განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210018002694517
საქმე №2ბ/1760-19
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
11 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
მოსამართლე - მაია სულხანიშვილი
სხდომის მდივანი - მარინე თათრიაშვილი
აპელანტი - გ------- კ--–-------–---–ი
წარმომადგენელი - ს--–-----------
მოწინააღმდეგე მხარე - ხ----- კ-----–--–---–-
წარმომადგენელი - ნ------–---------------
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ქორწინების შეწყვეტა
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით, ხ----- კ-----–--–---–-ს სარჩელი გ------- კ-----–--–---–-ს მიმართ ქორწინების შეწყვეტის თაობაზე დაკმაყოფილდა და შეწყდა ქორწინება ხ----- კ-----–--–---–სა (პ/ნ 0----------, დაბადებული 18.10.1987 წ. გვარი ქორწინებამდე - ფ-------) და გ------- კ-----–--–---–ს (პ/ნ 0----------, დაბადებული 24.051959 წ.) შორის რეგისტრირებული 2016 წლის 16 დეკემბერს, სააქტო ჩანაწერი №0----------.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. ხ----- კ-----–--–---–- (პ/ნ 0----------0) და გ------- კ-----–--–---–- (პ/ნ 0----------) იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში 2016 წლის 16 დეკემბერიდან.
2.2. ხ----- კ-----–--–---–ს და გ------- კ-----–--–---–ს თანაცხოვრების პერიოდში საერთო შვილი არ შეძენიათ.
2.3. ხ----- კ-----–--–---–- და გ------- კ-----–--–---–- 2018 წლის 14 ნოემბრიდან ცხოვრობენ ცალ-ცალკე.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.4. 2018 წლის 15 ოქტომბერს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის,დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის - დ-----------–---–-ს მიერ გამოიცა შემაკავებელი ორდერი N0----- გ------- კ-----–--–---–-ს მიმართ, მის მიერ ხ----- კ-----–--–---–-ს მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის საფუძველზე, ასევე დაწყებული იქნა გამოძიება სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე, ხ----- კ-----–--–---–-ს მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე.
2.5. თბილისის საქალალქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, გ------- კ-----–--–---–-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს, პოლიციის მე-4 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის - დ-----------–---–-ს მიერ 2018 წლის 15 ოქტომბერს გამოცემული #0----- შემაკავებელი ორდერი.
2.6. 2017 წლის 03 თებერვლის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონების მესაკუთრედ, მდებარე მისამართზე: ქ-------–------------------, ს/კ 0---------------------- , ჩუქების ხელშეკრულების (დამოწმების თარიღი 02/02/2017) საფუძველზე, აღრიცხულია ხ----- კ-----–--–---–- (პ/ნ 0----------)
2.7. მხარეთა ახსნა-განმარტების საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია გარემოება იმის შესახებ, რომ გ------- კ-----–--–---–ს და ხ----- კ-----–--–---–ს შორის ოჯახის აღდგენა შეუძლებელია, აღნიშნულის გარემოების დადგენისას სასამართლომ შეფასება მისცა ფაქტებს იმის თაობაზე, რომ მხარეებს შორის არსებობს კონფლიქტური სიტუაცია, მათ შორის ოჯახის აღდგენა ვერ მოხერხდა. სასამართლოს მიერ დანიშნულმა შესარიგებელმა ვადამ ვერ გამოიღო შედეგი, ასევე სასამართლოში საქმის განხილვის მიმდინარეობისას მხარეთა შერიგების შესაძლებლობა არ გამოიკვეთა. მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე კვლავ დაუჭირა მხარი სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხესთან ქორწინების შეწყვეტის შესახებ და კატეგორიული უარი განაცხადა ოჯახის შენარჩუნებასა და მოპასუხესთან ერთ ოჯახად ცხოვრებაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სსსკ-ის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.8. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისი 1122-ე მუხლის “გ” პუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით, ხოლო 1127-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად. მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს შესარიგებელი ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილია, რომ განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.
,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმი №1” (პარიზი, 1952 წლის 20 მარტი) მე-5 მუხლის თანახმად, მეუღლეები სარგებლობენ კერძოსამართლებრივი ხასიათის თანაბარი უფლებებითა და მოვალეობებით ერთმანეთს შორის და შვილებთან ურთიერთობაში, დაქორწინების დროს, ქორწინების განმავლობაში და მისი შეწყვეტის შემთხვევაში. ეს მუხლი ხელს არ უშლის სახელმწიფოებს, განახორციელონ ბავშვების ინტერესებისათვის აუცილებელი ღონისძიებანი.
