალური დახმარების ოდენობა-60 (სამოცი) ლარით. (იხ.ს.ფ.174-182.);
5.1.2. 2017 წლის 27 მაისის დეკლარაციის საფუძველზე (შევსების საფუძველი-მეთოდოლოგიის ცვლილება, №758 დადგენილება) დ----- ყ-----–---–ის ოჯახის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეინტიგო ქულა განისაზღვრა 84 550 ქულით, ხოლო სოციალური დახმარება- 0 თანხა. (იხ.ს.ფ.183-190);
5.1.3. 2017 წლის 28 სექტემბრის დეკლარაციის საფუძველზე (შევსების საფუძველი-დემოგრაფიული ცვლილება, ოჯახის წევრის დამატება) დ----- ყ-----–---–ის ოჯახის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეინტიგო ქულა განისაზღვრა 120 070 ქულით, ხოლო სოციალური დახმარება-0 თანხა. (იხ.ს.ფ191-198.);
5.1.4. 2018 წლის 04 აპრილის დეკლარაციის საფუძველზე (შევსების საფუძველი-დემოგრაფიული ცვლილება, წევრის) დ----- ყ-----–---–ის ოჯახის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეინტიგო ქულა განისაზღვრა 112 790 ქულით, ხოლო სოციალური დახმარება-0 თანხა.(იხ.ს.ფ.199-206);
5.1.5. 2018 წლის 02 დეკემბერს დ----- ყ-----–---–ის ოჯახში განხორციელდა იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფლებამოსილი პირის ვიზიტი და შეივსო ოჯახის დეკლარაცია, რომლის თანახმადაც ფიზიკური მდგომარეობის აღმნიშვნელ B3 პუნქტში მოინიშნა მე-6 გრაფა. (იხ.ს.ფ.16-25)
5.1.6. 2018 წლის 10 დეკემბერს დ----- ყ-----–---–მა განცხადებით მიმართა იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს მიუთითა დეკლარაციის B3.6 გრაფაზე და ითხოვა აღნიშნულის B3.5 გრაფით შესწორება. (იხ.ს.ფ.54)
5.1.7.სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2------–-–--------------------ს №3----- ბრძანებით დადგენილ იქნა, რომ მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული დ----- ყ-----–---–ის ოჯახის დეკლარაციის B ბლოკში შეტანილ ყოფილიყო კორექტირება და პირველ წევრზე-დ----- ყ-----–---–ზე ფიზიკური მდგომარეობის ამსახველი B3 პუნქტში მე-6 გრაფის ნაცვლად მონიშნულიყო მე-5 გრაფა. (იხ.57-58);
5.1.8. ზემოხსენებული ბრძანების საფუძველზე შეტანილი იქნა შესწორება დ----- ყ-----–---–ის ოჯახის დეკლარაციაში, კერძოდ 2018 წლის 02 დეკემბრის ოჯახის დეკლარაციის B ბლოკის B3 პუნქტში B3 მე-6 გრაფის ნაცვლად მოინიშნა მე-5 გრაფა - სიცოცხლისათვის საშიში დაავადების სამკურნალოდ საჭიროებს პერმანენტულ მედიკამენტოზურ/ამბოლატორიულ მკურნალობას (კორექტირებული დეკლარაცია). (იხ.45-52; 206-214)
5.1.9. 2018 წლის 02 დეკემბრის კორექტირებული დეკლარაციის საფუძველზე (შევსების საფუძველი-განცხადება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. სტატუსი-მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი) დ----- ყ-----–---–ის ოჯახის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეინტიგო ქულა განისაზღვრა 105 790 ქულით, ხოლო სოციალური დახმარება-0 თანხა. (იხ.ს.ფ. 206-214)
5.1.10. ამდენად, ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ აპელანტ(მოსარჩელე) დ----- ყ-----–---–ის სარჩელსა და სააპელაციო საჩივარში გადმოცემული ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მას 2018 წლის 02 დეკემბრის დეკლარაციის არასწორად შევსების საფუძველზე შეუწყდა სოციალური დახმარების მიღება სააარსებო შემწეობის სახით, არ შეესაბამება მის პირად საქმეში არსებულ მასალებს (მტკიცებულებები), რადგან დადგენილია, რომ იგი სოციალური შემწეობის მიმღები არ გახლდათ არც წინარე პერიოდში, ხოლო მოცემული დეკლარაციის B3 ბლოკში არასწორად ფიქსირებული მე-6 გრაფის მონიშვნა მისივე განცხადებისა და შესაბამისი ცნობის წარდგენის საფუძველზე მოხსნილია და, გასწორებული სახით ფიქსირებულია მე-5 გრაფა, თუმცა ასეთი შესწორების მიუხედავად მისი ოჯახის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეინტიგო ქულა განისაზღვრა 105 790 ქულით, ანუ ისეთი ქულით, რომლის საფუძველზეც არ გაიცემა სოციალური დახმარება (იხ.ს.ფ. 168-214)
5.2. სააპელაციო სასამართლო ეთანხმება ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად ამ კანონის მიზანია სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარების სფეროში უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს, ადგენს სოციალური დახმარების სახეებსა და მისი დანიშვნის ძირითად პრინციპებს.აღნიშნული კანონის მე-6 და მე-7 მუხლების თანახმად, სოციალური დახმარების ერთ-ერთი სახეა საარსებო შემწეობა, რაც წარმოადგენს ფულადი სახის სოციალურ დახმარებას, რომელიც განკუთვნილია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. საარსებო შემწეობის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს საარსებო შემწეობის მაძიებელი ოჯახებისათვის საარსებო შემწეობის დანიშვნას, გაცემას, შეწყვეტას, გაანგარიშებას, შეჩერებას, აღდგენასა და საარსებო შემწეობის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხთა გადაწყვეტას. საარსებო შემწეობის მიღების უფლება აქვს ოჯახს, რომელიც დადგენილი წესით რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) და მისი სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესით დადგენილი საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე (შემდგომში – ღატაკი ოჯახი). საარსებო შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით.
