განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 12.09.2019
საქმის ნომერი
330310118002446282
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
12.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3ბ/1552-19

N330310118002446282

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

12 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი) ხატია არდაზიშვილი

მოსამართლეები - მანანა ჩოხელი

დავით ახალბედაშვილი

 

აპელანტები (მოსარჩელეები) - ზ--------------–--–---–ი, გ---------------–---–ი, რ--------------–--ე

 

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახური, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

 

დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტების მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით ზ--------------–--–---–ის, გ---------------–---–ის და რ---------------–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

1.2.1. ზ--------------–--–---–მა 2018 წლის 9 თებერვალს №0------------ განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემა.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 7 მარტის №0-------- გადაწყვეტილებით ზ--------------–--–---–ის განცხადება არ დაკმაყოფილდა(ს/ფ 13-14).

 

ზ--------------–--–---–მა 2018 წლის 20 მარტს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 7 მარტის №0-------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემა.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 18 აპრილის №0---------- გადაწყვეტილებით, ზ--------------–--–---–ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 7 მარტის №0-------- გადაწყვეტილება(ს.ფ. 19-21).

 

1.2.2. გ---------------–---–მა 2018 წლის 9 თებერვალს №0------------ განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემა.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 7 მარტის №0-------- გადაწყვეტილებით გ---------------–---–ის განცხადება არ დაკმაყოფილდა(ს/ფ 15-16).

 

გ---------------–---–მა 2018 წლის 20 მარტს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 7 მარტის N0-------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემა.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 19 აპრილის №0---------- გადაწყვეტილებით, გ---------------–---–ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 7 მარტის №0-------- გადაწყვეტილება(ს.ფ. 22-24).

 

1.2.3. რ--------------–--ემ 2018 წლის 9 თებერვალს №0------------ განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემა.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 7 მარტის №0-------- გადაწყვეტილებით რ--------------–--ის განცხადება არ დაკმაყოფილდა(ს/ფ 17-18).

 

რ--------------–--ემ 2018 წლის 20 მარტს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 7 მარტის N0-------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემა.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 18 აპრილის №0---------- გადაწყვეტილებით, რ--------------–--ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 7 მარტის №0-------- გადაწყვეტილება(ს/ფ25-27).

 

1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

1.3.1. სასამართლომ მიუთითა, რომ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 1-ელ მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეობის ძირითად პრინციპებს, ადგენს საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივ მდგომარეობას და საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საფუძვლებს. ამავე ორგანული კანონის მე-3 მუხლის 1-ელი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობა არის საქართველოსთან პირის სამართლებრივი კავშირი.

 

მოქალაქისა და სახელმწიფოს სამართლებრივი კავშირი, განპირობებულია სხვადასხვა ფაქტორებით, ეს კავშირი ამ ფაქტორების კომპლექსური ნაზავია და არის ორი სუბიექტის - სახელმწიფოს, როგორც უმაღლესი სუვერენის, ძალაუფლების მპყრობელისა და მოქალაქის, როგორც „სახალხო სუვერენიტეტი“-ს სახელმწიფო ხელისუფლების წყაროს ურთიერთობა. აღნიშნული ურთიერთობა შედგება პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, კულტურული, რელიგიური და ზნეობრივ უფლებებით და რაც მთავარია, ამ სუბიექტებს შორის, უფლებების გარდა, არსებობს ურთიერთვალდებულებები.

 

მოცემული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია, ამ ორი სუბიექტის - მოქალაქის (მოსარჩელე) და სახელმწიფოს (მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო) შორის წარმოქმნილი პრობლემის არსის გაანალიზება-გარკვევა. შესაბამისად, წინამდებარე დავის საგნის შინაარსიდან გამომდინარე, კონკრეტული ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმების დებულებების განმარტება უნდა მოხდეს თითოეული მხარის როგორც უფლებების, ისე ვალდებულებების ჭრილში.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელეებმა მოითხოვეს საქართველოს მოქალაქის ახალი პირადობის მოწმობის გაცემა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებით მოსარჩელეებს განემარტათ, რომ „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლი პირველი და მე-10 პუნქტების გათვალისწინებით, მოქალაქეზე გაიცემოდა პირადობის მოწმობა მხოლოდ ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველობით (პირადობის ელექტრონული მოწმობა), გარდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის“ 25-ე მუხლით დადგენილი გამონაკლისებისა.

 

მოსარჩელეთა მოსაზრებით, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს უარი უკანონოა, მოპასუხე არასწორად განმარტავს კანონს, ვინაიდან „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი არაელექტრონული პირადობის მოწმობის აღებას უკავშირებს მოქალაქის ნებას, სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ პირადობის მოწმობასა და პირადობის ელექტრონულ მოწმობას შორის გააკეთოს არჩევანი მაშინ, როდესც კანონქვემდებარე აქტი აწესებს პირადობის ელექტრონული მოწმობის აღების ვალდებულებას. შესაბამისად, კანონის მოქმედების პირობებში, მასზე არ უნდა გავრცელდეს პირადობის ელექტრონული მოწმობის აღების ვალდებულება.

 

1.3.2. სასამართლომ მიუთითა ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს ნორმატიული აქტების სახეებს, მათ იერარქიას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ადგილს საქართველოს ნორმატიულ აქტთა სისტემაში, ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების (გამოცემის), გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის ზოგად წესებს.

 

ამავე კანონის მე-7 მუხლი ადგენს ნორმატიულ აქტთა ურთიერთმიმართებას, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ნორმატიული აქტები იყოფა საქართველოს საკანონმდებლო და საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებად, რომლებიც ქმნის საქართველოს კანონმდებლობას. საქართველოს ნორმატიულ აქტებს განეკუთვნება აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) შეიძლება მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში, მხოლოდ საკანონმდებლო აქტის შესასრულებლად და იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტით. კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში მითითებული უნდა იყოს, რომელი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად იქნა მიღებული (გამოცემული) იგი.