1966 წლის 16 დეკემბრის ,,საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ” (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის თანახმად, 1. ოჯახი საზოგადოების ბუნებრივი და ძირითადი უჯრედია და აქვს უფლება, რომ იგი დაიცვან საზოგადოებამ და სახელმწიფომ. 2. მამაკაცებსა და ქალებს, რომლებმაც მიაღწიეს ქორწინების ასაკს, აქვთ უფლება შექმნან ოჯახი. 3. არც ერთი ქორწინება არ შეიძლება მოხდეს მექორწინეთა თავისუფალი და სრული თანხმობის გარეშე. 4. ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად.
ქორწინება ოჯახის საფუძველია. მასში, პირველ ყოვლისა, ასახვას პოულობს სულიერი, ზნეობრივი, ასევე პირადი და ქონებრივი ურთიერთობების გაერთიანება. ქორწინებისათვის დამახასიათებელი იურიდიული ნიშნების გათვალისწინებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, კანონმდებელს საშუალება მიეცა შემოეთავაზებინა ქორწინების შემდეგნაირი განსაზღვრება: ქორწინება მამაკაცისა და ქალის თავისუფალი, ნებაყოფლობითი და თანასწორუფლებიანი კავშირია, ოჯახის შექმნის მიზნით, რომელიც მყარდება კანონით დადგენილი წესისა და პირობების დაცვით, წარმოშობს მეუღლეთა შორის პირად და ქონებრივ უფლებებს და მოვალეობებს. როგორც კანონმდებელი განმარტავს, ქორწინების ერთ-ერთი საფუძველია ,,ოჯახის შექმნის მიზანი”. ქორწინება დაფუძნებულია ნებაყოფლობითობის პრინციპზე და ამასთან, საოჯახო სამართალი განამტკიცებს განქორწინების თავისუფლების პრინციპს. აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო განმარტავს, რომ როგორც დაქორწინებისათვის ასევე ოჯახის აღდგენისა და შენარჩუნებისათვის მხარეთა ორმხრივი ნების გამოვლენაა საჭირო, რაც განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ მხარეთა შორის მწვავე კონფლიქტური ურთიერთდამოკიდებულებაა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ კანონმდებლის მიერ შესარიგებელი ვადის განსაზღვრა ემსახურება მხოლოდ ოჯახის აღდგენის რეალურ მიზანს, რაც მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის კატეგორიული პოზიციისა და მეუღლეთა თანაცხოვრების ფაქტობრივად შეწყვეტის გათვალისწინებით, არ გამოკვეთილა. მხარეებს განესაზღვრათ შესარიგებელი ვადა, მაგრამ მეუღლეთა შერიგება არ მომხდარა. მოსარჩელე კვლავ წინააღმდეგია ოჯახის აღდგენის და მხოლოდ მოპასუხის სურვილი მოსარჩელესთან საქორწინო ურთიერთობაში ყოფნის, არ არის საკმარისი ოჯახის შესანარჩუნებლად. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის ოჯახის აღდგენა შეუძლებელია. ამდენად, სასამართლომ ჩათვალა, რომ, ვინაიდან ხ----- კ-----–--–---–-ს და გ------- კ-----–--–---–-ს ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, სარჩელი ქორწინების შეწყვეტის შესახებ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა იმ გარემოებას, რომ მხარეების ერთ ოჯახად ცხოვრება და მათ შორის ოჯახის აღდგენა შეუძლებელი იყო, რამდენადაც, აპელანტის განმარტებით, ხ----- და გ------- კ-----–--–---–ებს შორის ურთიერთობა დასტაბილურდა და დათბა და მათ შესაძლოა ერთად თანაცხოვრება გააგრძელონ.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოება არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილად მიჩნეულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
· ხ----- კ-----–--–---–- (პ/ნ 0----------0) და გ------- კ-----–--–---–- (პ/ნ 0----------) იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში 2016 წლის 16 დეკემბერიდან.
· ხ----- კ-----–--–---–ს და გ------- კ-----–--–---–ს თანაცხოვრების პერიოდში საერთო შვილი არ შეძენიათ.
· ხ----- კ-----–--–---–- და გ------- კ-----–--–---–- 2018 წლის 14 ნოემბრიდან ცხოვრობენ ცალ-ცალკე.
· 2018 წლის 15 ოქტომბერს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის,დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის - დ-----------–---–-ს მიერ გამოიცა შემაკავებელი ორდერი N0----- გ------- კ-----–--–---–-ს მიმართ, მის მიერ ხ----- კ-----–--–---–-ს მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის საფუძველზე, ასევე დაწყებული იქნა გამოძიება სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე, ხ----- კ-----–--–---–-ს მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე.
