განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 110210115813150
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-461-2016 3 სექტემბერი, 2019 წელი
ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე სიმონ ჩხაიძე
სხდომის მდივანი - ბექა გიორგაძე
აპელანტი - ი----- ჯ------–ი, თ---------- ჯ------–ი, ს-------- ჯ------–ი, ქ----- ბ--------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე - ს---–---- ჯ------–ი, ვ--–------ ჯ------–ი
წარმომადგენელი - თ---------------ე
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ს---–---- ჯ------–ის და ვ--–------ ჯ------–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გამოთხოვილ იქნა მოპასუხეების ი----- ჯ------–ის, თ---------- ჯ------–ის, ს-------- ჯ------–ისა და ქ----- ბ--------–---–ის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელეების ს---–---- და ვ--–------ე ჯ------–ების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, მდებარე: ზესტაფონის რაიონი სოფ. მე-2 ს----- ს/კ 3--------; 1.57 კვ.მ. ნაწილში (რომლის გადაფარვა დგინდება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის 2015 წლის 26 მარტის # 001727415 დასკვნით). დაევალათ მოპასუხეებს 0,74 სმ-ის გადაფარვის ზონაში აშენებული შენობის 1.57 კვ.მ.-ის დემონტაჟი (ექსპერტიზის დასკვნის დანართ 1-ში მითითებული კონფიგურაციით), მოსარჩელეების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ 3--------) საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ საზღვრებში აღდგენა და მოშლილი სასაზღვრე ღობის აღდგენა. რაიონულმა სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. მოსარჩელეები - ს---–---- და ვ--–------ ჯ------–ები და მოპასუხეები - ი-----, თ----------, ს-------- ჯ------–ები და ქ----- ბ--------–---–ი არიან მეზობლები. მხარეთა შორის არ მიმდინარეობს დავა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემებთან დაკავშირებით. 2.2. მოსარჩელეების თანასაკუთრებას წარმოადგენს ზესტაფონის რაიონის სოფელ მ------------ში არსებული უძრავი ქონება - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართობით 2100.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი №01/2, საკადასტრო კოდი №3-----------. 2.3. მოპასუხეების თანასაკუთრებას წარმოადგენს ზესტაფონის რაიონის სოფელ მ------------ში არსებული უძრავი ქონება - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკარმიდამო) დაზუსტებული ფართობით 2227.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი №01/1, №02/1, საკადასტრო კოდი №3-----------. 2.4. საარქივო მასალებში არსებული საკადასტრო გეგმის მიხედვით, მოსარჩელებისა და მოპასუხეების ნაკვეთებს შორის არსებობდა ჰორიზონტალური საზღვარი, რომელიც დარღვეულ იქნა მოპასუხეების მიერ და 2006 წელს აღადგინა მოსარჩელე მხარემ. გაავლო მავთულის ღობე და ამავე პერიოდში მოსარჩელის მიერ გაკეთდა საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომლის საფუძველზეც უძრავი ქონება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. 2.5. მოსარჩელებისა და მოპასუხეების ნაკვეთებს შორის არსებული ჰორიზონტალური საზღვარი, რომელიც აღდგენილ იქნა 2006 წელს მოსარჩელის მიერ, არსებობდა მოპასუხეების მხრიდან ღობის მოშლამდე. 2.6. მოპასუხეთა მხრიდან სასაზღვრო ზოლის დარღვევისა და უკანონო მშენებლობის დაწყების შემდეგ მოსარჩელე ვ--–------ ჯ------–მა 2014 წლის 12 დეკემბერს განცხადებით მიმართა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელს რეაგირების მიზნით. 2.7. მოსარჩელე ვ--–------ ჯ------–ის განცხადების საფუძველზე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ადგილზე გასვლით მოიკვლია განცხადებაში მოყვანილი ფაქტი და მითითება გაუგზავნა მოპასუხეებს, რათა წარედგინათ მშენებლობისათვის საჭირო დოკუმენტები. 2.8. 2015 წლის 06 იანვარს ვ--–------ ჯ------–მა განცხადებით მიმართა სოფელ მ------------ის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელს, რომელმაც ადგილზე შეისწავლა განცხადებაში მითითებული ფაქტი და სპეციალისტებისა და მოდავე მხარეების მონაწილეობით საჯარო რეესტრიდან ამოღებული ნახაზის მიხედვით მოახდინა მხარეთა საზღვრების გაზომვა. აზომვის შედეგად დადგინდა, რომ მოსარჩელეების ეზოს ზომები ემთხვეოდა საჯარო რეესტრში ამოღებულ ეზოს ნახაზის ზომებს, რაც ადგილზე მისული კომისიის შედეგად დაფიქსირდა ნიშნულებით-კოლებით. აღნიშნულით გასწორდა მოდავე მხარეების საზღვარი ნახაზის მიხედვით. 