პალატა განმარატავს, რომ ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ წესის მიზანია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრაციის მაძიებელი და რეგისტრირებული ოჯახების იდენტიფიკაცია და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება ოჯახის სარეიტინგო ქულის დასადგენად. ზემოხსენებული ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა არის სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ჩატარებული ვიზუალური დათვალიერებისა და გამოკითხვის (ინტერვიუირების) შედეგად დაფიქსირებული მონაცემებისა და ფაქტების ერთობლიობა. ამავე ბრძანების „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, ოჯახის დეკლარაცია არის სპეციალური ფორმის დოკუმენტი, რომელიც შეიცავს მონაცემებს ოჯახის შემადგენლობაში მყოფი წევრების, ოჯახის შემოსავლებისა და კომუნალური დანახარჯების შესახებ, აგრეთვე მონაცემებს, რომლებიც ასახავს ოჯახის ფაქტობრივ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და საჭიროა ოჯახის სარეიტინგო ქულის დასადგენად.
,,სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ოჯახი ვალდებულია: ა) შეუქმნას სააგენტოს უფლებამოსილ პირს საქმიანობის სათანადო პირობები მოქმედების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფის მიზნით; ბ) არ შეუქმნას სააგენტოს უფლებამოსილ პირს დაბრკოლებები და/ან არ შეუშალოს ხელი მისთვის დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებაში (ასეთ გარემოებად განიხილება, მაგ.: ოჯახის საცხოვრებელში შესვლის, საცხოვრებლის რომელიმე ადგილის დათვალიერებისათვის ხელოვნური დაბრკოლებების შექმნა, სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ მოთხოვნილი საბუთ(ებ)ის განზრახ დამალვა და სხვა); გ) არ მოახდინოს სააგენტოს უფლებამოსილ პირზე რაიმე ზემოქმედება მის საქმიანობაში გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით.
ზემოაღნიშნული ბრძანების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ოჯახის დეკლარაციის შევსებამდე, სააგენტოს უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოიძიოს ოჯახის შესახებ მისთვის საჭირო ინფორმაცია ნებისმიერი წყაროდან (მაგ. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან ამ ოჯახის შემადგენლობის, უძრავი ქონების - მათ შორის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შესახებ) და ინტერვიუირების პროცესში შეადაროს იგი ოჯახის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. შეუსაბამობის შემთხვევაში მიუთითოს ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენელს ინფორმაციის უზუსტობის შესახებ.
