განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 07.03.2019
საქმის ნომერი
140310018002749129
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
07.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3ბ/290-19, 140310018002749129

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი

 

07 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - გელა ბადრიაშვილი

 

აპელანტი (მოსარჩელე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - მ--------------ე

 

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილება

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

აპელანტის მოთხოვნა - გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 09 იანვრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი, მოპასუხე მ--------------ის მიმართ პირგასამტეხლოს 3000 ლარის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე მ--------------ეს მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს (ჯარიმის)ანაზღაურება500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის ბრძანებით მ--------------ე გაწვეულ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში და კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად, დაინიშნა მეტყვიამფრქვევედ 2005 წლის 8 ნოემბრიდან, სამხედრო წოდება ,,კაპრალის" მინიჭებით.

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 17 ნოემბრის ბრძანებით, მ--------------ე პირადი პატაკის საფუძველზე დათხოვნილი იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში 2015 წლის 4 ნოემბრიდან.

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 29 სექტემბრის ბრძანებით, მ--------------ე გაწვეულ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში და ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ" კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად, დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ სარდლობის მე-5 ქვეითი ბრიგადის 51-ე ქვეითი ბატალიონის მე-2 ქვეითი ასეულის მე-3 ოცეულის მე-2 ქვეითი ათეულის პირველი საცეცხლე ჯგუფის მეთაურად.

 

2016 წლის 29 სექტემბრიდან მ--------------ეს გაუფორმდა კონტრაქტი ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ".

 

კონტრაქტის მე-7 მუხლის 7.3. ქვეპუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ,,სამხედრო მოსამსახურე" ამ კონტრაქტის მეორე ეტაპის განმავლობაში ვადამდე იქნება დათხოვნილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, ,,სამხედრო მოსამსახურე" უპირობოდ ხდება ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან (შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან) 10 დღის ვადაში აუნაზღაუროს ,,სამინისტროს" ჯარიმის სახით 3 000 ლარი. ,,სამხედრო მოსამსახურე" უპირობოდ აცხადებს, რომ კონტრაქტიდან გამომდინარე დავების განხილვისას სადავო არ გახდება ამ მუხლში აღნიშნული თანხა და არანაირი დავა წარმოიშვება მის ირგვლივ. იმავე მუხლის 7.4.1 და 7.4.3. ქვეპუნქტების მიხედვით, 7.3. პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება კონტრაქტის მე-9 მუხლის 9.1.1., 9.1.4., 9.1.5., 9.1.7. და 9.3.1., 9.3.2. და 9.3.3. პუნქტებით ვადამდე კონტრაქტის შეწყვეტისას.

 

კონტრაქტის 9.1.7. და 9.3.3. პუნქტების თანახმად, კონტრაქტი შეიძლება, ვადამდე შეწყდეს მხარეთა შეთანხმებით პირადი განცხადებით (პატაკით), როგორც გამონაკლისი, დასაბუთებული და შესაბამისი დოკუმენტებით დადასტურებულ მიზეზთა გამო (მძიმე ოჯახური მდგომარეობა, სხვა სახელმწიფოში მუდმივ საცხოვრებლად გადასვლა, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში არჩევა ან დანიშვნა); მხარეთა შეთანხმებით, ,,სამხედრო მოსამსახურის" დათხოვნის ერთ- ერთ საფუძვლად ითვლება ,,სამხედრო მოსამსახურის" სურვილით საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული იმ მიზეზებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტა, რომლებიც დასაშვებად მიიჩნევს ,,სამხედრო მოსამსახურის" ვადამდე დათხოვნას მხარეთა შეთანხმებით.

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 21 დეკემბრის ბრძანებით მ--------------ე 2016 წლის 19 დეკემბრიდან გათავისუფლდა 1-ლი საცეცხლე ჯგუფის მეთაურის თანამდებობიდან და დაინიშნა მე-2 საცეცხლე ჯგუფის მეთაურის თანამდებობაზე.

 

2018 წლის 13 აგვისტოს, მ--------------ემ პატაკით მიმართა პირველი ქვეითი ბრიგადის მეთაურს, სადაც აღნიშნა, რომ აღარ აქვს სურვილი, გააგრძელოს შემდგომი სამხედრო საკონტრაქტო სამსახური, ითხოვა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნა პირადი პატაკის საფუძველზე კონტრაქტის პირობების დარღვევით - კონკრეტულად აღარ სურს შემდგომი სამხედრო სამსახურის გაგრძელება. სხვა რაიმე მიზეზი არ აქვს. ზემდგომ ხელმძღვანელობასთან და პირად შემადგენლობასთან რაიმე სახის პრეტენზია არ გააჩნია; გაცნობილია კონტრაქტის პირობების დარღვევის შედეგებს, რაზეც თანახმაა.

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 16 აგვისტოს ბრძანებით კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო (პირადი პატაკით) მ--------------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, დადგენილია, რომ მერაბ თოდაძემ პატაკით მიმართა ბატალიონის მეთაურს, სადაც აღნიშნა, რომ აღარ აქვს სურვილი, გააგრძელოს შემდგომი სამხედრო საკონტრაქტო სამსახური, ითხოვა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნა პირადი პატაკის საფუძველზე კონტრაქტის პირობების დარღვევით - კონკრეტულად აღარ სურს შემდგომი სამხედრო სამსახურის გაგრძელება; სხვა რაიმე მიზეზი არ აქვს.

 

მ--------------ე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 16 აგვისტოს ბრძანებით კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო (პირადი პატაკით) გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში.

 

ეს აქტი მოპასუხის მხრიდან არ გასაჩივრებულა და კანონით დადგენილი წესით სადავოდ არ გამხდარა. ამასთან, მას არ წარმოუდგენია ბრძანებაში მითითებული გარემოებების გამომრიცხავი უტყუარი სახის მტკიცებულება.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მითითებული ბრძანება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც პირდაპირ მიუთითებს მოპასუხის მხრიდან კონტრაქტის პირობების დარღვევაზე და მ--------------ესთან კონტრაქტი სწორედ ამ აქტითაა შეწყვეტილი შესაბამისი საფუძვლის მითითებით.

 

როგორც აღინიშნა, მოპასუხესთან კონტრაქტი შეწყდა პირადი პატაკის გამო, ანუ კონტრაქტის 7.3. პუნქტის საფუძველზე (საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში ვადამდე დათხოვნა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას).

 

სასამართლოს შეფასებით მ--------------ესთან მიმართებაში კონტრაქტის 9.1.7. პუნქტით გათვალისწინებულ ისეთ შემთხვევას, რაც არ იწვევს ჯარიმის გადახდის ვალდებულებას, ადგილი არ აქვს. ამ პუნქტის მიხედვით, კონტრაქტი შეიძლება, ვადამდე შეწყდეს მხარეთა შეთანხმებით პირადი განცხადებით (პატაკით), როგორც გამონაკლისი, დასაბუთებული და შესაბამისი დოკუმენტებით დადასტურებულ მიზეზთა გამო (მძიმე ოჯახური მდგომარეობა, სხვა სახელმწიფოში მუდმივ საცხოვრებლად გადასვლა, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში არჩევა ან დანიშვნა); მ--------------ე კი სამსახურიდან დათხოვნილი იქნა პირადი პატაკის საფუძველზე, რომლის შინაარსიც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ 9.1.7. პუნქტით განსაზღვრულ არც ერთ შემთხვევას მასთან მიმართებაში ადგილი არ ქონია.

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხესთან კონტრაქტი შეწყდა პირადი პატაკის გამო, ანუ კონტრაქტის 7.3. პუნქტის საფუძველზე, ეს იძლევა ჯარიმის გადახდაზე მისი პასუხისმგებლობის განსაზღვრის საფუძველს. პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებით კი სასამართლო განმარტავს შემდეგს:

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთ დამატებით საშუალებას. იმავე კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის, ხოლო 418-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.

 

იმავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების მხარეები თავისუფალნი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში, სასამართლო უფლებამოსილია შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შეთანხმებით დადგენილი პირგასამტეხლოს ოდენობა - 3 000 ლარი მოცემულ კონკრეტულ შემთხვევასთან მიმართებაში არის შეუსაბამოდ მაღალი და მოითხოვს მის გონივრული შესაბამისობის დადგენას ძირითად სახელშეკრულებო ვალდებულებასთან მიმართებაში.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მართალია შეთანხმებული პირგასამტეხლო შესაძლებელია, აღემატებოდეს მოსალოდნელ ზიანს, მაგრამ ამით არ უნდა დაირღვეს ხელშეკრულების პირობების სამართლიანობის პრინციპები და დაუსაბუთებლად შეიზღუდოს სამხედრო მოსამსახურის, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს დაქვემდებარებაში მყოფი ფიზიკური პირის კანონიერი ინტერსები.

 

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ კონტრაქტის 7.3 ქვეპუნქტის თანახმად, საფუძვლის შინაარსის მიუხედავად ნებისმიერი მიზეზის არსებობისას, ერთნაირი პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში, კერძოდ, გათვალისწინებულია ჯარიმა - 3000 ლარი.

 

კონტრაქტის მიხედვით, 3 000 ლარი ერთნაირად ეკისრება სამხედრო მოსამსახურეს, რომელთანაც კონტრაქტი წყდება, მაგალითად, იმისათვის, თუ მოსამსახურემ არასწორად წარადგინა თავისი მონაცემები (9.1.2 ქვეპუნქტი) და იმ შემთხვევაშიც, თუ, მაგალითად, მოსამსახურე სისტემატურად არღვევას ნაკისრ ვალდებულებებს (9.1.3 ქვეპუნქტი).

 

სასამართლომ მიუთითა, რომ მითითებული მსჯელობიდან გამომდინარე კონტრაქტით ერთნაირად ეკისრება პირგასამტეხლო სამხედრო მოსამსახურეს, რომელთანაც კონტრაქტი ბრალის სიმძიმისა და ხარისხის მიხედვით განსხვავებული საფუძვლებით შეიძლება შეწყდეს.

 

აღსანიშნავია, რომ კონტრაქტში მითითებული პირგასამტეხლოს ოდენობა არცერთი საკანონმდებლო, თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული არაა, და ,დაწესებულია მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს შეხედულებით და სურვილით.

 

როგორც აღინიშნა, მითითებული კონტრაქტი წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას, რაც გულისხმობს სამხედრო მოსამსახურის ადმინისტრაციულ ორგანოსთან ვერტიკალურ დაქვემდებარებაში ყოფნას, რომლითაც განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ძირითადად უფლებები, ხოლო სამხედრო მოსამსახურის - ძირითადად ვალდებულებები.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ ამგვარ პირობებში ჯარიმის 3 000 ლარით განსაზღვრა, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, უკიდურესად მძიმე და შეუსაბამოდ არათანაბარ სამართლებრივ თუ უფლებრივ საზღვრებში, კაბალურ მდგომარეობაში ამყოფებს სამხედრო მოსამსახურეს და მთლიანად დამოკიდებულს ხდის კონტრაქტორზე.

 

სასამართლომ განმარტა, რომ პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული;

 

სასამართლოს შეფასებით მოცემულ შემთხვევაში, კონტრაქტის შეწყვეტის ფაქტობრივი საფუძვლის მხედველობაში მიღებით, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, რის გამოც მიზანშეწონილად მიიჩნია შეამციროს პირგასამტეხლოს თანხა გონივრულ ფარგლებში, სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს საქმეზე დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ 1. კონტრაქტში მითითებული პირგასამტეხლოს ოდენობა არცერთი საკანონმდებლო, თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული არაა, და დაწესებულია მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეხედულებით და სურვილით. 2. მოპასუხემ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში იმსახურა 11 წელი. 3. სამსახურებრივ მოვალეობათა პირნათლად შესრულების გამო მოხდა მისი დაწინაურება სხვა თანამდებობაზე გადაყვანის გზით.

 

ამ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს 500 ლარით, რითაც დაცული იქნება როგორც გონივრულობის ფარგლები, ასევე სამართლიანობის პრინციპი.

 

სასამართლომ განმარტა, რომ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეები ვალდებულნი არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლება-მოვალეობები. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. კონტრაქტის გაფორმების ძირითად საფუძვლად მიჩნეული უნდა იქნეს არა სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობა ერთმანეთის მიმართ.

 

ამასთან, კეთილსინდისიერების პრინციპი არის როგორც ნორმატიული, ასევე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტი, რაც თავის მხრივ გულისხმობს იმასაც, რომ მართალია, კონტრაჰენტის ქცევა უნდა შეესაბამებოდეს ფორმალურად მოქმედ მატერიალურ სამართალსა თუ კონტრაქტის პირობებს, მაგრამ მისი განხორციელება კონკრეტულ შემთხვევებში არ უნდა იყოს უსამართლო ან/და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მეორე მხარის საფუძვლიან ნდობას; კეთილსინდისიერების პრინციპი ძირითადად გულისხმობს იმას, რომ კონტრაჰენტმა მხედველობაში მიიღოს მეორე მხარის ინეტერესები.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობს მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების როგორც მატერიალური, ასევე ფორმალური საფუძველი, რომლის ოდენობაც უნდა განისაზღვროს 500 ლარით. პირგასამტეხლოს ამ ოდენობით განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნებულ სახელმწიფოს თავდაცვის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების მნიშვნელობას, ასევე ამ პროცესში სამხედრო მოსამსახურეთა კანონიერი ინტერესებსა და უფლებებს.

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

აპელანტის მითითებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, ჯარიმა (საურავი) პირგასამტეხლოს ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს, ხოლო ჯარიმას ცალკე, ვალდებულების შესრულების საგარანტიო ღონისძიების სახით საქართველოს სამოქალაქო კოდექსი საერთოდ არ იცნობს და ფაქტობრივად კონტრაქტით გათვალისწინებული ჯარიმა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417 მუხლით განსაზღვრულ პირგასამტეხლოს წარმოადგენს.

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არ იზიარებს გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას კონტრაქტით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით შემდეგ გარემოებათა გამო: კანონმდებლობა ზუსტად განსაზღვრავს იმ გარემოებებს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც სასამართლო უფლებამოსილია შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო: ა) მხარის ქონებრივი მდგომარეობა; ბ) დაზარალებულის ინტერესები. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას არ გამოიკვლია სწორედ ის გარემოებები, რომლებიც საფუძვლად უნდა დადებოდა პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას. სსკ-ის 117-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; სსკ-ის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

სააპელაციო საჩივრის თანახმად, გასათვალისწინებელია ორი მნიშვნელოვანი გარემოება: 1) ხელშეკრულების მონაწილე მხარეები წინასწარ შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, როგორც ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაზე (აღნიშნული უპირობოდ გულისხმობს, ხელშეკრულების პირობების დარღვევისას, პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებას; 2) თავად სასამართლო მიიჩნევს დადგენილად კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევის ფაქტს.

 

აპელანტის მითითებით, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ „სამხედრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 18.03.2014 წლის N238 დადგენილების XVIII თავი ითვალიწინებს ფინანსურ პასუხისმგებლობას სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში. მითითებული თავის მე-4 პუნქტი ფინანსურ პასუხისმგებლობაში ცალ-ცალკე განსაზღვრავს ჯარიმასა და პირგასამტეხლოს. ამასთან, თავდაცვის სამინისტროს მიერ ჯარიმის სახით მოთხოვნილი თანხა წარმოადგენს ფიქსირებულ თანხას და შესაბამისად, სასამართლოს მიერ სსკ-ის 420-ე მუხლის გამოყენება აპელანტს უსაფუძვლოდ მიაჩნია. აპელანტის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ კონტრაქტში მითითებული პირგასამტეხლოს ოდენობა არც ერთი საკანონმდებლო, თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული არ არის და დაწესებულია მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეხედულებით და სურვილით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი განსაზღვრავს, რომ მხარეებს თავისუფლად შეუძლიათ დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი, ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისის 65-ე მუხლის შესაბამისად, თუ კანონი სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადები გზით. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მ--------------ეს შორის დადებული იყო ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომლის დადების საფუძვლებსაც კანონი განსაზღვრავს, ხოლო მხარეები ხელმოწერებით ადასტურებენ თანხმობას ხელშეკრულების თითოეულ პირობაზე. სასამართლომ ასევე არასწორად მიუთითა პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების საფუძვლად წელთა ნამსახურობა და თანამდებობრივი გადაადგილება, რადგან არც ერთი მოცემულ გარემოება არ ქმნის პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველს. სასამართლო პირგასამტეხლოს ამცირებს მხარის ქონებრივი მდგომარეობისა დაზარალებულის ინტერესების გათვალისწინებით, რაც სახეზე არ იყო.

 

აპელანტის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მ--------------ეს შორის გაფორმებული კონტრაქტის 7.3 პუნქტით გათვალისწინებულ ჯარიმას შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ, რადგან სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად მითითებული პირგასამტეხლო შესაბამისია კანონმდებლობასთან და კონტრაქტით გათვალისწინებულ პირობებთან.

 

მოცემულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს თანხის ოდენობა განისაზღვრა თავად მხარეთა შორის გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე და არ არსებობს მისი შემცირების სამართლებრივი საფუძვლები, რაც გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებისა და თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო ეთანხმება გორის რაიონული სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის შეფასებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატა.

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილებას და მიაჩნიას, რომ აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

 

მოცემულ შემთხვევაში, აპელანტი სადავოდ ხდის კონტრაქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას.

 

პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთ დამატებით საშუალებას.

 

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებასა და ფინანსური პასუხისმგებლობის ერთგვარ ფორმას წარმოადგენს, რომელსაც გააჩნია ვალდებულების დროული შესრულების პრევენციული ფუნქცია. ამასთან, პირგასამტეხლო კრედიტორისათვის მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების ლეგალური საშუალებაა და კრედიტორის აქცესორული უფლებაა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის, ხოლო 418-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.

 

ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევისათვის უზრუნველყოფის საშუალება პირგასამტეხლო (ჯარიმის სახით) შეადგენს 3000 ლარს. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ პირგასამტეხლოს გათვალისწინების ნაწილში მხარეთა მიერ თავისუფალი ნების გამოვლენას ჰქონდა ადგილი და კონტრაქტი გაფორმებულია თანასწორობის პრინციპზე დაყრდნობით, სააპელაციო პალატის შეფასებით, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, რის გამოც სასამართლო უფლებამოსილია შეამციროს პირგასამტეხლოს თანხა გონივრულ ფარგლებში, სამართლიანობის პრინციპის საფუძველზე.

 

სააპელაციო პალატა ეყრდნობა რა საკასაციო სასამართლოს განმარტებას, მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს ამოცანაა მხარე დაიცვას უსამართლო და სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი ტვირთისაგან, ვინაიდან ურთიერთობის დამყარებისას მხარეები ყოველთვის ვერ საზღვრავენ, მათი თავისუფალი ნების მოსალოდნელ შედეგებს. სასამართლოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება შეამციროს ,,შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო, როცა ამას საჭიროებს დაზარალებულის ინეტერესები. სასამართლო მხედველობაში იღებს მოპასუხის არა მარტო ქონებრივ, არამედ ყველა სხვა პატივსადებ ინტერესს. სასამართლო აფასებს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდიდანაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება ამ ვალდებულების შესრულებამდე. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ვადაში, დადგენილი წესით, რაც კრედიტორს ანიჭებს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას, თუმცა, პირგასამტეხლოს ოდენობა, ვალდებულების სახის, დარღვევის ხარისხის გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად და სწორად შეამცირა იგი. სააპელაციო პალატა იზიარებს გორის რაიონული სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის საკითხს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ პირგასამტეხლო გათვალისწინებულია ვალდებულების დარღვევის თანაზომიერად და გონივრული ოდენობით.

 

სააპელაციო პალატა ასევე მიუთითებს საკასაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის, 2018 წლის 05 ივნისის გადაწყვეტიელებაზე (საქმე Nბს-880-876(კ-17), სადაც საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შემცირებას არა „მაღალი პირგასამტეხლო“, არამედ მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. საკასაციო სასამართლოს მითითებით, პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება. აქედან გამომდინარე სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, ერთნაირი პასუხისმგებლობა ანუ ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით, გათვალისწინებულია კონტრაქტის შეწყვეტის საფუძვლის შინაარსის მიუხედავად, შეწყვეტის 7.3 ქვეპუნქტში აღნიშნული ნებისმიერი მიზეზის არსებობისას; კონტრაქტის მიხედვით, 3 000 ლარი ერთნაირად ეკისრება სამხედრო მოსამსახურეს, რომელთანაც კონტრაქტი წყდება იმ დროს, როდესაც მოსამსახურემ არასწორად წარადგინა თავისი მონაცემები (9.1.2 ქვეპუნქტი) და იმ შემთხვევაშიც, თუ, მაგალითად, მოსამსახურე სისტემატურად არღვევს ნაკისრ ვალდებულებებს (9.1.3 ქვეპუნქტი).

 

კონტრაქტით ერთნაირად ეკისრება პირგასამტეხლო სამხედრო მოსამსახურეს, რომელთანაც კონტრაქტი ბრალის სიმძიმისა და ხარისხის მიხედვით განსხვავებული საფუძვლებით შეიძლება შეწყდეს. აღსანიშნავია, რომ კონტრაქტში მითითებული პირგასამტეხლოს ოდენობა არც ერთი საკანონმდებლო, თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული არაა და ,,დაწესებულია” მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეხედულებით და სურვილით.

 

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამგვარ პირობებში ჯარიმის 3000 (სამი ათასი) ლარით განსაზღვრა უკიდურესად მძიმე და შეუსაბამოდ არათანაბარ სამართლებრივ თუ უფლებრივ საზღვრებში, კაბალურ მდგომარეობაში ამყოფებს სამხედრო მოსამსახურეს და მთლიანად დამოკიდებულს ხდის კონტრაქტორზე. მოცემულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, რის გამოც სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია შეამციროს პირგასამტეხლოს თანხა გონივრულ ფარგლებში, სამართლიანობის პრინციპის შესაბამისად.

 

პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს: 1. კონტრაქტში მითითებული პირგასამტეხლოს ოდენობა არც ერთი საკანონმდებლო, თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული არაა და ,,დაწესებულია” მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეხედულებით და სურვილით; 2. მოპასუხემ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში იმსახურა 11 წელი; 3. სამსახურებრივ მოვალეობათა პირნათლად შესრულების გამო მოხდა მისი დაწინაურება სხვა თანამდებობაზე გადაყვანის გზით. ამდენად, ამ გარემოებათა გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა პირველი ინსტანციის მსგავსად მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს 500 ლარით, რითაც დაცული იქნება როგორც გონივრულობის ფარგლები, ისე სამართლიანობის პრინციპი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატის შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება. თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა ისეთ გარემოებებზე და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რის გამოც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 09 იანვრის გადაწყვეტილება.

 

საპროცესო ხარჯები

 

,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლების შესაბამისად, მხარე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამდენად, არ არსებობს წანამძღვრები მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 378-ე, 390-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 09 იანვრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე

გელა ბადრიაშვილი