2.9. მოპასუხეების საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მათ მიერ განხორციელდა ავტოფარეხის მშენებლობა, რომელმაც გადაფარა მოსარჩელეთა სახელზე რეგისტრირებული ნაკვეთი 1,57 კვ.მ ფართზე. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხდვით მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. 2.11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. 2.12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. 2.13. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით დადგენილია, რომ ზესტაფონის რაიონის სოფელ მ------------ში არსებული უძრავი ქონება - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართობით 2100.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი №01/2, საკადასტრო კოდი №3-----------, წარმოადგენს ს---–---- და ვ--–------ ჯ------–ების საკუთრებას. ზესტაფონის რაიონის სოფელ მ------------ში არსებული უძრავი ქონება - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკარმიდამო) დაზუსტებული ფართობით 2227.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი №01/1, №02/1, საკადასტრო კოდი №3----------- კი წარმოადგენს მოპასუხეების თანასაკუთრებას; მხარეთა განმარტებით საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემები სადაო არ გამხდარა. 2.14. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 26 მარტის დასკვნით დადგენილია, რომ ზესტაფონის რაიონის სოფელ მ------------ში მოპასუხეების საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ №3-----------) მათ მიერ განხორციელდა ავტოფარეხის მშენებლობა, რომელმაც გადაფარა მოსარჩელეთა სახელზე რეგისტრირებული ნაკვეთი (ს/კ 3-----------) 1,57 კვ.მ ფართობზე. ამდენად, დადგენილია, რომ მოსარჩელე ს---–---- და ვ--–------ ჯ------–ების კუთვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილი დაკავებული აქვს მოპასუხეებს- თ----------, ი-----, ს-------- ჯ------–ებსა და ქ----- ბ--------–---–ს მათ მიერ ნაწარმოები მშენებლობის გამო. მოპასუხეებს საქმეზე არ წარმოუდგენიათ საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან მიმართებაში. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის და შესაბამისად, მოსარჩელეები უფლებამოსილი არიან სრულყოფილად განახორციელონ მათ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები. 2.15. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრეს ი----- ჯ------–მა, თ---------- ჯ------–მა, ს-------- ჯ------–მა და ქ----- ბ--------–---–მა: ფაქტობრივი საფუძვლები 3.1. მიწის ნაკვეთზე 70 წლებში აგებული იყო მარანი, რომელიც ამორტიზებული გახდა და რომლის დანგრევის შემდეგ, იმავე საძირკველზე აპელანტების მიერ აგებული იქნა ავტოფარეხი. 3.2. აპელანტებისათვის სადავო გახდება საჯარო რეესტრში არსებული რეგისტრაციის სისწორედ და გამოვლინდება სიყალბე, რასაც მოსარჩელეებმა არასწორი საკადასტრო-აზომვითი ნახაზითა, თუ არასწორი ექსპერტიზის დასკვნით მიაღწიეს. 3.3. საზღვარს ვერ დაარღვევდა აპელანტის ოჯახის რომელიმე წევრი იმ უბრალო მიზეზით, რომ ეს საზღვარი წლების წინ იყო დადგენილი, გავლებული სასაზღვრო ღობე. მხარეები ფლობენ ამ საზღვრებში მოქცეულ მიწის ნაკვეთებს. მოპასუხეთა საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომელზედაც მარანი იყო აგებული, მოსარჩელეს პრეტენზია არასოდეს ჰქონია. 2006 წელში საკადასტრო-აზომვითი ნახაზი მოსარჩელეებს არ შეუდგენიათ. 3.4. ღობე აპელანტებს არასოდეს მოუშლიათ. ის მოშალა ვ--–------ ჯ------–მა 2014 წლის ბოლოს. სამართლებრივი საფუძვლები 3.5. მოსარჩელეები, იმ მიწის მესაკუთრეები, რომელთა გამოთხოვაც მათ სურთ, არასოდეს ყოფილან. 3.6. სამოქალაქო კოდექსის 128.3 მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს. დადგენილია, რომ ამ ვადის გასვლის მიუხედავად, მოსარჩელეებს სადავოდ არ გაუხდიათ 1970 წელს აგებული მარანი, რომლის საძირკველზეც აშენდა 2014 წელში მოპასუხეთა ავტოფარეხი.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ ს---–---- და ვ--–------ ჯ------–ები (მოსარჩელეები) და ი-----, თ----------, ს-------- ჯ------–ები და ქ----- ბ--------–---–ი (მოპასუხეები, აპელანტები) არიან მეზობლები. 4.2. მოსარჩელეებს ზესტაფონის რაიონის სოფელ მ------------ში ეკუთვნით №3----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება. 4.3. აპელანტებს მათ მეზობლად ეკუთვნით №3----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება. 4.4. 2014 წელს აპელანტებმა მიწის ნაკვეთების საზღვარზე ააგეს ავტოფარეხი, თუმცა 2014 წლის 12 დეკემბერს ვ--–------ ჯ------–მა განცხადებით მიმართა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელს და აპელანტების მიერ სასაზღვრო ზოლის დარღვევასა და უკანონო მშენებლობაზე „ზომების მიღება“ მოსთხოვა (ს.ფ. 16). 4.5. 2014 წლის 17 დეკემბერს ზეტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურმა ერთ-ერთ აპელანტს, თ---------- ჯ------–ს მშენებლობისათვის საჭირო დოკუმენტების წარსადგენად 10 დღის ვადა განუსაზღვრა. 4.6. აპელანტების განმარტებით, ამის შემდეგ, არსებული ნაგებობა დაანგრიეს და 2015 წლის 27 იანვარს პროექტის დასამტკიცებლად და მშენებლობის ნებართვის მისაღებად მიმართეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელს (ს.ფ. 29). 4.7. 2015 წლის 11 მარტს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ავტოფარეხის მშენებლობის ნებართვა გასცა. ამასთან, მშენელობა უნდა განხორციელებულიყო აპელანტების საკუთრებაში არსებული ნაკვეთის საზღვებში, სასაზღვრო მიჯნის ზონაში (ს.ფ. 46). 4.8. მშენებლობის ნებართვის საფუძველზე, 2015 წლის 19 მარტს აპელანტებმა ავტოფარეხი ააგეს, თუმცა მისი ნაწილით, 1,57 კვ.მ. ფართით მოსარჩელეთა კუთვნილი ნაკვეთის საზღვარს გადასცდნენ (იხ. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 26 მარტის დასკვნა). 4.9. აპელანტებმა აღძრეს ადმინისტრაციული სარჩელი და იმ ადმინისტრაციული აქტების ბათილაც ცნობა მოითხოვეს, რომელთა საფუძველზეც უძრავი ქონება მოსარჩელეთა საკუთრებად დარეგისტრირდა. 4.10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით აპელანტთა სარჩელი არ დაკმაყოფილდა. 4.11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 27 ნოემბრის განჩინების საფუძველზე, ეს გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში. სამართლებრივი დასაბუთება 4.12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. 4.13. პალატას მიაჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ სავსებით სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის 1 ნაწილის საფუძველზე, მართებულად დააკმაყოფილა სარჩელი ქონების დემონტაჟის დავალდებულების ნაწილში. 4.14. პალატა არ იზიარებს აპელანტის პოზიციას იმის თაობაზე, რომ სადავო ქონება მოსარჩელეთა საკუთრებად დარეგისტრირდა არამართლზომიერად. 4.14.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. 4.14.2. დადგენილია, რომ სადავო მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მოსარჩელეთა საკუთრებად. ეს ნიშნავს, რომ ქონება, სწორედ, მათ ეკუთვნის. 4.14.3. აპელანტები, მართალია, საჯარო რეესტრის ამ ჩანაწერს შეეცილნენ, თუმცა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მათი სარჩელი არ დაკმაყოფილდა. 4.15. ამის შესაბამისად, დადგენილია, რომ სადავო 1,57 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მოსარჩელეთა საკუთრებაა და აპელანტები მშენებლობის დროს მათი მიწის ნაკვეთის საზღვებს გადასცდნენ. 4.16. პალატა აღნიშნავს, რომ მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 179-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, თუ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე მშენებლობის დროს განზრახვის გარეშე გადასცდა მეზობელი ნაკვეთის საზღვრებს, მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრემ ეს უნდა ითმინოს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამის წინააღმდეგ წინასწარ ან შეტყობისთანავე განაცხადა. 4.16.1. მაგრამ დადგენილია, რომ მოსარჩელეებმა ავტოფარეხის მშენებლობა მის დაწყებამდე გახადეს სადავო. მეტიც, მათ აღნიშნულის თაობაზე ადმინისტრაციულ ორგანოსაც კი მიმართეს და აპელანტთა მიმართ „ზომების მიღება“ მოსთხოვეს. 4.16.2. ამის შესაბამისად, აპელანტებს ნაგებობის თმენის ვალდებულება არ გააჩნიათ. 4.17. პალატის აზრით, იმ გარემოებას, თუ რა შენობა იდგა მიწის ნაკვეთზე 2006 წლამდე, დავის საგანთან კავშირი არა აქვს, რადგან უდავოა, რომ 2015 წლისთვის იგი უკვე დანგრეული იყო და აპელანტებმა მის ნაცვლად, სწორედ, სადავო ავტოფარეხი ააშენეს. 4.18. ამრიგად, რაიონულმა სასამართლომ ნაგებობის დემონტაჟის ნაწილში სარჩელი სწორად დააკმაყოფილა. 4.19. ამავდროულად, პალატას მიაჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ აპელანტებს მოშლილი სასაზღვრო ღობის აღდგენა შეცდომით დაავალა. 4.19.1. საქმის მასალებით არ დგინდება, რომ მხარეთა კუთვნილი მიწის სადავო მონაკვეთი საზღვრით იყო გამიჯნული. 4.19.2. მხარეები ადასტურებენ, რომ ამჟამად არსებული ავტოფარეხის ადგილას 2006 წლამდე განთავსებული იყო მარანი, რომლითაც აპელანტები სარგებლობდნენ. ბუნებრივია, ღობე შენობაში არ იდგა. 4.19.3. რაიონული სასამართლოს სხდომაზე დაკითხული მოწმის, ნ-----–---------------ის ჩვენებით დგინდება, რომ „დაბეტონებული სამანი“ განთავსებული იყო „მარნის იქით“. 4.19.4. მარნის დემონტაჟის შემდეგ დარჩა საძირკველი, რომელზეც აპელნატებმა სადავო ნაგებობა ააშენეს. 4.19.5. არც-ერთი მტკიცებულება, რომლითაც დადგინდებოდა, რომ 2006 წლის შემდეგ მოსარჩელეებმა ყოფილი მარნის საძირკველზე ღობე გაავლეს, მათ სასამართლოსათვის არ წარმოუდგენიათ. 4.19.6. ამის შესაბამისად, არ მტკიცდება, რომ სადავო მონაკვეთზე იდგა ღობე, რომელიც აპელანტებმა მოშალეს. 4.19.7. ამიტომ, ისინი არ არიან ვალდებულნი ღობე აღადგინონ. 4.20. თუმცა, ამავდროულად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 181-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შეუძლია მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრეს მოსთხოვოს მონაწილეობის მიღება მყარი სასაზღვრო მიჯნის აღმართვაში, ან უკვე არსებული, მაგრამ წაშლილი ან დაზიანებული მიჯნის აღდგენაში. გამიჯვნის ხარჯები მეზობლებს შორის თანაბრად ნაწილდება, თუ ურთიერთშეთანხმებით ან სხვა სამართლებრივი ურთიერთობით სხვა რამ არ არის დადგენილი. 4.20.1. ამ ნორმის შესაბამისად, მოსარჩელეებს უფლება აქვთ აპელანტებს სასაზღვრო მიჯნის, ღობის აღმართვაში მონაწილეობის მიღება მოსთხოვონ. 4.21. ამის გამო, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და აპელანტებს სასაზღვრო ღობის აღდგენის ნაცვლად, მის აღმართვაში თანაბარი მონაწილეობის მიღება უნდა დაევალოთ.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს იმ ნაწილში, რომლითაც ი----- ჯ------–ს, თ---------- ჯ------–ს, ს-------- ჯ------–ს და ქ----- ბ--------–---–ს დაევალათ მოშლილი სასაზღვრე ღობის აღდგენა და, ამ ნაწილში, მიღებულ უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი. ს---–---- ჯ------–ისა და ვ--–------ ჯ------–ის სარჩელი სასაზღვრო ღობის აღდგენის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ი----- ჯ------–ს, თ---------- ჯ------–ს, ს-------- ჯ------–ს და ქ----- ბ--------–---–ს უნდა დაევალოთ სასაზღვროს მიჯნის აღმართვაში მონაწილეობა ს---–---- ჯ------–თან და ვ--–------ ჯ------–თან თანაბარწილად.
6. საპროცესო ხარჯები სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გადაწყვიტა
1. ი----- ჯ------–ის, თ---------- ჯ------–ის, ს-------- ჯ------–ის და ქ----- ბ--------–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ი----- ჯ------–ს, თ---------- ჯ------–ს, ს-------- ჯ------–ს და ქ----- ბ--------–---–ს დაევალათ მოშლილი სასაზღვრე ღობის აღდგენა და, ამ ნაწილში, მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. დანარჩენ ნაწილში ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;
4. ს---–---- ჯ------–ისა და ვ--–------ ჯ------–ის სარჩელი სასაზღვრო ღობის აღდგენის ნაწილში დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
5. ი----- ჯ------–ს, თ---------- ჯ------–ს, ს-------- ჯ------–ს და ქ----- ბ--------–---–ს დაევალოთ სასაზღვროს მიჯნის აღმართვაში მონაწილეობა ს---–---- ჯ------–თან და ვ--–------ ჯ------–თან თანაბარწილად;
6. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე სიმონ ჩხაიძე