,,სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანების მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დეკლარაციის „B3“ კითხვაში მოცემულ ცხრილში ყოველ წევრზე უნდა შემოიხაზოს მხოლოდ დეკლარაციაში ჩამოთვლილი ფიზიკური მდგომარეობის შესაბამისი კოდები. სააგენტოს უფლებამოსილი პირი უნდა დარწმუნდეს (ვიზუალურად ან დოკუმენტურად), რომ ფიზიკური პირის მდგომარეობა შეესაბამება დეკლარირებულს. ამ კითხვის შევსებისას სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა უნდა გაითვალისწინოს:
ბ) ამ წესის მიზნებისათვის, ფიზიკური მდგომარეობის – „სიცოცხლისათვის საშიში დაავადების სამკურნალოდ საჭიროებს გადაუდებელ ოპერაციას“ ან/და „სიცოცხლისათვის საშიში დაავადების სამკურნალოდ საჭიროებს პერმანენტულ მედიკამენტოზურ/ამბულატორიულ მკურნალობას“ – შემოხაზვისას, სააგენტოს უფლებამოსილი პირი უნდა დარწმუნდეს, რომ ოჯახის წევრის მდგომარეობა ნამდვილად შეესაბამება ამ კატეგორიას, რაც დასტურდება სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტით (ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა), რომელშიაც მითითებულია;
ბ.ა) გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, რომლებიც მიმდინარეობს გულის ქრონიკული უკმარისობის IIბ – IV ხარისხით;
ბ.ბ) გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, რომლის დროსაც რეკომენდებულია აუცილებელი ინტერვენციული ჩარევები (ოპერაციები გულზე, სტენტირება, რითმის წამყვანის – პეისმეიკერის, გულშიდა დეფიბრილატორის იმპლანტაცია);
ბ.გ) სასუნთქი სისტემის დაავადებები გართულებული სუნთქვის II-III ხარისხის უკმარისობით;
ბ.დ) თირკმლის ქრონიკული დაავადება III – V სტადია;
ბ.ე) ონკოლოგიური დაავადებები II– IV კლინიკური ჯგუფი ან/და, რომლებიც საჭიროებენ თერაპიულ (ქიმიოთერაპიულ, ჰორმონოთერაპიულ, სხივურთერაპიულ და პალიატიურ) მკურნალობას;
ბ.ვ) ონკოჰემატოლოგიური დაავადებები, რომლებიც საჭიროებენ თერაპიულ (ქიმიოთერაპიულ, ჰორმონოთერაპიულ, სხივურთერაპიულ და პალიატიურ) მკურნალობას; ბ.ზ) შაქრიანი დიაბეტი – ტიპი 1, ტიპი 2 – ინსულინმომხმარებელი;
ბ.თ) ქრონიკული ჰეპატიტი „B“ ან „C“; ბ.ი) ღვიძლის ციროზი;
ბ.კ) ეპილეფსია.
პალატა განმარტავს, რომ ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემები გადის ტექნიკურ დამუშავებას, კომპიუტერული პროგრამის საშუალებით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ოჯახის დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის“ გამოყენებით მიიღება ოჯახის სარეიტინგო ქულა.
ზემოთ მოხმობილი ნორმების შესაბამისად პალატა ასკვნის, რომ საარსებო შემწეობის ან სხვა ფულადი დახმარების მიღება ოჯახის სარეიტინგო ქულის ოდენობაზეა დამოკიდებული, რომლის გამოთვლა ხდება ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ სპეციალურ კითხვარში - ოჯახის დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემებისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ შეგროვებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 02 დეკემბერს დ----- ყ-----–---–ის ოჯახში, საიდენტიფიკაციო კოდი - 0-----------, ვიზიტი განახორციელა იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფლებამოსილმა პირმა.
ოჯახის მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე, შეივსო „ოჯახის დეკლარაცია“ (დეკლარირებული ინფორმაცია დადასტურებულია ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერით). რომელშიაც B ბლოკში B3 პუნქტი (ფიზიკური მდგომარეობა) შევსებული იქნა B3.6 გრაფა - არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ კატეგორიას არ განეკუთვნება. ზემოხსენებულ დეკლარაციის B3 ბლოკში არასწორად ფიქსირებული მონაცემი - შეცდომით მონიშნული მე-6 გრაფა, თვით დ----- ყ-----–---–ის განცხადების, ასეთზე დართული შესაბამისი ცნობის წარდგენისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2------–-–--------------------ს №3----- ბრძანების საფუძველზე კორექტირებულ იქნა და გასწორებული ვერსიით ფიქსირებული იქნა მე-5 გრაფა, თუმცა ასეთის მიუხედავად, მისი ოჯახის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეინტიგო ქულა განისაზღვრა 105 790 ქულით,ანუ ისეთი ქულით, რომლის საფუძველზეც არ გაიცემა სოციალური დახმარება.
პალატა აღნიშნავს, რომ ოჯახის დეკლარაციის შევსების წესი დადგენილია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიით“, რომელიც ასახავს იმ მონაცემებს, რომელთა შესახებ ზუსტი ინფორმაციის მიწოდება ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის ვალდებულებაა. აღსანიშნავია ისიც, რომ ოჯახის დეკლარაციაში მონაცემების სწორად ასახვას ხელმოწერით ადასტურებს თავად ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი.
სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის ფარგლებში შეფასებულ (შესწავლილ) ოჯახებზე, საარსებო შემწეობის ოდენობა განისაზღვრება:
ა) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 30001–ზე ნაკლებია – განისაზღვრება 60 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;
ბ) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 30001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 57001 ქულაზე – განისაზღვრება 50 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;
გ) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 57001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 60001 ქულაზე – განისაზღვრება 40 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;
დ) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 60001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 65001 ქულაზე – განისაზღვრება 30 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;
ე) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 100001–ზე ნაკლებია – საარსებო შემწეობა განისაზღვრება 10 ლარით ოჯახის თითოეულ 16 წლამდე ასაკის წევრზე.
ხოლო, ამავე ბრძანების მე-7 მუხლის თანახმად, მე-2 პუნქტის საარსებო შემწეობის მისაღები ზღვრული ქულა, ამ წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, არის 100001 (ასი ათას ერთი).
სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილების შესაბამისად, დ----- ყ-----–---–ის ოჯახის სარეიტინგო ქულა ძალაში შევიდა 2019 წლის 01 იანვარს, რამაც შეადგინა - 105 320.
პალატა მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით არ დგინდება აპელანტის სარეიტინგო ქულის დასადგენად შევსებულ ოჯახის დეკლარაციაში უზუსტო მონაცემების არსებობა, რადგან როგორც აღინიშნა, ასეთი კორექტირებულ იქნა. შესაბამისად პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განვითარებულ მსჯელობას და დამატებით აღნიშნავს, რომ იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიერ დ----- ყ-----–---–ს დეტალურად ეცნობა მინიჭებულ ქულასთან დაკავშირებით ინფორმაცია, კერძოდ, 2019 წლის 25 თებერვლის 0--------- წერილით მოსარჩელეს დასაბუთებულად განემარტა ქულის მინიჭებასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის ისიც, რომ წარმოდგენილი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №I--------ს საფუძველზე სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დაფიქსირებული იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასევე „ოჯახის დეკლარაციის“ შესაბამის გრაფაში ასახული იყო ფიზიკური მდგომარეობაც. შესაბამისად, დაუსაბუთებელია და რეალობას არ შეესაბამება აპელანტის მოსაზრება დეკლარაციაში უსწორო მონაცემების არსებობის შესახებ.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნაგანმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის შესაბამისად მხარეები თვითონ არიან ვალდებულნი წარუდგინონ მტკიცებულებები სასამართლოს.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს რა ადმინისტრაციული სამართალწარმოების სპეციფიკას, ხაზს უსვამს იმ მოსაზრებას, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოებისათვის მახასიათებელი ინკვიზიციურობის ელემენტი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის დებულებიდან გამომდინარე, არ გამორიცხავს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვის სავალდებულობას, რის საფუძველზეც, თითოეული მხარე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი მოთხოვნები, უარყოს ან გააქარწყლოს მეორე მხარის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
პალატა განმარტავს, რომ მტკიცების პროცესი მოიცავს მხარეთა მიერ მტკიცებულებათა შეგროვებას და სასამართლოში წარდგენას. მხარე უფლებამოსილი და ვალდებულია თვითონვე დაამტკიცოს მის მიერ მითითებული გარემოებები. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა პირდაპირ და არსებით გავლენას ახდენს დავაზე და შესაბამისად, განაპირობებს სასამართლო გადაწყვეტილების შინაარსს. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები ეკისრება იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი, წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე, კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, კერძოდ, როცა დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე – მოპასუხე სუბიექტზე. პალატას მიაჩნია, რომ მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება არც ერთ შემთხვევაში არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება მის მიერვე მითითებული გარემოებების დასაბუთების ვალდებულებისაგან, ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება.
განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორმა ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი და შესაბამისი მტკიცებულებით ვერ დაასაბუთა აღძრული სარჩელის საფუძვლიანობა, ამასთან ვერც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ფორმალურ-მატერიალური კანონიერების თვალსაზრისითაც წარმოადგინა რაიმე არგუმენტირებული დასაბუთება. მეტიც, როგორც უკვე აღინიშნა, დადგენილია, რომ ოჯახის დეკლარაციაში შეტანილი ცვლილების მიუხედავად აპელანტის ოჯახს მიენიჭა სარეიტინგო ქულა - 105320. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის № 145 დადგენილების თანახმად კი ქულათა ზემოაღნიშნული ოდენობა, არ ითვალისწინებს ფულად სოციალურ დახმარებას, რაც სააპელაციო საჩივრის უარყოფის საფუძველია.
6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
6.1. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და ასეთის სამტკიცებლად წარმოდგენილ მტკიცებულებებს, გადაწყვეტილება ფაქტობრივად და სამართლებრივად დასაბუთებულია სრულად, მისი გაუქმებისათვის დასაბუთებულ პრეტენზიას წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს, შესაბამისად, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. ამდენად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
7.სასამართლო ხარჯები
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოცილაური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე. შესაბამისად პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, ამავე კოდექსის მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 377-ე, 386-ე, 389-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ----- ყ-----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;
3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მისამართი: ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლე ნანა კალანდაძე