 

მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-13 მუხლის მიხედვით, საქართველოს მინისტრის ბრძანება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო აქტით, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. საქართველოს მინისტრის ბრძანებაში მითითებული უნდა იყოს, რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად გამოიცა იგი.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოში ელექტრონული პირადობის მოწმობა 2011 წლის ივლისიდან შემოვიდა და მათი სავალდებულო მოქმედების ძალა კანონითა და კანონქვემდებარე აქტით განისაზღვრა. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესი“ მიღებულია საკანონმდებლო აქტის - ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მისი ამოქმედების შემდეგ და მის შესასრულებლად, რაც დადასტურებულია კანონის პრეამბულაში.

 

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ელი პუნქტის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანისა და მოქალაქის უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტების შესაბამისად ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, გარანტირებული აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება.

 

ამავე საკანონმდებლო აქტის მე-3 თავში მოცემულია საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა პირადობის დადასტურების წესი. კანონის მე-11 მუხლის 1-ელი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის პირადობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტებია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა და ბინადრობის მოწმობა. მე-12 მუხლის 1-ელი პუნქტი კი ადგენს, რომ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას, მის ვინაობას და საცხოვრებელ ადგილს.

 

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 1-ელი პუნქტის თანახმად, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემასა და შეცვლას ახორციელებს სააგენტო, ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს, პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემისა და შეცვლის მოთხოვნით განცხადება წარუდგინოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.

 

კანონის მე-14 მუხლის 1-ელი პუნქტი განსაზღვრავს, რომ საქართველოს მოქალაქის პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ორგვერდიანია, იბეჭდება და ივსება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აგრეთვე აფხაზურ ენაზე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა 18 წლამდე პირზე გაიცემა 4 წლის ვადით, 18 წელს მიღწეულ პირზე – 10 წლის ვადით, ხოლო სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ გასაცემი, ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული პირადობის მოწმობა, გარდა პირადობის ელექტრონული მოწმობისა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით, გაიცემა 6 თვემდე ვადით.

 

მითითებული სამართლებრივი ნორმის მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქის პირადობის (ბინადრობის) მოწმობა შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელს, რომელზედაც ელექტრონული ფორმით დაიტანება (ჩაიწერება) პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მონაცემები (პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა). ამავე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები, რომლებიც უფლებამოსილი იქნებიან გასცენ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა, განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. აღნიშნული ტერიტორიული სამსახურების მიერ ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემა შესაძლებელი იქნება, თუ ობიექტურ მიზეზთა გამო შეუძლებელია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემა.

 

ზემოაღნიშნულ ნორმათა ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლომ განმარტა, რომ სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები საქართველოს მოქალაქეებზე გასცემს ორი სახის პირადობის (ბინადრობის) მოწმობას - ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველობით (პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა) ან მის გარეშე. ამასთან, კანონმდებელი ადგენს, რომ პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე შესაძლებელია გაიცეს მხოლოდ ობიექტურ მიზეზთა გამო. შესაბამისად, კანონმდებელმა პირადობის არაელექტრონული მოწმობის გაცემა დაუშვა საგამონაკლისო წესით, მხოლოდ ობიექტური გარემოებების არსებობისას. ობიექტური გარემოება კი არ მოიცავს პირის სუბიექტურ განწყობას და სურვილს, პირიქით, ობიექტური გარემოება არის გარემოება, რომელიც პირის ნებისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის პირადობის მოწმობის ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველობით (პირადობის ელექტრონული მოწმობა) აღებას.

 

შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის მინისტრის №98 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესი“ (კანონქვემდებარე აქტი) ავსებს იმ დებულებებს, რომელიც გათვალისწინებულია იერარქიულად ზემდგომი, დროში წინმსწრები საკანონმდებლო აქტით. კანონქვემდებარე აქტის შესაბამისი ნორმა (წესის 25-ე მუხლი) წინააღმდეგობაში არ მოდის საკანონმდებლო აქტის ნორმებთან. საქართველოს იუსტიციის მინისტრის №98 ბრძანების გამოცემა გამოწვეული იყო შესაბამისი ურთიერთობის მოწესრიგების მიზნებიდან გამომდინარე. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონის შესასრულებლად გამოცემული ბრძანება ავსებს და აკონკრეტებს მის ცალკეულ დებულებებს.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ობიექტური, კანონით დადგენილი კონკრეტული მიზეზების ჩამონათვალი, რომელიც იძლევა შესაძლებლობას დროებით მოქმედების (6 თვის ვადით) ძალის მქონე არაელექტრონული პირადობის მოწმობა იქნეს აღებული, მოცემულია წესის 25-ე მუხლში. მითითებული მუხლი ადგენს იმ საგამონაკლისო შემთხვევებს, როდესაც მოქალაქეს ფიზიკური, ფსიქიკური შეზღუდული შესაძლებლობების, ბუნებრივი მოვლენებისა თუ სხვა, ამავე მუხლში მითითებული გარემოების გამო, არ შესწევს უნარი მიიღოს პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა. ობიექტური გარემოება არ მოიცავს პირის სუბიექტურ განწყობას და სურვილს, არამედ, იგი დამყარებულია კონკრეტულ გარემოებებზე. ამასთან, ამავე წესის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტი განმარტავს, რომ ამ წესის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირადობის მოწმობა სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფროსის დასაბუთებული გადაწყვეტილების შესაბამისად გაიცემა არა უმეტეს 6 თვემდე ვადით. ასეთი საგამონაკლისო შემთხვევების გათვალისწინების აუცილებლობა გამომდინარეობს სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულებიდან, მოქალაქე არ დარჩეს სამართლებრივი ურთიერთობის მიღმა მისგან დამოუკიდებელი ან მისი ნების საწინააღმდეგოდ შექმნილი ვითარების გამო. იმ დროს, როდესაც მოსარჩელეები ითხოვდნენ არალექტრონული პირადობის მოწმობის გაცემას, სახეზე არ იყო წესის 25-ე მუხლით დადგენილი ობიექტური გარემოება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს მისცემდა შესაძლებლობას განმცხადებელზე გაეცა პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე. ამდენად, ქვეყანაში მოქმედი ნორმატიული აქტები ითვალისწინებს მხოლოდ ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველობის პირადობის მოწმობის გაცემის სავალდებულოობას იმ გამონაკლისების გთვალისწინებით, რაც თავად ამავე ნორმებში არის მითითებული.