· თბილისის საქალალქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, გ------- კ-----–--–---–-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს, პოლიციის მე-4 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის - დ-----------–---–-ს მიერ 2018 წლის 15 ოქტომბერს გამოცემული #0----- შემაკავებელი ორდერი.
· 2017 წლის 03 თებერვლის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონების მესაკუთრედ, მდებარე მისამართზე: ქ-------–------------------, ს/კ 0---------------------- , ჩუქების ხელშეკრულების (დამოწმების თარიღი 02/02/2017) საფუძველზე, აღრიცხულია ხ----- კ-----–--–---–- (პ/ნ 0----------)
· დადგენილია, რომ გ------- კ-----–--–---–ს და ხ----- კ-----–--–---–ს შორის ოჯახის აღდგენა შეუძლებელია, მხარეებს შორის არსებობს კონფლიქტური სიტუაცია, მათ შორის ოჯახის აღდგენა ვერ მოხერხდა. სასამართლოს მიერ დანიშნულმა შესარიგებელმა ვადამ ვერ გამოიღო შედეგი, ასევე სასამართლოში საქმის განხილვის მიმდინარეობისას მხარეთა შერიგების შესაძლებლობა არ გამოიკვეთა. მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე კვლავ დაუჭირა მხარი სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხესთან ქორწინების შეწყვეტის შესახებ და კატეგორიული უარი განაცხადა ოჯახის შენარჩუნებასა და მოპასუხესთან ერთ ოჯახად ცხოვრებაზე.
4.2. პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში (შემდგომ – სააგენტოს ტერიტორიული სამსახური). ამავე კოდექსის 1122-ე მუხლის “გ” პუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით.
ზემოაღნიშნული ნორმები ცხადყოფს, რომ ქორწინება დაფუძნებულია ნებაყოფლობითობის პრინციპზე და ამასთან საოჯახო სამართალი განამტკიცებს განქორწინების თავისუფლების პრინციპს. როგორც დაქორწინებისათვის, ასევე ოჯახის აღდგენისა და შენარჩუნებისათვის მხარეთა ორმხრივი ნების გამოვლენაა საჭირო. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა ორმხრივ ნებას ოჯახის შენარჩუნებისათვის ადგილი არ აქვს. კერძოდ, მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) კატეგორიულად მოითხოვს განქორწინებას.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მითითებას, რომ არ არსებობდა ქორწინების შეწყვეტის საფუძველი, ვინაიდან, მხარეთა შორის ოჯახის აღდგენა შესაძლებელი იყო. პალატა შენიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ სასამართლო სხდომაზე თავდაპირველმა მოსარჩელემ კატეგორიულად გამორიცხა მოპასუხესთან ოჯახის აღდგენის შესაძლებლობა და საქორწინო ურთიერთობის გაგრძელება მათ შორის დაძაბული ურთიერთობის არსებობის გამო. ამდენად, ხ----- კ-----–--–---–-ს მხრიდან აპელანტის მიმართ გამოვლენილი მძაფრი უარყოფითი დამოკიდებულება ცხადჰყოფს იმ გარემოებას, რომ მხარეთა შორის ოჯახის აღდგენა შეუძლებელია და დამატებით კიდევ შესარიგებელი ვადის მიცემა არავითარ შედეგს არ გამოიღებს.
პალატა განმარტავს ასევე, რომ აპელანტს მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებების აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება კი, როდესაც, მას უარყოფს მეორე მხარე, ვერ გახდება მითითებული გარემოების დადგენილად მიჩნევის საფუძველი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად კი, 1. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 2. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. 3. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103.1. მუხლის პირველი წინადადების თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილია, რომ განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი შესარიგებელი ვადის დანიშვნის თაობაზე არის სასამართლოს უფლება და არა ვალდებულება, ანუ სასამართლო ყველა შემთხვევაში არაა ვალდებული მეუღლეებს დაუნიშნოს შესარიგებელი ვადა. აღნიშნულ უფლებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როდესაც გარკვეული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე სასამართლოს უყალიბდება შინაგანი რწმენა იმის თაობაზე, რომ შესაძლებელია მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება.
სააპელაციო პალატა თვლის, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე კატეგორიული წინააღმდეგია ერთად ცხოვრებისა და ოჯახის შენარჩუნებისა. აღნიშნული კი წარმოადგენს ქორწინების შეწყვეტის კანონით გათვალისწინებულ საფუძველს. შესაბამისად, პალატის შეფასებით, აზრს მოკლებულია შესარიგებელი ვადის დანიშვნა მოცემულ შემთხვევაში. ამდენად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და შესაბამისად, მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე, 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის გამო არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ------- კ-----–--–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება;
3. სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: მაია სულხანიშვილი