განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100114572046
№1/ბ-142-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 ივნისი, 2019 წ. ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე
სხდომის მდივანი მარინა მაკარიძე
პროკურორის - ა----–--- წ--------ას
მსჯავრდებულის - ი-----–- ზ--------ის მონაწილეობით
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ი-----–- ნ-----ის ძე ზ--------ის მიმართ, დაბადებული: 0---------წ. პირადი №6----------, განქორწინებული, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები ქ.ბათუმი, გ-----------–---–ის ქ.№6-ში.
აღწერილობით ნაწილი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ი-----–- ზ--------ემ ჩაიდინა ი-----–- ზ--------ემ ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2014 წლის 10 ივლისს, დაახლოებით საღამოს 1800 საათზე, ქალაქ ბათუმში, ანგისის ქუჩა N53-ში მცხოვრებმა ი-----–- ზ--------ემ, თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში, ურთიერთშელაპარაკების დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის ყოფილ მეუღლეს, მ------ა შ----ეს, კერძოდ, მათი არასრულწლოვანი შვილის, მ------ მ--–-----ის თანდასწრებით, თმებში მოქაჩა ხელით, ასევე ხელი დაარტყა გულმკერდის არეში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის განაჩენით, ი-----–- ზ--------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2014 წლის 10 ივლისს მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ი-----–- ზ--------ეს პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 90 (ოთხმოცდაათი) საათის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 18 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელი და ი-----–- ზ--------ეს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 90 (ოთხმოცდაათი) საათის ვადით.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის ზ------ კ---–--–--ის მიერ, რომელმაც განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ი-----–- ზ--------ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრება მოითხოვა.
სააპელაციო საჩივარი ასევე წარმოდგენილ იქნა მსჯავრდებულ ი-----–- ზ--------ის მიერ, რომელმაც გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა მოითხოვა.
მხარეებს სააპელაციო საჩივრებზე შესაგებელი არ წარმოუდგენიათ.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - მსჯავრდებულ ი-----–- ზ--------ეს, რომელმაც მხარი დაუჭირა თავის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.
აპელანტს - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა----–--- წ--------ას, რომელმაც მხარი არ დაუჭირა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებულ განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ მ------ა შ----ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2008 წლიდან იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში ი-----–- მ--–-----ესთან, რომელმაც შემდგომში შეიცვალა გვარი და გახდა ზ--------ე. ამ ქორწინებაში მათ შეეძინათ 2 შვილი: დ-----ი და მ------ი. ი-----–- დამოკიდებული იყო წამალზე და მარიხუანაზე, ნასამართლევი იყო ადამიანის მკვლელობის მცდელობისათვის, აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რაც იწვევდა დაძაბულობას ოჯახში. მამამთილის თხოვნით წავიდა სახლიდან და თავის გოგონათან ერთად ცხოვრობდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში. მეორე შვილი დარჩა მამასთან. 2014 წლის 01 ივლისს უფროსი შვილი გახდა 5 წლის. უნდოდა დაბადების დღის მილოცვა, რის გამოც დაურეკა მამამთილს, რომელმაც ურჩია, სიტუაცია, რომ არ დაძაბულიყო პირველი ივლისის ნაცვლად, მისულიყო მოგვიანებით. 2014 წლის 10 ივლისს იყიდა ელექტრო-მოტოციკლი და პატარა მ------თან ერთად მივიდა ანგისის ქუჩა 53-ში. კარი ღია იყო და პატარა მ------ი ზემოთ გაიქცა, სადაც დახვდა ი-----–-, რომელმაც ბავშვი ჩამოიყვანა ქვემოთ და განუცხადა, რომ უფროსი შვილი დ-----, რომელიც მასთან ცხოვრობდა ამ დროს სახლში არ იყო და ამიტომ წასულიყო იქედან. რადგან იცოდა და დაინახა, რომ ბავშვი სახლში იყო, მოითხოვა მისი ნახვა. ი-----–- გაბრაზდა, ჩაწვდა თმებში და ყელში ხელებით, დაუწყო თმების მოქაჩვა და ხელის დარტყმა, რის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი. ბავშვს შეეშინდა და დაიწყო ტირილი. აღნიშნული კონფლიქტის ხმა გაიგონეს მეზობლებმა, რომლებიც მოუწოდებდნენ ი-----–-ს დამშვიდებულიყო. ამ დროს მოახერხა და დაურეკა თავშესაფრის დირექტორს, ბ--- მ--------ეს, რომელმაც ურჩია პოლიციაში დაერეკა. მოვიდნენ პოლიციელები, რომელთაც განუცხადა მომხდარის თაობაზე.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, მ------ა შ----ეს აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთებისა და ნაჭდევების სახით ორივე ზედა კიდურისა და გულმკერდის არეში. დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ექსპერტი მ------ მ---------–ი, რომელმაც დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები.