 

1.3.3. სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფომ საკანონმდებლო რეგულაციით, სავალდებულო სახით დაადგინა ელექტრონული პირადობის მოწმობის არსებობა, თუმცა გონივრული მიდგომის შედეგად განსაზღვრა, მოქალაქეების მიერ მათი აღებისა და გამოყენების დრო. იმ პირების მიმართ, რომლებსაც 2011 წლისათვის ჯერ კიდევ ჰქონდათ ძალაში მყოფი პირადობის მოწმობა, დაწესდა მოქმედების ვადის გასვლის შემდგომ ელექტრონული პირადობის მოწმობის აღების სავალდებულოობა. კანონმა არ გაითვალისწინა პირის სუბიექტური სურვლის პირობებში არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, რამეთუ სახელმწიფო გარკვეული სახის რეგულაციების მიღებისას, ითვალისწინებს კაცობრიობის განვითარების ეტაპზე ტექნოლოგიური მიღწევების გამოყენების უპირატესობასა და აუცილებლობას, რის შემდეგაც გადაწყვეტილებას იღებს უმრავლესობის სასარგებლოდ. სახელმწიფოს მიერ მოქალაქეებისათვის შემოთავაზებული პირადობის ელექტრონული მოწმობა წარმოადგენს მაღალტექნოლოგიურ დოკუმენტს, რომელიც სახელმწიფოსა და მოქალაქის საერთო სამართლებრივი მიზნების გაერთიანების შედეგად არის მიღებული, რათა დაცული იქნეს მოქალქეთა ინტერესები მათი პირადი დოკუმენტაციისა გაყალბებისა და ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების თვალსაზრისით.

 

მოსარჩელე, არაელექტრონული პირადობის მოწმობის აღების სურვილს უკავშირებს მისი, როგორც მოქალაქის არჩევანის უფლების მქონე სუბიექტის უფლებას, თუმცა სასამართლო კანონის განმარტებისას ვერ დაეყრდნობა მხოლოდ მოსარჩელის მოსაზრებას და სურვილს, თუნდაც მისი არგუმენტაცია დასაბუთებულობის მაღალი ხარისხის მქონეს წარმოადგენდეს. მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს კანონმდებლობიდან და იყოს ლეგიტიმური.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა არ გამომდინარეობს კანონის განმარტებიდან, რაც ნიშნავს, რომ ვერ იქნება გაზიარებული არგუმენტაცია მისი სამოქალაქო უფლებების შეზღუდვისა და დარღვევის თაობაზე. დავის გადაწყვეტის მიზნით გამოსაყენებელი ნორმატიული აქტების დებულებების გათვალისწინებით, არ იკვეთება დასაბუთებული წინაპირობა იმისა, რომ სასამართლომ უნდა დაავალდებულოს ადმინისტრაციული ორგანო მოსარჩელეზე გასცეს არაელექტრონული პირადობის მოწმობა. აღნიშნული ქმედების განხრციელების დავალდებულება წინააღმდეგობაში მოდის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისთვის კანონით დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებასთან, მატერიალურ სამართალთან და კანონის მიზნებთან.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 05 ივლისის №ბს-389-389(კ-18) განჩინებაზე, რომელშიც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ უფლებისა თუ ხელშესახები კანონიერი ინტერესის მოსალოდნელი შელახვა უნდა იყოს არა ჰიპოთეტური, არამედ რეალური. თავის მხრივ, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, მხარის არააბსტრაქტული, კონკრეტული მითითებების გარეშე დაადგინოს სუბიექტურ შეხედულებებთან დაკავშირებული უფლების დარღვევა.

 

1.3.4. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

განსახილველ შემთხვევაში ადგილი არა აქვს მითითებული ნორმის მოთხოვნათა დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან. შესაბამისად, მოსარჩელეებს უარი უნდა ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

2. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

აპელანტების მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად მხოლოდ ელექტრონული პირადობის მოწმობის სავალდებულოობა კანონითა და კანონქვემდებარე აქტით, მაშინ როცა კანონით ძირითადია პირადობის მოწმობა, ხოლო პირადობის ელექტრონული მოწმობა "შეიძლებას" სახით და არა იმპერატიული მოთხოვნის სახით არის დაშვებული. "საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ" კანონის მე-11 მუხლის თანახმად, სავალდებულოა მოქალაქეს თავისი ვინაობის, მოქალაქეობისა და საცხოვრებელი ადგილის დასადასტურებლად ჰქონდეს პირადობის დამდასტურებელი ძირითადი დოკუმენტი - პირადობის მოწმობა, რომლის ფორმა და შემადგენელი ელემენტები განსაზღვრულია კანონის მე-14 მუხლის 1-3 პუნქტებით. რაც შეეხება სასამართლოს მიერ სავალდებულოდ დადგენილად მიჩნეულ ე.წ. „პირადობის ელექტრონულ მოწმობას“, კანონის 14.4 მუხლის საფუძველზე დაშვებულია ''შეიძლება"-ს სახით, რაც მის სავალდებულოობას არცერთ შემთხვევაში არ ადგენს. კანონმდებლის იმპერატიული მოთხოვნაა, მოქალაქემ აიღოს პირადობის მოწმობა, მაგრამ რომელი სახის, ეს მის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნის საფუძველზე იქნება განსაზღვრული და არა იძულებით, მოტყუებით, შეფარვით შედგენილი კანონქვემდებარე აქტების ძალმომრეობით გამოყენების გზით.

 

აპელანტების განმარტებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ კანონი და მის შესასრულებლად გამოცემული ბრძანება არ მოდის ურთიერთწინააღმდეგობაში, არამედ ავსებს და აკონკრეტებს ცალკეულ დებულებებს და სადავო ურთიერთობანიც განხილული იქნება მითითებულ ნორმატიულ აქტებზე დაყრდნობით. აპელანტების მოსაზრებით, სასამართლოს მითითება არ შეესაბამება კანონს და არ გამომდინარეობს მის შესასრულებლად იუსტიციის მინისტრის მიერ გამოცემული 118-ე, 98-ე ბრძანებების ურთეირთშეჯერებიდან, რამეთუ მოსარჩელე სადავოდ არ ხდის 98-ე ბრძანების 25-ე მუხლს. მთელი სარჩელი აგებულია იმ უდავო ფაქტზე, რომ კანონი ცალსახად ადგენს პირადობის მოწმობას - არაელექტრონულს, რომელსაც გასცემს სააგენტო ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით, ხოლო ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის უფლებამოსილება მიენიჭათ იმ სამსახურებს, რომელთაც ეს უფლება განესაზღვრათ 13.07.2012წ. N118 ბრძანებით. აღნიშნული ბრძანებით, კანონის საწინააღმდეგოდ, ყველა ტერიტორიული სამსახურისათვის ელექტრონული პირადობის უფლებამოსილების მინიჭებით, გაურკვეველი გახდა კანონით სააგენტოსათვის მინიჭებული უფლების აღსრულება - გასცეს პირადობის მოწმობა 10 წლის ვადით.

 

აპელანტების მოსაზრებით, სასამართლომ მართალია გამოიყენა კანონი, მაგრამ არასწორად განმარტა იგი. სასამართლო გადაწყვეტილებაში ვრცლად არის საუბარი "საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ" კანონზე და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის - N98 ბრძანების 25-ე მუხლზე, მაგრამ სასამართლომ გააკეთა არასწორი განმარტება, თითქოს 2011 წლის ივლისიდან შემოსული ელექტრონული პირადობის მოწმობის სავალდებულოობა კანონითა და კანონქვემდებარე აქტით განისაზღვრა. იუსტიციის მინისტრის N98 ბრძანებაც გამოცემულია კანონის შესასრულებლად, რაც დადასტურებულია ბრძანების პრეამბულაში, მაშინ, როცა კანონის 14.1 მუხლის თანახმად, პიროვნების დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტია პირადობის მოწმობა, რომელიც არის ორგვერდიანი ივსება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთში აფხაზურ ენაზე და ამავე მუხლის მე-10 ქვეპუნქტში მითითებული პირადობის მოწმობა, რომელიც "შეიძლება" შეიცავდეს ელექტრონულ ინფორმაციის მატარებელს და იგი იწოდება პირადობის ელექტრონული მოწმობად, რომელიც მსგავსად არაელექტრონულისა არის ორგვერდიანი, ოღონდ განსხვავებით არაელექტრონულისაგან ივსება ქართულ და ინგლისურ ენებზე, ამასთან ელექტრონული მოწობა უნდა შეიცავდეს ელექტრონული ინფორმაციის მატარებელს, რომელიც თავისი ტევადობით შემდგომში შესაძლებელს ხდის მისი მფლობელის სხვადასხვა პირადი ინფორმაციით შევსებას მოწმობის გამოცვლის გარეშე.

 

აპელანტები მიუთითებენ, რომ ნორმატიული აქტი - N98 ბრძანება სწორედაც, რომ გამოცემულია კანონის 20.2 მუხლის შესასრულებლად, შესაბამისად ის უნდა ითვალისწინებდეს არამარტო პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემის უზრუნველყოფას, არამედ არაუფლებამოსილი ტერიტორიული ორგანოების მიერ გასაცემი პირადობის (არაელექტრონული) მოწმობის გაცემის პირობებსაც, რასაც ბრძანების გარდამავალი დებულების დანაწესი ერთმნიშვნელოვნად აღიარებს. ბრძანების 58.2 მუხლში პირდაპირ არის მითითებული "დაინტერესებული პირის სურვილის შემთხვევაში", პირადობის მოწმობის გაცემა რომ უნდა უზრუნველყოს სააგენტომ ტერიტორიული სამსახურის მეშვეობით, 4-10 წლის მოქმედების ვადით, ამაზე N98 ბრძანება არაფერს ამბობს. სასამართლო, მიუხედავად იმისა, რომ მიუთითებს კანონის დანაწესზე, აკეთებს არასწორ განმარტებას და შესაბამისად დასკვნებს. აპელანტების მოსაზრებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა და არავითარი შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ საქართველოში მოქმედებს ათასობით უვადო პირადობის მოწმობა, რომლის შეცვლის სავალდებულოობას კანონი არ ითვალისწინებს. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ შესწავლილია იუსტიციის მინისტრის მიერ გამოცენული კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე პირადობის მოწმობის გაცემის საკითხი და იმის გამო, რომ მოპასუხის მოქმედებით ადგილი აქვს მოქალაქის უფლებების დარღვევას, ჯერ კიდევ 2014 წელს შემუშავებული იქნა რეკომენდაცია.

 

აპელანტების განმარტებით, სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს კანონმდებლობიდან და იყოს ლეგიტიმური, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არ გამომდინარეობს კანონის განმარტებიდან, თუმცა არანაირ შეფასებას არ აძლევს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს და როგორც მოპასუხე, სასამართლოც ცდილობს საკითხი მოაქციოს კანონის 14.10 მუხლის საფუძველზე, იუსტიციის მინისტრის მიერ გამოცემული N98 ბრძანების 25-ე მუხლის პირობებში, რაც ყოვლად დაუშვებელია და საკითხის არასრულად გამოკვლევისა და შეფასების შედეგად არაობიექტური გადაწყვეტილების მიღების საფუძველია. სასამართლო ვალდებულია, სრულად გამოიკვლიოს და სწორი განმარტება მისცეს როგორც ძირითად კანონს, ისე საქართველოს კონსტიტუციას, რომელიც ადგენს მოქალაქის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპებს და ა.შ. ასევე გათვალისწინებულ უნდა იქნეს ადამინის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია (10.12.1948წ.), რომელიც ადგენს, რომ არავინ არ უნდა იმყოფებოდეს ძალმომრეობით მორჩილებაში (მე-4 მუხლი).

 

აპელანტების მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, საერთოდ არანაირი განმარტება არ არის გაკეთებული იმ ძირითად მუხლებსა და პუნქტებზე, რომლებიც სწორედაც, რომ ასაბუთებენ სასარჩელო მოთხოვნის კანონიერებას. "საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ" კანონის 13.1 მუხლი ცალსახად ადგენს, რომ პირადობის მოწმობა (და არამხოლოდ პირადობის ელექტრონული მოწმობა, როგორც ამას სასამართლო ადგენს თავისი დასკვნებით) გაიცემა სააგენტოს მიერ ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით, 18 წლამდე, 4 წლის ვადით,18 წელს მიღწეულ პირებზე 10 წლის ვადით, თუმცა აქვე აკეთებს დიფერენცირებას (14.10 მუხლი): "ხოლო ის ტერიტორიული ორგანო, რომელიც უფლებამოსილია გასცეს პირადობის ელექტრონული მოწმობა განისაზღვრება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, რომელიც ამავე დროს უფლებამოსილია გასცეს არაელექტრონული პირადობის მოწმობა მხოლოდ ობიექტური პირობების არსებობის დროს 6 თვის ვადით".

 

აპელანტების განმარტებით, საქალაქო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით უარი თქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ კანონის 14.10 მუხლის საფუძველზე, იუსტიციის მინისტრის N98 ბრძანებით მოპასუხეს მინიჭებული აქვს ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის უფლებამოსილება, თუმცა მას არ გამოურკვევია, სად არის ის ტერიტორიული ორგანო, რომელიც ვალდებულია გასცეს პირადობის მოწმობა 10 წლის ვადით? იუსტიციის მინისტრის ბრძანებით სააგენტოს ყველა ტერიტორიული სამსახურებისათვის პირადობის ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის უფლებამოსილების მინიჭება არ შეიძლება ჩაითვალოს სააგენტოსათვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების გაუქმების საფუძვლად. ასევე სასამართლომ არანაირი შეფასება არ მისცა სიტყვა „შეიძლება“-სთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას, კერძოდ საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, "შეიძლება" თავისთავად, არ უნდა იქნეს გაგებული, სახელმწიფოსთვის მინიჭებულ უპირობო თავისუფლებად. კანონმდებლისათვის რაიმე შესაძლებლობის მინიჭება არ ნიშნავს მისი ქმედების აბსოლუტურ თავისუფლებას (საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2017 წლის 15 თებერვალს გადაწყვეტილება, N3/1/659 საქმე, საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ), მითუმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ კანონმდებელი ხელისუფლების განხორციელებისას შებოჭილია ადამიანის ძირითადი უფლებებითა და თავისუფლებებით, რაც მას არ აძლევს შესაძლებლობას, თვითმიზნური, არაგონივრული და არაპროპორციული საშუალებების გამოყენებით შეზღუდოს საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული ადამიანის ძირითადი უფლებები. ნებისმიერი საკანონმდებლო აქტი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური თვალსაზრისით. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებელი დაუშვებს კონსტიტუციით დადგენილი ზოგადი წესიდან გამონაკლისს და დაადგენს პირისათვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას, მას მოეთხოვება ასეთი გადაწყვეტის აუცილებლობის დასაბუთება, რაც არცერთ მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია. მათი განმარტებით, ისინი თურმე იცავენ მოქალაქეთა ინტერესს, პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობას და უზრუნველყოფენ მათ დაცულობას, რაც სასამართლოსათვის სრულიად საკმარისი აღმოჩნდა "შეიძლება"-ს სახით დაშვებული ელექტრონული პირადობის მოწმობის სავალდებულოდ დადგენისათვის. მოსარჩელის აზრით, კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებების გათვალისწინებით, აღნიშნული უნდა განხორციელდეს მოქალაქის ნების და არა იძულებითი მორჩილების საფუძველზე, რასაც ითვალიწინებს კანონი, როცა აწესებს პირადობის მოწმობის მისაღებად შესაბამისი მოთხოვნის წარდგენის აუცილებლობას. ამასთანავე, N98 ბრძანების 58.2 მუხლში პირდაპირ არის მითითებული, რომ დაინტერესებული პირის სურვილის შემთხვევაში, ან/და საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეზე მხოლოდ მისი სურვილის შემთხვევაში, გაიცემა ელექტრონული პირადობის მოწმობა და ა.შ. ზოგიერთისათვის საჭიროა ნება-სურვილი, ზოგიერთისათვის არა? სად არის თანასწორობის პრინციპი?

 

აპელანტების მოსაზრებით, სასამართლომ არანაირი შეფასება არ მისცა იმ უდავო ფაქტს, რომ კანონით აკრძალული არ არის მუდმივად მოქმედი პირადობის არაელექტრონული მოწმობები (განსხვავებით პასპორტისაგან), რომლითაც სარგებლობენ მოქალაქეები და ისინი ნამდვილად არ განეკუთვნებიან ბრძანების 25-ე მუხლში მითითებულ პირებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელისათვის პირადობის მოწობის გაცემაზე სასამართლო გადაწყვეტილებით უარის თქმა და იმაზე მითითება, თითქოს კანონმდებლობა და კანონქვემდებარე აქტები არ იცნობს სხვა პირადობის მოწმობას, კონსტიტუციით აღიარებული მოქალაქეთა თანასწორობის პრინციპის დარღვევაა, როგორც მუდმივად მოქმედი პირადობის მოწმობის მქონე პირებთან, ისე 25-ე მუხლით მოსარგებლე პირებთან მიმართებაში. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის თანახმად, ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული , ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა. „კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტური უფლების დამდგენი ეს ნორმა წარმოადგენს თანასწორობის უნივერსალურ კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპს, რომელიც ზოგადად გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას. კანონის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფის ხარისხი ობიექტური კრიტერიუმია ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების უპირატესობით შეზღუდული სამართლის უზენაესობის ხარისხის შეფასებისათვის. ამდენად, ეს პრინციპი წარმოადგენს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს როგორც საფუძველს, ისე მიზანს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის N1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II - 1).

 

აპელანტების განმარტებით, კანონმდებელი ადგენს, რომ მოქალაქის ვინაობა, მოქალაქეობა, საცხოვრებელი მისამართის დადასტურება ხდება პირადობის მოწმობით, მხოლოდ და მხოლოდ ამ ინფორმაციის დასადასტურებლად. რითი იზღუდება სახელმწიფო, ან/და რაში ეშლება ხელი სახელმწიფო ორგანოებს მოსარჩელისათვის პირადობის მოწმობის გაცემით, რა აღმატებული ინტერესია სახელმწიფოსი, რომლისათვისაც მოქალაქემ უარი უნდა განაცხადოს ამავე სახელმწიფოს მიერ კონსტიტუციით, არაერთი საერთაშორისო აქტით (მათ შორის, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით) დადგენილია, რომ „უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის N3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე: „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60). „ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში, ადამიანის უფლებაში ნებისმიერი ჩარევა თვითნებურ ხასიათს ატარებს და უფლების შეზღუდვა საფუძველშივე გაუმართლებელი, არაკონსტიტუციურია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 12 სექტემბრის N2/3540 გადაწყვეტილება საქმეზე „რუსეთის მოქალაქეები – ოგანეს დარბინიანი, რუდოლფ დარბინიანი, სუსანნა ჟამკოციანი და სომხეთის მოქალაქეები - მილენა ბარსეღიანი და ლენა ბარსეღიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-24).

 

აპელანტების განმარტებით, სასამართლოს არ გამოუკვლევია, რომელი ტერიტორიული სამსახურის მეშვეობით ახორციელებს სააგენტო არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემას 18 წლამდე - 4 წლის ვადით, ხოლო 18 წელს მიღწეულ პირებზე - 10 წლის ვადით. კანონმდებლის დანაწესით, აღნიშნული უფლებამოსილება ხომ ორივე სახის პირადობის მოწმობაზე ვრცელდება? რატომ არ მოხდა მოპასუხის მიერ ზაკ-ის მე-80 მუხლით გავალისწინებული ქმედების განხორციელება? კანონმდებელმა მიანიჭა უფლებამოსილება იუსტიციის მინისტრს, გამოეცა ბრძანება და განესაზღვრა პირადობის ელექტრონული მოწმობის გამცემი ტერიტორიული ორგანოები, მაგრამ არა იმ სახით, რომ იუსტიციის მინისტრის 13.07.2012წ. N118 ბრძანებით დამტკიცებული ტერიტორიული სამსახურების დებულებით გაეუქმებინა სააგენტოსათვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილება, გასცეს მოქალაქეზე პირადობის მოწმობა (ორივე სახის და არამარტო პირადობის ელექტრონული მოწმობა, როგორც ამას სასამართლო ადგენს, არასწორი მსჯელობის შედეგად). სახეზეა „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის დარღვევა, რამეთუ ამ კანონის მე-7 მუხლის მე-7 და მე-9 პუნქტების გათვალისწინებით, კანონქვემდებარე აქტი უნდა შეესაბამებოდეს კანონს, რომლის შესასრულებლად იქნა ის გამოცემული. ფაქტია, რომ იუსტიციის მინისტრის მიერ კანონის შესრულების მიზნით გამოცემული როგორც N118, ისე N98 ბრძანება ეწინაღმდეგება კანონის დანაწესს.

 

აპელანტების მოსაზრებით, თვით იუსტიციის მინისტრის მიერ გამოცემული N98 ბრძანებაც აღიარებს, რომ პირადობის მოწმობის და არაელექტრონული პირადობის მოწმობის მიღების, შეცვლის მოთხოვნით, სამსახურს შესაძლებელია მიმართოს როგორც ქმედუნარიანმა სრულწლოვანმა პირმა, ისე ბრძანების 25-ე მუხლით მოსარგებლე პირებმა.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

3.1. ფაქტობრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

3.2. სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

3.2.1. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 7.1 მუხლის თანახმად, საქართველოს ნორმატიული აქტები იყოფა საქართველოს საკანონმდებლო და საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებად, რომლებიც ქმნის საქართველოს კანონმდებლობას. საქართველოს ნორმატიულ აქტებს განეკუთვნება აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) შეიძლება მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში, მხოლოდ საკანონმდებლო აქტის შესასრულებლად და იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტით. კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში მითითებული უნდა იყოს, რომელი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად იქნა მიღებული (გამოცემული) იგი. მე-13 მუხლის თანახმად კი, საქართველოს მინისტრის ბრძანება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო აქტით, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. საქართველოს მინისტრის ბრძანებაში მითითებული უნდა იყოს, რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად გამოიცა იგი.

 

დადგენილია, რომ საქართველოში ელექტრონული პირადობის მოწმობა 2011 წლის ივლისიდან შემოვიდა და მისი სავალდებულო მოქმედების ძალა კანონითა და კანონქვემდებარე აქტით განისაზღვრა. საქართველოს იუსტიციის მინისტრის N98 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესი“ მიღებულ იქნა საკანონმდებლო აქტის - ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მისი ამოქმედების შემდეგ და მის შესასრულებლად, რაც დადასტურებულია კანონის პრეამბულაში. პალატა მართებულად მიიჩნევს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოცემულ შემთხვევაში, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ავსებს იმ დებულებებს, რომელიც გათვალისწინებულია იერარქიულად ზემდგომი, დროში წინმსწრები საკანონმდებლო აქტით. კანონქვემდებარე აქტის - წესის 25-ე მუხლი წინააღმდეგობაში არ მოდის საკანონმდებლო აქტის ნორმებთან და საქართველოს იუსტიციის მინისტრის N98 ბრძანების გამოცემა გამოწვეული იყო შესაბამისი ურთიერთობის მოწესრიგების მიზნებიდან გამომდინარე. ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელეთა პოზიციას ნორმატიული აქტების იერარქიით დადგენილი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების ურთიერთქმედებით სამართლებრივი განსაზღვრულობის დარღვევის შესახებ და მიიჩნევს, რომ კანონი და მის შესასრულებლად გამოცემული ბრძანება არ მოდის ურთიერთწინააღმდეგობაში, არამედ ავსებს და აკონკრეტებს ცალკეულ დებულებებს და სადავო ურთიერთობაც განხილული იქნება მითითებული ნორმატიულ აქტებზე დაყრდნობით.

 

3.2.2. სააპელაციო პალატა მიუთითებს ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეობის ძირითად პრინციპებს, ადგენს საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივ მდგომარეობას და საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საფუძვლებს. აღნიშნული ორგანული კანონის 3.1 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობა არის საქართველოსთან პირის სამართლებრივი კავშირი.

 

ამასთანავე, ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანისა და მოქალაქის უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტების შესაბამისად ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, გარანტირებული აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება. ამ უფლებათა შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო - უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის, დანაშაულის თავიდან აცილების ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით. ამავე კანონის 11.1 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტია: საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, რომელიც ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას, მის ვინაობას და საცხოვრებელ ადგილს (მე-12.1 მუხლი). კანონის 13.1 მუხლის შესაბამისად, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემასა და შეცვლას ახორციელებს სააგენტო ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს, პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემისა და შეცვლის მოთხოვნით განცხადება წარუდგინოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. 14.1 მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქის პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ორგვერდიანია, იბეჭდება და ივსება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში - აგრეთვე აფხაზურ ენაზე. ამავე ნორმის მე-10 პუნქტის თანახმად კი, სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები, რომლებიც უფლებამოსილი იქნებიან გასცენ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა, განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. აღნიშნული ტერიტორიული სამსახურების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემა შესაძლებელი იქნება, თუ ობიექტურ მიზეზთა გამო შეუძლებელია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემა.

 

სააპელაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის“ 24.1 მუხლის ,,ა“ ქვეპუნტზე, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქის, საქართველოში მცხოვრები უცხოელის და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის პირადობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტია პირადობის მოწმობა. ამავე „წესის“ 25.1 მუხლის თანახმად, სააგენტოს უფლებამოსილმა ტერიტორიულმა სამსახურებმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა შეიძლება გასცენ მხოლოდ ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველობით (პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა). პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილმა სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურებმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე შეიძლება გასცენ შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის თაობაზე ნების გამოხატვა შეუძლებელია იმ პირის მძიმე ავადმყოფობის გამო, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი. ნების გამოხატვის შეუძლებლობა უნდა დადასტურდეს შესაბამისი ცნობით/დოკუმენტით; ბ) სააგენტოსგან დამოუკიდებელი მიზეზით (მეტეოროლოგიური პირობები, ფორსმაჟორული გარემოებები და სხვ.) შეუძლებელია დამზადებული პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მიწოდება/გადაცემა მისი გამცემი ტერიტორიული სამსახურისათვის ან/და დაინტერესებული პირისათვის; გ) თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეუძლებელია იმ პირის გადაადგილება (ტერიტორიულ სამსახურში გამოცხადება), რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე, მზრუნველი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში ასევე მშობელი/მშვილებელი); დ) თუ პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, ფსიქიატრიული დახმარების მიღების მიზნით იმყოფება ფსიქიატრიულ დაწესებულებაში და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე, მზრუნველი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში ასევე მშობელი/მშვილებელი); ე) თუ პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, იმყოფება პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.

 

მოცემულ შემთხვევაში, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით მოსარჩელეს განემარტა, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 27.07.2011წ. N98 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, მოქალაქეზე გაიცემოდა პირადობის მოწმობა მხოლოდ ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველობით (პირადობის ელექტრონული მოწმობა), ხოლო გამონაკლისებს ადგენდა ასევე მითითებული მუხლი. ამდენად, ზ--------------–--–---–ს, გ---------------–---–ს და რ--------------–--ეს განემარტათ, რომ დადგენილი გამონაკლისების არარსებობის პირობებში, სააგენტო მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა მისი მოთხოვნა.

 

პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ ობიექტური, კანონით დადგენილი კონკრეტული მიზეზების ჩამონათვალს, რომელიც იძლევა შესაძლებლობას დროებით მოქმედების (6 თვის ვადით) ძალის მქონე არაელექტრონული პირადობის მოწმობა იქნეს აღებული, მოცემულია წესის 25-ე მუხლში. მითითებული მუხლი ადგენს იმ საგამონაკლისო შემთხვევებს, როდესაც მოქალაქეს ფიზიკური, ფსიქიკური შეზღუდული შესაძლებლობების, ბუნებრივი მოვლენებისა თუ სხვა, ამავე მუხლში მითითებული გარემოების გამო, არ შესწევს უნარი მიიღოს პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა. ობიექტური გარმოება არ მოიცავს პირის სუბიექტურ განწყობას და სურვილს, არამედ, იგი დამყარებულია კონკრეტულ გარემოებებზე. ამასთან, ამავე წესის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტი განმარტავს, რომ ამ წესის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირადობის მოწმობა სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფროსის დასაბუთებული გადაწყვეტილების შესაბამისად გაიცემა არა უმეტეს 6 თვემდე ვადით. ასეთი საგამონაკლისო შემთხვევების გათვალისწინების აუცილებლობა გამომდინარეობს სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულებიდან, რომ მისი მოქალაქე არ დარჩეს სამართლებრივი ურთიერთობის მიღმა მისგან დამოუკიდებელი ან მისი ნების საწინააღმდეგოდ შექმნილი ვითარების გამო. იმ დროს, როდესაც, მოსარჩელეები ითხოვდნენ არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემას, სახეზე არ იყო ზემოაღნიშნული „წესის“ 25-ე მუხლით დადგენილი ობიექტური გარემოება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს მისცემდა შესაძლებლობას, განმცხადებელზე გაეცა პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე, სხვა შემთხვევებს, რომლებითაც დასაშვებია არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის უფლება, მოქმედი კანონმდებლობა არ იცნობს. ამდენად, ქვეყანაში მოქმედი ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულია მხოლოდ ინფორმაციის მატარებლის შემცველობის პირადობის მოწმობის გაცემის სავალდებულოობა, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რაც თავად ამავე ნორმებშია მითითებული.

 

აპელანტის პოზიციიდან გამომდინარეობს, რომ იგი მოქალაქის ელექტრონული პირადობის მოწმობის აღებას უკავშირებს ნების გამოვლენას, ხოლო ,,ნება“, მისი მოსაზრებით, დაკავშირებულია არა ქმედების განხორციელების სურვილთან (გამოცხადდეს შესაბამის ორგანოში პირადობის მოწმობის ასაღებად), არამედ ნების გამოვლენასთან, სახელმწიფოს მიერ ალტერნატიული შემოთავაზებიდან პირადობის მოწმობისა და ელექტრონულ პირადობის მოწმობას შორის არჩევანის გაკეთების თვალსაზრისით. სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტის მითითებულ მოსაზრებას, ვინაიდან საქართველოს იუსტიციის მინისტრის 27.07.2011წ. N98 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის“ 35.1 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, პირი ვალდებულია, შეცვალოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, მოქმედების ვადის გასვლის შემთხვევებში.

 

პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ სახელმწიფომ საკანონმდებლო რეგულაციით, სავალდებულო სახით დაადგინა ელექტრონული პირადობის მოწმობის არსებობა, თუმცა გონივრული მიდგომის შედეგად განსაზღვრა, მოქალაქეების მიერ მათი აღებისა და გამოყენების დრო. იმ პირების მიმართ, რომლებსაც 2011 წლისათვის ჯერ კიდევ ჰქონდათ ძალაში არსებული პირადობის მოწმობა, დაწესდა მოქმედების ვადის გასვლის შემდგომ ელექტრონული პირადობის მოწმობის აღების სავალდებულოობა. კანონმა არ გაითვალისწინა პირის სუბიექტური სურვილის პირობებში არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, რამეთუ სახელმწიფო გარკვეული სახის რეგულაციების მიღებისას, ითვალისწინებს კაცობრიობის განვითარების ეტაპზე ტექნოლოგიური მიღწევების გამოყენების უპირატესობასა და აუცილებლობას, რის შემდეგაც გადაწყვეტილებას იღებს უმრავლესობის სასარგებლოდ. სახელმწიფოს მიერ მოქალაქეებისათვის შემოთავაზებული პირადობის ელექტრონული მოწმობა წარმოადგენს მაღალტექნოლოგიურ დოკუმენტს, რომელიც სახელმწიფოსა და მოქალაქის საერთო სამართლებრივი მიზნების გაერთიანების შედეგად არის მიღებული, რათა დაცული იქნეს მოქალაქეთა ინტერესები მათი პირადი დოკუმენტაციის გაყალბებისა და ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების თვალსაზრისით.

 

პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა არ გამომდინარეობს კანონის განმარტებიდან, ვერ იქნება გაზიარებული არგუმენტაცია მისი სამოქალაქო უფლებების შეზღუდვისა და დარღვევის თაობაზე. მოსარჩელის ინტერესი მხოლოდ მაშინ არის დაცვის ღირსი, როდესაც ეს ინტერესი პატივსადებია და შესაბამისად, კანონით არის დაცული. ინტერესი, რომელიც სცილდება კანონით დადგენილ წესებს, ვერ იქნება სასამართლოს მსჯელობის საგანი. დავის გადაწყვეტის მიზნით გამოსაყენებელი ნორმატიული აქტების დებულებების გათვალისწინებით, არ იკვეთება დასაბუთებული წინაპირობა იმისა, რომ სასამართლომ უნდა დაავალდებულოს ადმინისტრაციული ორგანო მოსარჩელეებზე გასცეს არაელექტრონული პირადობის მოწმობა. აღნიშნული ქმედების განხორციელების დავალდებულება წინააღმდეგობაში მოდის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისთვის კანონით დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებასთან, მატერიალურ სამართალთან და კანონის მიზნებთან.

 

ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისა და ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა, რომ სასარჩელო მოთხოვნა, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების (მოსარჩელეთა სახელზე გასცეს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე) თაობაზე, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ჰქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე, აპელანტების მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150-150 (ასორმოცდაათი) ლარი (სულ 450 ლარი) უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ზ--------------–--–---–ის, გ---------------–---–ის და რ--------------–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6), თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლეები:

 

ხატია არდაზიშვილი

 

დავით ახალბედაშვილი

 

მანანა ჩოხელი