მოწმის სახით დაკითხული ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის რ----- ფ----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2014 წლის ივლისის შუა რიცხვებში შევიდა შეტყობინება. ფრიდონ ნაკაშიძესთან ერთად მივიდა ქ. ბათუმში, ანგისის ქუჩა N53-ში, სადაც საცხოვრებელი სახლის ეზოში დახვდათ ი-----–- ზ--------ე და მისი მეუღლე მ------ა შ----ე მცირეწლოვან შვილთან ერთად. მ------ა შ----ეს თმები ჰქონდა გაჩეჩილი და გულმკერდი გაწითლებული. ბავშვი ტიროდა, ხოლო ი-----–- ზ--------ე იქცეოდა აგრესიულად.
მოწმე სახით დაკითხული ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ფრიდონ ნაკაშიძის ჩვენებით დადგენილია, რომ 2014 წლის ივლისის შუა რიცხვებში ქ. ბათუმში, ანგისის ქუჩა N53-ში მოხდა გამოძახება. რ----- ფ----------ესთან ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც ეზოში დახვდათ მ------ა შ----ე, ი-----–- მ--–-----ე და მცირეწლოვანი ბავშვი. ი-----–- აგრესიულად იქცეოდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მ------ას. მ------ა შავძემ მათ განუცხადა, რომ მივიდა მისი მეუღლის სახლში შვილის სანახავად, რომელიც ცხოვრობდა მამასთან, მაგრამ სახლში არ შეუშვეს. ი-----–- ზ--------ემ მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მ------ა შ----ეს ხელის არეში ჰქონდა ჩაქცევები, ხოლო კისრის არეში სიწითლე. მან ასევე განაცხადა, რომ ი-----–-მ თმებში მოქაჩა და სტკიოდა.
სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ბათუმის თავშესაფრის უფროსის ბ--- მ--------ის გამოკითხვის ოქმის თანახმად დადგენილია, რომ 2014 წლის 14 აპრილს თავშესაფარში მიიღეს ოჯახური ძალადობის მსხვერპლი, მ------ა შ----ე, მცირეწლოვან ბავშვთან ერთად, რომელიც დღემდე ცხოვრობს აღნიშნულ თავშესაფარში. მოწმის განმარტებით მას რამოდენიმე დღის წინ მ------ა შ----ემ ტელეფონის საშუალებით შეატყობინა, რომ იგი მივიდა ყოფილი ქმრის - ი-----–-ს ოჯახში თავისი უფროსი შვილის სანახავად, რომელიც მამასთან ერთად ცხოვრობდა, რა დროსაც ი-----–-მ მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და ჰკითხა მას თუ როგორ მოქცეულიყო. მან მ------ას აუხსნა, რომ უნდა ეცნობებინა პოლიციისათვის. ამის შემდეგ დაურეკა მ------ას და ჰკითხა თუ სად იმყოფებოდა და შეხვდა მას. მ------ა მოუყვა, რომ მოენატრა უფროსი შვილი, რის გამოც მივიდა სანახავად მეუღლის სახლში, სადაც მეუღლემ უარი უთხრა შვილის ნახვაზე, ცემა და თმებით ითრია. მ------ა შ----ემ მას აჩვენა ხელებზე და გულმკერდის არეში შეწითებული ადგილები, რომლებიც მისი განმარტებით აღნიშნული კონფლიქტის დროს მეუღლემ, ი-----–- ზ--------ემ მიაყენა.
მოწმის სახით დაკითხული ნ----- მ--–-----ის ჩვენებით (ი-----–- ზ--------ის მამა) დადგენილია, რომ 2014 წლის 01 ივლისს შვილიშვილს ჰქონდა დაბადების დღე. ბავშვი შეახვედრა დედამისს ოფისში, შემდეგ გასართობ ცენტრში, სადაც დედამ მიუტანა სათამაშო მანქანა. 10 ივლისს ბავშვი სასეირნოდ ჰყავდა გაყვანილი ახალ ბულვარში. დაურეკა მ------ა შ----ემ და უთხრა, რომ ბავშვის ნახვა სურდა, რაზეც უპასუხა, რომ ბავშვი ბულვარში ჰყავდა, მხოლოდ ი-----–- იმყოფებოდა სახლში და მათ მისვლამდე ნუ მივიდოდა. ერთ საათში დაბრუნდა სახლში. ეზოში დახვდნენ პოლიციელები. როგორც გაირკვა მ------ა შ----ე ცდილობდა სახლში შეჭრას. ი-----–-მ არ შეუშვა და გამოიძახა პოლიცია. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ი-----–-ს წინააღმდეგ დაიწყეს გამოძიება.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ბრალდებული ი-----–- ზ--------ემ აჩვენა, რომ 2014 წლის 10 ივლისს, ქ. ბათუმში ანგისის ქ. 53-ში ბავშვის სანახავად მივიდა მისი ყოფილი მეუღლე, მ------ა შ----ე, რომელსაც თან ახლდა უმცროსი შვილი, მ------ ზ--------ე. უფროსი შვილი დ-----ი, რომელიც მამასთან ცხოვრობდა, სახლში არ იყო და სთხოვა მ------ას წასულიყო სახლიდან და აღარ მოსულიყო. თუ ბავშვის ნახვას მოისურვებდა, დაერეკა მისი მამისათვის ან მამიდისათვის. თვითონ მ------ა შ----ე სახლში არ შემოსულა. შემოვიდა მ------ი, რომლის გამოსვლის შემდეგ კარები დაკეტა. ისინი ეზოში დარჩნენ, თვითონ მეორე სართულზე ავიდა და ცდილობდა დაერეკა მამისათვის, ნ----- მ--–-----ისათვის, რომელსაც ბავშვი ყავდა წაყვანილი, მაგრამ ვერ დაუკავშირდა. ამ დროს ეზოდან წივილ-კივილის და კარებზე ბრახუნის ხმა შემოესმა. მ------ა შ----ეს ჰქონდა სხვადასხვა პრეტენზიები. იმუქრებოდა, რომ პოლიციას დაურეკავდა და ეტყოდა, რომ გალახეს. დაიწყო წყევლა, გინება, ეზოში იდო ბავშვისათვის ნაჩუქარი მანქანა, რომელიც დაამტვრია. იძულებული გახდა გამოეძახა სასწრაფო დახმარება და პოლიცია, რათა მ------ა შ----ე გაეყვანათ მისი საკუთრებიდან. 10 წუთში პოლიციელებთან ერთად მოვიდა პოლიციის მე-7 განყოფილების უფროსის მოადგილე, გენო მახარაძე, რომელმაც უთხრა, რომ ეს სახლი მ------ა შ----ისაც არისო და დაემუქრა დაჭერით, რაზეც პოლიციის უფროსის მოადგილეს პირდაპირ უთხრა, რომ იყო წამლის ბარიგა. მიტრიალდნენ და წავიდნენ. მათი წასვლის შემდეგ მოვიდა ორი პოლიციელი. მოიკითხეს რა ხდებოდა. მ------ა შ----ემ უთხრა, რომ ხელი დამარტყაო. პოლიციელებს განუცხადა, რომ მ------ა შ----ე ტყუოდა და ამის დადასდგენად მოითხოვა დნმ-ის ექსპერტიზაზე გადაყვანა, მაგრამ არ გადაიყვანეს, პოლიციის განყოფილებაში გამოკითხეს და გამოუშვეს სახლში, ხოლო მ------ა შ----ე გადაიყვანეს ექსპერტიზაზე.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება). მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი) და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველი დანაშაული - ოჯახური ძალადობა თავისი ბუნებიდან და ხასიათიდან გამომდინარე, როგორც წესი, არ არის საჯარო და არ გამოირჩევა თვითმხილველ მოწმეთა სიმრავლით. შესაბამისად, ასეთი კატეგორიის საქმეებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაზარალებულის ჩვენების თანმიმდევრულობა, და მისი შესაბამისობა სხვა მტკიცებულებებთან მიმართებაში.
სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ი-----–- ზ--------ის უდანაშაულობის შესახებ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას. პალატა ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ თითქოს, ი-----–- ზ--------ეს მ------ა შ----ეზე არ უძალადია და იმას, რომ თითქოს ეზოდან წივილ-კივილის და კარებზე ბრახუნის ხმა შემოესმა, მ------ა შ----ე იმუქრებოდა, რომ პოლიციას დაურეკავდა და ეტყოდა, რომ გალახეს - აღნიშნული გარემოებები, არ დადასტურდა სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით, რის გამოც პალატა მთლიანად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს.
მოცემულ სამართლებრივ შემთხვევაში მსჯავრდებულ ი-----–- ზ--------ის მიერ, მ------ა შ----ის მიმართ განხორციელებული ძალადობის, დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად პალატას მიაჩნია დაზარალებულ მ------ა შ----ის ჩვენება, რასაც ასევე ამყარებს მოწმის სახით დაკითხული შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილებაში უბნის ინსპექტორ გამომძიებლების - ფრიდონ ნაკაშიძის, რ----- ფ----------ის და სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ბათუმის თავშესაფრის უფროსის ბ--- მ--------ის ჩვენებები, ასევე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნა.
პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. შესაბამისად ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ი-----–- ზ--------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ბრალდებისა და დაცვის მხარეთა სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის განაჩენი ი-----–- ზ--------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის ზ------ კ---–--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მსჯავრდებულ ი-----–- ზ--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად:
ი-----–- ზ--------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2014 წლის 10 ივლისს მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ი-----–- ზ--------ეს პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 90 (ოთხმოცდაათი) საათის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 18 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელი და ი-----–- ზ--------ეს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 90 (ოთხმოცდაათი) საათის ვადით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 02 აგვისტოს განჩინებით ი-----–- ზ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და გირაოს სახით გადახდილი თანხა 500 (ხუთასი) ლარი დაუბრუნდეს მის შემტანს ნ----- მ--–-----ეს (პ/ნ 6----------) - განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე